ირანის ისლამური რევოლუციის მეორმოცე წლისთავი

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ისლამური რევოლუციის მეორმოცე წელს ზეიმობს ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს 80-მილიონიანი, მძლავრი ქვეყანა, რომლის პატარა, საშუალო თუ დიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური, სამხედრო ნაბიჯი უმალ ხდება ძლიერთა ამა ქვეყნისა და ნაკლებად ძლიერთა დაფიქრებისა და კამათის საგანი.

ირანის ისლამური რესპუბლიკა ის ქვეყანაა, რომელიც განვლილი 40 წლის განმავლობაში მუდამ იწვევდა სიმპათიას მის მიმართ ლოიალურად განწყოფილ მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებში. შიშს და აქედან გამომდინარე მოკრძალებას, ნაკლებად ლოიალურად, მტრულად განწყობილ მეზობლებსა და შორეულ ქვეყნებში.

ირანის ისლამური რესპუბლიკა უდავოდ ანგარიშგასაწევი სახელმწიფოა, რაც არაერთხელ დადასტურდა 1979 წლის თებერვლის რევოლუციიდან დაწყებული დღემდე.

„დიადი ისლამური რევოლუცია წარმოადგენს მილიონობით ძვირფასი ადამიანის, ათასობით ცოცხალი წამებულისა და დასახიჩრებულის მონაპოვარს, ანუ მარად ცოცხალ მოწამეთა მონაპოვარს, ვინც მილიონობით მუსლიმისა და მსოფლიოს ჩაგრულთა იმედია. … მე, რუჰოლა მუსავი ხომეინი, ღვთის წყალობის მოიმედე და შეცდომათაგან დაუზღვეველი … ვითარცა უმნიშვნელო სემინარისტი, რომელსაც ისევე, როგორც სხვა ერთმორწმუნე ძმებს, მწამს ამ რევოლუციისა, მისი მონაპოვრის დაცვისა და მისი მიზნების ცხოვრებაში გახორციელებისა. …“ – წერდა აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინი უკანასკნელ ეპისტოლეში – პოლიტიკურ-რელიგიურ ანდერძში, გარდაცვალებამდე (1989 წლის 3 ივნისი) რამდენიმე დღით ადრე.

ძნელად მოიპოვება ქვეყანა დედამიწის ზურგზე, რომელსაც უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ენით აუწერელი იმ რაოდენობის ხიფათი, ომები, ტერორისტული აქტები, ეკონომიკური სანქციები შეხვედროდეს, როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და მიუხედავად ამისა მან გაუძლო გამოწვევებს, თავი გაართვა პრობლემებს და მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, ჯეროვანი ადგილი დაიმკვიდრა, რითაც თვალნათლივ დაანახა სამყაროს დიდი ხომეინის ანდერძის შესრულებისთვის განუხრელი თანმიმდევრულობა.

ა.წ. 10 იანვარს ირანის ექსპრეზიდენტის ალი აქბარ ხაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებიდან მეორე წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ჰასან როუხანიმ განაცხადა: „ირანის ეკონომიკა არათუ სუნთქავს, არამედ სწრაფად ვითარდება. მას კარგი პერსპექტივა აქვს. როდესაც ეკონომიკა არ ვითარდება, ხალხი იზოგავს ფულს, რომ ცუდი პერიოდი გადაიტანოს. უახლოეს მომავალში ირანი ორბიტაზე ორ ახალ თანამგზავრს გაიყვანს. ირანის კოსმოსური პროგრამა სტაბილურია და თეირანს აძლევს სტიმულს დახარჯოს ფული, ეროვნული კოსმიური პროგრამის განვითარებისთვის“.

საყურადღებოა ბირთვული ენერგიის საკითხებში ირანის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ალი აქბარ სალეხის განცხადება – რომ ჩატარდა პირველი ცდები ისეთი საწვავის მისაღებად, რომელიც ურანის 20%-იან გამდიდრებას ხელს შეუწყობს. ახალი საწვავი უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ის, რომელიც თეირანის ბირთვულ რეაქტორში იყო გამოყენებული.

სალეხის სიტყვებით ირანმა ბირთვულ კვლევებსა და მრეწველობაში ისეთ პროგრესს მიაღწია, რომ ნაცვლად „რევერსენჯინერინგისა“ შეძლებს ახალი საწვავის ამოქმედებას. თეირანის ბირთვული რეაქტორი ადრე ძველ საწვავზე მუშაობდა. ახალი კონსტრუქცია 20%-იანი საწვავისთვის აამაღლებს ამ რეაქტორის ეფექტიანობას.

სალეხის ნათქვამი უდავოდ დასტურია იმისა, რაოდენ წინ წაიწია სამეცნიერო კვლევებმა არა მარტო ბირთვული პროგრამის ათვისება-განვითარების დარგში, არამედ კოსმოსისა და რაკეტწარმოების სფეროში.

და ყოველივე აღნიშნული იმ ეკონომიკური სანქციებისა თუ სხვა გამოწვევების ფონზე, რასაც ადგილი აქვს ირანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. წამით დავუშვათ დაუშვებელი და წარმოვიდგინოთ წარმოუდგენელი –  ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა შეტევის – პოლიტიკურის, ეკონომიკურის, სამხედროის არ არსებობა რა განვითარებას ექნებოდა ადგილი ამ ქვეყანაში?

ირანი ერთ-ერთი, შესაძლოა ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში, რომელსაც აქვს განვითარებული სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა; ჰყავს განსწავლული კადრები აღნიშნული დარგებისთვის, შესაბამისად აქვს განვითარებული განათლების სისტება, მეცნიერება. ირანის პროგრესი სამედიცინო სფეროში ცნობილია რეგიონში და არა მარტო.

ირანის პოლიტიკური სისტემა მყარი და მოქნილია და შორს არის იმ შავი PR-ისგან, რასაც ადგილი აქვს დასავლურ მედიაში. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ხშირად აძლევენ თავს უფლებას ნეგაიტიურად მოიხსენიონ ირანის პოლიტიკური სისტემა. დასავლელი „კოლეგების“ მოსაზრების გაზიარებად უნდა შეფასდეს ყოფილ საბჭოთა სივრცეში გამოთქმული განცხადებები, რომლებიც თავისი სიმწვავით ტოლს არ უდებს დასავლურს.

სულ ახლახანს მსოფლიო გააკვირვა სომხეთის ახალი პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის წევრის ჰაიკ კონჯორიანის ნათქვამმა – „ირანი ავტორიტარული“ სახელმწიფოა, რომ სომხეთი შემორტყმულია არადემოკრატიული ქვეყნებით, გარდა საქართველო-ისრაელისა. პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ სომხეთი დასავლეთთან დასავლურ ენაზე უნდა ლაპარაკობდეს და ეს ენა – დემოკრატიაა.

კონჯორიანის განცხადება არვის გაუკვირდებოდა, ის, რომ სხვა ქვეყნის, სხვა პარლამენტის წევრი ყოფილიყო, მაგრამ კონჯორიანი სომხეთის პარლამენტის წევრია, იმ ქვეყნის, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა აცხადებდა სომხეთ-ირანის ურთიერთობების ურყეობაზე, ორ ქვეყანას შორის უნაოჭო კავშირებზე. როგორც ჩანს აშშ-ს „დემოკრატიულმა“ ხელმა შორეულ სომხეთში მოძებნა ხელშესახები, მისთვის საიმედო დასაყრდენი ახალი ხელისუფლების სახით.

სომეხი პარლამენტარის განცხადებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია ირანში. განცხადება, რომელიც თეირანში გაკეთდა ასეთია: „პროისრაელური, პროამერიკული მოღვაწეები სომხეთის პარლამენტში, იგნორირებას უკეთებენ იმას, რომ ირანი არის რეგიონის არცთუ ბევრ ქვეყნებს შორის ის ქვეყანა, სადაც ხელისუფლების ცვლა ხდება ჩვეულებრივი არჩევნების დროს, „ხავერდოვანი რევოლუციების“, სისხლისღვრის გარეშე. სომხეთის პარლამენტში მოკალათებული პროისრაელური, პროამერიკული მოღვაწეები იგნორირებას უკეთებენ იმასაც, რომ ირანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სომხურ თემს კონსტიტუციით გამტკიცებული, გარანტირებული ადგილები უკავია ირანის პარლამენტში“.

სომხეთის პარლამენტარის განცხადება სულაც არ არის „წამოცდენის“ შედეგი, როგორც თვითონ განმარტა – ეს მარტივი დახასიათებაა „ახლების“ პროამერიკული კურსისა, თუმცა როგორ უნდა განახორციელოს მან ეს, მჭიდროდ ინტეგრირებულმა დსთ-ს და „ოდკბში“ – გამოცანაა. ამერიკელთა წყალობით რამდენ  ასეთ გამოცანას ჰქონდა ადგილი ბოლო წლების განმავლობაში?

მარტო 2008 წლის ცხინვალის ომი რად ღირს ანდა უკრაინის მაიდანი, რომელსაც ერთი სისხლის და ხორცის ისეთი დატაკება მოჰყვა, უარესს რომ ვერვინ იფიქრებდა რუსულ-უკრაინულ ურთიერთობებში.

ირანის როლი რეგიონში განუზომელია, რაც თვალნათლივ გამოჩნდა სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ირანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენის შემცირებაში სირიაში, ერაყში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ირანი ფრონტის წინა ხაზზეა, ეხმარება რა სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას ტერორისტების განდევნა-განადგურებაში, რითაც აღიზიანებს აშშ-ს და მის მოკავშირეებს. აქედან გამომდინარე აშშ-ი ცდილობს გადადგას ექსტრემისტულ-ავანტიურისტული ნაბიჯები ირანის წინააღმდეგ. პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც 2 წელიწადზე მეტია მკვეთრ ანტიირანულ განცხადებებს აკეთებს, ძაბავს არა მარტო ორი ქვეყნის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას, რითაც აშკარად ემუქრება ახლო აღმოსავლთის სუსტ მშვიდობას.

ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარის გამოყვანის თაობაზე დასავლელმა ექსპერტებმა შესაბამისად შეაფასეს, აღნიშნეს რა, რომ ეს ქვეყანა ემზადება ირანთან საომარი მოქმედებების დასაწყებად. ის ვერ იომებს ორ ფრონტზე სირია-ირანში, ამიტომ სამხედრო ძალების კონცენტრაციას მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მოახდენს.

გასული წლის ბოლოს ამერიკული გაზეთი „Wall Street Journal“-ი წერდა თუ როგორ მოითხოვა აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საკითხებში თანაშემწე ბოლტონმა პენტაგონისგან დასკვნა, როგორ განახორციელებს ის და რა შედეგებს მოიტანს ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია.

გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთთან ერთად შექმნეს არაბული სახელმწიფოების ანტიირანული ბლოკი, რომელიც აშშ-ის და ნატოს მოკავშირე იქნება ირანის წინააღმდეგ ომში. თუმცა ძნელია ვარაუდი იმისა – ჩაერთვება თუ არა ნატო ამ ავანტიურაში, ვინაიდან ნატოს წევრი საფრანგეთი და გერმანია, სხვა ევროპული ქვეყნები მყარად გამოდიან ირანთან ბირთვული შეთანხმების დასაცავად.

შეგახსენებთ – ხელშეკრულება რუსეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, აშშ-სა და ირანს შორის 2015 წელს დაიდო, რითაც შეიზღუდა ირანის ბირთვული პროგრამა. მას მისცეს 4.5%-მდე ურანის გამდიდრების უფლება სამეცნიერო და სამედიცინო კვლევებისთვის, ნაცვლად ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებისა. მიუხედავად იმისა, რომ მაკონტროლებელმა ორგანო „მაგატემ“  ვერავითარი დარღვევა ვერ აღმოაჩინა ირანის ბირთვულ პროგრამაში, გასულ წლის მაისში აშშ-ა ცალმხრივად გადაწყვიტა ხელშეკრულებიდან გასვლა და აღადგინა სანქციები ირანის წინააღმდეგ.

7 აგვისტოდან ძალაში შევიდა ირანისთვის დოლარის მიყიდვის ან გადაცემის აკრძალვის გადაწყვეტილება, ვაჭრობა ოქროთი და სხვა ძვირფასეულობებით, სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავების მიყიდვა და სხვა.

ირანის ბანკები გათიშეს საერთაშორისო საფინანსო SWIFT-ისგან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული კომპანიები სერიოზულად მიუდგნენ სანქციურ დაშინებას აშშ-ის მხრიდან, საერთო ჯამში ევროპა შეეცადა ხელშეკრულების დაცვას და ამისთვის განაცხადა, რომ შეიმუშავებს აშშ-ის მიერ ევროპული კომპანიების წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გვერდის ასავლელ მექანიზმს.

აშშ-ს ხშირად უხდება იმის განცხადება, რომ ეკონომიკური სანქციები მიმართულია არა ხალხის, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც სრული აბსურდია. ყველასთვის ნათელია რა შედეგი მოაქვს სანქციებს – უკმაყოფილება მოსახლეობაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული; დასავლური პროპაგანდით ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ დარაზმვა, დამხობა და მის ნაცვლად აშშ-სთვის ლოიალური ხელისუფლების მოყვანა.

მეთოდი ძველია – არაერთხელ გამოცდილი არაბულ სამყაროში, პოსტსაბჭოთა სივრცეში (უკრაინა, საქართველო, ამჯერად სომხეთი), თუმცა ირანში ამის გაკეთება გაძნელდება, რამეთუ ირანელები სხვა შემართების ხალხია, რომელსაც კარგად ახსოვს საკუთარი ისტორია და ამ ისტორიაში აშშ-ის აგრესიული ხელის ფათური.

ირანმა 40 წლის წინათ თქვა უარი აშშ-ის ვასალობაზე, რასაც შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევის დროს ჰქონდა ადგილი. გადადგა რევოლუციური ნაბიჯი, რამაც ამ ქვეყანას – მსოფლიოში უძველესი ისტორიისა და კულტურის სახელმწიფოს, მისცა ნამდვილი თავისუფლება და სუვერენიტეტი.

ირანი სახელმწიფოთა იმ უაღრესად მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, ვინც ყელმოღერებული არ არის აშშ-ის მიმართ; ვისაც შეუძლია საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი მეობის განუხრელი დაცვა. ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც 5-თვიანი დაგეგმილი პროგრამა – ირანის სამხედრო გემებისთვის ატლანტიკის ოკეანის დასავლეთში ყოფნა და ვენესუელის პორტში შესვლა.

სულ ახლახანს „ბლუმბერგი“ აღნიშნავდა: „აშშ-ის სერიოზული პრობლემა ირანის მიმართ სტრატეგიის შემუშავებისას ისაა, რომ მან არ იცის ირანის ისტორია, კულტურა, ირანელთა თვითშეფასება. ვაშინგტონი ირანს რეგიონულ ქვეყნად მიიჩნევს – ბუნებრივი რესურსებით და საკმაოდ დიდი მოსახლეობით, მაგრამ თვით ირანელები სპარსეთის იმპერიის მემკვიდრეებად თვლიან თავს, რომელიც თავისი ძლიერების მწვერვალზე მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს მართავდა. მსოფლიო ისტორია სხვაგვარად რომ განვითარებულიყო სპარსელებს 2500 წლის წინათ  თავისუფლად შეეძლოთ დაეპყროთ ბერძნული ქალაქი-სახელმწიფოები და პოტენციურად წინ აღდგომოდნენ რომის იმპერიის ჩამოყალიბებას“.

თანამედროვე ირანი, მიუხედავად „ბლუმბერგის“ შეფასებისა, ის ქვეყანაა, რომელსაც განვლილი 40 წლის განმავლობაში არც ერთი რეაქციული გამოხდომა არ განუხორციელებია, როგორც მეზობლების, ისე სხვა ქვეყნების მიმართ.

ისლამური სახელმწიფო ცდილობს ყველასთან იქონიოს ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ არა საკუთარი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის შებღალვის ხარჯზე, რაც უდავოდ დასაფასებელია.

„ეგ ლაყბობა ამ ჩვენს დროში გვამყოფინე, უთავბოლო ლაი-როში გვამყოფინე! შენი სიტყვა მიწიერი, ბიწიერი, ყალბი, ფუჭი და როში გვამყოფინე! წადი სადმე, ოღონდ თავი დაგვანებე, უთავბოლო ლაი-როში გვამყოფინე!“ – იმამ ხომეინი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი