გულმავიწყობა და უმადურობა კორონავირუსზე მძიმე დაავადებაა

„გადავარჩინოთ საქართველო“, „საქართველოს მოსახლეობის შეკვეთა პროპორციული არჩევნებია“ — ამ მოწოდებებს სისტემატურად აქვს ადგილი „TV-პირველის“ ეთერში მიწვეული ოპოზიციის მხრიდან. არის სხვა მოწოდებებიც, ყურს რომ ჭრის და ნეგატიურ განწყობაზე აყენებს მსმენელს, მაგრამ მათ შორის ზემოთმოყვანილი, თავისი სიხშირით ყველა დანარჩენს აჭარბებს თან ღამის თოქ-შოუების წყალობით ძილშიც მიჰყვება ადამიანს და ძალაუნებურად ახსენებს „მტარვალი“ ივანიშვილის ოინებს, ხალხს რომ „სიცოცხლე მოუსპო, ხოლო ქვეყანა ჯიბეში ჩაისვა“.

კორონავირუსმა, ნაწილობრივ, კონკურენცია გაუწია პოლიტიკურ თოქ-შოუებს და ყურადღება დაავადებაზე გადაიტანა, რომლის შესახებ არც აქაურმა მედიცინის მუშაკებმა იციან და არც მსოფლიო მედიცინამ. გამოუცნობი დაავადებით შეპყრობილთა რიცხვი ელვისსისწრაფით იზრდება და ახალ-ახალ ქვეყნებს იპყრობს, ისე, როგორც ოპოზიციური „პოლიტიკოსების“ მომაბეზრებული მოწოდებები — ძალაუნებურად შემოჭრილი ჩვენს ტვინებში. ორივე, მძიმედ მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ თუ პირველისგან ასე თუ ისე განკურნება შეიძლება, მეორისგან შეუძლებელია, ვინაიდან ქართული წარმოშობის ოპოზიციური „ბაცილა“ ისე აავადებს საზოგადოების ნაწილს, ორკვირიანი მკურნალობა არაფრის მომცემია.

ქართული პოლიტიკური „ბაცილა“ იმითაც არის გამორჩეული კორონავირუსისგან, რომ ტვინს უღრნის ადამიანს და ალცჰეიმერის დაავადების მსგავსად უჯრედების კვდომას იწვევს, რაც შორეული თუ ახლო წარსულის დავიწყების საწინდარია. სწორედ ამ დაავადებას უნდა მივაწეროთ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის დროს მოწყობილი ხალხმრავალი დახვედრა. მედიის წარმომადგენლების ინტერესი მეტნაკლებად გასაგებია, მაგრამ სხვების?

დანაშაული, ყოფილი შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის მიერ მრავლობით რიცხვში ჩადენილი არათუ ტრიუმფალურ დახვედრას, არამედ ციხიდან ფარულად, უკანა გასასვლელიდან გაპარვას იმსახურებდა, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ მოკლე, სიტყვიერი ინფორმაციის მიწოდებას, ყოველგვარი ვიდეო-სიუჟეტის და ციხიდან გამოსული „გმირის“ „მგზნებარე“ სიტყვის გარეშე.

დამისახელეთ თუნდაც ერთი დემოკრატიული ან არადემოკრატიული ქვეყანა, სადაც ციხიდან გამოსულ დამნაშავეს ისეთ ტრიუმფალურ დახვედრას უწყობენ, როგორც აქ? მავანი შემედავება — მერაბიშვილი დამნაშავე აღარ არის, მან ჩადენილი დანაშაულისთვის ციხე მოიხადაო. პასუხი — მერაბიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადოა და თუ მას, თავისუფლების აღკვეთის თვალსაზრისით, მართლმსაჯულება ზელიბერალურად მოექცა —საზოგადოებას, შეწუხებულს სახელმწიფო მოხელის უგვანო, სადისტური საქციელიდან გამომდინარე, საწინააღმდეგო აღქმა უნდა ჰქონოდა.

მაგრამ არა! „გადემოკრატებულმა“, უფრო სწორად „გამოთაყვანებულმა“, ამნეზიით შეპყრობილმა საზოგადოების ნაწილმა, ოპოზიციური პარტიების ჩიჩინით, სხვა გზა აირჩია — მას წარსულის დავიწყება ჰქვია. არის ამ „გულმავიწყობაში“ ისეთი, რაც ღრმა ანალიზის შემდეგ გვეუბნება — „გადაცდომისგან“ არვინ არის დაზღვეული, მათ შორის პოლიტიკოსებიც. ერთ მშვენიერ დღეს მათაც არ აწყენდათ მერაბიშვილის მსგავსი დახვედრა — ციხიდან გამოსვლისას.

ვირეშმაკული წინდახედულობა, განსაკუთრებით ციხეში გასტუმრებუ­ლისთვის ქონების კონფისკაციაზე თვალის დახუჭვისას იგრძნობა. ციხეში ზარ-ზეიმით გასტუმრებული ქალაქის ყოფილი მერი უგულავა, რომელმაც 48 მილიონი ლარით დააზარალა ქვეყანა, ციხის ზეკომფორტული ოთახიდან და არა კამერიდან, თითს უქნევს ხელისუფლებას, ინტერვიუებს იძლევა სატელევიზიო პირდაპირი ჩართვით და მერაბიშვილივით მთავრობის დამხობას იმუქრება.

უგულავას ბედს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ შენატრის, ეჭვი არვის ეპარება. სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მოპარული 48 მილიონის შენარჩუნებით, დიდი საქმეა. არათუ 48 მილიონზე, ერთ ან ნახევარ მილიონზეც მზად არიან ციხეში ჩასხდნენ.

ციხიდან გამოსულმა მერაბიშვილმა პოლიტიკაში აქტიურად ჩართვამდე, დასვენება დააანონსა, ცხადია უცხოეთში. არვინ კითხულობს — რა ფულით?! ისე, როგორც არვინ იკითხა უგულავას ძვირადღირებული ვოიაჟის თაობაზე აშშ-ი, ლას-ვეგასში. როგორც ჩანს საზოგადოებამ „გაგებით“ აღიქვა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „გადაღლილი“ თბილისის მერის ამერიკაში დასვენება.

ეს, იმდენად „შორეული“ ამბავია, საზოგადოებას რომ დავიწყებოდა, გასაკვირი არაფერია. საზოგადოება გულისყურით ისმენს ნაცი ლიდერების სისტემატურ განცხადებებს 2008 წლის ომის დაწყებაში უდანაშაულობის თაობაზე და იმ დასკვნამდე მიდის, რომ კრავი სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ბოკერია და სხვები პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი, სამშობლოს მოყვარული ადამიანები არიან, რომელთა გარეშე ქვეყნის არსებობა წარმოუდგენელია. ე.წ. პოლიტიკურმა პარტიებმა გაითვალისწინეს ნაცთა შეგონება, შეუნდეს მათ და ერთად გადაწყვიტეს ქვეყნის გამოხსნა მტარვალი ივანიშვილის კლანჭებიდან.

საზოგადოებამ დაივიწყა გაერთიანებული ოპოზიციის საქმენი საგმირონი — ე.წ. დამოუკიდებლობის წლებში უხვად გამოვლენილი, დღეს რომ ნეგატიურად აისახება ქვეყანაზე. „პატრიოტი“ პარტიები ხმამაღლა გაჰყვირიან მერაბიშვილთან არ დავჯდებითო, თითქოს ვისთანაც სხედან — ბოკერიას და სხვათა სახით (ციხემდე უგულავას), დიდად განსხვავდებიან მერაბიშვილისგან.

სულ ახლახანს „TV-პირველზე“ ბურჯანაძე-ბოკერიას ჭუკჭუკის დროს, ბურჯანაძემ ჟურნალისტის კითხვაზე ვერაფრით გაიხსენა ბოკერიას მიერ ჩადენილი დანაშაულებები, მათ შორის სულხან მოლაშვილის წამება. ვერც ის გაიხსენა, თუ როგორ სძულს გონიერ საზოგადოებას ბოკერია.

იმ უამრავ პარტიებს შორის, ვინც ივანიშვილისგან ქვეყნის დახსნას ითხოვს იდეოლოგიური განსხვავება უცხო რამაა. ყველა მათგანი ერთი „ბაცილით“ არის დაავადებული. მას ხელისუფლებაში მოსვლა ჰქვია — ნებისმიერი გზით, ხერხით, თუნდაც ძველის დავიწყებით, გინებით. ბურჯანაძის გარდა თითქმის ყველა ე.წ. ოპოზიციონერები ივანიშვილის შერჩევით მოხვდნენ 8 წლის წინათ აქტიურ პოლიტიკაში და რომ არა ივანიშვილის სურვილი, დიდი ხანია პოლიტიკურ სასაფლაოზე განისვენებდნენ.

უსმენ 22 პარტიის წარმომადგენლებს და მათი თავხედობა გაოცებთ — ხალხის დაკვეთაა პროპორციული არჩევნებიო, ამბობენ ისინი. ხალხის დაკვეთა ლუკმა-პურია, პოლიტიკურმა ელიტამ რომ წაგლიჯა მას და სამშობლოდან შორს გადახვეწა საკუთარი თავისა და ოჯახის გამოსაკვებად. რა თავში იხლის მშიერი ხალხი პროპორციულ ან მაჟორიტარულ სისტემას. მან კარგად იცის წლევანდელი არჩევნების შემდეგ, მომავალ არჩევნებამდე მას აღარავინ გაიხსენებს.

გრიგოლ ვაშაძემ, ნაცთა ერთ-ერთმა ლიდერმა სატელევიზიო ინტერვიუში შეკითხვაზე — რის გაკეთებას აპირებს ოპოზიცია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, უპასუხა — ისეთი კურსის გატარებას, რასაც სააკაშვილი და მისი ნაცები აკეთებდნენ 2004, 2006 წლებშიო.

ვაშაძეს, როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ იმ „წარმატებულ“ წლებში სწორედ ივანიშვილი აფინანსებდა ჯარს, პოლიციას, სახელმწიფო მოხელეებს, სხვადასხვა დარგებს, რამაც გამოიწვია ის, რაზეც ვაშაძემ გაამახვილა ყურადღება და გარდა ამისა ბიზნესის დაყაჩაღებამ, ქონების ჩამორთმევამ, ყოველივე საშინელებამ, რისი გახსენება საზარელ ჟრუანტელს იწვევს ადამიანში.

განსაკუთრებით „საინტერესო“ იყო „მომავალი“ ხელისუფალის განმარტება ჟურნალისტის კითხვაზე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. არაფერი ახალი. ისევ ძველი, გაცვეთილი, უტოპიური მოსაზრება — საქართველო ეკონომიკურ-სოციალური პარამეტრებით ისეთი მიმზიდველი ქვეყანა უნდა გახდეს, რომ აფხაზი და ოსი თავქუდმოგლეჯილი ჩვენსკენ გამოიქცეს.

რას ნიშნავს ვაშაძის პასუხი, თუ არა დემაგოგიას?! ჯერ ერთი დამოუკიდებლობას, ყოფილი ავტონომიები ფულზე ან უკეთეს ცხოვრებაზე არ გაცვლიან. და მეორე — ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთის ფრთებს ქვეშ შეყუჟულებს, კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველო რუსეთის დონეს კარგა ხანს ვერ მიაღწევს, მათთვის მომხიბლველი რომ გახდეს.

პერსონალურ გულმავიწყობას, რომელსაც საზოგადოების გულმავიწყობაც ემატება, ნათლად დავინახეთ გასაბჭოების დღის, გლოვის დღედ გამოცხადებისას, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებებზე აღმართული სახელმწიფო დროშები დაუშვეს და ყველა ტელეკომპანიამ, ბეჭდვითმა მედიამ შესაბამისი გამოსვლები და სტატიები გამოაქვეყნა.

საბჭოთა საქართველოს 70-წლიანი არსებობა სრულ ვაკუუმად, უკეთეს შემთხვევაში სახალხო ტანჯვა-წამების პერიოდად შეფასდა. ქვეყნის ისტორიაში 70-წლიანი პერიოდის გამოკლება ცოტა რამ არ არის. არც მეფის რუსეთის ქვეშ ყოფნის ისტორიას წყალობს საქართველოს საზოგადოება. რასაც წყალობს 1918-21 წლების ეროვნული ხელისუფლების წლებია, რომელმაც დიდი ვერაფერი ბედნიერება არგუნა ხალხს.

ბოლშევიკების შემოტევისგან შეშინებულმა საქართველოს ხელისუფლებამ, ეკლესიებიდან მოკრეფილ განძს 400-ზე მეტ ტომარაში მიუჩინა ადგილი და საფრანგეთში გადაიხვეწა. ხალხის კუთვნილი განძით გამოიკვება მან თავი, ვიდრე საფრანგეთის ხელისუფლებამ, საბჭოთა კავშირთან არ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა.

საბჭოთა კავშირის ცნობის შემდეგ, საფრანგეთში გადახვეწილ მენშევიკურ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია შეუწყდა, ხოლო საფრანგეთის ბანკში ჩაბარებული ქართული განძი, საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს კუთვნილებად გამოცხადდა. მხოლოდ სტალინის თხოვნით დათმო საფრანგეთის პრეზიდენტმა დე გოლმა, საფრანგეთის კუთვნილებად აღიარებული ქართული განძი და სტალინის მიერ პარიზში გაგზავნილ დელეგაციას, პროფესორ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სამშობლოში წამოღების ნება დართო.

ამ განძის ისტორია, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, დეტალურად აღწერა ბატონმა გრიგოლ ონიანმა, რაც სამწუხაროდ ბევრს არც წაუკითხავს. არადა, ამ მასალების წაკითხვა აუცილებელია ყველა იმისთვის, ვისაც სურს საკუთარი ქვეყნის ისტორიის გაცნობა.

დღევანდელნი, საბჭოთა პერიოდის მლანძღველნი, მხედველობიდან უშვებენ ისეთ „მარტივ რამეს“, რასაც აჭარის შემოერთება ჰქვია. რომ არა საბჭოური პერიოდი და მაშინ გაფორმებული ყარსის ხელშეკრულება, აჭარა ისევ თურქეთისა იქნებოდა. რომ არა ბოლშევიკური რევოლუცია, საქართველო დარჩებოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ცალკეული გუბერნიების და არა ერთიანი საქართველოს სახით.

რომ არა საბჭოთა საქართველო, ქვეყნის მოსახლეობა ნახევარი მილიონიდან, 5 მილიონამდე არ გაიზრდებოდა. რომ არა საბჭოთა საქართველო, არ იქნებოდა საყოველთაო, უფასო განათლება, სამედიცინო მომსახურება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა მრავალი სიკეთე.

ბოლოსდაბოლოს არ იქნებოდა უფასოდ ნაბოძები სახლები, რომლებშიც ვცხოვრობთ; არ გვექნებოდა გზები, რომლებზეც დავდივართ; არ გვეყოლებოდა განსწავლული ადამიანები, მეცნიერები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი; არ გვექნებოდა თეატრები; არ გვექნებოდა ყოველივე ის, რაზეც დღეს დგას ქვეყანა და მიუხედავად „დამოუკიდებლად“ ცხოვრების 30-წლიანი ნგრევისა, მაინც ვინარჩუნებთ სახეს. კიდევ ბევრი საბჭოური სიკეთის გახსენება შეიძლება, მაგრამ ესეც კმარა.

გულმავიწყობამ, შეგნებულმა და თანმიმდევრულმა მიგვიყვანა ალოგიკურობამდე ანუ თუ რუსეთის იმპერიაში და საბჭოთა კავშირში ყოფნის წლებს უხსენებელ საშინელებად და სიცარიელედ ვთვლით, მაშინ უნდა დავეთანხმოთ სააკაშვილის ბოდვას, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“ იწყება.

ასე იცის გულმავიწყობამ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი