საფრთხე ისაა, რაც ბატონმა ვალერიმ იწინასწარმეტყველა

შესანიშნავი ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, ქართული პოლიტიკური პროზის სულის ჩამდგმელი ვალერი კვარაცხელია მერამდენე წელია დაბეჯითებით ამტკიცებს კაპიტალიზმის კრახის შესახებ.

დასავლეთის გაპრიალებული მაღაზიების ფონზე ძნელი იყო და არის ამის დაჯერება იმათთვისაც კი, ვისაც ტურისტული ფასადების გარდა თვალი აუტანელი ყოფისთვისაც შეუვლია, რომელიც თანამგზავრია მრავალი დასავლური ქალაქის მდიდრული ცხოვრების.

ასეა თითქმის ყველგან — ამერიკა—კანადა, ევროპის ქვეყნებში — მეტნაკლებად.

2-3 წლის წინანდელი მონაცემებით, კანადის ქალაქი ვანკუვერი მსოფლიოს ყველაზე უკეთეს ქალაქად დასახელდა — უაღრესად განვითარებული და ჩამოყალიბებული სოციალური პირობებით, უსაფრთხოებით, ეკოლოგიით, ერთი  სიტყვით მდიდრული და ყელამდე უზრუნველყოფილი ცხოვრებით — თითოეული ვანკუვერელისთვის.

დახასიათება, რომელიც ვანკუვერს ერგო მთლად სრულყოფილად არ მომეჩვენა — დახასიათებამდე, რამდენიმე წლით ადრე ამ ქალაქში მყოფ თქვენს მონამორჩილს.

უდავოდ, შესანიშნავი ქალაქია, მიმზიდველი, ალაპლაპებული ცენტრით, მაგრამ გადაუხვევ თუ არა გვერდზე, შემზარავი სურათია — ჭუჭყიანი ქუჩებით, აგრესიული ნარკომანებით, ათასი ჯურის საშიში გარეგნობის მოხულიგნო თუ ხულიგანი ადამიანებით.

სახიფათოა იმ ზონაში გავლა. ვანკუვერის სანატრელ ქალაქად გამოცხადებამ, ტურისტულ ფასადთან ერთად „შავი“ უბნებიც გამახსენა — ალბათ შეცვალესთქო, გავიფიქრე. თუმცა ჩემი ოპტიმიზმი ერთ-ერთი უცხოური ტელეარხის ვიდეო-სიუჟეტმა გააქარწლა. იმაზე უარესი იყო აღბეჭდილი ვიდეო-ფირზე, მე რომ მქონდა ნანახი.

ამ ისტორიის გახსენებით იმის თქმა მინდა, რომ ვალერი კოლექტიური დასავლეთის მზის ჩასვენებას გაცილებით ადრე გრძნობდა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენთაგანი — დასავლური პროპაგანდის უნებლიე მონამორჩილი. გრძნობდა და გვახსენებდა მოსალოდნელ დაისს. დღესაც გვახსენებს. დღესაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, გუშინდელივით, მაგრამ თავს მოვალედ თვლის გაგვაფრთხილოს, რომ გონს მოვეგოთ, შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ, რათა უფსკრულში არ გადავიჩეხოთ. გვესმის? — სამწუხაროდ, არა!!!

ქართული პოლიტიკა, საზოგადოება ისეა მონუსხული დასავლეთით, არათუ კვარაცხელიას ან სხვათა აქაურთა ნათქვამს აქცევენ ყურადღებას, იქაურთა ნათქვამსაც, იმ „დალოცვილ“ ამერიკა-ევროპაში მცხოვრებთა, მეცნიერთა, ექსპერტთა, პოლიტიკოსთა, საზოგადო მოღვაწეთა ნათქვამს.

არ ჭრის აქაურ პოლიტიკოსებზე, მედიის მუშაკებზე, საზოგადოებაზე იშვიათად საღად მოაზროვნე ექსპერტთა მიერ იქაურობის ამსახველი რეალობის დამადასტურებელი გამონათქვამების ციტირება — ვისიც არ უნდა იყოს ის, კისინჯერიდან დაწყებული, მირშაიმერით დამთავრებული.

ორივე ამერიკელია. ორივე პოლიტიკური ცხოვრების შესანიშნავი მცოდნე, განსაკუთრებით პირველი. ორივეს ღრმა თეორიული ცოდნა აქვს პრაქტიკულ ცხოვრებასთან შეხამებული. მერე რა? არც მათი გვესმის და არც ბევრი სხვისა, ვინაიდან ბედისწერას ვყავათ ატანილი. ჩანს, ვიდრე ხიფათში არ გავეხვევით, საფრთხეს ვერ ვიგრძნობთ.

„დამოუკიდებლობის“ 30 წელმა არაფერი გვასწავლა, არც ამ ხნის განმავლობაში საკუთარი თავის წინააღმდეგ მოწყობილმა ორმა მწარე გამოცდამ — ისეთმა, სამოქალაქო ომის ფარგლებში რომ ექცევა.

ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, საკუთარ შეცდომებზეც რომ არ ვსწავლობთ, არათუ სხვისაზე, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ასეთთა რაოდენობამ იმდენად იბარტყა, ჩვენი რომ სათვალავში არ ჩაითვლება.

მარტო უკრაინა რად ღირს?! ამ ქვეყანამ, ჩვენ რომ ძმობას ვეფიცებით, ჩვენს სისულელეებს თავისიც დაუმატა და ისეთი კოქტელი მიიღო, დალევისთანავე გულისრევას რომ იწვევს.

არადა მარტო უკრაინელების გულისრევა რა მოსატანია — აიტანენ ისინი, სხვები? სხვები ვერ იტანენ — ფაქიზი კუჭების გამო. სხვები, ანუ ევროპელ-ამერიკელები, უკრაინელებზე უკეთ მცხოვრებნი რას აიტანენ ჭურვების წუილის ქვეშ ძილს, დანგრეულ-გაპარტახებულ სოფლებსა და ქალაქებს, საცხოვრებელ სახლებს, უწყლობას, საკვების დეფიციტს, ოჯახის წევრების, ახლობლების ხოცვას.

თვითონ ვერ აიტანენ, მაგრამ სხვას აატანინებენ, ამ შემთხვევაში უკრაინელებს. დიდი სიამოვნებით აგვატანინებდნენ ჩვენც და მოლდოველებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისე მტკიცედ არ გვაწვებიან, როგორც უკრაინას. რომ მოგვაწვნენ ვერ გავუძლებთ, ვინაიდან გარე მოწოლას შიდაც დაემატება და გაერთიანებული შეტევით დღევანდელი სუსტი ხელისუფლება სულს დალევს.

რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებით ვაშინგტონ—ბრიუსელი გვატყობინებს, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპების დაცვა არის მთავარი ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, ისე, როგორც სანქციების დაწესება რუსეთისთვის — აგრესორისა და დემოკრატიის ფეხქვეშ გამთელველისთვის.

სულ ახლახანს აშშ-ს გადამდგარმა გენერალმა ჰოჯესმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს გვითხრა, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის შესაფერისი დრო სწორედ დღესაა, როდესაც რუსეთი გართულია სამხედრო სპეცოპერაციით უკრაინაში.

ჰოჯესის რჩევა უფრო დავალებას ჰგავს — მისთვის მიცემულს აშშ-ს პოლიტიკოსთა მხრიდან, თორემ გადამდგარ გენერალს ვინ დაუთმობდა სატელევიზიო დროს?

ვაშინგტონ—ბრიუსელმა განა ერთხელ „გვირჩიეს“ ასეთი ნაბიჯის გადადგმა? არაერთხელ!!! ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყური არ ათხოვა „რჩევას“— ჩათვალა, რომ დამანგრეველი იქნებოდა ქვეყნისთვის. ეს შემთხვევა ქართულ გამოთქმას ჰგავს — ბევრი ვეცადე შენთვისა, ძლივს გამოვიდა ჩემთვისა.

საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ თანხმობა, მის არსებობას დაუსვამდა წერტილს, ისე, როგორც რუსეთის დასანქცირება. საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ დღევანდელი ვითარება განსხვავდება 2008 წლის აგვისტოს ვითარებისგან.

მაშინ, რუსეთმა ბოლომდე არ გასწირა საქართველო და ომის გამჩაღებელმა საქართველოს პრეზიდენტმა, მთავრობამ ძალაუფლება შეინარჩუნეს.

დღეს, მეორე ფრონტის გამხსნელს სერიოზული, გამანადგურებელი პასუხი მოელის რუსეთისგან, მისი მოდერნიზებული არმიისგან, თანამედროვე იარაღისგან.

2-3 ბომბის ჩამოგდება საკმარისი იქნება საქართველოს მოსახლეობის დასაშინებლად. ვეჭვობ, ადგილი ჰქონდეს „პატრიოტების“ მიერ იარაღის შესხმას, ისე, როგორც ამას უკრაინის ომში ჩართვასთან აქვს ადგილი. ხელისუფლებას იმის თავი არ ექნება, მითუმეტეს სახსრები, ფული უხადოს „სამშობლოს დამცველებს“. უკრაინაში კი უცხოელ მოხალისეებს ფულს უხდიან.

რაც შეეხება სანქციების დაწესებას — აქაც ხელისუფლება მიხვდა, რომ ამით თვით დაზარალდებოდა, ვინაიდან რუსეთი გაწყვეტდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევდა სოციალურ ბუნტს და ხელისუფლების დამხობას.

ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებამ თავის გადარჩენაზე იფიქრა, რასაც ოპოზიცია არ ფიქრობს. პირიქით, ის აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არ გაიზიარა დასავლეთის რეკომენდაცია, რითაც ხაზი გაუსვა თავის პრორუსულობას.

ოპოზიცია, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ისიც ხელისუფლებასავით მოიქცევოდა. დღეს, საწინააღმდეგოდ იქცევა, ვინაიდან არ გრძნობს პასუხისმგებლობას.

სააკაშვილის ხელისუფლებაც გრძნობდა პასუხისმგებლობას და ამიტომაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ჰქონდა რუსეთთან — მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა. რით იყო ეს გამოწვეული? არა იმით, რომ სააკაშვილი რუსეთის აგენტი იყო ან მისი ბიძა თემურ ალასანია რუსეთის „კგბ“-ს ყოფილი მუშაკი, ობიექტურმა ვითარებამ გამოიწვია ყოველივე.

საქართველოს საზოგადოებას რატომღაც ჰგონია, რომ საქართველო ჭიპია მსოფლიოს და მის ირგვლივ ტრიალებს სამყარო. რეალობა კი ისაა, რომ საქართველოში ფულის დაბანდებას დასავლური მსხვილი კაპიტალი არ აპირებს. თუ ვინმემ ფული ჩადო, რუსეთი და მეზობელი ქვეყნებია და არა ამერიკა—ევროპა.

გავახილოთ თვალი, ვიყოთ ობიექტურები და დავინახოთ სინამდვილე გამომდინარე რუსეთთან კავშირებიდან თუნდაც იმ დროს, როდესაც ამ ქვეყანასთან გაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნებს რომ ხელისუფლება ვერ აგვარებს — ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ქვეყანა რაღაცნაირად სულს არ განუტევებს და არსებობს. ასეთ დროს არხეინ მავანს თავში მარტივი კითხვა უნდა გაუჩნდეს — რით ვარსებობთ. თუ ამ კითხვას პასუხს ვერ მოუძებნის, დავეხმარები — რუსეთთან ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებით და არა კოლექტიური დასავლეთის დახმარებით.

ცხადია, დასავლეთიც გვეხმარება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფულის გამოყოფით, თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალების დაფინანსებით, სხვა მრავალით, რომლებსაც ხალხის სოციალურ მოთხოვნებთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მარტო ივნისის თვეში საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთში მცხოვრები ახლობლების, ნათესავების მხრიდან 250 მილიონი დოლარი მიიღეს, რაც გაცილებით მეტია სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხულ ფულზე. შედარებისთვის, მეორე ადგილზე მყოფი იტალიიდან 50 მილიონის გადმორიცხვას ჰქონდა ადგილი.

თვალი შევავლოთ ტურიზმსაც, ვინაიდან ეს დარგი უდიდეს როლს არსულებს ქვეყნის ეკონომიკაში. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემები ასეთია: 1,142 მილიარდი დოლარი. მარტო ივნისის მონაცემებმა 301,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ვინ დახარჯა ყველაზე მეტი ფული საქართველოში? რუსმა ტურისტმა — 28,7 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის საქმეს, ყველაზე მეტი, თანაც რამდენჯერმე, რუსეთზე მოდის.

ამის შემხედვარეს უნდა უხაროდეს, მაგრამ არა! ოპოზიცია დაბეჯითებით მოითხოვს რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას, რათა შემცირდეს რუსი ტურისტების ნაკადი. რატომო — თუ იკითხავთ. უპრიმიტიულეს პასუხს მიიღებთ — რუსი ტურისტები საფრთხეს უქმნიან საქართველოს.

განსაკუთრებული გაღიზიანება იგრძნობა რუსთა მიერ უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინების) შეძენის გამო, თუმცა დაზუსტებით არვინ იცის აქვს თუ არა ამას ადგილი ან თუ აქვს რა რაოდენობით.

აქვე დავსვამ კითხვას — სხვას თუ აქვს, მაგალითად თურქს ბინის შეძენის უფლება, რაც ჭარბადაა, განსაკუთრებით აჭარაში, რუსმა რა დააშავა?! ოკუპანტიაო, — მეტყვით. კეთილი, მაგრამ თურქი ისტორიული ოკუპანტი არ არის?!

გვაღიზიანებს ისიც, რომ თურმე უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებით შეშფოთებულმა ზოგიერთმა რუსმა საქართველოს შეაფარა თავი და გახსნა ბიზნესი. ჩვენს ბიზნესს კონკურენციას უწევსო, ვაცხადებთ. სკეპტიკოსებს ვკითხავდი — ამერიკელებს რომ გაეხსნათ, მაშინაც გვეწყინებოდა?

საქართველო, რომ ინვესტიციებით არცთუ გალაღებული ქვეყანაა, ფაქტია და აქედან გამომდინარე თუ ვინმე რამეს ჩადებს, პოზიტიურად უნდა აღვიქვად და არა პოლიტიკურად, ვინაიდან ამ პოლიტიკურ აღქმაში მოსჩანს ამერიკულ-ევროპული წაქეზება.

მათთვის, ისე, როგორც მათი ქართველი მოსწავლეებისთვის მთავარია რუსეთთან ქიშპი, თორემ დემოკრატიის დაცვის საბაბით სიკეთეებზე უარის თქმა რომ მზაკვრობაა, მტკიცება არ სჭირდება. ამასწინათ რადიო „მაესტროში“ რონდელის ფონდის „მკვლევარი“ აცხადებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას არ უნდა მორიდებოდა ხელისუფლება, ვინაიდან დემოკრატია მოითხოვს ამასო.

ვალერისა არ იყოს, კაპიტალისტური სისტემა სულს ღაფავს. თუ არ გჯერათ, შეხედეთ ტელევიზორებს, არა აქაურს, იქაურს, თუნდაც რუსულს და დაინახავთ სინამდვილეს. მაგრამ რუსულს ვერ შეხედავთ, აკრძალულია!

დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ხანაში რომ ტელეგადაცემებს კრძალავენ — რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი? ახლახანს ამერიკელი ნაომ ჰომსკი — სახელგანთქმული მეცნიერი ამბობდა, რომ ამერიკელმა არ იცის სინამდვილე. ის ინფორმაციულ ვაკუუმში მოაქციეს და ვერ მოუსმენს პუტინს, ლავროვს, …

რუსეთზე ცუდის გარდა ვერაფერს მოუსმენს ვერც ამერიკელი, ვერც ევროპელი და ვერც ქართველი. რასაც ისინი და ჩვენ ვუსმენთ და ვუყურებთ უკრაინის ომია, სადაც რუსეთი მარცხდება; ამერიკაში შექმნილი მძიმე ენერგეტიკულ-ეკონომიკურ კრიზისში პუტინია დამნაშავე; რეცესიაშიც პუტინია და ის, რაც ამერიკაშია, რეცესია კი არა, ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელებაა. არადა თვით ამერიკელი ფინანსისტების განმარტებით, ზედიზედ სამ-სამი თვის შენელება, რეცესიაა.

აშშ-ი არა მარტო ეკონომიკურ—სოციალურ დეპრესიაშია მოქცეული, არამედ ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის განმარტებით — მუხლებზეა დაჩოქილი. ასეთი დაქცეული ამერიკა მას არ გაუგია, არ უნახავს. ის, ყოველივე ამას ბაიდენსა და დემოკრატებს აბრალებს, რაც აშკარად შეეფერება სინამდვილეს.

აშშ-ს ადმინისტრაციამ ანტირუსული სანქციების შემოღებით აშშ-საც ავნო და მსოფლიოსაც, რუსეთს კი ბევრი ვერაფერი დააკლო. მსოფლიო ინფლაციის მაჩვენებელმა 38% გადააჭარბა.

ფასების გაჭენებული მატებაა არა მარტო აშშ-ი, არამედ ევროპის ქვეყნებში, სადაც კატასტროფული ვითარებაა გაზის ფასის მატებით გამოწვეული — რუსეთის ჯიბრით, ევროპის კართან მიტანილ „ჩრდილოეთის ნაკადი —2“-ის გაზზე უარით. 1000 კუბ. მეტრი გაზის ფასმა 2500 ევროს გადააჭარბა.

გერმანელებს აღარ უკვირთ შხაპის კვირაში ერთხელ მიღება; ინგლისელებს ჭურჭლის სარეცხი სითხით თავის დაბანვა; არც ასეთი რეკლამა უკვირთ — ქალბატონი რომ ეკრანიდან უზიარებს მათ — ბოთლში ვშარდავ, შემდეგ ბაღში ვღვრივო, რითაც უნიტაზში წყლის დაზოგვას ვახერხებ და საბოლოო ჯამში ამ დაზოგვით გადასახადს ვამცირებო.

ჩვენ კი, ამ საშინელების არმცოდნენი, ისევ გავყვირით 12 პუნქტის აუცილებელ შესრულებაზე, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

სამკურნალოა ჩვენი საზოგადოება — განავალს უმზერს და ვერ აღიქვამს, რომ განავალია. ევროკავშირის განავლის „სურნელი ჩვენამდე არ აღწევს, სხვისი კი არ გვჯერა, ვინც სუნიც „შეირგო“ და ფეხიც ჩაჰყო მასში — უკეთესი ცხოვრების მსურველმა.

ჩვენ ვერ აღვიქვამთ ე.წ. პარტნიორი ამერიკის ბინძურ ქმედებებს სხვა სახელმწიფოების მიმართ. ვუსმენთ და არ ვისმენთ რას ამბობენ ამერიკელი პოლიტიკოსები, სამხედროები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სხვა სახელმწიფოებში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება.

აშშ-ს უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ბოლტონმა სიამაყით თქვა, რომ მონაწილეობას ღებულობდა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების დამხობაში; ხოლო აშშ-ს ცსს ყოფილმა ხელმძღვანელმა ვულსიმ ტელეჟურნალისტს კაკალ-კაკალ ჩამოუთვალა რამდენი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო ამ ორგანიზაციამ 1947 წლიდან, „ცივი ომის“ დასრულების ბოლომდე.

ამის შემხედვარე, ამერიკელი რომ დაიჩემებს დემოკრატიულობასა და სიტყვის თავისუფლებას — უკომენტაროდ უნდა გაეცალო და სამარადისოდ უარი თქვა მასთან ურთიერთობაზე.

აშშ-ს ყოფილი სენატორი ბლეკი, რომ იტყვის — ამერიკა ის არ არის, რაზეც მისი შემქმნელი „მამები“ ოცნებობდნენო, განა საყურადღებო არ უნდა იყოს ჩვენთვის?!

ჰომსკის, მირშაიმერს, კისინჯერს, სხვებს და სხვებს არ დავუჯერეთ და დავუჯერეთ ავადმყოფ ბაიდენს, ბლინკენს, ნულანდს, სალივანს, პრაისს, ლესბოსელ კარინ ჟან-პიერს, … წაწყმენდაა.

ამერიკა უფსკრულისკენ მიექანება ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სულიერად, სოციალურად, რის შესახებაც რახანია გვაფრთხილებს პატივცემული ვალერი, ჩვენ კი არ გვჯერა, ისევ იქითკენ გაგვირბის თვალი. როგორც ჩანს, ვიდრე მძიმე განსაცდელში თავს არ შევყოფთ, ვერ ვიგრძნობთ საფრთხეს.

საფრთხე კი ისაა, რაც ბატონმა ვალერიმ იწინასწარმეტყველა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

30/07/2022