23.11.2024

ტაივანმა დააჩქარა მრავალპოლუსიანი სამყაროს შექმნის პროცესი

ა.წ. 2 აგვისტო მსოფლიო ისტორიაში შევა როგორც 21-ე საუკუნის კუბის კრიზისის მსგავსი — ტაივანის კრიზისის სახელით.

ახალ კრიზისს ისეთი სიმძაფრე არ ახლდა, კუბისას რომ ჰქონდა, მაგრამ მსოფლიო მესამე ომის წინაშე დააყენა, თან ბირთვულის.

კარიბის ანუ კუბის კრიზისიდან, ტაივანის კრიზისამდე მრავალმა წყალმა ჩაიარა, დაძაბულობით აღსავსემ, დიდ სახელმწიფოთა მძაფრი დაპირისპირებით.

მაშინ, ორი სახელმწიფო წყვეტდა მსოფლიოს ყოფნა-არყოფნის ბედს — მანამდე ერთმანეთის მოკავშირეებად წოდებული, ფაშიზმის წინააღმდეგ ომში.

ჩინეთი საკუთარი პრობლემებით იყო დაკავებული — მათ შორის დამშეული მოსახლეობით. მაშინდელ კრიზისში გამარჯვებულიც იყო და მას საბჭოთა კავშირი ერქვა, თუმცა დასავლური პროპაგანდის მიხედვით, გამარჯვებულად აშშ-ი გამოცხადდა, რომელმაც აიძულა საბჭოთა კავშირი, კუბაზე ჩატანილი რაკეტები უკან გაეტანა.

კუბის კრზისის აშშ-ს სასარგებლოდ დასრულება, რაზეც დასავლური მედია მრავალი წლის განმავლობაში ღაღადებდა, პიროვნული ფაქტორითაც იყო გამოწვეული, ანუ ორი სახელმწიფოს მეთაურთა გარეგნობით.

პოლიტიკაში, პოლიტიკოსის გარეგნობა რა მოსატანია, უპირველესად გონება, პოლიტიკური ალღო, შორსმჭვრეტელობაა მთავარი.

ამ არგუმენტს წინ ვერაფერი დაუდგება, მაგრამ პოლიტიკის მიმართ ზერელე მომზირალთა თვალი, რომ პოლიტიკოსის გარეგნობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ხშირ შემთხვევაში ფასადს, ექსტერიერს მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე ინტერიერს, ჭკუა-გონებას, ფაქტია.

ასედაამრიგად, მსოფლიო საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ, პოლიტიკაში ნაკლებად გათვითცნობიერებულმა, იმჟამინდელი მოპაექრეებიდან  უპირატესობა აშშ-ს ახალგაზრდა, სიმპათიურ პრეზიდენტ კენედის მიანიჭა, ვიდრე ბუნების მიერ ნაკლებად შემკობილ საბჭოთა ლიდერ ხრუშჩოვს. პირველს — არა მარტო გარეგნობას უწონებდნენ, გონებასაც. ამ მხრივ ხრუშჩოვი უდავოდ ნაკლებად მიმზიდველ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

იმ შემთხვევაში გარეგნობამ, გონიერებამ, სიდინჯემ სძლია ცეტობას, დაუფიქრებლობას, პოლიტიკოსის ფეთქებადობას, ნაკლებ მიმზიდველ გარეგნობას დილეტანტთა თვალში, რომელთა რაოდენობა გაცილებით აჭარბებს პოლიტიკაში ჩახედულთა რაოდენობას.

მაშინ პოპულისტურმა მოსაზრებამ კენედის გაამარჯვებინა, ხრუშჩოვს კი, ისედაც შელახული რეპუტაცია, კიდევ უფრო გაუუარესა. კარიბის კრიზისის ორგანიზება დასდეს მას ერთ-ერთ ნაკლად ხელისუფლებიდან ჩამოშორების დროს.

არადა იმ დაპირისპირებაში ხრუშჩოვმა გაიმარჯვა — პირწმინდად მოუგო რა აშშ-ს ახალგაზრდა პრეზიდენტს.

ხრუშჩოვმა, კუბაზე ბალისტიკური რაკეტების მალულად ჩატანით, აიძულა კენედი უარი ეთქვა კუბაზე ინტერვენციის განხორციელებაზე, რასაც არაერთხელ შეეცადა ვაშინგტონი კუბის კრიზისამდე.

ხრუშჩოვმა არა მარტო კუბა გადაარჩინა ამერიკული სამხედრო აგრესიისგან, არამედ საბჭოთა კავშირიც, თურქეთში განლაგებული ამერიკული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმისგან. აშშ-ა გაიტანეს თავიანთი რაკეტები თურქეთიდან. კარიბის კრიზისში გადამწყვეტი როლი ითამაშა ხრუშჩოვის პოლიტიკურმა რისკმა. რომ არა რისკი და გაბედულობა, ვინ იცის რას მოუწყობდა აშშ-ი საბჭოთა კავშირს?!

კენედიმ უკან დაიხია და ამით გადაარჩინა მსოფლიო მესამე ომისგან, რომლის დროსაც ბირთვული იარაღის გამოყენებას უდავოდ ექნებოდა ადგილი. ხრუშჩოვს, რომ უკან დაეხია და კუბადან რაკეტების გამოტანის ნაცვლად არ მოეთხოვა ის, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, საბჭოთა კავშირი, როგორც სუპერ-სახელმწიფო დისკრედიტებული იქნებოდა იმ ადამიანთა თვალში, ვინც სოციალისტურ საბჭოეთს იმედის თვალით შეჰყურებოდა, როგორც მხსნელს კაპიტალიზმთან ბრძოლაში.

რა გვაქვს დღეს? — ტაივანის კრიზისი, რომელმაც კულმინაციას 2 აგვისტოს მიაღწია და თანაც ისე, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ამჟამად, ისე, როგორც იმჟამად, კრიზისის შემქმნელი აშშ-ია, ხოლო კრიზისის კულმინაციამდე ამყვანი არა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, არამედ აშშ-ს ადმინისტრაცია, პრეზიდენტი, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ანუ კომუნისტური ჩინეთი დღიდან კუნძულ ტაივანზე ჩინელ კომუნისტებთან ბრძოლაში დამარცხებული ჩან კაიშისა და მისი გომინდანის პარტიის გადასვლისა, დაბეჯითებით იღვწის კუნძულის დასაბრუნებლად, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ ახერხებს.

მთავარი მიზეზი არის აშშ-ს მხარდაჭერა ტაივანელი მმართველებისთვის — სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური.

აშშ-ა 1979 წელს გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ტაივანთან და აღიარა ერთი ჩინეთის არსებობა. მაგრამ მფარველობა ტაივანისა შეინარჩუნა და მას განსაკუთრებული ურთიერთობები უწოდა.

ოფიციალური პეკინის მიმართ აშშ-ს ურთიერთობა წლებია სიმძაფრით გამოირჩევა. ვაშინგტონს კარგა ხანია აღარ მოსწონს ჩინეთის დამოუკიდებელი პოლიტიკა, განსაკუთრებით ვაჭრობისა და სამხედრო მშენებლობის დარგში, კოსმოსის ათვისებაში. ჩინეთმა უარყო აშშ-ს მოწოდება —  ამერიკა-ჩინეთს შორის მსოფლიოს გაყოფა.

ვაშინგტონს არ მოსწონს რუსეთ-ჩინეთის დაახლოება და მათი სტრატეგიულ პარტნიორებად გარდასახვა. ვაშინგტონს ჩინეთით უკმაყოფილება განსაკუთრებით ა.წ. 24 თებერვლის  შემდეგ აღენიშნება, ანუ უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან.

არაერთხელ შეეცადა ვაშინგტონი რუსეთისადმი პეკინის მეგობრული დამოკიდებულების შეცვლას, მაგრამ ამაოდ. რეაქცია პეკინის მხრიდან არის სრულიად საწინააღმდეგო, ანუ ენერგეტიკის, ვაჭრობის სფეროში ნაცვლად შენელებისა, გაზრდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესება და სხვა.

ვაშინგტონის სურვილისდა საპირისპიროდ სახეზეა მოსკოვ-პეკინის მჭიდრო თანამშრომლობა და პოლიტიკურ ასპექტებში შეხედულებათა თანხვედრა.

პეკინ-მოსკოვის ურთიერთობებში ესოდენ პარალელურ და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას სტალინური საბჭოთა კავშირის შემდეგ ადგილი არ ჰქონია.

ჩინეთი, ეკონომიკური ზრდის ტემპით, ის ქვეყანაა, რომელიც მთელ რიგ დარგებში უსწრებს აშშ-ს და 2030 წლისთვის ჩამოართმევს მას მსოფლიოს პირველობას ეკონომიკის დარგში.

2030 წლისთვის ჩინეთი შეიარაღებითაც წამოეწევა აშშ-ს, რაც მძიმე დარტყმა იქნება ამ ქვეყნისთვის.

2 აგვისტომდე ორივე ქვეყანამ თავისი გზა გაიარა — ჩინეთმა წარმატებული, აშშ-ა წარუმატებელი. წარუმატებლობის მიზეზი მრავალია, მაგრამ მთავარი მაინც რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაა. სანქციები იმისთვის, რომ რუსეთი დაჩოქილიყო, მაგრამ შედეგი დამწესებლის დაჩოქებაა.

რით არის გამოწვეული აშშ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა? — უპირველესად დაუფიქრებელი, ემოციური პოლიტიკით.

ემოციამ გადააჭარბა საღ აზროვნებას. ემოციამ აჯობა რუსეთის დასჯის სურვილს, ცივი გონებით იმის გათვლას რა შედეგს მოიტანდა სანქციები.

მაშინ, არვინ იფიქრა, რომ რუსეთი უმდიდრესი წიაღისეულის მქონე ქვეყანა, დიდი ეკონომიკური პოტენციალის მატარებელი, გაუძლებდა დასავლურ შემოტევას და თავს გაართმევდა დასავლურ გამოწვევას.

მაშინ, არვინ იფიქრა, რომ რუსეთის დასანქცირება კოლექტიურ დასავლეთზე უფრო მძიმედ იმოქმედებდა, ვიდრე რუსეთზე.

მაშინ, ვერვინ იფიქრებდა, რომ ამერიკელ სადისტ პოლიტიკოსთა ტვინში გამომუშავებული გეგმით თვით ამერიკა-ევროპა და მსოფლიო დაზარალდებოდა.

არადა თუ პოლიტიკოსი ხარ, უნდა იფიქრო, უნდა გათვალო, უნდა იწინასწარმეტყველო, თუმცა დემენციით დაავადებული აშშ-ს პრეზიდენტისთვის, რომელიც 80 წელს უკაკუნებს, ძნელია ხვალინდელზე, მითუმეტეს პერსპექტივაზე ფიქრი.

პოლიტიკოსს, რომელიც დღევანდელის გათვლაზეც მწყრალად არის, შორსმჭვრეტელობას ვერ მოსთხოვ. შედეგი?

მარცხი ავღანეთში; მარცხი ავღანეთიდან გამოსვლაში; მარცხი უკრაინაში; მარცხი შინ — რეცესიის სახით; მარცხი ევროპულ პოლიტიკაში; მარცხი, ისეთი, რომელიც თავს წამოყოფს ა.წ. ნოემბრის კონგრესის არჩევნებში.

აუარება მარცხის შემდეგ, იფიქრო დემოკრატიული პარტიის გამარჯვებაზე — სახითხითო ოპტიმიზმია. დემოკრატებს, რაღაც ისეთი უნდა მოეფიქრებინათ, რომლითაც მათი პოლიტიკური იმიჯი გამოსწორდებოდა. და აი, ისიც — ტაივანის კრიზისი, ხელოვნურად შექმნილი, მაგრამ ერთობ სახიფათო მსოფლიო მშვიდობისთვის.

მოდით, დავსვათ კითხვა — რა აუცილებლობას წარმოადგენდა კონგრესის ქვედა პალატის თავმჯდომარის ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანზე?

დღეს და ახლა ასეთი ვიზიტი არაფრის მომტანია მსოფლიოსთვის, გარდა მძიმე დაპირისპირებისა, რომელიც წინაა.

რაც შეეხება დღევანდელობას, ანუ ვიზიტის დროს საომარ დაპირისპირებამდე მისვლას, ასე თუ ისე პასუხი გაეცა, რითაც მსოფლიომ ამოისუნთქა.

ელექტრონულ მედიას მიჩერებული სამყარო, აშშ-ს პროვოკაციით გაწბილებული და ჩინეთის მეთაურის სის გონიერებას მინდობილი, ღმერთს ევედრებოდა გადარჩენას.

არც ერთი პოლიტიკოსის ზეციდან აეროდრომზე დაშვებას ისეთი ყურადღება არ გამოუწვევია მსოფლიოს ხალხებში, როგორიც ნენსი პელოსის თვითმფრინავის დაშვებამ გამოიწვია ტაიბეის აეროპორტში.

ესვრის თუ არა ჩინეთის სამხედრო ძალები ნენსის თვითმფრინავს და თუ ესვრის, უპასუხებს თუ არა აშშ-ს სამხედრო ძალები — აი, ეს იყო ყველას ინტერესის საგანი — ზოგის, როგორც სხვათა ჩხუბის შორიდან სეირის მაყურებლის; ზოგის, შეტაკებით შეშინებულის და ამ შეტაკების შედეგად გამოწვეული დიდი დაპირისპირებით შეღონებულის.

ყველა დიდი საშინელების მოლოდინში იყო — ისინი, ვინც თვითმფრინავში ისხდენ და ისინიც, ვინც შორიდან თუ ახლოდან ადევნებდნენ თვალს თვითმფრინავის დაშვებას.

პელოსი, რომ ისტორიას შემორჩება, როგორც გულადი პოლიტიკოსი, ფაქტია. ფაქტია ისიც, თუ მის თვითმფრინავს ააფეთქებდნენ, ის გმირად წავიდოდა ამ სამყაროდან.

თვითმფრინავი დაეშვა მშვიდობიანად და მასთან ერთად მსოფლიომაც მშვიდობიანად ამოისუნთქა — გონიერ ადამიანთა საკრებულომ. უგნურებმა კი ასეთი რამ თქვეს — კიდევ კარგი თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა და ომი არ გაჩაღდა, თორემ ჩვენ ვიღას გავახსენდებოდითო.

ეს განცხადება უკრაინიდან ჟღერდა — იმ უკრაინელებიდან, რომლებსაც ჩინეთ-ამერიკის ომი, მათი რუსეთთან ომის პროცესზე ყურადღებას შეასუსტებდა და მასთან ერთად აშშ-ს დახმარებას უკრაინისადმი. აშშ-ს ამის თავი აღარ ექნებოდა. ასე ვარაუდობდნენ უკრაინელები თავიანთი სამრეკლეოდან და წამითაც არ ფიქრობდნენ, რომ არათუ ამერიკას ექნებოდა რამის თავი, არამედ მსოფლიოს, მათ შორის უკრაინასაც.

ლაღობენ ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ისინი ჩინეთის დამარცხებას ზეიმობდნენ. ნახეთ, რა ძლიერია აშშ-ი, რასაც უნდა იმას აკეთებსო. მათ გასაგონად გავიხსენებ ძველ ანდაზას — იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.

ბოლო გაცინებამდე კი დიდი დროა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავიაროთ, ჩვენც, ამერიკამ, ჩინეთმა, რუსეთმა, სხვებმა, ყველამ ერთად, რეალურად შევაფასოდ ამერიკული პროვოკაცია და ვთქვათ, რომ მსგავსის გამეორების უფლება არავის აქვს, ჩვენი გაგებით, თუნდაც ღმერთთან გათანაბრებულ ამერიკას.

ვთქვათ ის, რომ ამერიკა ამ ავანტიურით ფურთხის ღირსია და არა შექების. ვთქვათ ის, რომ მსოფლიო განსაცდელისგან ჩინეთის მეთაურის სი ძინპინის თავშეკავებამ და სიბრძნემ იხსნა. ვთქვათ ის, რომ სი არ აჰყვა ამერიკელთა ავანტიურისტულ გამოხდომას — პოლიტიკოსებისა, რომელთაც არც მსოფლიოს და არც საკუთარი ქვეყნის ბედი არ ადარდებთ.

ვთქვათ ის, რომ ამჯერად გადავრჩით, მაგრამ საბოლოოდ?

ომის გამჩაღებელმა პასუხი უნდა აგოს. მას დანარჩენი მსოფლიო დასჯის. ეს დროც დადგება და მაშინ გაიცინებს ის, ვინც ბოლოს იცინის.

პოლიტიკური დილეტანტების აზრით, ჩინეთს სილა გააწნეს, რასაც მან არ უპასუხა, ანუ შეეშინდა. წინასწარი მუქარა პეკინისა ისეთივე გამოდგა, როგორიც გასული საუკუნის 70-80-იანი წლების ისტორია, როდესაც ჩინეთის საჰაერო სივრცის დამრღვევ აშშ-ს 900-ზე მეტ გაფრთხილებას აძლევდა. ჩინეთმა არ უღალატა მისთვის ტრადიციულად ქცეულ პოლიტიკურ თავშეკავებას, რითაც მოიგო მთავარი — ტაივანელი ჩინელის გული.

პელოსის თვითმფრინავის ჩამოგდებას ომი მოჰყვებოდა, რომელშიც პეკინი სძლევდა ტაივანს. მიზანი ვაშინგტონისა სწორედ ეს იყო — დაპირისპირება, თანაც სამხედრო პეკინ-ტაიბეის შორის.

ჩინეთმა ჩაშალა ეს გეგმა. ის არ ჩქარობს ტაივანის შეერთებას. 2024 წელს ტაივანის არჩევნებია და ექსპერტთა აზრით, გაიმარჯვებს გომინდანის პარტია, რომლის დევიზი ასეთია — ერთი ქვეყანა, ორი სისტემა, ანუ ისეთი, როგორიც არის ჩინეთ—ჰონკონგს, ჩინეთ—მაკაოს შორის.

ჩინეთი განაწყენდა აშშ-ს მიმართ, რასაც ის უდავოდ გამოხატავს ამ ქვეყანასთან ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ჩინეთი, ტაივანის ინციდენტის შემდეგ, ისეთი ფრთხილი აღარ იქნება რუსეთთან მიმართებაში, როგორიც იყო. ტაივანის კრიზისი კიდევ უფრო დააახლოებს პეკინსა და მოსკოვს, პეკინსა და თეირანს, პეკინსა და ყველა იმ ქვეყანას, ვისაც ერთის ჰეგემონიზმი ყელში აქვს ამოსული.

დილეტანტები აცხადებენ, რომ ერთპოლუსიანობა განამტკიცა ტაივანის ინციდენტმა. პოლიტიკაში გათვითცნობიერებულები კი თვლიან პირიქით — ტაივანმა დააჩქარა მრავალპოლუსიანი სამყაროს შექმნის პროცესი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

05/08/2022