ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებული ვნებათა ღელვები

ბატონ გურამ გოგიაშვილს

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების 100 წლისთავისთვის მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც პარიზში გაიმართა, ნაცვლად ქვეყნების და ხალხების დაახლოებისა, დაპირისპირების საგნად გადაიქცა. ღონისძიებაში მრავალი ქვეყნის მეთაური, მთავრობის თავმჯდომარე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი.

მეასე წლისთავი – მასპინძელი ქვეყნის გათვლით, არა მარტო ომში დაღუპულთა გახსენება უნდა ყოფილიყო, არამედ ომის დაგმობის, მშვიდობისა და კეთილი თანაცხოვრების საფუძველი. აღნიშნული კეთილშობილური სურვილების მიღმა იყო ამბიციაც, ცხადია შეფარული – შორს მიმავალი, რამაც თავი ვერ დამალა და ნაცვლად მჭიდრო თანამშრომლობისა, დაპირისპირების საგნად იქცა.

პარიზმა ისეთი საკითხი გააღვიძა, მრავალი წლის განმავლობაში რომ წყალს შეუყენებს ევროატლანტიკურ კავშირურთიერთობას. საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მიერ გაჟღერებული მოსაზრება – ევროპის სამხედრო ძალის შექმნის შესახებ, სწორედ იმ გამოწვევად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლის იქით ურთიერთგაგებაზე, მითუმეტეს მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბარი გაჭირდება.

სხვაგვარად, მაკრონის ნათქვამს ამბიციური ტრამპი ვერ აღიქვამდა. ასეც მოხდა, მან მაკრონის ნათქვამი პირად შეურაცჰხყოფად მიიღო და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა. მაკრონის ნათქვამი დაახლოებით ასეთი შინაარსისა იყო – ევროპას სჭირდება საკუთარი არმია ჩინეთის, რუსეთის და თუნდაც აშშ-ის აგრესიისგან თავის დასაცავად.

პარიზში გაფრენამდე ღრმადნაწყენმა ტრამპმა ორი განცხადება გააკეთა, სადაც ისიც აღნიშნა, რომ მაკრონის მოსაზრება სხვა არაფერია თუ არა საკუთარი დაცემული რეიტინგის (26%) გადაფარვის მცდელობა. ტრამპმა მოუწოდა მაკრონს და ნატოს დანარჩენ წევრებს – ნაცვლად ნეგატიური განცხადებებისა, დროულად გადაიხადონ ნატოს საწევრო – ეროვნული შემოსავლის 2%-ი.

ტრამპი, რომელიც ნატოს არსებობას ანაქრონიზმად მიიჩნევს და უარს არ იტყოდა მის დაშლაზე, უცბათ ამ ორგანიზაციის მხარდამჭერად მოგვევლინა. რით არის ეს გამოწვეული?

მარტივი მოცემულობით – ევროპაში აშშ-ის როლის შესაძლო შემცირებით. აშშ-ის მიერ შექმნილი ორგანიზაცია ნატო, რომელშიც 29 ქვეყანაა გაწევრებული, ევროპაზე, აშშ-ის ზეგავლენის მთავარი ინსტრუმენტია და თუ ნატო არ იქნება, არც ის სამხედრო ზეგავლენა ექნება ამერიკას, ევროპაზე რომ აქვს.

ნატო, ტრამპისთვის არის ევროპასთან ვაჭრობის არცთუ უმნიშვნელო საგანი. მარტო ის ნათქვამი რად ღირს – თუ არ გადაიხდით საწევროს, ამერიკა ნატოდან გავაო (ტრამპი).

მაკრონის განცხადება ნაცვლად ხვეწნისა – არ გახვიდეთ, 2%-საც გადავიხდით და მეტსაც, საწინააღმდეგოს შეიცავდა და არა მარტო, აგრესიასაც – აშშ-ის მიმართ.

მაკრონის განცხადება ევროპის სამხედრო ძალების შექმნის თაობაზე ხაზგასმით გამოხატავს საფრანგეთის, ნატოს სხვა ევროპელი წევრების სუვერენიტეტისკენ ლტოლვას, იმ სუვერენიტეტისკენ, რომელიც მათ რახანია დაკარგეს, ნაწილობრივ, საკუთარი სურვილით, ნაწილობრივ, აშშ-ის მეცადინეობით.

შავმა კატამ გაირბინა ტრამპ-მაკრონს – ორ მეგობარს შორის, რომლებიც ერთმანეთს სულს უბერავდნენ. ტრამპი ნაწყენი დარჩა, რომ მაკრონმა დაასწრო და ნატოს უპერსპექტივო მომავალი პირველმა გააჟღერა – ევროპის სამხედრო ძალების შექმნა ხომ პირდაპირ ემუქრება ნატოს არსებობას?!

თვით მაკრონს სხვა ამბიციები ძალავს – ევროპაში ლიდერობა. დღემდე გერმანია და მისი კანცლერი მერკელი ითვლება ევროპის ლიდერად და ეკონომიკურ ელმავლად. მაგრამ სულ მალე ის თავს დაგვიკრავს და გამოგვემშვიდობება – ჯერ საკუთარი პარტიის ლიდერობიდან, შემდეგ კანცლერობიდან, რაც თავისთავად იწვევს მაკრონის ამბიციების გამოღვიძებას. თუ არა მაკრონი, ვინ უნდა იყოს ევროპის ლიდერი მერკელის შემდეგ?

მაკრონ-ტრამპის ინტერნეტულმა პაექრობამ დაღი დაასვა პირველი მსოფლიო ომის აღსანიშნავ ღონისძიებას – მოღუშული ტრამპის და ვითარების გამოსწორების მსურველი მასპინძელი მაკრონის სახით.

ცეცხლზე ნავთი დაასხა გერმანიის კანცლერის მერკელის განცხადებამ, რომ ის მხარს უჭერს ევროპის სამხედრო ძალების შექმნის მაკრონისეულ წინადადებას. არც ესპანეთი ჩამორჩა დუეტის შეხმატკბილებულ პოლიტიკურ სიმღერას და მანაც ხმა შეუწყო საფრანგეთ-გერმანიას.

ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოებიც უარს არ ამბობენ ამგვარ პერსპექტივაზე. გამონაკლისი პოლონეთი, ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებია, რომლებმაც სამხედრო საქმეში მჭიდრო თანამშრომლობის კურსი სწორედ აშშ-ზე აიღეს, რაც თავისთავად მიანიშნებს ვაშინგტონის პოლიტიკაზე – დაჰყავი და იბატონე. ნატოში ვაშინგტონს თავისი მომხრეები ჰყავს, ისე, როგორც ევროკავშირში, რომლებიც მას მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ბრიუსელს.

ზემომოყვანილი ისტორია მანიშნებელია იმისა, რომ ევროპაში, დიდი ხნის წინათ დაწყებული ფარული ლტოლვა ვაშინგტონის დიქტატის გარეშე კონტინენტის საქმეების კეთებასთან დაკავშირებით ზედაპირზე ამოტივტივდა და მომავალში დაპირისპირების უფრო მკვეთრ ფორმებს შეიძენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ სხვა თვალით უნდა შეხედოს ნატოს მომავალს და მასში გაწევრების თემას, მითუმეტეს, როდესაც იქ არავინ გველის.

სულ ახლახანს, ამერიკულმა „ვაშინგტონ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით – „აშშ-ი ვერ გარისკავს უკრაინა-საქართველოს გამო“. აი, რა არის სტატიაში:

„მიუხედავად იმისა, უკრაინა-საქართველოს პოლიტიკოსები ოცნებობენ ნატოში შესვლაზე, აშშ-ში სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდება – შეჩერდეს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და არ მიეცეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ამ ორგანიზაციაში გაწევრების არავითარი გარანტიები.

ჩრდილოატლანტიკური კავშირი გასული საუკუნის ორმოციან წლებში შეიქმნა დასავლური ცივილიზაციისა და თავისუფლების დასაცავად, მაგრამ დღეს, ნატო დასაქმებულია სხვა რამით. დაივიწყა რა უპირველესი მიზანი. ამიტომ გაურკვეველია, რატომ ცდილობს ალიანსი გაფართოებას. ეს სიგიჟეა, რასაც წერტილი უნდა დაესვას“.

სტატიის ავტორი, გაზეთის სამხედრო მიმომხილველი, ყოფილი სამხედრო მფრინავი ტოდ ვუდია, რომელიც გვახსენებს, რომ ამერიკამ ტრამპი იმისთვის აირჩია პრეზიდენტად, ქვეყანა არ ჩართულიყო სხვის ტერიტორიებზე ომებში, ისეთში, აშშ-ისთვის უსაფრთხოებას და სასიცოცხლო მნიშვნელობას რომ არ შეიცავს. ტრამპი აირჩიეს არა იმისთვის, რომ აშშ-ს რუსეთის საზღვრებთან ნატოს ბაზები შეექმნა.

„თუ აღმოსავლეთ ევროპელები და კავკასიაში მცხოვრებნი გვიმტკიცებენ, რომ მათ რუსეთი ემუქრება – ეს აშკარად არ არის აშშ-ის პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ მათი თავისუფლება, ვასწავლოთ, მივყიდოთ იარაღი, შევთავაზოთ სხვა სახის მხარდაჭერა, მაგრამ აშშ-ის ჯარისკაცების სიცოცხლის გარისკვა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა უკრაინა და საქართველო, არავითარ აზრს არ შეიცავს.

ამ ქვეყნებს არ უნდა მივცეთ არავითარი იმედი ნატოში შესვლის ან აშშ-ის მიერ მათი აგრესიისგან დაცვის. უკეთესია, თუ ჩვენ, ჩვენს დაცვაზე ვიფიქრებთ. უკრაინამ და საქართველომ თვით მიხედონ თავიანთ თავს. ბოლოსდაბოლოს მათ შეუძლიათ შექმნან საკუთარი კავშირები, მაგალითად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თავდაცვის მიზნით“.

სტატიის ავტორი ისეთსაც წერს – ჩვენ და უკრაინას, რომ არ გაგვიხარდება, მაგრამ რა გაეწყობა სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია, მითუმეტეს ამერიკიდან მომავალი, მოთმინებას მოითხოვს, ამავდროულად დაფიქრებასაც.

„მე არ ვარ მარიონეტი და არც რუსეთის პრეზიდენტის პუტინის თაყვანისმცემელი. მე რეალისტი ვარ. ბევრი ვიცი რუსეთის და მისი მეზობლების შესახებ და შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმ რეგიონში – სიგიჟეა“.

სტატიის ავტორი ასეთ კითხვას სვამს – ტეხასი რომ აშშ-ს გამოეყოს და რუსეთმა დაიწყოს მისი დახმარება, შეიარაღება, აღუთქვას თავდაცვა – როგორ აღიქვამს ამას აშშ-ი?

„რუსეთი, როგორც სახელმწიფო დაიბადა თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე და მხოლოდ ოქროს ურდოს შეტევის შედეგად, რუსი თავადები გადავიდნენ აღმოსავლეთში“.

გაზეთი იმასაც აღნიშნავს, რომ ნატო აშშ-ის გარეშე არაფერია. ალიანსი არ არის ნამდვილი კავშირი – ეს არის ამერიკული უსაფრთხოება ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ სურთ საკუთარი თავის დაცვა.

„უკრაინელები და ქართველები კარგი ხალხია და შეუძლიათ იოცნებონ, მაგრამ ნატოს მხოლოდ მცირედის გაკეთება შეუძლია ოცნების რეალიზაციისთვის. ამისთვის საჭირო არ არის ნატოს საზღვრების გადატანა“.

სტატიის ავტორის მოსაზრება აშშ-ის ადმინისტრაციის მოსაზრება ხომ არ არისო – იტყვის მავანი.

გეთანხმებით, მაგრამ მსგავსი მოსაზრებები უხვად იბეჭდება აშშ-ის პრესაში. რაც შეეხება თვით ამ გაზეთს – ის აშშ-ის ოფიციოზის მოსაზრებების გამჟღერებელია და შორს არის „ყვითელი“ პრესისგან. იქ დაბეჭდილი სტატიები ამერიკის თანამედროვე პოლიტიკური კურსის მიმდევარია.

თითქმის 25 წელია დაბეჯითებით ვლაპარაკობთ ნატოში გაწევრებაზე, შესაბამის ნაბიჯებსაც ვდგამთ – ზოგჯერ სწორს, ზოგჯერ არც თუ, მაგრამ მთავარს არ ვივიწყებთ და გამუდმებით გავიძახით ნატოში აუცილებლად შეგვიყვანენო. ამ მოტივით გავართულეთ ურთიერთობა მეზობელ რუსეთთან და ისეთ დონეზე ავიყვანეთ, საკმაო დრო დაგვჭირდება ვითარების უკეთესობისკენ შემოსაბრუნებლად.

ყოველივე აღნიშნულში უდიდესი წვლილი შეჰქონდათ და შეაქვთ ვაშინგტონელ და ბრიუსელელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ავტორიტეტულად გვეუბნებოდნენ და გვეუბნებიან, რომ ნატოში მიგვიღებენ – არა დღეს, მომავალში, რითაც ნატოს ზღურბლთან გვაბამენ ცელქი ბოჩოლასავით – რამე არ შეგვეშალოს და ჩრდილოეთისკენ არ გავკუნტრუშდეთ.

იმედებით გვკვებავენ. ჩვენც, პირდაღებული ვუსმენთ, გვჯერა, რომ მიგვიღებენ. და ყოველივე ეს ხდება რუსეთის სამხედრო აგრესიისგან თავის დასაცავად. სწორედ იმ რუსეთის, ვისთანაც ერთობლივი ცხოვრება საუკუნეებს მოითვლის.

ამ ხნის განმავლობაში არასდროს დამდგარა ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ისე, როგორც ეს დააყენა თავისუფლების მოედანზე გამოსვლის დროს მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც მოედანზე მისულ მრავალათასიან მსმენელს და აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს რუსეთის საუკუნოვან მტრობაზე მიაპყრობინა ყურადღება.

საქართველო-რუსეთს შორის ბევრი რამ იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ ერის გადაშენების მცდელობას ადგილი არ ჰქონია, რაზეც ნათლად მეტყველებს ის დადებითი დემოგრაფიული სურათი, საქართველოს რომ შეექმნა „მტარვალ“ რუსეთთან თანაცხოვრების დროს.

ასე, რომ ვიღაცის შიშით იმ ორგანიზაციაში თავის შეყოფა, რომელსაც ზემომოყვანილი ფაქტებიდან არცთუ წარმტაცი მომავალი აქვს – საღ ნაბიჯად არ გამოდგება. უსაფრთხოების შექმნისთვის ისეთი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, დიპლომატიური რომ ჰქვია – დაფუძნებული მოლაპარაკებაზე და არა სხვის, ამ შემთხვევაში მესამე ძალის მოიმედეობაზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი