პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა გადარჩენს ქვეყანას

გაუთავებელი პოლიტიკური კინკლავი, მძიმე ეკონომიკური ვითარება და გაუსაძლისი სოციალური ყოფა ძალაუნებურად გვაფიქრებინებს განვლილი დამოუკიდებელი წლების წარუმატებლობაზე. 25 წლის წარუმატებლობაში „წლები“ არაფერ შუაშია, უბრალოდ გადატანითი მნიშვნელობით არის მოტანილი. თავიდათავი პოლიტიკაა, რამაც განაპირობა საქართველოს ისტორიის გარკვეული მონაკვეთის – წლებად დაყოფილის, უნიათობა, არაპროფესიონალიზმი, ბერწობა. არადა, ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, პერსპექტიული განვითარების შანსი, ჩვენს ქვეყანას ჰქონდა.

საქართველო საბჭოთა კავშირის მოწინავე რესპუბლიკა იყო, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე მრეწველობის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, სპორტის, სხვა დარგებში. მოწინავე იყო „სხვაგვარად“ აზროვნებაშიც და იმაში, რასაც დამოუკიდებლად არსებობა ჰქვია. პირველები ვიყავით ყველაფერში, რაც თანამედროვე ენით რომ ვთქვათ „საპილოტე“ პროექტისთვის ანუ ქვეყნის დამოუკიდებლად განვითარებისთვის, პოსტსაბჭოთა სივრცეში შესაშური რომ უნდა ყოფილიყო.

უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ განხორციელდა, რაც მრავალ სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზს უკავშირდებოდა. მათგან გამოვყოფდი პოლიტიკურ გაუნათლებლობას, მსოფლიო საკითხების უცოდინრობას, პოლიტიკურ თავხედობას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსთათვის საჭირო წინასწარმეტყველების არ ქონას.

ცხადია, ამ შემთხვევაში ნოსტრადამუსობა არ მაქვს მხედველობაში და ის წინასწარმეტყველება, საუკუნეებს რომ მოიცავს. მარტივი წინასწარმეტყველება, საშუალო შორსმჭვრეტელობა მაქვს მხედველობაში, ყველა პოლიტიკოსის, თუნდაც საშუალოს, უპირველესი მოვალეობა რომ უნდა იყოს. აი, სწორედ, ამ საშუალო შორსმჭვრეტელობის უქონლობის ბაცილით იყო და არის დაავადებული ქართული პოლიტიკა. აი, ამ შორსმჭვრეტელობის უქონლობამ გამოიწვია მთელი რიგი უხეში გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც დააქციეს ქვეყანა, გამოიწვიეს შიდა ომები, დააქუცმაცეს სახელმწიფო.

ხშირად გამიგია – რაც მოხდა, მოხდა, თვალი დავხუჭოთ დაკარგულზე, ვაშენოთ ახალი ცხოვრება, თან ისეთი თვალი დავუყენოთ ყველას, განსაკუთრებით ავის მსურველს, რაც თავისთავად გამოიწვევს ყოფილთა შემობრუნებას.

ტკბილი სიზმარია და მეტი არაფერი. ერი, რომელმაც გადაიტანა დამანგრეველი „ქარიშხლი“, იოლად ვერ შეძლებს მარცხის დავიწყებას. მას ყოველთვის თვალწინ ექნება დაკარგული, ყოველთვის იფიქრებს მასზე – აქვს თუ არა ამის სურვილი.

პოლიტიკურმა ახლომხედველობამ გამოიწვია ყოველივე და კიდევ იმან, ზემოთ რომ ვახსენე – უცხოეთის უცოდინრობამ.  შევარდნაძეს, მაშინდელ პოლიტიკოსებს, თუნდაც დღევანდელს, ოდნავი წარმოდგენა რომ ჰქონოდათ და ჰქონდეთ იმ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურის შესახებ, საითკენაც ვითომ რომ მივდივართ, ავი თვალით არ შევხედავდით აფხაზთა ლიდერის არძინბას შემოთავაზებას – ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურის კონფედერაციულ ან ფედერაციულ მოწყობაზე.

კონფედერაცია, ესოდენ მიღებული ევროპასა თუ სხვაგან, მიუღებელი გამოდგა ქართული პოლიტიკისთვის და არა იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკა სიღრმისეულად იყო ან არის ჩახედული ევროპულ კონფედერაცია-ფედერაციაში, არამედ იმიტომ, რომ მან არაფერი იცოდა და იცის ამის თაობაზე. არ იცოდა და არც სწავლა უნდოდა. რაც მან იცოდა, იყო თბილისიდან ვერტიკალური მართვა – ავტონომიები, რომ უსიტყვოდ ემორჩილებიან თბილისს.

ქართულმა პოლიტიკამ ვერ განჭვრიტა, რომ ახალი, 21-ე საუკუნის დადგომამდე სულ რაღაც 10 წელიწადი იყო დარჩენილი, რომ მომავალი წლები დიდ სიახლეებსა და გარდაქმნებს მოიტანდა. „აქილევსის ქუსლობის“ პერიოდი დიდხანს გაგრძელდა. ის, არც დღეს არის დასრულებული. ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ამ გადაულახავმა ბარიერმა, მყარად ჩაბუდებულმა, მოიტანა ის, რაც მოიტანა ანუ – არა, კონფედერაციას, ფედერაციას!

დიახ, უნიტარულ ქვეყანას! დიახ, ომს, ნგრევას! არა, დიპლომატიას, უბრალო ტვინის განძრევას, მაგიდასთან საკამათო საკითხების გადაწყვეტას! დიახ, დაპირისპირებას, მეზობელთან ჭიდილს! მეზობლის  გულის გასახეთქად, შორეულთან, მის მტერთან ჩახუტებას.

ქართული პოლიტიკა დღესაც ვერ ხვდება, რომ შესაბამისი საფასურის გარეშე, „პოლიტიკური ქოლგის“ ქვეშ არავინ შეუშვებს. ვერ ხვდება, რომ საფასური დღეს თუ არა, ხვალ, მძიმედ დააწვება ქვეყანას, მომავალ თაობებს. თუმცა მხოლოდ დღევანდელი დღით მცხოვრებ პოლიტიკას, ეს ნაკლებად ადარდებს, ისე, როგორც 1992 წლის პოლიტიკას – აფხაზეთის რკინიგზის „გათავისუფლება“ რომ გაივლო გუნებაში. 2008 წლის პოლიტიკას – ქართული იურისდიქციის ძალით აღდგენა რომ გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთში.

საქართველო მალე ევროკავშირის წევრი, ნატოს წევრი გახდება, რითაც სამარადისოდ დაბრუნდება ევროპულ ოჯახში, რომელსაც ჟამთა უკუღმართობამ დააშორა – ფიქრობს ქართული პოლიტიკა და არა მარტო ფიქრობს, ხალხსაც აფიქრებინებს უტოპიურ მომავალზე.

საქართველოს პოლიტიკამ არ იცის მომავლის ჭვრეტა. არც ის იცის, სხვის მაგალითებზე ისწავლოს, სხვისი მაგალითები გამოიყენოს საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად. სხვისი მაგალითები კი უდავოდ საინტერესო იქნებოდა თვალის ასახელად, თუნდაც იმის დასანახად, რა „საამურიც“ არის ევროკავშირში გაწევრებული ქვეყნების ცხოვრება. მაგალითად რუმინეთი, ბულგარეთი, ბალტიისპირეთიც კმარა – ევროკავშირის კარგა ხნის წევრები.

ქართული პოლიტიკა ვერადავერ ხვდება, რომ „ასოცირება“, წევრობა არ არის, არც „მაპობაა“ წევრობა ან „მაპზე“ უკეთესობა. ქართული პოლიტიკა ვერ ხვდება, რომ ევროატლანტიკოსი ცინიკოსები მას სათავისოდ იყენებენ, იახლოებენ, სხვას რომ არ ჩაეხუტოს, მაგრამ არ იხუტებენ. ქართული პოლიტიკა ვერ ხვდება, რომ ევროპისთვის ის მხოლოდ საჯილდაო ქვაა და არა ის, რომელთანაც მას (ევროკავშირს) ნამდვილად სურს ერთჭერქვეშ ცხოვრება.

საქართველოს პოლიტიკოსობა ვერ ხვდება, რომ გაცილებით ევროპული (გეოგრაფიიდან გამომდინარე), გაცილებით ძლიერი მეზობელი ქვეყანა თურქეთი, ქრონიკულადაა დაავადებული ასოცირებული წევრობით და ასე იქნება მომავალშიც. არადა თურქეთის წვლილი გერმანული ეკონომიკის აღორძინებაში განუზომელია.

ბევრმა დაივიწყა, რომ თურქული „გესტარბაიტერობა“ თურქეთის ინიციატივით არ მომხდარა, გერმანული პოლიტიკის მოთხოვნით მოხდა. სწორედ იმ ისტორიულმა გერმანულმა ეკონომიკურმა აღორძინებამ აფიქრებინა თურქეთს (მე ვიტყოდი გულუბრყვილოდ), რომ მისი წვლილი სრულიად საკმარისია ევროკავშირში შესასვლელად.

გერმანიას, თურქი „გესტარბაიტერების“ მადლით შეპყრობილს, პირდაპირ არ შეეძლო უარი მიეხალა თურქეთისთვის და სამადლოდ „ასოცირებული წევრობა“ შესთავაზა. იდგა 1964 წელი (ქართული პოლიტიკის გასაგონად).

რა მოხდა შემდეგო, – იკითხავს მკითხველი. შემდეგ მოხდა ის, რაც „დემოკრატიულ და ცივილიზებულ“ ევროპაში ხდება. თურქეთი, ევროპისთვის ველური, კულტურული ოჯახისთვის მიუღებელი, ტლანქი ქვეყანა იყო. ნატოსთვის კიდევ არაუშავს – საზარბაზნე ხორცად მაინც გამოდგებოდა, კულტურული ოჯახისთვის – არა.

თურქეთს პირდაპირ უარი არ უთხრეს, მაგრამ არც კარში შეუშვეს. მათაც ეგონათ (ქართველებივით) – კარი ღია იყო, მაგრამ სამწუხაროდ ცხრაკლიტული გამოდგა. ევროპამ იფიქრა, იფიქრა და 35 წლის შემდეგ თურქეთს, ნაცვლად წევრობისა, კანდიდატობის სტატუსი შესთავაზა. 2006 წელს კი დაიწყო მოლაპარაკება გაწევრებასთან დაკავშირებით, რომელიც დღესაც „წარმატებით“ მიმდინარეობს, თუმცა „ფინიშის“ ვადის გამოუცხადებლად.

თურქეთის ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგ გერმანია და საფრანგეთი გამოდიან, რომლებიც აცხადებენ, რომ თურქეთი არ ასრულებს ბრიუსელის საშინაო დავალებას და ჰარმონიზაციაში არ მოჰყავს საკუთარი კანონმდებლობა. სინამდვილეში, თურქეთმა ყველა მოთხოვნა შეასრულა, მაგრამ … .

მაშ, რაშია საქმე?

ევროკავშირში თურქეთის გაწევრება დაარღვევს კავშირის ძალთა ბალანსს. 70-მილიონიანი თურქეთი გახდება მეორე ძალა (გერმანიის შემდეგ), ხოლო 2020 წლისთვის, მოსახლეობის მატების შედეგად, ისეთივე, როგორც გერმანიაა. ეს, რომ არ მოხდეს, საფრანგეთმა, მაშინდელი პრეზიდენტის სარკოზის სახით, ასეთი განცხადება გააკეთა: „ევროპას აქვს გარკვეული საზღვრები და აქედან გამომდინარე ყველა ქვეყანას არ შეუძლია გახდეს სრულუფლებიანი წევრი. ეს, თურქეთსაც ეხება. მისი ადგილი ევროკავშირში არ არის. გაუთავებელმა გაფართოებამ შეიძლება კავშირის დაშლა გამოიწვიოს“.

პირდაპირი იყო ევროკავშირის ყოფილი პრეზიდენტი რომპეიც: „თურქეთი არ არის ევროპის ნაწილი და არც არასდროს იქნება“. რომპეის გეოგრაფიაც ჰქონდა მხედველობაში. საინტერესოა, გეოგრაფია არ იმოქმედებს საქართველოსთან მიმართებაში?

ევროკავშირ-თურქეთის, თურქეთ-გერმანიის ისტორიულმა ურთიერთობებმა, თურქეთის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით, სერიოზული გავლენა იქონია გერმანიის კანცლერის თურქეთში ვიზიტის დროს. განაწყენებულმა ერდოღანმა საერთოდ არ გამართა მასთან მოლაპარაკება და პროტოკოლურ მასპინძლობას დასჯერდა, თანაც მერკელის თურქეთიდან გამგზავრების წინ. მოლაპარაკების წარმართვა თავის პრემიერს გადააბარა.

მერკელის თურქეთში ვიზიტი იძულებითი იყო. ასეულ-ათასობით ლტოლვილმა ევროკავშირს რომ მიაწყდა, აიძულა კანცლერინი ჩასულიყო თურქეთში თხოვნით – შეაჩერეთ თქვენს ტერიტორიაზე დაბანაკებული სირიელი ლტოლვილები და 5 მილიარდ ევროსაც მოგცემთ, თან სასწრაფოდ ვიფიქრებთ თქვენს ევროკავშირში გაწევრებაზე, თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესასვლელ ვიზებს გავაუქმებთ, ოღონდ ლტოლვილები არ დაგვანახოთო.

იყო სხვა თხოვნაც – რეადმისიის ხელშეკრულების ამოქმედების, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში შესული სირიელები ისევ თურქეთს გადაეცემა. სერიოზული თავსატკივარია, იმ 2.5 მილიონ სირიელ ლტოლვილზე დამატებული, რომლებიც 2 წელიწადზე მეტია თურქეთის დროებით ბანაკებში იმყოფებიან.

სირიის ომი 4 წლის წინათ დაიწყო, რასაც მოჰყვა ასეულ-ათასობით სირიელის გადასვლა მეზობელ თურქეთში. სირიელი ლტოლვილების ამბავი არასდროს გახსენებია ევროკავშირს. მას სულაც არ ადარდებდა ის პრობლემები, რომლებიც თურქეთს შეექმნა. და როდესაც თურქეთში დაბანაკებული სირიელები ევროპას მიაწყდნენ, ბრიუსელმა და ბერლინმა უმალ გაიხსენეს თურქეთი, მაგრამ არა ისე, როგორც ანკარას სურდა.

თურქეთში მყოფმა მერკელმა აღუქვა მასპინძლებს ევროკავშირში სწრაფი გაწევრების პროცესის დაწყება, თუმცა არა წევრობა – მის ნაცვლად ე.წ. პრივილეგირებული პარტნიორობა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება წევრობას: „თქვნი სრულუფლებიანი წევრობა ჩვენთვისაც მისაღებია, მაგრამ არა ამჯერადო“. რაზეც მასპინძლებმა მიუგეს – „ჩვენ ასეთ ვარიანტს არ განვიხილავთ, ვინაიდან მას იურიდიული საფუძველი არ აქვს. ჩვენ ნაწყენებიც ვართ, ვინაიდან დროდადრო გვთავაზობთ არარსებულ ვარიანტებს“.

და ეს ხდება თურქეთთან მიმართებაში, თანაც მაშინ, როდესაც ევროკავშირს უფრო სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს ევროკავშირი. რისი იმედი აქვს საქართველოს? რაში სჭირდება ევროკავშირს საქართველო? – არც არაფერში, თუ არა საკუთარი ჩაწოლილი ჭარბი პროდუქციის გასაღებაში, რომელიც დიდ პრობლემებს შეუქმნის სამამულო წარმოებას და კიდევ დაპირისპირებულ რუსეთთან პოლიტიკურ თამაშში.

საქართველოს პროდუქცია რომ მზად არ არის ევროკავშირის ბაზრის „დასაპყრობად“, ფაქტია, თანაც ისეთი, შეუიარაღებელი თვალითაც რომ კარგად ჩანს. რა დიდი ნოსტრადამუსობაა საჭირო იმის გასაჭვრეტად, რომ იქ უნდა იყო, სადაც გცნობენ და უნდათ შენი საქონელი. ასეთად, მეზობლობა მოიაზრება, თუნდაც ჩვენთვის მიუღებელი ევრაზიული კავშირი. რით აღვემატებით ჩვენ ამ კავშირში მყოფ და მასში შესვლის მსურველ ქვეყნებს ან იმათ, ვისაც ევრაზიულ კავშირთან სურს თავისუფალი ვაჭრობა? მეტიჩრობით და მეტით არაფრით.

ქართულმა პოლიტიკამ ვერადავერ განჭვრიტა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეს ისე სჭირდება საქართველო, როგორც ძროხას უნაგირი. ევროკავშირი ყოველთვის ჩაგვთვლის „ველურად“, როგორც თურქეთს, მეორეხარისხოვნად, როგორც ბულგარელებს და რუმინელებს, არადა ისინი რახანია ევროკავშირის წევრები არიან.

ქართულმა პოლიტიკამ ვერაფრით განჭვრიტა, რომ დსთ-ში ყოფნა გაცილებით სჯობდა არყოფნას; რომ დსთ-ს ნამდვილი და არაფორმალური წევრი, ომს ვერ ატეხდა საკუთარ თავთან და თუ ატეხდა, „დასაგრილებელი“ წამალიც უცბად გამოიძებნებოდა; რომ დსთ-ს წევრობა უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა ტერიტორიული საკითხების მოგვარების საქმეში.

სამაგალითოდ შორს წასვლაც არ არის საჭირო, მთიანი ყარაბახის საკითხიც გამოდგება. მართალია, ამ რეგიონთან მიმართებაში რახანია მიმდინარეობს აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკება, შუამავლების მეშვეობით, მაგრამ საბოლოო წერტილი ჯერ არ დასმულა, ისეთი, როგორიც ჩვენ დავსვით 2008 წელს.

რუსეთთან მიმართებაში აზერბაიჯანს აქვს უფლება იყოს განაწყენებული, მტრად გადაკიდებული, მაგრამ იცის ერთი რამ – გადაკიდებით, გაბუტვით ან დსთ-დან გასვლით საქმე არ გაკეთდება. აზერბაიჯანმა იცის, რომ პრაგმატული პოლიტიკა, მის მიერ წარმოებული რუსეთის მიმართ, მისთვის გაცილებით მომგებიანია, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვალნათლივ შეინიშნება.

ევროკავშირის სანქციებმა გაართულეს რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ გზა გაუხსნეს მეზობელ ქვეყნებს ახალი ეკონომიკური კავშირებისკენ. მსოფლიოში არსებული ენერგეტიკული კრიზისი თავისთავად მოქმედებს ენერგორესურსების მქონე სახელმწიფოებზე, მათ შორის აზერბაიჯანზეც. ეცემა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასები, რაც აფიქრებინებს ამ ქვეყანას, აქცენტი გადაიტანოს არანედლეულ ექსპორტზე, ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე, წარმოებული პროდუქციის დსთ-ს ბაზარში შეტანაზე. ამ ბაზარს კარგად იცნობს აზერბაიჯანი, ისე, როგორც დსთ. ბაზარმაც კარგად იცის აზერბაიჯანის პროდუქცია. და გადის აზერბაიჯანიდან ჩაი და ბოსტნეული, კიტრი და პომიდორი, ხილი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები.

საბჭოთა კავშირის ჩაის მოთხოვნილების 97%-ის დამაკმაყოფილებელი საქართველო, არათუ დსთ-ში ჩაის გატანით არის დაკავებული, საკუთარ თავსაც ვერ იკმაყოფილებს, თუ არ ჩავთვლით უცხოეთიდან შემოტანილი ჩაის დაფასოებას და ქართული წარმოების პროდუქტად გასაღებას. ქართული ბრინჯი, ქართული შაქარი, ქართული ტომატ-პასტა, ქართული … რომელია ქართული? ასეა ჩაის საქმეც.

აზერბაიჯანი არა მარტო რუსეთთან, დსთ-ს სხვა წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობს, არამედ ირანთან. პრაგმატული პოლიტიკისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების წყალობით დღე-დღეზე ირან-აზერბაიჯანის რკინიგზა ერთმანეთს დაუკავშირდება, რითაც აზერბაიჯანს სპარსეთის ყურეში გასვლის შანსი გაუჩნდება. პროექტში ჩინეთიც არის ჩართული.

აზერბაიჯანის პრაგმატულმა, შორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ კასპიის ზღვის შემყურე ქვეყანა, ნამდვილ ზღვებს (შავი ზღვა) და ოკეანეებს (ინდოეთის ოკეანე) დააკავშირა. გავიხსენოთ „შორსმჭვრეტელი“ ქართული პოლიტიკის ნათქვამი საქართველოს, ირან-სომხეთის რკინიგზაზე მიბმასთან დაკავშირებით – აზერბაიჯან-თურქეთს გავანაწყენებთო. საინტერესოა, აზერბაიჯან-ირანის სარკინიგზო კავშირი არ გაანაწყენებს თურქეთს?

ქართული პოლიტიკა ვერადავერ ჭვრეტს ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს. გრძელდება რუსეთის ავიაციის მიერ სირიის ტერიტორიაზე განლაგებული ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვა, სირიის არმიის შეტევა. ტერორისტები იძულებული იქნებიან თავი სხვა ქვეყნებს შეაფარონ, მათ შორის საქართველოს.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბორტნიკოვის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ „არმიის“ რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან. შესწევს თუ არა საქართველოს ძალა ებრძოლოს ომგამოვლილ ტერორისტებს? ეჭვი მეპარება.

საქართველოს ხელისუფლება ცხოველ ინტერესს უნდა იჩენდეს არცთუ შორეული მოვლენის საწინააღმდეგო სამოქმედო პროგრამის შესამუშავებლად, რისთვისაც მას უდავოდ დასჭირდება რუსეთ-ირანთან ურთიერთობა. ეს, ის ქვეყნებია, ტერორიზმს რომ ფაქტიურად და არა ფიქტიურად ებრძვიან. ამ ბრძოლაში ისინი გაცილებით სანდონი არიან, ვიდრე ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი აშშ.

სირიაში მებრძოლი ვაჰაბიტების უკრაინაში გამოყენების ფაქტებს თუ გავიზიარებთ, უმალ გაგვიჩნდება კითხვა – რამდენად არის შესაძლებელი სირიაში მებრძოლი ჯიჰადისტების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოყენება? ტყუილად არ იტყოდა უკრაინაში გამაგრებული სააკაშვილი ვიღაც „ბოევიკების გამოყენებაზე. მას და მის თანამებრძოლს, შსს ყოფილი მინისტრის მოადგილეს, ლორთქიფანიძეს, რომელიც ამჟამად „ბელადის“ გვერდით, უკრაინაში „მოღვაწეობს“, მდიდარი გამოცდილება აქვთ რადიკალურ ისლამთან ურთიერთობის.

განუჭვრეტლობის მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ზემოაღნიშნულიც საკმარისია შესაბამისი დასკვნის გასაკეთებლად, არსებული პოლიტიკის შესაცვლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭირდება.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.