„ზედემოკრატიული“ ჰეგემონის პრობლემები

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ცნობილ მწერალ გურამ ფანჯიკიძესთან ერთად აშშ-ი მომიწია ყოფნა. ნიუ-იორკის ცათამბჯენების, გაწკრიალებული მანჰეტენის შემხედვარე მწერალმა, მისთვის ჩვეული იუმორით თქვა — სად არის ბიძია სემი, ზანგისთვის ხელი რომ აქვს ყელში წაჭერილი და მის სისხლს სვამსო?!

საბჭოთა პროპაგანდით ტვინამღვრეულებს ასეთი წარმოდგენა გვქონდა მსოფლიოს მდიდარ და ძლიერ ქვეყანაზე. ჩვენს მეხსიერებაში ჩაბეტონებულ კარიკატურებს, რომლებსაც საბჭოთა ჟურნალ-გაზეთების გვერდები ჰქონდა დაპყრობილი, ერთის ნახვით შეძენილმა შთაბეჭდილებამ კუდით ქვა ასროლინა. ერთის ნახვით, მაგრამ ნიუ-იორკის ცნობილი უბნის ჰარლემის, სხვა ქალაქების, არატურისტული რაიონების მონახულების შემდეგ, ჩვენს პირვანდელ აღფრთოვანებას ბზარი გაუჩნდა.

ჰარლემი — ჭუჭყიანი, ნაგვით სავსე ქუჩებით, ვირთხებით, აგრესიული შავკანიანი მაცხოვრებლებით, ჩამოტყავებული საცხოვრებელი სახლებით, ყოველ წუთს მძარცველთა მოსალოდნელი თავდასხმით გამოწვეული შიშით, უდავოდ გაფიქრებინებდათ, რომ მდიდარ ამერიკაში კი არა აფრიკის რომელიმე გაპარტახებულ ქვეყანაში ხართ. ვისაც აშშ-ს ქალაქების ჩინური, ლათინური ან შავკანიანთა უბნები არ აქვს ნანახი, მას ამერიკის ცოდნას ვერ დასწამებთ.

საბჭოთა ცხოვრების დასასრულს, კულტურული გაცვლის პროგრამით, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, ინგლისური ენის უბადლო მცოდნეს ნუგზარ რუხაძეს, კარგა ხნის განმავლობაში მოუწია „სი-ენ-ენ“-ში მუშაობა. ტელეკომპანიას აინტერესებდა საბჭოელის თვალით დანახული ამერიკა. რუხაძემაც არ გაუწბილა იმედები და ამერიკელებს აჩვენა „გადაბრუნებული“ ამერიკა, რომელსაც ისინი ყოველდღიურად უყურებდნენ, თუმცა ყურადღებას არ აქცევდნენ. თეთრკანიანები მყავს მხედველობაში, თორემ შავებმა, კუბელებმა, მექსიკელებმა, სხვებმა ისედაც კარგად იცოდნენ მათი ქვეყნის მოჭარბებული „კეთილდღეობის“ შესახებ.

ფერადკანიანების მძიმე სოციალური ყოფა, რასიზმი, სეგრეგაცია, უმუშევრობა, გაუნათლებლობა, კრიმინალი, სხვა ნეგატიური გამოვლინება არაერთხელ გამხდარა ბუნტის, აგრესიული ზანგის მკვლელობის საბაბი. სადამსჯელო მოქმედების განუსაზღვრელი უფლებებით აღჭურვილი, სადისტური გრძნობით აღსავსე პოლიცია, ბუნტის წამახალისებლად არის ქცეული, რასაც თან ახლავს პოლიციის შენობების დარბევა-გადაწვა, საპატრულო ავტომანქანების გადაბუგვა, მაღაზიების ვიტრინების მსხვრევა და ძარცვა, პოლიციელებთან ანგარიშსწორება და ა.შ.

რამდენი ასეთი ბუნტის მომსწრეა აშშ-ი, თუნდაც ბოლო 30-40 წლის განმავლობაში? შედეგი?  

სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული სასტიკი და გადამჭრელი ზომების — მეამბოხეთა, მოროდიორთა მასობრივი დაჭერა, ბუნტის ჩაფერფლა და შემდეგ ბუნტამდე არსებული წესებით ცხოვრების გაგრძელება. არც ერთი ნაბიჯი მდგომარეობის კარდინალური შეცვლისთვის.

შავკანიან ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევა სულაც არ გულისხმობდა ცხოვრების წესის ცვლას, რასიზმზე, სეგრეგაციაზე უარის თქმას. ამას რომ ნაწილობრივ მაინც ჰქონოდა ადგილი, არ იქნებოდა ის, რაც დღეს არის. ფერადკანიან პოლიტიკოს ქალთა და მამაკაცთა მაღალ თანამდებობებზე წამოსკუპება (კონდოლიზა რაისი, სიუზან რაისი, კოლინ პაუელი, სხვები და სხვები) მხოლოდ უმნიშვნელო რამაა და არა იმის გამაცამტვერებელი ადამიანთა, განსაკუთრებით თეთრკანიანთა ტვინებში რომ არის ჩაბუდებული და რასაც რასიზმი ჰქვია.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ზედმიწევნით ობიექტურად აღწერს ამერიკელთა ამ განუკურნებელი სენის შესახებ, თავის წიგნში (“My American Journey”) აშშ-ი „ბესტსელერად“ ქცეულში. მერე რა? არც არაფერი. პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან. პრობლემები რჩება, რაც შიგადაშიგ საფუძვლიანი ამბოხის მაპროვოცირებელი ხდება.

რასიზმთან ერთად მრავალმა ნეგატიურმა მაგალითმა წამოჰყო თავი ამჟამინდელი ბუნტის დროს. სოციალური უთანაბრობა, სიღატაკე, ნარკომანია, უსწავლელობა, ფერადკანიანთა მიწასთან გასწორებული „უფლებები“, უმუშევრობა (მარტო „კოვიდ-19 47 მილიონი ადამიანი „აჩუქა“ აშშ-ს), სხვა მრავალი გახდა მასობრივი გამოსვლების ინიციატორი. ნაპერწკალი პოლიციელმა გააჩინა, რომელმაც სრულიად მშვიდობიან ვითარებაში, ხელებშეკრული და მიწაზე გართხმული ზანგი ფეხით დაახრჩო.

გასაოცარია არა მარტო მკვლელი პოლიციელის საქციელი, არამედ სხვა სამი პოლიციელისაც, რომლებიც მშვიდად უყურებდნენ დახრჩობის სცენას და მსხვერპლის პირიდან ამოსროლილ ფრაზებს — ვიხრჩობი, ვეღარ ვსუნთქავო.

ზანგის დახრჩობის ვიდეო-კადრებმა შეძრა ამერიკა და მსოფლიო. მილიონობით ადამიანი გამოვიდა აშშ-ს ქალაქების ქუჩებში. დაიწვა პოლიციის შენობები, ავტომანქანები, ერთმანეთს შეასკდა ხალხი და პოლიცია. არის გარდაცვლილებიც. რეზინის ტყვიებით დასახიჩრებულთა რაოდენობამ კულმინაციას მიაღწია, მათ შორის ჟურნალისტებიც არიან.

მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რა სისასტიკით უსწორდება პოლიცია დემონსტრანტებს, მაგრამ ვითომც არაფერი. აშშ-ს მოკავშირე არც ერთი ქვეყნის ხელისუფალს, ისე, როგორც ადამიანის უფლებების დამცველ „სახელგანთქმულ“ არასამთავრობო ორგანიზაციას კრინტიც არ დაუძრავს პოლიციელთა სისასტიკეზე, თუნდაც იმაზე, პოლიციის ავტომანქანები როგორ იჭრებიან დემონსტრანტთა რიგებში და თელავენ მათ.

არ ისმის ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს „ავტორიტეტული“ განცხადება ხალხის წინააღმდეგ „არაპროპორციული“ ძალის გამოყენების თაობაზე. ყველა სეირის მაყურებლის როლშია. არადა, სულ სხვა რეაქცია ექნებოდათ მსგავსი რომ მოსკოვში ყოფილიყო.

რუსეთმა, ტრადიციულად, ვერც ამჯერად აიცილა ამერიკელ პოლიტიკოსთა ცილისწამება. ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-ის ეთერში გამოსვლის დროს აშშ-ს ყოფილმა წარმომადგენელმა გაეროში სიუზან რაისმა, ამერიკელთა ბუნტის წამქეზებელი გამოავლინა და მას უშვერი სიტყვებით აგინა. ეს რუსეთია, რომელიც, სიუზანის თქმით, რახანია ერთმანეთს აპირისპირებს ამერიკელ ზანგებსა და თეთრკანიანებს.

„წამქეზებელი“ რუსეთის მიზანი მარტო ბუნტის მოწყობაა და მეტი არაფერი?

ყოფილ მაღალჩინოსანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში გარედან ჩარევა არა მარტო არეულობის გამოწვევისთვის ხდება, არამედ პოლიტიკური სისტემის შესაცვლელად. განა ასე არ მოქმედებს ამერიკა სხვა ქვეყნებში?!

გავიხსენოთ „ვარდების“ რევოლუცია, „არაბული გაზაფხული“, კიევის მაიდანი. რომელი ერთი ჩამოვთვალო?

ამერიკული ბუნტი სოციალურადაა შეფერილი, რომელსაც მოროდიორობა, მშიერთა მიერ სუპერმარკეტების ძარცვა ახლავს თან. ბუნტს პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც სახელმწიფო სისტემის დაშლისკენ მოუწოდებს ხალხს. ასეთი ლენინი არსად ჩანს. არადა რა ნოყიერი ნიადაგია შექმნილი სოციალური ბუნტის, სოციალისტურში გადასაზრელად?!

რუსულ ჩარევას უდავოდ ეყოლებოდა ლიდერი, რომელიც კრემლის ინსტრუქციებით წარმართავდა ამბოხს და რახან ასეთი არ ჩანს, უადგილოა რაისის განცხადება რუსულ ჩარევასთან დაკავშირებით.

ამერიკული მედია, განსაკუთრებით ელექტრონული ხომ მთლად გადაირია, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. „პუტინმა ურჩია ტრამპს მეამბოხეთა წინააღმდეგ მკაცრი სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებაო“.

არადა, ორი პრეზიდენტის საუბრის მთავარი თემა სექტემბერში „დიდი შვიდიანის“ სამიტის გამართვა იყო.

აშშ-ს დაბნეული პოლიტიკა საკუთარი შეცდომების აღიარების ნაცვლად, სხვას ადანაშაულებს. ამ შემთხვევაში რუსეთს და ჩინეთს. „რომ არა რუსეთი, აშშ-ს ქალაქების ბუნტს ადგილი არ ექნებოდაო“. ყოჩაღ რუსეთო! რა ძალა გქონია! ჯერ აშშ-ს პრეზიდენტად ტრამპი „დანიშნე“, ახლა ბუნტი მოაწყვე, მანამდე კი ისე წარმართე საქმე, რომ კორონავირუსმა წალეკა ამერიკა.

აი, რაც შეეხება ამ დაავადებას, სიმართლე მოითხოვს ვთქვათ, რომ რუსეთს, ჩინეთმა აჯობა. აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის განცხადებით ჩინეთმა აჰკიდა კორონავირუსი ამერიკას, რამაც 100000 ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა.

ტრამპმა, ჩინეთი ნომერ პირველ მტრად დაასახელა და მოუწოდა თავის მოკავშირეებს ასეთად ჩათვალონ ის. როგორც ჩანს სექტემბრის G-7 სამიტი ჩინეთის „მზაკვრულ“ პოლიტიკას მიეძღვნება. ტრამპს მოკავშირე სჭირდება, ცხადია გაცილებით ძლიერი, ვიდრე ევროკავშირელები, ამიტომაც მიიწვია მან სამიტზე პუტინი. ცდა ბედის მონახევრეა, თორემ რუსეთი, რომ ჩინეთს არ გაყიდის, ტრამპისთვისაც არის ცნობილი.

ამერიკელთა ამბოხი, რომ მარტო ჯორჯ ფლოიდის მოკვლით არ არის გამოწვეული მინესოტის გუბერნატორის და მინიაპოლისის მერის, აგრეთვე შავკანიანი აქტივისტის გამოსვლებიდანაც გაისმა. ისინი ფართოდ შეეხნენ იმ უფსკრულს, რომლის ამოვსება კარდინალური ძვრების გატარების გარეშე შეუძლებელია. ერთ მხარეს შეძლებული, მდიდარი თეთრები, მეორე მხარეს აშშ-ს მოსახლეობის 13-15% შავკანიანი — გაღატაკებული, უმუშევარი, უუფლებო ამერიკელი.

ვუსმენდი მათ გამოსვლებს და მახსენდებოდა საბჭოთა „პროპაგანდა“— ზანგთა აუტანელი ცხოვრების ქადაგებით, ძია სემის მიერ ყელჭაჭერილი საწყალი ზანგის კარიკატურით. მთლად პროპაგანდა არ ყოფილა ის კარიკატურები, სხვა სიტყვიერი თუ წერილობითი ნათქვამ-ნაწერი.

დიახ! აშშ-ი დიდი ქვეყანაა, ძლიერი, მაგრამ არადემოკრატიული, არადა რა დაბეჯითებით ტენის ის მსოფლიოს თავის „დემოკრატიულ“ გამოცდილებას?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი