ბრძოლა კორონავირუსთან

ბატონ გურამ გოგიაშვილს

კორონავირუსის მომაკვდინებელი ქარიშხალი მთელს მსოფლიოზეა მოდებული და ვისაც ამოიჩემებს, წამითაც არ ჩერდება საკუთარი ჩანაფიქრის ზედმიწევნით, წარმატებით შესასრულებლად. ჩანაფიქრი — ადამიანი და მისი სიცოცხლეა.

ვირუსოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერები ისეთი სითბოთი და ზრუნვით ახასიათებენ კორონავირუსს, როგორც ცოცხალ არსებას, რომელსაც სიცოცხლე და არსებობა სურს. მისი მიზანი სულაც არ არის ადამიანის მოსპობა, ვინაიდან მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმში ცხოვრობს ის. მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმში ხდება ვირუსის შთამომავლობის ჩასახვა და განვითარება, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორთა გამოისობით ვირუსი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რასაც ადამიანის სიკვდილიც მოჰყვება. მარტივი, გასაგები ენით რომ ვთქვათ ვირუსს არ სურს იმ გარემოს მოსპობა, სადაც ჩაბუდება მოახერხა, მაგრამ იძულებულია ასე მოიქცეს.

მეცნიერთა განმარტებით, ვირუსები დედამიწაზე გაცილებით ადრე გაჩნდნენ, ვიდრე ადამიანები და მას შემდეგ, რაც კაცობრიობას და ვირუსებს შორის პირველი შეჯახება მოხდა, დაპირისპირებულმა მხარეებმა, თავის გადარჩენის მიზნით, ხელი მიჰყვეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას. ბრძოლა ხანგრძლივი და უსასრულო გამოდგა — მილიონობით მსხვერპლით.

საუკუნეებზე გაჭიმულ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების დროს, სამშვიდობო პაუზებსაც აქვს ადგილი, ისე, როგორც ქვეყნებს შორის გაჩაღებული ომის დროს ზავის დადებას. ადამიანსა და ვირუსს შორის „გაფორმებული“ საზავო ხელშეკრულება ხან ხანგრძლივი პერიოდით გრძელდება, ხან შედარებით ნაკლებით, თუმცა ზავის შემგდომ სამშვიდობო ვითარებას თან ახლავს პატარ-პატარა ბრძოლები, ნაკლები მსხვერპლით, ისე, როგორც ქვეყნებს შორის გაჩაღებულ დიდ ომებს ახლავს პატარ-პატარა ომები, რეგიონული ომების სახით.

მეორე მსოფლიო ომმა, რომელშიც მრავალი ქვეყანა იყო ჩართული, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ მას შემდეგ გაჩაღებულმა რეგიონულმა ომებმა — გაცილებით ნაკლები.

ერთმანეთის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად ადამიანები ახალ-ახალ იარაღს იგონებენ — დამანგრეველს, გამანადგურებელს, მოწინააღმდეგის ბანაკში დიდი მსხვერპლის გამომწვევს. მეცნიერები, რომელთა ტვინსა და მარჯვენას მიეკუთვნება ახალ-ახალი იარაღის შექმნა, თავის მართლების მიზნით იმასაც ამბობენ, რომ დიდი მსხვერპლის მომტანი იარაღი იმისთვის არის საჭირო, რომ ადამიანმა ერთხელდასამუდამოდ ხელი აიღოს ომზე.

აი, რას ამბობდა დინამიტების მეფე ალფრედ ნობელი: „მე, მსურს გამოვიგონო ისეთი საშინელი და დამანგრეველი ნივთიერება ან მანქანა, რომლის წყალობით ომები სრულიად მიუღებელი გახდება“. თუმცა ამ სიტყვების მთქმელი თვლიდა, რომ „ეროვნული ინტერესები მორალზე მაღლა დგას და ეს ყოველთვის ასე იქნება“.

ბირთვული თუ წყალბადის ბომბების შემქმნელი მეცნიერებიც, ისე, როგორც ნეიტრონისა, დაბეჯითებით იმეორებდნენ იმას, რაც ალფრედ ნობელმა თქვა, ვინაიდან ითავისებდნენ პასუხისმგებლობას, რაც თან ახლდა მასობრივი მსხვერპლის გამომწვევი ოარაღის შექმნას. გარდა ამისა, ნობელის მსგავსად, ხაზგასმით აღნიშნავდნენ სამოქალაქო საქმეში ამ იარაღის გამოყენებით მიღწეულ წარმატებებს.

და მართლაც, რამხელა პროგრესი არგუნა კაცობრიობას სამოქალაქო საქმეში დინამიტის გამოყენებამ?!

თანამედროვეობამ, რომელმაც ზედმიწევნით კარგად გაიგო ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული მასობრივი ნგრევისა და ადამიანთა ხოცვის ისტორია, სხვა გზა აირჩია — სწრაფი თავდასხმის.

რას გულისხმობს სწრაფი თავდასხმა? იერიშის მისატან ობიექტამდე მანძილის შემცირებას, რაც ობიექტამდე მისაღწევად თავდამსხმელის რაკეტებს მისცემს საშუალებას მანძილის ისე სწრაფად გავლას, რომ თავდამცველმა ვერ მოასწროს დროული რეაგირება. სწორედ ამ ჩანაფიქრის ასრულებას ემსახურება რუსეთის საზღვრებთან აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება.

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ერთის შეხედვით და დასახელებიდან გამომდინარე თავდაცვითია, მაგრამ ეს უფრო მოჩვენებითია, ვიდრე რეალობა. რეალობა კი გვიჩვენებს რა სწრაფად შეიძლება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის, დამკვრელურად გადაკეთება.

უნებლიედ იბადება კითხვა — დასავლეთის მეტოქე რუსეთს კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტებიც ხომ გააჩნია, რომელსაც ის აუცილებლად გამოიყენებს გასაჭირის შემთხვევაში?

ცხადია, გამოიყენებს, რის შესახებაც ითქვა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან. მაშ რაში სჭირდება აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ევროპაში განლაგება?

დაშინების მიზნით და იმისთვის, რომ რუსეთმა თავი იგრძნოს დამარცხებულად და უსიტყვო კაპიტულაციის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს, ანუ გააკეთოს ის, რაც აშშ-ს და დასავლეთს აწყობს.

ასეთ მორჩილებას უკვე ჰქონდა ადგილი თანამედროვე რუსეთის ისტორიაში — პრეზიდენტ ელცინის მმართველობის დროს, როდესაც ამერიკელმა ექსპერტებმა, დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაჩანაგებულ რუსეთს აკეთებინეს ის, რაც საბჭოთა პერიოდში წარმოუდგენელი იყო.

საბჭოთა იმპერიის მემკვიდრე რუსეთი, უნიათო, უპრინციპო მართვის შედეგად მუხლებზე დაჩოქილი აღმოჩნდა და რომ არა პუტინი, ეს ქვეყანა წელში ვერ გასწორდებოდა. რუსეთმა სწრაფად მოახერხა მთელი რიგი სიძნელეების გადალახვა და მოწინავე ქვეყნების რიგებში ჩადგომა, რამაც გააათკეცა მის წინააღმდეგ დასავლეთის ბრძოლა. პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით, სწრაფი რეორგანიზაცია ჩატარდა რუსეთის არმიაში. ის აღიჭურვა ისეთი იარაღით, რომელსაც ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში და როგორც ჩანს კარგა ხნის განმავლობაში არ ეყოლება.

ახალი იარაღის გამოჩენამ წყალს გაატანა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების აუცილებლობა, მარტივი მიზეზის გამო — რუსული იარაღისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს რაკეტსაწინააღმდეგო ბადის გარღვევა.

აღნიშნულის საპირისპიროდ, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა მოუწოდა სამხედრო სფეროში მომუშავე მეცნიერებს ახალი სახის იარაღის შექმნა, რაც თავისთავად იწვევს შეიარაღების დარგში შეჯიბრს.

რომ იტყვიან — კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. დიდი ქვეყნების ჩანაფიქრი, დახვეწილი ზებგერითი რაკეტების და სხვა სახის იარაღის გამოგონება-დამზადებასთან დაკავშირებით, მოულოდნელმა, ზებუნებრივმა უხილავმა ძალამ არარაობად აქცია. ამ ძალას კორონავირუსი ჰქვია. მისი მოქმედების არეალი დედამიწაა და მასზე არსებული ქვეყნები, ამ ქვეყნებში მცხოვრები ხალხები — თეთრი, მუქი, მოყვითალო ფერის, განსხვავებული მენტალიტეტის, რელიგიური მრწამსის, ისტორიის, ცხოვრების წესის, ტრადიციების მატარებელი.

მისმა გამოჩენამ უმალ აგრძნობინა ყველას — ღარიბსა და მდიდარს, ქვეყნის მეთაურსა თუ რიგით მოქალაქეს, რომ მბრძანებელი ისაა და არა სხვა — ჩვენთვის დღემდე ცნობილი ზეადამიანი, მბრძანებლობის ინსტრუმენტებით აღჭურვილი. მას არ მოსწონს ჩვენი ცხოვრების წესი, ე.წ. გლობალიზაცია, საზღვრების მოშლა, ხალხთა უსასრულო გადაადგილება, ერთმანეთში მიმოსვლა, მოჭარბებული დემოკრატია, ადამიანის გაფართოებული უფლებები.

მას უფრო კარჩაკეტილობა იზიდავს — ქვეყნებს შორის საზღვრების აღდგენა, თვით ქვეყნებში ხალხის დისტანციური ურთიერთობა, საკუთარ სახლში ჩაკეტვა, გარე სამყაროსთან კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანა. მას არ უყვარს ყბადაღებული გლობალიზაცია, ქვეყნებს შორის რაღაც კავშირები — ევროკავშირისა თუ ნატოს, ევროსაბჭოსა თუ გაეროს სახით, სადაც ადგილი აქვს ფართომასშტაბიან შეხვედრებს, კონფერენციებს, თათბირებს, ხშირ შემთხვევაში არაფრის მთქმელს და არაფრის მომტანს.

მოულოდნელი ვირუსული შეტევის შედეგად ნოკდაუნში ჩავარდნილი საზოგადოება კორონავირუსის მოთხოვნებს რაღაც ზებუნებრივ, ზესახელმწიფოებრივ ძალას უკავშირებს — ე.წ. მსოფლიოს მთავრობას, რომელსაც აღარ მოსწონს გლობალიზაციით მოტანილი მოჭარბებული თავისუფლება, უფრო სწორად თავაშვებულობა და სურს ბოთლიდან გამოსული ჯინის ისევ ბოთლში დაბრუნება.

საზოგადოების მეორე ნაწილი — ისიც ნოკდაუნში ჩავარდნილი, მაგრამ აზროვნებაშემორჩენილი, კორონავირუსულ შეტევას დიდი და ძლიერი ქვეყნების პოლიტიკოსთა და მეცნიერთა ოინებს უკავშირებს, ანუ დამანგრეველი იარაღის ნაცვლად ბიოლოგიური იარაღის შექმნას, რომელიც, ნეიტრონის ბომბის მსგავსად, მხოლოდ ადამიანს ანადგურებს, მაგრამ მის მიერ შექმნილს, მატერიალურ, უძრავ-მოძრავ ღირებულებას ხელუხლებლად ტოვებს.

ამ ვერსიას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ისინი ვირუსის შემქმნელ ქვეყანასაც ასახელებენ.  „კორონავირუსის ერთადერთი შესაძლო წყარო არის აშშ, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ქვეყანაშია კორონავირუსის ევოლუციური ხის ყველა განტოტება. Covid-19-ს საწყისი წყარო იყო აშშ-ს სამხედრო ლაბორატორია „ფორტ-დეტრიკში““, — აცხადებს კანადის კვლევითი ცენტრის Global Reserch-ს მიმომხილველი ლერი რომანოფი. მისი თქმით, ვირუსი აშშ-ს ლაბორატორიაში დამზადდა და ჩინეთის ქალაქ უჰანში იქნა შეტანილი, სადაც ფართომასშტაბიანმა ეპიდემიამ იფეთქა.

აშშ-ს მთავრობამ, მისთვის ჩვეული პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩინეთი დაადანაშაულა ვირუსის გავრცელებაში და მას სახელად „ჩინური ვირუსი“ დაარქვა. აშშ-ს მთავრობის მიერ სხვაზე, ამ შემთხვევაში ჩინეთზე, გადაბრალების პოლიტიკა ღრმა ჩანაფიქრის ბაზაზეა აღმოცენებული. მიზანი მისი ერთია — საკუთარი თავიდან პასუხისმგებლობის მოხსნა და მისი სხვაზე აკიდება, რაც მოსალოდნელი მსოფლიო გულისწყრომის მეხამრიდად გამოდგება, გარდა ამისა დამნაშავის დასასჯელად. დამნაშევედ კი მან ჩინეთი დაასახელა, რომელმაც 6 ტრილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს ვირუსით გამოწვეული ადამიანური თუ მატერიალური ზარალისთვის.

კორონავირუსის აშშ-ს ლაბორატორიაში დამზადების ვერსიას იზიარებს ბიოლოგიური იარაღის საკითხების გაეროს კომისიის ყოფილი წევრი იგორ ნიკულინიც. მისი აზრით, „დამზადებული ვირუსი, შეგნებულად თუ შეუგნებლად გამოვიდა კონტროლის ზონიდან“.

ვინ დაისჯება კორონავირუსის დამზადება-გავრცელებაში ან დაისჯება თუ არა მომავლის საქმეა. დღეს, მსოფლიო კორონავირუსის უხილავ თავდასხმას იგერიებს, თანაც არცთუ წარმატებით. ომი კორონავირუსსა და ადამიანს შორის ჯერ-ჯერობით კორონავირუსის უპირატესობით მიმდინარეობს. დასტური ამისა ათეულ-ათასობით გარდაცვლილი და შეჩერებული ეკონომიკაა. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის შეცვლილი მენტალიტეტი. კორონავირუსის სრული დამარცხება შეუძლებელია. რახან ის გაჩნდა, მუდამ იარსებებს, ოღონდ ნაკლები აგრესიულობით, რასაც თვით ადამიანის ორგანიზმი და იმუნიტეტის გამომუშავება აიძულებს.

რაც შეეხება ეკონომიკას — არანაკლებ სერიოზული საქმეა, ისეთი, დიდ თავისტკივილს რომ გამოიწვევს. ეკონომიკის კორონავირუსამდელი პერიოდის დონემდე ამუშავება გართულდება, ისე, როგორც გართულდება ქვეყნებს შორის ძველებური კავშირურთიერთობების აღდგენა. შეშინებული ხალხი აღარ მოისურვებს საკუთარი თავისთვის საფრთხის შექმნას. დაამუხრუჭებს მიმოსვლას, ტურიზმს, სხვა ურთიერთკავშირებს.

კორონავირუსის დარტყმის შედეგად ნოკდაუნში ჩავარდნილი ადამიანი კარგა ხანს ვერ მოვა გონს. მისი წამომყენებელიც არ ჩანს — ეკონომიკის სახით, ვინაიდან ისიც ნოკდაუნშია. პოსტვირუსული ცხოვრება თუ დიდი ქვეყნებისთვის მეტნაკლები დანაკარგებით წარიმართება, პატარა და სუსტი ქვეყნებისთვის, ჩვენის მსგავსის, უმძიმესი გამოცდის მომტანი იქნება, ვინაიდან პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ სულაც არ არის პირველადი მოთხოვნილების — მხედველობაში მაქვს ღვინო, რომელიც უცხოეთში იყიდება და ტურიზმი, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება თუ არა ძნელი სათქმელია — შიშის ფაქტორის გათვალისწინებით.

ყოველ შემთხვევაში წლევანდელი ტურიზმი, რომ უწინდელთან შედარებით ნაკლები იქნება, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები ამერიკა-ევროკავშირის სახით, საკუთარი პრობლემებიდან გამომდინარე, ისეთი „ხელგაშლილები“ აღარ იქნებიან, როგორებიც კორონავირუსამდე იყვნენ. ასეთ კრიზისულ ვითარებაში გვყავს კი ისეთი ხელისუფლება ან ოპოზიცია, რომელიც მოაგვარებს ეკონომიკის პრობლემებს?

ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია.

30-წლიანმა სხვაზე შემყურე პოლიტიკურმა კურსმა, რომ ჩიხში შეგვიყვანა, კორონავირუსამდეც ცნობილი იყო, მაგრამ მაშინ დასავლეთის იმედი გვქონდა, რომელსაც დღეს საკუთარი თავი აქვს სარჩენი და რას მოიმოქმედებს ჩვენს გადასარჩენად ან მოიმოქმედებს თუ არა, გამოუცნობია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი