22.12.2024

დაიცავს თუ არა საქართველოს ხიდაშელის „რაკეტები“?

საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის მინისტრის სახით, ცდილობს გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ფრანგული ანტისაჰაერო სისტემებით, რითაც ერთობ მძიმე მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მწირ ბიუჯეტს.

მწირი ბიუჯეტის კიდევ უფრო „გამწირება“, ნეგატიურად აისახება საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, მაგრამ ეს ნაკლებად ადარდებს ხელისუფლებას, ვინაიდან დარწმუნებულია ხალხის უმოქმედობაში – საკუთარი სოციალური პირობების გაუარესების გამო ქუჩაში გამოსვლისგან თავის არიდებაში.

ის, რაც მსოფლიოს 200-ზე მეტ სახელმწიფოს მოსახლეობას ადარდებს და მის დასაცავად დემონსტრაციას-დემონსტრაციაზე აწყობს, ჩვენში არავის ადარდებს და არც დემონსტრაციას აწყობს. რომ ადარდებდეს, ხელისუფლება ვერ გაბედავდა ბიუჯეტიდან ფულის უმიზნო ხარჯვას.

უმიზნო რატომ? – იკითხავს მკითხველი – ქვეყნის თავდაცვისთვის იღვწის ხიდაშელი და ხელისუფლებაო. კეთილი, დავუშვათ ასეა, თუმცა ჩემი აზრით, მის ქმედებაში დასავლეთის მაამებლობა უფრო შეინიშნება, ვიდრე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ფიქრი.

მაინც, რას ნიშნავს დასავლეთის მაამებლობა? შორს რომ არ წავიდეთ – მარტივ რამეს ანუ ფულის გადახდას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებში, რომელიც ისე „დამშვენდება“ საქართველოს, როგორც ძროხას უნაგირი. სიტყვა „დამშვენდება“ უბრალოდ „დაცვის“ ნაცვლად გამოვიყენე, მაგრამ შინაარსით ის ზუსტად გამოხატავს იმ მნიშვნელობას, რაც „დამშვენებამ“ უნდა მოახდინოს.

ხიდაშელი რომ მხოლობით რიცხვში იყოს, არაფერი უშავდა საქართველოს, მაგრამ ის მრავლობით რიცხვშია არა მარტო საქართველოს ხელისუფლებაში, არამედ მთლიან პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც დაბეჯითებით ჩასჩიჩინებს „დაცვის“ ობიექტს – ხალხს, ფრანგული რაკეტების შეძენის აუცილებლობაში.

ხიდაშელამდე იყო ალასანია, რომელმაც ფაქტიურად მიაგნო ფრანგული რაკეტების „ბუდეს“ და „ძლივს-ძლივობით“ დაიყოლია გამყიდველი (დამამზადებელი) მისი ნაწარმის ჩვენთვის მოყიდვაში.

საერთაშორისო არენაზე იარაღის ყიდვა-გაყიდვა არახალია და ერთობ სავსე კომპრომატებით, ვინაიდან მწარმოებელი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ნაწარმის გაყიდვას – უკიდეგანო კონკურენციის პირობებში, რისთვისაც არაფერზე უკან არ იხევს, მათ შორის მყიდველის მოხიბლვაზეც. რა მოხიბლვასთან გვაქვს საქმე, მკითხველმა გამოიცნოს, ვფიქრობ არ გაუჭირდება.

მინისტრ ალასანიას მიერ საქმეთა „გაკვარახჭინების“ ამბავი უცნობი არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის – ჯარის კვებიდან დაწყებული, კაბელებით დამთავრებული. მათზე რეაგირებას პროკურატურა უნდა ახდენდეს, რაც ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ხიდაშელმა წამსვე აიტაცა წინამორბედის ჩანაფიქრი და უმალ ფრთებიც შეასხა, განცხადებით – ალასანიამ მხოლოდ ლაპარაკის დონეზე დაგვიტოვა რაკეტების შესყიდვის საქმე, ჩვენ კი მას იურიდიულ-სახელმწიფოებრივი სახე მივეცითო.

მართალია მინისტრი, მაგრამ საიდან ფული? ან ჰკითხა მან ხალხს – უნდა თუ არა საკუთარი შრომის შედეგად მოპოვებული ფულის რაკეტებში გადახდა? უფრო მეტიც, ხალხმა ამის თაობაზე „პოსტფაქტუმ“ შეიტყო ანუ მას შემდეგ, რაც ხიდაშელმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას.

მთავრობაც ამას ჰქვია – ხალხის „შეუწუხებლად“ წყვეტს, ხალხის გადასაწყვეტ საქმეს. ვაშა ხელისუფლებას!

ხალხმა დღესაც არ იცის, რა დაუჯდება მას ეს რაკეტები. მაინც რა გულუბრყვილო საზოგადოება ვართ! ვერადავერ გაგვიგია – რახან ხელისუფლება ავირჩიეთ, იმ ხელისუფლებამ უნდა აკეთოს ყველაფერი, რაც მოეპრიანება, ხალხის ყოველგვარი კონტროლის გარეშე. ხალხს არც რაკეტების ფულის თემა უნდა აწუხებდეს და არც თბილისის სატელევიზიო ანძის განათების განახლების თემა. ის, უყოყმანოდ უნდა მიენდოს თბილისის მერის, ნარმანიას განცხადებას – რომ მრავალ შემოთავაზებათა შორის, იტალიური, გამძლე და იაფიანია (მილიონამდე).

შევთანხმდეთ, თავდაცვისუნარიანობის გაზრდა საშური საქმეა, რომელსაც წინა ხელისუფლებაც უდიდეს ყურადღებას აქცევდა შესაბამისი სახალხო დანახარჯებით. გახსოვთ ალბათ, რა რაოდენობის საბჭოთა სამხედრო ტექნიკა შემოგვაპარა უკრაინის ხელისუფლებამ (იუშჩენკო) სააკაშვილის დროს – ცხადია მოძველებული, ჩამოწერილი. თუ ვინ მოითბო ხელი ამ ყიდვა-გაყიდვაში, ჯერაც პროკურატურის შესწავლის საგანია. მაგრამ შეისწავლის? რაც შეისწავლა, ხომ „წყალგაუვალია“?!

და მაინც, რისთვის ვყიდულობთ ფრანგულ რაკეტებს? ხელისუფალთა განმარტებით, იმ ქვეყნისგან თავდასაცავად, რომელმაც 2008 წელს ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო. ასეთი რუსეთია, მხოლოდ და მხოლოდ ის. ანუ ჩვენ „ჩამოვწერეთ“ ყველა ჩვენი მეზობელი, რომელსაც არანაკლები ტერიტორიები აქვს მიტაცებული ჩვენგან.

თურქეთმა შვებით ამოისუნთქა, ვინაიდან საბოლოოდ გაიგო, რომ საქართველოს „აგრესორთა“ სიაში მხოლოდ რუსეთია. გაიგო და ძალიანაც ეამა, მაგრამ მანამდე, ედუარდ შევარდნაძის მეორე მმართველობის დასაწყისში, საქართველო აიძულა სასწრაფოდ ხელი მოეწერა თურქეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულებისთვის. ამ ხელშეკრულების პრეამბულაში გარკვევით ჩაიწერა, რომ მხარეები პატივს სცემენ ყველა ადრინდელ ხელშეკრულებას, მათ შორის ყარსის. ასე მარტივად თურქეთმა განიმტკიცა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და გაააქტიურა თითქმის 100 წლის წინათ დადებული ხელშეკრულების მოთხოვნები.

ამას წინათ, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ერთი ქართველი „მეცნიერი“ გვიმტკიცებდა, რომ წინა აგრესიები, განხორციელებული საქართველოს წინააღმდეგ, ისტორიაა და მათ აქტუალობა დაკარგული აქვთ. აი, რაც შეეხება ნამდვილ აგრესიას – ეს რუსეთს უკავშირდება და აქტუალურიაო. ამ ლოგიკით ცხინვალის, სოხუმის ამბავი 50-100 წლის შემდეგ უდავოდ დაკარგავს აქტუალობას (თუ დღესაც დაკარგული არ აქვს) და მხოლოდ ისტორიის ნაწილი გახდება.

100 წლის შემდეგ გაიხსენა თურქეთმა ყარსი და თავის დასამშვიდებლად ხელიც მოგვაწერინა დოკუმენტზე. საერთაშორისო ხელშეკრულებები, მითუმეტეს აგრესიული აქტები, რომ ისე იოლად ხდებოდეს ისტორიის კუთვნილება, როგორც ჩვენს „მეცნიერს“ ჰგონია, მსოფლიო რახანია დიდი ქაოსით იქნებოდა მოცული.

რაც შეეხება შერჩევით „აგრესიას“, მთლად შოკის მომგვრელია. მისი მიხედვით, ერთის აგრესია „მისაღებია“, მეორის – „მიუღებელი“. ამ შემთხვევაში, რუსეთის „აგრესია“ არის ის, რამაც უფრო მეტი ყურადღება უნდა მიიქციოს, მაგრამ „აგრესორსაც“ რომ აქვს არგუმენტები – საქართველოს აგრესიასთან დაკავშირებით?

რუსეთი ასე ხსნის თავის ნამოქმედარს – საქართველომ განახორციელა აგრესია, რუსეთმა უპასუხა, მოიგო პაექრობა და ვინაიდან აგრესიის შემდეგაც, აგრესორი ჩხუბისკენ იწევდა (გავიხსენოდ სააკაშვილის განცხადებები), იძულებული იყო ეღიარებინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

რაც მართალია – 2008 წლის შემდეგ არავითარ სამხედრო დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. არც რუსულ „პროვოკაციებს“, რომელსაც, სააკაშვილის განმარტებით მოჰყვა ქართული მხარის გაგულისება. რუსეთის მიერ ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარებამ, საქართველოს ხელისუფალთ რევანშის „აპეტიტი“ დააკარგვინა.

მსოფლიო ისტორიის გადახედვა უდავოდ კეთილ საქმეს გაგვიკეთებდა, ვინაიდან დაგვანახებდა, რომ ომში მოგებული ტერიტორიები არ ბრუნდება და თუ იშვიათ გამონაკლისს აქვს ადგილი მხოლოდ მოლაპარაკებით, რაღაცის დათმობით, შეთანხმებით ხდება.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს საბჭოთა კავშირმა შეასრულა აშშ-ს თხოვნა და ჩაერთო იაპონიის წინააღმდეგ ომში. მანამდე კი მტკიცე გარანტია მიიღო პრეზიდენტ რუზველტისგან, რომ იაპონიის შემადგენლობაში არსებულ კურილის კუნძულებს დაიბრუნებდა. ასეც მოხდა. მას შემდეგ იაპონია ითხოვს კურილის კუნძულების უკან დაბრუნებას, რაზეც რუსეთი პასუხობს – საკითხი მეორე მსოფლიო ომმა გადაწყვიტა და ამ ომში „დიდი სამეულის“ გამარჯვებამო.

მეორე მსოფლიო ომის შედეგად მოხდა მთელი რიგი ქვეყნების საზღვრების ახლიდან ჭრა-კერვა. მოგვიანებით ეს პროცესი განმეორდა, განსაკუთრებით ჰელსინკის აქტის შემდეგ, რომელმაც თითქოს დაამტკიცა ომისშემდგომი საზღვრების ურყეობა, მაგრამ …

დიდი პოლიტიკა  რაღაცით წააგავს სპორტს, განსაკუთრებით კრივს, სადაც გრამებშია დაცული მოპაექრეთა წონა. კრივში მსუბუქი წონის მოკრივე მძიმე წონისას არ შეეპაექრება. საქართველო-რუსეთის 2008 წლის „კრივი“ მსუბუქი და მძიმე წონის მოკრივეთა შერკინებას ჰგავდა – პირველსავე წუთებში „მჩატე მოკრივე“, რომ დახმარებას თხოვდა მწვრთნელს, მაგრამ უშედეგოდ.

რუსეთმა, საქართველოს ხელისუფალთა უთავობით წაგგვლიჯა ტერიტორიები, რასაც არ ექნებოდა ადგილი, სააკაშვილსა და მის გუნდს ჯეროვნად რომ შეეფასებინათ რუსეთის წონა, მისი სამხედრო ძლიერება. ქართველმა „ყმაწვილებმა“ ისიც იფიქრეს, რომ აშშ-ს სამხედრო სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი ქართული ჯარი, ერაყ-ავღანეთში ნაბრძოლი, კუდით ქვას ასროლინებდა „დაჟანგული“ ტანკების მქონე რუსეთს და როსტოვამდე ჩავიდოდა. უცოდინარობამ იცის ყოველივე ეს.

უცოდინარობამ იცის ის, რაც დღეს ხდება ფრანგული სარაკეტო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით. უშველის საჰაერო სისტემა, თბილისიდან 30 კილომეტრში მდგომ რუსის ჯარის შეკავებას?

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით სირიის ომში რუსეთის ჩართვამ საქართველოს ხელისუფლების გარდა, მსოფლიოს დაანახა რუსული იარაღის ძალა და შესაძლებლობა. 7 ოქტომბერს კასპიის ზღვის აკვატორიიდან ნასროლმა 26 ფრთოსანმა რაკეტამ (3M14) მიზანს მიაღწია და ჩაითვალა როგორც უპრეცედენტო. რაკეტებმა 1500 კილომეტრი იფრინეს და გაანადგურეს სირიის ტერიტორიაზე არსებული „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ბაზები.

ამ სახის რაკეტების ფრენის მაქსიმალური რადიუსი 2500-2600 კილომეტრია. მათ თავისუფლად შეუძლიათ გაანადგურონ აღმოსავლეთ ევროპის სამიზნეები ისე, როგორც ახლო აღმოსავლეთის. სირიის ფრონტზე გამოცდებს გადის ახალი მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი СУ-30СМ და საფრონტო ბომბდამშენი СУ-34, მოდერნიზებული თვითმფრინავები СУ-25СМ და СУ-25М2. თუ СУ-25СМ და СУ-34 2008 წლის აგვისტოს ომში იღებდნენ მონაწილეობას, დანარჩენებისთვის სირიის ომი დებიუტია.

სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენება მზვერავი თვითმფრინავი ИЛ-20М, რომელიც შექმნილია ИЛ-18-ს ბაზაზე. ეს თვითმფრინავი სირიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ИЛ-76 ჩაიტანა.

ექსპერტთა მონაცემებით, სირიაში ამჟამად 28 საბრძოლო თვითმფრინავი მოქმედებს. მზვერავ თვითმფრინავს მუდმივი კონტაქტი აქვს რუსულ სამხედრო გემ „ვასილი ტატიშჩევთან“, რომელიც ამჟამად სირიის ნაპირებთან იმყოფება და კონტროლს ახორციელებს არა მარტო სირიაზე, არამედ მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცეზე. ორივე მათგანს აერთიანებს კოსმოსური კავშირი. „ვასილი ტატიშჩევის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია – ტერორისტების გადაადგილებით დაწყებული, პირადი ლაპარაკის ჩათვლით, დიდ დახმარებას უწევს გამანადგურებელი თვითმფრინავების მიერ ტერორისტთა პოზიციების დაბომბვას.

პატივცემულო მკითხველო, ამ ინფორმაციას იმიტომ გაწოდებთ, რომ ოდნავი წარმოდგენა შეგექმნათ რუსეთის შეიარაღებასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე იფიქროთ, რამდენად შესაძლებელია მასთან გამკლავება ხიდაშელის მიერ საფრანგეთში ნაყიდი რაკეტებით. დავუშვათ საქართველომ შეძლო რუსული საჰაერო შემოტევისგან თავდაცვა, რა ვუყოთ სახმელეთო შემოტევას და მასში მონაწილე უახლეს რუსულ „დაჟანგულ“ ტანკებს ან სხვა იარაღს?!

ვგონებ, ჩვენს სასარგებლოდ სასწორი ვერ გადმოწონის და რომ ვერ, სხვაზე უნდა ვიფიქროთ. ეს სხვა კი დიპლომატიური მოლაპარაკებაა.

ხელისუფლება მარტივად უნდა ხვდებოდეს, რომ რუსეთთან იარაღის პოზიციიდან ლაპარაკი ფუჭი საქმეა. ფუჭია ოცნება, რომ ომს წამოიწყებ და მერე აშშ-ი ან ნატო დაგეხმარება. არც ერთი თავს არ გაწირავს საქართველოსთვის, ვინაიდან კარგად იცის, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.