26.12.2024

დააშოშმინებს თუ არა 3×3 ფორმატი ბობოქარ სამხრეთ კავკასიას?!

ყარაბაღის ომმა სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრები გამოიწვია სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც გავლენა იქონია არა მარტო რეგიონის ქვეყნებზე, არამედ სრულიად ახლო აღმოსავლეთზე და სხვებზეც, რომლებიც მეტნაკლებად დაკავშირებული არიან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან.

გლობალიზაციის პირობებში ლოკალური კონფლიქტები რომ ასეთად არ დარჩება, კარგა ხანია ეჭვს არ იწვევს. არც ის არის გასაკვირი, რომ ყარაბაღის მეორე ომმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო — გაცილებით მეტი, ვიდრე პირველმა. მაშინ დაპირისპირებას ორ საბჭოთა რესპუბლიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰქონდა ადგილი. 1988 წლის ომი  ყარაბაღში მცხოვრებ სომეხთა და სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის გამარჯვებით დასრულდა — უამრავი აზერბაიჯანელი ადგილმონაცვლით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების დაკავებით, აზერბაიჯანელთა გულისწყრომით და რევანშის წყურვილით.

პირველ ომს მოჰყვა დიდი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ძალისხმევა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების და ორ ქვეყანას შორის გაჩენილი უთანხმოების მოლაპარაკებათა გზით გადაჭრის მიზნით.

ორივე მხარე, განსაკუთრებით აზერბაიჯანი, უკმაყოფილებას გამოთქვამდა ე.წ. „მინსკის ჯგუფის“ სუსტი მედიატორობის თაობაზე, პრეტენზიებით მიმართავდა მისიის თავმჯდომარეებს რუსეთსა და აშშ-ს. ისინიც, თავის მხრივ ძალას არ იშურებდნენ საკითხის საბოლოო მოგვარებისთვის, თუმცა მთიან ყარაბაღთან არსებული ისტორიული ჭიდილი, ისტორიის განსხვავებული აღქმა, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მიერ, თანამედროვე მძიმე ურთიერთობების არსებობა, არ იძლეოდა მიძინებული კონფლიქტის საბოლოო მოგვარების შესაძლებლობას.

გამშველებლებში გაჩნდა ფარული მოსაზრებაც კონფლიქტის დასაკონსერვებლად, მისი მომავალი თაობების გადასაჭრელად დასატოვებლად.

1988 წლის ომიდან, მეორემდე, არაერთი წელი გავიდა, რომელიც ორივე მხარემ, თვით მთიანმა ყარაბაღმა მუდმივ დაძაბულობაში — ჩახმახშემართულ მდგომარეობაში გაიარა. ორივე მხარე ახალი ომისთვის ემზადებოდა — შეიარაღების გაზრდით, სამხედროთა წვრთნით, ერთმანეთის ძალის სასაზღვრო შეტაკებებში მოსინჯვით, მესაზღვრეთა ხოცვით და ა.შ.

სომხეთზე ეკონომიკურად გაცილებით მყარად მდგომი აზერბაიჯანი სამხედრო ძლიერების თვალსაზრისითაც პრიორიტეტულად გამოიყურებოდა, რაც არა მარტო აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დამსახურებაა, არამედ მისი დიდი მეგობრის და მოკავშირის თურქეთისა, და მისი პრეზიდენტის რეჯეფ თაიპ ერდოღანის.

ამ ორ მონათესავე ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირები დამყარდა დევიზით — „ერთი ხალხი, ორი ქვეყანა“. ალიევთან ერთად ერდოღანმაც გაააქტიურა პროაზერბაიჯანული განცხადებები და პრეტენზიები „მინსკის ჯგუფის“ მიმართ.

აზერბაიჯან-სომხეთის ვერბალურ ომს, გახშირებული სასაზღვრო შეტაკებებიც დაემატა, რაც ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. აზერბაიჯანმა, თურქეთის სამხედრო სპეციალისტების დახმარებით, მოახერხა რევანშის აღება და რომ არა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ჩარევა ცეცხლის შესაწყვეტად და დასაზავებლად, სომხეთის საქმე არცთუ სახარბიელო იქნებოდა.

პუტინმა აზერბაიჯან-სომხეთის მეთაურებთან მოლაპარაკებები აწარმოა, შემდეგ დაზავების ხელშეკრულება გააფორმა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ორ დაპირისპირებულ მხარეთა შორის რუსი სამშვიდობოები ჩააყენა. პარალელურად აწარმოა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტთან. შეთანხმების შედეგად აზერბაიჯანის მხარეს თურქი დამკვირვებლები ჩადგნენ.

ყარაბაღის ომმა გზა გაუხსნა თურქეთის პოზიციების გააქტიურებას სამხრეთ კავკასიაში. ომამდელი სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც მას აზერბაიჯანთან ჰქონდა — გააორმაგა.

თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივმა სამხედრო მოქმედებამ, რომელმაც სომხეთის მარცხი გამოიწვია, ახალი გეოპოლიტიკური ვითარება შექმნა სამხრეთ კავკასიაში, რასაც მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის შორეულის — აშშ-ს სახით, შეშფოთება მოჰყვა. თურქეთი, შედარებით პასიური მოთამაშის პოზიციიდან, აქტიურში გადავიდა. მისი სამხედრო-პოლიტიკური გავლენა საგრძნობია აზერბაიჯანში, რაც ტანდემს აძლევს საშუალებას სომხეთთან მათრახისა და თაფლაკვერას პოლიტიკა აწარმოოს.

თურქეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ მოჭარბებულ ყურადღებას იწვევს კრემლში. ერთის შეხედვით, რუსეთ-თურქეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობაა, პოლიტიკურში კი აზრთა სერიოზული განსხვავება.

ეკონომიკური კავშირები, განსაკუთრებით ენერგეტიკული, რომლის იმედი ჰქონდათ რუსეთში, არ გამოდგა პოლიტიკურ მსოფმხედველობაზე გავლენის მომტანი. უფრო მისახვედრ ენაზე რომ ვთქვათ, პრაგმატულმა ეკონომიკურმა ურთიერთობამ ვერ იქონია გავლენა ერდოღანის შორს მიმავალ პოლიტიკაზე. კავკასია ამ პოლიტიკის ერთ-ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ერდოღანის პოლიტიკა — ოსმალეთის იმპერიის აღდგენას, „დიდი თურანის“ შექმნას გულისხმობს — ეკონომიკური, სავაჭრო, საგანმანათლებლო, რელიგიური ფაქტორების გამოყენებით. ერდოღანის სულიერი მასწავლებელი, ამჯერად მის მიერვე დაუძინებელ მტრად გამოცხადებული გიულენი ამბობდა, რომ  თურქული გავლენის მოპოვებისთვის საჭირო არ არის იარაღი — პატარა ნოხი, ლოცვა, ყურანი ყოველგვარი თოფის გარეშე თავისუფლად მოახერხებს ამას.

ამ მოსაზრებას იზიარებს ერდოღანიც, თუმცა ყურანთან ერთად ხანდახან თოფსაც მიმართავს. მაგალითად სირია ან სომხეთ-აზერბაიჯანის ომიც საკმარისია, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო კვიპროსის ოკუპაციაზე, რომელიც ერდოღანამდე დაიწყო, მაგრამ მისი მილიტარისტული პოლიტიკით, დღესაც გრძელდება.

თუ რას ნიშნავს ეკონომიკური ზეგავლენა ჩვენთვისაც ნათელია, განსაკუთრებით აჭარისთვის, სადაც მნიშვნელოვანია მუსლიმანი მოსახლეობა. აჭარაში აქტიურად მოქმედებს თურქული ბიზნესი. დიდია რელიგიური გავლენაც. თურქული ორგანიზაციები სოლიდურ თანხებს ხარჯავენ აჭარის ახალგაზრდების თურქეთის მედრესეებში სწავლა-განათლების მისაღებად, მთიან რაიონებში შენდება მეჩეთები და ა.შ.

თურქული გავლენა არა მარტო აჭარაში, საქართველოს სხვა კუთხეებშიც იზრდება, განსაკუთრებით თბილისში. ანკარა-ბაქო-თბილისს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირებია, სამხედრო-პოლიტიკურთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება, როგორც ნაცური, ისე ქოცური, მოკრძალებით თვალებში შესციცინებდა და შესციცინებს ანკარას. ერდოღანს რომ არ აწყენინოს, ხმის ამოღებისაც ეშინია ისეთ საკითხებში, ჩვენი ქვეყნისთვის რომ სასიცოცხლოდ მიიჩნევა.

საქართველოს ხელისუფლებაზე ერდოღანის გავლენა იმდენად ძლიერია, 3×3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი უარი, ხვალინდელი თანხმობით შეიძლება შეიცვალოს, თუკი აშშ-ი ამაზე თვალს დახუჭავს.

საქართველოს ხელისუფლებისთვის აშშ-ი სტრატეგიული პარტნიორია და მის სიტყვას ძირს არ დაუშვებს. რაც შეეხება თურქეთს — ძლიერი მეზობელია, დიდი გავლენის მქონე ახლო აღმოსავლეთში და მისი სიტყვაც გასათვალისწინებელია.

3×3 ფორმატის მომავალი მონაწილე ირანის ისლამური რესპუბლიკა ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობებიდან გამომდინარე დამშვიდებით ვერ შეხვდება თურქეთის პოზიციების გამტკიცებას სამხრეთ კავკასიაში, რაზეც გაამახვილა ყურადღება მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მკითხველს შევახსენებ, რომ მიმდინარე წელს ირანში ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც წარმატებას მიაღწია კონსერვატორმა რაისიმ. ირანში პოლიტიკური პარტიების არ არსებობა სულაც არ ნიშნავს არჩევნებში მონაწილე მხარეთა დუნე, არაშეუპოვარ ბრძოლას. ამომრჩევლები პირობითად ორ ნაწილად არიან დაყოფილი — ე.წ. რეფორმატორებად და კონსერვატორებად.

კონსერვატორებმა გაიმარჯვეს. ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, რომელშიც საგარეო უწყების ხელმძღვანელობა მიანდეს 57 წლის დიპლომატს აბდოლაჰიანს. ადრე ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და ირანის პარლამენტის წევრი, სპიკერი საერთაშორისო საკითხებში.

აბდოლაჰიანი მკვეთრად განსხვავდება წინამორბედ ჯავად ზარიფისგან, რომელმაც მინისტრობამდე აშშ-ი მრავალი წელი იმუშავა. ზარიფი, გამართული ინგლისურით, აშშ-ს პრესტიჟული უნივერსიტეტების დიპლომებით, დასავლური ცხოვრებისა და პოლიტიკის გამოცდილებით, წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას.

აბდოლაჰიანი ახლო აღმოსავლეთის საკითხებშია გათვითცნობიერებული, ამასთანავე ირანის მეთაურის, სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დიდი ნდობით სარგებლობს, ისე, როგორც ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის. ქვეყნის მეთაურის მხარდაჭერა,  როგორიც აბდოლაჰიანს აქვს, არც ერთ წინამორბედს არ ჰქონია, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეო საკითხებში მის რჩევებს ჯეროვანი ყურადღება მიექცევა ქვეყნის მეთაურის მხრიდან.

ირანის ახალი პრეზიდენტის არჩევას მოჰყვა ამ ქვეყნის შანხაის ორგანიზაციაში გაწევრება, რასაც ირანი მრავალი წლის განმავლობაში ელოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან მოლაპარაკების დროს, რომელიც 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, აბდოლაჰიანმა თქვა: „შეშფოთებული ვართ სამხრეთ კავკასიით. ჩვენ ვერ შევეგუებით ერთ-ერთი ჩვენი მეზობლის (იგულისხმება თურქეთი) მტკიცებას შეცვალოს კავკასიის გეოპოლიტიკური რუკა. თეირანი მიიჩნევს, რომ ირანის საზღვართან აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო წვრთნების ჩატარება არის პროვოკაცია“.

რეგიონის დაძაბულობა გაზარდა 21 სექტემბერს „ურყევი ძმობის“ სახელით დაწყებულმა სამხედრო მანევრებმა, რის საპასუხოდ ირანმა თავის საზღვრებთან გადაისროლა ჯარი და დაიწყო ანალოგიური მანევრები.

პარალელურად ირანმა აზერბაიჯანს მიახვედრა, რომ მზადაა გამოიყენოს სამხედრო-საჰაერო ძალები აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

ირანი მზადაა მიაწოდოს იარაღი სომხეთს, რომელიც ირანის მოკავშირეა და რომელიც ირანის, აზერბაიჯანზე თავდასხმის შემთხვევაში, ცეცხლს გაუხსნის აზერბაიჯანს.

ამ ვითარების შემყურე თურქეთი განზე არ გადგება და კონფლიქტში ჩაერთვება, ცხადია აზერბაიჯანის მხარეს. რას მოიმოქმედებს აშშ-ი?

მხარს დაუჭერს თურქეთს, ნატოელ მოკავშირეს, დიდი ხნის მტრის, ირანის წინააღმდეგ.

სამხედრო სცენარის ამგვარი განვითარება იძულებულს გახდის რუსეთს ჩაერთოს კონფლიქტში. ნაბიჯის ასეთ გადადგმას აზერბაიჯან-სომხეთს შორის ჩამდგარი რუსი მშვიდობისმყოფელებისთვის შექმნილი კრიზისული მდგომარეობა იქნება.

ირან-აზერბაიჯანს შორის არაერთი წელია დაძაბულობა არსებობს. ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი ისრაელ-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობაა. ისრაელი ეხმარება აზერბაიჯანს უპილოტო თვითმფრინავების, სხვა იარაღის დამზადებაში. 2016 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ფართომასშტაბიანი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება.

ირანი თვლის, რომ სახეზეა ანტიირანული პლაცდარმის ჩამოყალიბება — სწორედ ამან აიძულა თეირანი გვერდზე გადაედო პოლიტკორექტულობა და პირდაპირ განეცხადებინა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სიონისტურია.

ლავროვთან შეხვედრის დროს აბდოლაჰიანმა უკმაყოფილება გამოთქვა გასული წლის ნოემბრის სამთა (რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის) ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით მთიანი ყარაბაღის ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა. ირანს არ მოსწონს ზანგეზურის დერეფნის შექმნაც, რომელიც დააკავშირებს დასავლეთ აზერბაიჯანს ნახიჩევანთან და თურქეთთან — სომხეთის ტერიტორიის გავლით.

ირანის პარლამენტში ზოგიერთი დეპუტატი კატეგორიულად იმუქრება — თუ ბაქო-ანკარა გააგრძელებენ პროვოკაციულ პოლიტიკას, ირანი მიიერთებს ყარაბაღსა და ნახიჩევანს, როგორც ირანის ძირძველ ტერიტორიებს.

თავის დროზე თუ მთელი სამხრეთ კავკასია არა, ნახევარი ანუ აღმოსავლეთი, სპარსეთს ეკუთვნოდა. ამჯერად კი ის თვლის, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხებიდან ირანის გამოთიშვა, რეგიონში, მისი პოზიციების შესუსტების საწინდარი იქნება. ირანისთვის მიუღებელია თურქეთის გაძლიერება კავკასიაში და არა მარტო. ირანისთვის მიუღებელია „დიდი თურანი“, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

აბდოლაჰიანის პოზიცია ლავროვთან მოლაპარაკების დროს ითვალისწინებდა აზერბაიჯანის საზღვრებთან ირანის სამხედრო წვრთნების მიმართ ლავროვის მხრიდან გაგებით აღქმას, თუმცა მოხდა საწინააღმდეგო: „ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ ზონაში სამხედრო აქტიურობისა, ვინაიდან პროვოკაციული მოქმედებაა და იწვევს აზერბაიჯანის შეშფოთებას“ — უთხრა ლავროვმა.

ლავროვმა ისიც აღნიშნა, რომ რეგიონში სამხედრო აქტიურობა, მიუღებელია. ის გულისხმობდა თურქეთ-პაკისტანის სამხედრო წვრთნებსაც. ლავროვმა მიახვედრა ირანელ სტუმარს, რომ ძალისმიერი მეთოდი, მუქარა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანისა მიუღებელია კრემლისთვის.

აზერბაიჯანი რუსეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, აგრეთვე „როსობორონექსპორტის“ კლიენტი. რუსეთ-აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის მეგობრული ურთიერთობებია. აზერბაიჯანის გაწონასწორებული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არაერთხელ იყო გაჟღერებული ჩემს წერილებში.

საქართველოსთან შედარებით, აზერბაიჯანში არავის გაუუქმებია რუსული სკოლები, გარდა ამისა აზერბაიჯანში ფუნქციონირებს რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები, რუსული კულტურის ცენტრი. სამი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს რუსეთში. მართალია, ირანში 20 მილიონი აზერბაიჯანელია ირანის აზერბაიჯანში, მაგრამ ისინი ირანელებია.

რუსეთ-ირანს შორის არსებული ურთიერთობები ჩამოუვარდება რუსეთ-აზერბაიჯანისას, მაგრამ მთელ რიგ საკითხებში მათ საერთო ინტერესები აქვთ. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ სირიაში. ორივენი ახლო ურთიერთობებში არიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. რუსეთი მხარს უჭერს ირანის პოზიციას ბირთვულ საკითხებში და სხვა.

რუსეთის პოზიცია თურქეთის მიმართ არის სავაჭრო-ინვესტიციური. წლიური ტვირთბრუნვა 25 მილიარდ დოლარს შეადგენს, ირანთან მხოლოდ — 2 მილიარდს, ამდენივეა აზერბაიჯანთან. თურქეთთან რუსეთს ისეთი პროექტები აქვს, როგორებიცაა C-400; ბირთვულ ელექტროსადგურ აქუიუს მშენებლობა, რომელიც 2023 წელს დასრულდება; გაზსადენი „თურქეთის ნაკადი“; მთელი რიგი სამშენებლო ობიექტები, მათ შორის მოსკოვში „მოსკვა სითის“ სახით, რომელსაც თურქი ბიზნესმენები აშენებენ.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს, მიუხედავად ეკონომიკური თანამშრომლობისა, მერყეობა ეტყობა, რაც გამოწვეულია ორი ქვეყნის პოლიტიკური თემების შეუთანხმებლობით. თურქეთი, რუსეთისთვის ისეთი პოლიტიკური პარტნიორია, სულ მუდამ რომ ამყოფებს რუსეთს დაძაბულობაში.

თურქეთი მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინასთან, მათ შორის სამხედრო დარგში. თურქეთი არ აღიარებს ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში. მას ყირიმი თავისად მიაჩნია.

რუსეთი თურქეთს მოუწოდებს დატოვოს სირიის ტერიტორია. ამ ქეყანასთან მიმართებაში მოსკოვ-ანკარის პოზიციები განსხვავებულია და ა.შ.

ამასწინათ სოჭში გაიმართა პუტინ-ერდოღანის მოლაპარაკება. მთელ რიგ საკითხებში ცხადია, პოლიტიკურში დაფიქსირდა აზრთა მკვეთრი სხვაობა, რასაც ვერ ვიტყვით ეკონომიკაზე. ერდოღანმა სთხოვა პუტინს აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გარდა კიდევ ორის აშენება და C-400-ის ახალი დივიზიონის მიყიდვა.

სამხრეთ კავკასიაში ირანის მტკიცე საყრდენად სომხეთი მოიაზრება. სომხეთი, რომელიც ფაქტიურად მოწყვეტილია გარე სამყაროს, ირანის მეშვეობით ახორციელებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს. ამ თვალსაზრისით მას საქართველოსთანაც აქვს თანამშრომლობა, მაგრამ მთლად კმაყოფილი არ არის, ვინაიდან რუსეთთან ადრე არსებულ სარკინიგზო კავშირს მოკლებულია. სომხეთი რახანია სთხოვს საქართველოს, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა-ამოქმედების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა უშედეგოდ.

ქართული მხარე, მიზეზთა გამო, წინააღმდეგია ამისა. და არა მარტო ქართული. მთავარი მოწინააღმდეგე აშშ-ა, რომელსაც არ სურს რუსეთ-ირანის მჭიდრო სარკინიგზო კავშირისთვის მწვანე შუქის ანთება.

წინა სტატიაში აღვნიშნე ირანის ინტერესი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ირანის სატრანზიტო ფუნქციის გაზრდას — უმოკლეს დროში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტვირთების რუსეთ-ევროპაში გადაზიდვაში.

სატრანზიტო კომუნიკაციის გაზრდის მიზნით ირანმა ახალი ავტოსატრანსპორტო პროექტი შეიმუშავა, რომელსაც „კავკასიური დერეფანი“ უწოდა. ამ გზით ირანი, სომხეთის გავლით, საქართველოს საზღვაო პორტ ფოთს დაუკავშირებდა, იქედან შავი ზღვით ევროპას.

თეირანი მზადაა დაეხმაროს სომხეთს, სიუნიქის ოლქში მიმდინარე გზის მშენებლობაში, რომელიც გვერდს აუვლის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას. ამჯერად მიმდინარეობს ტათევ-კაფანის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელსაც სომეხი მშენებლები აწარმოებენ.

ზემომოყვანილი მაგალითები 3×3 ფორმატს  არარეალურად ხდის, მაგრამ არც ერთ პროექტს დასაწყისში არ გამოუწვევია ოპტიმისტური აპლოდისმენტები, ყველგან ჰქონდა ადგილი პროექტში მონაწილეთა განსხვავებულ მოსაზრებებს, წინააღმდეგობას, მაგრამ ურთიერთკავშირებმა, თანამშრომლობამ აიძულეს ისინი შეერბილებინათ პოლიტიკა, საკამათო პოლიტიკური საკითხები ეკონომიკურ ჩარჩოებში მოექციათ.

უნდა ვიმედოვნოდ, რომ სამხრეთ კავკასია და მისი პოლიტიკური დაპირისპირება დაჰყვება ეკონომიკურ ცდუნებას, რაც სტაბილურობას მოუტანს ყველა იმას, ვინც 3×3 ფორმატში მიიღებს მონაწილეობას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

07/11/2021