ერთი განცხადების გამო

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ უკრაინელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ორსაათნახევრიან ინტერვიუში ბევრი რამ იყო ისეთი, უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და განსაკუთრებით პრეზიდენტ პოროშენკოს არასახარბიელო პოლიტიკურ ფონს რომ უქმნის – საპრეზიდენტო არჩევნების წინ. საპრეზიდენტო არჩევნები კი სულ მალე, 29 მარტს გაიმართება.

ერთ დროს მეგობარი, თანაკურსელი პოროშენკო, რომ სააკაშვილის მიერ „ბარიგად“ და უკრაინის გამყიდველად არის შეფასებული – გასაკვირი არ არის, ვინაიდან პატივცემულმა პეტრომ ბევრი იღვაწა ასეთად გადაქცევისთვის.

რომ იტყვიან -„ფერი ფერს და მადლი ღმერთსო“ – ასეა ამ ორი პოლიტიკოსის საქმე, საქმე ერთობ ჩახლართული – მუქი ფერებით აღსავსე.

როგორ წარიმართება მათი პირადი ურთიერთობები და პოლიტიკური ცხოვრება, მომავალი გვიჩვენებს, რაც შეეხება აწმყოს ანუ სააკაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს, შემთხვევითობას ვერ მივაწერთ. ის იმ ბრძოლის ნაწილია, რასაც ოპოზიცია, კერძოდ ტიმოშენკო და მის ზურგს უკან მდგომი უკრაინის შს მინისტრი ავაკოვი, პოროშენკოს მიერ ქვეყნიდან გაძევებული მილიარდერი კოლომოისკი აწარმოებენ.

ამ სამეულიდან სააკაშვილი მხოლოდ ტიმოშენკოსთან არის ნორმალურ ურთიერთობაში. დანარჩენებთან სერიოზული დაპირისპირება აქვს. განსაკუთრებით ავაკოვთან, რომელთანაც ლამის ხელჩართულ ჩხუბს ჰქონდა ადგილი – წყლის შესხმით და ლანძღვა-გინებით, პრეზიდენტ პოროშენკოსთან ჩატარებულ ერთ-ერთ თათბირზე.

ჩხუბის ამსახველმა ვიდეო-სიუჟეტმა თითქმის მსოფლიოს ყველა ტელეკომპანიის ეკრანი მოიარა. არანაკლები ინტერესი გამოიწვია სააკაშვილის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუმაც – განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა ყირიმი და ნატო. უკრაინელმა სახელისუფლებო ექსპერტობამ ლამის სასაცილოდ აიგდო სააკაშვილის ნათქვამი – შეაფასა რა ის პოლიტიკოსის  ფანტაზიად, არარსებულის რეალობად წარმოჩინებად.

სააკაშვილი,რომ მდიდარი ფანტაზიის მქონე პოლიტიკოსია, ეჭვი არვის ეპარება, მაგრამ მის ნათქვამში არის ისეთიც, რაც ყურადღებას იმსახურებს. როგორც ჩანს სააკაშვილ-პოროშენკოს საუბარი 2014 წელს, პოროშენკოს გაპრეზიდენტობამდე შედგა. სააკაშვილის მიხედვით, პოროშენკო მზად იყო ყირიმის ნახევარკუნძული გაეცვალა უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან უკრაინისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად პოროშენკომ ბართოლომეოსთან ისეთ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით კონსტანტინეპოლს უკრაინაში არსებული მთელი რიგი ეკლესიები გადაეცა.

ამ წინასაარჩევნო გამოხდომამ რამდენად დაძაბა უკრაინის მართლმადიდებელი მრევლის ერთმანეთთან და ხელისუფლებასთან დაპირისპირება, ყველასთვის ცნობილია და მას კარგა ხანს სიმშვიდე არ მოჰყვება.

საეკლესიო საქმეში ხელის მოფათურე პრეზიდენტს წარბიც არ შეუხრია მსგავსი უწმინდურობის ჩადენისთვის და რა გასაკვირია, რომ ყირიმის, ნატოსთვის გადაცემის თემა მოსვლოდა თავში?!

როგორც სააკაშვილმა თქვა მან ჰკითხა პოროშენკოს – მერედა ვინ მიიღებდა უკრაინას ნატოსა და ევროკავშირში?

ამ დიალოგიდან ჩვენთვის საინტერესოა სააკაშვილის სკეპტიკური დამოკიდებულება უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობისთვის ცნობილი იყო უკრაინა-საქართველოს მიმართ ნატოს მხარდაჭერა იქ გაწევრებასთან მიმართებაში.

ჩვენი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების და მედიის მხრიდან მუდმივად ვისმენთ მტკიცე განცხადებებს საქართველო-უკრაინის ნატოში შესვლაზე და ამ დროს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის შეკითხვა პოროშენკოსადმი – ვინ ეპატიჟება უკრაინას ნატო-ევროკავშირში?

ცხადია, უკრაინა, საქართველო არ არის, მაგრამ იგულისხმება, რომ არც უკრაინას და არც საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციებში არვინ ეპატიჟება. პოლიტიკაში ჩახედულთათვის აქ ახალი არაფერია, მაგრამ სიახლე, საქართველოს პრეზიდენტის სკეპტიციზმია, რომელიც მას ჰქონია, თუმცა მოსახლეობამდე ოპტიმიზმი მოჰქონდა – დაახლოებით ისეთი, საბჭოთა ადამიანებს, კომუნიზმის მოსვლით რომ კვებავდნენ.

შეფარულმა სკეპტიციზმმა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ წერილშიც „თბილისი, მოსკოვის მუქარას ნატოს წევრობით უპასუხებს“ ჩანს. ანალიტიკოსი ბატიაშვილი აცხადებს შემდეგს: „მართალია, საერთაშორისო ვითარება ისეთია, რომ ამჟამად ვერ ხერხდება საქართველოს ნატოში გაწევრება, მაგრამ როდესაც ეს დღე დადგება, ჩვენ მას მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ“.

ანალიტიკოსის სამომავლო სურვილი და რწმენა ნატოში გაწევრებისა საშური საქმეა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არც საქართველოს და არც ნატოს დღევანდელი მდგომარეობა არასახარბიელოა. პირველის პრობლემებზე არაერთხელ აღმინიშნავს, მაგრამ ზოგიერთ მთავარს გავიმეორებ. საქართველოს არ აქვს დელიმიტირებულ-დემარკირებული საზღვრები (გარდა თურქეთისა) თავის მეზობლებთან. საქართველოს აქვს უსერიოზულესი და ურთულესი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მათი მოუგვარებლობა ვერ გახსნის ნატოს კარს.

ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყანა დიდი თავსატკივარია ნატოსთვის, ამიტომ ის თავს არ აიტკივებს. ნატოს წესდებით, ეს ორგანიზაცია არ აგვარებს ასეთ საკითხებს. ქვეყნის უსუსტესი ეკონომიკა, ნებისმიერი ქვეყნის თუ ორგანიზაციისთვის (ნატო) მომხიბლველი არ არის, ისე, როგორც გაუმართავი სასამართლო სისტემა.

ნატოში შესვლისთვის თბილისმა ყოველგვარი სახის პრეტენზია უნდა მოხსნას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მიმართ და აღიაროს მათი დამოუკიდებლობა, რაც შეუძლებელია. საქართველოს არ უნდა ჰქონდეს კონფლიქტური ვითარება თავის მეზობლებთან, რუსეთი მყავს მხედველობაში. სხვა დაულაგებელ თემებს აღარ ჩამოვთვლი.

რაც შეეხება ნატოს – მასაც პრობლემები აქვს ყოფნა-არყოფნის. აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის მიმართ, უდავოდ არ არის ისეთი, როგორსაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ისურვებდნენ. ტრამპის შეუპოვარმა პოზიციამ, წევრი სახელმწიფოების მიერ საწევრო გადასახადის (ბიუჯეტის 2%) დროულ გადახდასთან დაკავშირებით, მძიმე რეაქცია გამოიწვია ნატოს წევრ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, სხვაგან. ამას დაემატა ტრამპის კატეგორიული მოთხოვნა ევროპაში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზების სასარგებლოდ მასპინძელი ქვეყნების მიერ გაორმაგებული ხარჯების დაფარვის თაობაზე.

ტრამპის მიხედვით, ამერიკის სამხედრო ბაზები იცავენ ნატოს წევრ სახელმწიფოებს გარე თავდასხმისგან. „გინდა უსაფრთხო ცხოვრება, გადაიხადე ფული!“ ასეთია პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება.

ყოველივე აღნიშნულს ემატება საფრანგეთ-გერმანიის ლიდერთა ამასწინანდელი განცხადება ევროპის (ნატოს გარეშე) დამოუკიდებელი სამხედრო ძალის შექმნის თაობაზე. თუ რამდენად შესრულებადია მერკელ-მაკრონის იდეა, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ აღნიშნულმა ცეცხლზე ნავთი დაასხა გერმანია-საფრანგეთ-ამერიკის ურთიერთობებს.

ევროპის ერთიანი სამხედრო ძალის ჩამოყალიბება თავისთავად გამოიწვევს იმ ორგანიზაციის არსებობის შეწყვეტას, საითკენაც თავქუდმოგლეჯილი გავრბივართ. აქედან და სხვა არასახარბიელო მაგალითებიდან გამომდინარე თვით ნატოშია პრობლემები, რომლებიც ამ ორგანიზაციის მდგრადობის ნაკლებ საფუძველს იძლევა.

ანალიტიკოსის მიხედვით, „საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ნატოს ალტერნატივა არ აქვს. მუხლების კანკალით საგარეო პოლიტიკას ვერ წარვმართავთ. კრემლის შიშით, სუნთქვის შეწყვეტა გონივრული გადაწყვეტილება ვერ იქნება. კრემლში რაც არ უნდა აპროტესტონ, ჩვენი სუვერენული უფლებაა გავწევრიანდეთ ნატოში“.

კეთილი, მაგრამ თუ ამ ორგანიზაციას სერიოზული პრობლემები აქვს და ჩვენთვის თავს ვერ აიტკივებს, ისე, როგორც ამას 2008-ში ჰქონდა ადგილი, მაშინ რას მივჩერებივართ ნატოს კარს, რომელიც ზემომოყვანილი ჩვენივე პრობლემებიდან გამომდინარე, არ გაიღება?!

რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კარასინის განცხადება, ჩვენში რომ მუქარად არის აღქმული, მორიგი სიტყვები არ არის და მას შესაძლოა შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, მითუმეტეს, როდესაც ანალოგიური გაფრთხილება უკვე გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მხრიდან. მან განცხადება მიუძღვნა ევროპაში ამერიკული საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განლაგებას.

უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ დიდი სურვილი გამოთქვა მსგავსი რაკეტების უკრაინაში განლაგებაზე. არ არის გამორიცხული, რომ ეს მაგალითი ჩვენმა ხელისუფლებამაც გადმოიღოს. და თუ ამას ექნა ადგილი, პრეზიდენტ პუტინის მკაცრი განცხადებით განლაგებისთანავე დაიბომბება ამერიკული რაკეტების დისლოკაციის ადგილები.

თუ რამდენად სახარბიელო იქნება ერთი ციდა საქართველოსთვის რუსული ბომბების დამანგრეველ-გამანადგურებელი მოქმედება თავად განსაჯეთ.

შოიგუ-კარასინის განცხადებები ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით გაკეთდა. 25 მარტს კი საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი. ასე, რომ წინ ნატო-საქართველოს „დაძმობილების“ დღეები გველის, რომელშიც ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 24 ქვეყანა.

კვლავ მოვისმენთ სტოლტენბერგის „სასიამოვნო“ სიტყვებს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით. აგრეთვე იმას, რომ ეს საქართველოს სუვერენული უფლებაა და მას წინ მესამე ქვეყანა ანუ რუსეთი ვერ აღუდგება. კვლავ გამოვხატავთ ჩვენს უშიშრობას, რომ თბილისი მოსკოვის მუქარას ნატოს წვრთნებით უპასუხებს და ა.შ.

პოლიტიკაში სიჯიუტე, მითუმეტეს ხელისუფლების, მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როდესაც ის (ხელისუფლება) თავის პირად, პერსონალურ მოსაზრებას აჟღერებს და როდესაც მის უკან არც ქვეყანაა და არც ხალხი. უხალხო და უქვეყნო ხელისუფლება აბსტრაქციაა. ხელისუფლების სიჯიუტე ძვირად უჯდება ხალხს, ვინაიდან ის იღებს დარტყმას და არა ხელისუფლაბა. ასეთს ერთხელ უკვე ჰქონდა ადილი (2008 წ.) ჩვენს ცხოვრებაში, რაც გაკვეთილი უნდა იყოს, მწარე, მაგრამ გასათვალისწინებელი. ქვეყნები ხშირად სხვის მაგალითს – ნეგატიურს თუ პოზიტიურს იზიარებენ, ჩვენ კი – საკუთარ მაგალითებს ყურადღებასაც არ ვაქცევთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი