ძველისა და წარსულის გინება იქ ჩარჩენის მომასწავებელია
„თავისუფლება არის ყველაზე დიდი გულუხვობა, რომელსაც ზეცა მადლიანად აბერტყავს ხალხს. მას ვერც ერთი განძი ვერ შეედრება, ვერც ის, მიწის წიაღში რომ არის ჩამალული და ვერც ის, ზღვის ფსკერზე რომ დევს. თავისუფლებისთვის, ისე, როგორც ღირსებისთვის შეიძლება და აუცილებელიცაა სიცოცხლის გაწირვა. თავისუფლების არქონა ყველაზე დიდი უბედურებაა, რაც შეიძლება გადახდეს ადამიანს.“ — ეს სიტყვები დიდმა სერვანტესმა დონ კიხოტს ათქმევინა — მრავალი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს უპოპულარესი რომანის გმირს.
დაახლოებით ასეთი გულუხვი თავისუფლება დააბერტყა კრემლმა (გადატანითი მნიშვნელობით ზეცამ) საბჭოთა რესპუბლიკებს 1991 წლის დეკემბერში, როდესაც ისტორიაში გადასულმა პირველმა და უკანასკნელმა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა ტელევიზიით „ახარა“ საბჭოთა ხალხს, გიგანტი სოციალისტური კავშირის დაშლა.
მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა, მაგრამ ზემოდან ნაბოძებმა თავისუფლებამ ვერადავერ შვა ნანატრი თავისუფლების სადარი ცხოვრება. მიზეზი ამისა მრავალია, მათ შორის დამოუკიდებლად ქვეყნის მართვის ანბანის უცოდინრობა; შესაბამისი დარგების სპეციალისტთა დეფიციტი; საკუთარის, საქვეყნოზე მაღლა დაყენება; ერთმანეთის გაუტანლობა; უმადურობა; სხვა მრავალი ნეგატიური.
„უპატრონოდ“ დარჩენილმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა — იძულებულებმა საკუთარი ხელით გამოეჭედათ საკუთარი ცხოვრება, მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ნაბოძები თავისუფლება და აქედან გამომდინარე სუვერენიტეტი თვალისდაუხამხამებლად, დაუფიქრებლად სხვას — უფრო ძლიერს და დიდს ჩააბარეს. ასე იცის უბრძოლველად მიღებულმა თავისუფლებამ.
ვიბრძოლეთ კიდევაც და სისხლიც დავღვარეთ — აცხადებენ „თავისუფლები“, მათ შორის ჩვენც. ზოგი იმასაც ამბობს, რომ თავისუფლება, რომელიც კრემლმა გაიღო, შედეგი იყო ჩვენი ბრძოლისო, რაშიც ჭირს დათანხმება, ვინაიდან საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მართვის სტრუქტურიდან და სისტემიდან გამომდინარე, ვერაფერი შეარყევდა მის არსებობას, თუ არა ისტორიულად ცნობილი „ციხე შიგნიდან ტყდება“-ს ფორმულა.
მარტივად რომ ვთქვათ, იმჟამინდელი კრემლი იყო დაშლის მოთავე და არა პატარ-პატარა ბუნტები, რასაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა რესპუბლიკებში. სხვათაშორის, თანამედროვე საბჭოთა ისტორიის მკვლევარები იმასაც აცხადებენ, რომ ის ბუნტები კრემლის მიერ იყო ინსპირირებული და ორგანიზებული — იმჟამინდელი საბჭოთა ლიდერების შეკვეთილი, რომლებიც დასავლეთთან, კერძოდ აშშ-ნ ჩახუტებულები, მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, როგორ დაენგრიათ ქვეყანა.
განა, ამის უტყუარი საბუთი არ არის რუსეთის პრეზიდენტის ელცინის აშშ-ს კონგრესში წარმოთქმული სიტყვა, სადაც ის „ახარებს“ „პროგრესიულ“ ამერიკას და დასავლეთს საზარელი ურჩხულის, ხალხთა საპყრობილის დაშლას?
განა, მან არ უსურვა ამერიკას დღეგრძელობა? განა, მან არ თქვა — ღმერთი ფარავდეს ამერიკას.
და როდესაც სწრაფი დაშლის სურვილი ამოძრავებდა კრემლის ბინადართ, საბჭოთა კავშირიდან ეტაპობრივად გასვლაზე ხომ არვინ იფიქრებდა? მას, ვისაც ყოფილი მოკავშირის ბედი ადარდებს ისე იქცევა, როგორც ევროკავშირი. განა, ინგლისის ევროკავშირიდან მრავალწლიანი გასვლის პროცედურა (ბრექზიტი) ამის მაგალითი არ არის?
თითქოს გორბაჩოვს ჰქონდა საბჭოთა რესპუბლიკების, საბჭოთა კავშირიდან გასვლის 5-წლიანი მექანიზმი, მაგრამ მიზეზთა გამო არ განხორციელდა და ნანატრი თავისუფლება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის ცივი შხაპი გამოდგა.
ასედაამრიგად, მსოფლიო რუკაზე გაჩნდნენ ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში თუ რას მიაღწიეს, ინგლისურად რომ ვთქვათ — „failed state“– ბაა ანუ შეუმდგარი ქვეყნობა — ზოგმა უფრო მეტი დოზით, ზოგმა ნაკლებით.
საბჭოთა რესპუბლიკებმა, რომლებმაც შთამომავლობით მიიღეს საბჭოთა რესურსების ბაზა, ვერ შეძლეს ან ნაკლებად, დანატოვარის ეფექტიანი გამოყენება. რაც შეძლეს — სხვისთვის მიყიდვა იყო ან ჯართად ჩაბარება. ამ მხრივ ყოფილი საბჭოელებიდან თავი ჩვენ და უკრაინამ გამოვიჩინეთ, ასევე ბალტიისპირა ქვეყნებმა, თუმცა ამ უკანასკნელთათვის სხვა მოთხოვნები დაწესდა ევროკავშირში შესვლისთვის — საბჭოთა პერიოდში აშენებული მრეწველობის და სოფლის მეურნეობის დანგრევა. შედეგი? სავალალო.
ლიტვის 3,8 მილიონი მოსახლის, მილიონით შემცირება. სამუშაო ადგილების გაუქმება, უმუშევარი ლიტველების მასობრივი გადინება ევროკავშირის ქვეყნებში — მუშებად, დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოების შემსრულებლად.
რაც შეეხება უკრაინას — სსრკ-ს ყველაზე განვითარებულ რესპუბლიკას, სტატისტიკის მიხედვით, მას გიგანტი საბჭოთა კავშირიდან მძლავრი სამრეწველო პოტენციალის მქონე საწარმოები ერგო — მსოფლიოში სიდიდით მესამე სტრატეგიული არსენალი. 1000-ზე მეტი ბირთვული საბრძოლო მასალა და მისი სამიზნემდე მიტანის საშუალება; 43 სტრატეგიული რაკეტამატარებელი ბომბდამშენი — 23 ტუ-95, 20 ტუ-160; 241 შორსმფრენი ბომბდამშენი ტუ-16, ტუ-22, ტუ-22მ; 260 მიგ-29 და სუ-27.
იმჟამინდელი მონაცემებით უკრაინა მსოფლიოში მე-3-მე იყო და უსწრებდა ევროპის ყველა ქვეყანას, იაპონიას და ჩინეთს.
უკრაინამ საბჭოთა კავშირიდან მიიღო ისეთი დარგები, როგორებიცაა რაკეტების წარმოება, ავიამრეწველობა, ძრავების წარმოება, გემთმშენებლობა. უკრაინა იყო საბჭოთა კავშირის ერთადერთი რესპუბლიკა, რომელიც აშენებდა ავიამზიდებს. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
რა გვაქვს დღეს? გაკოტრებული, გაღატაკებული ქვეყანა. 30 წლის განმავლობაში უკრაინის ხელისუფალნი საბჭოთა დანატოვარით ცხოვრობდნენ. გაყიდეს ყველაფერი — უძრავიც და მოძრავიც. უკრაინის გაყიდული ტექნოლოგიით ჩინეთმა, ჩრდილო კორეამ, ირანმა საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები შექმნეს.
რაც შეეხება საქართველოს — მკითხველმა კარგად იცის განვითარებული სამრეწველო-აგრარული ქვეყნიდან რას დავემსგავსეთ. ამდენად მასზე ყურადღებას არ გავამახვილებ.
30 წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რაც განვითარდა „გესტარბაიტერობაა“ ანუ უცხოეთში, ლუკმა-პურის საძებრად საკუთარი მოქალაქეების ექსპორტირება და მათ მიერ სამშობლოში დარჩენილი ოჯახისთვის ფულის გამოგზავნა, შემდეგ ამ დარჩენილების იქ გათხოვნა. წასულები არათუ უკან დაბრუნებას, გამოხედვასაც არ აპირებენ. ანდა ვის გამოხედენ, როდესაც ახლობლები იქ წაიყვანეს?
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, გართულნი ყოველდღიურ ჭირ-ვარამში, არცკი სვამენ კითხვას — რანი ვიყავით, რანი ვართ, რა გვინდა? რას მივაღწიეთ ნანატრი თავისუფლების დროს? ვართ კი თავისუფალნი და დამოუკიდებელნი?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ყველას გაუჭირდება. აქ საქმე საერთოეროვნული იდეოლოგიის არ არსებობაში კი არ არის, არამედ ნაციონალური იდენტობის. ნაცია — ეს არ არის ეთნოსი, ეს ხალხის ერთობაა, გააზრებული პოლიტიკური საერთო ინტერესით. ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა საკუთარი ახალი იდენტობის შექმნისთვის რაც მოახერხეს, ვიწრო ნაციონალიზმი და რუსეთთან დაპირისპირებაა. არადა, თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რუსეთის იმპერიაში შესვლამდე, ვერ დაიკვეხნის სახელმწიფოებრიობის ქონას, გამონაკლისი საქართველოა, ისიც სუსტი.
საბჭოთა კავშირმა ჩამოაყალიბა მომთაბარე ცენტრალური აზიიდან სახელმწიფოები — თავიანთი ენით, წეს-ჩვეულებებით, განათლებით, კულტურით. ვინ იფიქრებდა, რომ ამ და საბჭოეთში შემავალ სხვა ქვეყნებს მეცნიერებათა აკადემია ექნებოდათ? თვალი გადავავლოთ კოლონიალიზმის ისტორიას. უდიდეს კოლონიზატორებს, დიდი ბრიტანეთის თამადობით და ვიკითხოთ — დაპყრობილ ქვეყნებში შექმნეს თუ არა მათ მეცნიერებათა აკადემია?
საბჭოთა პერიოდში ნასწავლ-ნაპატიებმა „ეროვნულად“ მოაზროვნეებმა, ჩამოაყალიბეს ფსევდო-ისტორიული მითი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ათასწლოვანი ბრძოლისა. ლოზუნგებიც გააჩინეს ასეთი — ჩვენ არ ვართ რუსეთი. ჩვენ ვებრძვით რუსეთს. რუსეთი აგრესორია. რუსეთი დაპყრობით გვემუქრება. …
30 წლის განმავლობაში ვისმენთ ამ ვითომ ეროვნულ აღტყინებას და იმდენად გამოვიფიტეთ ერთიდაიგივეს მოსმენით, უნარიც კი არ გვაქვს საკუთარ თავს მაინც დავუსვათ კითხვა — მერე რა, რომ რუს მტარვალს ვებრძოდით და ვებრძვით. „გავიმარჯვეთ“ კიდეც. შემდეგ რა?!
პატივცემულო მკითხველო, ცოტათი გადაჭარბებულად ხომ არ მიგაჩნიათ 30-წლიანი ლოზუნგური ბრძოლა რუსი ოკუპანტის, „ისტორიული მტრის“ წინააღმდეგ? ხომ არ თვლით, რომ „რუსეთის აგრესიის“ ლოზუნგის უკან სხვა გათვლაა — გამომძალველური? ყოფილები ხომ დასავლეთისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ — მუდმივი რუსული აგრესიის შეჩერების მიზნით? და ისინიც, „ხელი ხელს ბანს, ორივე პირს“ პრინციპიდან გამომდინარე ხან იარაღს აწვდიან რუსეთის შიშით „დამფრთხალ“ ყოფილ საბჭოელებს, ხან მსუყე დაფინანსებას რუსოფობიის კიდევ უფრო გასაღვივებლად.
აშშ-ს 2021 წლის ბიუჯეტში, რომელიც ა.წ. 1 ოქტომბერს შევიდა ძალაში, 700 მილიონი დოლარია ჩადებული, რუსეთის წინააღმდეგ ღონისძიებათა გასატარებლად, აგრეთვე 24 მილიონი — რუსეთის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესაკავებლად. ეს საბიუჯეტო თანხები გათვალისწინებულია „რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოკავშირეთა დახმარების“ გრაფაში. მოკავშირეებად უპირველეს ყოვლისა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მოიაზრება.
30-წლიან „ბრძოლას“, რომელსაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ელიტებმა მთელი ძალ-ღონე შეალიეს, ქვეყნის განვითარების, ახალი იდეოლოგიის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მუშაობა არ გამოუწვევია. ვიწრონაციონალური პათოსი პურის და გართობის გარეშე, ძნელი ასატანი გახდა პოსტსაბჭოელებისთვის. ბევრმა მათგანმა ძველისკენ დაიწყო ყურება, სინანულის ხმამაღლა გამოხატვა — 30-წლიან დუხჭირ ცხოვრებას, აუწერელ სოციალურ უთანაბრობას, უსამართლობას განა ყოფილი საბჭოთა კავშირი არ სჯობდაო?
ყოფილ საბჭოთა საზოგადოებაში ძველის და ახლის დაპირისპირება, რასაც თან ახლავს რუსოფობთა და რუსოფილთა დაპირისპირებაც, სერიოზული პოლიტიკური ძიძგილაობის სახეს იღებს, რაც საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნების დროს ვლინდება. იდეოლოგიური დაპირისპირების უამრავ მაგალითს ჰქონდა ადგილი ბოლო წლების არჩევნების დროს. მარტო წლევანდელი რად ღირს?!
წელს არჩევნები გაიმართა საქართველოში, მოლდოვაში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში — ყველა მათგანი იყო საკამათო, საზოგადოების დამაპირისპირებელი. ყველა მათგანზე დიდი გავლენა იქონია გარე ძალებმა, აშშ-ს წინამძღოლობით. ყველა მათგანი წარიმართა რუსოფობიის ლოზუნგით. ყველა მათგანის დამახასიათებელი არ ყოფილა არც ახალი იდეოლოგია და არც ახალი ცხოვრების შექმნის სურვილი.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მაია სანდუმ — პირწავარდნილმა პროდასავლელმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვის გზა დასავლეთია და არა რუსეთი. მართალია, მოლდოვაში არჩევნებს სახალხო ამბოხი არ მოჰყოლია, ისე, როგორც ბელორუსიაში ან სხვაგან, მაგრამ სანდუს პოლიტიკა უდავოდ გამოიწვევს ქუჩის დაპირისპირებას.
მოლდოვის არჩევნებში, ისე, როგორც სხვების, დიდ აქტიურობას იჩენდა აშშ-ს საელჩო, ელჩის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევით. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის. ამერიკის ელჩი დეგნანი და ევროკავშირის დიპწარმომადგენლები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ არათუ ერევიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ ქცევის წესების დირექტივებსაც იძლევიან.
პოსტსაბჭოთა სივრცეში „ფერადი რევოლუციების“ რეკორდსმენი ყირგიზეთია. ამ ქვეყანაში არჩევნების დამთავრებიდან რამდენიმე საათში ოპოზიციის მიერ მთელი სახელმწიფო სტრუქტურა დაემხო.
სხვების ჩამოთვლა არ ღირს, ვინაიდან ფორმით და შინაარსით არაფრით განსხვავდება დანარჩენებისგან. ყოველივე კი იმის მაჩვენებელია, რომ ე.წ. ეროვნულმა ელიტებმა, „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმდევრებმა“, პოლიტიკური გამოუცდელობისა და საერთო განათლების არმქონეებმა, მხოლოდ საკუთარი ბედნიერების და კეთილდღეობის მოსურნეებმა, 30 წლის განმავლობაში ვერ გამონახეს დრო ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ-ეკონომიკური გზების ძიებისთვის. სრულად მიენდვნენ ე.წ. დასავლელ პარტნიორებს, რომელთა მიზანი არ არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნების გამოჭედვა. მათი მიზანი მარტივია — მტერი რუსეთის საზღვრებთან მუდმივი დაძაბულობის შექმნა, რომელმაც რუსეთი უნდა აიძულოს იფიქროს ამაზე, დრო და ფინანსები დაახარჯოს ამას და არა მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებს.
განვლილი 30 წელი არასახელმწიფოებრივი აზროვნების, პოლიტიკოსთა უპრინციპობის აშკარა დემონსტრაციის წლებია, რაც სერიოზულ დაღს ასვამს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სადღეისო ცხოვრებას, სახვალიოზე რომ არაფერი ვთქვათ. განამტკიცებს იმავე დასავლელთა მოსაზრებას ამ ქვეყნების „ფეილდ სთეით“-ობასთან დაკავშირებით.
პროვინციული ნაციონალიზმით, ანტირუსული კამპანიით და პროპაგანდით საკუთარი ისტორია ვერ შეიქმნება. ძველის და წარსულის გინება იქ ჩარჩენის მომასწავებელია.
(გაგრძელება იქნება)
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი