18.07.2024

„ყავისფერი ჭირის“ თავგადაკლული მომხრეები ვართ?თუ არა — ხმას რატომ არ ვიღებთ?!

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფლებაა, მაგრამ რუზველტმა ამიხსნა, რომ დემოკრატია ამერიკელი ხალხის ძალაუფლებაა“ — ცინიზმით გაჟღენთილი ეს სიტყვები სტალინს ეკუთვნის და გამოხატავს იმ რეალობას, რომელიც აშშ-ა თავს მოახვია მთელს მსოფლიოს.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით აშშ-ი აფართოებს და ამტკიცებს თავის პოზიციებს მსოფლიოში — საბჭოთა კავშირის დაშლის წყალობით, ხელში ჩაგდებული ჰეგემონიზმის სამარადისო ფლობისთვის.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის 80 წელი გავიდა — დიდი და პატარა სახელმწიფოების დაპირისპირების, შეხლა-შემოხლის წლები. ამ თითქმის საუკუნოვანი პერიოდის განმავლობაში თუ რაღაც გამწვავებას ჰქონდა ადგილი დედამიწაზე აშშ-ს აქტიური, ნეგატიური პოლიტიკის გატარების შედეგია, რომელსაც „საუნდტრეკივით“ გასდევდა სამხედრო ძალის გამოყენების არასასიამოვნო ჰანგები — მრავალწლიან სისხლისმღვრელ ომებში გადაზრდილი.

მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებელი ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ შექმნილი „სამთა“ კოალიციიდან ორმა, ფაშიზმის დამარცხებისა და ომის დამთავრებისთანავე, მესამის მიმართ მტრული დამოკიდებულების გზა აირჩიეს, რასაც მოჰყვა ორსა და მესამეს შორის „ცივი ომი“, დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება;  დასავლეთისგან, აღმოსავლეთის ე.წ. რკინის ფარდით გამოყოფა; სურვილი იმისა, რომ მოწინააღმდეგე აღმოსავლეთი სსრკ-ს ლიდერობით, ბირთვული ბომბებით განადგურებულიყო.

დასავლეთის ლიდერი ქვეყნის სამხედრო უწყებამ, პენტაგონად წოდებულმა, 1949 წელს, სსრკ-ს ქალაქების 200 ბირთვული ბომბით მოსპობის  პროექტიც შეიმუშავა, მაგრამ საბჭოთა ბირთვული ბომბის გამოცდამ ხელი შეუშალა გეგმის განხორციელებას.

სსრკ-ს ბირთვული ბომბის გაჩენამ წერტილი დაუსვა დიდ სახელმწიფოთა შორის ომს. ბირთვულმა ბომბმა ომის წარმოების შემაკავებელი ფუნქცია შეიძინა, მაგრამ მხოლოდ დიდებში, ანუ იმათში, ვისაც ასეთი იარაღი ჰქონდა.

ბირთვულ იარაღს ხელი არ შეუშლია ბირთვულიარაღიანი ქვეყნის არაბირთვულიარაღიან სახელმწიფოებთან ომის გაჩაღებისთვის — ჩვეულებრივი იარაღით, არანაკლები დამანგრეველი ძალის მქონის, ვიდრე ბირთვული ბომბის.

კოლექტიური დასავლეთის ლიდერმა აშშ-ა მრავალწლიანი ომები აწარმოა კორეაში, ვიეტნამში, ავღანეთში, ერაყში; ხანმოკლე ომები პარტნიორ ნატოსთან ერთად იუგოსლავიაში, სირიაში, ლიბიაში; დედამიწის არც ერთი კუთხე არ დარჩენილა „უყურადღებოდ“, აშშ-ს სამხედრო-ავანტიურისტული  ხანმოკლე თუ ხანგრძლივი ოპერაციების გარეშე.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დღემდე აშშ-ს მსოფლიო ჟანდარმობამ კულმინაციას მიაღწია — სხვადასხვა ქვეყნებზე ზეწოლის სახით, მათ საშინაო ცხოვრებაში ჩარევით, სპეცსამსახურების მიერ რევოლუციების მოწყობით,  აგენტურული ხერხების გამოყენებით ხელისუფალთა დამხობით. ძალისმიერი პოლიტიკის დემონსტრირებას ემსახურება აშშ-ს სამხედრო ბაზები, უხვად მიმოფანტული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ეკონომიკური სიძლიერე, ფინანსური სისტემა — ჩამოყალიბებული მე-2 მსოფლიო ომის დასასრულს, სამხედრო ძლიერება აშშ-ს საშუალებას აძლევს შეასრულოს მსოფლიო ჟანდარმის როლი, პოლიტიკური ზეგავლენა იქონიოს თითქმის ყველა ქვეყანაზე, მათ შორის ე.წ, მოკავშირეებზე.

აშშ-თვის მოკავშირეობა არაფერს ნიშნავს, თუკი მოკავშირეობას მისთვის მსუყე ნაყოფი არ მოაქვს; თუკი ე.წ. მოკავშირე არ ასრულებს ჟანდარმის დავალებას; არ იქცევა ისე, როგორც მას სურს.

დიდია გავლენა აშშ-ისა საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მათ შორის გაეროზე, ეუთოზე, ევროკავშირზე, ევროსაბჭოზე, სხვებზე და არა მარტო მათზე, არამედ სპორტულ, კულტურულ ფედერაციებზეც.

შეუძლებელია რაიმე დარგის მოძებნა, რომელშიც აშშ-ს ცხოველი ინტერესი არ შეგეგებოთ. აშშ-ი არის ყველგან და ყველაფერში, რაც ერთის მხრივ აიოლებს გაზარმაცებული ქვეყნების საქმეს ინიციატივის გამოჩენაში, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაში. ყველა ისინი თავისთვის ფიქრობენ — ბუს (აშშ-ს) დიდი თავი აქვს და მან გადაწყვიტოსო.

მეორის მხრივ, ქვეყნების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ამერიკის მოკავშირეების, ამერიკაზე ჩამოკიდება უსუსურს ხდის მათ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ვინაიდან ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო საკითხის გადაჭრა ამერიკასთან შეთანხმებით აფერხებს წინსვლას, საკითხის დროულ მოგვარებას, დამატებით, არასასურველ იმპულსს აძლევს ამერიკას და რაც მნიშვნელოვანია ქედმაღლობას მატებს მას, რასაც დღეს აქვს ადგილი — სუსტი პოლიტიკოსების მოზღვავების ჟამს.

აშშ-ა ყველაფერი იღონა, მათ შორის ქვეყნების საშინაო ცხოვრებასა და პოლიტიკაში ხელის ფათურით, მისთვის ლოიალური ხელისუფლებების სათავეში მისაყვანად. ნათელი მაგალითი ამისა ევროკავშირი და მრავალი სხვა ქვეყანაა — მუდამ ყელმოღერებული ვაშინგტონისკენ.

მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც ვერ ეგუებიან აშშ-ს დიქტატს, ჟანდარმობას, მათ საშინაო საქმეებში ჩარევას. ასეთთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია, თუმცა მათი პოზიციების განმტკიცების შემთხვევაში ურჩთა რიგები გაიზრდება.

ურჩთა შორის პირველი რუსეთია — ბირთვული სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, გაეროს უშიშროების საბჭოს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი „სამეულის“ ერთ-ერთი წევრი, ტერიტორიით მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანა, უხვი წიაღისეული სიმდიდრეების პატრონი.

რუსეთმა გააგრძელა წინაპარი საბოთა კავშირის პოლიტიკა, რომელიც დასავლეთთან, კერძოდ აშშ-თან მეტოქეობას და არა მოკავშირეობას ეფუძნება. თუმცა კონფრონტაციული გზა მას არ აურჩევია.

კონფრონტაცია აშშ-ა აირჩია და მისი დაძალებით ევროკავშირმა, სხვა ქვეყნებმა — ამერიკის მოკავშირეებად წოდებულებმა.

„ცივი ომის“ დასრულებამდე აშშ—სსრკ-ს შორის დაპირისპირება თუ შეუთავსებელ სისტემათა (კაპიტალიზმი-სოციალიზმი) ჭიდილით შეიძლება აგვეხსნა, საბჭოეთის დაშლის შემდეგ, საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთის კაპიტალისტურ რელსებზე გადასვლამ, დაპირისპირებას სხვა განზომილება შესძინა — არა შეუთავსებელ იდეათა ბრძოლა, არამედ ქვეყნებს შორის ერთმანეთის განადგურება—ძარცვისთვის ბრძოლა.

უკიდეგანო, დიდი სიმდიდრეების მქონე რუსეთისთვის სხვისი ტერიტორიებისკენ, განსაკუთრებით აშშ-ს, ხარბი თვალით ყურება, უტოპიის მსგავსი მოვლენაა. არც საბჭოთა კავშირს და არც მის მემკვიდრე რუსეთს, თავიანთ არსებობის განმავლობაში, მსგავსი სურვილები არ გასჩენიათ, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-სა და მის მოკავშირეებზე.

კოლექტიურ დასავლეთს ყოველთვის ხიბლავდა და ხიბლავს რუსეთის მიწის ქვეშ და მიწის ზევით არსებული სიმდიდრეები, რის შესახებაც არაერთხელ გვსმენია ამერიკელ პოლიტიკოსთა სინანულნარევი ხმამაღალი განცხადებები — ის, რაც რუსეთს აქვს, არასამართლიანია, ეს მსოფლიოს საკუთრება უნდა იყოსო.

დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა.

რუსეთის ტერიტორიისთვის ხარბი თვალის დადგმასთან ერთად, მისი სამხედრო ძალით დაპყრობაც შესაძლებელი გახდებოდა, რომ არა რუსეთის სამხედრო ძლიერების არასასიამოვნო შეგრძნება, ყოველდღიურად რომ ახსენებს თავს კოლექტიურ დასავლეთს.

მეოცე საუკუნის განმავლობაში კოლექტიური დასავლეთის მხრიდან დამპყრობლური გეგმების აღსრულებას მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც სისუსტე შეინიშნეს რუსეთს და უმალ შეუდგნენ ამ სისუსტის მათ სასარგებლოდ გამოყენებას — ფაშისტური იდეოლოგიისა და გერმანიის ფაშიზმის ქვეშ გაერთიანებული ევროპის აღმოსავლეთით ლაშქრობით.

ვერაფერს გახდნენ, რასაც მოჰყვა ის დასავლური პოლიტიკა, სტატიის დასაწყისში რომ ვახსენე. რაც არ მიხსენებია ისაა, ფაშიზმის გადარჩენა რომ ჰქვია.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულისკენ დასავლეთმა, ანუ კოალიციის ორმა წევრმა დაინახა ის, რისი არდანახვაც შეუძლებელი იყო — საბჭოთა კავშირის წითელი არმიის ძლევამოსილების ზრდა მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ი საბჭოთა კავშირის ავტორიტეტის ზრდა, რასაც მოჰყვა ამერიკა—დიდი ბრიტანეთის მზაკვრული გადაწყვეტილება — გერმანელ ფაშისტებთან მოლაპარაკების დაწყება.

მოლაპარაკება 1945 წლის გაზაფხულზე დაიწყო, „კროსვორდის“ (Crossword) სახელწოდებით. მიზანი მოლაპარაკებისა იყო სამშვიდობო ხელშეკრულების დადება მოსკოვსა და ბერლინს შორის.

ვაშინგტონ—ლონდონის აზრით, ხელშეკრულება უზრუნველყოფდა ფაშისტი დამნაშავეების შენარჩუნებას, შემდგომში საბჭოეთის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყების მიზნით. საიდუმლო მოლაპარაკებას ფარდა საბჭოთა დაზვერვამ ახადა. მოლაპარაკება უმალ შეწყდა, როდესაც სტალინმა საყვედურის წერილები გაუგზავნა რუზველტსა და ჩერჩილს, თუმცა „ზრუნვა“ გერმანელ ნაცისტებზე გაგრძელდა.

ფაშისტი ბობოლები, ბიზნესმენები, „SS“-სა (Schutzstaffel) და სხვა სპეცსამსახურების სამხედრო მოსამსახურეები, ბანდერელები გადაყვანილ იქნენ კანადასა და აშშ-ი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ამერიკელებმა გერმანელ მეცნიერებს, მათ შორის ვერნერ ფონ ბრაუნს — რაკეტა „ფაუ“-ს გამომგონებელს.

ფაშისტი სამხედროების გამოცდილება გამოიყენეს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ჩამოყალიბების დროს.

გერმანელ ფაშისტებთან ერთად ამერიკელებმა უკრაინელი ნაცისტების დიდი რაოდენობა გადაიყვანეს კანადა—ამერიკაში. სწორედ მათი შვილები და შვილიშვილები აქტიურობენ უკრაინაში. ზოგიერთი მათგანი უკრაინის მინისტრიც იყო.

ამერიკელ—კანადელი უკრაინელები აქტიურად არიან ჩართულნი ანტირუსულ კამპანიაში. მათ დიდ დახმარებას უწევს აშშ-ს ადმინისტრაცია, ამასთანავე იყენებს მათ რუსეთის წინააღმდეგ ახალ—ახალი პროექტების შესაქმელად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნაცისტური იდეოლოგიის აღორძინების საქმეში.

უკრაინაში ნეონაციზმის ჩანერგვა—გაღვივება აშშ-ს მთავარი მიზანი გახდა 2014 წლის მაიდნის სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებამდე და გადატრიალების შემდეგ, როდესაც უკრაინის ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს ბანდერელებმა, პირწავარდნილმა ნეოფაშისტებმა, კრიმინალებმა.

უკრაინის ანტირუსულად გადაკეთებამ წარმოუდგენელი მასშტაბები შეიძინა. ფაშისტები ბანდერა და შუხევიჩი, სხვა ფაშისტები უკრაინის გმირებად აღიარეს. უკრაინის ქალაქებში გაჩნდა ბანდერასა და სხვა ფაშისტი დამნაშავეების ძეგლები, ქუჩები.

ფაშისტური უკრაინის მთავარი დევიზი — რუსეთის წინააღმდეგ ომი და რუსი ერის განადგურებაა. სულ ახლახანს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ზალუჟნიმ ჟურნალ „ეკონომისტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა — მისი ცხოვრების მიზანი რუსის მოკვლაა. მას არ უთქვამს რუსი სამხედროს, მან თქვა რუსის, ანუ რუსი ერის.

და ეს ხდება დასავლეთის რესპექტაბელური ბეჭდვითი ორგანოს ფურცლებზე. ზალუჟნის რომ ეთქვა ებრაელის ან სხვა ერის განადგურების შესახებ და ეს ჟურნალს დაებეჭდა, ამ ჟურნალს გააუქმებდნენ, უკეთეს შემთხვევაში რედაქტორს სამსახურიდან დაითხოვდნენ, მაგრამ რუსეთის მიმართ ზალჟნის ან სხვათა ნათქვამი არც ჟურნალის დახურვას და არც რედაქტორის გაგდებას იწვევს.

კოლექტიურ დასავლეთში რახანია დაწყებულია გერმანული ფაშიზმისადმი  ტოლერანტული დამოკიდებულების გამოვლინების მცდელობა, ფაშიზმისა და კომუნიზმის ერთ სიბრტყეზე დაყენება, ორივეს დადანაშაულება მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში. მსჯელობა იმაზე, რომ გერმანული ფაშიზმი, ჰიტლერიზმი არც ისეთი საშინელება იყო, როგორსაც ასახავდნენ საბჭოთა კავშირი, რუსეთი და ზოგიერთი მათი მოკავშირე ქვეყნები.

დასავლეთის ძალისხმევით თვით რუსეთშიც გაჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც სტალინს ადანაშაულებენ ომის გაჩაღებაში. ცხადია, მათ ფერიცვალებაში ფულის კვალი ჩანს, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც გადაგვარებულთა პროპაგანდა ფართო მასებში გარკვეულ შედეგს აღწევს.

ფულს დახარბებული ე.წ. ინტელიგენციის ნაწილი, განსაკუთრებით მწერლობა, ჟურნალისტიკა ყველაფერს კადრულობს დასავლელთა დავალების შესასრულებლად. მაგალითად, ვინმე სუვოროვმა ე.წ. მწერალმა, დასავლური ფულით რამდენიმე წიგნი მიუძღვნა მეორე მსოფლიო ომის თემას.

 მის გახმაურებულ წიგნში „ლედოკოლი“, ყალბი ფაქტებით მტკიცდება, რომ ომი სტალინმა დაიწყო. ფართო გასაქანი მიეცა ისეთი მწერლების შემოქმედების ხოტბას, როგორიც სოლჟენიცინია.

დიდ ყურადღებას იბყრობს ელცინის ცენტრი — რუსეთის პირველი პრეზიდენტის — სვერდლოვსკში (დღევანდელ ეკატერინბურში). ცენტრის მიზანი ის არის, რომ დაარწმუნოს მნახველი ელცინის უდიდეს როლში — შეტანილს საბჭოთა „იმპერიის“ დაშლაში.

რუსეთის ხელისუფლება ზედაპირულად იხილავდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მიმდინარე ანტირუსულ პროცესებს. ჯეროვნად არ რეაგირებდა მათზე, ვიდრე უკრაინის სრულმა გაფაშისტებამ და ანტირუსეთად გადაქცევამ ფაქტის წინაშე არ დააყენა ის.   

დაგვიანებული იყო მოსკოვის რეაქცია უკრაინასთან მიმართებაში, რაც პრეზიდენტმა პუტინმაც აღიარა გერმანიის ყოფილი კანცლერის მერკელის სენსაციური განცხადების შემდეგ — სპეცოპერაცია ადრე უნდა დაგვეწყოო.

გამოფხიზლებულის გაბრძოლებას ჰგავს გაეროს მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები — ფაშიზმის განდიდებასთან დაკავშირებით („ნაციზმის განდიდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“). 2005 წლიდან დაწყებული რუსეთის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას იხილავს და ამტკიცებს გაეროს გენერალური ასამბლეა.

რუსეთი, შექმნილი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, ზედმიწევნით ხვეწს და ამკაცრებს რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს „ნაციზმის განდიდების“ პრაქტიკას და ფაშიზმის ყველა ფორმის პროპაგანდას, დაბეჯითებით მოუწოდებს ქვეყნებს აღკვეთონ რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინება, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები საკანონმდებლო საქმიანობაში აღნიშნულის გასათვალისწინებლად; განათლების სისტემაში, ადამიანის უფლების დაცვის საქმეში, მეორე მსოფლიო ომის შედეგების და ისტორიის უარყოფის და მისი გადაკეთების აღკვეთის, ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების  დაფარვის თავიდან აცილების მიზნით.

2022 წელს რუსეთის რეზოლუციის მიღების დროს მოხდა სერიოზული ფერიცვალება. თუ 2021 წელს ამ დოკუმენტს მხარი 130 ქვეყანამ დაუჭირა, 2022 წლის 4 ნოემბრის რეზოლუციას —105, 14 — თავი შეიკავა, ხოლო 52 წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრით ჩანს ქვეყნის რეალური პოზიცია. ეს არის ჭეშმარიტების გამოხატვის უმნიშვნელოვანესი მომენტი. მიუხედავად გაეროს როლის დევალვაციისა, ამ პროცედურის შეუფასებლობა მიუღებელია.

ერთია, როდესაც სახელმწიფო, მეორეს ერთგულებაში ეფიცება, უმტკიცებს სამოკავშირო ურთიერთობების ურყეობას და მეორეა, ნამდვილი მოქმედება, როდესაც დიპლომატები შედიან სხდომათა დარბაზში და მთელი მსოფლიოს დასანახად ხმას აძლევენ ამა თუ იმ რეზოლუციას.

მოკლედ და კონკრეტულად გაეროს კენჭისყრა ხელწამოსაკრავი საქმე არ არის, ვინაიდან რეზოლუციის პროექტის ავტორ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს ჩაიხედოს არქივში და მიღებული გადაწყვეტილებიდან (კენჭისყრიდან) გამომდინარე გადაწყვიტოს უღირს თუ არა მას ისეთ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, რომელიც ოდესღაც მის მიერ ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგი წავიდა.

მეორე მსოფლიო ომი და ფაშიზმთან ბრძოლა საბჭოთა კავშირისა და მისი მემკვიდრე რუსეთის მიერ მტკივნეულად აღიქმება. სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო — 27 მილიონი საბჭოელის დახოცვისა და თითქმის ნახევარი ქვეყნის დანგრევა—განადგურების შემდეგ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსეთი მკაცრად აღიქვამს კოლექტიური დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას გადაწეროს მეორე მსოფლიო ომის ისტორია, რის შესახებაც ის, ნებისმიერ საერთაშორისო ტრიბუნაზე მკაცრად აცხადებს. ასეა გაეროში, როდესაც მას წლის განმავლობაში არაერთი რეზოლუციის პროექტი შეაქვს განსახილველად და კენჭის საყრელად.

ასე იყო სულ ახლახანს, როდესაც „ნაციზმის განდიდების“ დაგმობის მიზნით მორიგი რეზოლუციის პროექტი წარუდგინა გაეროს გენერალურ ასამბლეას.

შედეგი კენჭისყრისა იყო სავალალო — რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ მიცემული ხმების რაოდენობის ზრდის მხრივ, თუმცა მომხრეთა რაოდენობამ დაჯაბნა მოწინააღმდეგეები, რომელთა შორის საქართველოც აღმოჩნდა.

არის თუ არა გასაკვირი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება?!

ქვეყანაში, სადაც 30 წელია ლანძღავენ და აგინებენ მანამდე არსებულ ცხოვრებას და ფაშიზმთან მებრძოლ გმირებს აუგად მოიხსენიებენ, არაფერია გასაკვირი.

დასავლური პროპაგანდისა და თვით საქართველოში არსებული „მეხუთე კოლონის“ ძალისხმევით, ყველაფერი საბჭოური დასაგმობია. ხშირად ვისმენთ იმასაც, რომ დიდი სამამულო ომი საქართველოს სამამულო ომი არ ყოფილა. იმ ომში ქართველები ძალით გაყარეს (ვოლსკი). როდესაც ამას ამბობს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომელსაც ისტორიული სამართლიანობის დაცვა მოეთხოვება, სხვას რა უნდა მოვთხოვოთ?

საქართველოს ხელისუფლებამ  გადადგა გამოუსწორებელი ნაბიჯი, რომლის ამოშლა საქართველოს უახლესი ისტორიიდან შეუძლებელი იქნება. ახლა აღარ მიკვირს უკრაინაში ფაშისტების გვერდში მეომარ ქართველ „ბოევიკებს“, პატივისცემით რომ მოიხსენიებენ, ხოლო დაღუპულებს სამხედრო რიტუალით  კრძალავენ.

საქართველოს მიერ ფაშიზმის მხარდაჭერამ სამარეში გადააბრუნა 300000 ქართველი, ვინც ფაშისტური ჭირის განადგურებაში ენით აუწერელი წვლილი შეიტანა.

რასა იქმს საქართველოს საზოგადოება? არც არაფერს. ის, კუჭური პრობლემებით არის დაკავებული. მან არც კი იცის, რას უყარა კენჭი მსოფლიო საზოგადოებამ და რახან ეს არ იცის, ისიც არ ეცოდინება, რომ საქართველო ფაშიზმის მომხრეა, ანუ თქვენ მკითხველო, მე, ჩემი ახლობლები, ისე, როგორც თქვენი, „ყავისფერი ჭირის“ თავგადაკლული მომხრეები ვართ. თუ არა — ხმას რატომ არ ვიღებთ?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

20/12/2022