ახალი რეფორმის მოლოდინში

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა არც ისეთი დამაიმედებელია, როგორსაც ხელისუფლება გვპირდებოდა 2012 წლის რევოლუციური არჩევნების შემდეგ.

„რევოლუციურს“ იმიტომ ვამბობ, რომ არა საყოველთავო-სახალხო აზვირთება, „ნაციონალები“ დღესაც იბატონებდნენ ქვეყანაში. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობდა – ადმინისტრაციული რესურსი, მორჩილი მედია, დამონებული საზოგადოება, შეცვლილი კონსტიტუცია, IRI-ის და NDI-ის მხარდამჭერი „კვლევები“ და ქვეყნის ახალი თავის ანუ ძველის სასახლეც კი ათონელის ქუჩაზე.

იმჟამინდელი ხელისუფლების და პრეზიდენტის მხარდამჭერად ხმალამოღებულები იყვნენ აშშ-ს გავლენიანი პოლიტიკური წრეები, სენატორ მაკკეინის ხელმძღვანელობით და რომ არა ციხის კადრები, ვითარება ისეთივე იქნებოდა, როგორც ადრე. მაგრამ „კოკამ წყალი არ მოუტანა“ სააკაშვილსა და მის გუნდს – იძულებული გახადა დამორჩილებოდა რევოლუციური არჩევნების შედეგებს და ხელისუფლება გადაებარებინა მისთვის საძულველი, ახლადშექმნილი პარტიისთვის.

სააკაშვილი რა სააკაშვილია, ეს მარცხი თავის სასარგებლოდ არ გამოეყენებინა და იქიდან მოყოლებული, დღემდე სისტემატურად გაიძახის – ხელისუფლება არჩევნების გზით დავთმე, ნახეთ რა დემოკრატი ვარო.

სააკაშვილის ნათქვამს ზურგს უმაგრებენ ამერიკელი კონგრესმენებიც, რომლებიც სააკაშვილს ერთობ დადებითად აფასებენ, მის მიმართ საქართველოს ხელისუფალთა ნეგატიური დამოკიდებულებისა.

როგორც ჩანს „დემოკრატიის შუქურა“ ჯერაც სიმპათიით სარგებლობს ამერიკელ პოლიტიკოსებში, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან თავისი ხანგრძლივი მმართველობის დროს მან ბევრი გააკეთა ამერიკის სასარგებლოდ. მარტო რუსეთთან დაპირისპირება რად ღირს! დედამიწის ზურგზე გეგულებათ ვინმე ისეთი პრეზიდენტი, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ომი გაეჩაღებინოს მასზე ასჯერ ძლიერ ქვეყანასთან?!

სააკაშვილს დაუფასეს. უკრაინაში გააპოლიტიკოსეს. ამჯერად ჰოლანდიაშია და ელოდება თავის ჟამს. პოლიტიკური ცხოვრებისთვის ჯერაც ნორჩ ასაკშია და თვითონ თუ უარს არ იტყვის პოლიტიკოსობაზე, 20 წლის, შესაძლოა მეტის, აქტიური პოლიტიკური ცხოვრება ჯიბეში აქვს. ამის მტკიცე საფუძველიც არსებობს – მისი დაუშრეტელი ავანტიურისტული ბუნება და ენერგია, სამშობლოში არსებული პოლიტიკური საყრდენი – „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.

საყრდენი, ამერიკელი პოლიტიკოსების დაბეჯითებული მოქმედების და ზეწოლის შედეგია. სწორედ მათი „რჩევით“ ქართველობამ ისწავლა სიტყვა „კოჰაბიტაცია“, რომელმაც საზოგადოების ყოველდღიურ ლექსიკონში, მოწინავე ადგილი დაიკავა.

თავსმოხვეული „კოჰაბიტაცია“ შესანიშნავად გაითავისა მმართველმა პარტიამ და ისეთი სასათბურე პირობები შეუქმნა კრიმინალურ „ნაცმოძრაობას“, უკეთესს ვერ ინატრებდა ის. „ოცნებამ“ ისიც მოახერხა, რომ პოლიტიკურ სარბიელზე თითზე ჩამოსათვლელი პარტიები დაეტოვებინა, დანარჩენები გაიკრიფნენ და სერიოზულ ძალას არ წარმოადგენენ, თუმცა არც ადრე ჰქონდათ ქვეყნის მართვის უნარი და პოტენციალი.

ამერიკული ორგანიზაციები, IRI-ის და NDI-ის სახით დღენიადაგ უწევენ პროპაგანდას ორპარტიულ სისტემას, სადაც „ნაციონალები“, „ოცნების“ სერიოზული კონკურენტები არიან და მზადყოფნას გამოთქვამენ ჩაენაცვლონ მას მომავალ არჩევნებში.

„ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიანო“ – მეტყვიან ოპონენტები. ჯერ-ჯერობით ვერ, მაგრამ გაივლის წლები, განელდება ანტიმიშისტური განწყობა, წინა პლანზე წამოიწევს მისი მმართველობის დროს განხორციელებული ქარაფშუტული პროექტები, როგორც გენიალური. ნეგატიურს, პოზიტიური ჩაენაცვლება და ა.შ.

სააკაშვილი შორს არის ქვეყნიდან, მაგრამ ყურადღების ცენტრშია. მისი პარტია კი – მეორე ძალა ქვეყანაში, ბობოქრობს, თანაც იმდენად, ბევრს ვერ გაუგია, ისინი ნამდვილად წავიდნენ ხელისუფლებიდან თუ არა. ამერიკელთა წყალობით ისინი პარლამენტშიც არიან და ადგილობრივ მმართველობაშიც, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფო აპარატზე.

„ოცნებამ“ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა კოჰაბიტაციის შემოღებით და დამნაშავე პარტიის შენარჩუნებით, „ოცნებისთვის“ 6-წლიანმა ძირის თხრამ, ანტიოცნებურმა პოლიტიკამ თავისი გამოიღო – „ოცნება“ სახელისუფლებო კრიზისშია და არ იცის როგორ გაართვას თავი, მის წინაშე არსებულ წვრილმან-მსხვილმან პრობლემებს.

„კიდევ ერთი ახალგაზრდა, ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა, რომელიც მთლიანად იქნება დაქვემდებარებული ბიძინა ივანიშვილის სურვილებზე, ხელს არ შეუწყობს ქართველი ხალხის გამოსვლას ქაოსიდან და კორუფციიდან, არ დაეხმარება ევროპული ინტეგრაციის გზაზე მდგარ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სრულ გადასვლას დასავლური დემოკრატიის სტილზე“ – წერს ბელგიური „New Europe”.

ცხადია იმ არასასურველ ვითარებაში, რომელშიც „ოცნება“ და მასთან ერთად ხალხი აღმოჩნდა, მარტო „ნაცების“ დადანაშაულება ძნელია. აქ თავი იჩინა თვით „ოცნების“ უგერგილობამ, გულგრილობამ, არაკომპეტენტურობამ და სხვა მრავალმა ნეგატიურმა ფაქტორმა, რომელთა გამოსწორება ერთი ხელის დაკვრით შეუძლებელია.

სიღატაკის აღმოფხვრას წლები დასჭირდება, თან მუყაითი შრომა, საქმის სიღრმისეული შესწავლა და არა ზედეპირული რეფორმები, რასაც არაერთხელ მოვესწარით განვლილი 6 წლის განმავლობაში.

ხელისუფლება, საზოგადოებას პირდება, რომ შემცირდება სახელისუფლებო ხარჯები და დაზოგილი თანხები ხალხის კეთილდღეობას მოხმარდება. 14 სამინისტროს ნაცვლად იქნება 11 და ა.შ. მთავრობის სამომავლო გეგმებს რომ სპონტანურობის ელფერი დაჰკრავს, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ სამინისტროების მექანიკური შემცირებით, პოზიტიური მოლოდინი გაზვიადებულია. მმართველობითი სტრუქტურის საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზის შედეგად უნდა განხორციელდეს რეფორმა და არა სწრაფად და ნაკლებად ეფექტიანად.

წინა რეფორმის დროს ვწერდი, რომ შემცირება, შემცირებისთვის ანუ პროპაგანდისთვის გაუმართლებელია. მან არ უნდა გამოიწვიოს დარგის უგულებელყოფა, მივიწყება. თუ გაუაზრებელი შემცირების გზით ვივლით და ყოველ 2 წელიწადში ჩავატარებთ ე.წ. რეფორმებს, ხელში მხოლოდ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები და თითო-ოროლა სამინისტრო შეგვრჩება. დღევანდელი გაგებით, სამინისტრო საქმის კეთების ნაცვლად, პრობლემებს „აკეთებს“ და რახან ასეა, არ სჯობს პრობლემების დასაძლევად სამინისტროს გაუქმება?!

რა ფასი ექნება სამინისტროების შემცირებას, თუ იქ დასაქმებული მოხელეები მარეგულირებელ ორგანიზაციებში გადანაწილდებიან – გაცილებით მეტი ხელფასებით და დანამატებით?!

საერთოდ, ვინმემ იფიქრა აღნიშნული მარეგულირებლების გაუქმების თაობაზე?

არც არვინ, ვინაიდან შესანიშნავ ადგილად მიიჩნევა ყოფილების დასაპურებლად. განა მინისტრთა საბჭოს აპარატი, მასში შექმნილი განყოფილებების სახით, ვერ გასწვდებოდა მარეგულირებლების საქმიანობას?

წინათაც ვამბობდი და გავიმეორებ – საქართველოს უამრავ ქვეყანაში აქვს გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობა, საელჩოს სახით. არვინ იცის იმ ეკზოტიკურ ქვეყნებში (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), სადაც ჩვენი დიპწარმომადგენლობებია, რა საქმით არიან დაკავებული საელჩოს თანამშრომლები.

ამა თუ იმ ქვეყანაში საელჩოს გახსნა უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ ინტერესს და არა ახლობლების დასაქმებას. ამ თვალსაზრისით იხსნება საელჩოები და არა ვიღაც ბობოლას პირადი ინტერესით, რასაც სამწუხაროდ აქვს ადგილი ჩვენში. ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, უზომოდ დიდი რაოდენობის საელჩოების ქონა დაუშვებელია, ვინაიდან დიდ ხარჯებს უკავშირდება და მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალზე მცირეა ან საერთოდ ნულის ტოლია.

შემცირებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას, თანაც ყველას, უარყოფითი განწყობა ჰქონდა და აქვს, ვინაიდან ყველას ჰქონდა სურვილი საკუთარი ოჯახის წევრის საელჩოში დასაქმება. მიკვირს, როგორ აკომპლექტებენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გახსნილ საელჩოებს, საკონსულოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოყოფილ ადგილებს, 3-მილიონიანი ქვეყნის პატრონები?

ამდენი ელჩი, რომ აღარაფერი ვთქვათ საელჩოებში მომუშავე დიპლომატებსა და ტექნიკურ პერსონალზე, გაზვიადებულად არ გეჩვენებათ?

და ეს ყველაფერი მწირი სახელმწიფო ბიუჯეტის და მწირი დიპლომატიური კადრების შემყურეს.

საგარეო უწყებაში მუშაობის დროს კანადის ელჩს ვკითხე – რატომ არ ხსნიდა კანადა საელჩოს საქართველოში. მან მიპასუხა – საელჩოს შენახვა ძვირი ჯდება, გარდა ამისა ჩვენს ქვეყნებს შორის არც ისეთი პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირებიაო. მაშინ ის ელჩი თურქეთში იყო აკრედიტებული და შეთავსებით საქართველოსაც ფარავდა.

ხელისუფლებას ხშირად მოჰყავს არგუმენტად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი ანუ უცხოეთში არსებული ჩვენი საელჩოების უპირველესი მოვალეობაა მყისიერად ეცეს მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებას, თუკი ის გადაწყვეტს განდეგილი რესპუბლიკების დიპლომატიურ აღიარებას.

ტერიტორიული საკითხის მოგვარებას გამჭრიახობა, არაორდინარული გადაწყვეტილების მიღება სჭირდება ანუ რუსეთთან დალაპარაკება და არა მადაგასკარის შემოვლით „ჭეშმარიტების“ ძიება.

საზღვარგარეთის ქვეყნებს რომ სურდეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უმალ გააკეთებდნენ ამას, მიუხედავად იქ არსებული ჩვენი საელჩოს ხვეწნა-მუდარისა. ვერაფრით დავეთანხმები პრეზიდენტი მარგველაშვილის განცხადებას – მე არ მინდა ვიყო ისეთი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც საელჩოები არ ექნება. საელჩოები უნდა გვქონდეს, მაგრამ არა ყველგან და არა იქ, სადაც საჭირო არ არის.

საზღვარგარეთის ქვეყნებში საელჩოების გახსნა უნდა ექვემდებარებოდეს ღრმა ანალიზს და იმ აუცილებლობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს და მასპინძელი ქვეყნების პოლიტიკური, საქმიანი კავშირურთიერთობების გაღრმავებას და არა ხელისუფალთა ნათესავ-მეგობრების დასაქმებას. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ელჩის საშუალო თვიური ხელფასი 5000 დოლარია, ოდნავ ნაკლები აქვთ საელჩოში მომუშავე დიპლომატებს.

ფულის ქარაფშუტული ხარჯვის კლასიკური მაგალითია ამერიკული იარაღების „ჯაველინებისა“ და „სტინგერების“ შეძენა. პირველით, გვაიმედებენ რუსული ტანკების განადგურებას, მეორით – უსაფრთხო ცის შექმნას.

სამხედრო სპეციალისტების მიხედვით, ამ მიზნების შესრულება შეუძლებელია, ვინაიდან რუსეთს სულაც არ სჭირდება სატანკო იერიშის განხორციელება, ისე ამოგვიღებს ოთხში, ხოლო „სტინგერი“ ის იარაღი არ არის, საჰაერო სივრცის დაცვა რომ მოახერხოს. ამ იარაღში გადაყრილი ფული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და მისი სხვა გზით გამოყენება, ცხადია გონივრულად, წაადგებოდა ხალხს.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელმა პირებმა, ცალი თვალითაც არ შეხედეს, როგორ ბომბავდა რუსეთი  ტერორისტების სამხედრო ბანაკებს სირიაში, კასპიის ზღვის აკვატორიიდან. მსგავს საჰაერო თავდასხმას „სტინგერები“ მოერევა?!

და ბოლოს, არავითარ ეკონომიას ადგილი არ ექნება, თუ გამოთავისუფლებული თანხები ხელისუფალთა უცხოურ ვოიაჟებს მოხმარდება – ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელს, ანდა ისეთ პროექტებს, როგორიცაა მთაგორიან თბილისში ველობილიკების გაყვანას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი