შეგვეშვას ოკუპანტი რუსეთი
ბატონ გურამ გოგიაშვილს
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გრძელდება ე.წ. ანტისაოკუპაციო მიტინგი, მოწოდებით — გადადგეს შს მინისტრი გახარია. გახარია კი ჯიუტობს, გადადგომას არ აპირებს. არც აქციის მონაწილენი აპირებენ დაშლას, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
დავუშვათ დაკმაყოფილდა, რას მოიმოქმედებენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, რომლებიც ისე მიეჩვივნენ ამ ღონისძიებას, როგორც სამსახურში სიარულს?
დიახ! აქცია მათი სამსახურია, ერთობ განსხვავებული და უცხო, აქციაში არმონაწილე საზოგადოების — მისდამი ნეგატიურად განწყობილისთვის. აქცია ახალ-ახალ ხერხებსაც მიმართავს — სატელევიზიო ინტერვიუების სახით, რომლებშიც დიდის ენთუზიაზმით იღებენ მონაწილეობას პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ე.წ. ცნობადი სახეები.
პარლამენტის შენობის წინ არსებული მოედნიდან მოწყობილი ტელეგადაცემები მაგნიტივით იზიდავს ტელეეკრანზე გამოჩენის დახარბებულ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს. ამ „ნოვაციამ“ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა აქციის გახანგრძლივებაში.
ტრადიციული და ხანგრძლივი მიტინგები, რაც არ უნდა „ანტისაოკუპაციო“ სახელს ატარებდეს, მომაბეზრებელია. მაინც, რამდენჯერ უნდა იბღავლო — „რუსეთი ოკუპანტია“? მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამას ლამის 30 წლის განმავლობაში იძახი მიტინგებსა თუ ჩვეულებრივ ცხოვრებაში.
დიახ! რუსეთი ოკუპანტია და მან ეს ოკუპაცია აგრესიის გამოყენებით განახორციელა — ასე თვლიან პოლიტიკოსები, მათზე აყოლილი საზოგადოების წევრები და აინუნშიაც არ აგდებენ რა ემართება ქვეყანას — მიტინგებით გავერანებულს.
პოლიტიკოსთა მიტინგებით გატაცება არ არის გასაკვირი, ვინაიდან, მათი აზრით, მიტინგი — პოპულარობის ზრდის ერთ-ერთი გზაა. აი, რაც შეეხება საზოგადოების ნაწილს — მიტინგით გატაცებულს, რა?
არც არაფერი, ვინაიდან მიტინგით შეცვლილი ხელისუფლება მას (საზოგადოებას) არასდროს გაიხსენებს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში და რაღა ეხლა შეიცვლება?
საზოგადოებას — მიტინგებით და ქუჩის „რევოლუციებით“ გატაცებულს, ხელში რჩება დაქცეული ქვეყანა, უმძიმესი სოციალური ვითარება.
პოლიტიკური ხასიათის მიტინგები — ხელისუფლების შეცვლისთვის თუ არ არის გამაგრებული სოციალური ლოზუნგებით და მოთხოვნებით, ისე, როგორც ამას ევროპაში აქვს ადგილი, ვერ გადაზრდის მიტინგს რევოლუციაში, ვერ შეცვლის ხელისუფლებას, ვერ აიძულებს მას გადადგას კარდინალური ნაბიჯები სოციალური მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ერთადერთი გზა ხელისუფლების შესაცვლელად სოციალური საკითხების წინა პლანზე წამოწევაა. საქართველოში ამას არ აქვს ადგილი. ქართველებს ეხამუშებათ სამუშაო ადგილების მოთხოვნის დაყენება; გაძვირებული ცხოვრების გაპროტესტება; გაზულუქებული სახელმწიფო მოხელეების, ბანკირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მარეგულირებელი კომისიების მიერ ხალხის ნაჯაფის ჯიბეებში ჩადება; საკუთარი თავისთვის ედემის ბაღის მოწყობა, ხალხისთვის — ჯოჯოხეთის. ხელისუფლებამ იცის, რომ ხალხი მის ღორმუცელობას არ გააპროტესტებს — დიდი, დიდი საკუთარ სამზარეულოში იბუზღუნოს.
სოციალური პრობლემების გამო მიტინგის მოწყობა უდავოდ დააბნევს ხელისუფლებას და ობიექტური პასუხის გაცემის შანსსაც დააკარგვინებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას (ხელისუფლებას) პასუხიც არ აქვს. ანდა, რა პასუხი უნდა ჰქონდეს კითხვაზე — რატომ აქვს ხელისუფლების მოხელეებს მრავალჯერ მეტი ხელფასი, პრემია ან დანამატი, ვიდრე პენსიონერსა და დაბალხელფასიან მოხელეს?
ხელისუფლების წარმომადგენელი ხომ ვერ იტყვის — მე იმიტომ მაქვს მაღალი ხელფასი დღე-ღამეს ვასწორებ ხალხის, ქვეყნის კეთილდღეობისთვისო?
ვერც იმას იტყვის, რომ ერთი წლის წინათ შეძენილი ძვირადღირებული პერსონალური ავტომანქანა დაძველდა, მწყობრიდან გამოვიდა და ამიტომ შევცვალეო. ახალი მანქანით უფრო ოპერატიულად შევასრულებ თქვენს დავალებებსო?
კვირაში მინიმუმ 3 დღით თუ მეტით არა უცხოეთში იმიტომ დავიარები — თქვენ გიშველოთ, ლუკმა-პურით მოგამარაგოთო?
ვერ იტყვის, ვინაიდან ასეთს ამ 30 წლის განმავლობაში ერთხელაც არ ჰქონია ადგილი. ხელისუფლება ვერც იმას აუხსნის ხალხს — რატომ აქვს მარეგულირებელ კომისიებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს, სახელმწიფოსთან მიტმასნილი ორგანიზაციის მოხელეებს უმაღლესი ხელფასები ან რას აკეთებენ ისინი ისეთს, რომ მინისტრთა კაბინეტში პატარ-პატარა ჯგუფებად არსებობის პირობებში და ამ კაბინეტის მუშაკთათვის გამოწერილი ხელფასის ოდენობის მსგავსად, ვერ გაართვან თავი დაკისრებულ მოვალეობას?
ვერც იმას აუხსნის ხალხს — რატომ არსებობს თბილისში აფხაზეთის უზენაესი საბჭო, მთავრობა, დარგობრივი სამინისტროები და ა.შ., როდესაც მათ, ნამდვილ აფხაზეთთან არავითარი შეხება არ აქვთ?
ყოველივე აღნიშნული ნთქავს ხალხის ნაჯაფ ფულს — ბიუჯეტში შეტანილს, რომლის უპირველესი დანიშნულება მწარმოებლური შრომის დაფინანსებაა და არა ისეთი არამწარმოებლურის, რომელიც ზემოთ აღვნიშნე.
არამწარმოებლურია გადათხრილ-გადმოთხრილი ქუჩები, ხიდების რემონტი, საქალაქო ცხოვრებაში აშკარა ქირურგიული, ვოლუნტარისტული ჩარევა — თბილისელთა ცხოვრების პირობების გაუარესების ხარჯზე.
ხელისუფლება ვერ გასცემს დამაჯერებელ პასუხებს ზემომოყვანილ და მოუყვანილ უმსგავსოებას და რახან ამას ვერ მოახერხებს, მოახერხებს მარტივს — ხალხის ყურადღების ოკუპანტ რუსეთზე გადატანას.
ხელისუფლების ასეთი ქმედება საკუთარი თავის გადარჩენის გარდა, დასავლეთის შეკვეთის შესრულებისთვის სჭირდება. იმ დასავლეთის, აშშ-ს ხელმძღვანელობით, რომელიც, რუსეთის ლანძღვა-გინების დამკვეთია და საქართველოს, როგორც ქვეყნის ფუნქციას, მხოლოდ ამაში ხედავს. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, უდავოდ არ გამოგვრჩებოდა და ისე, როგორც თურქულ ინვესტიციას, ამერიკულსაც დავინახავდით.
ქართულმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით ოპოზიციამ აშშ-ს გარკვეული თუ უხილავი წრეების ხელშეწყობით ახალი ანტირუსული პროპაგანდა ააგორა — რუსეთთან რის ვაივაგლახით აღდგენილი სავაჭრო-ეკონომიკური ხიდების ჩასანგრევად.
ააგორა და შედეგიც მიიღო — რუსი ტურისტებისგან მიტოვებული ქვეყანა, შეწყვეტილი ავიამიმოსვლა, ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა, ფასების მატება.
ანტისაოკუპაციო მიტინგები კი გრძელდება. ოპოზიცია თავს იმართლებს, ტურისტული სეზონის ბუმის დროსაც ჰქონდა ადგილი ლარის გაუფასურებას და მიტინგები არაფერ შუაშიაო.
ბატონებო! შუაში კი არა, თავშია. ვინც რუსეთის სს მინისტრის ლავროვის განცხადება მოისმინა, სწორედ ეს არის ნათქვამი — შეწყდება ანტირუსული ისტერიკა და აღდგება ტურიზმი, საჰაერო მიმოსვლა.
ისე, კაცმა რომ თქვას — რა როლი ჰქონია ოკუპანტ რუსეთს საქართველოს ეკონომიკაში? მას, რომ სხვა, უფრო სერიოზული ეკონომიკური სანქციები დაეწესებინა — რა მოუვიდოდა „თავისუფალ, სუვერენულ“ საქართველოს?
ალბათ მასობრივი მუხლებზე დაცემაც და ხვეწნაც ვერ გვიშველიდა — ნუ გაგვწირავთ, აღადგინეთ ჩვენთან კავშირებიო.
საქართველოს ეკონომიკა, ისე, როგორც ფისკალური სისტემა უფსკრულისკენ თავქუდმოგლეჯილი მიექანება. არსად ჩანს შემკავებელი. არაფერს ამბობენ ჩვენი ე.წ. დასავლელი პარტნიორები; არაფერს ამბობს ვაშინგტონი. ის, ისე დუმს, როგორც 2008 წლის ომის დროს.
ერთადერთი მხსნელი „ოკუპანტი“ რუსეთია, მაგრამ რატომ უნდა გვიხსნას, როდესაც 30 წლის განმავლობაში თავგამოდებით ვლანძღავთ?
ოკუპანტიაო — ვიძახით. ის, რომ ოკუპანტია, დამოუკიდებლობის აქტშიც ჩავწერეთ: „1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია … .
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით … . ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ“.
თავისუფლება და დემოკრატია ამ აქტის მიღებისთანავე არ მოსულა. 1991 წლის დეკემბერში მოვიდა და ისიც „ოკუპანტი“ რუსეთის გადაწყვეტილებით, როდესაც საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა გორბაჩოვმა სატელევიზიო გამოსვლით გვაუწყა საბჭოთა კავშირის დაშლა.
რა მიიღო საქართველომ?
ნანატრი თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. მიიღო და უმალ სხვას ჩააბარა ანუ აშშ-ს. რუსეთი კი მტრად გაიხადა. მაშინ რუსეთს, საკუთარ პრობლემებში ჩაძირულს, თავი არ ჰქონდა სერიოზულად აღექვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებული რუსოფობიური სულისკვეთება.
ელცინის და მისი ლიბერალური, პროამერიკული ხელისუფლების ძალისხმევით ბევრი გაკეთდა გუშინდელი ახლობლების დასაშორებლად. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, საიდუმლო გრიფის მოხსნის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი მზად იყო 15 მილიარდ დოლარად ფინეთისთვის დაებრუნებინა კარელია-ფინეთი. ელცინი იმასაც ფიქრობდა, რომ კურილის კუნძულები იაპონიისთვის გადაეცა.
ელცინის ხელისუფლებამ დაუშვა იუგოსლავიის დაქუცმაცება, აღმოსავლეთ ევროპის ნატოში გაწევრება და ა.შ.
ასეთი, ცხადია საქართველოსთან რაიმე კავშირისთვის თავს არ აიტკივებდა.
რუსეთმა დაიწყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან გასვლა. რუსეთი გავიდა გერმანიიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან, ავღანეთიდან და დატოვა გზები, აეროდრომები, სკოლები, საავადმყოფოები, ფაბრიკა-ქარხნები, … .
გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდი — მიუკერძოებლად, ობიექტურად და არა ისე, როგორც დამოუკიდებლობის აქტშია ჩამოყალიბებული. საქართველო მსოფლიოს წარუდგა სამი ავტონომიური რესპუბლიკის — აფხაზეთის, აჭარის და სამხრეთ ოსეთის სახით ერთიან ქვეყნად; ხუთნახევარი მილიონი მოსახლით; განვითარებული მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, განათლებით, კულტურით, მეცნიერებით, სპორტით.
საქართველო სწავლა-განათლების დარგში იყო მსოფლიოს მოწინავე ქვეყანა. საქართველოში წარმოებული პროდუქცია (300-ზე მეტი დასახელების) უცხოეთში გადიოდა. საქართველო იყო საბჭოთა კავშირის მოწინავე რესპუბლიკა.
დაახლოებით ანალოგიური ვითარება იყო ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში, საიდანაც დაიწყო გასვლა რუსეთმა. და რა მოხდა აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ?
დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები; განადგურდა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, გზები, საზღვაო პორტები, ყოველივე ის, რაც არის ერის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის უპირველესი დამახასიათებელი.
ნაცვლად ამისა დარჩა მარტო სამი სიტყვა — თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რომლებიც ზემომოყვანილი ატრიბუტიკის გარეშე არაფერია ანუ შეუფერებელია სუვერენობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
ხშირად გვესმის — შეგვეშვან რუსები, ჩვენ თავს თვით მივხედავთო. კეთილი. რუსები შეშვებულები არიან, მაგრამ დამოუკიდებლობის მტკიცე ნაბიჯები, ჩვენს მიერ გადადგმული არ ჩანს. არც არვინ ჩანს ხელის გამომწვდენი, დამხმარებელი. არც ჩვენ ვჩანვართ ისეთი, სიპ ქვაზე, რომ ბაღს გააშენებს.
საბოლოო ჯამში ძველი „მახრჩობელას“, „ოკუპანტის“ მხარეს ვიყურებით — შველის მომლოდინე თვალებით. რა გაეწყობა, როდესაც თავად არ შეგიძლია პრობლემების გადაჭრა და არც შენი „ძმები“ და „სტრატეგიული პარტნიორები“ არიან ამის გამკეთებლები, ისევ ძველი იძულებითი თუ ნებაყოფლობითი ურთიერთობები უნდა გაიხსენო — საკუთარი თავის და ქვეყნის გადასარჩენად.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი