ხელისუფლება-ოპოზიციის დაპირისპირების ახალი ეტაპი

კორონავირუსული თავდასხმის შედეგად შოკირებული საზოგადოება ნელ-ნელა გამოდის კარანტინული დისკომფორტისგან — სხვაგვარი ხედვით, დაავადების შედეგად მიღებული გამოცდილებით, რასაც ვერ ვიტყვით პოლიტიკაზე. განვლილმა დღეებმა ნათლად დაგვანახა, რომ ქართული პოლიტიკა „ურყვევია“ და მას არათუ კორონავირუსი, არამედ მსოფლიო წარღვნაც ვერაფერს დააკლებს.

კორონავირუსის შერბილებას უცბათ მოჰყვა ოპოზიციონერთა გამოფხიზლება და იერიში ხელისუფლებაზე. მოთხოვნა — ძველებური, პანდემიის დაწყებამდე არსებული — კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების დროული განხილვა და მიღება, „პოლიტიკური“ პატიმრების გათავისუფლება.

ოპოზიციონერთა მოთხოვნას სალ კლდესავით დახვდა ხელისუფლება და მათი სურვილი, პატიმრების განთავისუფლების თაობაზე, მიუღებლად მიიჩნია. ამაზე გაწიწმატებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უმალ გაიხსენეს საქართველოში, აშშ-ს საელჩოში გამართული შეხვედრა და შეთანხმება, რომლის მიხედვით საპარლამენტო არჩევნები იმ წესით უნდა ჩატარდეს, რომელიც აწყობს ოპოზიციას. გარდა ამისა გაიხსენეს მართლმსაჯულებაში სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობაზეც.

თუ პირველი — საარჩევნო სისტემა ასე თუ ისე მისაღებია ორივე მხარისთვის, მეორე —მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული, იწვევს კამათს და სრულიად შესაძლებელ ახალ დაპირისპირებას, ვინაიდან ოპოზიცია მტკიცედ აცხადებს შეთანხმების ორივე საკითხის განუხრელ შესრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს.

ყველა ოპოზიციონერი, როგორც ერთი, მოითხოვს აშშ-ს საელჩოში მიღებული შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებას, ხოლო ხელისუფლება, როგორც ერთი, აცხადებს, რომ ხელმოწერილ დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რამეთუ ასეთები საქართველოში არ არიან, ისინი კი, ვინც სასჯელს სამართლიანად იხდიან: უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა — რიგითი დამნაშავეები არიან და მათთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება არასერიოზულია.

პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის თალაკვაძის, „ოცნების“ სხვა ლიდერების განცხადებების მიხედვით, ხელისუფლებას ვერვინ აიძულებს შეასრულოს ის, რაც საელჩოს დოკუმენტში არ წერია.

ხელისუფალთა აზრს იზიარებს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა არცთუ უმნიშვნელო რაოდენობა მხარს უჭერს ოპოზიციის მოთხოვნას. საზოგადოების უმრავლესობას მიაჩნია, რომ სამივე „პოლიტპატიმარი“ დამნაშავეა და თავის დროზე უნდა დასჯილიყვნენ — არა მარტო ელიტარული კორუფციის გაღვივებისთვის, არამედ საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ოპოზიციონერები აღნიშნულ სამეულს უმწიკვლო კრავებად ხატავენ, მაგრამ ზოგიერთი, მაგალითად ბურჯანაძე ქალაქის ყოფილ მერს უგულავას ისეთად მიიჩნევს, როგორც ხელისუფლება, თუმცა ამჯერად მის ციხეში გამომწყვდევას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად თვლის. რას ნიშნავს ეს? უგულავა ქურდია, მაგრამ არა დღეს, როდესაც დაიჭირეს, არამედ ადრე, ქალაქის მერობის დროს?!

საზოგადოების უმრავლეს ნაწილს მიაჩნია, რომ ქურდი, ქურდია, როგორც გუშინ, ისე დღეს, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს. ხომ აგოო? — გაიძახის ოპოზიცია და ხელისუფლებას შეახსენებს უგულავას მოკლევადიან პატიმრობას.

ამ ისტორიაში ხელისუფლებაც ცოდავს. მან დროულად ვერ შეძლო უგულავას საწინააღმდეგო უამრავი მასალიდან ისეთის ამოწევა, ეჭვს რომ არ გააჩენდა და ყოფილ მერს მრავალი წლით ციხეში გამოამწყვეტდა.

სწორედ ამას მოითხოვდა ხალხი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ოცნებისგან“. მოწოდებას „სამართლიანობის აღდგენა ერქვა“. და ის, არა მარტო უგულავას ეხებოდა, არამედ ყველა დამნაშავე ნაცს. ასეთები კი უხვად იყვნენ და არიან. „ოცნების“ ხელისუფლება ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო, რომელმაც შეტევა მიიტანა კომუნისტებზე და კანონგარეშედ გამოაცხადა. თუმცა კომუნისტების დანაშაულს უკრაინელი ხალხის წინაშე გამადიდებელი შუშითაც ვერ შენიშნავთ. მსგავსი გადაწყვეტილებით არც ნაცები იქნებოდნენ და არც მათ მიერ გამოწვეული თავისტკივილი — 2012 წლიდან რომ თრგუნავს ხალხს, ქვეყანას, ხელისუფლებას.

როგორც ამბობენ, „სტრატეგიულმა პარტნიორმა“ მოაკვარახჭინა ეს საქმე და დამნაშავე ნაცები მეორე პარტიად, ამჯერად ოპოზიციად, აქცია, ხოლო მისი ლიდერი პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი ისე შეინახა, თითქოს მზეთუნახავი ყოფილიყო. შეინახა თავისთვის ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით უკრაინა-საქართველოში აშშ-ს პოლიტიკის გასატარებლად. და დადგა სააკაშვილის ამოტივტივების ჟამი, ჯერ უკრაინაში, ხოლო შემდეგ ვინ იცის? …

აშშ-ს ადმინისტრაცია წამითაც არ შეყოვნებულა უკრაინაში სააკაშვილის ახსაზევებლად. მას არც კი გახსენებია, რომ პრეზიდენტყოფილი, კრიმინალი სააკაშვილი, სამშობლოში სასჯელმისჯილი, რახანია ციხეში უნდა იყოს, მაგრამ რომ იტყვიან — სხვისი მართლმსაჯულება არაფერია ამერიკისთვის, ისე, როგორც უგულავას, რურუას, ოქრუაშილის შემთხვევაში, თორემ ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების მოწოდებებს მათი გათავისუფლების თაობაზე ადგილი არ ექნებოდა. არც აშშ-ს საელჩო ჩაერეოდა დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს საშინაო საქმეებში.

საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, აშშ-ს საელჩოში ქართულ პოლიტიკურ სპეკტრთან ა.წ. 8 მარტის შეხვედრა საქართველოს სუვერენიტეტთან, კანონმდებლობასთან ამერიკელთა მსუბუქი მიდგომის აშკარა გამოვლინებაა.

აშშ-ს ელჩი ქალბატონი დეგნანი დაღალა საქართველოს ხელისუფლება-ოპოზიციის მუდმივმა ქიშპმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ორივე მხარე იხმო, ხელიც მოაწერინა მის მიერ შედგენილ დოკუმენტზე, რომელიც ჩახლართული წინადადებების გამო იმდენად გაურკვეველია მხარეთათვის, რომ ხელისუფლება სხვაგვარად იგებს, ოპოზიცია სხვაგვარად. ყველა ოპოზიციური პარტია აღტაცებული გვაუწყებდა გამარჯვებას. ხელისუფლებაც ტოლს არ უდებდა, მაგრამ მის ნათქვამში სიმტკიცე, თუნდაც ისეთი, როგორც დღეს (გახარია), არ შეინიშნებოდა.

კორონავირუსმა თავისი კორექტივები შეიტანა პოლიტიკურ ცხოვრებაში. იძულებითმა არდადეგებმა დადებითად იმოქმედა ხელისუფლებაზე. ის უფრო მტკიცედ გამოიყურება, მიღებული შეთანხმების პუნქტებთან მიმართებაში. მისი განცხადება — აბა მაჩვენეთ, სად წერია „პოლიტპატიმრები“ უნდა გავათავისუფლოო, ოპოზიციის განრისხებას იწვევს. მაგრამ ხელისუფლება მართალია. რაც არ უნდა ყურადღებით წაიკითხოთ შეთანხმების მეორე პუნქტი, ვერსად ნახავთ ისეთს, „პოლიტპატიმრებს“ რომ მიესადაგებოდეს.

ოპოზიციონერი ბოკერია კი გვიმტკიცებს — მართლმსაჯულება რომ წერია, იქ უნდა ვიგულისხმოთ პოლიტპატიმრებიო. იგულისხმა მან და ყველა ოპოზიციონერმა, მაგრამ არა იმან, ვინც უგულავა, რურუა, ოქრუაშვილი ციხეში გაისტუმრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ თალაკვაძემ საფუძვლიანად განიხილა დოკუმენტი და თავისი ხედვის განსამტკიცებლად მიმართა აშშ-ს, სხვა ქვეყნების საელჩოებს განმარტებისთვის. მათაც არ დააყოვნეს და უპასუხეს ზუსტად ისე, როგორც ხელშეკრულების მეორე პუნქტშია ჩამოყალიბებული ანუ გაუგებრად. თან ისიც დაამატეს — შიდა სამზარეულო გარეთ არ გამოგვაქვსო.

ვითარება ორ მხარეს შორის დარჩა ისეთი, როგორიც 8 მარტამდე იყო. ამერიკის საელჩოს ისღა დარჩენია კიდევ ერთხელ დაიბაროს ჭინჭყლი მოწაფეები და ახლიდან მოაწერინოს ხელი ისეთ დოკუმენტზე, რომელიც ორივე მხარისთვის და რაც მთავარია საზოგადოებისთვის იქნება გასაგები.

ის, რაც მოგახსენეთ, სრულ ჰარმონიაშია იმ სინამდვილესთან, რასაც ამერიკული დემოკრატია ჰქვია, იმ დემოკრატიულ გზასთან, საქართველომ რომ აირჩია დამოუკიდებლობის მიღებისთანავე.

ოპოზიცია აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების დროს ადგილი ჰქონდა ზეპირ შეთანხმებას „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების თაობაზე და მაშინ ხელისუფლება დაპირდა აშშ-ს ელჩს დეგნანს საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

ოპოზიციონერმა ბურჯანაძემ (მისი ყოფნა ამ ოპოზიციურ აჯაფსანდალში გაოცებას იწვევს) განმარტა, რომ თურმე დიპლომატიაში არის ზეპირი შეთანხმება, რომელსაც ისეთივე ძალა აქვს, როგორც ხელშეკრულებას და მისი შესრულება ისეთივე სავალდებულოა, როგორც ხელმოწერილი დოკუმენტის.

ბურჯანაძე მართალია, მაგრამ ვისთანაც ამჯერად გვაქვს საქმე არათუ ზეპირ შეთანხმებას, არამედ ხელმოწერილსაც კი ზერელედ უყურებს. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა არაფრად ჩააგდო გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, გერმანიის და ირანის ხელშეკრულება და ცალმხრივად მიატოვა ის;

აშშ-ა არაფრად ჩააგდო ამერიკა-სსრკ-ს ხელშეკრულება საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებთან დაკავშირებით და მიატოვა ის.

სულ ახლახანს, თეთრმა სახლმა, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფაშიზმზე გაიმარჯვეს აშშ-ა და დიდმა ბრიტანეთმა. საბჭოთა კავშირი, რომელმაც ამ ომში 28 მილიონი ადამიანი დაკარგა, არ იყო ნახსენები. ამერიკა-ინგლისის მსხვერპლი ერთ მილიონსაც არ აღწევს. ესოდენი მცირე ძალით ფაშისტური გერმანიის 10-მილიონიან არმიას ვერვინ გაუმკლავდებოდა.

სიცრუის ტირაჟირება ჩვეული რამაა „დემოკრატიული“ დასავლეთისთვის, ისე, როგორც სინამდვილეზე თვალის დახუჭვა. აღნიშნულის კლასიკური მაგალითია პრეზიდენტ კლინტონის განცხადება, რომ არასდროს სმენია აშშ-ს დაპირება სსრკ-ისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში არგაწევრების თაობაზე. არადა ჯენტლმენური შეთანხმება უფროს ბუშსა და გორბაჩოვს შორის, რომ ნატო ახლოსაც არ მივიდოდა საბჭოთა საზღვრებთან არსებობდა. ოღონდ ამ უკანასკნელს დაენგრია ბერლინის კედელი, თვალი დაეხუჭა დასავლეთ გერმანიის მიერ აღმოსავლეთ გერმანიის ჩაყლაპვაზე და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე ვინ იფიქრებდა.

კლინტონმა არათუ დაანგრია დიპლომატიური ვერბალური შეთანხმება, არამედ აქტიურად მიჰყო ხელი აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების საქმეს.

2 წლის წინ, აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გაიხსნა საარქივო, საიდუმლო მასალები, მათ შორის ამერიკა-სსრკ-ს — მოლაპარაკებები ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, სადაც არსებობს დიპლომატიური ჩანაწერები ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოებაზე; საუბრები ბუშსა და გორბაჩოვს შორის; გერმანიის კანცლერ კოლსა და გორბაჩოვს შორის აშკარა დასტურია ზეპირი შეთანხმების, რომელიც უცბათ „დაივიწყა“ ბუშის (უფროსი) შემდგომმა პრეზიდენტმა კლინტონმა.

რა გაეწყობა, პოლიტიკურ სარბიელზე ხშირად გვხვდებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, რომლებიც უმალ ივიწყებენ სიტყვიერ შეთანხმებას, ისე, როგორც ხელმოწერილს და საკუთარი მიზნების მისაღწევად ორივეს (სიტყვიერს და ხელმოწერილს) სანაგვეში მოისვრიან. განა ამის მაგალითი არ არის ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიერ საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა და 2008 წლის აგვისტოში მძინარე ცხინვალისთვის „გრადების“ დაშენა?

ხელისუფლებამ მტკიცე პასუხი გასცა ოპოზიციას „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა 8 მარტამდეც მტკიცედ გამოიყურებოდა საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, მაგრამ უფრო მტკიცე და კატეგორიულმა ქალბატონმა დეგნანმა  იოლად გააცამტვერა „ოცნებელთა“ სიმტკიცე. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ამგვარ ფერისცვალებას ამჟამად მაინც არ ექნება ადგილი და „ღრმადპატივცემული“ ე.წ. პოლიტიკური პატიმრები გააგრძელებენ ციხის კომფორტულ ერთადგილიან „ნომრებში“ ცხოვრებას, რითაც საკუთარ წვლილს შეიტანენ საქართველოს მშვიდ ცხოვრებაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი