სად არის საერთაშორისო სამართალი?

ბატონ გურამ გოგიაშვილს

როგორც უცხოეთში, ისე ჩვენში ხშირად ახსენებენ სიტყვებს – „საერთაშორისო სამართალი“, თუმცა ნაკლებად უფიქრდებიან ვისთვის არის საერთაშორისო სამართლის დაცვა აუცილებელი და ვისთვის არა. უდავოდ გაგიჩნდებათ კითხვა – ვინ არის ის, ვინც საერთაშორისო სამართალს არ იცავს, უგულებელყოფს მას და ისეთ პოზას იკავებს, ქართულად რომ არის ნათქვამი – ცა, ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა – ქალამნად.

საერთაშორისო სამართლის ცნება ისეთია, ყველამ რომ უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ არა. „ზესახელმწიფოები“, განსაკუთრებით აშშ-ი — ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ან საერთოდ არ აქცევენ საერთაშორისო სამართალს. ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ვინაიდან ბევრია. განსაკუთრებული აღნიშვნის თემაა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების, თვით ამ ორგანიზაციის წესდების მოთხოვნების შეუსრულებლობა.

აშშ-ის ესოდენ ზერელე დამოკიდებულება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებზე, ცუდ მაგალითს აძლევს მის ზოგიერთ მოკავშირე ქვეყანას, მაგალითად ისრაელს, რომელიც, დიდი „პატრონის“ მსგავსად, აგდებულად ეკიდება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და მათ დაცვას. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების უმრავლესობა, რომლებიც ისრაელ-პალესტინისა და ისრაელ-არაბული ქვეყნების ურთიერთობებს ეხება, ისრაელის მიერ იგნორირებულია.

სხვა ქვეყნების დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლისადმი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ისინი თავის მართლების მიზნით აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლის დაცვა სულაც არ ეფუძნება მის აუცილებელ შესრულებას, მაგალითად გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებები მოჰყავთ — ისინი რეკომენდაციის სახეს ატარებენო, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი შესრულება აუცილებელია.

საერთაშორისო სამართლისადმი ამგვარი დამოკიდებულება უდავოდ მაჩვენებელია იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალაა გადამწყვეტი და ვისაც ძალა აქვს — საერთაშორისო სამართალიც მის მხარეზეა. რაღა შორს წავიდეთ „საერთაშორისო უსამართლობის“ აშკარა დემონსტრირების მაგალითი დაინახა მსოფლიომ დემოკრატიის მებაირახტრე ქვეყნის აშშ-ს მხრიდან.

ქვეყანა, რომელიც თვით უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის უპირველესი დამცველი — უპირველესი დამრღვევია. ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ტრამპმა მსოფლიოს ამცნო, რომ სურს ისრაელს უფეშქეშოს სირიის გოლანის მაღლობები, ხოლო შემდეგ, ჟურნალისტების და ტელეკამერების წინ ხელი მოაწერა დოკუმენტს, გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელების თაობაზე.

დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა პატარა ქვეყნის, ამ შემთხვევაში სირიის ტერიტორია უსაჩუქრა მეორე პატარა ქვეყანას ანუ ისრაელს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად და მის მარჯვენა ხელად მოიაზრება.

ამ ამბავმა დიდი გნიასი გამოიწვია მსოფლიოში და აშშ-ს მოკავშირეებშიც კი. გაეროს უშიშროების საბჭომ სპეციალურ სხდომაზეც განიხილა აშშ-ს პრეზიდენტის თავნებობა და დაგმო მისი გადაწყვეტილება. მაგრამ მერე რა?

არც ერთ მოკავშირეს, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ და არამუდმივ წევრს  სიტყვაც არ დაუძრავთ თავნება ამერიკისთვის რაიმე სახის სანქციების, თუნდაც ეკონომიკურის დაწესებაზე. უნებლიედ გახსენდება რუსეთის მიერ ყირიმის მიერთება და აჟიოტაჟი, რომელიც ამ აქტმა გამოიწვია. ის დღესაც გრძელდება — უამრავი სანქციებით და შეზღუდვებით აშშ-ა და მისმა ევროპელმა თუ არაევროპელმა მოკავშირეებმა რომ დაუწესეს რუსეთს.

არადა, ყირიმისა და გოლანის მაღლობების ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია. ყირიმის მოსახლეობამ, რომლის უდიდესი უმრავლესობა რუსი ეროვნების ადამიანია, ჩაატარა რეფერენდუმი და გადაწყვიტა დედა სამშობლოს შემადგენლობაში დაბრუნება.

გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცკ პირველი მდივნის ხრუშჩოვის ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება — ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე გაუქმდა და ყირიმელთა ძალისხმევით ყირიმი ისევ რუსეთად გადაიქცა. უკრაინა რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო და არა საბჭოთა კავშირში შემავალი, ხრუშჩოვი არ გადასცემდა მას უკრაინას, თუმცა ეს აქტიც გაუმართლებელი იყო.

რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნება, ლამის პირად შეურაცხყოფად აღიქვეს ამერიკა-ევროპამ, მაგრამ ტრამპის მიერ გოლანის მაღლობების ისრაელისთვის გადაცემა არც ისე, როგორც ყირიმის.

რა გამოდის?  ამერიკისთვის შეიძლება, სხვისთვის, ამ შემთხვევაში რუსეთისთვის არა? — სახეზეა ორმაგი სტანდარტი, რომელიც საყდრამდე ვერ მიიყვანს მსოფლიოს.

მეორე მაგალითი – კოსოვო. 1999 წელს აშშ-ა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა ომი დაუწყეს, ცხადია გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით, იუგოსლავიას და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბომბეს და ბომბეს იუგოსლავიის ქალაქები, სტრატეგიული ობიექტები. დედაქალაქ ბელგრადის სახლების 74% მიწასთან გაასწორა ნატოს ავიაციამ. 2500-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა არათანაბარ ომში. „გამარჯვებულმა“ აშშ-ა და ნატომ ბოლო მოუღეს ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ სახელმწიფოს — იუგოსლავიას. მის ნაცვლად არაერთი დამოუკიდებული ქვეყანა აღმოცენდა.

იუგოსლავიის დაქუცმაცება — დაჰყავი და იბატონეს ნათელი მაგალითია. ამ ომის შედეგად სერბეთს წაგლიჯეს მისი ისტორიული ნაწილი კოსოვო და დამოუკიდებლად გამოაცხადეს. კოლექტიური დასავლეთის გადაწყვეტილებამ საბაბი მისცა რუსეთს ეთქვა — თუ კოსოვოს დამოუკიდებლობა შეიძლება, რატომ არ შეიძლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა?

დასავლეთს, ობიექტურად დასმულ კითხვაზე პასუხი არ აქვს. მისი ლუღლუღი, რომ კოსოვო სხვაა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სხვა — უსუსურია და ვერავითარ საერთაშორისო სამართალში ვერ ჯდება.

სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, თუმცა ესეც საკმარისია. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ სამართალი ძლიერისაა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სირიის მთავრობის წარმომადგენელმა მოსწრებულად თქვა — თუ აშშ-ს სურდა ისრაელის ტერიტორიით დასაჩუქრება, რაღა სირიის, აშშ-ს საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები აქვს და ისინი გადაეცა ისრაელისთვისო?

სირიის ტერიტორიის გადაცემას სხვა მიზეზიც აქვს — სირიაში აშშ-ს და მის მიერ შექმნილი კოალიციის დამარცხება. მართალია, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ტელეკამერების დასწრებით გამართულ სპეცბრიფინგზე ზარ-ზეიმით განაცხადა, რომ აშშ-მა წარმატებით დაასრულა ომი სირია-ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, მაგრამ გულში ხომ იცის, ვინ მოუგო ომი „ისლამურ სახელმწიფოს“?

ტრამპის ამერიკამ ვერ შეძლო სირიის ხელისუფლების დამხობა. სირიაში, ტერორიზმთან ომში რუსეთის და ირანის როლის დაკნინება სავალალო რამ არის.

კიდევ ერთი მაგალითი — ვენესუელა. აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ვერბალურ-ეკონომიკური ომი გამოუცხადეს ვენესუელის ხელისუფლებას. აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ გამოიძებნა „კმარელი“ გუაიდო, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტად გამოცხადდა. აშშ-ა მოუწოდა მოკავშირეებს ანალოგიური ქმედებისკენ.

ვაშინგტონის ძალისხმევა ლეგიტიმური ხელისუფლების სწრაფი დამხობისთვის ვერ განხორციელდა, თუმცა ეკონომიკური სანქციები და ვერბალური ომი გრძელდება. ამას თან ერთვის საბოტაჟი ელექტროენერგიის გამორთვით, რაც უმძიმეს პირობებს უქმნის ვენესუელის მოსახლეობას.

აშშ-ს ძალისხმევით ქვეყანა ლამის ორ ნაწილად გაიყო — ერთის სათავეში არჩეული პრეზიდენტი მადუროა, მეორის — თვითმარქვია გუაიდო, რომელსაც მხარს აშშ-ი უჭერს. მწვავე დაპირისპირება სახეზეა, რაც იძლევა სამოქალაქო ომის დაწყების საფუძველს.

ვენესუელას მხარს რუსეთი, ჩინეთი, კუბა, ირანი, თურქეთი, სხვა ქვეყნები უჭერენ. რუსეთს  სამხედრო ხელშეკრულება აქვს დადებული ამ ქვეყანასთან, გარდა ამისა ვენესუელის ნავთობის წარმოების საქმეში რუსი სპეციალისტები არიან ჩართული.

აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა მტკივნეულად აღიქვა რუსი სამხედრო ექსპერტების ჩასვლა კარაკასში და ნაკლებკორექტული გამოთქმით — რუსები გაეთრიონ ვენესუელიდან — მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს სამხედრო პერსონალი.

ტრამპს ავიწყდება, რომ ვენესუელა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და მას არა მარტო რუსეთთან, სხვა ქვეყნებთანაც აქვს გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც იმყოფებიან რუსი სპეციალისტები ვენესუელაში.

თუ რუსეთი მანკიერ მაგალითს აიღებს აშშ-ნ, მასაც შეუძლია მოუწოდოს აშშ-ს უკრაინიდან, სხვა ქვეყნებიდან გასვლა, განსაკუთრებით სირიიდან, სადაც აშშ-ი არავის მიუწვევია.

დავუბრუნდეთ გოლანის მაღლობებს, რომელსაც სირიისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც ისრაელისთვის. 1967 წლის ომის შემდეგ გოლანის მაღლობების 80%-ს ანუ 1158 კვ.კილომეტრს ისრაელი აკონდროლებდა. 1973 წლის ომის დროს სირიამ დაიბრუნა 100 კვ.კმ.

1967 წლის ომის დროს გოლანის მაღლობებზე 130.000 ადამიანი ცხოვრობდა: არაბები, თურქმენები, ჩერქეზები, მუსლიმანი სუნიტემი, ქრისტიანები. დღეს 26.000 სირიელი ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 1967 წლის ომამდე და ისრაელის ოკუპაციამდე გოლანის მაღლობები ითვლებოდა სხვადასხვა ეროვნებათა საცხოვრებელ სავანედ.

ახალი ტერიტორიების ათვისების პროცესი ისრაელმა 1967 წლის ომის დამთავრებისთანავე დაიწყო. შეგნებულად ხდებოდა გოლანის სოფლებისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტა, ისე, როგორც საკვების. მოსახლეობას აიძულებდნენ გაცლოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს. ხშირი იყო მუქარაც, ბულდოზერებით სახლების ნგრევაც, რომელიც 1967 წლის ომის დამთავრების შემდეგ ერთ თვეში დაიწყო.

გოლანზე ისრაელის კონტროლი კნესეტმა 1981 წელს დააკანონა. ვინც არ მიატოვა მაღლობები, ისინი აიძულეს გამხდარიყვნენ ისრაელის მოქალაქეები. გოლანის მაღლობები ისრაელმა დახურულ ზონად გამოაცხადა, რითაც თავიდან აირიდა არასამთავრობოთა და მედიის შეტევები. 1967 წლის ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში გოლანზე ისრაელის დასახლებები გამოჩნდა.

გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავით ბენ გურიონმა განაცხადა: „აუცილებელია სასწრაფოდ შევქმნათ 20 დასახლება. ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტური საშუალება გოლანის მაღლობების შენარჩუნების გზაზე. მაშინ მსოფლიო ვერ აიძულებს ებრაელებს დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები“.

ასე და ამრიგად გოლანზე ისრაელმა 34 ებრაული დასახლება შექმნა – 26.000 მოსახლით. გოლანის მაღლობების გათავისების მიზნით ისრაელის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის ხაზით. 2016 წელს ისრაელის ჩრდილოეთის რეგიონების კომიტეტის გადაწყვეტილებით დაიწყო ნავთობმომპოვებელი სამუშაოების წარმოება.

დღეს, 41 წლის შემდეგ, ისრაელი ხმამაღლა აცხადებს გოლანის მაღლობებზე ებრაელების ისტორიული არსებობის შესახებ. ის მოუწოდებს აშშ-ს აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი ამ ტერიტორიაზე, რაც აღასრულა კიდევაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ ამ აქტს ვაშინგტონში შეხვდა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით არაბულ სამყაროზე, რომელმაც სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა აშშ-ისრაელის მისამართით.

გოლანის მაღლობების ისრაელისთვის გადაცემით, ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის მოგიზგიზე კოცონს ნავთი დაასხა და ისრაელ-არაბთა კონფლიქტური ვითარება უკიდურესად დაძაბა. ამასთანავე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საერთაშორისო სამართალი ჰეგემონი ქვეყნისთვის არაფერია და მასზე ფეხის შეწმენდა ჩვეულებრივი რამ არის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი