27.12.2024

ფიქრი დასავლეთზე და აღმოსავლეთზე

ნებისმიერ ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ძირითადი აქცენტი საშინაო საკითხებზე მოდის, მაგრამ არცთუ ნაკლები, საგარეო პოლიტიკაზე. ზოგან, ყურადღება  საშინაო და საგარეო თემებზე თანაბრად ნაწილდება. საქართველო ის გამონაკლისია, სადაც საგარეოს ცოტა ან სულაც არ ექცევა ყურადღება. არადა, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენია, მთავარი მამოძრავებელი, საგარეო საკითხებია. როგორც ჩანს, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა მიზანშეუწონლად ჩათვალეს იმაზე ლაპარაკი, რაც მათი აზრით ისედაც გადაწყვეტილია.

მხედველობაში მაქვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ხელოვნურად მიწებებული, ქვეყნის ორიენტაციასთან დაკავშირებული ე.წ. რეფერენდუმი. მას შემდეგ ქართული პოლიტიკა ერთხმად აცხადებს – ევროატლანტიკური ვექტორი ხალხმა აირჩიაო. არავითარი ნეიტრალიტეტი, უბლოკო სტატუსი, მიუმხრობლობა, მარტო ნატო და ევროკავშირიო. ერთადერთი პარტია, რომელმაც ერთობ მოკრძალებულად შესთავაზა ქვეყანას სხვა რამ ანუ უბლოკო სტატუსი, ბურჯანაძისაა, რომელიც არჩევნების წინ ისე დაიწიხლა სხვა პარტიებისგან, განსაკუთრებით ხელისუფლებისგან, თითქოს პარტიის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებით მართლაც შეიცვლებოდა ქვეყნის მიერ „ამორჩეული“ პოლიტიკური გზა.

ბურჯანაძის განცხადებამდე სხვა პატარა პარტიებიც ამბობდნენ სვლაგეზის დასავლეთის ნაცვლად ჩრდილოეთისკენ შეცვლაზე, მაგალითად კომუნისტები, მაგრამ, ვინაიდან ისინი ამის თაობაზე კარგა ხანია ამბობენ, მათი ნათქვამი ყურს არ ეხამუშება. „ესენი სხვას რას იტყვიანო“, – ამბობენ სხვა პარტიები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი. დანარჩენები, როგორც გითხარით, დასავლეთში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, დაბეჯითებით მაინც იქითკენ იყურებიან.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყურადღება მიიპყრო არჩევნებში მონაწილე მემარცხენე პარტიის ლიდერის შატბერაშვილის განცხადებამ. ჟურნალისტის შეკითხვაზე – „საით არის პარტიის საგარეო კურსი“, მან გაღიზიანებულმა (ალბათ, ამას როგორ მეკითხებაო) უპასუხა – „ცხადია, დასავლეთისკენო“.

როდესაც მემარცხენე შატბერაშვილიც დასავლეთისკენ მიისწრაფვის, თანაც თავქუდმოგლეჯილი, სხვაზე რა უნდა ვთქვათ. როდესაც „ნაცები“, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, ანდა თუნდაც „ოცნება“, სხვები აცხადებენ დასავლური კურსის შეუქცევადობას, გასაგებია. მათ მრავალი წლის „ძმობა-მეგობრობა“ აკავშირებთ დასავლეთთან. იქაური წყალიც დაულევიათ, იქაური ფინანსური „დახმარების“ ფასიც კარგად იციან, მაგრამ სხვებიც რომ იქითკენ იყურებიან? ალბათ იმ შეღავათების მოლოდინში, ზოგიერთს რომ რახანია მიღებული აქვს?

არჩევნებში მონაწილე პარტიებმა არც საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკი ჩათვალეს მიზანშეწონილად და არც დაკარგულ ტერიტორიებზე. ეს უკანასკნელი რახანია პარტიათა განსახილველ პირველ საკითხად აღარ ითვლება. მან უკან გადაიწია. ოთხი წლის შემდეგ დაკარგულის დაბრუნებაზე საუბარი გაცილებით უცხო იქნება, ვიდრე დღეს, რაც არ არის გასაკვირი.

აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე ზედაპირული ლაპარაკი, თანაც იშვიათი უდავოდ მაუწყებელია იმისა, რომ თანამედროვე ვითარება, ახალი თაობა ჯეროვნად ვერ აღიქვამს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ვინც აღიქვამს (აფხაზეთიდან წამოსული ძველი თაობა), მათი არავის ესმის. მათი ნათქვამი „კედელს ცერცვი შეაყარეს“ უტოლდება.

შევარდნაძის დროს თითო-ოროლა ბანერი მაინც იყო საქართველოს გზებზე გამოკიდებული, ასეთი შინაარსისა – გვახსოვდეს აფხაზეთი. დღეს, არც ეს ფსევდოპატრიოტულიობაა. რას მიეწერება ყოველივე ეს, იმას ხომ არა, დასავლური ორიენტაცია რომ ჰქვია?

დასავლეთისკენ აღებულმა კურსმა ყველაფერი დაგვავიწყა, დაკარგული ტერიტორიებიც, ქვეყნის შიდა მოწყობაც, ეკონომიკაც, … გულუბრყვილოდ ჩავთვალეთ, რომ ყველაფერი დასავლეთთან ჩახუტების შემდეგ მოვა – ის დაგვიცავს რუსული აგრესიისგან; ის გამოასწორებს ჩვენს დანგრეულ ეკონომიკას; ის დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს; მოკლედ ის იქნება ჩვენი მამა-მარჩენალი. არც არავინ ფიქრობს – ვითომ ისეთი რა უნიკალურები ვართ, რომ დასავლეთმა მუდმივად გვეფეროს და შეგვინახოს?

ხშირად გაისმის საქართველოს „ღმერთის წილხვედრობის“ თაობაზე და გვჯერა. ჯერათ იმ პარტიებსაც, ვისაც დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს – „ხელი-ხელს ბანს“ პრინციპით. არადა, ერთობ პრაგმატულ დასავლეთთან ურთიერთობის პირველსავე დღესვე ჩანდა, რანი არიან ისინი. დასავლეთი ფულს არ ჩადებს იქ, სადაც 2-ჯერ, 3-ჯერ მეტის ამოღება არ არის შესაძლებელი.

დასავლეთთან 20-წლიანმა ურთიერთობამ ვერ გვასწავლა მარტივი ჭეშმარიტება – შენი ტერიტორიის მთლიანობისთვის ის არაფერს გააკეთებს ანუ თავს არ გაიგიჟებს და ბირთვულბომბიან რუსეთს არ შეაკვდება. ერთადერთს, რასაც გააკეთებს – სინანულს გამოთქვამს ან მკაცრად იტყვის რაღაც ისეთს, მაგალითად სირიის ქ.ალეპოს მსგავსს, რასაც ადრესატი ღიმილით მიიღებს.

დღეს, ერთად აღებული დასავლეთი, აშშ-ს თამადობით, რა სიტყვებით არ ლანძღავს რუსეთს, აღმოსავლეთ ალეპოს გამუდმებული დაბომბვისთვის. მერე, რა? შეაცვლევინა პოზიცია? ვერ შეაცვლევინა, ვინაიდან რუსული არგუმენტებიც არ არის ყურით მოთრეული, ფალსიფიცირებული.

დასავლეთსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი სირიის დაქცევის და ტერორიზმის განვითარების საქმეში. ასეა ყველა სხვა საკითხშიც. ასე რომ დასავლური პოლიტიკაც ისეთი ვერ არის, სიმართლე რომ ჰქვია. ისიც ძირმომპალი და ტენდენციურია – დაფუძნებული სიცრუეზე და ცილისწამებაზე.

ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრის დროს საჭიროა სიღრმისეული ანალიზი იმისა – რომ მიდიხარ, სად მიდიხარ? დღევანდელი დასავლეთი ის არაა, საშუალო და მეტი ასაკის თაობა რომ კინოფილმებიდან ან წიგნებიდან იცნობდა. ის სხვაა – ერთობ გაბღენძილი, თავის უპირატესობაში, უნიკალურობაში დარწმუნებული. მაგალითად, აშშ-ი ის ქვეყანაა, ვინც ზემოდან უყურებს ყველას, მათ შორის ევროკავშირის წევრ პარტნიორებს. ასეთი, როგორღა შეგვხედავს ჩვენ?

არა მგონია, „ღმერთის წილხვედრად“. ქვეყანა, რომელსაც ღმერთად ფული და კაპიტალი აქვს ქცეული, ანგარიშს ვერ გაუწევს „წილხვედრობას“. მაშ, რას გაუწევს ანგარიშს – იქნებ შენს კულტურას, ისტორიას, ადათ-წესებს, ეკონომიკას, ღვინოს და ბორჯომს?

არც ერთს. ერთადერთი, რასაც ის ანგარიშს გაუწევს და დღემდე უწევს, გეოგრაფიული მდებარეობაა. არ იფიქროთ იმიტომ, რომ განავითაროს, რაღაც შექმნას აქ, ამ „წილხვედრში“. არა!

მრეწველობითა და სოფლის მეურნეობით დასაქმებული ქვეყანა მას არ აწყობს. მას მომსახურე მოსახლეობა აწყობს – მიმტანების, მძღოლების, მეძავების ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც რუსეთის ლანძღვა-გინებაში გაატარებს დროს. გავიმეორებ, როდესაც ფრანგს, გერმანელს, იტალიელს, სხვას ოფიციალური ამერიკული პოლიტიკა ზემოდან უყურებს, როგორ შემოგვხედავს ჩვენ?

ღიმილის მომგვრელია იმაზე ლაპარაკი ან თუნდაც სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება, როგორ გაიზარდა საქართველოს ღვინის ექსპორტი ევროპა-ამერიკაში. დავუშვათ, გაიზარდა, მაგრამ ის ხომ ვერასდროს გაუტოლდება რუსეთის, დსთ-ს ქვეყნების ბაზარს ან თუნდაც ჩინეთის?

ჩვენ გვეუბნებიან ტურიზმი გაიზარდაო. კეთილი. მართლაც  გაიზარდა, მაგრამ ვის ხარჯზე, თუ არა მეზობელი აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანის ხარჯზე? სად არიან ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორები“ – ევროპა-ამერიკელები? თითო-ოროლა დასავლელი ანგარიშში არ ჩაითვლება.

დიახ! საქართველოს ბუნება უდავოდ იძლევა ტურიზმის განვითარების შანსს, მაგრამ მაღალი დონის მისაღწევად მარტო შიშველი ბუნება არ კმარა. მას განვითარებული ინფრასტრუქტურა, სუფთა კვების პროდუქტები, შესაბამისი მომსახურება, გამართული გზები და ტრანსპორტი უნდა უმაგრებდეს ზურგს.

ტურიზმის განვითარებისთვის მომსახურე პერსონალის დახვეწილი მუშაობა წარმატების საწინდარია. ტურიზმის განვითარება ამ საქმეში დასაქმებულთა რაოდენობასაც უკავშირდება, რაც მცირემოსახლიანი სქართველოსთვის არცთუ უმნიშვნელო რამაა. ვინმეს შესწავლილი აქვს რა რაოდენობის ტურისტის მომსახურებას შეძლებს საქართველო?

თანამედროვე მსოფლიო, რომელიც გათვლებსა და პროგნოზებზეა დაფუძნებული, შორსაა საქართველოს პოლიტიკოსთა ვიწრო აზროვნებისგან, რაც არ იძლევა ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.  ჩემის აზრით, სტატისტიკა სწორედ ის სამსახურია, რომელიც ზედმიწევნით განსწავლული კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. სტატისტიკის სამსახური მოწინავე უნდა იყოს თუნდაც სამინისტროებთან შედარებით, პრივილეგიებით უნდა სარგებლობდეს ხელისუფლების მხრიდან.

სტატისტიკური სამსახურის მონაცემები ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უყოყმანო გაანალიზების და შესრულების საგანი უნდა იყოს. სტატისტიკის სამსახურს აღრიცხვაზე უნდა ჰყავდეს როგორც ქვეყნის მოსახლეობა, ისე მსხვილფეხა-წვრილფეხა საქონელი, მიწის ნაკვეთები, დასაქმებულთა თუ დაუსაქმებელთა რაოდენობა პროფესიათა გათვალისწინებით, სხვა მრავალი.

დღეს, სტატისტიკოსთა წვლილი ქვეყნის არსებობაში ისეთი არ არის, როგორიც საჭიროა.  როდესაც ქვეყანამ არ იცის მისი მოსახლეობის, ამომრჩევლის რაოდენობა, ის წელში ვერ გაიმართება.

საქართველოს საზოგადოებაში ისეთი აზრია გამჯდარი, თითქოს ევროკავშირი იყოს მზად ჩვენი წარმოების, სოფლის, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების გასავითარებლად. თითქოს ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს ამას. რა  გაეწყობა, ჩვენ ხომ იმ საბჭოთა სისტემის შვილები ვართ, რომელიც სამრეწველო ობიექტებსაც გვიშენებდა, მუშახელს და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსაც გვიწვრთნიდა, მეცნიერებთა აკადემიას, სხვა უმაღლეს სასწავლებლებს გვიქმნიდა და ა.შ. იმ წარსულს დაჩვეულებს იმედი გვაქვს – დასავლელთა ანალოგიური მოქცევის.

არა, მეგობრებო, წარსული ზღაპარი აღარ შემობრუნდება, მითუმეტეს პრაგმატული დასავლელის ხელით. დამისახელეთ თუნდაც ერთი მაგალითი, დასავლეთის ზრუნვის გამომხატველი, ევროკავშირში შესული ახალი წევრების მიმართ. ასეთი არ არის – რაც არის – საბჭოთა პერიოდში შექმნილი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის ნგრევა და ტრადიციული წარმოების გაუქმებაა.

ევროკავშირში კი შევიდნენ, მაგრამ საკუთარი ქუდი მოხადეს და ევროკავშირული დაახურეს. ევროკავშირს მათ მიერ გამოშვებული პროდუქცია რად უნდა, როდესაც თვით არ იცის, სად წაიღოს თავისი. ტრადიციული წარმოების დახურვამ არა მარტო უმუშევრობა გამოიწვია, არამედ შესაბამისი კადრების აღმზრდელი უმაღლესი სასწავლებლების გაუქმებაც, ინჟინერ-ტექნიკური, სამეცნიერო კადრების გადაგვარება, დეგრადაცია, საბოლოო ჯამში ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაქრობა.

დიახ! ჩვენ გვინდა დასავლეთი – ზედაპირულად, გაუთვითცნობიერებლად. ჩვენ ისიც არ ვიცით, როგორ შევეწყობით იმ სამუშაო რითმს, რასაც იქ აქვს ადგილი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპულ ფერხულში ჩართულნი, „პახმელიზე“ სამსახურში გამოვალთ ან საერთოდ არ წავალთ სამსახურში; რომ დროს სუფრაზე გრძელი სადღეგრძელოების წარმოთქმაში გავატარებთ; რომ მავან ევროპელს შევაგნებინებთ, ქართული სუფრა და თამადის ინსტიტუტი – ქართული აკადემიაა, რომელიც ისეთივე მარადიულია, როგორც საქართველო. მაგრამ არის საქართველო ან ქართული ტრადიცია მარადიული დასავლეთისთვის?

ევროპელი, რომელიც ეკლესიებს აუქმებს და მათ ნაცვლად ბარებს, კაფეებს ხსნის, სხვისი ტრადიციების შენარჩუნებაზე თავს არ დადებს.

ევროკავშირში გაწევრებულ ბალტიისპირეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, სხვას –  იცოცხლეთ, ფასადი მომხიბლველი აქვთ, რითაც ჩვენც ვიხიბლებით. ერთი შეხედვით ხელფასებიც და პენსიებიც მაღალი აქვთ, ვიდრე ჩვენ, მაგრამ იქაური ცხოვრების მოთხოვნები რომ გაცილებით მაღალი და ძვირია, ვიდრე დსთ-ში? თანაც ისეთი, სუნთქვის მეტს რომ არ იძლევა? ამას ხომ არ უნდა უმადლოდნენ ისინი მოსახლეობის მასობრივ გადინების?

მილიონობით ადამიანმა მიატოვა სამშობლო და 10 წელიწადზე მეტია ევროკავშირში ახალი „სამშობლოს“ ძებნით არის გართული. ზოგმა საკუთარი თავი ისეთ ქვეყანაში იპოვა, უწინდელი ცხოვრების დროს რომ არასდროს ინატრებდა. გლობალიზაციის ჟამს არც ეს არის გასაკვირი. სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესი ცხოვრებაა. მაგრამ რამდენად მიესადაგება გლობალისტური მცნება სამშობლოს, პატრიოტიზმის ცნებას?

ქართული საზოგადოების ნაწილი ისევ რუსეთისკენ იყურება. რით არის ეს გამოწვეული, ვითომ მარტო იმ პრიმიტიული მოსაზრებით, რუსეთის ბაზარზე ხილის გაყიდვა რომ ჰქვია? და მართლაც ქართველი გლეხი, რუსეთში დაბრუნებას რომ ითხოვს, არგუმენტად რუსული ბაზარი მოჰყავს, თუმცა გაცილებით მეტის დასახელება შეუძლია, უბრალოდ აზრს ვერ აყალიბებს. იქნებ იმის თქმა უნდა, რომ მენტალურად ის გაცილებით ახლოა რუსეთთან ან სხვა მეზობელთან, ვიდრე ამერიკელთან, ევროპელთან?

რუსეთთან ურთიერთობა მას საუკუნეების განმავლობაში აქვს გამოცდილი და ისეთ მტარვალად არ მიიჩნევს, როგორც მედასავლეთე „პოლიტიკოსი“ გოგო-ბიჭები. ისიც იცის, რომ რუსი ზემოდან არ დაუწყებს ყურებას, ისე, როგორც ახალი „პარტნიორები“. ის მიიღებს საქართველოში დამზადებულ პროდუქციას არა ხელოვნური შეზღუდვით, არამედ ნებისმიერი რაოდენობით.

მან რუსთან სალაპარაკო ენაც იცის და მიდგომაც აქვს გამომუშავებული. მან იცის, რომ რუსმაც იცის მისი მენტალიტეტი. ისინი ერთმანეთს შორ მანძილზე ცნობენ. რუსეთი მისთვის უცხო არ არის, უბრალოდ უვიცმა პოლიტიკამ დააშორა ისინი ერთმანეთს – საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან მართლაც ჩახუტებულები.

მან იცის, თუ რაოდენ აფასებს დიდი მეზობელი საქართველოს ისტორიას, კულტურას, ადათ-წესებს. იცის და იმიტომაც სურს მასთან ურთიერთობის აღდგენა, პირველ ეტაპზე ისეთი პოზიციის დაკავება, არც იქით და არც აქვთ რომ ჰქვია. ზოგი ამას ნეიტრალიტეტს უწოდებს, ზოგიც უბლოკო სტატუსს, მიუმხრობლობას. პასუხად მტკიცე უარს ისმენენ საკუთარი პოლიტიკოსებისგან – „ქვეყანამ სხვა გზა – ევროპული აირჩია და ახლა ფანტაზიების დრო აღარ არისო“. რატომაც არა, ჩავატაროთ ახალი გამოკითხვა და იქ გადავწყვიტოთ ჩვენი ორიენტაციაო. „არაო, უკვე გავარკვიეთო“, – არის უკბილო პასუხი.

თუ შოტლანდია, ინგლისიდან გამოყოფის რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარებას აპირებს, თანაც უმოკლეს დროში, ჩვენთვის რატომ არ შეიძლებაო? არ შეიძლებაო – ბრძანა საქართველოს უგვირგვინო ხელმწიფემ ივანიშვილმა.

ასედაამრიგად ბურჯანაძის მიერ წამოყენებული წინადადება უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით – სასაცილოდ აიგდეს. არადა, რა აქვს მას სასაცილო ან საკრიტიკო? არც არაფერი.

ევროპისკენ მიმავალ გზაზე სამნი ვართ – უკრაინა, საქართველო, მოლდოვა. მოლდოვა გაცილებით წინ არის, ვინაიდან რახანია „ტკბება“ ევროპასთან უვიზო მიმოსვლით. მას სხვა უპირატესობაც აქვს – მეზობელი და ნათესავი რუმინეთის სახით, რომლის მიზანი მოლდოვის რუმინეთთან მიერთებაა. როგორ უყურებს ამას აშშ-ი?

აი, ასე – „მოლდოვა, რუმინეთი არ არის და არც მათი გაერთიანება შეიძლება“, – ბრძანა მოლდოვაში აშშ-ს ელჩმა ჯეიმს პეტიტმა. მან ისიც თქვა, რომ მოლდოვამ უნდა შეინარჩუნოს თანასწორობა რუსეთ-ევროკავშირს შორის.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ამერიკელმა ალექსანდრ ვერშბოუმ მხარი პეტიტს დაუჭირა. პეტიტის განცხადებამ გულის წყრომა გამოიწვია რუმინელ და დასავლეთზე მომართულ მოლდოველ პოლიტიკოსებში.

აი, რა თქვა პეტიტმა: „მოლდოვა უნდა დარჩეს სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნად, უსაფრთხო საზღვრებში. მიერთება რუმინეთთან, ევროკავშირში შესვლის ან სხვა მიზნის გამო არ არის პრაქტიკული გადაწყვეტილება და არჩევანი, რომელიც გააუმჯობესებს მოლდოვის მდგომარეობას.

მოლდოვა, რუმინეთი არ არის. მოლდოვას თავისი ისტორია აქვს და თავისი გამოწვევები, მათ შორის ის, რომ მრავალეთნიკური ქვეყანაა, მრავალ ენაზე მოლაპარაკე. არის დნესტრისპირეთის პრობლემაც. ის, ცენტრის კონტროლს არ ექვემდებარება. ის, საჭიროებს განსაკუთრებულ სტატუსს, რომელიც უნდა მიენიჭოს მოლდოვას ფარგლებში“.

შესანიშნავი ნათქვამია, რამაც უდავოდ უნდა დააფიქროს ქართული პოლიტიკა, მანამდე, ვიდრე ანალოგიურს მარტივი ენით ეტყვის ვაშინგტონი. რუმინეთში მყოფმა ვერშბოუმ კვერი დაუკრა პეტიტს: „მოლდოვა და რუმინეთი სუვერენული ქვეყნებია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუმინეთსა და მოლდოვას დიდი ხნის ისტორიული კავშირები აქვთ და ასე უნდა განვითარდეს“.

ვერშბოუს განცხადება მოლდოვას ნატოში მიღებასთან დაკავშირებით ერთობ ნეგატიური იყო, გამოწვეული მოლდოველ ევროატლანტიკოსთა მომაბეზრებელი თხოვნით – გაწევრებასთან დაკავშირებით.

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება უდავოდ უნდა იყოს ქართველ პოლიტიკოსთა მხრიდან შესწავლილ-გაანაზილებული. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, ერთობ ნეგატიურმა, ხომ არ იმოქმედეს ოფიციალურ ვაშინგტონზე? იქნებ მან ჩათვალა, რომ ერთი უკრაინაც საკმარისია ტვინის საჭყლეტად, მოლდოვა ზედმეტია?

ვერშბოუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა ნატოში კი არ უნდა შევიდეს – ნეიტრალური სტატუსი უნდა გაამყაროს. თუ ვერშბოუს აზრით მოლდოვის ნეიტრალიტეტი მისაღებია, ქართველ პოლიტიკოსთა აზრით, რატომ არის მიუღებელი?

სიტყვა „ნეიტრალიტეტმა“ რა ყვირილი გამოიწვია პოლიტიკოს-ექსპერტობას შორის, ცნობილია. ნეიტრალიტეტის თქმაც კი ზოგიერთმა ჩამორჩენილობად, უმეცრობად, პოლიტიკურ გოიმობად მონათლეს. მათ შორისაა აშშ-ს ჯეიმსთაუნის ფონდელი ვასილ რუხაძეც. საინტერესოა, რას გვეტყვის ის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ვერშბოუს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მოლდოვას ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით?

ვარშბოუს ვერც უცოდინრობას დასწამებ და ვერც ანტინატოელობას. მაშ, რაშია საქმე? იმაში ხომ არა, ქართული პოლიტიკა და ექსპერტობა რომ სათანადო სიმაღლეზე არ დგას? ჩვენ გვიჭირს ჩვენი პოლიტიკური გოიმობის აღიარება, რითაც დიდ ზიანს ვაყენებთ ქვეყანას. ნუთუ, ძნელია ამის შეგნება?

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.