მეორე ჯანყი და „სტრატეგიული პარტნიორების“ პოლიტიკა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

„აშშ-ს და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცნობიერებენ ქართველი საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებული იქნა, როგორც ქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რასაც თან სდევდა პოლიტიკური კონსენსუსი და ყველა მხარის ერთობლივი ვალდებულება, ემუშავათ ამ მიზნის მისაღწევად.

გასულ ხუთშაბათს, ამ პროცესის მოულოდნელმა შეჩერებამ გაზარდა უნდობლობა და გაამძაფრა დაძაბულობა მმართველ პარტიას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგაოებას შორის. … “

ეს განცხადება ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორების“  აშშ-ს და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობების ერთობლივი ნაღვაწია, ამასთანავე ხელისუფლების გაფრთხილება: „არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად … ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისაღები იქნება“.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან განვითარებულმა მოვლენებმა რეაქცია გამოიწვია იმ დასავლელ პოლიტიკოსებში, რომლებიც საქართველოს საკითხით არიან დაკავებული, იცნობენ ჩვენს ქვეყანას, მის პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ასეთთა წრე არცთუ ფართოა, თუმცა საქართველოს მოსახლეობას, ადგილობრივი პოლიტელიტის და მედიის წყალობით ისე მიეწოდება, თითქოს ამერიკასა და ევროკავშირში შემავალი ქვეყნები დღედაღამ საქართველოზე ფიქრობენ და ყველაფერს აკეთებენ მისი კეთილდღეობისთვის.

არადა, გარდა ვიწრო პოლიტიკური წრისა, უდიდეს უმრავლესობას საქართველო, ინგლისურად „ჯორჯია“, აშშ-ს ჯორჯიის შტატი ჰგონია. ამის დასტურად, გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომი და ამერიკული პრესა, რომელმაც ისე გააშუქა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი,  რიგით ამერიკელთა მოწოდება რომ გამოიწვია — იარაღი შეესხათ ჯორჯიის შტატის დასაცავად.

ამერიკელებმა რომ ნაკლებად ან საერთოდ არ იციან საქართველოს შესახებ, გასაკვირი არაფერია, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის ყოფილი პასუხისმგებელი თანამშრომლის ქალბატონი ფსაკის ფონზე, რომელმაც მუქარით, აშშ-ს სამხედრო გემები ბელარუსის ნაპირებს მიაყენა.

საქართველოს შესახებ დიდი ცოდნით არც ევროპელები გამოირჩევიან, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც მეტნაკლებად ერკვევიან საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაში, თუმცა მაინც ზერელე წარმოდგენა აქვთ ქართულ მენტალიტეტზე, საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე, ცხოვრების წესზე. ისინი ისე იხილავენ საქართველოს, როგორც მესამე ქვეყანას, რაც კარგად ჩანს მათ მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა სახის პროექტებში — ძირითადად გამიზნულში აზიისა და აფრიკის მესამე ქვეყნებისთვის.

არ ვიცი როგორ განვიხილო მეზობელი რუსეთის ჩვენს გვერდით ყოფნა (გეოგრაფიულად) პოზიტიურად თუ ნეგატიურად, ვინაიდან რუსეთი რომ არ ყოფილიყო, საქართველოსადმი ინტერესი გაცილებით დაბალი იქნებოდა. სწორედ იმ „მახრჩობელა“ რუსეთის წყალობით გავხდით დასავლეთის ინტერესის საგანი.

რუსეთი დასავლეთის მტერია — ასე აცხადებენ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, რაც აიძულებს მათ გაზარდონ შეიარაღების ხარჯები, გაამკაცრონ რუსეთთან ურთიერთობები, დაუწესონ მას ეკონომიკური სანქციები, პრობლემები შეუქმნან მეზობელი ქვეყნებიდან, ნატოს სამხედრო ბლოკი მჭიდროდ მიაყენონ რუსეთის საზღვრებს, ევროპის ქვეყნებში განალაგონ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, … .

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა, ყოფილ საბჭოთა სივრცეში არაერთი ფერად-ყვავილოვანი რევოლუცია მოაწყვეს. მიზანი მათი იყო მარტივი — რუსეთის ორბიტიდან გამოყვანა, მოსახლეობის ანტირუსულად გადაკეთება, რუსეთის ირგვლივ სიძულვილის რკალის შექმნა — ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის აუზების ქვეყნების გამოყენებით.

ანტირუსული კამპანიის მთავარი სამიზნე უკრაინა-საქართველო გახდა. ამ ორ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი ამერიკულ-ევროპულმა ანტირუსულმა პროექტმა — უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსების გაუაზრებელი პოლიტიკის და ხალხის გაუთვითცნობიერებლობის გამო. ორივეს უხვად დაუყარეს ნატო-ევროკავშირის საკენკი, ისეთი წარმოდგენა შეუქმნეს, თითქოს იქ შესვლა უსაფრთხო არსებობის, ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრების საწინდარია.

დასავლეთი, უკრაინა-საქართველოდან ითხოვდა და ითხოვს გამუდმებულ ანტირუსულ ლანძღვა-გინებას, პროვოკაციების მოწყობას (რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი სააკაშვილის დროს), რუსეთისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას. ამ და სხვა დავალებებს ორივე ქვეყანა წარმატებით ასრულებს, თუმცა უკრაინა მეტად. დონბასში გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა,  პრიორიტეტულობა უკრაინას შესძინა.

2014 წელს „მაიდნის“ გადატრიალებამ, რომელიც ევროკავშირ-აშშ-ს უშუალო დახმარებით და დაფინანსებით განხორციელდა, ქვეყნის სათავეში პროფაშისტური ხელისუფლება მიიყვანა, რომელმაც ყველაფერი იღონა რუსეთის მტრად გამოცხადებისთვის. დასავლეთმა რუსი და უკრაინელი — ერთი სისხლი და ხორცი, მოსისხლე მტრებად გადააქცია და არვინ იცის მათ შორის როდის, როგორ აღდგება ჩატეხილი ხიდი.

ანალოგიური თუ არა, მსგავსი ვითარება შექმნა კოლექტიურმა დასავლეთმა ქართველსა და რუსს შორის — მოისყიდა პოლიტიკური ელიტა, სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ისე დაატაკა ისინი რუსეთს, როგორც მრავალსაუკუნოვან მოსისხლე მტერს. საქართველოს გარკვეულ,  მნიშვნელოვან წრეს დაავიწყა მთელი რიგი სიკეთეები — რუსეთიდან წამოსული და ნაცვლად მადლიერებისა პრეზიდენტ სააკაშვილს ათქმევინა — უამრავი დამპყრობლიდან, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში აწიოკებდნენ საქართველოს, ყველაზე მზაკვარი, დაუნდობელი რუსი იყოო (პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის დროს, თავისუფლების მოედანზე წარმოთქმული სიტყვა).

ქვეყნის ინტელიგენციის ისტორიულმა დაუნახაობამ, უმადურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის ლანძღავს რუსეთს ყველაფერში, რაც მას ჩაუდენია და არა. საკუთარ შეცდომას, მრუდე პოლიტიკას, რუსეთს აწერს, ნაცვლად იმისა რეალურად, ობიექტურად შეაფასოს მოვლენები, წარსული, თანამედროვეობა და სათანადო დასკვნების შემდეგ გააკეთოს განცხადება.

ახლახანს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და მეცნიერის, ყოფილი დისიდენტის  ვიქტორ რცხილაძის უაღრესად საინტერესო სტატია, სათაურით: „ორი სამარცხვინო მკვლელობა და რუსეთის პოლიტიკა საქართველოში“, რომელშიც ავტორს მოჰყავს ქუთაისის გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის სიტყვები: „ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ევროპის დავალებით, დაკვეთა იყო ევროპიდან. ისინი ებრძოდნენ პოლიტიკურ ელიტას მთელს რუსეთის იმპერიაში“.

