ერდოღანისეული 3×3 ფორმატი

ადგილობრივმა არჩევნებმა რის ვაივაგლახით ჩაიარა, დაგვიტოვა რა „ქართული ოცნების“ ხანგრძლივი, ერთპარტიული, ლამის დიქტატორული მმართველობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე და საქართველოში აშშ-ს საელჩოს უაღრესად კრიტიკული დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით.

ამ კრიტიკას დაინტერესებული უკვე გაეცნო პირველი ტურის შეჯამებისას. მეორე ტურზე დაკვირვებამ დიდი ვერაფერი სიკეთე აღმოაჩინა და სინანულით აღნიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდება ხალხი გულს აიცრუებს არჩევნებზე.

აშშ-ს საელჩო, ისე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, გაკეთებულ განცხადებებში აკრიტიკებენ ხელისუფლებას — დიპლომატიური ენით, ტაქტით და რიდით, აქაოდა რა ლექსიკასაც ჩვენ ვიყენებთ, ისედაც მკაცრიაო.

არა, პატივცემულებო! მიუხედავად იმისა, რომ „ქართველები ევროპელები“ ვართ — მრავალი საუკუნის შემდეგ ევროპაში, ჩვენს ოჯახში დაბრუნებულები, იმ ევროპულ ლექსიკას, რომელსაც თქვეენ იყენებთ, ჩვენთვის გაუგებარია.

აი, თქვენ რომ სიტყვასთან ერთად მუშტი დაგერტყათ მაგიდაზე, საელჩოში დაგებარებინათ ღარიბაშვილი, კობახიძე  და ქვეყნის უხილავი დირიჟორი ივანიშვილი, 2 ოქტომბრის გამრუდებული არჩევნების შემდეგ, თან მკაცრი სანქციების დაწესების საკითხიც გაგეჟღერებინათ, აღარ მოგიწევდათ იმ ტექსტის გამეორება, რაც 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გვაცნობეთ.

თქვენი მოქმედება ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას მაგონებს. უდავოა, თავის მართლებას მოჰყვებით — საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენ მის საშინაო ცხოვრებაში არ ვერევითო.

კეთილი, მაგრამ სხვა შემთხვევაში, მაგალითად რუსეთთან ურთიერთობაში რომ ერევით და ელჩის პირით გვიკრძალავთ მასთან კავშირების დამყარებას, ეს როგორ გავიგოთ? როგორც ჩანს თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვები, არჩევნების ნეგატიურად ჩატარებასთან დაკავშირებით, უფრო პირიდან ამოსულს ჰგავს, ვიდრე გულიდან, თორემ სხვაგვარად მოიქცეოდით, ანუ  მკაცრად და მარტო სიტყვებს არ დასჯერდებოდით.

რას ნიშნავს თქვენი ნათქვამი, რომ ხალხი გულს აიცრუებს არჩევნებზე და არ მიიღებს მასში მონაწილეობას თუ არა იმას, რომ საქართველოს დემოკრატიამ ვერ გაამართლა?! და ვერ გაამართლა არა მარტო 2 ან 30 ოქტომბერს, მანამდე გაცილებით ადრე, თუნდაც მაშინ, როდესაც სააკაშვილს დემოკრატიის შუქურა უწოდეთ, ხოლო საქართველოს, დემოკრატიის აკვანი.

განა, თქვენს თვალწინ არ ხდება ხელისუფალთა აღვირახსნილი მოქმედება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესება, სხვა „სიკეთეები“?

ხდება, მაგრამ თქვენ ჯიუტად არ ხედავთ, ვინაიდან საქართველოს ყველა ხელისუფლება პირნათლად ასრულებს, ხშირად გადაჭარბებულადაც, თქვენს დავალებას — რუსეთის გამუდმებულ ლანძღვა-გინებას და მისი დუმისთვის სადგისის ფუნქციის შესრულებას.

ქართველი რის ქართველია, ალღო ვერ აეღო თქვენი დავალებისთვის, რომელიც გულისხმობს ასეთ ჭეშმარიტებას — აკეთეთ ის, რაც გაგიხარდებათ, ოღონდ აგინეთ რუსეთს. და ისიც აკეთებს — ჭამს და სვამს, აგროვებს უძრავ-მოძრავ ქონებას, მილიონებს. ხალხი?

ხალხი მშიერია, ვინაიდან მის ხარჯზე ხდება ხელისუფალთა გამდიდრება.

ხალხი, იმედგაცრუებული, არჩევნებზე აღარ მივაო, აცხადებთ, მაგრამ მშიერი ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლებასთან ერთად თქვენც შეგიტიოს, მაშინ?

ხალხი თვლის, რომ ხელისუფალთა ხელმრუდობა თქვენი კუკუმალობანას თამაშის შედეგია. ასე რომ, თუკი საქართველოს „აღზრდაზე“ ხართ ორიენტირებულნი, ეს აღზრდა მარტო ლგბტ-ზე არ უნდა გადიოდეს. ქვეყნის ეკონომიკა, სოციალური ყოფა, აღმშენებლობა, ქვეყნის არსებობისთვის საჭირო სხვა საკითხები ამ „აღზრდაში“ გათვალისწინებული უნდა იყოს.

როდესაც აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ჩვენებურად მინისტრი, თბილიში ვიზიტის დროს უარყოფითად მოიხსენიებს საქართველოს 3x3 რეგიონულ ფორმატში მონაწილეობას, ვინაიდან იქ რუსეთია, არ ნიშნავს „ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო“?

ეს ანდაზა ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რაც თქვენი სტრატეგიული პარტნიორობის ხანგრძლივმა 30 წელმა არგუნა ქვეყანას. არა მრეწველობა, არა სოფლის მეურნეობა, არა საწარმოები, არა სამუშაო ადგილები, მძვინვარე უმუშევრობა, უსახსრობა, შიმშილი, რომელი ერთი ჩამოვთვალო? და ასეთს, ნაცვლად იმისა, რომ რჩევას აძლევდეთ, როგორ იმოქმედოს, აღნიშნულ ფორმატში, უკრძალავთ მასში მონაწილეობას.

ახლა რაც შეეხება თვით ფორმატს, რომელიც გულისხმობს რუსეთის, თურქეთის, ირანის და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მონაწილეობას — მეტადრე სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო თვალსაზრისით, ვიდრე პოლიტიკურ-სამხედრო.

ექვსეულის კავშირის იდეა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს ეკუთვნის, რომელიც მან კარგა ხანია საჯაროდ გააჟღერა. ერდოღანის წინადადებას მხარი დაუჭირა რუსეთმა და რახან ამ ორი დიდი ქვეყნის ლიდერები იზიარებენ კავშირის ჩამოყალიბების პროექტს, მათი სატელიტებიც უკან არ დაიხევენ და მიიღებენ მასში მონაწილეობას. მხედველობაში მყავს თურქეთის „პატარა ძმა“ აზერბაიჯანი და რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი სომხეთი.

რაც შეეხება ირანს — ისიც მზადაა ჩაერთოს პროექტში სხვადასხვა მოსაზრებათა გამო. პირველი არის ის, რომ ირანი სამხრეთ კავკასიაში ისტორიულად ყოველთვის იყო გავლენიანი პოლიტიკური მოთამაშე, რის დაკარგვას ირანი იოლად არ შეეგუება. ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმა მას გარიყავს რეგიონიდან, რასაც ის არ დაუშვებს.

მეორე — ირანი არ დაუშვებს რეგიონში მისი მუდმივი კონკურენტი თურქეთის გავლენის გაფართოებას, ამდენად ის უყოყმანოდ მიიღებს მონაწილეობას ფორმატში.

რაც შეეხება საქართველოს, ხელისუფლების განცხადებით, არ მიიღებს მონაწილეობას ამ ფორმატში, რაც მან გარკვევით უთხრა ირანის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ჯაფარ ზარიფს თბილისში ყოფნის დროს.

მაშინ ჩვენმა მხარემ განაცხადა ირანისთვის ერთობ გასაკვირი რამ — საქართველო მაშინ მიიღებს ამ ფორმატში მონაწილეობას, თუკი მასში იქნებიან აშშ-ი და ევროკავშირიო.

აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობაზე უარი კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა: „საქართველოსთვის ამ ფორმატში მონაწილეობა ძალიან ძნელი იქნება“.

დავსვათ კითხვა — რატომ იქნება ძნელი? მარტივი მიზეზის გამო — იქ რუსეთია, გარდა ამისა აშშ-ს არ სურს საქართველოს იქ მონაწილეობა.

დავუშვათ, მორიგი G20 სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს საქართველო, უარს იტყვის? იქაც ხომ რუსეთია? ოც კაცში შეიძლება და 6 კაცში არა?!

ამ ლოკიკით არც გაეროს სესიებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმის შიშით, რუსეთის პოლიტიკოსებს შემთხვევით დერეფნებში არ შევეჩეხოთ.

ხშირად ამბობენ, რომ „ოცნება“ იმიტომ ერიდება რუსეთთან კონტაქტებს, ნაცებმა არ დააბრალონ რუსოფილობა. პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის დავალებების შესრულება კარგა ხანია აჰკიდეს ნაცებმა ქოცებს და ამდენად ქოცურ „რუსოფილობას“ არც არაფერი დაემატება.

ის, რომ ნაცების „რისხვის“ ეშინიათ ქოცებს, თვით ქოცების მიერ გავრცელებული ჭორია. მიზანი მისი ნათელია, თვით ქოცებს არ აქვთ სურვილი იკონტაქტონ რუსეთთან. ის კონტაქტი, რაც მათ ჟენევა-პრაღაში აქვთ, სრულიად აწყობთ და მეტის სურვილი არ გააჩნიათ. რომ გააჩნდეთ, ისე მოიქცეოდნენ როგორც ნაცები და მათი ლიდერი სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

გახსოვთ ალბათ, სააკაშვილის ვიზიტები მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში — პუტინთან შეხვედრებით. განა, ეს საკმარისი არ არის ნაცთა შეტევის მოსაგერიებლად?!

დავუბრუნდეთ 3×3 ფორმატს. დავუშვათ, ამოქმედდა ის და ამოქმედდა არა ამ ფორმატში, არამედ 3×2, საქართველოს გამოკლებით. რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას?

ეკონომიკურ, საკომუნიკაციო, სავაჭრო, საბაჟო, სატრანზიტო, ენერგეტიკულ და სხვა უამრავ საკითხთაგან გარიყვას. ანუ სამხრეთ კავკასიაში უცხო ორგანიზმად  გამოკვეთას, ამჯერად ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურზე, სადაც ისედაც ყველაფერი ნათელია.

რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, თურქეთი, არცთუ იშვიათად აუგად მოიხსენიებენ აშშ-ს, კოლექტიურ დასავლეთს — ეს რბილად ნათქვამია, ირან-აშშ-ს, რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობებიდან გამომდინარე. სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, აქვს გარკვეული სიმპათიები აშშ-ევროკავშირის მიმართ, მაგრამ რუსეთ-ირანთან კავშირები დომინირებს ამ „სიმპათიებზე“.

3×3 ფორმატში (საქართველოს მონაწილეობით) საქართველო პროდასავლური ორიენტაციით მურმანის ეკალივით იქნება ამოწვერილი, მაგრამ დროთა ვითარებაში ყინული გალღვება და ეკონომიკური კავშირები — პრაგმატულ-პრაქტიკული, თავისას მოითხოვს, ანუ ინტენსიურ ურთიერთობას, როგორც რუსეთთან, ისე ირანთან.

ეკონომიკური კავშირების გაფართოება სატრანსპორტოსთან ერთად თავისთავად დასვამს დღის წესრიგში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს, რაც აშშ-ს მიუღებელი იქნება. საქართველოს ხელისუფალთა უარი იმით არის განპირობებული, რომ მას თავსატკივარი გაუჩნდება.

გადაიტანს კი ამ თავისტკივილს დღევანდელი ხელისუფლება? ან უფრო სხვა კუთხით დავსვათ კითხვა — თავისი სახელმწიფოებრივი პოტენციალიდან, ცოდნა-განათლებიდან, პროფესიონალიზმიდან, გამოცდილებიდან, დამოუკიდებელი პოლიტიკური (რაც აშკარად არ აქვს) თამაშიდან გამომდინარე შეძლებს ამ ტვირთის აწევას?

თუ შეძლებს — ეს ხომ  ნაწილობრივ მრავალვექტორიანი პოლიტიკის ამსახველი იქნება და არა ცალმხრივის, რაც დღეს არის? ნიშნავს თუ არა ეს, საბოლოო ჯამში პოლიტიკური ვექტორის ტრანსფორმაციას? არ მგონია ამ დონემდე დადიოდნენ ჩვენი დღევანდელი ხელისუფალნი. მათთვის პოლიტიკურ სიღრმეებში შესვლა შეუძლებელია, პრიმიტიული აზროვნებიდან გამომდინარე.

მათთვის იოლი აღსაქმელია — აშშ-ს არ სურს საქართველოს 3×3 ფორმატში ხილვა და მორჩა. ეს მარტივი გადაწყვეტილება ზემოთ დევს, ანუ საჭადრაკო პოლიტიკურ დაფაზე და მას სულაც არ სჭირდება ღრმა ფიქრი, სხვადასხვა ვარიანტების ტვინში გადახარშვა, დაფის ფსკერის შეთვალიერება და ა.შ.

არადა, რაღაც რომ შესაცვლელია, ფაქტია! 30-წლიანმა დასავლურმა ორიენტაციამ, ლგბტ-ს პროპაგანდის გარდა რომ არაფერი მოგვიტანა, ფაქტია! ქვეყანას გადარჩენა სჭირდება, რისთვისაც კარდინალური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

მცდარია  ევროკავშირსა და ნატოში შესვლის ამბავიც, ყველა ხელისუფლება, რომ ოქროს მთებს აგებდა და ზღაპარს, რეალურად წარმოგვიჩენდა. ამ ზღაპარში გვაცხოვრა მან ბოლო 20-25 წელი.

ვისთვის ზღაპარი, ვისთვის ბედნიერება. ზღაპარი ხალხისთვის, ბედნიერება და კეთილდღეობა ხელისუფლებისთვის, ზღაპრის გამუდმებული პროპაგანდიდან მიღებული.

ამ დაპირებას ბოლო არ უჩანს, ვინაიდან ის არის გულუბრყვილო ვისთვისაც დაპირებაა გამიზნული. მან არ იცის, რას ნიშნავს ამ ორგანიზაციებში გაწევრება. მას ჰგონია, რომ იქ შესულს უშრომველად ექნება „სმა-ჭამა დიდად შესარგი“, უსაფრთხო ცხოვრებაც, სხვა სიკეთეებიც.

ლამის 30 წელია ხელისუფლება ქადაგებს ნატო-ევროკავშირზე, მაგრამ არაფერს აკეთებს ხალხისთვის ახსნა-განმარტების მისაცემად ამ ორგანიზაციების შინაარსის შესახებ. რასაც აკეთებს შიშველი პროპაგანდაა, რომ ნატო-ევროკავშირი კამფეტივით ტკბილი ორგანიზაციებია, სიკეთის და მხოლოდ სიკეთის მომტანი, თანაც ისეთის, წევრი ქვეყნებიდან რომ სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს.

მართალია, საქართველომ ნაბოძები დამოუკიდებლობა მეორე დღესვე მიჰყიდა აშშ-ს მიზერულ ფასად და დღეს დამოკიდებულ, სხვაზე მიტმასნილ, სხვისი ხელისშემყურე ქვეყნად არის ცნობილი, მაგრამ სიტყვიერად, თავის მოსაწონებლად ხომ გვაქვს თავისუფლება და სუვერენიტეტი?

ჰოდა, როდესაც ამ ორ ორგანიზაციაში ამოვყოფთ თავს, 50 წლის შემდეგ, უახლოეს წლებში თვით ისინი არ გაგვიღებენ კარს, იმ სიტყვიერ, ფორმალურ დამოუკიდებლობასაც დავკარგავთ და მასთან ერთად სხვასაც.

ევროკავშირული „სიკეთეები“ ვერ აიტანა დიდმა ბრიტანეთმა და რის ვაივაგლახით დატოვა ეს ორგანიზაცია სიტყვებით — როგორც იქნა თავისუფლებას, ნამდვილ სუვერენიტეტს მივაღწიეთო.

საინტერესოა პოლონეთ-უნგრეთის მაგალითიც. ბრიუსელმა ორივეს „კოვიდ-19“ საბრძოლველად გამოყოფილი ფინანსური დახმარება — მილიარდობით ევრო შეუწყვიტა, ლგბტ-ს კრიტიკისა და გეი-პარადების არ დაშვებისთვის.

პოლონეთის საკითხს სისტემატურად იხილავს ევროპარლამენტი, ევროკავშირი, განსაკუთრებით იმ დარგში, რასაც პოლონეთის კანონმდებლობა ჰქვია. ბრიუსელისთვის მიუღებელი გამოდგა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება — პოლონეთის კანონმდებლობის პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის კანონმდებლობაზე მაღლა არც ერთი წევრი-სახელმწიფოს კანონმდებლობა არ უნდა იდგესო, ასეთია ბრიუსელის მოწოდება, რომელმაც მოსთხოვა პოლონეთს შეცვალოს გადაწყვეტილება.

საკუთარი გამოცდილებიდანაც გეტყვით, ყველამ ვიცით რა რაოდენობის ჩვენი მოქალაქე მიაწყდა საბერძნეთს — საზღვრების გახსნის შემდეგ, იქ სამუშაოს შოვნისთვის. შეიქმნა სერიოზული პრობლემები, რომელთა გადასაჭრელად მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით საბერძნეთში.

საკონსულო საკითხები და ქართველთა არალეგალური ყოფნა იყო საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პაპულიასთან მოლაპარაკების მთავარი თემა.

საკითხის მოგვარების მიზნით პაპულიასს შევთავაზეთ ორ ქვეყანას შორის საკონსულო ხელშეკრულების გაფორმება, რაზეც მასპინძელმა გვიპასუხა, რომ საბერძნეთი ამას ვერ შეძლებდა ბრიუსელის გარეშე. საბერძნეთი ევროკავშირის წევრი იყო და დღესაც არის.

თუ რა მოუტანა ამ ორგანიზაციაში ყოფნამ საბერძნეთს ორი სიტყვით არ აღიწერება, მაგრამ მაინც ვიტყვი — გაუსაძლისი ეკონომიკური ვითარება, ქვეყნისა და მოსახლეობის გაღატაკება, დიდი, ძალიან დიდი ვალები.

სხვა მაგალითებიც ბევრია. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გავიმეორებ ყველასთვის ცნობილ გამონათქვამს — კარგია იქ, სადაც არ ვართ. მაშ, ვის აძლევს ხელს ნატო-ევროკავშირში შესვლა?

მეტადრე იმათ, მაგრამ ამ ორგანიზაციების მიერ მოცემული დავალებების შესრულების შემდეგ. დავალებები კი ძნელად შესასრულებელია, რაც მათაც კარგად იციან, მაგრამ პოლიტიკური ორიენტაცია რომ არ შევიცვალოთ რუსეთისკენ, მუდმივ დაპირებებში გვამყოფებენ.

ხელისუფლებას ნატო-ევროკავშირში შესვლა რაღას აძლევს?!

უდარდელ ცხოვრებას — ეკონომიკური და სამხედრო, ანუ უსაფრთხოების თვალსაზრისით — ასე ჰგონია მას, რაც გულუბრყვილობაა, ვინაიდან თავისი არსებობის განმავლობაში, ევროპის კონტინენზე ნატოს არასდროს გამოუყენებია წესდების მე-5 პუნქტი — ყველა ერთისთვის, ამ ერთზე სხვისი აგრესიის შემთხვევაში, როდესაც ეს სხვა ნატოს არაწევრი ქვეყანაა. მაგრამ თუ ნატოს წევრებს შორის ადგილი აქვს სამხედრო კონფლიქტს მაშინ?

მაშინ, მოლაპარაკებამ, ბრიუსელის ჩართულობამ უნდა მოაგვაროს პრობლემა. მაგრამ მოაგვარა კვიპროსის საკითხი, სადაც თურქეთმა მოახდინა ჩრდილო კვიპროსის ოკუპაცია? ლამის ნახევარი საუკუნე აგვარებს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

გახსოვთ ალბათ, რუსეთ-თურქეთს შორის მეტად დაძაბული ურთიერთობა, როდესაც სირიაში თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო და პილოტები დახოცა. რუსეთის მოსალოდნელი პასუხით შეშინებულმა თურქეთმა (ის ნატოს წევრია) დახმარებისთვის ნატოს შტაბ-ბინას მიმართა, საიდანაც ასეთი პასუხი მიიღო — ეს საკითხი თქვენ ორში უნდა  გადაწყდეს, ჩვენი ჩარევის გარეშეო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნატო თურქეთისთვის რუსეთთან არ იომებდა.

ევროკავშირის მოთხოვნები რომ უმთავრესად ბრიუსელის ინტერესებს ემსახურება, ყველასთვის ნათელია, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა. განა, ამის თაობაზე ხაზგასმით არ არის აღნიშნული ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ? მაგრამ ვინ იცის ეს? იმან მაინც უნდა იცოდეს, ვინც ეს ათასგვერდიანი ხელშეკრულება გულდასმით წაიკითხა. უნდა იცოდეს, მაგრამ ვინ არის ასეთი?

ინგლისურ ენაზე ჩამოყალიბებული იურიდიული ტექსტის გაგება, მისი სიტყვების უკან არსებული რეალური მნიშვნელობა — არის ვინმე აქაურისთვის იოლად გასაგები, რაც არ უნდა გულდასმით წაიკითხოს?

ვეჭვობ, რომ ასე იყოს. ამ ეჭვებს მიღვივებს ჩვენი ხელისუფლების საქციელი — სრულ წინააღმდეგობაში მოსული ევროკავშირის მოთხოვნებთან. ევროკავშირი შეფიქრიანებულია საქართველოს პოლიტიკის, ხელისუფლების უკმეხობით, ევროკავშირის მისამართით გამოთქმული უკმაყოფილებით, რაც უკვალოდ არ ჩაივლის, მაგრამ ვინ დაშავდება ამით?

უპირველესად ქვეყანა და ხალხი, და არა ხელისუფლება.

რომ არ ყოფილიყო რუსეთი, ახლოსაც არ გაგვიკარებდნენ. ვის სჭირდება ღარიბ-ღატაკი ქვეყანა, რომელიც იქ გაწევრების შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციებში მყოფი მდიდარი ქვეყნების სარჩენი იქნება?!

3×3 ფორმატი, რომელიც უპირველესად სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი იქნება, საქართველოს ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვს და არა ნაუცბათევ უარს, წინააღმდეგ შემთხვევაში გარიყული აღმოვჩნდებით რეგიონიდან, სადაც ვცხოვრობთ. დავკარგავთ სატრანზიტო ფუნქციას, რაც ყველაზე მიმზიდველი ფაქტორია, როგორც მეზობელი, ისე შორეული ქვეყნებისთვის — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები მაქვს მხედველობაში.

3×3 ფორმატი ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ გააჟღერა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და თანამშრომლობის დამყარების მიზნით. თვით ერდოღანი, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, უდავოდ შორს არის „მშვიდობის მტრედობისგან“. მას სხვა მიზნები აქვს, ისე, როგორც ირანს, რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს. ამ ქვეყნების შეხედულებები 3×3 ფორმატთან დაკავშირებით განსხვავდება ერთმანეთისგან.

ყველა შეეცდება საბნის თავისკენ გადაწევას. რა გაეწყობა, ასეთია საერთაშორისო სარბიელზე არსებული ქცევის წესები, რომლებიც მუდმივ ბრძოლასა და საკუთარი მოთხოვნების გატარება-დაცვას მოითხოვს.

მომდევნო სტატიაში შევეხები 3×3 ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთობებს, მოგაწოდოთ სავარაუდო ინფორმაციას ფორმატში მუშაობის პერიოდში ამ ქვეყნების მიზნებსა და მისწრაფებებზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

04/11/2021