წყლის წვეთები ქვას ხვრეტს

წინა სტატიაში აღვნიშნე წითელი 9 აპრილის მნიშვნელობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში და აღვნიშნე არა ისე, როგორც ამას საქართველოს პოლიტიკა, საზოგადოება ინატრებდა, არამედ საპირისპიროდ.

ოფიციალურად „9 აპრილი ეროვნულ დღსასწაულად, ეროვნული ერთიანობის დღედ გამოცხადდა“, — გვეუბნებიან ბოლო 35 წლის განმავლობაში და ამ გადაწყვეტილებას ხალხს აწერენ — ხალხმა გამოაცხადაო.

კეთილი, მაგრამ ჩემის გაგებით, ამ დღეს სიტყვა „დღესასწაული“ არ შეეფერება, თუ რომელი სიტყვა შეეფერება, გარდა გლოვისა, თვითონ განსაზღვრეთ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, პატივცემულო მკითხველო, გაიზიარებთ ჩემს მოსაზრებას, დარწმუნებული იყავით, რომ უმცირესობაში აღმოჩნდებით ჩემთან ერთად, ვინაიდან ვიღაცამ გადაწყვიტა და ეს ვიღაცა მაშინდელი ეროვნული ხელისუფლება, მისი ლიდერი ზვიად გამსახურდია იყო, რომელმაც მომიტინგეებს ამცნო შემდეგი:

„ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. … საქართველოს დამოუკიდებლობა“.

1990 წლის 9 აპრილის პათოსი ერთი წლით იყო დაშორებული იმ მოვლენისგან, რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა — საბჭოთა ჯართან შეტაკების შედეგად.

პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე გამსახურდიამ ამცნო შეკრებილებს დამოუკიდებლობის აქტის მიღება — „წამებულთა სულების გახსენებით, რომლებიც „დაგვცქერიან“.

გამსახურდიამ გაიხსენა დაღუპულები, რომელთა თავგანწირვამ მიიყვანა ის ხელისუფლების სათავეში. ჯართან შეტაკების, სისხლისღვრის გარეშე არც 1990 წლის მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართებოდა და არც გამსახურდია მიმართავდა მომიტინგეებს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე.

ქვეყანა გააგრძელებდა მისთვის ჩვეულ ცხოვრებას და საბჭოთა კავშირის დაშლას, 1990 წლის დეკემბერში, მომზადებული შეხვდებოდა.

ჩემს მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას წინასწარმეტყველებას ვერ დავარქმევ, რამეთუ 9 აპრილის შემდგომი პერიოდი გადაიქცა ისეთ რეალობად, რომლის წინასწარმეტყველება არა თუ მე, არამედ ნოსტარდამუსსაც გაუჭირდებოდა.

სახელმწიფო სამსახურში მიღებული პრაქტიკული ცოდნისა და შეძენილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემის, იმჟამად უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართელისთვის, რომლიც დღევანდელ ადმინისტრაციის უფროსს ნიშნავს, ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ეროვნული ხელისუფლება შეძლებდა სახელმწიფოს მართვას.

პარლამენტის წევრები, მაშინ პარლამენტს უზენაესი საბჭო ერქვა, შორს იყვნენ ამ მაღალი ტიტულიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის გათვითცნობიერების. არც ერთ მათგანს არჩევნებამდე თუნდაც პატარა დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნდა. არადა, ახალი უზენაესი საბჭო მუშა ორგანო იყო, როგორც ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება.

ის, ძირფესვიანად განსხვავდებოდა წინა უზენაესი საბჭოსგან, რომელიც წლის განმავლობაში 2-ჯერ იკრიბებოდა — საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. მკითხველმა რომ ისე არ გაიგოს, მაშინდელი დეპუტატები მუქთახორები იყვნენ და არაფერს აკეთებდნენ, განვმარტავ: 440 დეპუტატის ძირითადი სამსახური პარტიულ აპარატში, ფაბრიკაში, ქარხანაში, განათლების სისტემაში, სახელმწიფო დაწესებულებებში, სხვაგან იყო. პარალელურად ისინი გაწევრებული იყვნენ უზენაესი საბჭოს დარგობრივ კომისებში, როგორც დეპუტატები.

კომისიების მუშაობას სისტემატური სახე ჰქონდა. კომისიის მიერ განხილული საკითხები, არადეპუტატი ექსპერტების, სპეციალისტების, მეცნიერების აქტიური მონაწილეობით გადაეცემოდა საქმეთა მმართველობას, რომელსაც საკითხი შეჰქონდა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსახილველი საკითხების დღის წესრიგში.

უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელსაც თავმჯდომარეობდა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, შედგებოდა საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივნის, საქართველოს სსრ კომკავშირის ცკ პირველი მდივნის, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილის, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის, აფხაზეთისა და აჭარის ასსრ-ის უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმის თავმჯდომარეების, სამხრეთ ოსეთის სს ავტონომიური ოლქის თავმჯდომარის, მუშის, მეცნიერისგან.

უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომას, რომელიც თვეში ერთხელ იმართებოდა, ესწრებოდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ან პირველი მოადგილე, რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი.

დამოუკიდებელი ქვეყნის უზენაესი საბჭო, შემდგომში პარლამენტი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების მსგავსად მუშაობდა, ხშირად იმ განსხვავებით, რომ სამუშაო საათები არანორმირებული იყო. უზენაესი საბჭოს წევრებს, შემდგომში პარლამენტარებს, მუშაობისთვის ნორმალური პირობების შესაქმნელად სამუშაო კაბინეტები სჭირდებოდათ, რისთვისაც უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსის წინადადებით, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გამსახურდიასთან მოვიწვიეთ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუა. შევთანხმდით, რომ შენობის ფასადური ნაწილის მარცხენა ფლიგელში განთავსებული მინისტრთა საბჭო გადავიდოდა საქართველოს კპ ცკ-ს ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო შენობის უკანა ნაწილში განთავსებულ სამინისტროებს მინისტრთა საბჭო გამოუყოფდა შესაბამის შენობებს.

საორგანიზაციო სამუშაოები, შენობის რემონტით, 1990 წლის სექტემბერში დასრულდა, რამდენიმე დღით ადრე, თბილისში მასობრივი მიტინგებისა და დაპირისპირების დაწყებამდე.

უზენაესი საბჭოს შენობაში, რომელსაც დღეს პარლამენტი ჰქვია, 440 ოთახი, რამდენიმე მცირე დარბაზი და სხდომათა დიდი დარბაზია. შენობას აქვს კვების ობიექტიც. შენობის შუა, დახურულ სივრცეში არის სამლოცველო, ტექნიკური პერსონალის სათავსები.

ახალარჩეულ უზენაეს საბჭოს მუშაობა არ დასცალდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც გამსახურდიამ გაიმარჯვა, უზენაესი საბჭოს სხდომების გამართვა პრობლემური გახდა, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებით, თვით მმართველი კოალიცია „მრგვალ მაგიდაში“ წამოჭრილი დაპირისპირებით, რომელიც გადაიზარდა პერმანენტულ მიტინგებში. პარლამენტის შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე კვლავ გაჩნდა კარვები, რომლებშიც „პარლამენტის დამცველი“ აქტივისტები განთავსდნენ.

სასტუმრო „თბილისის“, პირველი სკოლის წინამდებარე არეალი ოპოზიციურმა პარტიებმა დაიკავეს. რუსთაველის პროსპექტზე არსებულ სახლებში ოპოზიციურმა პარტიებმა, ძალისმიერი გზით, საკუთარი შტაბ-ბინები გახსნეს: „იმელის“ შენობაში —ირაკლი წერეთელმა, კინო „სპარტაკის“— ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და ა.შ.

1990 წლის აგვისტოს, თბილისს, აშშ-ს კონგრესის მრავალრიცხოვანი 2 დელეგაცია სტუმრობდა. ერთი, ადამიანის უფლებათა დამცველი, მეორე — სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების. ორივე დელეგაციის მასპინძლობა, გამსახურდიას განკარგულებით, უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დამევალა.

ორივე დელეგაციას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ გამსახურდიასთან, მთავრობის წევრებთან. უზენაესი საბჭოს შენობაში მიმდინარე რემონტის გამო, შეხვედრები გაიმართა საქართველოს კპ ცკ-ს ყოფილ შენობაში, სადაც განთავსებული იყო საქართველოს მინისტრთა საბჭო.

საუბრების დროს ამერიკელმა კონგრესმენებმა გამოთქვეს აზრი საქართველოს აწმყო და სამომავლო პოლიტიკურ და სახელმწიფო სისტემასთან მიმართებაში.

ამერიკელ კონგრესმენთა 2 ჯგუფის ვიზიტი შემთხვევით არ განხორციელებულა. ორივეს ჰქონდა მიცემული დავალება შეესწავლა საქართველოში მიმდინარე პროცესები.

წინა სტატიაში აღვნიშნე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ნიქსონის ვიზიტი საქართველოში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვის დღეს. ნიქსონი იმჟამინდელ საბჭოთა კავშირში იმყოფებოდა ვიზიტით და გამსახურდიას დაჟინებული მოთხოვნით და დავალებით საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე მურმან ომანიძემ, ის და მისი თანაშემწე დიმიტრი საიმსი სპეცთვითმრინავით ჩამოიყვანა თბილისში.

ვაშინგტონში დაბრუნებულმა ნიქსონმა, თეთრ სახლსა და კონგრესში ანგარიშის წარდგენის დროს აღნიშნა თბილისში ვიზიტისა და გამსახურდიასთან საუბრის შესახებ. როგორც ჩანს, კონგრესმა გაითვალისწინა ნიქსონის რეკომენდაცია საქართველოსთვის ყურადღების მიქცევაზე და კონგრესის საზაფხულო არდადეგების დროს ორი დელეგაცია (სხვადასხვა დროს) მოავლინა საქართველოში.

სწორედ ამით იყო განპირობებული ის რჩევა-დარიგებები, რომლებიც კონგრესმენებმა უთხრეს მასპინძლებს. ამ დარიგებებიდან კარგად დამამახსოვრდა ასეთი: საქართველოსთვის უმჯობესი იქნება არა ამერიკულ-ევროპული პოლიტიკური სისტემის გადაღება, სადაც მრავალპარტიულობაა განმსაზღვრელი, როგორც დემოკრატიის გამოხატულობა, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ისეთი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, როგორებიცაა სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი და სხვები — ქვეყნები, ლამის ერთპარტიული დიქტატით, მორჩილი პარლამენტით. მათი განმარტებით, ასეთ ცენტრალზებულ სისტემას შეეძლო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, ხალხისთვის ნორმალური სოციალური პირობების შექმნა და როდესაც ქვეყანა გაძლიერდებოდა ეკონომიკურად, ნელ-ნელა მრავალპარტიულობაზე გადავიდოდა.

კონგრესმენთა განმარტებით, ეს გზა გრძელი და რთული იყო, მაგრამ პატიოსანი, პატრიოტი ხელისუფლების ხელში, მიზანი მიიღწევოდა.

ტაივანი, სინგაპური აღნიშნულის ნათელი დამადასტურებელია. როდესაც ეს ქვეყნები ეკონომიკურად მტკიცედ დადგნენ ფეხზე, პოლიტიკურმა ელიტამ, მიღებული კანონებით და ამ კანონების დარღვევის შიშით აღარ გაიხედა კორუფციისკენ. დაუშვეს მრავალპარტიულობა.

ხელისუფლების, სახელმწიფოს არსებობას ვეღარაფერს დააკლებდა მრავალპარტიული ლაქლაქი პარლამენტში, მითუმეტეს პარტიები მომართული იყვნენ არა ლაპარაკისთვის, არამედ საქმიანი, კონკრეტული მსჯელობისთვის, კანონპროექტის განხილვის ოპტიმალურ დროში წარმართვისთვის და არა დროის გაჭიმვისთვის.

მეორე, რაც მათი ნათქვამიდან დამამახსოვრდა, ის იყო, რომ აშშ-ს ფული არ ეყოფა საქართველოს შესანახად, ვინაიდან მას აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრი ქვეყნების რჩენის ტვირთიც კისერზე აწევს და საქართველოს რჩენა დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

კონგრესმენთა რჩევა უდავოდ გასათვალისწინებელი იყო, მაგრამ საქართველო სხვა გზით მიდიოდა უკვე, რაც მრავალპარტიულობას გულისხმობდა. თუ რა მოგვიტანა და მოაქვს მრავალპარტიულობას საქართველოსთვის ყველა ჩვენგანმა ვიცით.

რა სისტემა აჯობებდა ან რანი ვიქნებოდით სხვა პოლიტიკურ სისტემაში, ამაზე შემდეგ სტატიებში მოგახსენებთ. ახლა კი დავუბრუნდები კონგრესმენთა ვიზიტს.

გამსახურდიასთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენებმა მთხოვეს ვიზიტის მეორე დღის დაწყება რუსთაველის პროსპექტიდან. კრწანისის სახელმწიფო რეზიდენცია ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობდა, რაც კონგრესმენებს არ აძლევდა ქალაქის ცენტრში გასეირნების საშუალებას. მათ რომ სასტუმროში ეცხოვრათ, უჩემოდაც გაივლიდნენ ცენტრში.

მათი თხოვნის თანახმად, სტუმრები მივიყვანე სასტუმრო „ივერიასთან“, საიდანაც დავუყევით რუსთაველის პროსპექტს, სადაც „იმელის“ შენობიდან დაწყებული, „თავისუფლების“ მოედნით დამთავრებული, ისინი ელაპარაკებოდნენ ტროტუარზე წამოწოლილი ოპოზიციური პარტიების წევრებს; თავისუფლების მოედანზე კი ქართული „პასპორტების“ მიღების რიგში ჩამდგარ ხალხს. ვიღაც მთვარელიძე ხალხს ურიგებდა პრიმიტიულად დამზადებულ „ეროვნულ“ პასპორტებს, ნაცვლად საბჭოთა პასპორტებისა.

ნანახმა ამერიკელ კონგრესმენებზე ნეგატიური შთაბეჭდილება დატოვა, რის შესახებაც გამანდეს რეზიდენციაში დაბრუნებისთანავე. აბა, სად, რომელ ქვეყანაში ნახავდნენ დედაქალაქის მთავარი ქუჩის ტროტუარზე ლეიბებზე წამოგორებულ ოპოზიციონერებს ან პარლამენტის შენობის წინამდებარე მოედანზე ხელისუფლების „დამცველთა“ გაშლილ კარვებს?!

„გამსახურდიას გადაეცით, თუ სურს მწოლიარე პროტესტის შეწყვეტა, ჩამოურიგოს ამ პარტიათა ლიდერებს თანამდებობები და პროტესტი უმალ შეწყდებაო“. იყო ამ ხუმრობით ნათქვამში რაღაც   ჭეშმარიტება?!

პარლამენტის შენობის წინ მიტინგის გამართვა, ხშირად კარვების გაშლით, ისე მოეწონათ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ 30 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში სისტემატურად იყენებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ეს დაავადება დღემდე გამოგვყვა, ვინაიდან განუკურნებელია და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, მომავალშიც გაგრძელდება — 9 აპრილით მოტანილი უბედურება.

რატომ ასეთი შეფასებაო, — იკითხავს მკითხველი.

გიპასუხებთ. მიტინგები და საპროტესტო გამოსვლები, იშვიათად კარვების გაშლა იმ „ბედნიერ“ ევროპა-ამერიკაშიც ხდება. რაღა შორს წავიდეთ. სულ ახლახანს, ფრანგი ფერმერების პროტესტი — ტრაქტორებით, განავლით, ძროხის ფუნით და ა.შ. ევროპის სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს და ისეთი განავლის სუნი დააყენეს ევროპაში, რომ ლამის პარიზის, ბერლინის, ბრიუსელის, სხვა ქალაქების მცხოვრებლებმა აირწინაღებით დაიწყეს ქუჩებში გამოსვლა.

იმჟამინდელ, ანუ 1989 წლის დასავლეთში ასეთს ადგილი არ ჰქონია და თუ ჰქონდა — მოკლე დროით, ვინაიდან მიტინგებისა და დემონსტრაციების ორგანიზატორები დარგობრივი პროფკავშირები იყვნენ, რომლებიც მეტნაკლებად ახერხებდნენ, მთავრობასთან მოლაპარაკებით, მომიტინგეთა მიერ დაყენებული სოციალური საკითხების გადაჭრას.

9 აპრილი შორს იყო სოციალური მოთხოვნებისგან, ერთის შეხედვით, მაგრამ სინამდვილეში ასეთი იყო — შემოვლითი გზებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებით. იქნები ხელისუფლებაში, გექნება კეთილდღეობა!

გამოცდილმა კონგრესმენებმა სწორედ ამას მიაგნეს პროტესტანტებთან გასაუბრებით.

მოდით წამით გადმოვიდეთ დღევანდელობაში და დავსვათ კითხვა — დღევანდელ ოპოზიციას, მყვირალას და მიტინგების მომწყობს რა აწუხებს? სიტყვით, ვითომ ქვეყნის ბედი, მაგრამ ხალხი ვერ ხედავს ამ სიტყვებში გულწრფელობას. ძნელია ვაშაძის, დეკანოიძის, უსუფაშვილის, ხაბეიშვილის, ჯაფარიძის, ხაზარაძის, სხვების სიტყვებში სამშობლოს სიყვარული ამოიკითხოთ, ისე, როგორც ხელისუფალთა წარმომადგენლების სიტყვებში.

ოპოზიციის სურვილი მარტივია — ხელისუფლებაში მისვლა. ხელისუფალთა სურვილიც მარტივია — ხელისუფლების შენარჩუნება, თანაც რაც შეიძლება დიდხანს. რას ნიშნავს მათთვის ეს ორი სიტყვა „მისვლა“ და „შენარჩუნება“?!

კეთილდღეობის, საკუთარის და არა ქვეყნის, ხალხის, არამედ საკუთარის მოპოვება-განმტკიცებას.

ქვეყანა და ხალხი ორივესთვის სიტყვის მასალაა, ქვეყანა მეწველი ძროხაა მათთვის, რომელიც რძეს, ანუ ფულს იძლევა.

როგორც ამბობენ, კალამი გამექცა. დავუბრუნდეთ 9 აპრილის მიერ მოტანილ „ბედნიერებას“, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთს მაინც გამოვყოფ — მას რუსეთის სიძულვილი ჰქვია.

მართალია, 9 აპრილამდეც გვქონდა ასეთი გრძნობა ჩვენი „დიდი ძმის“ მიმართ, ჩემთვის გაუგებარი, დღემდე ამოუხსნელი, ჭორიკნულ ფაქტებზე დაფუძნებული, მაგრამ ნებისმიერი ჩვენგანის გულში ჩამალული და არა პირიდან ამოფრქვეული.

9 აპრილმა მოახდინა ვულკანის მსგავსი ამოფრქვევა და მასთან ერთად გავარვარებული ლავის, ანუ ბოღმის გადმოღვრა — დაუფიქრებელი, ზედაპირული, დამადანაშაულებელი განცხადებების კეთება.

სულ ახლახანს, რადიო „პალიტრის“ კითხვა-პასუხის მსგავსი პროგრამის ეთერში, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნა, ერთ-ერთმა სტუმარმა განაცხადა, რომ აქტიურად მონაწილეობდა 9 აპრილის მიტინგებში, მოწამლულიც იყო. ამ ქალბატონმა თქვა, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო და არა 21, რომ თავისი თვალით ნახა სატვირთო ავტომანქანაზე როგორ ალაგებდნენ გვამებს.

წამყვანმა, აკადემიური სიდინჯით დააცალა ამ მატყუარა ქალბატონს ზღაპრის დამთავრება და „ტრიბუნა“ მეორე სტუმარს დაუთმო, რომელიც სისტემატურად რეკავს მსგავს გადაცემებში. მან რუსეთი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა. მისი შემდეგი რესპონდენტიც არ ჩამორჩა წინამორბედებს და რუსეთის ლანძღვა საუკუნეების ჭრილში გააგრძელა. ბოლოს, 9 აპრილამდე მივიდა — მისი გაგებით დამსახურებული ლანძღვა-გინებით.

წამყვანი, აკადემიური სიმშვიდით, უსმენდა ყველა მოსიტყვეს, რითაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მას არათუ მოსწონდა რუსეთის ლანძღვა, არამედ აღაფრთოვანებდა. დარწმუნებული ვარ „პალიტრის“ მეპატრონეებსაც მოეწონებოდათ გადაცემა, მარტივი მიზეზის გამო — მათ შეასრულეს იმ ვიღაცის დავალება, რომელიც სხვაგან, ანუ დასავლეთშია.

საქართველოს მედიის ნებისმიერი გადაცემა რუსეთის ლანძღვით არის აღსავსე, რაც თავისთავად უარყოფითად ზრდის მოსახლეობას, მტრულად განაწყობს მას მეზობელი ქვეყნის მიმართ.

არადა, საქართველოს ეკონომიკა რუსეთზეა ჩამოკიდებული. საქართველოს მწირი ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთში ხორციელდება და არა ევროპა-ამერიკაში. იმპორტშიც წვლილი რუსეთისა ფასდაუდებელია. მარტო ხორბალი რად ღირს.

საქართველოს ბიუჯეტმა მაშინ ამოისუნთქა, როდესაც რუსი ტურისტების დიდი ნაკადი შემოვიდა; როდესაც რუსეთის მოქალაქეებმა დაიწყეს უძრავი ქონების შეძენა და ა.შ,

საქართველოს მოსახლეობის სოციალურ პირობებს უდავოდ აუმჯობესებს რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის მიერ გამოგზავნილი ფული. რუსეთში მცხოვრები ქართველების გზავნილები 2-ჯერ აღემატება ამერიკა-ევროპაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილ თანხებს — ერთად აღებულს. მხედველობაშია მისაღები ნათესაური კავშირებიც — ორ ქვეყანას შორის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული.

9 აპრილი დიდი ტრაგედიაა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა. როგორ მოიქცეოდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების ადგილას?

ნუთუ მოსკოვში მყოფ პოლიტბუროს წევრს, სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეეძლო საბჭოთა ჯარის შემოყვანის წინააღმდეგ ხმა აემაღლებინა?

არ შეეძლო, ვინაიდან ის საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრი იყო, ანუ საბჭოთა კავშირის მმართველი ორგანოს.

რომელი ქვეყნის მმართველი ორგანო, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი დახუჭავს თვალს ანტისახელისუფლებო, პერმანენტულ გამოსვლებზე და შეეგუება პროტესტანტთა მოთხოვნას — ქვეყნიდან გამოყოფის თაობაზე?!

ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმული უმკაცრესი გადაწყვეტილებების თაობაზე ბევრი რამ არის ცნობილი ჩვენთვის, მსოფლიოს თუნდაც ახალი და უახლესი ისტორიიდან. გავიხსენოთ, ინგლის—ჩრდილო ირლანდიის მრავალწლიანი კონფლიქტი  — გაცილებით სისხლიანი, ვიდრე 9 აპრილი.

გავიხსენოთ, ესპანეთის დამოუკიდებლობა, ანუ მადრიდის, კატალონიელთა ბუნტის მიმართ, რომელიც მთავრობამ სისასტიკით ჩაახშო. სეპარატისტები დაიჭრა, ხოლო მათ ლიდერ პუჩდემონზე ძებნა გამოაცხადა.

გავიხსენოთ, აშშ-ს მიერ მეზობელი ქვეყნის პანამის მიმართ განხორციელებული თავდასხმა, პრეზიდენტ ნორიევას დაპატიმრებით და აშშ-ს ციხეში გამომწყვდევით.

გავიხსენოთ, თუნდაც ჩვენი დამოკიდებულება ჩვენსავე რეგიონებთან სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. განა, მენშევიკურმა მთავრობამ სისხლში არ ჩაახშო სამხრეთელი ოსების ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლები?

გავიხსენოთ, საქართველოს ლაშქრის შეყვანა აფხაზეთში, ვითომ რკინიგზის დაცვის საბაბით, რომელიც სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა და ა.შ.

კრემლმა ჩათვალა, რომ თბილისური ანტისაბჭოური გამოსვლები წყალს შეუყენებდა საბჭოთა კავშირის მთლიანობას და რახან სხვა საშუალება ვერ გამონახა, ჯარის მეშვეობით გადაწყვიტა პარლამენტის წინამდებარე მოედნის მომიტინგეებისგან განთავისუფლება.

მსგავსი ანტისახელისუფლებო მიტინგები უცხო იყო საბჭოელ ხელისუფალთათვის. ამდენად მათ არ იცოდნენ მიტინგის დაშლის ტექნოლოგია. არ გააჩნდათ სპეციალური ტექნიკა — ავტომანქანების სახით, რომლის ძლიერი წყლის ჭავლი შლის ნებისმიერ თავყრილობას.

გავიმეორებ. ჯარი შემოიყვანეს უიარაღოდ. მას ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით უნდა დაეშალა შეთხელებული მიტინგი, ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე. არ გამართლდა. შემუშავებული ტაქტიკა წინააღმდეგობას წააწყდა. შეხლა-შემოხლას და ჭყლეტას ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა, რამაც გააღვივა თვითოეულ ჩვენგანში რუსთა მიმართ დაგროვილი ბოღმა, უმეტეს შემთხვევაში უსაფუძვლო, რომელსაც დაემატა დასავლელთა მიზანმიმართული ანტირუსული პროპაგანდა.

30 წელია საქართველოს მოსახლეობა ისმენს რუსეთისა და რუსთა გინებას. 30 წლის განმავლობაში წყლის წვეთების ქვაზე დაცემა, ქვას გახვრეტდა. ჩვენი გონება კი სიპ ქვაზე გაცილებით სუსტია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

13/04/2024