„რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგემის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა მხარი დაუჭირეს დამოუკიდებლობას.

საქართველოში, მაშინ, ეროვნული ხელისუფლება სულ რაღაც 5 თვეს ითვლიდა. რომ არა ეროვნული ხელისუფლების გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, 31 მარტი ისტორიაში ჩვეულებრივ დღედ დარჩებოდა.

31 მარტი არაჩვეულებრივ დღედ იქცა. აქვე აღვნიშნავ, რომ არა საქართველოს ისტორიისთვის ისეთი პიროვნება, როგორიც გამსახურდია იყო, 31 მარტის ისტორიულობა განწირული იქნებოდა.

გამსახურდია, რომ 29 ან 28 მარტს ყოფილიყო დაბადებული, 29 ან 28 მარტი იქნებოდა ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი.

რეფერენდუმის და გამსახურდიას დაბადების თარიღების დამთხვევა შემთხვევითობაა თუ …

არავითარი შემთხვევითობა! შეგნებული გადაწყვეტილება იყო იმჟამინდელი ქვეყნის მეთაურის, პარლამენტის თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას და მისი გარემოცვის. თქვენმა მონა-მორჩილმა, იმ ხელისუფლების, უფრო სწორად უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსმა, კარგად იცის  რა მოსამზადებელი სამუშაოები იყო გაშლილი რეფერენდუმის, გამსახურდიას დაბადების დღესთან დასამთხვევად და არა მარტო — იმავე წლის 9 აპრილს, უზენაესი საჭოს მიერ დამოუკიდებლობის აქტის მისაღებად, აქტისა, რომელზეც აქტიურად ვიმუშავეთ აწ გარდაცვლილ ლევან ალექსიძესთან, ირაკლი ჩიქოვანთან, ნუნუ კაკულიასთან ერთად, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ნემო ბურჭულაძის კაბინეტში, ცხადია მისი და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის აკაკი ასათიანის მონაწილეობით.

„ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღსდგეს ქრისტიანული რწმენისა, ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა“. ეს სიტყვები გამსახურდიას ეკუთვნის, მისი ტვინის ჭყლეტის ნაყოფია — პატრიოტულად დამუხტული.

„ეროვნული ხელისუფლების აღდგენით“, — წერს ის და უპირველეს ყოვლისა თავის ხელისუფლებას მიიჩნევს ეროვნულად. გამსახურდიას მინიშნებით, მის ხელისუფლებას ეროვნული დაერქვა და რახან დაერქვა, დღესაც ასე მოიხსენიებენ, თითქოს მანამდელი, ანუ საბჭოთა საქართველოს ან გამსახურდიას შემდგომი ხელისუფლებები შორს იყვნენ და არიან ეროვნულობისგან.

საბჭოთა პერიოდის ხელისუფლება გაცილებით ეროვნული იყო, ვიდრე გამსახურდიას. გამსახურდიას შემდგომზე რა მოგახსენოთ, თქვენ თვითონ კარგად იცით. როდესაც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა საკუთარ დროშასთან ერთად ევროკავშირის, აშშ-ს და მათი დავალებით უკრაინის დროშებს აფრიალებს, სუვერენული და დამოუკიდებელია?

როდესაც ევროკავშირის დროშის დაწვისთვის ახალგაზრდებს ასამართლებენ, ის ქვეყანა სუვერენულია?!

იმ ახალგაზრდებს საქართველოს დროშა რომ დაეწვათ, პასუხისგებაში მისცემდნენ? სასამართლოს მოუწყობდნენ?

საბჭოთა პერიოდის ხელისუფალთ, „დემოკრატიული“ დასავლეთის ბრძანებით ქოქოლას ვაყრით, ვლანძღავთ უშვერი სიტყვებით და ვლანძღავთ არა მარტო მათ, არამედ საბჭოურ ეპოქას, რომელმაც ფეხზე დააყენა ფიზიკური განადგურების წინაშე მდგომი ქვეყნა — ეკონომიკურად, სოციალურად სავალალო ვითარებაში მყოფი.

1490 წელს შეწყდა ერთიანი საქართველოს არსებობა. დანაწევრებულმა ქვეყანამ, პატარ-პატარა სამეფოებისა და სამთავროების სახით, ერთმანეთის გაუტანლობით, ერთმანეთთან კინკლავით და მომხდურებთან ომებით, ძლივს მოიტანეს თავი დიდი ერეკლეს მეფობამდე, რომელმაც ქართლ-კახეთის გადასარჩენად, იქ მცხოვრები მოსახლეობის გადასარჩენად, რუსეთს მიმართა დახმარებისთვის.

გეორგიევსკის ტრაქტატმა უდიდესი როლი ითამაშა ერის აწმყოსა და მომავალში. რუსეთს შეფარებული, თითზე ჩამოსათვლელი ქართველი გადაურჩა სპარსეთ—ოსმალეთის რისხვას, ჩრდილო კავკასიის მუსლიმთა სისტემატურ რბევა-აწიოკებას, ქართველთა შიდა დაპირისპირებას, ქართველთა მიერ საკუთარი ოჯახის წევრების, ცოლის, შვილების, სიდედრ-სიმამრის თურქეთის ბაზარზე ვაჭრობას, გაყიდვას.

მეფის რუსეთის ძალისხმევით დაივიწყეს ქართველებმა ეს სამარცხვინო „ბიზნესი“, რის შესახებაც წერდა აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი და არა მარტო ის.

შარდენმა სპარსეთსა და კავკასიაში ორი საუკუმის წინათ იმოგზაურა, მაგრამ „დღევანდელი სამეგრელო თითქმის ისეთივეა, როგორც შარდენის აღწერილი. შარდენის დროს სამეგრელოს ელჩი კონსტანტინოპოლში ჩავიდა ამალით, რომელშიც 200 ყმა შედიოდა და ეს ელჩი თურქეთის სატახტო ქალაქში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა.

სამეგრელოს ელჩი, თავის ამალის კაცებს ყოველ ნაბიჯზე ჰყიდდა, ისე, რომ უკან დაბრუნებისას სამი თუ ოთხი კაციღა დარჩა მოსამსახურედ.“, — წერს ალექსანდრე დიუმა თავის წიგნში „კავკასია“ (1858-59 წ.).

რა ბრალს ვდებთ, რაში ვადანაშაულებთ მეფის რუსეთს, შემდეგ საბჭოთა კავშირს?

ალბათ იმაში, რომ ნახევარი მილიონი ქართველი გადაარჩინა განადგურებას; ალბათ იმაში, რომ თურქებს აჭარა დააბრუნებინა იმპერიის, კერძოდ საქართველოს შემადგენლობაში?

იმაში ხომ არა, რომ რუსეთის მეფის ნაცვალმა საქართველოში, გრაფმა ვორონცოვმა წერა-კითხვის საგანმანათლებლო სკოლები შექმნა, სადაც ცოდნას იღებდნენ ქართველი გოგონები?!

ალბათ იმაში, დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი რომ გააშენა — შესანიშნავი ევროპული არქიტექტურით დამშენებული შენობა-ნაგებობებით; ოპერის თეატრი რომ აგვიშენა და იმჟამინდელი თბილისის ასევე ევროპული არქიტექტურით დამშვენებული სოლოლაკი, პლეხანოვის გამზირი, მისი შემოგარენი, თეატრები და საზოგადო თავშეყრის შენობები; ბოტანიკური ბაღი — რუსი მეცნიერის კრასნოვის დაულაღავი შრომის ნაყოფი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი?!

ჩაის კულტურის საქართველოში შემოტანისთვის ვადანაშაულებთ რუსეთს და ამ კულტურის დანერგვისთვის ჩინელი სპეციალისტის (ლაო ჯინ ჯაო, 1893 წელს ჩამოვიდა საქართველოში, კერძოდ ჩაქვში დაიწყო ჩაის კულტურის გაშენება.) ჩამოყვანისთვის? იქნებ ფუნიკულიორის სარკინიგზო გზის გაყვანაში?

რუსეთის, განსაკუთრებით სანკტ-პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაა რუსეთის იმპერიის მიერ, ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული?

ქართლ-კახეთის, შემდეგ იმერეთის სამეფო გააუქმაო, — ვაცხადებთ გაბრაზებულები და წამითაც არ გვინდა შევიდეთ დიდი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამოხსნისთვის საჭირო საკვლევ ლაბირინთებში, რაც ისტორიკოსთა უპირველესი საქმეა, რათა ერს სიმართლე მოახსენონ.

სერიოზული, სიღრმისეული კვლევის საგანი უნდა ყოფილიყო ერეკლე მეორის შემდგომი პერიოდი, განსაკუთრებით გიორგი მე-12 მეფობა, მისი ურთიერთობა ქართლ-კახეთის მეფობისთვის დარაზმულ ძმებთან, რომლებიც ერთმანეთს დაერივნენ გიორგი მე-12 მოულოდნელი გარდაცვალებისთანავე. რუსეთის იმპერატორმა, ქართლ-კახეთში ატეხილი დაპირისპირების შესასწავლად წარმომადგენლობა მოავლინა ქართლ-კახეთში.

დაძაბულმა, ინტენსიურმა, მრავალთვიანმა მუშაობამ არაფერი მოიტანა. წარმომადგენელთა ახსნა-განმარტება იმპერატორისთვის იყო ასეთი — შექმნილი ქაოსიდან თავის დაღწევა, იმპერატორის პირდაპირი მმართველობის დაწესებით თუ იქნებოდა შესაძლებელი.

რუსო, აუტანელო და ოკუპანტო, აგრესორო ადამიანო და აგრესორი ადამიანების ქვეყანავ, შენი ბრალია, როდესაც საბჭოთა კავშირის სათავეში არაერთი ქართველი ბოლშევიკი აღმოჩნდა — სტალინი, ორჯონიკიძე, ენუქიძე, ბერია, სხვები.

შენი ბრალია, რომ 1490 წელს ავბედობით დაქუცმაცებულ ქვეყანას სახელმწიფოებრიობის განცდა ჩამოუყალიბდა.

შენი ბრალია, საქართველოში სახელმწიფო მართვის ინსტიტუტების ჩამოყალიბება.

შენი ბრალია, წვრილი, გლეხური საკარმიდამო მეურნეობების ნაცვლად მძლავრი კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების შექმნა და სოფლის მეურნეობის საფუძლიანი ცოდნისთვის სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინალური ინსტიტუტების დაარსება.

საბჭოთა რუსეთო, განა შენი ბრალი არ არის აგრარული ქვეყნის ინდუსტრიულ-აგრარულ რესპუბლიკად გადაქცევა?!

რაში სჭირდებოდა საქართველოს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც თავის პროდუქციას არა მარტო საბჭოთა რესპუბლიკებს უგზავნიდა, არამედ მსოფლიოს ქვეყნებს?

 რა თავში ვიხლიდით თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანას, რომლის მიერ გამოშვებული რვაღერძიანი ელმავლები დღესაც დაჰქრიან, რუსეთის რკინიგზაზე?

შენი ბრალია, კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვება და იქ დამზადებული ჩარხების საექსპორტოდ გატანა.

საბჭოთა კავშირო, განა შენი ბრალი არ არის რუსთავის ქიმიური კომბინატის, 31-ე საავიაციო და ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნების აშენება, ანდა თბილისის ზღვის შექმნა?

მაინც, რა ბოროტმა ძალამ გიკარნახა თბილისის ზღვის ტერიტორიის — დამშრალისა და უდაბურის, მდინარე იორის წყლით ავსება, სარწყავი სისტემების, არხების აგება და ვარკეთილისა და სამგორის საბჭოთა მეურნეობების გაშენება?

ეს უნიკალური ორი მეურნეობა ხომ მრავალი წლის განმავლობაში სისტემატურად ამარაგებდა თბილისსა და რუსთავს ხილით, ბოსტნეულით, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით.

ბარაქალა საქართველოს ხელისუფალთ, რომლებმაც ედემის ბაღები მიწასთან გაასწორა და მათ ნაცვლად ბეტონის საცხოვრებელი კორპუსები წამოჭიმა.

პირწავარდნილო რუსო ოკუპანტო, შენი ბრალია თბილისში მეტროს გაყვანა, სხვადასხვა პროფილის უმაღლესი სასწავლებლების დაარსება, ქართველთა შორის სწავლა-განათლების ისეთ დონეზე აყვანა, რომ 1000 კაცზე, ამ ციფრზე ოდნავ ნაკლები საშუალო განათლების მქონენი იყვნენ, მასზე ოდნავ ნაკლები უმაღლესი განათლების .

შენი ბრალია, საქართველოს რომ მაღალკვალიფიციური ინჟინრები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები, სპორტსმენები ჰყავდა.

განა შენი ბრალი არ არის, შოთა რუსთაველის სახელის დიდებისთვის გასული საუკუნის 30-იან წლებში, დიდი სამამულო ომის დაწყებამდე რუსთაველისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება მოსკოვის ცენტრში, სვეტებიან დარბაზში. ამ ღონისძიების შემდეგ რუსთაველის სახელი გაჟღერდა მთელს საბჭოეთში. დაიწყო რუსი პოეტების მიერ რუსთაველის „ვერფხვისტყაოსნის“ თარგმნა. რუსი მწერლების მიერ არა მარტო რუსთაველი იქნა ნათარგმნი, არამედ სხვა ქართველი მწერლებიც. მაინც რამდენი ნიჭიერი ქართველი მწერალი გაჩნდა იმ ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში?!

„მტარვალო რუსეთო, ბევრი ეცადე ქართველი ხელოვნების მუშაკების მისატაცებლად — ასწავლე, გამოზარდე, მაღალ ხელოვნებას შეახვედრე, გეგონა, რომ ისინი შენთან დარჩებოდნენ. არ გაგიმართლა.

ლენინგრადში გაზრდილი ბალეტის დიდოსტატი ვახტანგ ჭაბუკიანი, სამშობლოს დაუბრუნდა, ისე, როგორც დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი; დიდი თეატრის ოპერის სოლისტები დავით გამრეკელი, ზურაბ ანჯაფარიძე.

ზურაბ სოტკილავა თბილისის ოპერას არ დაბრუნებია, შენი დაჟინებული ძალისხმევით ის და მაყვალა ქასრაშვილი დიდი თეატრის პედაგოგები გახდნენ, ისე, როგორც დიდი თეატრის პრიმა-ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე — დღეს, სანკტ-პეტერბურგის პრესტიჟული საბალეტო სკოლის დირექტორი.

მტარვალო რუსეთო, განა შენი ბრალი არ არის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის შექმნა, რომელსაც ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობდნენ და ამ ანსამბლის გამუდმებული კონცერტების ორგანიზება მსოფლიოს ქვეყნებში?

აღარაფერს ვამბობ მეცნიერებაზე, სპორტზე, თეატრალურ ხელოვნებაზე.

საქართველოს წინაშე შენი დანაშაულების ჩამოთვლას მრავალი დღე და საათი დასჭირდება. ამდენად თავს შევიკავებ, წერტილს დავსვამ, შეგინდობ!

1991 წლის დამოუკიდებლობის აქტზე მუშაობის დროს ცხონებულმა ლევან ალექსიძემ აიჩემა სიტყვების — „ანექსია“, „ოკუპაციის“ გამოყენება კრემლის დასადანაშაულებლად. ვერაფერს გავხდი ამ ფორმულირების არ გასაზიარებლად, ვინაიდან ეიფორიაშეპყრობილი დანარჩენები დაეთანხმნენ ალექსიძეს.

აი, რა წერია დამოუკიდებლობის აქტში:

„ 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერ ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია“.

ვკითხულობ ტექსტს, ამ წლების განმავლობაში მერამდენედ მებადება აზრი, რომ ის (ტექსტი) სხვაგვარი უნდა ყოფილიყო, უფრო სიღრმისეული, ნაკლებად ემოციური, ცივ გონებაზე დაწერილი.

მაშინ, სრულიად საწინააღმდეგო ვითარება სუფევდა — ეიფორიულ-რევოლუციური, მიტინგური და არა კაბინეტური. განა ამის გამომხატველი არ არის გამსახურდიას — უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, მაღალ კაბინეტში მჯდომის განცხადება „მრგვალი მაგიდის“ წევრებში — რამდენი ხანია მიტინგი არ ჩაგვიტარებია და ხომ არ ჩავატაროთ ჩვენი შენობის წინო?

მიტინგს მიჩვეული ქვეყნის პირველი პირი ვერ შეეგუა კაბინეტს, ტელევიზიით ხალხისთვის მიმართვას. მან ეს სურვილი აისრულა, როდესაც 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერების დამთავრების შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხს მიულოცა აქტის მიღება.

მისდა სამწუხაროდ, ქვეყნისთვის სავალალოდ, მაისიდან მოყოლებული, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებიდან, სამოქალაქო ომის დაწყებამდე, პარლამენტის შენობის წინამდებარე ტერიტორია პერმანენტული საპროტესტო მიტინგების ჩატარების არენად იქცა.

ქართველებს გვაქვს ასეთი გამოთქმა — „ჩათრევას, ჩაყოლა სჯობსო“. დამოუკიდებლობის აქტის მიღებით რა მიიღო გამსახურდიას ხელისუფლებამ და საქართველომ?

ავტონომიურ ფორმირებებთან — აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების, კიდევ უფრო დაძაბვა. გამსახურდიას გაპრეზიდენტებამ „მრგვალი მაგიდის“ — მმართველი ძალის გახლეჩვა და ახალარჩეულ, პრეზიდენტთან დაპირისპირება, რაც თბილისის ომში გადაიზარდა.

დამოუკიდებლობის აქტი — გამსახურდიას პირმშო, მისი ძალაუფლების განმტკიცების საწინდარი უნდა ყოფილიყო. არ გამართლდა მისი იდეა, ქაღალდზე გადატანილი და ხელმოწერებით დამშვენებული, მათ შორის ჩემი ხელმოწერით.

დამოუკიდებლობის აქტს, დამოუკიდებლობა არ მოუტანია. დამოუკიდებლობა მოგვიტანა საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის სატელევიზიო განცხადებამ — მისი გადადგომის და საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ.

პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც 1990-91 წლებში ჰქონდა ადგილი საბჭოთა კავშირში, უდავოდ მოჰყვებოდა კვანძის გახსნა, ამის მცდელობა იყო „გკჩპ“-ე — უნიათოდ ჩატარებული.

საბჭოთა კავშირისა და მსოფლიო პოლიტიკაში ჩაუხედავთ არ შეეძლოთ სამომავლო გზების გათვლა. ასეთები ვიყავით ჩვენ, მაშინ. ასეთები ვართ დღესაც — ჩვენდა სამწუხაროდ, ვუშვებთ რა უხეშ პოლიტიკურ შეცდომებს სისტემატურად.

დამოუკიდებლობის აქტში თავგასაპნულები ვაღიარებთ უცხოური კანონმდებლობის პრიმატს მშობლიურ კანონმდებლობაზე. ვინ და რამ გვაიძულა ამის ჩაწერა?

თავის გასამართლებლად ვერც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისკენ გავიშვერთ ხელს და ვერც თბილისში, აშშ-ს საელჩოსკენ, მარტივი მიზეზის გამო, საქართველო არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა. ის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო 1991 წლის დეკემბრის ჩათვლით, გორბაჩოვის გამოსვლამდე.

აშშ-ს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარებული არ ჰქონდა. და რომ ეღიარებინა, გამსახურდიამ დაავალა ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს, მურმან ომანიძეს მოსკოვში ვიზიტად მყოფი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ჩამოყვანა.

ასე და ამრიგად, რეფერენდუმის დღეს, ნიქსონი და მისი თანაშემწე დიმიტრი საიმსი თბილისს ეწვივნენ. გამსახურდიამ თქვენს მონა-მორჩილს დაავალა მაღალი სტუმრების მიღება და მასპინძლობა. ჭიპაშვილი, ომანიძე და გორგილაძე — იმჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის უფროსი, დღის საუზმიდან დაწყებული, ღამის ვახშმით და „ძილისპირულით“ დამთავრებული სტუმრებთან ვიყავით.

ცნობისთვის. სტუმრები ცხოვრობდნენ სახელმწიფო რეზიდენციის N1 სახლში, ლავრენტი ბერიას მიერ აშენებულში.

ვრცელი საუბარი გაიმართა გამსახურდიასა და ნიქსონს შორის. სტუმრები ხმის მიცემის რამდენიმე უბანსაც ეწვივნენ.

ნიქსონის თბილისში ჩამოსვლის მიზანი იყო მარტივი — შინ დაბრუნებული ნიქსონის მიერ ამერიკის ადმინისტრაციის დარწმუნება საქართველოს უდიდეს სურვილში — ყოფილიყო დამოუკიდებელი, პროევროპულ-პროამერიკული ქვეყანა. ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ანტირუსობა, რომ მიზანს ვერ მიაღწევდა, ჩვენთვის არ იყო ცნობილი.

ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რომ აშშ-ი, გორბაჩოვს, რომელიც მეთოდურად ანგრევდა საბჭოთა კავშირს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის არ გაანაწყენებდა. მას უფრო მეტი უნდოდა და როდესაც თვით რუსთა ხელით მიიღო ის „მეტი“, აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

აშშ-ს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება თბილისის ომის დროს მოხდა. მაშინ არც არავის მიუქცევია ყურადღება ამისთვის — ძმათამკვლელ ომში ვიყავით ჩართულნი.

ვანგრევდით, მიწასთან ვასწორებდით მეფის რუსეთის ჟამს და საბჭოთა პერიოდის უნიკალურ შენობებს რუსთაველის პროსპექტზე, სხვაგან. ვანგრევდით ადამიანთა სულებს, ვაპირისპირებდით მათ ერთმანეთთან, ავტონომიურ ფორმირებებთან.

ზვიად გამსახურდია, საქართველოს მოსახლეობის მიერ უმრავლესობით არჩეული, მისდა სამწუხაროდ ზიზღს იწვევდა ხალხში, რომელსაც ერთ სული ჰქონდა, რომ ის გამოსულიყო პარლამენტის დანგრეული შენობიდან და საქართველოდან გადახვეწილიყო.

ასეც მოხდა, 1992 წლის 6 იანვარს გამსახურდიამ, ოპოზიციასთან შეთანხმებით, დატოვა შენობა და სომხეთისკენ გაემგზავრა.  მისდა სამწუხაროდ სომხეთმა უარი უთხრა მას თავშესაფარზე, რის შემდეგ გეზი ჩეჩნეთისკენ აიღო.

ჩეჩენთა სეპარატისტმა, გენერალმა დუდაევმა გამსახურდია შეიფარა და სათანადო (პრეზიდენტის შესაფერისი) პირობებიც შეუქმნა.

რა მოგვიტანა ჩვენ გამსახურდია სიჯიუტემ?

ქვეყნის ნგრევა, დაცემა. მაინც რა სიჯიუტე მაქვს მხედველობაში? — იკითხავთ თქვენ.

თქვენი მონა-მორჩილი, უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი, იმ შენობაში მყოფი, კარგად იყო გათვითცნობიერებული მიმდინარე პროცესებში. გამსახურდიას მოწინააღმდეგეებმა სიგუამ, კიტოვანმა, რომელთაც ციხეში მყოფი იოსელიანი მოგვიანებით შეუერთდა, შტაბ-ბინად სასტუმრო „თბილისი“ ჩაიგდეს. 1991 წლის დეკემბრის ბოლოს სიგუა სამთავრობო ტელეფონით ესაუბრა გამსახურდიას. სამთავრობო ტელეფონი გამსახურდიას განკარგულებით გავუყვანეთ ოპოზიციას.

ოპოზიციამ, გამსახურდიას შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა, თანამდებობიდან გადადგომა და ახალი საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა 1992 წლის მაისში, რომელშიც გამსახურდიაც მიიღებდა მონაწილეობას.

გამსახურდია დათანხმდა, მაგრამ მეორე დღეს, მეუღლესთან და ახლო წრესთან მოლაპარაკების შემდეგ, უარი თქვა სიგუას წინადადებაზე.

მაშინ მას საქართველო არ გახსენებია. მაშინ ის, ინერციით საკუთარი განდიდების შენარჩუნებისთვის იბრძოდა.

დამოუკიდებლობის აქტის მიღების იდეაც გამსახურდიას განდიდებას ემსახურებოდა, ქვეყნის პირველი პირის, რომელმაც დამოუკიდებლობა, თავისუფლება მოუტანა ქართველ ერს.

თბილისის ცენტრი განადგურებულ-დანგრეული იყო. აღარ იყო სახელგანთქმული პირველი სკოლა, სასტუმრო „ინტურისტი“, თვით, ამჟამინდელი პარლამენტის შენობა ნახევრად დამწვარ-დანგრეული, ფასადზე არსებული სვეტებგამონგრეული საშინელ სურათს ჰქმნიდა.

შენობა სავსე იყო ქვიშის ტომრებით — ტყვიებისგან თავის დასაცავად, შენობის არც ერთი კარ-ფანჯარა, კაბინეტი, ავეჯი არ იყო გადარჩენილი. თვით გამსახურდიას კაბინეტი ნანგრევებად იყო ქცეული. დოკუმენტაცია მიმოფანტული დერეფნებში, ისე, როგორც ხელყუმბარები, ტყვიები. არადა, შენობის რემონტი 1991 წლის სექტემბერში დავასრულე — გაწკრიალებულ-გალამაზებულს, გაჩენილი ხანძრის შედეგად შავად გამურული კედლებიღა შემორჩა.

პირველი სატელევიზიო არხის კორესპონდენტმა წითელაშვილმა მკითხა — შეძლებ ამის აღდგენას, ისე, როგორც იყო?

ჯერ შენობის გადარჩენაზე ვიბრძოლებ, შემდეგ აღდგენაზე — მივუგე. იკითხავთ — რა „გადარჩენაზე“ ლაპარაკობთ, შენობა ინგრეოდაო?

არა, მეგობრებო, შენობა არ ინგრეოდა, მაგრამ შენობის დანგრევა უნდოდა ოპოზიციას, მის მხარდამჭერ სამხედროებს, ასეთი მოტივით — „სატანის ბუდე“, ანუ გამსახურდიას, უნდა დაინგრეს! აღნიშნულის შესახებ ხმამაღლა აცხადებდნენ. ეიფორიული ფონიც ისეთი იყო, დანგრევას არაფერი დააკავებდა.

ჩემი თხოვნით, მთავრობის მიერ გამართულ სპეციალურ სხდომაზე, დასაბუთებული გამოსვლით ვაიძულეთ სიგუას მთავრობა პარლამენტის შენობის ბედის გადაწყვეტა ახალარჩეული პარლამენტისთვის მიენდო.

სხდომა თებერვალში, შევარდნაძის ჩამოსვლამდე გაიმართა. სხდომას, ჩემთან ერთად გოგი ანდრონიკაშვილი და ვახტანგ ცუხიშვილი (არქიტექტორი) ესწრებოდნენ.

დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის.

დიდი მადლობა სიგუას, რომელმაც დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ იზიარებს ჩემს წინადადებას. გახალისებულმა, ისიც მოვითხოვე, რომ შენობის აღდგენითი სამუშაოები დაეწყოთ.

იკითხავთ — სად გადაჰქონდათ პარლამენტის შენობა?

პასუხი, ქალაქის იმჟამინდელი მერის ოთარ ლითანიშვილისა იყო ასეთი — თბილისის ზღვაზე, რათა ქალაქის ცენტრს არ შეჰქმნოდა პრობლემები მიტინგებით, თუნდაც ძალისმიერი დაპირისპირების სახით.

იყო სხვა ვარიანტიც — შენობის ბიზნეს-ცენტრად გადაკეთება. საბედნიეროდ, არც ეს ვარიანტი გავიდა ჩვენი თავდავიწყებული ბრძოლით.

გავიდა ხანი და ამ შენობის ბიზნეს-ცენტრად გადაკეთებამ თავი წამოჰყო სააკაშვილის „მეფობის“ დროს. მან, პარლამენტი არათუ თბილისის ზღვაზე გადაიტანა, არამედ თბილისიდან შორს — ქუთაისში.

დღეს, აღარავინ იხსენებს გადატანის შედეგად სახელმწიფო ხაზინიდან დახარჯულ მილიონობით ლარს, დახარჯულს არა მარტო პარლამენტის შენობის აგებაში, არამედ აპარატის აქეთ-იქით მოგზაურობაში და სხვა.

არის ასეთი გამოთქმა — „რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ“. ამ გამოთქმას და მის პათოსს აღვივებს ცნობილი ქართველი მოაზროვნეების გამონათქვამები, თუნდაც ასეთი: „აღარც რომის იმპერია არსებობს, აღარც ბიზანტიის, აღარც არაბთა ხალიფატი, აღარც ოსმალთა სულთანატი, აღარც მონღოლთა ულუსები და აღარც სპარსელთა შაჰინშატი. საქართველო კი არსებობს, იბრძვის, ქმნის. იგი გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც, … რამდენიც უნდა ვეძახოთ ჩვენს მტერს „ბაბა“, არ გახდება იგი მოყვარე და არ გვიპატრონებს მამასავით … ჩვენს საცოდავ მეფეებს ეგონათ, რუსეთს თუ „ბაბაიას“ დაუძახებდნენ, ეშველებოდათ მათაც და საქართველოსაც. მოტყუვდნენ. „ბაბაიამ“ საქართველოც შეჭამა და მათი დინასტიაც …“ — აკაკი ბაქრაძე.

თუ როგორ შეჭამა საქართველო „ბაბაიამ“, ზემოთ მოგახსენეთ.

აკაკი ბაქრაძეს პატრიოტობას ვერ დავუწუნებ, მაგრამ პატრიოტობა, სიტყვის მასალის დონეზე, შორსაა პატრიოტული სულისგან, აზრისგან, რომელიც პატრიოტიზმს რეალურ ვითარებას უნდა უსადაგებდეს, ეძებდეს გზას ერის გადარჩენისთვის და არა ხალხის ასანთებად.

სამწუხაროდ, ხალხის ამნთები ხშირად შეგნებულად რჩება ჩრდილში. ხალხი კი, ანთებული, სიცოცხლესაც იმოკლებს და ქვეყანასაც განსაცდელში აგდებს.

განა ანთებული ხალხის მოქმედებას არ მოჰყვა 9 აპრილი, ეროვნული ხელისუფლების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება?

ანთებულმა ხალხმა არ დაანგრია თბილისი და საქართველოს მოსახლეობის ჭკუა-გონება?!

ყოფილ საბჭოთა სივრცეში საქართველო იყო პირველი, ვინც ოფიციალურად ამცნო მსოფლიოს დამოუკიდებლობა. არადა, სიდინჯე აჯობებდა ქარაფშუტულ აღტყინებას. თუმცა ისევ ქალაქური გამოთქმა — „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“.  ეს გამოთქმა დღესაც ხარობს!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

04/04/2024