მიტინგებით ქვეყანა არ შენდება

საქართველომ რახანია პირველობა მოიპოვა მიტინგების გამართვაში, თანაც ისეთი მტკიცე, მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა რომ ვერ დაეწევა.

სავარაუდოდ უკრაინა შეიძლება შეგვეპაექროს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ახლოსაც არ მივუშვებთ „ჩვენს ძმას და მეგობარს“ სერიოზული კონკურენცია გაგვიწიოს.

მიტინგები და კონტრ-მიტინგები — ოპოზიცია, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, ისეა გამჯდარი ჩვენს ცნობიერებაში, მათ გარეშე ცხოვრება დისკომფორტულად მიგვაჩნია.

წარმოიდგინეთ დილით, გაღვიძებულს ელექტრონული მედია რომ არ მოგახარებთ — ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა ამადამ ადგილასო, როგორ ხასიათზე დადგებით? ხომ იფიქრებთ, რომ ცხოვრება დამთავრდა? ხომ იფიქრებთ, რომ ქვეყანა აღარ არის? უმიტინგო ცხოვრება, რა ცხოვრებაა?

გასაკვირია, როგორ  არსებობენ ქვეყნები — თავი რომ დემოკრატიულად და წარმატებულად მოაქვთ, მიტინგების გარეშე? ნუთუ, სამარისებული სიჩუმე არ აღიზიანებთ მათ? ნუთუ, შეიძლება „ ძირს! ძირს!“ მოწოდებების გარეშე ცხოვრება?

მიტინგური მოწოდებები, რომელსაც, პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, ხან ოპოზიცია გაჰყვირის და ხან ხელისუფლება. ქვეყნის წინსვლის წამახალისებელი დოპინგია!!!

ქუჩაში მყვირალა, კაბინეტში შესვლის შემდეგ — დაღლილ-დაქანცული უმალ მშვიდდება და ხელისუფლების თანხმლები სიამტკბილობის საამური პირობების ტყვეობაში ექცევა. მას აღარც ყოფილი ხელისუფლების, ამჯერად ოპოზიციის „ძირს! ძირს!“ — მოწოდებები აშფოთებს და აღარც პროვოკაციული გამოხდომები — ხელისუფლების ხელში ჩაგდების პირველ დღეებში.

შემდეგ? შემდეგ, ნერვიულობა იპყრობს მის გონებას. მაინც, რა უნამუსოები არიან, მშვიდი არსებობის  შესაძლებლობასაც არ იძლევიან, ფიქრობს ის.

30 წელია „ძირს! ძირს!“ შეძახილების ატმოსფეროში ვცხოვრობთ — დემოკრატიულად შემოსაღებულში და როგორც ჩანს ასე ვიცხოვრებთ უახლოესი წლეების განმავლობაში, ვიდრე ბოლო ქართველი არ დატოვებს ე.წ. სამშობლოს და ახალს არ მიაშურებს იმ სიმშვიდის და მასთან ერთად სხვა სიკეთეების აღსაქმელად, დილით, გამოღვიძებისას, რომ არ შეაწუხებს.

პოლიტიკური ცხოვრების გარიჟრაჟზე, დიდი იმედების მომცემმა, პოლიტიკოსმა, ქალბატონმა ბურჯანაძემ, ბრძანა — საქართველო გვინდა ისეთ ქვეყნად ვაქციოთ, სადაც პოლიტიკური ატმოსფერო მოსაბეზრებელიც კი იქნებაო.

პოლიტიკოსი გვპირდებოდა სტაბილურ ქვეყანას, სტაბილურ პოლიტიკას, კორექტულ პოლიტიკურ ურთიერთობებს, ურთიერთ პატივისცემას და ისეთ სხვას, რაც იმ ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, ჩვენსად რომ მივიჩნევთ.

გახსოვთ ალბათ, „ვარდების სამეულიდან“ ერთის ნათქვამი — „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“. იმ ცხონებულმა ვერ გათვალა, რომ ევროპელობა დახეული ჯინსის მორგება, ლგბტ-ს გულშემატკივრობა ან სხვა გარეგნულ-ზნეობრივი თვისებების ავტომატური გადმოღება საკმარისი არ იყო ევროპელობისთვის.

ან რა საჭიროა იყო ისეთი, როგორიც ის არის? წარმოვიდგინოთ, ყველა რომ ევროპელი გახდეს, რა უინტერესო სამყარო იქნებოდა? ალბათ ისეთი, რასაც ბურჯანაძე გვპირდებოდა.

აი, რაც შეეხება პოლიტიკურ სიმშვიდეს — სანატრელი გვაქვს. 30 წელია ვნატრობთ ასეთს, მაგრამ ნატვრა არ გვიხდება და ალბათ არც აგვიხდება, ვინაიდან სურვილის, თანაც მხოლოდ სიტყვიერის გარდა, სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ. ვერ მოვიფიქრეთ იმიტომ, რომ სურვილი არ გვაქვს.

იმათ კი, ვისკენაც გაგვიწევია, მოიფიქრეს. სურვილი ჰქონდათ და მოიფიქრეს არა გუშინ ან გუშინწინ, ათეული და ასეული წლის წინ.

მათ, სურვილი, საქმედ აქციეს — შრომით, ბრძოლით, თავგანწირვით, … . მიტინგებიც ატარეს, სისხლიც დაღვარეს, მაგრამ სიტყვების, ლოზუნგების, მოწოდებების გარდა საქვეყნო საქმე არ დავიწყებიათ. ქვეყანასაც აშენებდნენ და სამომავლო პოლიტიკასაც.

ისინი დემონსტრაციებსა და მიტინგებს დღესაც ატარებენ — არასამუშაო დღეებში, ქვეყნის ძრავის მუშაობას პრობლემები რომ არ შეექმნას.

შეჰყურებ, უსმენ მიტინგთა პაექრობას და ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკვე ნანახი, მოსმენილი გვაქვს, თანაც არაერთხელ. იგივე სიტყვები, იგივე სიყალბე, იგივე პათოსი — მოჩვენებითი და თქვენ წარმოიდგინეთ არცთუ იშვიათად იგივე სახეები, ჩამოწერილი, იმპორტირებული ტანსაცმლის მსგავსად, მეორადი პოლიტიკოსების სახით.

მომიტინგე მყვრალები არ იღლებიან. ან რატომ უნდა დაიღალონ თუ თითო-ოროლა საათის ყვირილისთვის ფულია — საბიუჯეტოც და იმპორტული? ამ ყვირილით ზოგიერთმა პარტიამ ადგილობრივ თუ საქვეყნო საკანონმდებლო ორგანოებში საკუთარი წარმომადგენლები შეიყვანა, რითაც 4-წლიან უფასო ფულს, როგორც ბიძინა იტყოდა, გაუხსნა გზა საკუთარი ჯიბეებისკენ.

ეს ფული იმ ხალხის შრომიდან მოედინება, ვინც მიტინგებს ესწრება, როგორც უბრალო მოწმე — ასე იხილავენ მას ის მყვირალები, ვინც ტრიბუნიდან დაჰყურებენ მათ.

მათთვის, ქვევით მდგომნი ბრბოა, მასაა, უჭკუო, უტვინო, იოლად გასაბრიყვებელი, იოლად დასაყოლიებელი, მაგრამ უტყუარი კომპონენტი პოპულარობის დასამტკიცებლად. „ზემდგომმა“ იცის — ვიდრე ყვირილის პროცესი სახელმწიფო მმართველობაში არ გადაიზრდება, ბრბო აუცილებელია.

ბრბოს გარეშე არც პოპულარობაა და არც ხელისუფლებისკენ მიმავალი გზის გაკვალვის შანსი. „ზემდგომმა“ იცის, რომ უხალხო პოპულარობა, უალკოჰოლო ლუდია, გაუგებარი გემოს მატარებელი.

იცის, მაგრამ უმალ ივიწყებს ხელისუფლების მწვერვალებზე ასული. ის „ზემდგომი“, ანუ მიტინგის ტრიბუნიდან, მიტინგის დამსწრეებზე ზემოდან დამყურე, ახლა, ხელისუფლების სიმაღლიდან დაჰყურებს მათ, საიდანაც ბრბო, ჭიანჭველების თავყრილობას აგონებს.

ასეთთან რა კავშირი უნდა ჰქონდეს მას, ღრუბლებს ზემოთ მფრინავ „ანგელოზს“? ის ყოვლისშემძლეა, განუსაზღვრელი ძალაუფლების პატრონი. ის ხელისუფლებაშია — მუდმივში, ხანგრძლივში, ისეთში, ნაცებმა რომ ბრძანეს — ნახევარი საუკუნით მოვედითო. როგორც ჩანს, ხელისუფლების კაბინეტებში არსებული აურაა ისეთი, დროებითობის ნაცვლად მარადისობას რომ ჩასჩურჩულებს ახალგამომცხვარ ხელისუფალს.

მარადისობის დაავადებით იყო შეპყრობილი ყველა ხელისუფლება, 30-წლიანმა ე.წ. დამოუკიდებლობამ რომ გვარგუნა. მათთვის ხელისუფლება პურიც იყო და წყალიც, ძვირადღირებული ღვინოც, ვისკიც და კონიაკიც, ფეშენებელური სასახლეებიც და ძვირი ავტომანქანებიც, უცხოეთში შოპინგობაც და მდიდრული ჩაცმა-დახურვაც. მილიონების დაგროვებაც, … და სხვა სიკეთეებიც, რასაც ის ბრბო, რომელმაც მავანი ხელისუფლებისკენ გაისროლა, სიზმარშიც ვერ იფიქრებდა.

ერთი რამ, რასაც ბრბო ხვდება, ხელისუფალთა მადის ზრდაა. ზვიადისტები ვერ ეგუებოდნენ შევარდნაძის ხელისუფლების გამდიდრებას, ისე, როგორც შევარდნაძის დროინდელნი — სააკაშვილის ხელისუფლების, სააკაშვილისანი კი ივანიშვილის.

დროის მცირე მონაკვეთში ბოლო ხელისუფალთა გამილიონერების ტემპმა, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში 30 წლის განმავლობაში დამკვიდრებული ყველა რეკორდი მოხსნა, რითაც მთლად გადარია ბრბო, დაანახა რა მას მისთვის განკუთვნილი სიკეთის, მის მიერვე ძალით თუ ნებით არჩეულის ჯიბეებისკენ მდინარება.

დაანახა, მაგრამ …  არ იცის, როგორ მოიქცეს. არც ცოდნა აქვს, არც საკმარისი შემართება — „ძირს! ძირს!“ ძახილს სხვა დატვირთვა, სხვა ელფერი მისცეს. მან დაამხო არსებული, მაგრამ ისეთივე ან უარესი აირჩია და ყვირილით დაღლილმა გადაწყვიტა არჩეულს მინდობოდა. ის, იმედით ოცნებობდა — უკეთეს ცხოვრებაზე და მხედველობიდან გამორჩა ახლის გაკონტროლება — დასაწყისიდანვე, არჩევნების დამთავრების პირველი დღეებიდანვე.

ის ვერ ჩასწვდა ცივილიზებული ქვეყნების მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ბრბოა მბრძანებელი, ქვეყნის მმართველი, ხოლო მის მიერ არჩეულ-დაქირავებული მოხელე, რომელმაც ბრბოს მოთხოვნები უნდა შეასრულოს და არა პირიქით — ბრბო არის დაქირავებულთა კონტროლიც, უდაბნოში კომპასივით გზის მკვლევი.

ბრბო ვერ ჩაწვდა მთავარ ჭეშმარიტებას, რომ არჩევანი მოსყიდვით, დაძალებით არ უნდა გააკეთოს. დღევანდელი კვერცხით არ უნდა მოიხიბლოს, როდესაც საქვეყნო, საყოველთაო, თითოეული ბრბოელის დღევანდელი და ხვალინდელი ბედი წყდება. შეძლებს გაუძლოს მან 50 ლარის ცდუნებას, როდესაც არც სამუშაო აქვს, არც შემოსავალი, ხოლო ოჯახში მშივრები ელოდებიან?

განვლილმა 30 წელმა დაგვანახა, რომ ვერ ძლებს. მისსავე არჩეულმა დააყენა ის მძიმე არჩევანის წინაშე — თუ 50 ლარად არ გაყიდის საკუთარ ხმას, ფულსაც დაკარგავს და ხელისუფლებაც არ შეიცვლება — მისთვის მიუღებელი, საზარელი. ის არ არის დარწმუნებული, რომ ბრბოს სხვა წევრი ისე არ მოიქცევა, როგორც თვითონ.

დასკვნა შექმნილი ვითარებიდან არის მარტივი — მშიერ-მწყურვალე ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები ისეთივე სატყუარაა, როგორც უფასო ფული. მინდა დავესესხო ბატონ გრიშა ონიანს და მის მიერ მიგნებული სტალინის სტატიიდან დემოკრატიის შესახებ მოსაზრება გამოვიყენო:

„კარგი რამ არის დემოკრატია, მაგრამ მას სამი რამ უნდა ახასიათებდეს. პირველი — ეს არის საზოგადოების კულტურულობა; მეორე — სოციალური უზრუნველყოფა და რაც მთავარია თუ ქვეყნის საზღვრებზე ბომბები ცვივა და ხალხი მილიტარიზებულია, ასეთ შემთხვევაში დემოკრატიაზე საუბარი სასაცილოა“, — სტალინი.

გაუნათლებული ხალხი, განათლებულ ხელისუფლებას ვერ მოიყვანს. გაუნათლებელი ხალხი დემოკრატიულ ფასეულობებს ვერ გაითავისებს. გაუნათლებელი ხალხი, თუნდაც განათლებული, მაგრამ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი — ისეთში, როგორშიც ჩვენ  ვართ, დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩაატარებს. ის, ყოველთვის გაიყიდება.

ამას წინათ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ინტერვიუში ამბობდა: „50 ლარი არვის ამდიდრებს, მაგრამ ერთ დღეს მაინც ხომ შეჭამს?! აი, ასეთი ამომრჩევლის იმედად არის ხელისუფლება“.

ჟურნალისტმა ეკა ნასყიდაშვილმა იწყინა — ეს როგორ შეჰკადრეთ ხალხსო, სიტყვებით: „არ მიყვარს, როდესაც ხალხზე ცუდს ამბობენ“. არადა, რაც რესპონდენტმა თქვა, სრული ჭეშმარიტებაა, რეალობაა საზარელი, რაშიც ხალხი ვცხოვრობთ. ამ ხალხს შემოძახილი უნდა, ხშირად  შემოტყლაშუნება საღათას ძილისგან გამოსაფხიზლებლად და არა დედა-ტერეზაობა.

შემოტყლაშუნების გარეშე გავაგრძელებთ „საამურ“ 50-ლარიან ცხოვრებას და ხელსაყრელ შემთხვევაში ისე მივატოვებთ ქვეყანას, როგორც უცხოს, აუტანელს, სხვაგან დავიდებთ ბინას. შემოტყლაშუნების გარეშე „ძირს! ძირს!“ ყვირილს აყოლებული საბედისწერო შეცდომას დავუშვებთ და ისეთს მოვიყვანთ ხელისუფლებაში, როგორიც მოვიყვანეთ 1990 წელს —უცოდინარს, არსად ნამუშევარს, არავითარი გამოცდილების მქონეს.

მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, რომელიც სამსახურში მიღებისას შრომის წიგნაკის წარდგენას ითხოვდა. სამწუხაროდ — ქვეყნისა და ხალხისა, არჩეულთა უმრავლესობას წარმოდგენაც არ ჰქონდა შრომის წიგნაკზე. ეროვნული ხელისუფლების იმჟამინდელ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, შრომის წიგნაკის გახსნისას, უზენაეს საბჭომდე სამუშაო ადგილის და საქმიანობის მისანიშნებლად, რომელიც მას არ ჰქონდა, პროკლამაციების გამავრცელებლის „თანამდებობა“ ჩაუწერეს.

აცეტებული ბრბოს ძალისხმევით არჩეულმა ხელისუფლებამ, რა დღეში ჩააგდო ხალხი და ქვეყანა, ყველამ საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ შესაბამისი დასკვნები დღემდე ვერ გააკეთა. და რომ ვერ, ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება არჩეული იმ ევროპაში, საითკენაც ვითომ მივდივართ, იმ საბედისწერო მონაცემებით, რაც ხელისუფლებამ გვაკადრა ბოლო 9 წლის განმავლობაში. უმუშევრობა, უფულობა, შიმშილი, შეურაცხყოფა, სოციალური პირობების გაუარესება, სხვა მრავალი, ხელისუფალთა უკიდეგანო გამდიდრების ფონზე.

ეს და მხოლოდ ეს უნდა ყოფილიყო ხალხისთვის მთავარი დევიზი მთავრობისთვის უარის სათქმელად და არა ნაცთა ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით მისთვის მხარის დაჭერა. ცხრა წლის განმავლობაში ხალხი რომ ხელისუფალთა ნასროლი ერთიდაიგივე პრიმიტივიზმით მოიტყუებს თავს — თუ მე არ ამირჩევ, ნაცი მოვაო, აშკარად მეტყველებს მოსახლეობის პოლიტიკური კულურის უქონლობაზე, საერთო განათლების სიმწირეზე, საზოგადოებრივ უპასუხისმგებლობაზე.

ნაცები არსად წასულან. სწორედ ხალხის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით მეორე პარტიად მოიხსენიება. ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან ხალხის იმ თვისებების გამო, რომელიც ზემოთ ვახსენე.

„საზოგადოების დაკვეთაა, რომ კონსერვატიული, ეროვნული ძალები გამოჩნდნენ და მომძლავრდნენ პოლიტიკაში და ამ ძალებმა რეალურად ჩარეცხონ ნაციონალები. ამისთვის ხელისუფლებას თითი-თითზე არ დაუდვია“, —  აცხადებს ხათუნა საგინაშვილი.

ამ სიტყვებიდან 2 მთავარი და ჩემის აზრით აბსტრაქტული, მეცა თვალში. პირველი — „საზოგადოების დაკვეთა“; მეორე — „კონსერვატული, ეროვნული ძალები“.

„საზოგადოების დაკვეთა“ — ხშირად გვესმის, მაგრამ სახეში მტვრის შეყრის გარდა ამ სიტყვებს სხვა დატვირთვა არ გააჩნიათ. რატომ? მარტივი მიზეზის გამო. არასაზოგადოებრივი, არასახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე ხალხი, თანაც საერთო განათლების, მითუმეტეს პოლიტიკურის არ მქონე, 50 ლარზე გასაყიდად გამზადებული ვერაფრის დამკვეთი ვერ იქნება.

მან თავისი „დაკვეთა“, ანუ აწმყო და მომავალი გაყიდა. მას სხვა „დაკვეთა“ არ შეუძლია — განათლება არ აძლევს ამის შესაძლებლობას. მას ტვინში აქვს ჩაბეჭდილი მითიური მხსნელის, ამირანის ზეციდან ჩამოფრენა მისი ცხოვრების მოსაგვარებლად.

30 წლის „დამოუკიდებლად“ არსებობაში თუ რამ შეიძინა — მხსნელზე, მესიაზე ოცნებაა. მან არ იცის, რომ ეს მხსნელი თვითონაა. ასე რომ, „ხალხის დაკვეთა“, რომელიც სისტემატურად ტრიალებს ჩვენს მედიაში, ისეთივე ცრუ შინაარსის მატარებელია, როგორც ზეციდან მოვლენილი მხსნელი.

რაც შეეხება „კონსერვატულ, ეროვნულ“ ძალებს — ეს ორი სიტყვაც ჩვენს რეალობაში ისეთივე ვირტუალურია, როგორც ზემონახსენები „დაკვეთა“, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს. რომ არსებობდეს შესაბამისი პირობები უნდა იყოს შექმნილი — ოჯახი, აღზრდა-განათლება, საზოგადოება და ა.შ.

ამ ორი სიტყვის შინაარსი კარგა ხანია ფულზე, გამდიდრებაზე „ოცნებამ“ ჩაანაცვლა. „კონსერვატიზმი, ეროვნულობა“ იმ ავადსახსენებელი საბჭოური პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, რომელსაც ზურგი შევაქციეთ და 30 წელია უმოწყალოდ ვლანძღავთ. რაც გვქონდა, ვერ შევიშნოვეთ, დავკარგეთ, მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია.

ხელისუფლება, მითუმეტეს მრავალპარტიულობის პირობებში ვერაფრით გახდება „ეროვნული, კონსერვატული“ ძალის შემქმნელი. ხელისუფლებას სხვა ფუნქცია აქვს — დროის მცირე მონაკვეთში ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მისი არჩევანი სწორი იყო, ვინაიდან მან ყველაფერი იღონა დაპირებების შესასრულებლად.

„კონსერვატულმა, ეროვნულმა“ ძალებმა თვით უნდა გამოიჩინონ თავი. მათ არ უნდა სჭირდებოდეთ ხელისუფლების დახმარება. ასეთი რამ უცხო უნდა იყოს მათთვის, ვინაიდან პროტექციას ნიშნავს, რაც უარყოფითად აღიქმება პოლიტიკაში. განა ამის მაგალითების სიმწირეა ქართულ პოლიტიკაში? რამდენი თანამგზავრი პარტია შექმნა ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ?

დღევანდელი ქართული საზოგადოება რომ დემოკრატიული არჩევნებისთვის მზად არ არის, ფაქტია. ასეთს სხვა საზოგადოება სჭირდება — განსწავლული და სახელმწიფოებრივ საქმეებზე ორიენტირებული.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

12/11/2021