21.12.2024

კორონავირუსის წყალობით შექმნილი ცხოვრება

ბატონ  სპარტაკ ქობულიას

კორონავირუსმა განუზომელი გარდატეხა შეიტანა მსოფლიოს ხალხთა, მათ შორის ქართველთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. სულ რაღაც ხუთი თვის განმავლობაში ადამიანის ყოფა ისე შეიცვალა, რომ კორონავირუსისგან გადარჩენილი, გაოცებული უყურებს პანდემიამდე არსებულ თავისუფალ ცხოვრებას, რომელიც ჯერ-ჯერობით ტკბილ მოგონებად რჩება.

„კოვიდ-19“-ს მეორე ეტაპის შეტევით შეშინებული ხალხი მცირედი თავისუფლებითაც კმაყოფილი რჩება, ოღონდ მზაკვარმა ვირუსმა წერტილი არ დაუსვას მის არსებობას. ვირუსოლოგები გვიცხადებენ, რომ ვირუსის შემოტევა შემოდგომის სიცივესთან ერთად შეგვახსენებს თავს, თან ისეთივე აგრესიულობით, დღემდე რომ ვიწვნიეთ.

ვირუსის ძველი აფეთქების ჩაქრობიდან, ახალი აფეთქების დაწყებამდე სულის მოთქმის საშუალება მოგვეცა, მაგრამ მედიკოსთა განმარტებით თუ არ დავიცავთ მათ რეკომენდაციებს და შეზღუდულად არ წარვმართავთ ჩვენს ყოფას, კარგი არაფერი დაგვადგება. შეზღუდვებში კი იგულისხმება უდარდელი ჰარი-ჰარალეს დავიწყება საჯარო თავშეყრის ადგილებში, რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში.

ტურიზმიც, როგორც შინა, ისე გარე, შეზღუდული იქნება — უკონტაქტო, დისტანციური. ნაკლებად ექნება ადგილი ვახტანგურს, ტუჩში კოცნას, დაუსრულებელ სადღეგრძელოებს, ყანწით და განსხვავებული სასმისით ღვინის სმას.

თავის გადარჩენით დაკავებული მოსახლეობა, თავისდაუნებურად, ქვეცნობიერად — კარჩაკეტილი, საკუთარ თავში ჩაკეტილი აღმოჩნდა. დაავადების შიშით შეფიქრიანებულმა, ხან კარანტინი დააწესა, ხან კომენდანტის საათი; სამოცდაათი წლისა და მეტის ადამიანებს სახლიდან გამოსვლა აუკრძალა; სკოლის მოწაფეები, სტუდენტები „ონ-ლაინ“ ლექციებსა და გაკვეთილებს მიაჯაჭვა.

ქვეყნის და ხალხის ცხოვრებაში ორ საზეიმო და მნიშვნელოვან თარიღს — ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს და 26 მაისს — დამოუკიდებლობის დღეს, სატელევიზიო განცხადებების სტატუსი მიანიჭა. ვეჭვობ, რომ კორონავირუსის არარსებობის შემთხვევაში ორივე ზეიმს, მართლაც საზეიმო სახე ჰქონოდა, ვინაიდან მათ მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეცვლილია ადრინდელთან შედარებით. პირველს — ფაშიზმზე გამარჯვებას, გულით და სულით სამამულო ომის ვეტერანები (რომელთა რიცხვი დღითიდღე კლებულობს) და 50-წელს გადაცილებული ადამიანები აღნიშნავენ. ახალგაზრდებს და ზოგიერთ „ძველგაზრდას“ ფაშიზმზე გამარჯვება არაფრად მიაჩნიათ, ვინაიდან თვლიან, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული საქართველო, სხვის ომში იძულებით იღებდა მონაწილეობას. მეორეს — ეროვნულ დღესასწაულს, რახანია წყალს უყენებენ და ამტკიცებენ, რომ არა 26 მაისს, არამედ სხვა დღეს უნდა ჩატარდეს.

საქართველოს პოლიტიკას — ხელისუფლებაში მყოფს თუ გარეთ დარჩენილს — „სხვის ომთან“ დაკავშირებით, ერთნაირი ხედვა აქვთ. განა ამას არ ნიშნავს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, რომ საქართველოში მცხოვრებნი „ცხვრებივით გარეკეს სხვის ომში“?!

როდესაც ასეთი საჯარო განცხადება კეთდება, ძნელია იმის დაჯერება, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში „ოცნების“ მიერ ჩატარებული 9 მაისის ზეიმები, გულწრფელი ხასიათის მატარებელი იყო. მას უფრო სავალდებულო სახე ჰქონდა იმ ისტორიის წინაშე, რომელსაც საქართველოს პოლიტელიტა ლანძღვა-გინებით იხსენებს.

ზემომოყვანილი სიტყვების მთქმელ ერთ-ერთ ხელისუფალს, რატომღაც ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის ოჯახში მყოფი საქართველო იძულებული იყო ეცხოვრა იქ, იძულებით აეშენებინა ქვეყანა, მისი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, განათლება და მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა, სპორტი. იძულებული იყო გაეუმჯობესებინა დემოგრაფიული მდგომარეობა და ლამის გადაშენებამდე მისული მოსახლეობის რაოდენობა ხუთმილიონნახევრამდე გაეზარდა. აღნიშნული წარმატებების მოპოვება ვითომ იძულებით მოხდა?

ძნელია აიძულო 700000 ადამიანი წავიდეს ომში და თავი შესწიროს „სხვის“ საქმეს ანუ, როგორც მას (ვითომ სხარტი გამოთქმის ავტორს) ჰგონია. „სხვის ომში“ საქართველოს 9 სამხედრო დივიზია იბრძოდა. ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისა და გმირობისთვის 70000 ქართველი დაჯილდოვდა უმაღლესი ჯილდოებით, ორდენებითა და მედლებით, ხოლო 90-ს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

ომში წასული 700000-სიდან მხოლოდ ნახევარი დაუბრუნდა თავის რესპუბლიკას, ოჯახს. ყველა ისინი, ვითომ დაძალებით იბრძოდნენ იმ კავშირის გადასარჩენად, რომლის სათავეში გენერალისიმუსი იოსებ სტალინ იყო? იქნებ მარშალმა ბერიამ, საბჭოთა ატომური ბომბის შექმნის ორგანიზატორმა და სულისჩამდგმელმა, აიძულა ქართველობა, კავკასიის დასაცავად ანუ საკუთარი ოჯახის „სხვის ომში“ მიეღო მონაწილეობა?

მაშინდელი საბჭოთა კავშირი მართლაცდა ის ძმური ოჯახი იყო, რომლის დასაცავად არასრულწლოვანი ქართველებიც გარბოდნენ ფრონტზე. განა გამოთქმა „სხვისი ომი“ შეურაცხყოფას არ აყენებს ომის ვეტერანებს და ყველა იმას, ვინც „სამშობლოსთვის, სტალინისთვის“ მტრის ტანკებს უვარდებოდა?

ისტორიის დავიწყებას, თავის დავიწყება ახლავს თან, რაც თვალნათლივ გამოჩნდა ე.წ. დამოუკიდებლობის ჟამს. ანტისაბჭოური, ანტირუსული, ანტიმართლმადიდებლური და კიდვ მრავალი „ანტი…“ დასავლეთიდან მოვიდა და ისე გავრცელდა, როგორც კორონავირუსი. არვინ იცის, რომელი ვირუსია უფრო მავნე საზოგადოებისთვის. იქნებ ორივე? მაგრამ არა! კორონავირუსს რაღაც ეშველება, რუსოფობიას არა! და რატომ? მარტივი მიზეზის გამო — მას „დემოკრატიის განმტკიცებისთვის“ საბრძოლველი დაფინანსება ჰქვია. დაფინანსების სათავე კი ვაშინგტონია, რომელმაც კარგა ხანია შეიმუშავა მტრულად განწყობილი ქვეყნებით რუსეთის შემორკალვის პროექტი.

პროექტებს სხვადასხვა სახელი აქვთ — ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, სუამი, ნატოსთან თანამშრომლობა და ა.შ., მაგრამ შინაარსი იგივეა — რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ბრძოლის საწარმოებლად აშშ-ა შესაფერისი კადრებიც გამოზარდა პოზიცია-ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სახით.

ძველი, საბჭოური თაობა აშშ-ს გამოზრდილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჩაარეცხვინა. მიზანი? მარტივი — საბჭოური ცხოვრების და გამოცდილების, თანამედროვე ცხოვრებაში გადმოტანის შესაძლებლობის ძირფესვიანი ამოძირკვა. შეძლო თუ არა ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა ამ საქმეში წარმატების მოპოვება?

უდავოდ შეძლო, ოღონდ ჯერ-ჯერობით ნაწილობრივ. ცოტა აკლია „ბეჯითი“ ახალგაზრდების ტოტალურ „გადემოკრატებამდე“. დემოკრატია კი ვაშინგტონის გაგებით არც ევროპულია და მითუმეტეს არც აღმოსავლური. დემოკრატია მხოლოდ ამერიკულია — მსოფლიოს პირველი ქვეყანა, პირველი ყველაფერში — ხელოვნება იქნება თუ სპორტი, მედიცინა თუ განათლება, დიპლომატია თუ შეიარაღება და ა.შ.

„დემოკრატიული“ ამერიკა ვერ იტანს, როდესაც სხვა ქვეყანა ეცილება ჩამოთვლილ დარგებში და რომ ამას არ ჰქონდეს ადგილი მილიონებს ხარჯავს მეტოქის იმიჯის შესარყევად, მისთვის პრობლემების შესაქმნელად. ცხელ-ცხელი ზღაპრების შესათხზველად, რომელთაც დაბეჯითებით ამეორებინებს აშშ-ს სამსახურში ჩამდგარ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს.

მაგალითის მოსაყვანად შორს წასვლა არ დაგვჭირდება. სულ ახლახანს „ფაინენშალ თაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა: „შიდა პრობლემები რუსეთში, როგორც წესი, იწვევს საგარეო აგრესიას და არა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გადახედვას ან თანამშრომლობას.“ … „პანდემიისა და ნავთობის კრიზისი, შესაძლოა, პოლიტიკური სიტუაცია, ყველაფერმა ამან შეიძლება უბიძგოს, წაახალისოს რუსეთი აგრესიისკენ, რათა მან აჩვენოს უპირატესობა საზღვრებს გარეთ. …“.

ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის კოსაჩოვის განცხადებასთან ერთად გაკეთდა, რომელსავ არადიპლომატიური, ტრადიციული ლანძღვა-გინება, ქილიკი მოჰყვა ხელისუფლება-ოპოზიციაში. ძნელია დაიჯერო, რომ უტაქტო გამონათქვამებს პრეზიდენის ყურამდე არ მიეღწია და თუ მიაღწია, ვერ გაეგო კოსაჩოვის ნათქვამი სწორედ „ურთიერთობების გადახედვას და თანამშრომლობას“ რომ ეხება?

მარტივად რომ ვთქვათ, მან გვითხრა — მზად ვართ შეხვედრა-მოლაპარაკებისთვისო. ჩვენ რა ვუპასუხეთ? მოლაპარაკება არაფერს მოიტანს, უშედეგო იქნებაო (ვოლსკი).

პრეზიდენტს უნდა შევახსენოთ, რომ კოსაჩოვამდე მოლაპარაკების დაწყების სურვილი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც გამოთქვა, თუმცა ზურაბიშვილის წინამორბედმა სიტყვა ბანზე აუგდო და კარგა ხნის დაგვიანებით, რის ვაივაგლახით ამოილუღლუღა — მოკავშირეებთან უნდა შევათანხმო ეს საკითხიო.

ზურაბიშვილმა იცის ყოველივე ეს, მაგრამ ამასთანავე ისიც იცის, როგორ დაუხატოს დასავლეთს ჯიუტი, ეშვებიანი რუსეთის აგრესიული სახე. რა გაეწყობა — ასეთია დავალება.

სულ ახლახანს აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის განცხადებას „ღია ცის“ შეთანხმების დატოვებასთან დაკავშირებით, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში რუსეთის მორიგი ლანძღვა-გინება მოჰყვა,   ვინაიდან, თურმე რუსეთი არღვევს შეთანხმებას.

აშშ-ი, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან, 1992 წლის ჰელსინკის შეთანხმებამდე, თხოვდა საბჭოთა კავშირს, რომ ერთმანეთის ნებართვით, სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად, ერთმანეთის ტერიტორიაზე, 10-კილომეტრიანი დერეფნის ფარგლებში განეხორციელებინათ ფრენები.

აშშ-ი და მისი მოკავშირე ქვეყნები დიდ ინტერესს გამოხატავდნენ რუსეთის დასავლეთის საზღვრებთან შეიარაღებული ძალების განლაგების თაობაზე. სწორედ იქ, საბჭოთა ჯარების კონცენტრაციის, რაკეტების განლაგების შესწავლის მიზნით აშშ-ს და ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალების მზვერავი თვითმფრინავები აწარმოებდნენ ფრენებს, ცხადია რუსეთთან შეთანხმებით.

შეთანხმება ძალაში 2002 წელს შევიდა და იქიდან მოყოლებული დღემდე აშშ-ა რუსეთის ტერიტორიაზე (10-კილომეტრიან დერეფანში) 181 ფრენა განახორციელა, ხოლო რუსეთმა აშშ-ი — 77.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პომპეოს განცხადება, რომ „რუსეთმა არ დაუშვა სადამკვირვებლო ფრენები მის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რითაც შეეცადა გაეტანა ცრუ განცხადებები, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენენ“ — საბაბია და მეტი არაფერი.

ხელშეკრულებას 35 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის საქართველოც. „ღია ცის“ შეთანხმება არაწევრი ქვეყნების ტერიტორიებზე ფრენას კრძალავს. აქედან გამომდინარე, რუსეთმა უარი უთხრა აშშ-ს არაწევრ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების შემოწმებაზე. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიდგომა ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებისადმი, რომელიც გაფორმდა ტრამპის გაპრეზიდენტებამდე.

ტრამპმა მიატოვა გაეროს 5 მუდმივი წევრის და გერმანიის ირანთან დადებული ხელშეკრულება; ტრამპმა დატოვა ამერიკა-სსრკ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებთან დაკავშირებით; ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს 1992 წელს მიღებული შეთანხმებიდან გასვლა ბირთვული იარაღის გამოცდის აღსადგენად და ა.შ.

„ღია ცის“ ხელშეკრულება აღარ აწყობს ტრამპს, ვინაიდან სხვადასხვა მიზეზებთან ერთად აფიქრებს რუსული მზვერავი თვითმფრინავი TY-214, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არის და რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად შეუძლია დაკვირვების ზონის აღწერა.

ბირთვული იარაღის გამოცდების აღდგენის განცხადებამ თვით ამერიკელ ექსპერტებში გამოიწვია კრიტიკა. მათ ჩათვალეს, რომ ასეთ ნაბიჯს უდავოდ მოჰყვება ბირთვული სახელმწიფოების ანალოგიური ქმედება და არაბირთვულის მცდელობა ასეთის შესაქმნელად, რაც შეიარაღების დარგში შეჯიბრს გამოიწვევს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე გამალებულ შეიარაღებაზე ფიქრი მიუღებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აშშ-ს ადმინისტრაციისთვის შეზღუდვები მიუღებელია. მას მსოფლიო ჰეგემონობის განმტკიცება სწადია.

არადა, რაზეც აშშ-მა უნდა გაამახვილოს ყურადღება კორონავირუსთან ბრძოლაა და არა გამალებული შეიარაღება, მითუმეტეს, როდესაც მსოფლიოს ჰეგემონი, უდავოდ დამარცხდა ვირუსთან ბრძოლაში. აშშ-ი პირველია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის — 100000-ზე მეტი ხუმრობა საქმე არაა, უფრო მეტი, ვიდრე კორეის, ვიეტნამის, ერაყის, ავღანეთის ომებში.

ვირუსთან ბრძოლაში დამარცხებული ამერიკა ჩინეთს და რუსეთს სდებს ბრალს. პირველს — დაავადების გავრცელებაში, მეორეს — ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის დამალვაში. აშშ-ზე აყოლილმა ჩვენი საზოგადოების ნაწილმა გაიმეორა „სტრატეგიული პარტნიორის“ ნათქვამი, მაგრამ ხასიათი გაუფუჭდა, როდესაც ანალოგიური ბრალდება წაუყენა მეზობელმა სომხეთმა. ცილისწამება ძნელი ასატანია, რაც კარგად უნდა ესმოდეს ქართულ პოლიტიკას.

სიმართლე მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ჯერ-ჯერობით საქართველო წარმატებით უმკლავდება კორონავირუსულ შემოტევას. 12 გარდაცვლილი აღნიშნულის დასტურია. დაავადებას ჯეროვნად გაართვეს თავი მედიცინის მუშაკებმა, ხელისუფლებამ, რომელმაც შექმნა დაავადებასთან ბრძოლის მყარი ნიადაგი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი საბჭოთა სამედიცინო სისტემის გამოზრდილებმა გაცილებით წარმატებით იღვაწეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე სახელგანთქმულმა დასავლეთმა.

სტატისტიკის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე დასავლეთი. თუ რით არის ეს გამოწვეული ფუნდამენტურმა კვლევებმა უნდა გამოავლინოს, მანამდე კი ნაცვლად ერთმანეთის დახმარებისა, ერთმანეთის კრიტიკით ვიქცევთ თავს და რაც ყველაზე სამწუხაროა — ერთმანეთის განადგურების იარაღის შექმნით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი