ბატონ გურამ გოგიაშვილის სტატიასთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

გასულ კვირას გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 19 სექტემბრის ნომერში ვიხილეთ გურამ გოგიაშვილის სტატია სათაურით: „გაცრუკაცებულნი მჯღაბნელნი ქვეწარმავალნი რუსულ-სომხური ნოეს კიდობანიდან“.

სტატია ეხება მოსკოვში გამომავალ რუსულ-სომხურ გაზეთ „ნოეს კიდობანში“ გამოქვეყნებულ არაერთ მასალას საქართველოს შესახებ. „ამ რუსულ-სომხური გაზეთის 4880 ნომრიდან, არც ერთი ნომერი არ არის, რომლის ფურცლებზეც საქართველო და ქართველობა მავნე სიცრუის შენიღბვის მიზნით რაღაც კარგის აქა-იქ უღონოდ გაკრთომა-გაციმციმების გარდა, ძირითადად გამოყვანილნი არიან ბაცაცებად და სხვათა ისტორიის, ამ შემთხვევაში სომხეთის ისტორიის მძარცველებად და ყოველივეს სიკარგის მიმტაცებლად“ – წერს ბატონი გურამი.

ბატონ გურამს დიდ მადლობას ვუხდი ამ წერილის გამოქვეყნებისთვის და მოკრძალებით ვურჩევ რუსულ ენაზე თარგმნას, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებას, პარალელურად აღნიშნული გაზეთისთვის გაგზავნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთობ საინტერესო და სომეხთა დასაფიქრებელი ნაშრომი ჩვენი ქვეყნის ვიწრო წრის გულისფხანის მეტს არაფერს მოიტანს. არც ვინმე შეიწუხებს თავს იმ ინტელიგენციიდან, ვისაც ბატონი გურამი ბოდიშის მოხდით მიმართავს.

არადა, ბოდიში არა ბატონ გურამს, არამედ იმათ აქვთ მოსახდელი, ვისაც ბატონი გურამი აწუხებს: „რატომ ვართ ასე გაკმენდილნი, რატომ გვაქვს ასე სამარცხვინოდ ენა მუცელში ჩაგდებული. წარმოგიდგენიათ „ნოეს კიდობანის“ გამოსვლიდან დღემდე თითქმის 5000 ნომერში, ასევე თითქმის 5000 ანტიქართული ესა თუ ის, დიდი თუ პატარა გამოხდომა ვრცელდება (ტირაჟი 105000) როგორც რუსეთში, ისე ამერიკაში და ევროპაში. ერთი სიტყვით, თუ ზღვა კოვზით დაილია, 5000 ცრუინფორმაციული სილაქი როგორია?! თანაც ამ გამეტებულად გაწნულ სუყოველ სილაქს თუ ძალიან შორს განჭვრეტილი მიზანი აქვს“.

აქვს და მერე როგორი. ნათქვამია – პატარძალი პწკენაპწკენით დაორსულდაო – დაორსულდება ყველა ისინი, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ისე მის გარეთ მცხოვრებნი ფალსიფიცირებული სომხური „კვლევის შედეგით“ და რომ იტყვიან – „მერე უყარეთ კაკალი“. თავის მართლება უკვე უაზრო და დაგვიანებული, ვიღას სჭირდება?!

არადა, რახანია ჩვენი მეზობლები ისტორიის ფალსიფიცირების გზას ადგანან და სისტემატურად ისეთს ისვრიან მედიაში, ჟურნალებსა და ისტორიის ამსახველ სპეცლიტერატურაში, უდავოდ შეგშურდებათ. შეგშურდებათ არა სიცრუეზე აგებული ისტორიული წიაღისვლები, არამედ თანმიმდევრული, შეუპოვარი პოლიტიკა – სისტემატური და არა იშვიათი, პერიოდული.

სიტყვა „პოლიტიკა“ ვახსენე არა იმიტომ, რომ წამომცდა, არამედ ქმედებას, რასაც მეზობელი სომხეთი სჩადის – შორს გამიზნული პოლიტიკაა. ისე, როგორც ქართული ისტორიული ძეგლებისთვის ღამ-ღამობით ძირის გამოთხრა, ფუნდამენტიდან ქვების გამოღება, მათზე სომხური წარწერების გაკეთება და ისევ ძველ ადგილას დაბრუნება.

გავიხსენოთ, რამდენ ეკლესიას გვედავება მეზობელი?

ჩვენიაო, რომ ამბობენ – ნივთმტკიცებად სომხურწარწერებიან ქვებს გვიდებან წინ. ჩვენ კი, გამოხმაურებაც გვეზარება, მხოლოდ – ნატო, ნატოს ძახილით ვართ გართული. იმ ნატოში თუ ოდესმე შეგვიშვეს, ვინ ვიქნებით ჩვენ – „ჰაიასტანი“?

გასული საუკუნის ბოლოს ერთ-ერთ ტელეარხზე ისეთ საუბარს შევესწარი, სულის გამაწვრილებელი რომ იყო. თემა – საქართველოს ისტორიას ეხებოდა, უფრო ზუსტად რუსეთში გამომავალ ენციკლოპედიას, სადაც საქართველოს ისტორიის გარკვეული მონაკვეთის ჭეშმარიტების დადგენა იყო საჭირო. იქაც სომხები გვედავებოდნენ.

საავტორო კოლეგიამ წერილით მოგვმართა და ჩვენც, ჩვენი მოსაზრება პირადად უნდა გადაგვეცა მათთვის. ავტორებს სასიგნალო ეკზემპლარიც გამოუგზავნიათ ჩასასწორებლად, თუმცა რუსეთში გამგზავრება, უფულობის გამო ვეღარ მოგვიხერხებია. სამწუხაროდ, ტექსტი მზის სინათლეს ხარვეზებით შეხვდა.

დღეს, გაყალბებულ ისტორიას ეცნობა ყველა, ვინც ამ ენციკლოპედიას ხელს შეავლებს. რა შეიძლება ეწოდოს ამას, თუ არა დანაშაული. არა, ეს არ არის ზერელეობა, ზედაპირულობა. ეს, დანაშაულია. რამდენი ასეთი ჩავიდინეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც რუსეთს დავშორდით?

უამრავი! ყველა მათგანი ჩვენ თუ არა ჩვენს შვილიშვილებს დახვდებათ წინ, როდესაც ყველა მხრიდან – აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან დაგვიმტკიცებენ, რომ ტერიტორია, რომელსაც საქართველო ჰქვია, ჩვენი კი არა, მათია.

რაღა „ხვალს“ ვამბობ, უკვე რახანია თურქეთში სკოლის სახელმძღვანელოებშიც საქართველოს ტერიტორიის მსუყე ნაწილები, მათ შორის აჭარა, თურქეთად არის მოხსენებული და სიმტკიცისთვის რუქებზეც დატანილი.

ვინმეს ახსოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან თურქეთში ჩვენი საელჩოს, ან ქართველ მეცნიერ-თურქოლოგთა საპროტესტო განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით? არანაკლები სიბეჯითით გამოირჩევა სომხეთიც, რომელიც საქართველოს ისტორიისა და ტერიტორიების (ჯერ-ჯერობით რუქებზე) ქაღალდზე მიტაცებით პირველია. არც სხვა მეზობლები აკლებენ ხელს.

წიგნით ვაჭრობის მსოფლიო ბაზრობებზე უხვად არის წარმოდგენილი სომხური, აზერბაიჯანული, რუსული ისტორიული ლიტერატურა, რომელიც ქართულ წისქვილზე არ ასხამს წყალს.

ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკიდან ორს – აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთობ მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს რუსეთთან არა მარტო პოლიტიკისა და სამხედრო მშენებლობის საქმეში, არამედ განათლების, კულტურის, მეცნიერების, ეკონომიკის, სხვა დარგებშიც. მარტო სკოლკოვოს უკვე სახელგანთქმულ სამეცნიერო ცენტრში არაერთი აზერბაიჯანელი და სომეხი ეუფლება მეცნიერებას.

ჩვენ?

ჩვენ – ვლანძღავთ და ვაგინებთ რუსეთს, ნაცვლად თვალის გახელისა და ისეთი საქმის კეთებისა, ერს რომ წაადგება. ჩვენ რომ სტრატეგიული პარტნიორი გვგონია – აშშ-ი, არათუ გეოგრაფიულად არის შორს კავკასიიდან, არამედ მენტალურადაც. ამერიკელს ერთი სიცოცხლე არ ეყოფა იმ პრობლემების და ნიუანსების შესწავლა-გააზრებისთვის, ჩვენ რომ გვაქვს მეზობლებთან. მარტო დავით გარეჯი რად ღირს! ერთადერთს, ვისაც შეეძლო ჩვენს გვერდით დგომა – რუსეთია, მაგრამ მავანთა წყალობით – შინაურთა და გარეულთა ისე გადაგვკიდეს ერთმანეთს, უარესს რომ ვერც შაჰ აბასი ინატრებდა.

სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფალთა პოლიტიკა სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის მიმართ ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო და არის დამთმობი. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის თავმოხრილია ამ სამის წინაშე, მაგრამ არის ამაყი, მკაცრი და ხისტი რუსეთის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში წამგებიანია.

წამგებიანია რუსეთში ქართული დიასპორის „მოღვაწეობაც“. ბატონი გურამი სამართლიანად წერს: „ ამ ხნის მანძილზე, ე.ი. მთელი 21 წელიწადი, თვითონ მოსკოვში მცხოვრებ ქართველთაგან, რომელნიც იქ გვარიანად მრავალნი არიან, ერთმა ერთხელ მაინც ვერ შეამჩნია, რომ ამ რუსულ-სომხური „ნოეს კიდობანის“ 4880 ნომრიდან, თურმე არც ერთი ნომერი არ არის საქართველოს გარეშე?“.

ბატონი გურამისა არ იყოს, მოსკოვში ბევრნი არიან ქართველნი, მათ შორის ცნობილი პიროვნებებიც, მაგრამ სათვისტომოსთან მათი კავშირი ნულის ტოლია. არადა სათვისტომო უნდა იყოს სახალხო დიპლომატიის გენერატორი, წარმმართველი ძალა. მან უნდა გასცეს პასუხი მსგავს პასკვილებს. მან უნდა მოახერხოს სამეცნიერო, კულტურული კავშირების დამყარება-განვითარება. ის უნდა იყოს ინიციატორი ორი ქვეყნის ჟურნალისტთა გაცნობა-დაახლოების და ამ მიზნით მოსკოვში ქართველი ჟურნალისტების და პირიქით, მოგზაურობის ინიციატორი.

რომელი ერთი ჩამოვთვალო. სამწუხაროდ, ის ამ საქმეს არ აკეთებს და არც გააკეთებს, ვინაიდან სულიერად შორსაა საქართველოდან. საკუთარი საქმით დაკავებული სათვისტომოს ხელმძღვანელობა საქართველოსთვის რაიმე სიკეთის მომტანი არ არის. ასეთის არსებობას, არარსებობა სჯობს.

ქართულ სათვისტომოს ფონზე გრგვინავს აზერბაიჯანულ-სომხური სათვისტომოები. პრეზიდენტ ალიევის ერთ-ერთი ქალიშვილი აქტიურადაა ჩართული სათვისტომოს ცხოვრებაში. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ საკუთარი ისტორიის დაცვა ქვეყნისთვის უპირველესი რამ არის. მან ისიც იცის, რომ ამ საქმეში რუსეთის გამოყენება-დახმარება საჭირო და აუცილებელია.

რომ იტყვიან – „ხელი, ხელს ბანს, ორივე – პირსო“ – კარგად აქვს გათავისებული აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომლის თაოსნობით არაერთი რუსული სკოლა (141) და რუსული უნივერსიტეტი (ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი) ფუნქციონირებს აზერბაიჯანში. ამით რა – აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი დაკარგა? ან იქნებ რუსული პოლიტიკის გავლენის ქვეშ მოექცა?

არამცადაარამც. აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკა თუნდაც სისხლით მონათესავე თურქეთის მიმართ ცნობილი რამ არის. სომეხი ისტორიკოსების წიაღსვლებით გაბეზრებულმა პრეზიდენტმა ალიევმა შეკრიბა აზერბაიჯანელი ისტორიკოსები და მიზნად დაუსახა აზერბაიჯანის და იმ ტერიტორიის, სადაც აზერბაიჯანია, ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა.

მას შემდეგ არცთუ დიდი დრო გავიდა და დღეს აზერბაიჯანელი მეცნიერები ვალს ადებენ სომხებს – ჩამოსულები ხართ და ჩვენს ისტორიულ მიწაზე ცხოვრობთო. აზერბაიჯანის ისტორიკოსთა ნაშრომები, თარგმნილი უცხო ენებზე, უხვადაა სხვადასხვა სახელმწიფოების წიგნების მაღაზიებში.

ბატონი გურამისა არ იყოს, ჩვენს ისტორიკოსებს, არათუ პასუხის გაცემა, წაკითხვაც ეზარებათ. საღათას ძილს მიცემულნი იმასაც ვერ ამჩნევენ, როგორ ნადგურდება მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული ყოფის ამსახველი არტეფაქტები. მხედველობაში მაქვს ხელოვნების მუზეუმის უნიკალური ექსპონატები – ჩვენი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნიდან დაწყებული.

ხელონების მუზეუმის თავგადასავალი ისე, როგორც საერთოდ სამუზეუმო ცხოვრება სხვა თემაა და საფუძვლიან განსჯას საჭიროებს, მაგრამ ის, რაც ზედაპირზე დევს და აშკარად მიუღებელია, დღესვე უნდა ითქვას, თუ უკვე დაგვიანებული არ არის. სააკაშვილის სამუზეუმო „ოპტიმიზაციამ“ – ყველა მუზეუმს ერთი დირექტორი და ადმინისტრაცია დაუწესა, რითაც უპატრონოდ დატოვა მუზეუმები.

უპატრონობა რომ ქაოსს იწვევს – ფაქტია. ეს ქაოსია ხელოვნების მუზეუმში, სადაც რახანია რემონტი მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე უნიკალურ ექსპონატებს, რომელთა ადგილიდან დაძვრაც კი აზიანებს მათ, აქეთ-იქით დააქანებენ.

მუზეუმში შექმნილი სავალალო ვითარების შესახებ საზოგადოებამ ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილისგან იცის, რომელიც ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეკრანიდან სისტემატურად რეკავს საგანგაშო ზარებს. შედეგი – ნული, მაგრამ ქალბატონი ნინო შეუპოვრად იღვწის და მიუხედავად ხელისუფალთა გულგრილობისა, თავგანწირვით განაგრძობს მამულაშვილურ საქმეს.

სამწუხაროდ, ამ თემით არც მისი კოლეგები დაინტერესებულან და არც ე.წ. პატრიოტი მეცნიერები. არადა, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და  კულტურა სწორედ ამ არტეფაქტებშია ასახული.

ჩვენ რომ სუფრაზე სადღეგრძელოში ამაყად ვამბობთ – „საქართველოს უძველესი ისტორია და კულტურა“ – იმ გაპარტახებულ ხელოვნების მუზეუმის საცავში განთავსებულ ექსპონატებს ეხება.

მუზეუმის სიახლოვეს, ქვაშვეთის გვერდით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. უდავოდ ფასდაუდებელი საჩუქარი მიიღო ქვეყანამ, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ბიზნესმენ გია ჯოხთაბერიძისთვის.

აღნიშნულის თაობაზე მკითხველმა იცის ჟურნალისტ არმაზ სანებლიძის (გაზეთ „საქართველი და მსოფლიო“) და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას („საქართველოს რესპუბლიკა“) სტატიებიდან.

„ამ მუზეუმით საქართველომ მსოფლიოს დაანახა, რომ ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ შექმნა, არამედ კარგად ჩვენებაც“ – წერს ბატონი ვახტანგი. მე კი დავამატებდი, რომ არ შეგვიძლია ძველის გაფრთხილება,  იმ ძველის, რომელიც ფუნდამენტია საქართველოს ისტორიისა და კულტურის; რომელზეც დგას ხელოვნება – ახალი მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში გამოფენილი. ვურჩევდი ბატონებს არმაზ სანებლიძეს და ვახტანგ დავითაიას დაინტერესებულიყვნენ ხელოვნების მუზეუმის ბედით.

ჩვენს მეზობლებს რომ ის საგანძური ჰქონდეთ, რაც ხელოვნების მუზეუმშია (ჯერ-ჯერობით), უნიკალურ საბრძანებელში განათავსებდნენ, ისეთში, როგორიცაა ერევანში, ისტორიული სომხური ხელნაწერებისთვის განკუთვნილი შენობა მატენადარანი.

ხელოვნების მუზეუმის საცავში განთავსებული უნიკალური ექსპონატებისთვის ვერ მოგვიცლია და გაზეთ „ნოეს კიდობანისთვის“ მოვიცლით , საღათას ძილს მიცემულები.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი