მართლმადიდებელი მუდამ მზად უნდა იყოს მის დასაცავად  აქაც და იქაც — ამჟამად გაფაშისტებულ უკრაინაში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება, მინსკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მეხივით გავარდა მთელს მსოფლიოში და ნათელი მოჰფინა კოლექტიური დასავლეთის რეალურ პოლიტიკას, რასაც ადგილი აქვს მე-2 მსოფლიო ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

არის თუ არა მერკელის განცხადება უცხო რუსეთისთვის, სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის შემადგენლობაში არ არიან? უდავოდ არა, მაგრამ ეჭვი, რომელიც არსებობდა დასავლელთა „გულწრფელობის“ თაობაზე, იფარებოდა მოსაზრებით — დასავლეთი ამას არ იკადრებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა პერიოდმა და რაც მთავარია საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულმა მსოფლიოს პოლიტიკურმა ატმოსფერომ — წინააღმდეგობებით აღსავსემ და დასავლელთა სიხარბით გამოწვეულმა მოქმედებამ, ვერადავერ შეაგნებინა დანარჩენ მსოფლიოს, მათ შორის რუსეთს, რომ კოლექტიური დასავლეთი, მისი პოლიტიკური, აგენტურული, ცრუ პროპაგანდისტული მანქანა, 24-საათიან მკაცრ რეჟიმში მუშაობს ათასი სახის სიბინძურის შესაქმნელად, მოწინააღმდეგის გასანადგურებლად და მოპოვებული მსოფლიო პირველობის ნებისმიერი ხერხით შესანარჩუნებლად.

კოლექტიური დასავლეთის არაწევრ სახელმწიფოთა გულუბრყველობა რომ ყოველგვარ საზღვრებს სცდება, მტკიცება არ სჭირდება.

გულუბრყვილობაა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს, ევროკავშირს, ნატოს პარტნიორებად მოიხსენიებს. თავისი ხანგრძლივი პრეზიდენტობის განმავლობაში მას ერთხელაც არ შეუცვლა სიტყვა „პარტნიორი“, როდესაც დასავლეთზე ლაპარაკობს.

პრეზიდენტის მიბაძვით, ყველა რუსი პოლიტიკოსი იმეორებს სიტყვა „პარტნიორს“ და მას, უკვე საკუთარი ინიციატივით სიტყვა „კოლეგასაც“ უმატებს, რაც საზოგადოებაში არაჯანსაღ, სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.

საზოგადოება რახანია მიხვდა, რომ კოლექტიური დასავლეთი არასდროს იყო და არც იქნება რუსეთის პარტნიორი — ის მუდამ მეტოქე ან მტერი იქნება.

სამწუხარო ისაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა — სპეცსამსახურის კედლებში გამოზრდილ-გამობრძმედილმა, ვერადავერ დაინახა დასავლეთის მზაკვრული სახე — შესაბამისად ვერ შეაფასა.

მან დასავლეთი ისეთად წარმოიდგინა, როგორადაც სურდა — პატიოსნად, სამართლიან, პრინციპულ პარტნიორად, საკუთარი პოლიტიკური კურსის ობიექტურ და არა სუბიექტურ დამცველად — არა ფლიდად, ქამელეონად, მზაკვრად, მუხანათური მოულოდნელი კვანტის  გამომდებად.

პუტინს, პრეზიდენტობის დაწყების პირველივე დღეებიდან, დიდი სურვილი ჰქონდა კოლექტიურ დასავლეთთან გულახდილი, კონსტრუქციული თანამშრომლობის, რაც საქმითაც გამოხატა აშშ-ზე ტერორისტთა თავდასხმის დროს, როდესაც აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უმცროსს წერილითაც მიმართა თანაგრძნობისა და დახმარების გაწევის გამოხატვით.

კოლექტიური დასავლეთის ლიდერები — აშშ-ს პრეზიდენტის რუზველტის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჩერჩილის სახით, კონსტრუქციულობით და პარტნიორული შემართებით მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში გამოიყურებოდნენ, მაგრამ მაშინ მათი პარტნიორი სტალინი იყო — მეორე მსოფლიო ომამდე მათ მიერ ტირანად აღქმული.

ფაშიზმის წინააღმდეგ შეკრულმა „სამთა“ კავშირმა შეუძლებელი შეძლო — მიწასთან გაასწორა რა ყავისფერი ნაცისტური ჭირი, რომელიც წარღვნით ემუქრებოდა მსოფლიოს.

„სამეულს“ შორის, რომ კოლეგიალური, პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ცნობილი ფაქტია, რის შესახებაც ათასობით დასტამბული წიგნი და რუზველტ-ჩერჩილის მემუარებიც მეტყველებს, მაგრამ, რომ იტყვიან პარტნიორობა, პარტნიორობად და საქმე, მითუმეტეს საქვეყნო, საქმედ.

მკითხველისთვის ცნობილია თეირანის 1943 წლის კონფერენციის თაობაზე, რომელშიც სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი მონაწილეობდნენ, ისე, როგორც მათი თანმხლები დელეგაციები.

საბჭოთა დელეგაციის შემადგენლობაში ლავრენტი ბერიაც იყო და მასთან ერთად მისი შვილი სერგო — რომელიც დაკავებული იყო დასავლელი ლიდერების აპარტამენტების მოსმენით. იგივე ჰქონდა მას დავალებული 1945 წლის თებერვლის იალტის კონფერენციაზე. იალტაში მას ახალი აპარატურა ჰქონდა, რომელიც იძლეოდა ბაღში, 100 მეტრით დაშორებით მოსეირნე პოლიტიკოსთა ლაპარაკის მოსმენის შესაძლებლობას.

ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ სტალინის გადაწყვეტილებით, აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი საბჭოთა კავშირის საელჩოს შენობაში განთავსდა, ვინაიდან შენობას და მის შემოგარენს, ლავრენტი ბერიას მეთაურობით, წითელარმიელები იცავდნენ.

თეირანის კონფერენციაც საელჩოს შენობაში გაიმართა. ჩერჩილმა თავაზიანი უარი განაცხადა სტალინის შეთავაზებაზე და თეირანში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაიდო ბინა.

საბჭოთა საელჩოს მთავარი შენობა, პატარ-პატარა შენობა-ნაგებობებით, საელჩოს საკუთრებაში არსებულ ბაღში მდებარეობს. ამ ისტორიული შენობის დათვალიერებაში დიდი სამსახური გამიწიეს რუსეთის საელჩოს კოლეგა დიპლომატებმა, თეირანში ჩემი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

დავუბრუნდეთ სერგო ბერიას. ყოველი სხდომის დაწყების წინ მას სტალინთან 20-წუთიანი საუბარი ჰქონდა — ინფორმაციის მიწოდების სახით. 1947-1950 წლებში სერგომ, მამის უშუალო ხელმძღვანელობით, შექმნა მოსკოვის დაცვის ანტისარაკეტო სისტემა „ბერკუტი“ და საზღვაო ფრთოსანი რაკეტა „კომეტა“ — გემების რისხვა.

მერკელის აღიარების შემდეგ, ბიშკეკში გამართული პრეს-კონფერენციის დროს პუტინმა სინანულნარევი გაოცება გამოხატა და ისიც დაამატა, რომ ასეთს, მერკელის მხრიდან არ ელოდა. ბოლოს ისიც თქვა, რომ ა.წ. 24 თებერვლის სამხედრო სპეციალური ოპერაციის დაწყება აუცილებლობით იყო გამოწვეული და არა რაღაც სხვა მიზნით, რასაც დასავლეთში აჟღერებენ.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ კოლექტიურ დასავლეთთან მოლაპარაკების გამართვას, მითუმეტეს ხელშეკრულების დადებას აზრი არ აქვს, თუმცა სხვა გამოსავალი არ ჩანს.

საერთაშორისო ურთიერთობებში ჩახედული ადამიანისთვის მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს კოლექტიური დასავლეთის ცინიზმი, სიცრუე, მოჩვენებითი დემოკრატია, სხვა ნეგატიური თვისებები, რასაც ის ავლენს ყოველდღიურად, თანმიმდევრულად, მაგრამ ცოტას თუ აქვს გაანალიზების უნარი. უსმენენ, მაგრამ არ ისმენენ, არ უკვირდებიან მათი (დასავლელთა) ნათქვამის შინაარსს. არადა პოლიტიკაში არათუ სიტყვას, წერტილ-მძიმესაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

საზოგადოება ვერ ხვდება დასავლელთა ნათქვამის შინაარსს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე მას (საზოგადოებას) საერთაშორისო პოლიტიკის სიღრმისეული ცოდნა არ მოეთხოვება. ამისთვის სხვები არიან — პოლიტიკაში, განსაკუთრებით საერთაშორისოში გარკვეული ადამიანები — ექსპერტებად, პოლიტოლოგებად წოდებულნი.

საქართველოსაც ჰყავს ასეთნი, თუმცა მიკერძოებულნი, ვიღაცის (ზემდგომის, ამ შემთხვევაში) ბრძანებას აყოლილნი. ისინი უმარტავენ საზოგადოებას საერთაშორისო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს — სამწუხაროდ არაკომპეტენტურად, ტენდენციურად, დასავლურად, არაობიექტურად, ანტირუსულად, რასაც მსმენელი შეცდომაში შეჰყავს.

მიზანი ჩემი არც გუშინ და არც დღეს რუსეთის დაცვა არ ყოფილა, მაგრამ, როდესაც კოლექტიური დასავლეთის ფლიდ, ურცხვ სახეს ვხედავ — რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს, აღარფერი მრჩება, გარდა იმისა სიტყვით მაინც დავიცვა რუსეთი.

აფთრების ხროვით შემორკალურ რუსეთს, ყველა იმათ მხრიდან დაცვა სჭირდება, ვინც კოლექტიური დასავლეთის ფარისიველურ დემოკრატიას ეთაყვანება, ნაცვლად  ნამდვილი დემოკრატიისა და სამართლიანობისა.

მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ არაერთ დასავლურ იმედგაცრუებასთან ჰქონდა შეხება ჯერ საბჭოთა კავშირს, შემდეგ მის მემკვიდრე რუსეთს. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ ზოგიერთს შეგახსენებთ — უპირველესად ჩერჩილის ფულტონის (აშშ-ი) სიტყვას, რომელიც პრემიერ-მინისტრობას ჩამოშორებულმა პოლიტიკოსმა, უკვე ყოფილ მოკავშირე საბჭოთა კავშირს მიუძღვნა.

ფულტონის გამოსვლის მიზანი საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვის „რკინის ფარდის“ ჩამოფარება იყო, რომლითაც მოხდა ე.წ. დასავლეთის გამოყოფა აღმოსავლეთისგან. „რკინის ფარდასთან“ ერთად დაიწყო „ცივი ომი“, რომელიც 1991 წლის დეკემბრამდე — საბჭოთა კავშირის დაშლამდე გაგრძელდა.

კოლექტიურმა დასავლეთმა, აშშ-ს თაოსნობით, საბჭოთა კავშირის ატომური ბომბებით განადგურებაც დაისახა მიზნად, მაგრამ ბომბების საჭირო რაოდენობის არქონამ თუ სხვა მიზეზებმა აიძულა ის პროექტის განხორციელებისგან ხელი აეღო. საზოგადოებისთვის ცნობილია პენტაგონის პროექტის — საბჭოთა კავშირის ქალაქების, მათ შორის თბილისის ატომური ბომბებით დაბომბვის თაობაზე. პროექტის შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად  საბჭოეთის მიერ 1949 წელს ბირთვული ბომბის გამოცდასაც ასახელებენ.

საბჭოთა ატომური ბომბის შექმნა პირდაპირ უკავშირდება ლავრეტი ბერიას. სწორედ მას დაავალა სტალინმა ბომბზე მუშაობა, რასაც ბერიამ წარმატებით გაართვა თავი. და არა მარტო ბირთვული ბომბი შექმნა, არამედ წყალბადის ბომბიც, რომლის შესახებ პოლიტბიუროდან არვინ იცოდა — ცხადია სტალინის შემდგომ პოლიტბიუროდან.

წყალბადის ბომბის არსებობის შესახებ პოლიტბიუროსთვის — მალენკოვის, ხრუშჩოვის, სხვებისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ბომბზე მომუშავე მეცნიერებმა წერილით მიმართეს პოლიტბიუროს — გამოეცადათ თუ არა წყალბადის ბომბი. პოლიტბიურო სახტად დარჩა. კომპარტიის 1953 წლის ივლისის პლენუმზე ითქვა შემდეგი:

„წყალბადის ბომბი ათჯერ ძლიერია ატომურ ბომბზე და მისი აფეთქება ამერიკულ მონოპოლიას წერტილს დაუსვამს. წყალბადის ბომბის გამოცდა მსოფლიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ნაძირალა ბერიამ თავს უფლება მისცა ასეთი საკითხის გადაჭრა ცენტრალური კომიტეტის გარეშე“.

საბჭოეთის მოტყუების მაგალითია გორბაჩოვ-რეიგანის (აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტი), გორბაჩოვ-კოლის (გფრ-ს მაშინდელი კანცლერი) მოლაპარაკებები, ასევე გორბაჩოვ—ბუშის, ტეტჩერის, მიტერანის (შესაბამისად აშშ-ს პრეზიდენტის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, საფრანგეთის პრეზიდენტის) მოლაპარაკებები.

კოლექტიური დასავლეთი თხოვდა გორბაჩოვს გერმანიის გაერთინებაზე თანხმობას, სანაცვლოდ ვალდებულებას ღებულობდა, რომ ნატო არასდროს შეიყვანდა თავის შემადგენლობაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს — სოციალისტური ბანაკის ყოფილ წევრებს.

კოლექტიურმა დასავლეთმა არათუ ეს ქვეყნები შეიყვანა ნატოში, არამედ ყოფილი საბჭოთა ბალტიისპირა რესპუბლიკებიც, ხოლო უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ბუქარესტის ნატოს სამიტზე გაწევრებას შეჰპირდა.

აშშ-ს და ნატოს გადაწყვეტილება — აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა ახალი პრეზიდენტის, კლინტონის დროს. ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, მისი ინიციატივით დაიწყო. მოსკოვის პროტესტს მან ასეთი განმარტება შეაგება — ხელშეკრულება ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებასთან დაკავშირებით არ არსებობს, ხოლო ზეპირი შეთანხმების შესახებ არაფერი ვიციო.

ხელშეკრულება მართლაც არ იყო, მაგრამ იყო ზეპირი დაპირება ბუშის, კოლის, ბეიკერის, სხვა პოლიტიკოსების მხრიდან, რასაც ადასტურებს მოლაპარაკებების დროს გაკეთებული საუბრის ჩანაწერები. დიპლომატიაში საუბრების ჩანაწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ასეთი ჩანაწერების მიხედვით, კოლექტიური დასავლეთი ჰპირდებოდა სსრკ-ს, რომ ნატო აღმოსავლეთით „ერთი დიუიმითაც“ არ გაფართოვდებოდა.

ეს დოკუმენტი აშშ-ს არქივში ინახებოდა და შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ მოხდა მისი გასაჯაროება.

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებამ სერიოზული პრობლემა შეუქმნა რუსეთის უსაფრთხოებას, რის შესახებაც პრეზიდენტმა პუტინმა კარდინალურად დასვა საკითხი ვითარების შესაცვლელად, მაგრამ აშშ-ა მიუღებლად ჩათვალა პუტინის წინადადებები და გააგრძელა მუშაობა უკრაინის მიმართულებით, რასაც მოჰყვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო სპეციალური ოპერაცია.

დღეს, ხშირად სვამენ კითხვას — რა იქნებოდა თუ რუსეთი თავს შეიკავებდა სამხედრო ოპერაციისგან? იქნებოდა ომი, ოღონდ უკრაინელთა მხრიდან, დონბასის გასათავისუფლებლად, რასაც მოჰყვებოდა რუსეთის სამხედრო ჩარევა.

ომი გარდაუვალი იყო, ვინაიდან სურვილი ამისა ჰქონდა კოლექტიურ დასავლეთს, რომელიც 2014 წლიდან, მაიდნის გადატრიალებიდან დაწყებული ინტენსიურად აიარაღებდა უკრაინას, ტრენინგებს უტარებდა უკრაინის სამხედროებს, ეხმარებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში ბეტონის სამალავების მშენებლობაში და სხვა.

როგორც მერკელმა ბრძანა, უკრაინის დღევანდელი არმია ის აღიარაა, რაც 2014 წელს, როდესაც მარცხი განიცადა დონბასის სახალხო მილიციის შენაერთებთან ომში. კოლექტიურმა დასავლეთმა ყველაფერი იღონა უკრაინის პოლიტელიტის, სამხედროების ფეხზე დასადგომად, რათა მათ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გაემართათ რუსეთისთვის.

უკრაინელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით პრეზიდენტი ზელენსკი უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს დასავლეთში. დასავლური პროპაგანდისტული მანქანა მილიონებს ხარჯავს მსოფლიო საზოგადოებისთვის უკრაინის ისე წარსადგენად, თითქოს უმანკო კრავი იყოს.

არვინ აქცევს ყურადღებას იმ სამხედრო დანაშაულებს, ტერორისტულ აქტებს, რასაც უკრაინის ფაშისტური რეჟიმი სჩადის. ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავე რუსეთია.

გათახვედებული ზელენსკი და მისი გუნდი დაჟინებით გაჰყვირიან რუსი სამხედროების სისასტიკეზე, ბავშვების ხოცვაზე, ქალების გაუპატიურებაზე, რასაც ადგილი არ აქვს.

დასავლური პროპაგანდა მიზანს აღწევს ალტერნატიულის არ არსებობის გამო. განსხვავებული აზრი, გამოთქმული მედიაში იდევნება. კოლექტიურ დასავლეთში აკრძალულია რუსული ტელეგადაცემები. კოლექტიური დასავლეთის ხელმძღვანელობა საკუთარ მოსახლეობას უმალავს სინამდვილეს. აშშ-ევროპის მოსახლეობამ იცის, რომ „საწყალი უკრაინა“ მტარვალი რუსეთის მსხვერპლია. მან არ იცის, რომ უკრაინა დაავადებულია ნეოფაშიზმის ბაცილით, რომლის განკურნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ დასავლეთი დაიკავებს სიმართლის პოზიციას, რაც შეუძლებელია, ვინაიდან სიმართლე არასდროს ყოფილა კოლექტიური დასავლეთის დამახასიათებელი თვისება.

სიცრუეზე აწყობილი დასავლეთისთვის, სიმართლის თქმა ისეთივე ტრაგედია იქნება, როგორც უკრაინაში რუსეთის გამარჯვება. ამიტომაც ინტენსიურად ვრცელდება ფრონტზე, უკრაინელთა წარმატებების შესახებ ზღაპრები, რომლებსაც იჯერებს კოლექტიური დასავლეთის საზოგადოება და არა მარტო ის, ჩვენი საზოგადოებაც, მას ხომ აქაც აუკრძალეს რუსული საინფორმაციო ტელეარხების ყურება?!

უკრაინაში მიმდინარე ომისა და უკრაინის ხელისუფალთა ქმედების თაობაზე საქართველოს საზოგადოებამ იცის ის, რაც აწყობს ქართულ პოლიტიკას — ხელისუფლება-ოპოზიციას. ამ შემთხვევაში ისინი ერთი აზრისანი არიან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი დაქირავებული „ბოევიკები“ ხელისუფლებამ გმირებად გამოაცხადოს და ისეთივე პატივი მიაგოს, როგორც აფხაზეთში დაღუპულებს.

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც რევერანსებს გამოხატავს უკრაინის ხელისუფალთა მიმართ, მაგრამ აქაც ოპოზიცია გაცილებით აქტიური და თავგასაპნულია. ის მზად არის ოფიციალური კიევის ყველა მოწოდების შესასრულებლად, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის და სანქციების დაწესების.

მავანი შემედავება, ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, მაშინ საწინააღმდეგოდ მოიქცეოდაო. ვერ დაგეთანხმებით. დღევანდელი ოპოზიცია, გუშინდელი ხელისუფლებაა.  დღევანდელი პატიმარი სააკაშვილი, გუშინდელი პრეზიდენტია — ცხინვალის ომის გამჩაღებელი.

ხელისუფლებას უდავოდ ჯობნის ოპოზიცია ზელენსკის მიმართ დითირამბების ფრქვევაში — პიროვნების, პრეზიდენტის, რომელმაც აკრძალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, გაძარცვა მისი ქონება, დააპატიმრა მღვდელები, დაარბია მრევლი, ცეცხლს მისცა ხატები და ა.შ.

ნეოფაშისტი უკრაინის ხელისუფალთაგან არაფერია გასაკვირი, მაგრამ გასაკვირია ე.წ. დემოკრატიული დასავლეთისგან, ისე, როგორც მართლმადიდებელი საქართველოსგან. მათ ხომ საპროტესტოდ სიტყვაც არ დაუძრავთ!!!

რელიგიური დღესასწაულების დროს სამების ტაძარში სანთლების დანთება და ტელეკამერების წინ „მარიაჟობა“ სულაც არ არის ხელისუფლება-ოპოზიციის მართლმადიდებლური სულისკვეთების გამოხატულება.

დასავლეთის მიერ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გაშლილი ომი საქართველოსაც ეხება. მართლმადიდებელი მუდამ მზად უნდა იყოს მის დასაცავად  აქაც და იქაც — ამჟამად გაფაშისტებულ უკრაინაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

16/12/2022