გამოუცდელი პოლიტიკოსებისთვის ძრომის პროცესი საამურად მოსჩანს, თუმცა შედეგი სავალალოა

პატივცემულო მკითხველო, თავს უფლებას მივცემ დროებით, რამდენიმე წუთით (დამოკიდებულია თქვენს მიერ წინამდებარე სტატიის კითხვის სიჩქარეზე) გამოგიყვანთ „საინტერესო“, „ფათერაკებით“ აღსავსე სამყაროდან, რომელიც ერთი წელია თქვენს თავს ტრიალებს და რომელიც თქვენდა უნებურად მიგაქანებთ ჭაობისკენ — პრეზიდენტყოფილის ირგვლივ შექმნილისკენ, ჩვენი „საამაყო“ პოლიტოლოგების, პოლიტიკოსების, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიერ.

სააკაშვილის საქართველოში შემოპარვიდან კარგა ხანი გავიდა — სენსაციური განცხადებების, სიცრუის, ოპოზიციური ყაყანის, მიტინგებისა და დემონსტრაციების — მეტადრე სიყალბით გაჯერებულის ჟამი.

რა არ მოვისმინეთ ამ ხნის განმავლობაში, რა არ გავიგეთ სააკაშვილის თავისუფლების აღკვეთის ადგილსამყოფელის, ანუ ციხის ინტერიერ-ექსტერიერის, მომსახურე პერსონალის, ანუ პოლიციელების შესახებ.

გავიგეთ ისიც, რომ ასეთ „დაწესებულებაში“ შესვლა, თანაც სისტემატურად, თურმე შესაძლებელია ამ ქვეყნის პირმშოთა წარსული „დამსახურებების“ გათვალისწინებით. დამსახურებები კი იმდენი ჰქონია ჩვენს ნაპრეზიდენტალს, ჩამოთვლაც გაგვიჭირდება — მარტო ის რად ღირს, მისი ზეობის დროს იმავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ამჟამად ის „ხარობს“, პატიმრებს ანალური არხის „მასაჟისთვის“, ცოცხის ტარებს რომ „სთავაზობდნენ“?

ან ნარკოტიკგაბრუებული, საკუთარი ჰარემის „უმანკო“ გოგონებს, საცურაო აუზში, საჯაროდ, ვნებამორეული მკერდზე რომ კბენდა? ან იმავე ჰარემთან ერთად სალაღობოდ, დროის სატარებლად ევროპულ-არაბულ ქვეყნებს სტუმრობდა სახელმწიფო თვითმფრინავით, თავისი რომ ეგონა და სახელმწიფო ფულით, ისიც საკუთარი რომ ეგონა?

შუა ღამე, უფრო სწორად გამთენიეს, „სუშის“ ბარიდან ალკოჰოლმირთმეული, „საკუთარ“ ყმებთან ერთად — გასეირნების „ხოშზე“ მოსული, რომ მეტროს ახსნევინებდა და გაღიმებული სახით ესკალატორიდან ბრძნულ იდეებს გვთავაზობდა, ქვეყნის აღმშენებლობაზე?

ისიც გემახსოვრებათ, დაუპატიჟებელი სტუმარივით, უცხო სახელმწიფოთა მეთაურებს სასახლეებში რომ უვარდებოდა, რითაც გაკვირვება—გაოცებასთან ერთად, დაცვის მუშაკების, თვით მასპინძელთა „გამოშტერებას“ იწვევდა?

ისიც გემახსოვრებათ, პარლამენტის სხდომაზე დამსწრეს, მის მიმართ კრიტიკული განცხადების წარმომთქმელ ოპოზიციონერ პარლამენტარს, გატყეპვით რომ ემუქრებოდა — პირადი დაცვის მუშაკთა გამოყენებით.

არასდროს დაავიწყდებათ ბიზნესმენებს სააკაშვილების მიერ, გამთენიეს ოფიციალურ დაწესებულებაში „მიწვევა“ —  „ჭარბი“ ფულისა და ბიზნესის მათთვის გადაცემის მიზნით.

ციხის ბუნტიც ხომ გახსოვთ, პოლიციელების მოქმედების შედეგად ამბოხებულთა მსხვერპლით?

ფიზიკურ პირთა საიქიოს გასტუმრებაც გემახსოვრებათ და 20000-ზე მეტი პატიმრით გადაჭედილი ციხეებიც —  ნულოვანი ტოლერანტობით გამოწვეული.

ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშის სადარი —  თავგადასავლებია გასახსენებელი, მაგრამ ქაღალდი არ გვეყოფა, თქვენი მოთმინების ფიალაც აივსება არც თუ სასიამოვნო გახსენებით. აბა რა გასახსენებელია სააკაშვილის ეკიპირებაში დახარჯული სახელმწიფო ათასები ან უფორმო ტანის „გამოსაძერწად“ იტალიაში ხვანცალი, ცხადია სახელმწიფოს ფულით, „მასაჟისტი“ ქალბატონის მოწვევა „საპრეზიდენტო“ გარეგნობის დაყენების სურვილით.

სააკაშვილის „იმპერატორობის“ 10 წელი საშინელი სიზმარივით ახსოვთ ყველას, გარდა მის მიერ დაპურებული ნაცებისა, მაგრამ ახსოვთ?

გულმავიწყი ხალხი ვართ, შემნდობი. რაც იყო, იყოო —  ვიტყვით და ხელჩაქნეული გავუყვებით გზას, თითქოს არაფერი მომხდარა. მერე, ცხოვრებით უკმაყოფილო, მეორე უკმაყოფილოს ვეკითხებით —  გვეშველება რამე?

დამოუკიდებელ საქართველოს 3 ხელმძღვანელი ჰყავდა. ამ სამიდან ერთი დღესაც აგრძელებს კულისებიდან მართვას. ამ სამიდან, ორმა ისე იღვაწა, ქვეყანას არაფერი დატყობია —  დადებითი, თორემ უარყოფითი ბევრი იყო, განსაკუთრებით სააკაშვილის ჟამს.

ორივემ, ყოყოჩა, აქოჩრილი მამალივით, იომა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ერთმა, განსაკუთრებით 2008 წელს — წინა დღის საჯარო სატელევიზიო განცხადების შემდეგ, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ჩემო დებო და ძმებო …“ — მშვიდობის და თანაცხოვრების მოწოდებით და ნაცვლად თანაცხოვრებისა, ღამით, მძინარე ცხინვალზე ბომბების დაყრით, ღამის ქალაქში ტანკებით ჯირითით.

საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საკუთარივე არმიით ომი სხვაგვარად ფასდება. სხვაგვარად ფასდება ომის შედეგიც — განსაკუთრებით თუ მას სამარცხვინო მარცხი მოჰყვება — პატარა ქვეყნისთვის დიდი ტერიტორიული დანაკარგებით.

ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში, მთავარსარდლის დაუფიქრებელი ქცევა — ავანტიურისტული, სხვის საამებლად (ამ შემთხვევაში აშშ-ს) გაჩაღებული ომით ღალატად ფასდება, ღალატი კი — დასჯით.

ჩამოთვლილი და ჩამოუთვლელი დანაშაულები, მითუმეტეს პრეზიდენტის მიერ ჩადენილი, თავისუფლების მრავალწლიანი აღკვეთის საბაბია, მაგრამ ომის გაჩაღება, სამუდამო პატიმრობის.

სააკაშვილის შემთხვევაში ომის გაჩაღებას უმნიშვნელო როლი აკისრია. არადა სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მთავარი და არა კოსტიუმების საბიუჯეტო თანხებით შეძენა. კოსტიუმების შეძენა სხვა უმნიშვნელო დანაშაულების, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა — შეიძლება დადგეს ომის გაჩაღების ფაქტის გვერდზე?!

სასამართლო ადანაშაულებს პრეზიდენტყოფილს ქვეყნის საზღვრის მალულად გადმოკვეთისთვის და არა იმისთვის, რომ იმავე ქვეყნის საზღვრები, თავისი ავახნტიურისტული გადაწყვეტილების შედეგად გვარიანად შეამცირა.

რაზე მეტყველებს ესოდენ ზედაპირული დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ?

პატივცემულო მკითხველო — ფილოსოფიური, სიღრმისეული ახსნა-განმარტების საძიებლად თავს ნუ აიტკივებთ, ვინაიდან მარტივი პასუხია საჭირო, რამეთუ სიმარტივე ახლოა სინამდვილესთან. თუმცა სინამდვილე გულდასაწყვეტია, დასაფიქრებელი ზოგიერთთათვის, ვისაც ფიქრისა და განსჯის უნარი აქვს. ვისაც არა — ჩვეულებრივი მოვლენაა, წამითაც რომ ფიქრის ნატამალს არ გაიმეტებს მისთვის.

მისთვის, ანუ ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის. სააკაშვილისა და სააკაშვილებისთვის საქართველო ქვეყანაა და არა სამშობლო. სწორედ ქვეყანა— საქართველომ გააცვლევინა მას პასპორტი სხვა ქვეყნის პასპორტში. ის არცკი დაფიქრებულა, ისეთი სიიოლით გაცვალა საქართველო, უკრაინაში. და არა მარტო მან, არამედ მისმა თანამებრძოლებმაც, მასთან ერთად უკრაინაში გადაბარგებულებმა.

ვინც აქ დარჩა, მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ვინაიდან ქვეყანა „ბელადთან“ გააიგივეს, მარტივი მიზეზის გამო — იქნება სააკაშვილი ციხის გარეთ და იქნება ის ისევ ზენიტში. იქნება ის ზენიტში და იქნებიან ისინიც ზენიტთან ახლოს, სახრავს რომ იძლევა.

მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და სააკაშვილისადმი მერკანტინულია, უფრო ზუსტად კუჭური და არა იდეური.

სამწუხაროდ, ანალოგიური მიდგომა შეინიშნება საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში. ხალხი, რომელიც ღელავს ციხის კადრებზე, ქუჩაში გამოდის (სტუდენტების გამოსვლა ფილარმონიასთან) მუქარით ხელისუფლების, ანუ სააკაშვილის დასამხობად, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავს ცხინვალის ომის დროს, მითუმეტეს სამარცხვინო წაგების შემდეგ. ნაცვლად სააკაშვილის ჩამოგდებისა, ხოტბას ასხამს მას და დახმარების ხელს უწვდის პარლამენტის შენობის წინ სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე გამართული კონცერტით. ასეთი ვერასდროს შეიგრძნობს ქვეყნის, სამშობლოს მოთხოვნებს, მის სურვილებს.

ქვეყანა, სამშობლო მათ უსულო საგნად წარმოუდგენიათ, რომელსაც ხალხის დახმარება არ სჭირდება. პირიქით, ამ კატეგორიისთვის სამშობლო, ქვეყანა სწორედ ისაა, ვინც ხალხს უნდა გაუწიოს დახმარება. ის, მეწველი ძროხაა, მათი გაგებით.

კეთილი, მაგრამ მეწველ ძროხას, საკვების მიწოდების გარეშე რძე არ ექნება და არათუ რძე, უჭმელობით სულსაც განუტევებს.

საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის რა არის ქვეყანა, სახელმწიფო, სამშობლო. არ იცის, რომ მასაც ესაჭიროება ყურადღების მიქცევა, პატივისცემა. არ იცის, რომ ქვეყანა უსულო საგანი არ არის. ის, სულიერია, ისეთივე გრძნობებით აღსავსე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.

არ იცის, რომ მის წინაშე ჩადენილი დანაშაული გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ერთმანეთის წინაშე ჩადენილი და რახან ასეა, დამნაშავე, მიუხედავად იმისა ვინ და რა იყო დანაშაულის ჩადენისას — დასასჯელია.

სამშობლოს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მთელს მსოფლიოში ისჯება. საქართველო გამონაკლისი არ უნდა იყოს. ძახილი იმისა, რომ დაუშვებელია მესამე პრეზიდენტისთვის თავისუფლების აღკვეთა იმიტომ, რომ პრეზიდენტი იყო — მიუღებელია.

მსოფლიოში ერთეულებს არ წარმოადგენენ ქვეყნები, რომელთა პრეზიდენტები, ცხადია დამნაშავეები, ციხეში სხედან. ასე, რომ არგუმენტი სააკაშვილთან მიმართებაში მიუღებელია. მან ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ომის გაჩაღების თვალსაზრისით, რისთვისაც ის უნდა გასამართლდეს — სახელმწიფოს ღალატისთვის უპირველეს ყოვლისა და შემდეგ წვრილმან-მსხვილმანი, სხვა დანაშაულებისთვის, რასაც ადგილი ჰქონდა მისი ხანგრძლივი „იმპერიული“ მმართველობის დროს.

მედიის წყალობით და მისი გამუდმებული მეცადინეობით საქართველოს მოსახლეობა სააკაშვილით იღვიძებს და იძინებს. მან იცის მისი კუჭის მოქმედება, არტერიული წნევა, თავბრუხვევა და სხვა მრავალი რამ მისი გულშემატკივარი ექიმების და ოჯახის წევრების მიერ მოთხრობილი. ხალხმა იცის კოლექტიური დასავლეთის წარმომადგენლების გულისწყრომა სააკაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთის გამო.

ხალხს ეუბნებიან, რომ სააკაშვილი მოწამლეს და შემოქმედი ამისა რუსული სპეცსამსახურები და რუსი ოლიგარქი ივანიშვილია.

ხალხმა იცის, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა სააკაშვილის თმაში შხამის კვალს მიაგნეს. ხალხს ეუბნებიან, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია და ა.შ. მოკლედ და კონკრეტულად სააკაშვილის შემთხვევაში, ისე, როგორც ყველაფერში რუსეთის კვალი ჩანს. რუსეთის სპეცსამსახურების ეფექტიან „შემოქმედებაში“ ეჭვი მიძლიერდება, ისეთი რა საწამლავი იხმარეს, ერთი წლის განმავლობაში რომ შედეგს ვერ მიაღწია?

სააკაშვილის ჯანმრთელობით „შეღონებული“ საზოგადოება კარგა ხანია უყურადღებოდ ტოვებს ე.წ. მეგობარი უკრაინის ხელისუფალთა აშკარა გამაღიზიანებელ და ყველას მხრიდან დასაგმობ საქციელს, მაგრამ რა გაეწყობა უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებას მეგობრად ლომი ჰყავს, რომლის შიშით ხმას ვერვინ ბედავს.

აი, ამ შიშმა გამოიწვია ა.წ. დეკემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიერ წარდგენილი ანტიფაშისტური რეზოლუციის საწინააღმდეგოდ საქართველოს მხარდაჭერა.

საქართველომ, გაეროს წევრ 50 ქვეყანასთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ უყარა კენჭი, რაც თავისთავად ფაშიზმის მხარდაჭერას ნიშნავს.

აღნიშნულის შესახებ ქართულ მედიას ყურიც არ გაუბერტყავს. სააკაშვილის „ავადმყოფობის“ ამბავმა აქაც დაჯაბნა სახელმწიფო საქმე.

ქართულ მედიას არც მაშინ გამოუბერტყავს ყური, როდესაც „მეგობარი“ ქვეყნის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია თავისი ბრძანებულებით აკრძალა, მისი ქონება მიიტაცა, ხოლო მღვდლები ციხეში ჩაყარა.

„უზომოდ მართლმადიდებელმა“ ქართველობამ, ისე, როგორც მედიამ წაუყრუა, ვითომც არაფერი.

არც კოლექტიურ დასავლეთს უთქვამს საკადრისი ზელენსკისა და მისი გუნდისთვის. ერთადერთი ვინც თქვა, ამერიკული ტელეკომპანია „Fox News“-ი იყო და მისი წამყვანი ტაკერ კარლსონი (Tucker Carlson), რომელმაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა აშშ-ს ადმინისტრაცია რელიგიის აღმკვეთი პრეზიდენტის ზელენსკის ამერიკაში მიწვევისთვის. მან ისიც თქვა, რომ ზელენსკიმ თავისი ჩაცმულობით შეურაცხოფა მიაყენა აშშ-ს კონგრესს.

ცნობისთვის — ზელენსკი ხანმოკლე ვიზიტით ჩაიყვანეს აშშ-ი, სადაც ის პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო და სადაც ის სიტყვით გამოვიდა კონგრესის წინაშე.

ჯერაც გამოცანად რჩება ზელენსკის ბლიც-ვიზიტი — მოწყობილი აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ. არვინ იცის, რას ემსახურებოდა ის — ომის გაგრძელებას, რუსეთთან მოლაპარაკების დაწყობას, იარაღის მიწოდებას თუ რას? იარაღის მიწოდებისა და ომის გაგრძელებისთვის ზელენსკის ვაშინგტონში გამოძახება სულაც არ იყო საჭირო. ეს საკითხები სატელეფონო საუბრითაც გვარდება.

გაიჟღერა სხვა სახის ვარაუდებმაც, მაგალითად, სამხრეთ  ვიეტნამის მმართველ ნგო დინ დიემთან, რომელიც აშშ-ი ჩაიყვანეს იმავე ფერის და სახის თვითმფრინავით, როგორითაც ზელენსკი.

ნგოს აეროპორტში დახვდა აშშ-ს პრეზიდენტი ეიზენჰაუერი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნგო დინ დიემს თავისიანებმა პუტჩი მოუწყეს და მოკლეს.

ანალოგიური ვიზიტი არგუნეს ავღანეთის პრეზიდენტ ქარზაისაც, რომელიც ავღანეთში დაბრუნების შემდეგ დაემშვიდობა პრეზიდენტობას.

ასეთივე ბედი ხვდა წილად ავღანეთის ბოლო პრეზიდენტ განისაც, რომელმაც გაასწრო ამერიკელებს, და რამდენიმე დღით ადრე, მათი ავღანეთიდან გასვლამდე, დატოვა ქაბული — ფულით დატენილ თვითმფრინავთან ერთად. გამეორდება თუ არა ზელენსკის მიმართ ძველი ისტორიები, ძნელი სავარაუდოა, მაგრამ ავისმომასწავლებლად წააგავს მათ.

რა გაეწყობა, უკანალში ძრომასაც აქვს საზღვარი. გამოუცდელი პოლიტიკოსებისთვის ძრომის პროცესი საამურად მოსჩანს, თუმცა შედეგი სავალალოა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

25/12/2022