22.12.2024

ახალი წლის განვლილი 15 დღე

2020 წელი პოლიტიკური ცხოვრების ისეთი სწრაფი ტემპით დაიწყო, რომ ფეხის აყოლაც ჭირს. იანვრის პირველ ნახევარში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ შინ და გარეთ განვითარებული, უმთავრესად ავის მომასწავებელი მოვლენები, რომლებმაც საახალწლო დღესასწაულების მშვიდი დღეები უმალ დაგვავიწყა და თავით გადაგვიშვა პრობლემების მორევში.

ახალი წლის აჩქარებული პოლიტიკური მაჯისცემა, როგორც ჩანს მთელი წლის განმავლობაში გაგვყვება, ვინაიდან დაგეგმილი თარიღები თავისთავად იწვევს მოჭარბებულ ყურადღებას, აზრთა ჭიდილს, დაპირისპირებას. ვინმეს წარმოუდგენია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ისეთ მშვიდ ვითარებაში ჩატარება ევროპაში რომ ხდება? ვინმე ივარაუდებს, რომ არჩევნებში დამარცხებული, გამარჯვებულს მიულოცავს?

აქედანვე ჩანს, რომ დამარცხებული არ შეეგუება, თუნდაც სამართლიან მარცხს და შეეცდება გამარჯვებულზე იერიშის მიტანას. არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი, რომელსაც ხელისუფლება და გაერთიანებული ოპოზიცია ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში დახარჯავს, ხოლო ამომრჩეველი უფასო საცირკო წარმოდგენის ყურებაში.

ამ ეტაპზე ამომრჩეველს ანუ ხალხს არც ერთი მხარე არაფერს ეკითხება, არ აწუხებს. შეწუხების ჟამი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგება. ასეთია ქართული საარჩევნო ისტორია, რომლის შეცვლა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ სურს. სურვილის შემთხვევაში ერთიც და მეორეც სხვაგვარი პროგრამით წარსდგებოდა ამომრჩევლის წინაშე და არა ყბადაღებული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემების ჟღარუნით, რომელთა შესახებ ამომრჩეველს არაფერი გაეგება. რაც მან იცის — უმძიმესი სოციალური ვითარებაა, სულს რომ უხუთავს, თავის გამოკვების შანსს რომ არ აძლევს.

ამომრჩეველს იხსენებენ მოახლოებულ არჩევნებამდე ხახვით, კარტოფილით, ბრინჯით, შაქრით, ხანდახან მიზერული თანხით (10, 20 ლარით). ამომრჩეველიც კმაყოფილია — ყვავს კაკალი ხომ გავაგდებინეო და მომქრთამველი პარტიაც. კმაყოფილი ამომრჩეველი — ესოდენ პრიმიტიულად მოაზროვნე და დღევანდელი კვერცხის შემყურე, ხვალინდელ ქათამზე აღარ ფიქრობს. ისე კი ჯობდა ქათამზე ეფიქრა და სერიოზულად აღექვა არჩევნები, აეძულებინა მასში მონაწილე პარტიები პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებს, ქვეყნის ყოფნა-არყოფნას და აქედან გამომდინარე ისეთი სამოქმედო პროგრამის შექმნას, არსებულ მდგომარეობას რომ უკეთესობისკენ შეცვლიდა.

იანვრის  პირველ ნახევარში მმართველმა პარტიამ უროს დარტყმა იგემა. სხვას ვერაფერს იტყვი „ჰიუმან რაითს ვოჩის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ უაღრესად კრიტიკულ მასალაზე და NDI-ის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე. ორივე, მძიმე რამ არის და არცთუ იოლად გადასატანი ნებისმიერი პარტიისთვის, მითუმეტეს მმართველი „ოცნებისთვის“, რომელიც ისეთ წნეხს განიცდის ოპოზიციისგან, უარესს რომ ვერვინ იფიქრებდა.

ახია მასზეო — იტყვის მავანი „საოცნებო“ ხელისუფლების მიმართ და მართალიც იქნება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაკეთებული დაპირებებიდან, უმთავრესი მაინც რომ შეესრულებინა — სამართლიანობის აღდგენის და კრიმინალური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის სახით, დღეს სხვა ვითარება იქნებოდა, მაგრამ რა გაეწყობა. მატარებელმა ჩაიარა. ახლა საჭიროა სხვა ზომების მიღება, ისეთის, ამომრჩეველს რომ მისკენ მიახედებს. ასეთი, ისევ და ისევ მოსახლეობაზე, მის კეთილდღეობაზე ზრუნვაა, სოციალური პირობების გაუმჯობესება, მაგრამ შეძლებს კი „ოცნება“ ზღვა, გადაუჭრელი საკითხების მოგვარებას ერთობ მცირე დროის მონაკვეთში?!

შეძლებს ოპოზიცია, გამარჯვების შემთხვევაში ხალხისთვის, ქვეყნისთვის რაიმე პოზიტიურის გაკეთებას, ვითარებას რომ კარდინალურად შეცვლიდა? საეჭვოა, ვინაიდან ხელისუფლების ლანძღვის და „პროპორციულის“ გარდა მას პირზე არაფერი აკერია.

გაიგებს ხელისუფლება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მოწოდებას: „ან მოაშორეთ საქართველოს ეს გამიზნულად ანტიქართული, მატყუარა, ნაცების მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები, ან თქვენ მოგაშორებთ ქართველი ხალხი (2020 წელსვე) მართვის სადავეებს …“. თუ ხელისუფლება არ გაიზიარებს გაზეთის მოწოდებას, ხელში შერჩება უხალხოდ დარჩენილი მთბარი, ვინაიდან ის, ვინც ჯერ-ჯერობით აქ არის დარჩენილი, იქ გადასახლდება, სამშობლოდან შორს, ლუკმა-პურის საძიებლად.

იანვრის პირველი თხუთმეტი დღე სენსაციური გამოდგა რუსეთისა და მსოფლიოს საზოგადოებისთვის. პრეზიდენტმა პუტინმა, რუსეთის დუმისთვის გაკეთებულ მიმართვაში კრიტიკულად შეაფასა განვლილი პერიოდი, დასახა ახალი ამოცანები ქვეყნის მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების, დემოგრაფიული სურათის უკეთესობისკენ შეცვლისთვის, დედისა და ბავშვის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის, სხვა ისეთი საკითხების გადაჭრისთვის, რომლებიც კარგა ხანია ელოდებიან სერიოზულ ცვლილებებს.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პროგრამაში ბევრი რამ ითქვა ისეთი, შურის აღძვრა რომ ჰქვია. როგორ არ შეგშურდება მწყრალი დემოგრაფიით შეწუხებულს პირველ ახალშობილზე შესაბამისი ფინანსური დახმარება, ხოლო მეორე, მესამე, … ბავშვებზე გაზრდილი თანხები? კონსტიტუციით, პენსიონერთა პენსიების სავალდებულო ინდექსაციით გამყარება?

პუტინის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ტრილიონობით გამოყოფილი თანხებით განხორციელდება გრანდიოზული სოციალური პროგრამა, რომლის მიზანი მარტივია — საგარეო გამოწვევების იოლად გამკლავებელი, ერთ მუშტად შეკრული, შეძლებული საზოგადოების ჩამოყალიბება.

გამოწვევები კი რუსეთს ბევრი აქვს, თუმცა დღევანდელ რუსეთს, მძლავრი, თანამედროვე იარაღით აღჭურვილს და გაწვრთნილი არმიის მქონეს, ისინი კატასტროფად არ მიაჩნია. პრეზიდენტის მიმართვაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ შეიარაღებით, ახალი დახვეწილი ზებგერითი იარაღით რუსეთი პირველია მსოფლიოში და ის კი არ ეწევა სხვას, არამედ სხვა ცდილობს დაეწიოს მას. დღევანდელი რუსეთი თავისი სამხედრო ძლიერებით, ეროვნული პროდუქტის წარმოებით, პოლიტიკური სტაბილურობით, სხვა პარამეტრებით, თვით ამერიკელ ექსპერტთა კვლევით მეორეა მსოფლიოში, აშშ-ს შემდეგ, მესამე კი ჩინეთი.

რუსეთის საგარეო პოლიტიკამ ახლო აღმოსავლეთსა თუ სხვაგან — ეს ქვეყანა ისეთად წარმოაჩინა საერთაშორისო საჭადრაკო დაფაზე, ანგარიშს რომ უწევენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ისინი რჩევას და დახმარებას ითხოვენ მისგან.

რუსეთი პაიკი აღარ არის და ეს უნდა შეიგნოს ქართულმა პოლიტიკამ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დიდი თავსატკივარი ექნება. ვაშინგტონსა და ბრიუსელზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა ისიც უნდა მიიღონ მხედველობაში, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნატო ვერ შეძლებს საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრებას და რაც არ უნდა იღაღადოს ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა მესამე მხარეს ანუ რუსეთს არავინ ეკითხება ნატოში საქართველოს გაწევრებასო, მისი ღაღადით აქ თუ მოვიფხანთ გულს, საკითხი კი გადაუჭრელი დარჩება.

ამერიკული, ვითომ არასამთავრობო, სინამდვილეში კი სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციების (ანტირუსულად განწყობილების) თვალში ციცინი კარგს არაფერს გვიქადის. ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ — გვალანძღვინებენ რუსთს — მუდმივად, თავდავიწყებით და ამ საქმისთვის საკუთარი გადასახადის გადამხდელთა მიერ მოგროვებული მსუყე თანხებიდან, ნაწილს აქაურ შვილობილ არასამთავრობოებს ახმარენ, ნაწილს ჯიბეში იდებენ „კეთილშობილური“ საქმის დირიჟირობისთვის.

რუსეთი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა. ასეთიც რომ არ იყოს, უდიდესია, ბირთვულია და საუკეთესო ბაზარია საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გასაღებისთვის. ასეთ ბაზარს ხელიდან არვინ გაუშვებს. ეს კარგად იციან დასავლელმა, მათ შორის ამერიკელმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც, მიუხედავად საკუთარი ადმინისტრაციის მიერ შემოღებული სანქციებისა, რუსეთთან ბიზნესურთიერთობები არათუ შეამცირეს, გაზარდეს კიდეც.

ახალი წლის განვლილი თხუთმეტი დღე, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის წყალობით დრამატიზმით იყო აღვსილი, ისეთით, ფართო, საყოველთაო ომი რომ შეეძლო გამოეწვია. ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის აფეთქებამ და მასთან ერთად თანმხლები ათი პირის, უაღრესად დაძაბა ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა.

მკითხველმა იცის ირანის პასუხის თაობაზე — ერაყში მდებარე 2 ამერიკული სამხედრო ბაზის დაბომბვა, რაზეც აშშ-ა არ უპასუხა, თუმცა თავდასხმის მოლოდინში მყოფმა ირანელებმა საჰაერო სივრცეში მფრინავი უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი, ამერიკულ რაკეტად შეაფასეს და ჩამოაგდეს. ამ ტრაგიკულმა ინციდენტმა 176 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ირანმა აღიარა შეცდომა და ბოდიში მოიხადა, კომპენსაციის გადახდაზეც მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ უშველის კი შეწყვეტილ სიცოცხლეს?

ირანის მიერ თავდაცვის მიზნით ნასროლი რაკეტა მწარე გაკვეთილი უნდა იყოს იმათთვის, ვინც იარაღის ჟღარუნით აღიზიანებს სხვას. შემთხვევითობამ ისეთი რამ შეიძლება გამოიწვიოს, სანანებელიც კი აღარ დარჩეს კაცობრიობას.

ამერიკელთა მიერ ყასემ სოლეიმანის მკვლელობამ სიახლე შეიტანა საერთაშორისო ცხოვრებაში — ერთი სახელმწიფოს მიერ, მეორის სამხედრო თუ პოლიტიკური მოღვაწის ფიზიკური განადგურება, რაც მიუღებელი, დასაგმობი რამ არის ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან. მაგრამ სამწუხაროდ ამას შესაბამისი რეზონანსი არ მოჰყოლია, რაც დიდთან და ძლიერთან მონური დამოკიდებულობის აშკარა დასტურია.

მართალია, აშშ-ს მოკავშირეებმა კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, სხვებმა, თვით ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ამერიკის პრეზიდენტის ტრამპის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვეს, მაგრამ არასაკმარისი, შიშნარევი. არადა მსგავსი აქტი რომ სხვა ქვეყანას ჩაედინა, მთელი მსოფლიო, აშშ-ს ჩათვლით, მიესეოდა და ლანძღვა-გინებით, სანქციებით აიკლებდა.

საკუთარი შეცდომის არ აღიარების მიზნით ტრამპმა და მისი გუნდის წევრებმა, გენერალი სოლეიმანი ტერორისტად შერაცხეს და მსოფლიოს აუწყეს, რომ ამერიკამ იხსნა მთელი რიგი ქვეყნები ტერორისტული აქტებისგან — ყასემ სოლეიმანს რომ დაგეგმილი ჰქონდა.

ტრამპის განცხადება, საქართველოს ხელისუფლებამ სავალდებულოდ ჩათვალა და მანაც დაგმო ტერორიზმი, ცხადია ირანული. უმალ აყაყანდა პროდასავლური ოპოზიცია, ექსპერტობა, მედია. დაგმეს ირანი არა მარტო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, არამედ ტერორიზმის გამო, რომელიც ისე შორს არის ტერორიზმთან მებრძოლ ირანისგან, როგორც ცა და დედამიწა.

გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთის“ მიცემულ ინტერვიუში დამოუკიდებელმა უფლებადამცველმა ლორთქიფანიძემ ირანს ისეთივე შეფასება მისცა, როგორიც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა პომპეომ. მან უკმაყოფილება გამოთქვა ირანელთა მიერ საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით და ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის გამო, რაშიც ცხადია საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა.

ლორთქიფანიძის მოსაზრება ისეთია, როგორიც „დიდი“ ლეიბორისტის ნათელაშვილის — საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნას რომ ითხოვს — რუსეთისკენ მიშვერილი ბირთვული იარაღით. ნათელაშვილმა გააჟღერა ირანელთა მიერ 134000 ბინის შეძენის თაობაზე და ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას ირანთან სავიზო რეჟიმის გასამკაცრებლად. ლორთქიფანიძეც იმავეს ითხოვს: „საგანგაშოა ის, რომ დღეს საქართველოში 134 ათასი ერთეული უძრავი ქონება, ბინის სახით, ირანის მოქალაქეების საკუთრებაა“.

საინტერესოა რომელ სტატისტიკას ეყრდნობიან პატივცემულები? რაოდენობა გაბუქებულია სენსაციურობისთვის და საქართველოს მოსახლეობაში ისედაც ანტიირანული განწყობის გაღვივებისთვის. მიგრაციულ პროცესებს ვერც საქართველო და ვერც სხვა ქვეყანა ვერ აიცილებს თავიდან. ეს არც სავიზო რეჟიმის შემოღებით გადაიჭრება და არც სხვა სადამსჯელო ოპერაციებით.

გამარტივებული სავიზო სისტემა 1995 წლიდან ამოქმედდა, რამაც ქართველ წვრილ ბიზნესმენებს შესაძლებლობა მისცა ირანული სამრეწველო თუ კვების პროდუქტების შემოტანით გადაერჩინათ ქვეყანა უმძიმესი ენერგეტიკული თუ სხვა სახის პრობლემებისგან.

შერბილებული სავიზო ხელშეკრულება მოგვიანებით უვიზოთი შეიცვალა, რამაც გააფართოვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ტურიზმი, საჰაერო კომუნიკაცია. ერთმანეთთან დააძმობილა აჭარა და გილანის პროვინცია, ხელი შეუწყო სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობების განვითარებას.

საქართველო-ირანს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები არსებობს, რომელთა ამოშლა ისტორიიდან შეუძლებელია. ამ ხნის მანძილზე ცუდიც იყო და კარგიც. განა სხვა ქვეყნებს ერთმანეთთან მუდამ ტკბილი ურთიერთობები ჰქონდათ?

ლორთქიფანიძეს მოჰყავს ჰასან როუჰანის — ირანის პრეზიდენტის ნათქვამი, რომ რუსეთმა, ირანს საქართველო წაართვა: „ეს ნიშნავს იმას, რომ მათ (ირანს) პრეტენზია აქვთ საქართველოზე და ის იმპერიალისტური დამოკიდებულება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, დღესაც არსებობს“.

როუჰანიმ სხვაგვარად და სხვა კონტექსტში ახსენა საქართველო. დავუშვათ მას ისე ეთქვა, როგორც ლორთქიფანიძემ „გადმოგვითარგმნა“, საგანგაშოა? ის, რომ საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი, რუსეთის შემოსვლამდე ირანის გავლენის სფერო იყო, ტყუილია?

რაც შეეხება ირანის „იმპერიალისტობას“, ახალი მიგნებაა. ირანი მთელი მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის პირველი 20 წლის განმავლობაში შორს არის „იმერიალისტური“ პოლიტიკისგან. პირიქით, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლია (გავიხსენოთ მოსადეკის მთავრობის დამხობა); ისე, როგორც აშშ-ს მიერ ვოლუნტარისტულად დაწესებული ეკონომიკური სანქციები. რომ არა ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა ძალისხმევა სირიასა და ერაყში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ვინ იცის რა მძიმე ვითარება დაისადგურებდა ახლო აღმოსავლეთსა და სხვაგან.

ირანი ყოველთვის მოწიწებით ეპყრობოდა დამოუკდებელ საქართველოს, მხარს უჭერდა და უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მზადაა პრაგმატული ურთიერთობებისთვის; ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის დარგებში, მაგრამ აშშ-ს წყალობით და კარნახით საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდა ეს ურთიერთობები, რითაც სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის ბიუჯეტს. საქართველო გასული საუკუნის კარჩაკეტილი ალბანეთი არ არის და ვერც იქნება, ვინაიდან პოლიტიკური დინების, გლობალიზაციის საწინააღმდეგ ცურვა შეუძლებელია.

იანვრის პირველ ნახევარში განვითარებულმა მოვლენებმა უკვე გამოიწვია ჩვენი მოსახლეობის შიში, რასაც სხვა წამალი სჭირდება და არა კიდევ უფრო დაშინება და წაქეზება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი