წითელი 9 აპრილი
უკვე მეორედ ვიშველიებ კედლის კალენდარს — ცნობილ ქართველ თუ უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა, ხელოვანთა, მწერალთა, პოეტთა დაბადება—გარდაცვალების დღეთა აღმნიშვნელს, დღესასწაულთა, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენათა, თარიღთა შემხსენებელს.
აი, ახლაც ვახევ კალენდარს 8 აპრილის ფურცელს და წითელი 9-ის ქვემოთ განთავსებულ ტექსტს ვკითხულობ: „1989 წლის 9 აპრილს საქართველო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ“.
ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
ამ სარედაქციო ტექსტის ქვემოთ განთავსებულია ეროვნული გმირების გამონათქვამები 9 აპრილთან დაკავშირებით.
მერაბ კოსტავა: „საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც, ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“
ზვიად გამსახურდია: „სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს, დამოუკიდებელ საქართველოს. გფარავდეთ ღმერთი!“
ამ სიტყვებით მან, ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს პარლამენტის, ანუ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, მთავრობის სახლის (ასე უწოდებდნენ ამ შენობას იმჟამად), ამჟამინდელი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს მიმართა — უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში გამართული სხდომისა და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერების დამთავრების შემდეგ.
9 აპრილმა, უფრო სწორად მთავრობის სახლის წინ გამართულმა მიტინგმა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და კულმინაციას 9 აპრილს მიაღწია, დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით მის დამოუკიდებლობაში საბჭოთა კავშირის, მოსკოვის, კრემლის მიმართ.
9 აპრილის რევოლუციურ ტალღას მოჰყვა პირველად საბჭოთა ისტორიაში მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება და მასში ოპოზიციური პარტიების კოალიციის, „მრგვალი მაგიდის“ გამარჯვება. გამარჯვებულთა მიერ უზენაესი საბჭოს პირველი სესიის ჩატარება, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილეების, კომისიათა თავმჯდომარეების, სამდივნოს უფროსის არჩევა და რაც მთავარია საქართველოს დედა-კანონის მიღება, რომელმაც ჩაანაცვლა საქართველოს სსრ კონსტიტუცია — მიღებული 1978 წელს.
დავუბრუნდეთ 9 აპრილს და იმჟამინდელ ვითარებას, რომელიც სუფევდა დედაქალაქში. 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე არვინ ილაპარაკებდა, რომ არა აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში იქ მცხოვრები ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირება, რასაც სისხლიც მოჰყვა.
აფხაზები მოითხოვდნენ აფხაზეთის უნივერსიტეტის, ტელევიზიის დაარსებას, უფრო მეტსაც — საქართველოდან გამოყოფას და რუსეთის სს რესპუბლიკის ფედერაციასთან შეერთებას.
მოდით თვალი გადავავლოთ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებს საქართველოს სს რესპუბლიკის დაარსებიდან, 1991 წლის დეკემბრამდე, ანუ საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის დეკემბრის სატელევიზიო განცხადებამდე, როდესაც მან საკუთარი გადადგომის შესახებ ამცნო საზოგადოებას და მასთან ერთად საბჭოთა კავშირის დაშლა.
საქართველო, საბჭოთა კავშირის შექმნის პირველივე დღიდან, გახდა ამ კავშირის წევრი — ავტონომიურ ფორმირებებთან ერთად — აჭარის ავტონომიურ სს რესპუბლიკასთან, აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან და სამხრეთ ოსეთის სს ოლქთან ერთად.
აღნიშნული სამი ავტონომიიდან მყარად, მხოლოდ აჭარის ავტონომიური სს რესპუბლიკა გამოირჩეოდა, რაც განპირობებული იყო მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებით.
აფხაზ ბოლშევიკებს, ისე, როგორც სამხრეთ ოსეთისას არ აწყობდათ საქართველოს სს რესპუბლიკის შემადგენლობაში ყოფნა. მათ სურდათ ისეთივე სტატუსის მიღება, როგორიც საქართველოს სს რესპუბლიკას ჰქონდა.
მოსკოვში მომუშავე რუს და ქართველ ბოლშევიკებს, უპირველესად სტალინს, დიდი შრომა დასჭირდათ სამხრეთ ოსეთელი ბოლშევიკების დასარწმუნებლად, რომ საქართველოს სს რესპუბლიკის შემადგენლობაში მათი ყოფნა წაადგებოდა მცირერიცხოვანი ოსი მოსახლეობის განვითარებას. სამხრეთ ოსეთელები დაითანხმეს, მაგრამ არა ისე, როგორც მათ სურდათ.
მათი სურვილი კი იყო არა ავტონომიური ოლქის სტატუსის მიღება, არამედ ავტონომიური რესპუბლიკის, მაგრამ ცენტრის შეგონებით დათანხმდნენ ოლქისს სტატუსს.
რაც შეეხება აფხაზეთს, 10 წლის განმავლობაში ის ატარებდა აფხაზეთის სს რესპუბლიკი სახელს, საქართველოს სს რესპუბლიკასთან სამოკავშირო ხელშეკრულებაში მყოფის. წლების განმავლობაში სტალინს, ბერიას, სხვებს წამითაც არ მოუდუნებიათ ყურადღება აფხაზი კომუნისტების მიმართ, განსაკუთრებით აფხაზ კომუნისტთა ლიდერის ნესტორ ლაკობას, რომელმაც, პარტიელ ამხანაგებთან მოლაპარაკების შემდეგ, განაცხადა შემდეგი — აფხაზეთი მაინც საქართველოსთან კავშირშია, ამდენად უმჯობესია, რომ ის იყოს ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში, ვიდრე აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაო.
აფხაზი კომუნისტების ნაწილმა, ისე, როგორც მოსახლეობის უმრავლესობამ ლაკობას გადაწყვეტილება უარყოფითად აღიქვეს, თუმცა ამით აფხაზეთის ახალ სტატუსს არაფერი დაკლებია. აფხაზებმა უკმაყოფილება გულში ჩაიკლეს, დროდადრო გამოთქვამდნენ თბილისისთვის არასასიამოვნო დამოკიდებულებას.
გასული საუკუნის 60-იან წლებში, საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის დროს აფხაზი უხუცესები შეიკრიბნენ სოფელ ლიხნიში, იმსჯელეს, კოლექტიური წერილიც შეადგინეს საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ს პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის სახელზე, თხოვნით — აფხაზეთი გამოეყოთ საქართველოს შემადგენლობიდან და შეეერთებინათ რუსეთის ფედერაციისთვის.
ხრუშჩოვმა წერილი მჟავანაძესთან ერთად განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება — უარი ეთქვა მომჩივანთათვის. მეორე თავყრილობა სოფელ ლიხნიში საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის დროს გაიმართა. მაშინაც, ისე, როგორც პირველ შემთხვევაში, პროტესტანტები მოითხოვდნენ საქართველოდან გამოყოფას. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საკადრო პოლიტიკით, რომელიც შევარდნაძემ გაატარა აფხაზეთში, შცვალა რა მაღალი თანამდებობის პირები, დანიშნულნი მჟავანაძის დროს, ახალი, შევარდნაძისადმი ლოიალურად განწყობილი პარტიული და სამეურნეო კადრებით. იყო სხვა მოთხოვნებიც — აფხაზეთის უნივერსიტეტისა და ტელევიზიის შექმნა, საშუალო სკოლებში სწავლების აფხაზურ ენაზე წარმართვა და სხვა.
საკითხის შესასწავლად საქართველოში მოავლინეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კუზნეცოვი. როგორც ჩანს, კუზნეცოვის შთაბეჭდილება საქართველოს იდეოლოგიურ-სამეურნეო მუშაობასთან დაკავშირებით იყო დადებითი, რაც იმაში გამოიხატა, რომ საბჭოთა კავშირის ცკ პოლიტბიურომ ლეონიდ ბრეჟნების თავმჯდომარეობით მიიღო გადაწყვეტილება შევარდნაძის სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატად დაწინაურების და არა საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივნობიდან გათავისუფლების თაობაზე, რასაც ელოდნენ აფხაზები.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ჩააჩუმა აფხაზები, მაგრამ შევარდნაძის სსრკ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრად არჩევამ და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამ, კვლავ გაახსენა აფხაზებს თბილისის დაპირებების შეუსრულებლობის თაობაზე, რასაც მღელვარების ახალი ტალღა მოჰყვა, აფხაზთა და ქართველთა შორის ფიზიკური დაპირისპირება.
აფხაზეთში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია თბილისელთა პროტესტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ ე.წ. ოპოზიციური პარტიები, სხვაგვარად მოაზროვნეები. მათ დიდი მიტინგი მოაწყვეს ვაკის პარკში, რომლის დამთავრების შემდეგ, მომიტინგეები დაიძრნენ მთავრობის სახლისკენ, სადაც გაიმართა სახელდახელო მიტინგი და ის-ის იყო მიტინგი დაშლას აპირებდა, ერთ-ერთმა მომიტინგემ დაიძახა — აქ დავრჩეთ და ვიყოთ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება დადებით პასუხს არ გაგვცემს ჩვენს მიერ დაყენებულ საკითხებზეო.
მომიტინგეები განლაგდნენ მთავრობის სახლის კიბეებზე, წინამდებარე მოედანზე, დასცეს კარვები და დაიწყეს მუდმივი მიტინგები, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ გამსახურდია, კოსტავა, ჭანტურია, წერეთელი, სხვები და სხვები და მათთან ერთად ინტელიგენციის წარმომადგენლები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები.
გადაიკეთა რუსთაველის პროსპექტის ტრანსპორტის სავალი ნაწილი. ქალაქის მოსახლეობა, განსაკუთრებით საღამოს საათებში მიდიოდნენ მომიტინგეებთან, მათი გამოსვლების მოსასმენად. ზოგიერთები მომიტინგეთა „შტაბთან“ შეთანხმებით ითხოვდნენ სიტყვით გამოსვლას.
პირველი აპრილიდან დაწყებული მიტინგი ახალ ენერგიას იძენდა. დისიდენტთა გამოსვლებში შეიპარა განცხადებები საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის თაობაზე. მიტინგმა, რომელიც აფხაზეთის პრობლემებით დაიწყო, ანტისაბჭოური სახე შეიძინა, გაცილებით მძაფრი, ვიდრე ამას ჰქონდა ადგილი 1956 წლის სტუდენტების გამოსვლების დროს, რომელიც საბჭოთა ჯარმა ტყვიებით ჩაახშო.
უზენაესი საბჭოს შენობაში, პარტიული, სამეურნეო ხელმძღვანელები, უშიშროების სახელმწიფო კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მუშაკები, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ოთარ ჩერქეზიას კაბინეტში, რომელიც რუსთაველის პროსპექტს გადაჰყურებდა, საგანგებო სხდომებს ატარებდნენ.
საქართველოს კპ ცკ-ს შენობაში, საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი პარტიული და სამეურნეო აქტივის შეხვედრას აწყობდა, რომელზეც მიწვეული საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები „მგზნებარე“ მოწოდებებით გამოდიოდნენ, რათა ჯუმბერ პატიაშვილს მაქსიმალური ენერგიით ემოქმედა, მათ შორის ძალის გამოყენებით, მიტინგის ასალაგმად, თბილისში წესრიგის დასამყარებლად. ისინი დითირამბებს არ აკლებდნენ ქვეყნის ლიდერს.
საქართველოს კპ ცკ-ს დარბაზიდან, მიტინგზე ჩასული ინტელიგენცია ქების კორიანტელში ახვევდა მიტინგის მოთავეებს: გამსახურდიას, კოსტავას, სხვებს. მიტინგზე გამოსვლის შემდეგ, უზენაესი საბჭოს შენობაში შესულნი, ერთმანეთს ეკითხებოდნენ — როგორ მოგეწონა ჩემი გამოსვლაო, თითქოს მიტინგი საზეიმო სხდომა ყოფილიყო.
აღნიშნული უკუღმართობის, მოღალატეობის, გამყიდველობის თვითმხილველს, თქვენს მონა-მორჩილს, ქართულ ინტელიგენციაზე ისედაც შექმნილი ნეგატიური მოსაზრება, ერთიორად გაუმტკიცდა.
7 აპრილიდან დაწყებული მიტინგებმა საბჭოთა სისტემისთვის სახიფათო სახე შეიძინა, რამაც სერიოზულად შეაშფოთა მოსკოვი, კრემლი. მოარული ხმების მიხედვით, მიხეილ გორბაჩოვმა თბილისს მოავლინა ედუარდ შევარდნაძე. როგორც ამბობენ, ის ჩამოფრინდა თბილისში, მაგრამ თვითმფრინავიდან არ ჩამოსულა. თბილისში შექმნილი ვითარების განსამარტავად თვითმფრინავში ახალდანიშნული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი გუმბარიძე ავიდა, შემდგომში საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივანი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.
შევარდნაძეს, სათათბიროდ საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივანი პატიაშვილი არ მიუწვევია. მოგვიანებით, პატიაშვილმა განაცხადა, რომ იტყვის ვინ იყო თვითმფრინავში, თუმცა აღარ უთქვამს.
მიტინგური პათოსი მთელს ქალაქს მოედო. მიტინგის დაშლა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებით შეუძლებელი გახდა, ვინაიდან მილიციელები დადებითად განეწყვნენ მომიტინგეთა მიმართ. მოსკოვმა თბილისში ჯარის შემოყვანა გადაწყვიტა, რომელსაც მიტინგის დაშლა დაევალა — იარაღის გამოუყენებლად, მხოლოდ ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით და ისიც უკიდურეს შემთხვევაში.
მომიტინგეთა რაოდენობა, განსაკუთრებით მიტინგზე მისულ თბილისელთა ერთობ მასშტაბური 18 საათიდან 22 საათამდე იყო. შემდეგ გამოსვლები თავდებოდა, მიტინგის მოთავეები მიტინგს ტოვებდნენ. მიტინგის ტერიტორიაზე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები რჩებოდნენ, რაიონებიდან ჩამოსულები და ისინი, ვინც კარვებში ცხოვრობდნენ.
9 აპრილის ღამესაც ასე იყო, თუმცა ქალაქში ჯარის შემოყვანის თაობაზე მომიტინგეებმა, მათთვის ჩვეული პათოსით ამცნეს მიტინგზე მოსულ ადამიანებს. მომიტინგეებთან მივიდა საქართველოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე. მან, როგორც სულიერმა მწყემსმა, მოუწოდა შეკრებილებს, მიტინგის ორგანიზატორებს გაეთავისუფლებინათ მოედანი და სალოცავად გადასულიყვნენ ქაშვეთის ეკლესიაში.
უწმინდესმა და უნეტარესმა გააფრთხილა ისინი, რომ მიტინგის დასაშლელად ჯარი იყო შემოყვანილი თბილისში.
მომიტინგეები ასეც მოიქცეოდნენ, მაგრამ პატრიარქის გვერდში მდგომმა მიტინგის მოთავეებმა გამსახურდიამ, კოსტავამ, წერეთელმა, სხვებმა, ერთმანეთთან გადალაპარაკების შემდეგ, გადაწყვიტეს ის, რაც მიკროფონში იყვირა წერეთელმა — ფეხს არ მოვიცვლით აქედანო.
გაწბილებულმა პატრიარქმა მიატოვა იქაურობა. არც თუ დიდი ხნის შემდეგ მიტინგის ორგანიზატორებმაც. მოედანზე დარჩა მომიტინგეთა შეთხელებული ნაწილი.
დილის 4 საათზე ჯარმა, „ბეტეერების“ გამოყენებით, დაიწყო მოედნის გაწმენდა. ჯარსა და მომიტინგეთა შეხლა-შემოხლას მოჰყვა 21 ადამიანის მსხვერპლი.
მოედანი გათავისუფლდა. ქალაქში გამოცხადდა კომენდანტის საათი. ხელისუფლებამ ხელში აიღო თითქმის დაკარგული ძალაუფლება. მიტინგის მოთავეები, თავიანთ სახლებში დამალულები, დააპატიმრეს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა შევარდნაძე, ამჯერად ოფიციალურად, დაუფარავად. მისი განკარგულებით ჩატარდა საქართველოს კპ ცკ-ს პლენუმი, რომელმაც თანამდებობიდან გაათავისუფლა პატიაშვილი და მის ნაცვლად საქართველოს კპ ცკ-ს პირველ მდივნად გუმბარიძე აირჩია.
გაუქმდა კომენდანტის საათი. მთავრობის სახლის კიბეები, წინამდებარე მოედანი გვირგვინებით, თაიგულებით დაიფარა. იქაურობა დიდი გლოვის ადგილად იქცა.
ხალხში გავრცელდა ხმა რუსი ჯარისკაცების ენით აუწერელი მხეცობის შესახებ, მათ მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ ქიმიური, მომწავლელი გაზების გამოყენებაზე. თავისუფლებაზე გამოუშვეს მიტინგის ორგანიზატორები.
აპრილში განვითარებულ მოვლენებს, ცხადია 9 აპრილის ჩათვლით, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატის თანამშრომლები საკუთარი თვალით შეჰყურებდნენ, მათ შორის თქვენი მონა-მორჩილიც.
ხელმძღვანელობის დავალებით, 24-საათიანი მორიგეობა გვქონდა დაწესებული 9 აპრილამდე და მის შემდეგ, აპრილის ბოლომდე.
ქალაქი პანიკაში იყო, ვინაიდან ჯარის მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ მომწამვლელი გაზების გამოყენებამ ფართო გასაქანი ჰპოვა თბილისელებში. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები, რომლებიც იმ ადგილს სულაც არ გაკარებია 9 აპრილს, თავდავიწყებით ამტკიცებდნენ, რომ ისინი მოწამლულები იყვნენ. სასწრაფოდ განხორციელდა მომჩივანი მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება, თუმცა “დაზარალებულთა“ წუწუნი თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა — კომპენსაციის მოლოდინში.
ჩემი თხოვნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა ჯგუფი მოავლინა უზენაესი საბჭოს შენობაში. ჯგუფმა ყველა თანამშრომელი შეამოწმა. პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. უზენაესი საბჭოს არც ერთ მუშაკს არ დაუდგინდა მოწამვლის თუნდაც მინიმალური ნიშანი. არადა, ჩვენ ხომ 9 აპრილის ეპიცენტრში ვიყავით, ანუ შენობაში, რომლის წინ განვითარდა საშინელი მოვლენა?
ჯანდაცვის სამინისტრო, მინისტრი მენაღარიშვილი თითქმის ყოველდღიური სატელევიზიო გამოსვლით მაყურებელს აუწყებდა მოწამლულთა ჯამრთელობის მდგომარეობას.
საზოგადოებაში მტკიცე დასაყრდენს პოულობდა ანტირუსული, ანტისაბჭოური განწყობა, რომელსაც მეთოდურად აღვივებდა თავისუფლებაზე მყოფი მიტინგის ორგანიზატორები.
9 აპრილის მოვლენის შემდეგ გაიწმინდა უზენაესი საბჭოს წინამდებარე მოედანი, ჩატარდა დეზინფექცია. თბილისი დაუბრუნდა ძველებური ცხოვრების რითმს, თუმცა არცთუ ხალისიანად. საქართველოს ახალი ხელისუფლება, გივი გუმბარიძის ხელმძღვანელობით შეუდგა ახალ ცხოვრებას, გმირებად ქცეული მიტინგის ორგანიზატორთა აზრის გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობდა უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო კანონით, მრავალპარტიულობის გათვალისწინებით, რომელიც 1990 წლის შემოდგომით გაიმართა.
საქართველო იყო პირველი მერცხალი საბჭოთა კავშირში, სადაც ჩატარდა მრავალპარტიული აჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ანუ რამდენიმე პარტიის კოალიციამ — „მრგვალი მაგიდად“ წოდებულმა.
არჩევნებამდე კი საქართველოში, საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის და საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის გორბაჩოვის დავალებით ჩამოვიდა 9 აპრილის შემსწავლელი კომისია სობჩაკის ხელმძღვანელობით.
კომისიის ჩამოსვლის წინა დღეს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ოთარ ჩერქეზიამ დამავალა კომისიის მიღება და მისი მუშაობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. „მე, მოსკოვში მივდივარ, ჩემი პირადი საქმეების გადასაწყვეტად და იმედი მაქვს ჯეროვან მასპინძლობას გაუწევ სტუმრებსო“.
კომისიის წევრებისთვის გამოვყავით სახელმწიფო რეზიდენციის N2 სახლი. კომისიის მუშაობა კი წარიმართა უზენაესი საბჭოს მცირე დარბაზში. კომისიის თავმჯდომარე სობჩაკის განკარგულებით ვიძახებდი მაღალი თანამდებობის იმ პირებს, ვისაც შეხება ჰქონდათ 9 აპრილთან.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „9 აპრილი“ დაიწყო აფხაზეთის საკითხით, ამდენად სობჩაკს შევთავაზე საქართველო-აფხაზეთის ისტორიის მოსმენა, რისთვისაც მეცნიერებათა აკადემიის რეკომენდაციით მოვიწვიე ცნობილი ისტორიკოსი დავით მუსხელიშვილი, რომელმაც კომისიას მოახსენა ორი ხალხის ისტორიული ურთიერთობის თაობაზე. მან გააბათილა გამსახურდიას, მისი თანამებრძოლების და ბევრი ქართველის ხმამაღალი განცხადებები, რომ აფხაზები, ანუ აფსუები მე-19 საუკუნეში ჩასახლდნენ აფხაზეთში; რომ მათ მიიტაცეს ქართული ტერიტორიები და ა.შ.
პატივცემულმა დავით მუსხელიშვილმა უთხრა კომისიას, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, ოდითგანვე, გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქართველები და აფხაზები.
დავუბრუნდეთ 1990 წლის სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა უზენაესი საბჭოს სესიამ და მასზე უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ჩერქეზიას გათავისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ გუმბარიძის არჩევამ. ამრიგად გუმბარიძემ საქართველოს კპ ცკ-ს პირველ მდივნობასთან ერთად უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობაც შეითავსა.
ხანმოკლე, თავბრუდამხვევი პარტიული და სახელმწიფო წინსვლის შემდეგ, გუმბარიძე დაუბრუნდა უზენაეს საბჭოს, თავმჯდომარის რანგში — ორგანიზაციას, სადაც ის საბჭოეთის განყოფილებაში რიგით მუშაკად მუშაობდა.
გუმბარიძის, ქვეყნის პირველ პირად მუშაობა ხანმოკლე გამოდგა, ამასთანევე დაძაბულობით აღსავსე, რომელმაც კულმინაციას საარჩევო კანონის მიღების დროს მიაღწია. ხელისუფლებამ ორი პროექტი წარმოადგინა, ერთი — ოპოზიციამ. სამივე დაიბეჭდა გაზეთებში. სამივესთან დაკავშირებით გამოითქვა აზრი იმჟამად მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებებში, ფაბრიკებში, ქარხნებში, უმაღლეს სასწავლებლებში. წინადადებები, წერილობითი სახით იგზავნებოდა უზენაეს საბჭოში, სადაც ხდებოდა მათი განხილვა და უზენაესი საბჭოს სესიისთვის მომზადება.
ყველა პროექტთან დაკავშირებით გუმბარიძე და ოპოზიცია ერთად აწარმოებდნენ პუნქტების შეჯერებას, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ და საბოლოო სიტყვა დეპუტატთა სესიას მიანდეს. მაშინ უზენაეს საბჭოში 440 დეპუტატი იყო — საბჭოთა პერიოდში არჩეული.
უზენაესი საბჭოს სესია გვიან ღამემდე გაგრძელდა და ხალხის ზეწოლის შედეგად, სესიამ მიიღო გამსახურდიას კანონპროექტი.
იკითხავთ — რა შუაშია ხალხიო. გიპასუხებთ — ოპოზიციამ, თავისი არხებით შენობის წინ უამრავი ხალხი მოიყვანა, რომელმაც ალყაში მოაქცია შენობა ყვირილით და მუქარით — მიიღეთ გამსახურდიას პროექტი, თორემ ჩაგხოცავთო.
ხალხის ზეწოლამ შედეგი გამოიღო. გამსახურდიას კანონპროექტის მიღებამ წინასწარვე, არჩევნებამდე გადაწყვიტა არჩევნების ბედი, რომელშიც გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა გაიმარჯვეს.
რამდენი წელი გავიდა 9 აპრილის შემდეგ. რამდენი უბედურება გამოიარა საქართველომ!
ძმათამკვლელი თბილისის ომი, ომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ტერიტორიების დაკარგვა, ქართველთა ცნობიერების გადაგვარება; წარმტაცი, მოწინავე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან, მოჩანჩალე, გაპარტახებულ ქვეყნამდე დაცემა; დემოგრაფიული მდგომარეობის კატასტროფულად გაუარესება; ქარხნების, საწარმოების დახურვა; ლუკმა-პურის საძიებლად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უცხოეთში გადახვეწა; საზოგადოების განათლების დონის დაცემა; სწავლა-განათლების გაუკუღმართება, … მოკლედ ყველა იმ პროცესის განვითარება, რომელსაც სიტყვები „ცუდი“ და „უარყოფითიც“ ჯეროვნად ვერ ასახავს.
მოდით ვიფანტაზიოროთ და ვთქვათ, მომიტინგეებს და მათ მოთავეებს, რომ დაეჯერებინათ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისთვის — ექნებოდა თუ არა ადგილი მომიტინგეების ძალისმიერ დაშლას, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა?
ვგონებ, კითხვის დასმაც უადგილოა. პატრიარქის მოწოდების გაზიარების შემთხვევაში არც მომიტინგეების დარბევა მოხდებოდა და არც 9 აპრილის ტრაგედიას ექნებოდა ადგილი — მითუმეტეს ამ დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას.
იკითხავთ — რა იქნებოდა?
საქართველოს მოსახლეობა გააგრძელებდა ცხოვრებას ისე, როგორც 9 აპრილამდე. ხელისუფლების სათავეში პატიაშვილი დარჩებოდა, რაც ჩემის აზრით, იმ უბედურებებისგან გადაგვარჩენდა, რაც საქართველოს გადახდა 9 აპრილის შემდეგ. საქართველო გაჰყვებოდა უმეტესობა საბჭოთა რესპუბლიკების გზას და საბჭოთა კავშირის დაშლას გაცილებით ორგანიზებულად შეხვდებოდა, ვიდრე ახალი, ე.წ. ეროვნული ხელისუფლება.
აწყობდა თუ რა ოპოზიციის ლიდერებს ვითარების მშვიდობიანი განვითარება?
საკითხში გათვითცნობიერებულები უარყოფითად პასუხობენ ამ კითხვას. მათი აზრით, 9 აპრილმა, დიდება ოპოზიციას მოუტანა. გამსახურდია ჩასვა ქვეყნის უმაღლეს სავარძელში, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად, თუმცა ოპოზიციური ეიფორია ხანმოკლე გამოდგა. მას მოჰყვა ომები, დაპირისპირება ავტონომიურ ფორმირებებთან, ქვეყნის ნგრევა — ფიზიკური და მენტალური.
ორთქმავლის წინ სირბილმა — დაუფიქრებელმა, ემოციურმა, საკუთარ აღზევებაზე ფიქრმა მოგვიტანა ის, რაც დღეს გვაქვს.
გავიმეორებ გამსახურდიას სიტყვებს, წარმოთქმულს ერთი წლის შემდეგ, ქვეყნის პირველი პირის ამპლუაში მყოფის: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს, დამოუკიდებელ საქართველოს!“
შეკითხვა — არის დღევანდელი საქართველო დამოუკიდებელი?! როდესაც ევროპის ქვეყნები კატეგორიულად გვიბრძანებენ არ მივიღოთ საქართველოს ისეთი კანონი, რომელიც მათ არ აწყობთ, გადაჭარბებულია ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
09/04/2024