კოლექტიური  დასავლეთის უშუალო ჩარევით განხორციელდა მეორე „ნაირინჯისფერი“ რევოლუცია უკრაინაში. იყო და არის მცდელობა მეორე „ვარდების“ რევოლუციისა საქართველოში. მაინც რას უწუნებენ „საოცნებო“ ხელისუფლებას სტრატეგიული პარტნიორები? იმას, რასაც შევარდნაძის ხელისუფლებას! ორივე ხომ ლოიალურად იყო და არის განწყობილი ვაშინგტონ-ბრიუსელის მიმართ?! მაგრამ ვაშინგტონს მეტი უნდა. ის სააკაშვილს და სააკაშვილებს უფრო ახლობლად, ღვიძლ შვილებად აღიქვამს, ივანიშვილს ნაკლებად. თან იმასაც ფიქრობს — სააკაშვილი რომ საქართველოს „შეფი“ ყოფილიყო, რამდენ პრობლემას შეუქმნიდა რუსეთს?

ივანიშვილი კი თავს არიდებს ასეთი პრობლემების შექმნიდან, უფრო მეტიც დიალოგიც სურს რუსეთთან. და აგორდა გავრილოვის საქმე.

ამერიკულ პრესაზე დაყრდნობით მაშინ ვწერდი, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები — შემდეგ ქუჩაში გაგრძელებული, ამერიკის დაფინანსებით და ინიციატივით განხორციელდა. ამერიკელმა ექსპერტებმა, რომლებმაც იმ ჯანყის წინ მოინახულეს ქართველი პოლიტიკოსები, სიტყვები არ დაიშურეს რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებებისთვის. ხალხს შეახსენეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა ნიშნავს რუსეთის მიერ სრულიად საქართველოს დაპყრობას. და ქართველმა შეგირდებმაც არ დააყოვნეს — ჯოხებით, ქვებით შეიარაღებულებმა იერიში მიიტანეს პოლიციაზე, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა.

ასე განხორციელდა პირველი ჯანყი, ვითომ უშედეგოდ, მაგრამ შედეგიანად, ვინაიდან საქართველო-რუსეთის სუსტი ურთიერთობები გაქრა და ნაცვლად ისევ მტრობა და უნდობლობა ჩამოწვა. ამჟამინდელი ჯანყი — მეორე, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები — ვითომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, საბაბია და მეტი არაფერი. მიზანი — ხელისუფლების დამხობაა, დასავლეთისთვის, ივანიშვილის ხელისუფლებაზე სანდო ძალების მოსვლაა.

დასავლეთს არ მოეწონა მომიტინგეთა ძალისმიერი დაშლა პარლამენტთან, რაც ნათლად აისახა სტატიის დასაწყისში მოყვანილ განცხადებაში. მისი ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „საქართველოს საზოგადოების ფართო იმედგაცრუებას“ ჰქონია ადგილი, მმართველი პარტიის მიერ პროპორციული არჩევნების ჩატარების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების მიმართ.

კეთილი, მაგრამ რა შუაშია აშშ-ს და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს საშინაო საქმეებთან?

ადრე რომ გეკითხათ მათთვის, რატომ არ აქცევენ ყურადღებას სააკაშვილის რეჟიმის აღვირახსნილობას, უმალ გიპასუხებდნენ — ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ, თქვენს საშინაო საქმეებში არ ვერევითო.

როგორც ჩანს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი დაირღვა და ახლა ისინი ისე გვეპყრობიან, როგორც დაპყრობილ ქვეყანას. ამერიკა-ევროპას მიაჩნია, რომ „ქართველი საზოგადოების ფართო ნაწილი“ მხარს უჭერს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. მოდით დავსვათ კითხვა — ქართველმა ხალხმა რა იცის პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემებზე?

არც არაფერი! არათუ „ფართო საზოგადოებამ“, პოლიტიკურმაც ნაკლებად იცის ამის თაობაზე.  მაშ, რატომ ცდილობენ ამერიკელ-ევროპელი დიპლომატები სასურველის რეალობად მოჩვენებას?

მარტივი მიზეზის გამო — პროპორციული სისტემით ოპოზიციას მეტი შანსი უჩნდება პარლამენტში მრავლობით რიცხვში შესასვლელად. რაც ხალხმა იცის და აინტერესებს — გაჭირვებული ცხოვრებიდან თავის დაღწევაა, მაგრამ ვინ არის მშველელი?

საპარლამენტო სკამებისთვის მებრძოლი ხელისუფლება-ოპოზიცია ისე ლაპარაკობს ხალხზე, თითქოს ოდესმე გაემართათ მასთან შეხვედრა-კონსულტაციები. ტრადიციულად ხალხს არჩევნების წინ იხსენებენ და ეს მანკიერება არც დღეს დარღვეულა.

პირველმა ჯანყმა რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია, რასაც ეკონომიკური ჩავარდნები მოჰყვა. საქართველოს ბიუჯეტს მოაკლდა ტურიზმის შემოსავალი, ვინაიდან რუს ტურისტებზე იყო და არის ჩამოკიდებული. ზაფხულის ტურიზმი, როგორც ჩანს ზამთრისას ისეთივე ბედი ეწევა.

ზამთრის კურორტებზე — გუდაური-ბაკურიანი, დასვენების მსურველთა შეკვეთები არ ჩანს. სასტუმროების მეპატრონეები აცხადებენ, რომ გასულ წელს, ნოემბერში დაჯავშნული იყო სასტუმროთა ნომრები, დღეს კი მსგავსს ადგილი არ აქვს.

ჯერაც გაურკვეველია საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი, რაც თავისთავად ისედაც ჩავარდნილი ვაჭრობის გახანგრძლივების საწინდარია. ყოველივე ამას კი თან ახლავს ლარის კურსის დაცემა, ინფლაცია, ფასების კატასტროფული მატება კვების პროდუქტებიდან დაწყებული, ყველაფერზე.

ნიშნავს აღნიშნული, ამერიკელ-ევროპელი სტრატეგიული პარტნიორებისთვის რამეს?

უდავოდ, ნიშნავს და მას სოციალური დუხჭირი ყოფით გამოწვეული საყოველთაო ბუნტი ჰქვია. ამას იყენებს აშშ-ი მთელი რიგი ქვეყნების არასასურველი ხელისუფლებების წინააღმდეგ. ასეთებია ირანი, რუსეთი, ჩრდილო კორეა, თურქეთი, სირია, ვენესუელა, კუბა, ჩინეთი. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

რუსეთი დიდი და ძლიერი სახელმწიფოა, ისე, როგორც ჩინეთი და მათთან სავაჭრო ემბარგოებით ლაპარაკი ნაკლებეფექტიანია, მაგრამ ირანთან გამოუვიდათ. ერთ კვირაზე მეტია ირანის ქალაქებში ანტისამთავრობო მიტინგებსა და გამოსვლებს აქვს ადგილი, რამაც სამართალდამცავებთან სისხლიანი შეტაკებები მოიტანა. არის მსხვერპლიც. ხალხის გარკვეულ ნაწილსა და ხელისუფლებას შორის უნდობლობის შეგრძნება გაჩნდა, რაც კოლექტიური დასავლეთის უმთავრესი მიზანია. ირანის ხელისუფლებამ შეაფასა რა ქვეყნის შიდა პროცესები, განაცხადა, რომ არეულობის მუხტი ირანის საზღვრებსგარედან მოდის, კერძოდ აშშ-დან.

აშშ-ს მიუღებელი იყო ევო მორალესის ხელისუფლება ბოლივიაში და ეს-ესაა დაემხო, აშშ-ს სპეცსამსახურების და ბოლივიის ოპოზიციური ძალების ერთობლივი მუშაობის შედეგად. აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა თავისუფლება მიულოცა ბოლივიელ ხალხს, თან აღნიშნა, რომ მსგავსს ექნება ადგილი კუბასა და ნიკარაგუაში, აგრეთვე ვენესუელაში.

არადა, ბოლივიელი ინდიელები, ქვეყნის მოსახლეობის 70% შეადგენენ. ისინი მოითხოვენ გაძევებული პრეზიდენტის მორალესის დაბრუნებას. ორ კვირაზე მეტია ლამის სამოქალაქო ომია ოპოზიცია-მოსახლეობას შორის — მსხვერპლით, ავტომანქანების, მაღაზიების დაწვა-დარბევით.

უმძიმესი ვითარებაა ქალაქ ჰონკონგში, სადაც, ზაფხულიდან დაწყებული ადგილი აქვს სტუდენტების, ანტისახელმწიფოებრივი ძალების გამოსვლებს. ეს ქალაქი 1997 წლიდან დაუბრუნდა სამშობლოს — დიდი ბრიტანეთის მმართველობიდან. ჩინეთსა და ჰონკონგს შორის გაფორმდა ხელშეკრულება — ერთი ქვეყანა, ორი სისტემის სახელით, რომლის მიხედვით ჰონკონგი ინარჩუნებს ავტონომიურობას 2047 წლამდე, შემდეგ ის ისეთ ქალაქად იქცევა, როგორც დანარჩენი ჩინური ქალაქები. ჰონკონგელთა მხოლოდ 3% თვლის თავს ჩინელად. არადა ამ ქალაქის მოსახლეობა ჩინურია, მაგრამ ასწლიანი კოლონიური გამოცდილებით და არაჩინური მენტალიტეტით.

ოფიციალური ჩინეთი ჰონკონგის ჯანყს აშშ-ს აბრალებს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ის არის პირველი, ვინც პეკინისგან ითხოვს დემონსტრანტების მიმართ ლმობიერ დამოკიდებულებას. ჰონკონგის ჯანყმა ეს ქალაქი, მანამდე მსოფლიოს მარგალიტად წოდებული — ეკონომიკურად უკან დასწია. შეწყდა ტურიზმი, განსაკუთრებით ჩინეთიდან — წლიურად 30 მილიონი. ქალაქის მესვეურები ზარალს ითვლიან — 300 მილიონი დოლარი და არვინ იცის, როდის ჩაცხრება იქ ვითარება.

თუ რა მდგომარეობაა უკრაინაში — ქვეყანაში, რომელშიც აშშ-ს უშუალო მონაწილეობით მოხდა ის, რაც მოხდა, მკითხველისთვის ცნობილია. მაგრამ გავიმეორებ — ერთ დროს მოწინავე საბჭოთა რესპუბლიკა ნულის დონეზეა დასული. ჯართად გაიყიდა ფაბრიკა-ქარხნების დანადგარები, ჩარხები; მიწასთან გასწორდა საქვეყნოდ ცნობილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, საწარმოები, სოფლის მეურნეობა. უკრაინელები მასობრივად გარბიან ქვეყნიდან  — საშუალოდ, საათში 20 კაცი.

სადაც გაიხედავთ ყველგან ვაშინგტონის ხელს და სპეცსამსახურების ნაღვაწს ხედავთ, თვით პარტნიორებშიც კი. ევროკავშირში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, პოლონეთის მოთავეობით, უპირისპირდება „ძველ ევროპას“, რაც წყალს უყენებს ამ ორგანიზაციას. „ახლებს“ აშშ-ს იმედი აქვთ. ვაშინგტონის წახალისებით ხდება ყოველივე. აშშ-ს სულაც არ აწყობს ძლიერი ევროკავშირი. მას სუსტი ხიბლავს. ვასინგტონს არც ნატო აწყობს — მძიმე ტვირთად მიიჩნევს მას და თვლის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის ფული უნდა გადაუხადონ აშშ-ს.

ყოველივე აღნიშნული და სხვა მრავალი, რომელიც ერთ სტატიაში ვერ ჩაეტევა, გვაფიქრებინებს იმას, რასაც მსოფლიოში ამერიკული გავლენა ჰქვია და აქედან გამომდინარე „სტრატეგიული პარტნიორებისადმი“ თავისებური დამოკიდებულება, რომელიც სულაც არ გამორიცხავს ხელისუფლების ცვლას — ნაკლებად სანდოს, მორჩილით ჩანაცვლებას. იქნებ აქაც ამასთან გვაქვს საქმე?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი