ნობელის პრემიის შუქ-ჩრდილები

მოცემულ სტატიაში ყურადღებას ვამახვილებთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და პოპულარულ პრემიაზე, რომელიც უდიდესი მეცნიერის, ბიზნესმენის, მწერლის ალფრედ ნომელის სახელს ატარებს. მისმა ცხოვრებამ სიმარტოვესა და წვალებაში გაიარა, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა მას უყურებდა არა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, არამედ, როგორც მდიდარ და წარმატებულ მეწარმეს.

სან-რემოს სახლში, სადაც ის მომსახურე პერსონალთან ერთად ცხოვრობდა, ტვინში სისხლი ჩაექცა და ლაპარაკის უნარი დაკარგა. ახლო ნათესავებმა ჩასვლა ვერ მოასწრეს. მას მარტოობაში ამოხდა სული. სიცოცხლის ბოლოს მის გვერდით მხოლოდ მოსამსახურეები იყვნენ. დაკრძალვის ცერემონიალზე მღვდელმა ნათან სოდერბლომმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა:

„ყოველგვარი ქება-დიდება ახლა უკვე ამაოა, რადგან ამ კუბოში მწოლიარე ადამიანს ეს სიტყვები არ ესმის. სიკვდილისთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი მულტიმილიონერი იქნება თუ ქუჩაში მოხეტიალე მათხოვარი, გენიოსი თუ სულელი, როდესაც ფარდა ეშვება, ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ. სიკვდილის დროს, ისევე როგორც რელიგიაში, ნებისმიერი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია“.

ალფრედ ნობელი კარგად იყო გათვითცნობიერებული რელიგიაში, მას თავისებური ფილოსოფია ჰქონდა, რაც ნაწილობრივ, საკუთარი პიესის, „შურისძიების“ ერთ-ერთ გმირს ათქმევინა: „ხალხს სინდისი და ღვთის შიში სტანჯავს. მე ასეთი რამ არასოდეს მომსვლია. ღმერთის არსებობაში ეჭვი სრულიად არ მეპარება, მაგრამ როდესაც ადამიანები მის მარადიულ სიმართლეზე საუბრობენ, სასაცილოდ არ მყოფნის. სასჯელის ფორმა, რომელსაც ჯოჯოხეთს უწოდებენ, არაჩვეულებრივი გამოგონებაა, რადგან ის მღვდლებს კაცობრიობის გაძარცვაში ეხმარება, მაგრამ მე ისინი ამ სისულელით ვერ გამაბრუებენ. ბუნებაში არ არსებობს არც მოწყალება, არც გასამრჯელო სათნოებისთვის და არც სასჯელი დანაშაულისთვის. ან უნდა შეჭამო, ან შეგჭამენ; ან უნდა აწამო, ან გაწამებენ. ღმერთი კი ისევე, როგორც სახელმწიფო, მხოლოდ უძლიერესს აჯილდოებს“.

 სიცოცხლის დასასრულის მოახლოებისთანავე ნობელი, სამეცნიერო შრომებთან ერთად, ანდერძის ჩამოყალიბებით იყო დაკავებული. მან ანდერძის რამდენიმე ვარიანტი შეადგინა, რომელთა წერის დროს გულწრფელად აღიარა შემდეგი: „ალბათ არვის მოვენატრები. ძაღლი ბელაც კი არ ჩამოაგდებს ცრემლს, მაგრამ ის ყველაზე გულწრფელი მაინც იქნება, რადგან ჩემ მიერ დატოვებულ ქონებაზე თვალი არ უჭირავს“.

მიუხედავად აღნიშნულისა, ნობელმა საკმაო ქონება დაუტოვა ახლო ნათესავებს, ახლობლებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნობელის ფონდს — პრემიის დაარსებისთვის.

ნობელმა დაწვრილებით შეიმუშავა ფონდის მუშაობის გეგმა — პრემიის გაცემის საქმეში. „ჩემი განსაკუთრებული სურვილია, რომ პრემია, რომელსაც ეს ფონდი გადასცემს, მიენიჭოს განსაკუთრებულად დამსახურებულ პიროვნებას, ისე, რომ ოდნავადაც არ იქნას გათვალისწინებული მისი ეროვნება ან სქესი. მშვიდობის პრემია უნდა გადაეცეს პიროვნებას, რომელმაც ყველაზე აქტიურად იმუშავა ხალხებს შორის მშვიდობის დამყარებისთვის, ჯარებისა და შეიარაღების შემცირებისთვის და მშვიდობის კონგრესების გავრცელებისთვის. მშვიდობის პრემიას ნორვეგიის პარლამენტი გადასცემს“.

ამ ანდერძიდან დღემდე, მსოფლიო, არაერთმა დიდმა და პატარა ომებმა მოიცვა — მილიონობით მსხვერპლით და ნგრევით, თუმცა საპატიო პრემიის კავალერთა წვლილი ომის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაში ნაკლებშედეგიანი გამოდგა. არადა, მშვიდობის დარგში დაჯილდოებულ ნობელიანტთა რაოდენობა საგრძნობია, რაც თავისთავად იწვევს კითხვას — რაშია საქმე?

იქნებ დაჯილდოებულები ისეთი მასშტაბისანი არ არიან, პრემიის მოთხოვნები რომ დააკმაყოფილონ?  იქნებ პრემიის გამცემნი ჯეროვნად ვერ არჩევენ კანდიდატურებს? იქნებ კომისია არ მიჰყვება იმ გზას, რაც ალფრედ ნობელმა დასახა?

ამ კითხვათა მთავარი სამიზნე ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებია, ვინაიდან ეს ორი სცდება მეცნიერების ისეთ სპეციფიკურ თემებს, როგორებიცაა ფიზიკა, ქიმია, მედიცინა და სხვა. საყოველთაო მშვიდობისა და ლიტერატურის თემები ყველასთვის ხელმისაწვდომია და რახან ასეა, კრიტიკაც მრავალმხრივი და ძლიერია.

ნობელის პრემიის მიმნიჭებლებს — მიუკერძოებლებს და აპოლიტიკურებს, ბოლო წლებში სიტყვა „ვითომ“ დაემატა ანუ „ვითომ აპოლიტიკური“, „ვითომ მიუკერძოებელი“. ეჭვი დაიბადა გეოგრაფიული ადგილმდებარეობისადმი ნობელის კომისიის მოჭარბებული ლოიალურობის მიმართაც. და არა მარტო. გეოპოლიტიკამ ხომ აშკარად გამოაჩინა თავისი თავი?!

თუ არა მიკერძოებას, რას შეიძლება მიეწეროს აშშ-ს პრეზიდენტებისთვის ნობელის პრემიის მინიჭება?

ისტორიას რომ არ ჩავუღრმავდეთ, მოვიყვანოთ პოლიტიკოს ობამას მაგალითი. საზოგადოებამ იცის — პოლიტიკური, მითუმეტეს პაციფისტური საქმეებით ნაკლებად ცნობილი ობამა, იღებს ნობელის პრემიას. პრეზინდეტობის კანდიდატობამდე მას არათუ მსოფლიო, აშშ-ც არ იცნობდნენ.  ის, მსოფლიომ წინასაარჩევნო, საპრეზიდენტო მარათონის დროს გაიცნო და გაიცნო არა საქმით, არამედ სიტყვით, დაპირებით.

მაინც რას დაპირდა ობამა ამერიკელ და მსოფლიოს ხალხებს ისეთს, სხვა პრეზიდენტობის კანდიდატები რომ არ დაპირებიან? არც არაფერს. მაშ, რამ გამოიწვია ნობელის კომისიის ობამას პიროვნებისადმი მონუსხვა? იმან ხომ არა, აშშ-ი მობინადრე მდიდარი და ძლიერი ამაქვეყნისანნი რომ ჰქვიათ და თავიანთ პოლიტიკურ გეგმებს თავს ახვევენ მსოფლიოს, ამ შემთხვევაში ნობელის კომისაიას?

ალფრედ ნობელი უდავოდ გადატრიალდებოდა საფლავში, როდესაც ობამას დაჯილდოებას გაიგებდა და არა მარტო ობამას. მაშინ, მთელმა მსოფლიომ ნობელის კომისიას დაუსვა კითხვა, რომელსაც კომისიამ შესაბამისი პასუხი ვერ გასცა. გასცა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ხალხი მოელოდა — პრემია გავეცით ავანსად, რითაც მომავალი პრეზიდენტი ავარიდეთ მის მიერ ომის გაჩაღებასო. ესე იგი ნობელის პრემია მიენიჭა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც ინაუგურაციაც კი გავლილი არ ჰქონდა, რათა მას თავისი საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულების პერიოდში ომი არ გაეჩაღებინა.

ნობელის პრემიამ „დაჭედა“ ობამა? რომ იტყვიან ნაწილობრივ, ვინაიდან მას პირადად, წინამორბედებისგან განსხვავებით, ომი არ დაუწყია, მაგრამ არც არაფერი დაუკლია საომარი კოზირის ხელში ფრიალისთვის.

პრეზიდენტ ობამას დროს განხორციელდა სირიის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ტერორისტული ორგანიზაციების ინტენსიური შეტევა; ლიბიის ლიდერის კადაფის წინააღმდეგ ნატოს ჯარების მისევა; კადაფის წამებით მოკვლა; ლიბიის ნგრევა და განადგურება; უკრაინაში კანონიერი ხელისუფლების დამხობა და ძალაუფლების პროფაშისტური პოლიტიკოსებისთვის გადაცემა; რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელთა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდება. ყოველივე ამის უკან ობამა მოიაზრებოდა.

ობამამ დაიწყო ავღანეთში მყოფი აშშ-ს ჯარის შემცირება, მაგრამ, მიზეზთა გამო, დაპირების სრული შესრულება ვერ შეძლო. ერთი სიტყვით, პრეზიდენტმა ობამამ ვერ შეასრულა ნობელის პრემიის მოთხოვნები, თუმცა ამ ისტორიას არავითარი გავლენა არ მოუხდენია ნორვეგიელ პარლამენტარზე, რომელმაც პრეზიდენტი ტრამპი ნობელის პრემიის კანდიდატად დაასახელა.

ტრამპის შემთხვევაში უკეთ გვაქვს საქმე, ვიდრე ობამას. მსოფლიომ 4 წელი უყურა ტრამპის თეთრ სახლში მოღვაწეობას. არაერთხელ მოისმინა ტრამპის განცხადება ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის თაობაზე და ა.შ. ისიც მოისმინა, თუ როგორ დაამარცხა მან ტერორიზმი სირიაში, ერაყში. მან გამარჯვება თავის თავზე მიიწერა, რაც არათუ გადაჭარბებულია, არამედ სიმართლეს ნაკლებად შეიცავს, მაგრამ მან რაღაც გააკეთა — უფრო მეტი, ობამას „არაფრის“ ფონზე, რაც თავისთავად ბადებს კითხვას — თუ ობამა დაჯილდოვდა, რატომ არ შეიძლება ტრამპის დაჯილდოება, მან ხომ ერთმანეთს შეარიგა ისრაელი და არაბული საამიროები, და ბახრეინი?

ობამას შემთხვევაში დაშვებული შეცდომა, რომელიც ამერიკის გარკვეული პოლიტიკური ძალების ზეგავლენით მოხდა, მეორდება. მართალია, ტრამპისთვის პრემია ჯერ არ მიუციათ, მაგრამ მისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის პრემიის მიღების კანდიდატად წარდგენამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ნახეთ რა ჟღერადია — ნობელის პრემიაზე წარდგენილი დონალდ ტრამპი, ებრძვის დემენციით შეპყრობილ 78 წლის დემოკრატ ბაიდენს.

მართალია, ტრამპსაც სოლიდური ასაკი აქვს, მაგრამ ალცჰაიმერის ნიშნები არ აწუხებს,  ენერგიული და მოძრავია. დემოკრატიული პარტიის მესვეურებმა პრეზიდენტად ბაიდენის წარდგენით დაამტკიცეს თავიანთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პრეზიდენტობის ინსტიტუტისადმი.

ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, ადამიანისთვის, მითუმეტეს პრეზიდენტისთვის, ჯანმრთელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მენტალურ ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ბაიდენს პრობლემები აქვს, არადა გამარჯვების შემთხვევაში მან 4 წელი უნდა იღვაწოს, რაც უდავოდ გაუჭირდება. ის, მენტალურად ისე არაკონფორტულად გრძნობს თავს, რომ დემოკრატები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან ორ კანდიდატს შორის დებატების გამართვის. შიშობენ ბაიდენს არ ჩაეძინოს ან აზრი არ დაებნას.

უკრაინის მოვლენებმა, განსაკუთრებით კორუფციულმა მომენტებმა, რომელშიც ბაიდენის შვილი იყო ჩართული, სხვაგვარად გააცნო ბაიდენი ამერიკელ ხალხს, თუმცა კორუმპირებულობის ნეგატიურ ფონს მისი საპრეზიდენტო მარათონისთვის რაიმე საგრძნობი ზიანი არ მოუტანია. არადა, მსგავსს რომ სხვა ქვეყანაში ჰქონოდა ადგილი, მაგალითად რუსეთში, ამერიკული მედია და ექსპერტობა მხოლოდ ამ თემით იქნებოდა დაკავებული და საწადელსაც მიაღწევდა. მაგრამ ამერიკა სხვაა. მას სხვა შეხედულება აქვს კორუფციაზე. ქვეყანა, სადაც ლობისტობა კანონიერია, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლად არ გამოდგება.

ნობელის პრემიის კომისიას რომ გეოპოლიტიკური სიმპათიები გააჩნია პრემირებულთა რაოდენობიდანაც ჩანს. ამერიკელ ნობელიანტთა რიცხვი უდავოდ აჭარბებს ერთად აღებულ სხვა ქვეყნების რაოდენობას, რაც თავისთავად ბადებს კითხვას — ჭკვიანი, გონიერი ადამიანები მხოლოდ ამერიკაში ცხოვრობენ?

აშკარა მიკერძოების „სურნელი“ რომ არ დატრიალდეს დანარჩენ მსოფლიოში, ხანდახან, კანტიკუნტად არაამერიკელიც გაახსენდებათ — მეტადრე ისინი, ვინც თავი გამოიჩინეს საკუთარი ქვეყნის ლანძღვა-გინებაში, დასავლეთისთვის მიუღებელი „არადემოკრატიული“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს, თუმცა ზოგიერთის გახსენება არ გვაწყენდა: რუსი მწერლები პასტერნაკი და სოლჟენიცინი, ბელარუსი მწერალი ალექსეევიჩი, ჩინელი მწერალი მო იენი, რუსი პოლიტიკოსი გორბაჩოვი, … . ამ უკანასკნელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არგუნეს — სინამდვილეში საბჭოთა კავშირის დაშლისთვის.

ნობელის პრემიის ღირსად არ ჩათვალეს ფაშიზმისგან მსოფლიოს გადამრჩენელი და საყოველთაო მშვიდობის მომტანი სტალინი.

მშვიდობის განმტკიცებისთვის ნობელის პრემიაზე წარდგენილ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს კონკურენციას გაუწევს ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის, პოლონელი ტუსკის „ჯილა“ სვეტლანა ტიხანოვსკაია — ბელარუსელი დიასახლისი, რომელმაც ამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და როგორც თვითონ ამბობს — გაიმარჯვა.

ტიხანოვსკაიამ, ბლოგერის და ოპოზიციონერი ტიხანოვსკის მეუღლემ, რომელიც ციხეში ზის, სახელი ბოლო 2 თვის განმავლობაში გაითქვა. და გაითქვა მეზობელ ლიტვაში გაქცევით, სადაც მას ყველა პირობა შეუქმნეს არჩევნებში გამარჯვებული ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად.

რუსული გამოთქმისა — „უთევზობაში, კიბორჩხალაც თევზიაო“ არ იყოს, დასავლეთის მეცადინეობით დიასახლისი უმალ იქცა ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლოდ, თანაც ისეთად, რომელსაც პრეზიდენტის შესაფერის შეხვედრას უწყობენ პოლონეთში, ლიტვაში, სხვა ქვეყნებში.

ტიხანოვსკაიამ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას. ისინიც მას ისე ექცევიან, როგორც პრეზიდენტს. რას ნიშნავს ეს, თუ არა ბელარუსის საშინაო საქმეებში ჩარევას?!

კოლექტიური დასავლეთისთვის ტიხანოვსკაია სწორედ ის პლასტელინია, რომლისგანაც ნებისმიერი ფიგურის გამოძერწვა შეიძლება და მისი ანტიბელარუსულად, ანტირუსულად გამოყენება.

ტუსკის მიერ ტიხანოვსკაიას და მისი მეუღლის ნობელის პრემიაზე წარსადგენად გაჟღერება აშკარა მიმანიშნებელია ამ პრემიის პოლიტიზირების, მისი დევალვაციის, განსაკუთრებით მშვიდობის დარგში. გვიკვირს, მაგრამ გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ნობელის პერმიის კომისის დამორჩილება, მსოფლიოს დამორჩილების ფონზე, დიდად გასაოცარი არ არის. ლამის სამოქალაქო ომში გაბმული აშშ-ს ადმინისტრაცია, შესაბამისი სამსახურები მაინც ახერხებენ საერთაშორისო ცხოვრებისთვის შეუფერებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც ნობელის ნანატრი მშვიდობა არ მოჰყვება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი