თურქეთის არშემდგარი გადატრიალება და საქართველო

“ქვეყნის დასაპყრობად საჭიროა პატარა ნოხის გაშლა – სულის მხსნელი ლოცვისთვის. სამომავლო გარდაქმნაში ყველაზე ხმამაღალი იქნება – ხმა ისლამის“ –  ეს სიტყვები ეკუთვნის მუსლიმანთა სასულიერო ლიდერს ფეთჰულა გიულენს (Fethullah Gulen), რომლის სახელიც თურქეთის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არა მარტო თურქეთის, არამედ მსოფლიოს ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში სისტემატურად გაისმის.

თურქეთის ხელისუფლება დაბეჯითებით თხოვს აშშ-ს ადმინისტრაციას გადასცეს აშშ-ი მცხოვრები გიულენი, რომელსაც არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს. ოფიციალური ვაშინგტონი არ გამორიცხავს ასეთ ქმედებას, თუ თურქეთის ხელისუფლება ოფიციალურად მიმართავს მას და თუ გიულენის მონაწილეობა სახელმწიფო გადატრიალებაში დადასტურდება.

ექვსიოდე წლის წინათ, აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტისა და იორდანიის ისლამის სამეფო ცენტრის ერთობლივი კვლევის შედეგად გამოქვეყნდა თანამედროვეობის უდიდეს მუსლიმანთა სია, რომელშიც 20 თურქეთიდან არის – საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო პირები. სიის მე-13-ე ნომრად დასახელებულია  ფეთჰულა გიულენი – რელიგიური ორგანიზაცია „ჯამაათის“ ხელმძღვანელი. აღნიშნული ორგანიზაცია და მისი საქმიანობა ყოველთვის იწვევდა თურქეთში და არა მარტო იქ, გარკვეულ ეჭვებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის იყო პრემიერ-მინისტრ ერდოღანის კონსულტანტი. მას დიდი წვლილი მიუძღვნის დღევანდელი მმართველი პარტიის – სამართლიანობისა და კეთილდღეობის ჩამოყალიბებაში.

1994 წლის ბოლოს მემარცხენე ძალებმა და თურქეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა გაილაშქრეს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ თანსუ ჩილერის საჯარო კავშირების წინააღმდეგ რადიკალ ისლამისტ გიულენთან. მემარცხენეები კატეგორიულად გმობდნენ გიულენისთვის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში პომპეზური დახვედრის გამართვას. მემარცხენეთა მიხედვით, ხელისუფალთა ამგვარი ქცევა ნიშნავდა სუფისტური ორდენის ლეგალიზაციას, რომელიც აკრძალული იყო ქემალისტების მიერ.

2000 წელს ოპოზიციონერის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის აშშ-ს ვიზიტის დროს შედგა მისი შეხვედრა გიულენთან, რომელიც აშშ-ი ცხოვრობდა. როგორც ამბობენ ამ შეხვედრამ დადებითად იმოქმედა ერდოღანის პოლიტიკურ კარიერაზე. რჩევები, რომლებიც ფეთჰულა გიულენმა მისცა ერდოღანს ატარებდა, როგორც პოლიტიკურ, ისე რელიგიურ ხასიათს და მიმართული იყო ხელისუფლების მოპოვებისთვის პოლიტიკური ბრძოლისკენ. გარდა იდეოლოგიური რჩევებისა იყო მატერიალურ-ფინანსური დახმარებაც.

ექსპერტი ნეჯიპ ჰამბლემიტოღლუ თავის წიგნში წერდა: „გიულენის ჯამაათი არა მარტო რელიგიურ გრძნობებს უწევს მხარდაჭერას, არამედ პოლიტიკურ მიზნებსაც ემსახურება. მას არ ჰყავს ბადალი ქვეყანაში თავისი ორგანიზებულობით. გიულენის მიმდევრები, მდიდარი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აფინანსებენ ყველა სფეროს, განსაკუთრებით განათლებას. ფეთჰულისტები გარდაიქმნენ უდიდეს ორგანიზაციად, რომელიც, 25 მილიარდი დოლარის კაპიტალის და წლიური მილიარდიანი შემოსავლის წყალობით, ყიდულობს თითოეულს და ყველას“.

1980 წელს იზმირში საჯარო გამოსვლის დროს გიულენმა აღნიშნა, რომ სულ მალე თურქეთში ადგილი ექნება ისეთ მოვლენას, როგორიც ირანში 1979 წელს. გიულენი არაერთხელ იყო დაკავებული, მაგრამ, დიდი მფარველების მეშვეობით, ახერხებდა ციხიდან გამოსვლას.

თურქეთის სპეცსამსახურების დასკვნით, გიულენის ორგანიზაცია შეფასდა, როგორც საფრთხე საერო სახელმწიფოსთვის, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. სპეცსამსახურების მოხსენებაში აღნიშნული იყო ფეთჰულისტების, სახელმწიფო ორგანიზაციებში ჩაბუდება, სახელმწიფო მექანიზმის დაკნინება და ათათურქის რეფორმების უგულებელყოფა. მიზანი – შარიათზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ უფრო ფართო გეგმებიც არსებობდა – მსოფლიო თურქულ-ისლამური კავშირის შექმნა.

დიდი გეგმის მიღწევაში თავისი წვლილი შეჰქონდა გიულენის ჯამაათის მიერ საზღვარგარეთ შექმნილ სასწავლებლებს. 160 ქვეყანაში ფუნქციონირებს გიულენის მიერ  შექმნილი რელიგიური სასწავლებლები. გიულენმა განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. რუსეთში ამ ჯამაათის მოქმედება 2008 წელს აიკრძალა.

გიულენი არა მარტო რელიგიური კავშირებით გამოირჩევა, არამედ ბიზნეს-ურთიერთობებითაც. მუსლიმ მეწარმეებს, მრეწველებს დიდი წვლილი შეაქვთ გიულენის იდეების ცხოვრებაში გასატარებლად. მათ მიერ გიულენის ჯამაათში შეტანილი ფინანსური შესაწირავი ერთობ მსუყე და მნიშვნელოვანია. გიულენი მათ მოუწოდებს ახალი ქვეყნების დაპყრობას, ბიზნეს-გავლენების გაფართოებას: „დღეს, ისე, როგორც არასოდეს, საჭიროა ახალი საგარეო ბაზრების ათვისება, სადაც ჩვენ გამოსავალს ვნახავთ, შევქმნით კონკურენციას“.

„თუ ჩვენი ინვესტორები ჭკუით იმოქმედებენ და დააფასებენ თანამშრომლობას რელიგიის, ენის, კულტურის, ისტორიის დარგში, შევძლებთ უცხო სახელმწიფოებში შეღწევას. გავლენის მოსაპოვებლად სულაც არ არის საჭირო არმია. დასაპყრობად, ლოცვისთვის საჭირო ფარდაგის გაშლაც საკმარისი იქნება“, – ამბობს გიულენი.

ამერიკელი სწავლულის შარონ კრესპინის ნაშრომში ხაზგასმითაა ნათქვამი შემდეგი: „გიულენის ჯამაათი იღვწის არა მარტო სახელმწიფოზე გავლენის მოსაპოვებლად, არამედ სახელმწიფოს მართვაზეც უფლების მოპოვებას. თურქეთში ერთ მეჩეთზე 350 მომლოცველი მოდის, მაშინ, როდესაც ერთ საავადმყოფოზე – 60 ათასი პაციენტი.

იმამთა რაოდენობა 90000-ა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე საერო მასწავლებლები და ექიმები. ფეთჰულას მიმდევრები უხვად არიან პარტია „სამართლიანობისა და  კეთილდღეობის“ რიგებში. ფაქტიურად ისინი მართავენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას ბანკების, სკოლების, მედია-იმპერიის დახმარებით“.

ამერიკელი სწავლულის ხმამაღალი განცხადება 2010 წლამდე პერიოდს ეხება, თუმცა მას შემდეგ ვითარება რადიკალურად არ შეცვლილა. ცვლა მიმდინარეობს დღეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, როდესაც ერდოღანმა დაიწყო არა მარტო სამხედრო ძალებში ფართომასშტაბიანი წმენდა, არამედ პოლიციაში, უშიშროების სამსახურში, პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში, განათლებაში და ა.შ. ათეულ-ათასობით ადამიანია დაპატიმრებული, უმრავლესობა მათგანს ხანგრძლივი ციხე ემუქრება, ზოგს სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა, რომელიც 2003 წლიდან არ გამოიყენება თურქეთში.

ერდოღანის განცხადებით, უნდა აღდგეს სიკვდილით დასჯა, ვინაიდან ამას მოითხოვს ხალხი. შემოიღებენ თუ არა სასჯელის ამ უკიდურეს ზომას, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. შემოღების შემთხვევაში, თურქეთს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩაეკეტება, რის შესახებაც აცხადებენ ამ ორგანიზაციის მაღალი მოხელეები. გაუწევს მათ ნათქვამს ანგარიშს ერდოღანი – ძნელი სათქმელია, ვინაიდან თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა ყურყუტმა ბრიუსელის კარზე დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ოფიციალურ ანკარაში.

გარდა ამისა, პრეზიდენტ ერდოღანს სწორედ ახლა აქვს შანსი გაუსწორდეს მის მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით ერთ დროს მოკავშირეს, ამჯერად მტერს გიულენს და მის მხარდამჭერებს. ის, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს, მიუხედავად იმისა, ეწყინებათ თუ არა ბრიუსელში.

დასავლეთში შეშფოთებას იწვევს თურქეთში განხორციელებული მასობრივი დაჭერები და ის, რომ ეს ქვეყანა მტკიცედ ადგას ერთმართველობის გზას. ის, რომ ერდოღანი ერთპიროვნული მმართველია, ფაქტია. ის, რომ გიულენი რელიგიური, ისლამური ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნისა და მართვის სულის ჩამდგმელია, ფაქტია. ხელისუფლებაზე შეყვარებული ორი მოწინააღმდეგის ჭიდილი დღევანდელობით არ ამოიწურება. მას მომავალშიც ექნება ადგილი.

ერდოღანის პოლიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ დიდ ეჭვებს და გაღიზიანებას ბადებს, რაც ერთი-ორად გაიზრდება ახალი დაჭერების შედეგად. 80-მილიონიან თურქეთს უსერიოზულესი პრობლემები აქვს ქურთების სახეთ, რომლებიც ტერორისტებად აღიქმება ერდოღანისა და მისი ხელისუფლების მიერ.

ომი მეზობელ სირიაში და ამ ქვეყნიდან თურქეთში შესული 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი, არანაკლები თავსატკივარია ისე, როგორც გართულებული ურთიერთობები აშშ-ნ, ევროკავშირთან, რუსეთთან, სირიასთან, სხვებთან. ზღვა პრობლემები, როგორც საშინაო, ისე საგარეო, დიდ ძალისხმევას საჭიროებს ერდოღანის მხრიდან. როდის და როგორ შეძლებს მათ დაძლევას, იოლი გამოსაცნობი არ არის.

სამხედრო გადატრიალებამდე მან შეძლო დიალოგის დაწყება ისრაელთან, ბოდიში მოუხადა რუსეთის პრეზიდენტს თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის და გამოთქვა სურვილი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. წინ, გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ორად გაყოფილი ქვეყნის, ერდოღანისთვის სასურველ ჩარჩოში მოქცევა, არცთუ იოლი საქმეა.

დიდმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა თქვა: „ჩვენ გავყვებით ცივილიზაციის გზას და მივალთ ცივილიზაციამდე. ვინც ჩამოგვრჩება, ცივილიზაციის აზვირთებულ ტალღებში დაიხრჩვება“. ათათურქმა გაანადგურა მონარქია, სახალიფო, შარიათის სასამართლო, რელიგიური სკოლები – მედრესები, აღკვეთა მრავალცოლიანობა, ქალები გაუთანაბრა მამაკაცებს, არაბულის ნაცვლად შემოიღო ლათინური ანბანი, დასვენების დღე პარასკევიდან კვირას გადაიტანა.

„თურქთა მამად“ წოდებულმა, ფაქტიურად შექმნა თანამედროვე თურქეთი. ოსმალეთის იმპერიის დროს ყველა იყო ოსმანი. სიტყვა „თურქი“ საწყენად აღიქმებოდა. ათათურქმა თქვა – „რა ბედნიერებაა, იყო თურქი!“.

მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა. ქვეყანა შეიცვალა, თუმცა არა ისე, როგორც ათათურქს სურდა. ათათურქმა თურქეთს თავს მოახვია ხელოვნური და ზედაპირული ვესტერნიზაცია, როგორც თავის დროზე პეტრე პირველმა რუსეთს. მას სურდა ტრადიციული მუსლიმი საზოგადოების ევროპულად გადაკეთება. მიუხედავად დაძალებისა, თურქეთის საზოგადოება რჩებოდა აღმოსავლური, ისლამისადმი ერთგული.

90 წელი დასჭირდა ერდოღანის გამოჩენას, რომელმაც დააბრუნა ქვეყანა ჭეშმარიტების გზაზე ანუ მუსლიმურ თანამეგობრობაში, რომელსაც ის კანონიერად მიეკუთვნება. დაიწყო მუსლიმური თურქეთის აღორძინება მას შემდეგ, რაც ერდოღანის პარტიამ 2003 წელს წარმატებას მიაღწია არჩევნებში. რაც უფრო სწრაფად მიმდინარეობდა ეს პროცესი, მით უფრო მძლავრობდა რეაქცია დასავლურად განწყობილი საზოგადოების.

განვლილ 90 წელს უქმად არ ჩაუვლია. თურქეთის საზოგადოების ნაწილმა შეითვისა და დააფასა დასავლური ფასეულობები, მაგრამ საზოგადოების ეს ნაწილი ჩამორჩება დანარჩენს – სოფლის და ქალაქის ღარიბ მოსახლეობას რაოდენობით. სწორედ ამ ნაწილთან გამოძებნა საერთო ენა ერდოღანმა. დაიწყო ქვეყნის დაბრუნება გუშინდელ, ზოგჯერ გუშინწინდელში. ქვეყანამ, რომელმაც იგემა საერო ყოფა, მისთვის მიუღებელია ისლამიზმი. ასე და ამრიგად გაჩნდა სერიოზული დაპირისპირება.

მართალია, ბოლო, მეხუთე გადატრტიალების მცდელობის დროს, ინტელიგენცია ერდოღანის მხარეს დადგა, უბრალოდ მოსალოდნელი უარესის გამო, მაგრამ ეს მაინც არ არის ის მხარდაჭერა, რასაც ერდოღანი ისურვებდა. ძნელად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქემალისტები გაჩუმდებიან და ხმას არ ამოიღებენ ერდოღანის ავტოკრატიულ მმართველობაზე. დაუჯერებელია, განაწყენებულ სამხედროთა დაჩოქება. გაივლის დრო და ისინი კვლავ წამოჰყოფენ თავს.

დამოუკიდებლობამიღებული საქართველოსთვის თურქეთი იყო ფანჯარა დასავლეთში. პირველი ნაბიჯებიც სწორედ თურქეთისკენ გადაიდგა და ეს არ იყო მარტო პოლიტიკური. ეს იყო ეკონომიკური, სავაჭრო ნაბიჯები და რაც მთავარია სახალხო. შიდა ომებითა და ეკონომიკური გაუსაძლისობით დაოსებულმა საქართველომ უმალ გააფორმა თურქეთთან ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით აღიარა ყველა ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, მათ შორის ყარსის. თურქეთმა ოსტატურად ჩაატარა პოლიტიკური თამაში, რითაც საბოლოოდ აიძულა საქართველო, სამარადისოდ ჩაეთვალა ყარსის ხელშეკულება.

ადრინდელი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თურქეთი აძლიერებს თავის გავლენას საქართველოზე, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. არანაკლები გავლენა იგრძნობა რელიგიის სფეროში. აჭარაში გაჩნდა რელიგიური სასწავლებლები, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენი სახელს და ფინანსებს უკავშირდება.

საქართველოს ხელისუფლება, მოჭარბებული ხელგაშლილობით, უწევს მასპინძლობას მეზობელი ქვეყნის რელიგიურ ამბიციებს. სულ ახლახანს, თურქულ ტელეარხ “A-Haber”-ზე გამოსვლის დროს ერთ-ერთმა ფეთჰულისტმა ჰაიატ ქუჩუკმა, რომელიც საქართველოში გიულენის სკოლების გახსნით იყო დაკავებული, თქვა: „ვაფინანსებთ ყველას, ვინც კი რამეში გამოგვადგება. საქართველოში გიულენმა ეკლესიის დაფინანსებაც დაგვავალა. დიახ! ქართულ ეკლესიას გადავუხადეთ ფული. უკან არ ვიხევდით ქრთამზეც. ედუარდ შევარდნაძეს 165000 დოლარის ჩეკი გადავეცით ქრთამის სახით თავის კაბინეტში. ამ ფაქტს თურქეთის ელჩიც ესწრებოდა“.

ქუჩუკმა ბევრი სხვაც თქვა საინტერესო, განსაკუთრებით სააკაშვილ-ერდოღანისა და სააკაშვილ-გიულენის მჭიდრო ურთიერთობებზე. მან არც სააკაშვილის თურქოლოგი დედა, გიული ალასანია დაივიწყა თავისი საქმიანი კონტაქტებით გიულენთან.

„თურქეთი ჩვენი მეზობელია“, როგორც ხელისუფლება გვიცხადებს – „სტრატეგიული პარტნიორი“, მაგრამ ამან თავი არ უნდა დააკარგვინოს ქართულ პოლიტიკას. მან კარგად უნდა იცოდეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მუდამ დათმობას არ ნიშნავს. თურქეთი, საკუთარი ამბიციებიდან გამომდინარე, ყოველთვის შეეცდება იმ ტერიტორიებზე თავის გავლენის გაფართოებას, რომელსაც ისტორიულად თავისად თვლის. კავკასიას, კერძოდ საქართველოს ასეთად მიიჩნევს, რაც არაერთხელ არის მოხსენიებული ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს წიგნში.

თურქეთის ტერიტორიული შეხედულებების მიმართ, ერდოღანისა და გიულენის დამოკიდებულება იდენტურია, რაც სულაც არ არის გასაკვირი ისეთი დიდი ქვეყნის მხრიდან, როგორიც თურქეთია. გასაკვირი, საქართველოს ხელისუფალთა გულუბრყვილობა და სიხარბეა, რამაც ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს ქვეყნის მომავალზე.

ერთ ქვეყანაზე, მითუმეტეს ისეთზე, როგორიც ამბიციური თურქეთია, ყველა ფსონის დადება იწვევს ფსონდადებული ქვეყნის მიერ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ექსპანსიას, რაც არაფრით ჩამოუვარდება სამხედრო ექსპანსიას. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების  დივერსიფიკაცია არის თურქული ეკონომიკური და არა მარტო ეკონომიკური ექსპანსის ბარიერი.

რუსულ, ირანულ, სომხურ, თუნდაც აზერბაიჯანულ, ბელორუსულ, ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ  კავშირებს შეუძლიათ ნაწილობრივ მაინც გადაარჩინოს თურქეთის მიერ ეკონომიკურად ოკოპირებული ქვეყანა. თუმცა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით რუსეთის, ხელისუფლება კუს ნაბიჯით მოქმედებს, რაც თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ მას სულაც არ ანაღვლებს შექმნილი ვითარება, ქვეყნის მომავალი.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.