სააკაშვილის ინტერვიუდან გამომდინარე დასკვნები

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საქართველოს ისტორიაში აგვისტო შავი ასოებით ჩაიწერა. 2008 წლის ომმა მძიმე კვალი დაამჩნია ქვეყანას, მისი მოსახლეობის ტვინსა და გონებას, აზროვნებას, ქცევას. 2008 წლის აგვისტოდან დაწყებული, ქართველი, აგვისტოს არა მარტო აგვისტოში იხსენებს, არამედ სხვა, ნებისმიერ თვესა და დღეს. იხსენებს გულისტკივილით, ომში დაღუპული ადამიანების პატივისმიგებით, მათი სამარადისო სამყოფელის მონახულებით.

იხსენებს ბოღმით, წაგებული ომის, სამხედრო ხელმძღვანელობის უთავბოლო, მოღალატური ქცევის, ხელისუფალთა ავანტიურისტული პოლიტიკის გამო.

იხსენებს 2008 წლის მთავარ შემოქმედს, ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს — ლანძღვითა და გინებით, ზოგიც ქებით. იხსენებს იმჟამინდელი ხელისუფლების „მარგალიტებს“ (ხელმძღვანელებს) — საქართველოსთვის მიყენებული უდიდესი, განუკურნებელი ჭრილობის გამო.

ჭრილობა ღრმაა. მისი ამოვსება — შეუძლებელი. იხსენებს რანი ვიყავით 2008 წლის აგვისტომდე და სულაც არ უკვირს, როგორ შევიცვალეთ იმ აგვისტოდან დაწყებული დღემდე.

შევიცვალეთ, სამწუხაროთ ნეგატივისკენ — წაგებული ომით გამოწვეული ცნობიერი თუ ქვეცნობიერი აღქმის გაო. გავხდით დაუნდობელი ომში დამმარცხებლის მიმართ, შემართული რევანშისთვის და რომ არა მოწინააღმდეგის ზომა და წონა — თვალდახუჭული შევასკდებოდით დამარცხებული ქვეყნის ლაქის ჩამოსარეცხად.

იმ აგვისტოდან დაწყებული გვესმის პატრიოტული მოწოდებები მტრის დასაგმობად, საერთაშორისო საზოგადოების, მეგობარი ქვეყნების გამოსაფხიზლებლად, მათი მხრიდან ჩვენი მტრის მიმართ, გამანადგურებული პოლიტიკის გასატარებლად.

გვესმის ტყუილიც და მართალიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, სადაც ტყუილი სჭარბობს მართალს.

საქართველოს პოლიტიკას არ აწყობს აღიარება იმისა, რომ არც ისეთი ძლიერები ვყოფილვართ სამხედრო თვალსაზრისით, როგორსაც ხელისუფლება ხატავდა — ნატოს და აშშ-ს სამხედრო სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი ქართული ჯარის დასახასიათებლად. არადა, რა საქებარი სიტყვები დაიხარჯა ქართულ არმიასთან დაკავშირებით — ერაყში, ავღანეთში, სხვაგან, საქართველოს ღირსეულად წარმოჩენის გამო?!

გვესმის ოპტიმისტური, ხშირ შემთხვევაში ზეოპტიმისტური განცხადებები დაკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნების თაობაზე. გვესმის და ვფიქრობთ, როგორ შეიძლება მოხდეს ეს სასწაული რევანშისტული ომის ან დიპლომატიური მოლაპარაკების გარეშე?!

ომში წაგებული, დაკარგულს, ახალი ომის შედეგად ინაზღაურებს — ასე გვასწავლის ისტორია.

მხოლოდ მცირედის დაბრუნებაა შესაძლებელი დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით. სულ არარაობას მცირედიც სჯობს, მაგრამ მოლაპარაკების გამართვის გარეშე ესეც შეუძლებელია. საქართველოს ხელისუფლება ამ „შეუძლებლის“ გზაზეა დამდგარი და იოტისოდენა გადახვევა მისთვის მიუღებელია.

საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევით იქნება შესაძლებელი, რაც სრული აბსურდია. თუ ვინმეს უნდა სჯეროდეს ამის — ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია.

ის, ხომ მუდამ გაიძახოდა — დასავლელი მეგობრები აიძულებენ რუსეთს წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას. დღევანდელ სააკაშვილს რომ არ სჯერა ამის — ფაქტია. იხილეთ მისი ვრცელი ინტერვიუ, რომლის დიდი ნაწილი დასავლეთისადმი იმედგაცრუების დემონსტრაციაა. მიუხედავად სააკაშვილის ტვინის სლალომური მუშაობისა, სადაც ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებების კორიანტელია, შიგადაშიგ სიმართლის ამოკითხვის შესაძლებლობაც ჩნდება.

დიდი ბრიტანეთის Institute for War and Pease Reporting წარმომადგენელ ვაჟა თუთბერიძესთან/ (თავბერიძესთან) საუბარში ის აცხადებს: „როდესაც პატარა ქვეყანა სხდება მათთან ერთად მაგიდასთან და იწყებს ლაპარაკს, როგორც თანატოლი, ისინი ამას ყოველთვის არ აფასებენ. ისინი თვლიან, რომ ცდილობთ თავზევით ახტომას. ახლა მე ეს მესმის, მაგრამ მაშინ ვთვლიდი, რომ ეს ჩემი სამყაროა, რომ ჩვენ ყველანი თანაბრები ვართ“.

„ჩვენ შევეწინააღმდეგეთ სისტემას, რომელიც მსოფლიოს ჩვენს ნაწილში არსებობდა. მე ძალიან ვენდობოდი დასავლეთს, მაგრამ ჩვენი მიდგომები ეფუძნებოდა ფასეულობებს. მე ძალიან გულუბრყვილო ვიყავი დასავლეთის მიმართ. მე ვფიქრობდი, რომ ისინი ყოველთვის იმას აკეთებენ, რასაც აცხადებენ; რომ მათ სჯერათ საკუთარი პრინციპების“.

ეს და სხვა მოსაზრებები, რომელსაც სააკაშვილი აჟღერებს დასტურია იმისა, რასაც ზოგიერთი ჩვენგანი მაშინ ხმამაღლა აცხადებდა, წერდა, თუმცა ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორს, მედიას ყურადღება არ მიუქცევია. დარწმუნებული ვარ, არც დღეს მიაქცევენ ყურადღბას სააკაშვილის ნათქვამს. მისივე პარტიელები ზერელედ შეაფასებენ მას და გააგრძელებენ დასავლეთზე ბოჩოლას მსგავსი მორჩილი თვალებით მზერას.

ის, რომ დასავლეთი საქართველოს გამო ომს არ დაუწყებდა რუსეთს, განა ძნელი გამოსაცნობი იყო?

ის, რომ აშშ-ი, ნატო, ევროკავშირი საქართველოსთვის თავს არ მოიკლავს, განა ცნობილი არ უნდა იყოს დღევანდელი პოლიტიკოსებისთვის?

კითხულობ სააკაშვილის ინტერვიუს და უმალ თვალწინ გიდგება 2008 წლის ომის კადრები, თავდაჯერებული მხედარმთავარი, მისი გუნდი და სამხედრო მაღალჩინოსნები — დასაწყისში წელში გამართულნი, შემდეგ მოხრილნი, მხრებჩამოყრილნი, თავდახრილნი. თუ ვინმეს დაავიწყდა ეს სურათი, უნდა შევახსენოთ, რათა ვაიპატრიოტებს გამეორების საშუალება წავართვათ, მყვირალა რიტორიკა აღვუკვეთოთ, უზნეო საქციელი დავგმოთ, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთ-საქართველოს ე.წ. საზღვართან.

განა შეურაცხმყოფელი არ არის მრავალსაუკუნოვანი ერისთვის მისი გადაგვარებული შვილების შარვალჩახდილი საჯდომის მოწინააღმდეგისთვის მიშვერა?

შეურაცხმყოფელი და დასაგმობია ვიღაც ტუტუცი გოგონას მიერ დუნდულაზე რუსეთის პრეზიდენტის ტატუირება და ინტერნეტით დემონსტრირება, თან იმის განცხადება, რომ პუტინი ამის ღირსიც არ არის და მალე მოიშორებს მის პორტრეტს დუნდულიდან.

შეურაცხმყოფელია გამუდმებული ბღავილი იმისა, რომ რუსეთი ე.წ. ბორდერიზაციით ტერიტორიებს ართმევს საქართველოს; რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია; ნუთუ წერტილი არ უნდა დაესვას ჟურნალისტ გრიგოლიას და მის მსგავსთა პერმანენტულ განცხადებებს რუსეთის და არა საქართველოს მიერ ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით?

მედიას არ სჯერა, რომ ომი საქართველომ, კერძოდ სააკაშვილმა დაიწყო. სააკაშვილის ნათქვამიდან გამომდინარე კი საწინააღმდეგოს ვხედავთ. ნუთუ მედიამ სააკაშვილზე უკეთ იცის ვინ დაიწყო ომი?

ეს ინტერვიუ იმით არის გამორჩეული სააკაშვილის სხვა ინტერვიუებისგან, რომ ნათელს ფენს არა მარტო ომის დაწყების თემას, არამედ მისდამი დასავლეთის დამოკიდებულებას. „ვფიქრობ, რომ ამერიკამ დაგვიანებული რეაგირება მოახდინა, რამაც ჩემი იმედგაცრუება გამოიწვია. იყო აშშ-ს თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის განცხადება — რომ ისინი არ გამოიყენებენ სამხედრო ძალას. ის ამაზრზენად ცინიკური იყო. ის გამოდიოდა ნატოში ჩვენი მიღების წინააღმდეგ. მან მითხრა — თქვენი მიღება ნატოში ცუდი წამოწყებაა, მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს ასეთი სურვილი აქვს, რა გაეწყობა?

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სხდომაზე, როდესაც ბუშმა შესაძლო ვარიანტების შესახებ დაიწყო ლაპარაკი, ვიცე პრეზიდენტმა ჩეინიმ თქვა ფრთოსანი რაკეტების გამოყენების თაობაზე (რუსეთის წინააღმდეგ), რაზეც გეიტსმა უპასუხა — „არავითარ შემთხვევაში“, — ამბობს სააკაშვილი.

საბედნიეროდ, იმჟამად აშშ-ის ადმინისტრაციაში გეიტსის მსგავსი გონებაგახსნილი ადამიანებიც იყვნენ. სწორედ მათი ძალისხმევით მსოფლიომ თავიდან აიცილა მესამე და უკანასკნელი ომი, რომელიც ბირთვული იქნებოდა.

წამით წარმოვიდგინოთ — რა მოჰყვებოდა ჩეინის მოსაზრების გაზიარებას სხდომის მონაწილეების, მათ შორის პრეზიდენტის მიერ?!

ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ჯარის დაბომბვა და სად — საქართველოს ტერიტორიაზე?

თუ რა საპასუხო რეაქცია ექნებოდა რუსეთს — ძნელი გამოსაცნობი არ არის.

ერთ-ერთ თოქ-შოუში გრიგოლია თავდაჯერებით ეცა რესპონდენტს, რომელმაც თქვა ის, რაც ტალიავინის კომისიამ — ღამის ცხინვალის მასირებულ დაბომბვასთან დაკავშირებით. რატომღაც მას და მისთანებს სჯერათ, რომ ასეთს (დაბომბვას) ადგილი არ ჰქონდა, მიუხედავად სპეცკომისიის და გაეროს მტკიცებისა.

ყოველივე აღნიშნულს ფარდას ხსნის თვით მთავარი შემოქმედის სააკაშვილის ნათქვამი: „როდესაც თქვენ ინიცირებას უკეთებთ სამხედრო ოპერაციას, ხელმძღვანელობთ სამხედრო პროტოკოლით, თქვენ აღარ მოქმედებთ პოლიტიკის სიბრტყიდან გამომდინარე … ისინი (სამხედროები) წყვეტდნენ რა იარაღი გამოეყენებინათ ამათუ იმ სამიზნის საწინააღმდეგოდ …“.

შეკითხვაზე, რომ ქართულმა მხარემ გამოიყენა კასეტური ბომბები, სააკაშვილმა უპასუხა: „ჩვენ გვქონდა იარაღი, რომელსაც ჩვენი რეგიონის ბევრი ქვეყანა ყიდულობდა, მაგალითად რაკეტა „გრადი“. მე არასდროს დავინტერესებულვარ სამხედროები რას ყიდულობდნენ“.

სააკაშვილის პასუხებიდან ჩანს — ვინ დაიწყო ომი, ვინ გამოიყენა აკრძალული „კასეტური“ ბომბები. ამის შემდეგ საწინააღმდეგოს მტკიცება სააკაშვილების, არასამთავრობოების, მოსყიდული ჟურნალისტების მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ არაობიექტურობაა, ისევე, როგორც იმის მტკიცება აშშ-ს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა როგორ გააფრთხილა სააკაშვილი ომი არ დაეწყო.

სააკაშვილის პასუხი ასეთია: „კონდიმ მითხრა არ ავყოლოდით პროვოკაციას. ისინი (რუსები) არაფერს არ გააკეთებენ“. სააკაშვილი თვლის, რომ კონდოლიზა რაისმა თავის წიგნში საკუთარი ინტერპრეტაცია მოახდინა, რასაც სინამდვილეში არ ჰქონია ადგილი.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, კონდოლიზა რაისს კატეგორიულად რომ ეთქვა სააკაშვილისთვის ომის არდაწყების თაობაზე, სააკაშვილი დაუჯერებდა, მაგრამ რახან ეს იყო ცალყბად და გაუგებრად ნათქვამი, სააკაშვილი საპირისპიროდ მოიქცა.

საინტერესოა ამერიკელი ექსპერტის ჯორჯ ფრიდმანის მიერ 2008 წლის 14 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატია, სადაც ის წერს: „7 აგვისტოს ღამეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი და ცხინვალის მისადგომებთან გააჩაღეს ომი. 8 აგვისტოს ომში ჩაერთო რუსეთის ჯარი. შესაძლოა ქართველები არც ისე კარგად ომობდნენ, მაგრამ ამ რაიონებში მათ მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები ჰყავდათ, რომელთა განსათავსებლად მინიმუმ რამდენიმე დღე იყო საჭირო. ასე რომ, საქართველომ ნაბიჯი გადადგა წინასწარი განზრახვით.

აშშ-ი საქართველოს უახლოესი მოკავშირეა. მათ საქართველოში 130 სამხედრო მრჩეველი ჰყავდათ. გარდა ამისა, იყვნენ სამოქალაქო მრჩევლებიც. წარმოუდგენელია, რომ მათ არ სცოდნოდათ ქართული ჯარის მობილიზაციის და მიზნების თაობაზე. ძნელად წარმოსადგენია, რომ ქართველებმა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა დაიწყეს ამერიკელთა სურვილის გაუთვალისწინებლად.

ქართველებს ამერიკელთა იმედი ჰქონდათ. მათ არ შეეძლოთ უარი ეთქვათ ამერიკელთა მოთხოვნებზე, რაც გვაიძულებს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: ეს იყო აშშ-ს სპეცსამსახურების გრანდიოზული ჩავარდნა. მათ არ იცოდნენ რუსეთის სამხედრო ძალა ან იცოდნენ, მაგრამ ქართველებთან ერთად შეცდნენ“.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ისტორიისთვის მარჩიელობა არაფრის მომტანია, თუმცა იმას, რასაც ქვემოთ ვიტყვი — ის მარჩიელობაა, რომელიც სინამდვილესთან ახლოა. ჟურნალისტის კითხვაზე — რამდენად წარმატებულად მიაჩნდა მას ცეცხლის შეწყვეტის სარკოზისეული გეგმა, სააკაშვილმა თქვა: „სარკოზი მოსკოვიდან დაბრუნდა გეგმით, რომელშიც გაჩნდა კიდევ ორი პუნქტი — უსაფრთხოების ზონები და პირობა, რომ მოგვიანებით საერთაშორისო საზოგადოება განიხილავდა ტერიტორიების სტატუსს (იგულისხმება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი). მე ვთქვი, რომ ეს მიუღებელია და ბოლოსდაბოლოს რუსებმაც უარი თქვეს ამ პუნქტებზე. … მათ უნდოდათ დავთანხმებულიყავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადამექცია საჯარო განხილვის თემად, რომელზეც ჩვენ არ გვექნებოდა არავითარი გავლენა და რომელიც მისცემდა შანსს სხვას გადაეწყვიტა ჩვენი სტატუსი, ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლად“.

სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას და გამუდმებულ მუქარას, რომ სულ მალე ის ძალით დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, 26.08.2008 მოჰყვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რამაც მუქარასაც დაუსვა წერტილი და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

იმ შეცდომებიდან, რაც სააკაშვილმა დაუშვა სისხლიანი მმართველობის დროს, ყველაზე უხეში და ქვეყნისთვის გამანადგურებელი იყო ომის გაჩაღება და შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის გეგმიდან სტატუსის განმსაზღვრელი პუნქტის ამოღება.

ვიმეორებ, ისტორიისთვის მარჩიელობა არაფრის მომტანია, მაგრამ მოდით ვიმარჩიელოთ. რა იქნებოდა, რომ 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად საქართველოს სათავეში შლეგი სააკაშვილი არ მოსულიყო?

„ვარდების რევოლუცია“ — თავისი შინაარსით და შემართებით, წარსულის წამშლელი ღონისძიება იყო. მას, ქართველთა ხელით უნდა ამოეძირკვა ყველაფერი — კარგი თუ ცუდი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ცხოვრებაში.

„ვარდების რევოლუციით“ უნდა დაწყებულიყო საქართველოსთვის ამერიკული ყაიდის ახალი წელთაღრიცხვა. პროექტის განსახორციელებლად გაუწონასწორებული, ახალგაზრდა  შეირჩა — აშშ-ში განვლილი ტრენაჟით, რომელმაც ფრიადზე შეასრულა აშშ-ს სპეცსამსახურების დავალება.

ბევრი „ვარდების რევოლუციას“ არ თვლის რევოლუციად, ვინაიდან ის განსხვავდებოდა ჩვენთვის ცნობილი სისხლიანი რევოლუციებისგან. ის, უფრო „სამეფო კარის“გადატრიალებას ჰგავდა, თუმცა შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა სისხლიანი რევოლუციებიც უკან ჩამოიტოვა და ბევრი სხვაც.

„ვარდების რევოლუციამ“ მოიტანა საზოგადოების ტვინის ცვლა, გადაგვარება, დეგრადაცია, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზე აირეკლა.

და მაინც, რომ არ ყოფილიყო „ვარდების რევოლუცია“, დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ — არ იქნებოდა 2008 წლის აგვისტო — საქართველოს ერთიანობის დამქცევარი და გამანადგურებელი.

„ვარდების რევოლუციისა“ და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ჩვენთვის რაღაც უნდა ესწავლებინა. ის, მაინც — რომ ბირთვულ სახელმწიფოსთან დაჭიდება ავის მომასწავებელია.

გვასწავლა?

არამცადაარამც. ისევ კუნთებზე ვიყურებით, რომელიც არ გვაქვს. ისევ ვპროვოცირებთ რუსთა გამოსაწვევად. ისევ ვილანძღებით რუსთა მისამართით, თან ხმამაღლა, პარლამენტის სპიკერის მიკროფონიდან ვბღავით — „რუსებს ვკლავდით, ვკლავთ და მოვკლავთ“, რითაც ქვეყანას სიცოცხლეს ვუმოკლებთ. აგრესიული, დაბოღმილი ქვეყანა, მუდამ ფათერაკებისკენ მიმართული, ძნელად გაიკვლევს გზას ადუღებულ საუკუნეში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი