ხიროსიმა-ნაგასაკიდან დღემდე

1945 წლის 6 აგვისტოს, ხიროსიმას და 9 აგვისტოს, ნაგასაკის ატომური დაბომბვის შემდეგ მსოფლიოს ახალი სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგია მოევლინა. იაპონიის ქალაქების ბირთვული დაბომბვა ერთის შეხედვით იყო პასუხი მილიტარისტული იაპონიის – ფაშისტური გერმანიის მოკავშირის წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომში ჩადენილ საშინელებებზე; ქმედება, იაპონიის სამხედრო მანქანის კაპიტულაციისთვის; იძულება, აშშ-ს მიერ წაყენებულ ულტიმატუმზე უსიტყვო თანხმობისთვის. მეორეს მხრივ, ეს იყო საბჭოთა კავშირის კატეგორიული, უსიტყვო გაფრთხილება, არ გადაედგა აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკურ-სამხედრო ნაბიჯები.

გერმანიის ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, იაპონიის მილიტარიზმი ისედაც კარგავდა პოზიციებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რაშიც უდიდესი წვლილი შეჰქონდა საბჭოეთის ხელისუფალთა გადაწყვეტილებას იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩართვის თაობაზე. საბჭოეთის მეთაურმა სტალინმა პირნათლად შეასრულა მოკავშირეთა მიმართ დაპირება იაპონიის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ. თხოვნას აშშ-ს პრზიდენტის რუზველტის მხრიდან ადგილი ჰქონდა იალტის კონფერენციის დროს. იაპონიასთან ომში ჩართვის საფასურად, სტალინმა მიიღო რუზველტის თახმობა კურილის კუნძულების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

იალტის სულისკვეთების პოზიტიურ ჩარჩოში გაგრძელებას ხელი შეუშალა დიდ ბრიტანეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ჩერჩილის დამარცხებამ და რაც მთავარია პრეზიდენტ რუზველტის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. პოტსდამის კონფერენციაზე, იალტის დამახასიათებელი პოლიტიკური „სითბო“ ნაკლებად შეინიშნებოდა. ახალი პარტნიორები, ამერიკის პრეზიდენტის ტრუმენისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ეტლის სახით, სხვაგვარად უდგებოდნენ იალტის შეთანხმებებს.

პოტსდამის კონფერენცის დასაწყისში ჩერჩილი იღებდა მონაწილეობას, თუმცა მალე მან დატოვა კონფერენცია და ის, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ეტლიმ ჩაანაცვლა.

ბირთვული ბომბის არსებობა დიდ მხნეობას მატებდა ტრუმენს. როგორც პრეზიდენტი, ისე მისი ადმინისტრაცია დღე-დღეზე ელოდნენ პირველი ატომური ბომბის გამოცდის შედეგებს. აშშ-ს სამხედრო მინისტრი სტიმსონი თავის მოგონებებში წერს, რომ ვაშინგტონი მაქსიმალურად ცდილობდა პოტსდამში ომისშემდგომი ევროპის საკითხების გადაჭრის გაჭიანურებას, ვიდრე არ გამოცდიდნენ ბირთვულ ბომბს. ახალ, მასობრივი განადგურების იარაღს, როგორც ტუზის კოზირს ისე უნდა ემოქმედა პოტსდამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

მიიღო რა შეტყობინება ბომბის გამოცდის თაობაზე (1945 წლის 16 ივლისს) – პოტსდამის კონფერენციის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ტრუმენმა გაამკაცრა პოზიცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში. მან ისიც თქვა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არ ასრულებს იმ მოვალეობებს, რაც მან ყირიმში აიღო, რაზეც საბჭოთა ლიდერის შესაბამისი პასუხი მიიღო.

24 ივლისს, მორიგი სხდომის დამთავრების შემდეგ, როდესაც სტალინი გასასვლელისკენ გაემართა, მას ტრუმენი წამოეწია, შემდეგი სიტყვებით: „მინდა გითხრათ, კონფიდენციალური შეტყობინების თაობაზე“ – სტალინი შეჩერდა. ტრუმენმა განაგრძო: „აშშ-ა შექმნეს ახალი იარაღი, რომელსაც ძლიერი დამანგრეველი ძალა აქვს და რომლის გამოყენებასაც იაპონიის წინააღმდეგ ვაპირებთ“.

ეს ინფორმაცია სტალინმა უემოციოდ მიიღო, რამაც გული დაწყვიტა ტრუმენს. ჩერჩილმა, რომელიც სულმოუთქმელად ელოდა სტალინის რეაქციას, უმალ ჰკითხა ტრუმენს სტალინის პასუხის შესახებ. „სტალინს ჩემთვის არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამს ამ ფაქტის დასაზუსტებლად, უბრალოდ მადლობა გადამიხადა ინფორმაციისთვის“ – მიუგო ტრუმენმა.

ყოველივე აღნიშნულს ზედმიწევნით ზუსტად ასახავს თავის მოგონებებში პოტსდამის კონფერენციის მონაწილე ანდრეა გრომიკო, შემდგომში სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ტრუმენ-სტალინის ხანმოკლე დიალოგი სხვაგვარად აისახა ტრუმენის მოგონებებში, სადაც ის წერს, რომ მისი ნათქვამი ვერ გაითავისა სტალინმა, ვინაიდან არ ჰქონდა წარმოდგენა ახალ იარაღზე.

როგორც გრომიკო აღნიშნავს, ტრუმენთან გასაუბრების შემდეგ, თავის რეზიდენციაში დაბრუნებულმა სტალინმა უმალ მოითხოვა ცნობილ მეცნიერ კურჩატოვთან სატელეფონო კავშირი. საუბარი შეეხო საბჭოური ატომური ბომბის დამზადების დაჩქარებას. ასე რომ, სტალინმა კარგად იცოდა ბირთვული ბომბის შესახებ. სწორედ მისი დავალებით საბჭოთა ბირთვული იარაღის შექმნას ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა.

ბირთვულიარაღიანმა აშშ-ა მიზანშეუწონლად ჩათვალა იაპონური „ტორტის“ ჭამაში საბჭოეთის გაყვანა, პირიქით სწორედ მის დასაშინებლად გამოსცადა ხიროსიმასა და ნაგასაკზე მომაკვდინებელი ატომის ძალა. ეს ექსპერიმენტი 70 წლის წინათ განხორციელდა. წელს, 7 აგვისტოს კაცობრიობამ ფართოდ აღნიშნა საზარელი ტრაგედია. აფეთქებისთანავე, 75000 ადამიანი დაიხოცა. მომდევნო დღეებში, რადიაციით – 300000.

დღემდე არვის შეუფასებია ამერიკელთა მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული. თვით აშშ-ს ბოდიში არ მოუხდია იაპონელი ხალხის წინაშე. გარდა წლევანდელი ღონისძიებისა, არც ერთ სამგლოვიარო დღეს, აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა ღონისძიებაში.

ბომბები, რომლებიც ხიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოიყარა, მოსკოვის, ლენინგრადის, სხვა საბჭოთა ქალაქების მიმართ იყო გამიზნული. არ მოხერხდა. მსოფლიოში საბჭოთა ავტორიტეტმა, წითელი არმიის მიერ ფაშიზმის დამარცხებამ და სხვა მრავალმა ფაქტორმა შეაკავა ტრუმენი და მისი ადმინისტრაცია ბირთვული ბომბების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში, რაც საკმარისი გამოდგა საბჭოური ატომური ბომბის დასამზადებლად. გაჩნდა მეორე ბირთვული სახელმწიფო, რამაც გადაარჩინა სამყარო მესამე მსოფლიო ომისგან. ეს ბალანსი დღესაც გრძელდება და უნდა ვიმედოვნოთ მომავალშიც გაგრძელდება.

დღეს, არაერთ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ ათასობით მხოლოდ აშშ-ს და რუსეთს. რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია აშშ-ს გასცეს მომაკვდინებელი პასუხი, რამეთუ მას, არა მარტო ბირთვული ქობინები აქვს, არამედ მათი ადრესატამდე მიტანის საშუალებებიც – ხმელეთიდან, ჰაერიდან, წყლიდან.

1945 წლის 6, 9 აგვისტოს ხიროსიმასა და ნაგასაკს არავითარი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს მრავალი ათეული წლის შემდეგ განვითარებულ ცხინვალის მოვლენებთან – ლოკალურ, პატარა კონფლიქტთან, თუმცა ერთის შეხედვით. ვგონებ, რომ პოტსდამის კონფერენციაზე ურუზველტობამ მძიმე დაღი დაასვა არა მარტო კონფერენციას, არამედ ომის შემდგომ ევროპასა და მსოფლიოს.

სახელმწიფო მოღვაწეები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათაც აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობაში პატივისცემისა და თანამშრომლობის გამოხატვის სურვილი, რაც კარგად გამოჩნდა თეირანისა და იალტის კონფერენციებზე. „მე შემექმნა მოსაზრება, რომ რუზველტი დიდი პატივისცემით იყო გამსჭვალული საბჭოთა კავშირის და პირადად სტალინის მიმართ. ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს საიდუმლო სამსახური, ალენ დალესის მეთაურობით, შვეიცარიაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს რეიხის ზოგიერთ წარმომადგენელთან – გენერალ ვოლფთან. გაიგო რა ამის შესახებ სტალინმა, რუზველტს სასაყვედურო წერილი გაუგზავნა. პასუხად, 1945 წლის 12 აპრილს რუზველტმა შეატყობინა, რომ აშშ-ს მყარად აქვს გადაწყვეტილი განამტკიცოს ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან. ეს იყო ბოლო წერილი, რომელსაც ხელი მოაწერა რუზველტმა. იმ საღამოს, ის გარდაიცვალა“, – წერს ა.გრომიკო.

რუზველტის გარდაცვალებით ისტორიას ჩაბარდა ამერიკა-საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელების მჭიდრო, პრაგმატული თანამშრომლობის ერთი ფურცელი. დაიწყო ახალი ერა – მეტადრე მეტოქეობისა, ვიდრე თანამშრომლობისა და მეგობრობისა. და ასე გრძელდება ხალხზე ბირთვული ბომბების პირველი (ჯერ-ჯერობით) გამოცდის დღიდან, დღემდე.

კონფრონტაციულმა ურთიერთობებმა, ერთმანეთზე უპირატესობის მოპოვების მცდელობამ, ერთმანეთთან იარაღით მიახლოების სურვილმა, ახალი-ახალი საბრძოლო იარაღის შექმნა-წარმოებამ და მათი სხვაზე გამოცდის (და არა ერთმანეთზე) სურვილმა მსოფლიოს არაერთი განსაცდელი არგუნა – ავღანეთის, ერაყის, მანამდე კორეის, ვიეტნამის სახით. დავუმატოთ ამას უკრაინა და 2008 წლის საქართველო. მათზე ადრე იუგოსლავია და ა.შ. ყველგან იგრძნობოდა და იგრძნობა ენით აუწერელი ჭიდილი, მცდელობა დიდი ქვეყნისა, არ დაეშვა მეტოქის წინ წამოწევა, მისი ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება. ამ უსასრულო ბრძოლაში უხვად გამოიყენება ე.წ. მეგობარი ქვეყნები და სტრატეგიული პარტნიორობა, თუნდაც ისეთი, ჩვენ რომ გვგონია გვაქვს აშშ-ნ.

ერთი წუთით დავფიქრდეთ და ვთქვათ – შეიძლება თუ არა სპილოსა და ჭიანჭველას სტრატეგიული პარტნიორობა? არავითარი პარტნიორობა არ შეიძლება იყოს მსოფლიო ეკონომიკისა და საფინანსო სისტემის მთავარ შემოქმედ სახელმწიფოსა და ეკონომიკაგამოცლილ. აი, რაც შეეხება გამოყენებას, აქ უდავოდ პრიორიტეტულობა მის ანუ დიდის მხარეზეა, გეტყვის და უნდა შეასრულო, თუ არა – სხვა პასუხს მიიღებ. და ჩვენც შევასრულეთ ის, რასაც 2008 წლის აგვისტო ჰქვია.

შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის აგვისტოსთვის თავის არიდება? უდავოდ შეიძლებოდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ლიდერი დალაგებული აზროვნების ადამიანი იქნებოდა. ბედმა დაულაგებელი, ავანტიურისტული ბუნების ადამიანი არგუნა საქართველოს, მისი ახალი ისტორიის საპასუხისმგებლო მონაკვეთზე. შედეგად, საქართველომ წააგო. ცხინვალი რომ მოგვეგო, შევინარჩუნებდით მას?

უფრო შორს წავიდეთ, რუსეთის იმპერიის წყალობით საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებულ აჭარას, საბჭოთა კავშირის გარეშე შევინარჩუნებდით? პატარა და სუსტი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება დიდ ნიჭსა და ჭკუას უკავშირდება, ნაკლებად გადამთიელის მოიმედეობას, მასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას.

ხიროსიმა-ნაგასაკიდან გამომდინარე საქართველოსთვის კიდევ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას. ომის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე, სტალინმა ნეგატიურად შეაფასა ყარსის ხელშეკრულება და აღნიშნა, რომ ამით დაზარალდნენ ამიერკავკასიის რესპუბლიკები. ხელშეკრულების კორექტირების მიზნით, მოლოტოვს შეხვედრა ჰქონდა საბჭოთა კავშირში თურქეთის ელჩთან.

საბჭოთა ხელმძღვანელობა, პირადად სტალინი თვლიდა, რომ დაკარგული ტერიტორიები საქართველო-სომხეთს უნდა დაბრუნებოდა. მისი გათვლით, საქართველოს უნდა შემოერთებოდა ტრაპიზონიდან მოყოლებული მთელი რიგი ტერიტორიები. ეს თემა სხვაგვარად გაჟღერდებოდა პოტსდამის კონფერენციაზე. მაგრამ ატომური ბომბის გამოცდამ წერტილი დაუსვა ამ ამბავს. არადა?… არადა, რომ მომხდარიყო, შეძლებდა დამოუკიდებელი საქართველო შენარჩუნებას?

1939 წლის ნოემბერში კოლონტაის, საბჭოეთის ელჩს შვეციაში, შეხვედრა ჰქონდა სტალინთან. საუბრის დროს სტალინმა იწინასწარმეტყველა საბჭოეთის მომავალი. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო სიონიზმი მთელი ძალით შეეცდება საბჭოეთის დანგრევას, ისე რომ რუსეთი ფეხზე ვერასდროს წამოდგეს. საბჭოეთის ძალა – ხალხთა მეგობრობაშია. სწორედ ამის წინააღმდეგ იქნება მიმართული ომი, რუსეთისთვის ტერიტორიების წართმევისკენ. განსაკუთრებული ძალით თავს წამოჰყოფს ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი, თვით ნაციებში წარმოიქმნება ნაციონალური ჯგუფები და კონფლიქტები. გაჩნდებიან ახალი ბელადი-პიგმეები, თავიანთი ნაციების მტრები…“

რამდენად გამართლდა საბჭოეთის საჭეთმპყრობლის წინასწარმეტყველება, თქვენ თვითონ განსაჯეთ, მე კი ვიტყვი – ჩვენს უკუღმართ თანამედროვეობას, სათავე ხიროსიმასა და ნაგასაკში დაედო.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.