ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი დეკებმერი

ნებისმიერი წლის დეკემბერი განვლილი ერთწლიანი ცხოვრებისა და მუშაობის შემაჯამებელ თვედ ითვლება. დეკემბერში ხდება სახელმწიფოს მიერ გაწეული საფინანსო-ეკონომიკური და რაც მთავარია პოლიტიკური პარამეტრების გადახედვა-გაანალიზება, ახალი გეგმების დასახვა.

დეკემბერში, ყველა სახელმწიფო, ისე, როგორც მათი მოქალაქეები ცდილობენ საახალწლოდ ისეთი გეგმების შემუშავებას, წინსვლასა და ბედნიერებას რომ მოუტანს მათ. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი. მისი სამომავლო გეგმები მარტო 2017 წელზე როდია გათვლილი − 4-წლიან საპარლამენტო მუშაობის პერიოდსაც ეხება.

საქართველოს ხელისუფლებამ წინ წაიგდო საქმე და დეკემბრის თვეში სათქმელი, ოქტომბრამდე, არჩევნებამდე გვითხრა. გვითხრა სრული შემართებით, მტკიცედ, თავდაჯერებით და სამომავლო გეგმები მოკლე ლოზუნგში ჩაატია. ლოზუნგი იმდენად „შთამბეჭდავი“ გამოუვიდა – ასე თვლის ის, რომ განმარტებაც აღარ ჩათვალა მიზანშეწონილად.

„კეთილდღეობა, სწრაფი განვითარება“ – განა რა ახსნა-განმარტებას მოითხოვს –  ისედაც ნათელია ყველაფერიო – იფიქრა მან. სიტყვით – ნათელია, მაგრამ საქმით ბუნდოვანი. და რომ ეს ასეა, უმალ დავრწმუნდით პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების დამტკიცებისთანავე. მაინც რა თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა მოვლენები, რომ ლოზუნგად გამოტანილი „კეთილდღეობა“ უმალ აუსრულებელ ოცნებად იქცა „მეოცნებე“ ხელისუფლებაზე აყოლილი ხალხისთვის. „ოცნება“ იქით იყოს და პრემიერის ეკონომიკურ-საფინანსო პროგრამა რომ მეხივით დაეცა ხალხს – ცხადზე უცხადესია.

უდავოდ ცუდი გამოდგა საქართველოს მოსახლეობისთვის 2016 წლის დეკემბერი, თანაც ისეთი, 2017 წელსაც რომ გაუსაძლისად გადააქცევს. მაინც რა ეგონა ხალხს – პარტია, რომელმაც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე დახარჯა განვლილი 4 წელი, უმალ ანგელოზად გადაიქცეოდა?

იმ დასავლეთში, საითკენაც ვითომ მივდივართ, ამომრჩეველს სხვა აზროვნება აქვს. მატყუარასა და დაპირებების შეუსრულებელ პარტიას აღარ მისცემს ხმას. ჩვენში სხვა – „ვაცალოთ“ – აზროვნებაა.

25 წელიწადია გავიძახით „ვაცალოთ“ ხელისუფლებასო და ამ „ვაცალოს“ შედეგად ქვეყანაც გაჩანაგდა და მისი მოსახლეობაც. „ვაცალოთ“-ის შედეგად ხელისუფლებები მოდიან, ძღებიან, სუქდებიან, კაპიტალს აგროვებენ, ბიზნესს იქმნიან და მიდიან. ხალხი იმავე ადგილს ტკეპნის. ჩვენში რომ სხვა აზროვნება იყოს, წასულ ხელისუფლებას უდავოდ პასუხს აგებინებდა, მოპარულ ფულს უკან დააბრუნებინებდა და ვირის აბანოსაც ახეხინებდა. ასეა იმ დასავლეთში, საითკენაც სიტყვით მივდივართ.

ხელისუფლებას სხვა საზრუნავი არ აქვს, გარდა ვიზალიბერალიზაციისა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ხელისუფლება „ზედმეტი“ ხალხის მოშორებას ფიქრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში განა ესოდენ თავგანწირვით შეუვარდებოდა მუხლებში ევროკავშირელ მოხელეებს?

არც ერთი ხელისუფლება თავს არ მოიკლავდა მისი მოსახლეობისთვის უვიზო გადაადგილების მოსაპოვებლად. ეს ხელისუფლება იკლავს და არა იმისთვის,  რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად გაეცნოს იქ არსებულ ცხოვრებას, ხელოვნებას, კულტურას, ისტორიულ ძეგლებს, ასეთთა რაოდენობა მცირეა, არამედ გზა დაულოცოს ერთი მიმართულებით აღებულ ბილეთს, არალეგალურ დასაქმებას, სამშობლოდან კარგა ხნით თუ არა სამუდამოდ გადახვეწას.

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ვერადავერ ასაქმებს საკუთარ ხალხს, უცხოეთში მიერეკება, რითაც ერთიორად აუარესებს ისედაც გაუარესებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას. ისეთი წყალწაღებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო გამგზავრება მძიმე შედეგების მომტანი იქანება. მაგალითები ბევრია, თუნდაც ჩვენი „დამრიგებელი“ ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რად ღირს?!

მოსახლეობის რაოდენობით მცირე სამი ქვეყანა, სადაც ცხოვრების დონე ჩვენთან შედარებით გაცილებით მაღალია, განახევრდა. ევროპის ქვეყნებში გაკრეფილი ლიტველები, ლატვიელები და ესტონელები არ აპირებენ სამშობლოში დაბრუნებას და ჟურნალისტის კითხვას ასე პასუხობენ: „ცუდათ თუ კარგად აქ დავსახლდით, ასეთუისე ფეხი მოვიკიდეთ და იქ ანუ სამშობლოში დაბრუნებას არ ვაპირებთო“. მათთვის „სამშობლოს“ ცნება წაიშალა. გლობალიზაციამ წაშალა, თუმცა არა მარტო გლობალიზაციამ – პრობლემამ, რომელსაც კუჭის ამოვსება ჰქვია.

დიახ! როდესაც ვერ საქმდები შენსავე ქვეყანაში და თუ საქმდები აშკარა სხვაა – საკუთარ სურვილთან და მიღებულ განათლებასთან შეუთავსებელი, უცხოეთს მიაშურებ ბედის საძიებლად. და საქართველოს მოსახლეობაც მიაშურებს. მართალია უვიზო მიმოსვლის მექანიზმი მას დასაქმებასაც უკრძალავს და სხვა რამესაც, მაგალითად ვიზის ვადის დარღვევას, არალეგალურ დასაქმებას. მაგრამ ვინ შეხედავს ამას? რა, აქამდე მრავალწლიანი ვიზები ჰქონდათ?

მოკლევადიანი ტურისტული ვიზებით ჩადიოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში და სამუდამოდ რჩებოდნენ. იქაური კანონებით მსგავსი ქმედება ისჯება. ეს იციან საქართველოს მოქალაქეებმა, მაგრამ რა ქნან, როდესაც საკუთარი ქვეყანა და ხელისუფლება არ გაძლევს საკუთარ სახლში დასაქმების შანსს, რაღაც ხომ უნდა იღონო?

შევარდნაძის დროინდელი – „მილიონი სამუშაო ადგილი“, იმთავითვე ვირტუალური ლოზუნგი, სხვა ლოზუნგებმა ჩაანაცვლეს, თუმცა ამით მდგომარეობა არ გამოსწორებულა. იმედგაცრუებული ხალხი 25 წლის წინანდელს იხსენებს ანუ იმას, დღევანდელები (ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები) საშინელებად რომ ნათლავენ.

დეკემბერი წლის ის თვეა, საბჭოეთს რომ მოუღო ბოლო.  25 წლის წინათ, ბელარუსის ბელოვეჟის ტევრში საიდუმლოდ შეკრებილმა რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის პრეზიდენტებმა ზურგი შეაქციეს საბჭოთა კავშირს და მის ნაცვლად დსთ შემოიღეს. იმავე დეკემბერში საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოაცხადა.

ამ ისტორიულმა მოვლენამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლად არსებობას შთაბერა სული. დაიწყო ახალი, საბჭოთა კავშირის ხალხებისთვის უცნობი ცხოვრება. 70-წლიანი ბოლშევიკურ-კომუნისტური ექსპერიმენტი ისტორიას ჩაბარდა.

რუსი თუ უცხოელი ისტორიკოსები და სპეციალისტები დღესაც უპასუხოდ ტოვებენ 25 წლის განმავლობაში არაერთხელ დასმულ კითხვას – მაინც რა იყო საბჭოთა კავშირი, რა მოუტანა მან კაცობრიობას?

ვერ პასუხობენ, ვინაიდან საბჭოთა ფენომენი გაოცებს თავისი მიზანსწრაფულობით, თავგანწირვით, შემართებით, მიღწეული წარმატებებით მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მეცნიერებაში, განათლებაში, ხელოვნებაში და ა.შ. ის, რაც დღეს არის, საბჭოურ ფუნდამენტზეა დაფუძნებული და რაც არ უნდა ვლანძღოთ, წარსულზე გავლენას ვერ მოახდენს.

ლანძღვით კი ლანძღავენ, რაც იოლია, მაგრამ უკეთესი რომ ვერ შექმნეს?!

რა იყო ისეთი იმ საბჭოთა კავშირში, დღესაც რომ ტკბილად იხსენებს იმ პერიოდს შემსწრე ადამიანი?

ის ხომ არა,  სამუშაო  ადგილები თავზესაყრელად რომ იყო და ვინც არ მუშაობდა ისჯებოდა ამისთვის? ან ის ხომ არა, უფასო განათლება, სამედიცინო მომსახურება, მიზერული კომუნალური გადასახადები, უფასო საცხოვრებელი ბინები რომ იყო და ამ ბინებში მუდამ მოჩხრიალე ცივი და ცხელი წყალი –  უაღრესად დაბალ ფასებში, ზამთრის სეზონზე გამთბარი ბინები – ცხადია ისიც დაბალ ფასებში? გარანტირებული სამუშაო ადგილი, პენსია, რომლითაც თავის რჩენა რომ შესაძლებელი იყო? ტრანსპორტი, უაღრესად იაფი და იმ დროისთვის ერთობ კომფორტული? ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

იყოო, მაგრამ იყო რეპრესიებით, ციხით, შიშით და მუქარით, რაც უდავოდ აბსურდია, რამეთუ შიშით, მუქარით და რეპრესიებით ქვეყანა არ აშენდება. ქვეყანა შინაგანი სიძლიერით შენდება. მას კი სხვა სულის შთაბერვა ესაჭიროება, რომლის ამოხსნა ჭირს.

დიახ! რაღაც ძალამ, ვიღაცის ძალამ შთაბერა ძლევამოსილების სული საბჭოეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს, შეკრა ისინი ერთად – ქვეყნის საშენებლად, შემოსეული მტრისგან თავის დასაცავად. რა ერქვა ამ ძალას, ამ შემართებას? რეპრესიები? – უკბილო განმარტებაა.

იმჟამინდელ საბჭოეთში, გაიხსენეთ თუნდაც ერთი ისტორია ხალხთაშორისი სისხლიანი დაპირისპირებისა. მხოლოდ ერთს გაიხსენებთ – ყარაბაღთან დაკავშირებით. ამ ამბავს, იმ  სისტემის დასასრულს ჰქონდა ადგილი, თვით საბჭოთა ხელმძღვანელებმა რომ წყალი შეუყენეს.

25  წლის შემდეგ მოჭარბებულად დადებითად იხსენებენ საბჭოეთს განსაკუთრებით რუსეთში და არა მარტო იქ, აქაც. და იხსენებენ იმიტომ, რომ დღევანდელი ყოფა არ მოსწონთ. არ მოსწონთ სოციალური უთანაბრობა, რასაც ადგილი აქვს „დემოკრატიულ“ საზოგადოებაში.  25 წლის განმავლობაში მსოფლიოს მილიარდერთა რაოდენობა 2,5 ათასამდე გაიზარდა. მათი კაპიტალი 8 ტრილიონი გახდა. მილიარდერთა რაოდენობით რუსეთი მესამეა, აშშ-ს და ჩინეთის შემდეგ, მაგრამ ამ სტატისტიკას კარგი არაფერი მოუტანია რუსეთის მოქალაქეებისთვის. და არა მარტო მათთვის.

გაზეთი „დეილი მეილი“ წერს, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს აშშ-ს მოსახლეობის ფენებს შორის შემოსავლების უთანაბრობამ სარეკორდო მაჩვენებლებს მიაღწია, რამაც ამ ქვეყნის თეთრკანიან მოსახლეობას მე-20 საუკუნის ნოსტალგია გაუჩინა. 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები თავისებურ სარკედ იქცა, რომელმაც აირეკლა დასავლური პოლიტიკური სისტემის კრიზისი, ღრმა სოციალური განხეთქილება, რასაც აშშ-ს საზოგადოებაში აქვს ადგილი. საბჭოეთის დაშლამ დასავლეთში გააჩინა შეგრძნება საკუთარი ძლევამოსილების და სამარადისო არსებობის, აქედან გამომდინარე მსოფლიო ბატონობის.

საბჭოთა კავშირის დაშლით მსოფლიო კაპიტალიზმმა დაკარგა მძლავრი სოციალური საპირწონე, რამაც თავისთავად ხელი ჰკრა მოხვეჭისთვის თავდავიწყებულ სრბოლას, რომელსაც არც მორალური, არც რაიმე შემაკავებელი ნორმები აქვს. ჯამში მსოფლიომ მიიღო მოსახლეობის ფენებს შორის კატასტროფული სხვაობა. დაიწყო შეტევა საშუალო ფენებზე და მასთან ერთად ცხოვრების დონის დაცემა, უპირველესად ამერიკაში. ეს ხომ არ იყო მიზეზი 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებისა, იმ არჩევნების, რევოლუციად რომ მოიხსენიებენ?

8 ნოემბერი ბევრს ჰპირდება ლიბერალური აზროვნების მსხვერპლ მსოფლიოს, მათ შორის ჩვენც. და ნაცვლად იმისა, სახეზე ცივი წყალი შევისხათ, თვალები მოვიფშვნიტოთ, ძველებურად განვაგრძობთ ცხოვრებას.

განა ამის მაგალითი არ არის ის გამონათქვამები, რომლებსაც სულ ახლახანს გავეცანი? „წყალი აიმღვრა და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ამ წყალში თევზი დავიჭიროთ“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ  სტატიაში „შესანიშნავი“ პერსპექტივაა რუსეთთან ახალი დაპირისპირების.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა ნაცვლად სიტყვიერი დაპირებისა, არათუ შეამცირა სამხედრო კონტიგენტი ევროპაში, პირიქით გაზარდა და რკალად შემოერტყა რუსეთის დასავლურ საზღვრებს,  გარდა ამისა გააქტიურა სამხედრო არსებობა ბალტიისა და შავ ზღვებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შავ ზღვას, სადავ   ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის განცხადებით: „ნატო შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტიურობით, განსაკუთრებით ყირიმში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან დიალოგს ამ საკითხზე“. სწორედ ამ მიზნით, მომავალი წლის დასაწყისში საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტი გეგმავს ჩამოსვლას.

ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, ნატოს მომავალ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა რუსეთის შესაძლო აგრესიის შემაკავებელი იქნება. იქნებ, პირიქით? და ისევ ნატოსში შესვლის სატყუარა – „საქართველოს უკვე აქვს ყველა ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის. გარდა ამისა, ნატო აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევების კუთხით“, – ამბობს სტოლტენბერგი.

ამ პიროვნების განცხადებიდან გამომდინარე საქართველომ საგნობრივი მხარდაჭერა უნდა გამოავლინოს რუსეთის მიმართ ნატოს გამაღიზიანებელი  გეგმების განხორციალებებისას. არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი არ სვამს კითხვას – რას მოუტანს საქართველოს შავ ზღვაზე რუსეთთან დაპირისპირება? პირიქით, კარის პოლიტოლოგების აზრით: „საქართველოს მონაწილეობა არ არის აგრესიული ნაბიჯი. ეს არის თავდაცვის შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს“, – ამბობს გოგოლაშვილი და სულაც არ ფიქრობს იმაზე, როგორ შეაფასებს ამ ნაბიჯს რუსეთი.

დიდი  ტვინისჭყლეტა არ არის საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ რუსეთის რეაქცია. ის ნატოს ამ ნაბიჯს აგრესიად აფასებს და რახან ასეა, დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ იქნება ლმობიერი.

სტატიის დასაწყისში ვახსენე საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ-საფინანსო პოლიტიკის თაობაზე. ვახსენე ასევე პოლიტიკა, მაგრამ განმარტების გარეშე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ დარგში რაღაც მიღწევები გვაქვს. პირიქით, აქ გაცილებით მძიმე ვითარებაა, ვიდრე ეკონომიკაში.

თავდება დეკემბერი და მასთან ერთად 2016 წელი. რას უქადის საქართველოს მომავალი 2017, ძნელი ამოსაცნობია. მაგრამ განვლილი წლისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგები მშვიდი ცხოვრების გარანტიას ნამდვილად არ იძლევა.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.