კალენდრის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ქარის წისქვილებთან შერკინებაა, ღია კარის მტრევაა. კალენდარი შეხსენებაა წარსულის, განვლილის, სასიამოვნოს, საამურის თუ პირიქით.

კალენდარი, ისტორიული თარიღის შემხსენებელი, ზოგიერთში დაფიქრებას იწვევს, ზოგიერთში არც არაფერს, შეხედავს და გააგრძელებს ცხოვრებას, ესოდენ დაძაბულს, სახიფათო ამბვების მომასწავებელს.

დაფიქრება კი აუცილებელია, თუნდაც ძველი შეცდომების გამეორებისგან თავის დაღწევისთვის, მაგრამ შეიგნებს ამას კალენდრის ზერელე შემხედველი?

რომ შეიგნოს, ცოდნაა საჭირო — ისტორიის, განვლილი ცხოვრების. ცოდნა კი დიდი დეფიციტია არა მარტო გაუკუღმართებულ აქაურობაში, არამედ იქაურობაში, აქაურთა მიერ „ცივილიზებულ ფასეულობებით“ გაძეძგილში.

მარტი, თვეა ისეთი, მნიშვნელოვან წარსულს რომ გვახსენებს და არა მარტო წარსულს, აწმყოსაც — ქალთა საერთაშორისო დღის 8 მარტის სახით, დღესასწაულს, რომელსაც საფუძველი ბოლშევიკებმა ჩაუყარეს და სადღესასწაულოდ გამოაცხადეს.

ისტორიის წიაღთმსველთა განმარტებით, 8—მარტობა ბოლშევიკებმა კი არა, სხვებმა, დასავლელებმა მოიფიქრეს და ბოლშევიკებმაც აიტაცეს და მეტი არაფერი —  ბოლშევიკთა დამსახურების გასაბათილებლად. მაგრამ ხომ აიტაცეს? ხომ გადააქციეს მარტის თვის ერთი ჩვეულებრივი დღე საყოველთაო ზეიმად?!

ბოლშევიკების, კომუნისტების, საბჭოელების მიერ დაწესებულ—ფრთაშესხმული დღესასწაული მიუღებელი აღმოჩნდა ე.წ. ეროვნული ხელისუფლების და მისი მოთავის „ცეცხლოვანი“ გამსახურდიასთვის.

„ცეცხლოვანი“ ჩემი შეფასება არ არის, ერთ-ერთი დასავლური გაზეთის შეფასებაა, რომელიც ჩემი შეფასებისგან ისე შორსაა, როგორც ცა, დედამიწისგან.

შეფასება, გამსახურდიას ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე გაკეთდა, საბჭოთა კავშირისთვის მტკივნეული ჩხვლეტის მიყენებისთვის, მაგრამ 2-3 თვის შემდეგ კარდინალურად შიცვალა, ცხადია საწინააღმდეგოდ. აი, ასეთით — „დინების აღმა ცურავს“ და შიცვალა იმიტომ, რომ „ცივილიზებულ“ იმანოებს არ მოეწონათ, მათ მიმართ გამსახურდიას მიერ გამოთქმული საყვედურები.

ახლოვდებოდა 8—მარტობა, ქალთა ზეიმი, საბჭოური, მიუღებელი ეროვნული ქართველობისა და მისი ლიდერისთვის, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ქალთა ნაწილისთვის, თანაც რაოდენობით დიდისა და გავლენიანისთვის, დღესასწაული.

დიდი ბჭობა გაიმართა გამსახურდიას კაბინეტში. „მრგვალი მაგიდის“ წევრმა, სხვადასხვა პარტიის ლიდერმა გამოთქვა თავისი მოსაზრება და გამოსავალიც გამოძებნა — 8 მარტის დღესასწაულის გაუქმება და მის ნაცვლად ახალი დღესასწაულის, 3 მარტის, „დედის დღის“ დაწესება.

ასე და ამრიგად საქართველომ მიიღო ახალი დღესასწაული, რომელიც 3 მარტს აღინიშნება, ძველი, საბჭოური 8 მარტის ნაცვლად, თუმცა ძველის დავიწყება და ისტორიიდან ამოშლა შეუძლებელი გახდა.

გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ, პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ინიციატივით და ძალისხმევით აღადგინა ძველი დღესასწაული — „8 მარტობა“  — იმჟამად უკვე „ძველის“, 3 მარტის „დედის დღის“ შენარჩუნებით.

და ისევ კალენდარი, რომელშიც წითელი, სადღესასწაულო ფერით არის დაბეჭდილი 3 მარტი, „დედის დღის“ აღმნიშვნელი დღესასწაული. ამასთანავე დაბეჭდილია თამაზ ჭილაძის, მწერლის, საზოგადო მოღვაწის „დედა“. „დღევანდელ სინამდვილეში ყველანი ზღაპრიდან მოვდივართ, ანუ ჩვენი დღევანდელი სინამდვილე ზღაპრიდან იწყება … ალბათ არ არსებობს დედა, ზღაპარი რომ არ მოეგონოს…“ — წერს თამაზ ჭილაძე, 5 მარტს დაბადებული.

ბატონი თამაზისა არ იყოს: „დღევანდელ სინამდვილეში ყველანი ზღაპრიდან მოვდივართ“ და მართლაც ზღაპრიდან მოსვლას ჰგავდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიჰიტლერული კოალიციის სამი წევრიდან ერთის, აშშ-ს პატარა ქალაქ ფულტონში სიტყვით გამოსვლა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მაშინ პრემიერ მინისტრის საპატიო სახელს, სიტყვა „ყოფილთან“ ერთად ატარებდა, რითაც მის დიდებას არაფერი დაკლებია. არაფერი დაკლებია მის სიბრძნესაც, თუმცა რაღაც მაინც დააკლდა. და ეს რაღაც  ადამიანურობის, გუშინდელი საქმიანი, ხშირ შემთხვევაში მეგობრული, თანამშრომლობის უგულებელყოფა იყო.

რომ არა საბჭოთა კავშირის მეთაურის, სტალინის, აშშ-ს პრეზიდენტის, რუზველტის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ჩერჩილის პრაგმატული თანამშრომლობა, ფაშიზმის დამარცხება იოლი არ იქნებოდა. 2,5 წლის განმავლობაში, ამერიკა—დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების ევროპის კონტინენტზე, ომში ჩართვის გაჭიანურების მიუხედავად, წითელ არმიას შეეძლო ტრიუმფალური სამხედრო მარშის ატლანტიკის ოკეანის სანაპიროებამდე გაგრძელება, რამაც აიძულა აშშ და დიდი ბრიტანეთი ჯარები გადაესხათ საფრანგეთში და აღმოსავლეთის ფრონტიდან ფაშისტების ყურადღების ნაწილობრივი მიპყრობა.

1945 წლის 9 მარტის შემდეგ ძნელად წარმოსადგენი იყო „სამეულიდან“ ორის ისე გაუცხოება, რომ ახალი ომის დაწყების ალბათობას რეალური სახე შეეძინა. მოთავე ახალი ომისა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩერჩილი იყო და მასთან ერთად აშშ-ს მიერ პოტსდამის „სამთა“ კონფერენციის მსვლელობის დროს იაპონიის ქალაქების ხიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული იარაღით დაბომბვა.

აშშ-ს ბირთვულმა იარაღმა ახალი შემართებით აღავსო აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი — დათრგუნული საბჭოთა კავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლენის ქვეშ მოქცევით.

ჩერჩილის მიერ შემუშავდა საბჭოთა კავშირის სტრატეგიული ობიექტების, ქალაქების, მათ შორის თბილისის ბირთვული ბომბებით განადგურება.

გეგმა ვერ განხორციელდა მრავალ მიზეზთა გამო, მათ შორის ბირთვული ბომბების რაოდენობის სიმცირით. 1949 წელს კი საბჭოთა კავშირის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდით, მოგვიანებით წყალბადის ბომბით.

მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეები, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სახით, ახალი მეტოქის წინააღმდეგ დაირაზმნენ, რაც დღესაც გრძელდება. 6 მარტი ის დღეა, როდესაც აშშ-ს ქალაქ ფულტონში სიტყვა წარმოთქვა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჩერჩილმა და აშშ-ს პრეზიდენტის ტრუმენის წინაშე პირველად ახსენა სიტყვა „რკინის ფარდა“ საბჭოთა კავშირთან მიმართებაში; რომ მან, ანუ საბჭოეთმა „რკინის ფარდა“ ჩამოუშვა ევროპის შუაგულში და გაჰყო კონტინენტი ორ ნაწილად, რომელმაც ევროპელთა ნაწილი — დემოკრატიისა და თავისუფლების დაუღალავი მებრძოლი „რკინის ფარდის“ იმ ნაწილში აღმოაჩინა, რომელიც შორსაა ამ მცნებებისგან.

შეესაბამება თუ არა ჩერჩილისეული განმარტება „რკინის ფარდის“ ჩამოშვებასთან მიმართებაში სინამდვილეს?

შეესაბამება, მხოლოდ ნაწილობრივ. „რკინის ფარდა“ მართლაც ჩამოუშვეს, მაგრამ არა საბჭოთა კავშირმა, არამედ აშშ-ა და დიდმა ბრიტანეთმა.

საბჭოთა კავშირს არასდროს განუცხადებია, რომ წინააღმდეგია დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის. პირიქით, ოფიციალური მოსკოვი 1949 წლიდან, ნატოს სამხედრო ბლოკის შექმნიდან დაწყებული, ითხოვდა ამ ორგანიზაციაში გაწევრებას, თუმცა ამაოდ.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ იყო მცდელობა საბჭოთა ხელმძღვანელობის მხრიდან ნატოში შესვლის, მაგრამ კოლექტიურმა დასავლეთმა არასერიოზულად ჩათვალა ოფიციალური მოსკოვის თხოვნა.

უფრო მეტიც, კიდევ ერთ თხოვნას ჰქონდა ადგილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, რუსეთის მხრიდან, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის საჯარო განცხადებით, თუმცა დასავლეთმა, კერძოდ ნატომ თხოვნა არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ხალხების დამონებას საბჭოთა კავშირის მიერ, ისეთი თემაა, სერიოზულ, სიღრმისეულ ახსნა-განმარტებას რომ მოითხოვს, რაც სტატიის მიზანი არ არის და გარდა ამისა, ვერც დაიტევს ზღვა მასალას.

დიდი მტკიცება არ სჭირდება რანი იყვნენ სოციალისტური ბანაკის და ბალტიისპირა სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს და რანი არიან ისინი ე.წ. თავისუფლების, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პირობებში.

ყველა ისინი ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან, თავფეხიანად დამოკიდებული ბრიუსელზე, ნატოსა და ევროკავშირის შტაბ-ბინებზე — ყოველგვარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტსიგან დაშორებული.

ევროკავშირს, აღნიშნული ქვეყნების არც მრეწველობა, არც სოფლის მეურნეობა, არც მეცნიერება, არც ეკონომიკის სხვა დარგები დასჭირდა. და რახან არ დასჭირდა, წერტილი დაესვა მათ არსებობას. და რახან წერტილი დაესვა — წერტილი დაესვა დასაქმებას. გაჩნდა უმუშევრობა, რასაც მოჰყვა მომთაბარე ცხოვრება — სამუშაოს ძებნის საბაბით.

ბალტიისპირა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ისე დაიცალა მოსახლეობისგან, რომ მათ სახელმწიფოებრივ არსებობას სერიოზული საფრთხე შეექმნა. არადა, აღნიშნულ ქვეყნებს განათლებული, მაღალკვალიფიცირებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი ჰყავდა.

ის, რაც მოგახსენეთ საქართველოსაც ეხება — საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ მოწინავე რესპუბლიკას — მდიდარს, დაპურებულს და არა დღევანდელს, მშიერს, დაჩაჩანაკებულს. თქვენს ყურადღებას არ გავამახვილებ იმაზე, რაც გვაქვს, ვინაიდან კარგად იცით, მაგრამ ვიტყვი იმაზე, რაც დავკარგეთ, უპირველესად სოფლის მეურნეობაზე, ვინაიდან ელდა მეცა, როდესაც საზოგადოებრივ რადიო ეთერში მოვისმინე ჟურნალისტის უვიცობა, რომ თურმე საბჭოთა კავშირმა გაანადგურა ქართული ყურძნის ჯიშები.

ჟურნალისტი, რომ მისი დამრიგებელი დასავლელის დაკვეთას ასრულებს, საქართველოში ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ გალანძღო საკუთარი წარსული, დაუმსახურებლად არც მას და არც სხვას არ ეკადრება.

იმ „ავადსახსენებელ“ საბჭოთა საქართველოში სამაგალითო მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არსებობდა, ისე, როგორც სახელგანთქმული სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი; ცდების ჩატარებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთით, რომელიც ახალმა სისტემამ გაჩეხა და გაანადგურა. მის ნაცვლად საკუთარი საცხოვრებელი ვილები წამოჭიმა.

სამაგალითო იყო ზოოვეტერინალური ინსტიტუტი, ანასეულის მეჩაიეობის კვლევითი ინსტიტუტი, … რომელი ერთი ჩამოვთვალო. ყველა ზემოჩამოთვლილ უმაღლეს სასწავლებელსა და ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე პროფესორები, მეცნიერები მოღვაწეობდნენ. აი, სწორედ მათ მიაყენა გაუნათლებელმა ჟურნალისტმა შეურაცჰყოფა.

იმ მეცნიერების დაუღალავი შრომით აღდგა გადაშენებული ქართული ვენახის ჯიშები, განვითარდა ყინვაგამძლე ქართული ჩაი, ისე, როგორც მეთამბაქოება, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა, მსხვილფეხა და წვრილფეხა მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ხელი შეეწყო ქართული ხორბლის აღორძინებას და ა.შ.

სწორედ საბჭოთა კავშირის დროს თბილისში აშენდა კონიაკის, შამპანური ღვინოების, ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა-ქარხნები. საქართველო ალკოჰოლური სასმელებით — კონიაკით, შამპანურით, ღვინით, არყით არა მარტო საბჭოთა კავშირს ამარაგებდა, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებსაც.

რაც შეეხება ქართულ ჩაის, სახელგანთქმულს სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, 97%-ით ფარავდა საბჭოეთის მოთხოვნებს; ქართულ თამბაქოს იყენებდნენ ცნობილი ამერიკული სიგარეტების „მალბოროს“, „ქემელის“ დამზადებაში. სხვა ბევრი მაგალითის გახსენებაც შეიძლება, მაგრამ შეიგნებს ის ჟურნალისტი ან მისი მსგავსი სხვანი საბჭოთა წარსულის სიდიადეს?

მარტის თვე დასამახსოვრებელია საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის გარდაცვალებით. დღევანდელი ქართული კალენდარი არ ისხენებს ამ თარიღს, ვინაიდან აკრძალული გვაქვს არათუ გახსენება, არამედ ხსენებაც კი. და თუ დღევანდელები ახსენებენ, მხოლოდ ლანძღვა-გინებით, წყევლით და კრულვით.

კოლექტიურმა დასავლეთმა ისე გაწვრთნა აქაური გოგო-ბიჭები, რომ წარსულიც დაავიწყა და მომავალიც უკანალზე დაატრიალებინა. მაპატიეთ, სიტყვა „დაავიწყას“ გამოყენებისთვის, თანამედროვე ახალგაზრდებთან მიმართებაში, ვინაიდან არასწორად ვიხმარე. უფრო სწორი სხვა სიტყვა იქნებოდა და“ არა დავიწყება“. რაც არ იცი, იმას ვერ დაივიწყებ. თანამედროვე ახალგაზრდამ არ იცის უახლესი ქართული ისტორია, მითუმეტეს საბჭოური; სტალინი იცის, ყური მოუკრავს, მაგრამ ვინ იყო და რა იყო არ იცის.

რაც იცის, ლანძღვა-გინებაა დასავლელთა მიერ ჩამოწოდებული. არადა სტალინი ისტორიული მოვლენაა, პიროვნება, პოლიტიკოსი, რეფორმატორი, უდიდესი სახელმწიფოს შემქმნელი, კომუნისტური იდეოლოგიისთვის პრაქტიკული სახის ჩამომყალიბებელი, საბჭოთა კავშირის ირგვლივ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის, ევროპის ქვეყნების შემომკრებელი, უდიდესი ქვეყნის, საბჭოთა კავშირის მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ხელოვნების, ეროვნებათაშორის ურთიერთობების, ატომური ენერგიის, თავდაცვისუნარიანობის უმაღლეს დონეზე ამყვანი. ძნელად მოიძებნება დარგი, რომელშიც თავის წვლილი არ შეეტანოს სტალინს, სახელმწიფო მოღვაწეს, რომლის თაობაზე მსოფლიო ისტორიას ჯერაც არ უთქვამს თავისი სიტყვა — შესაფერისი მისი პიროვნებისა და სახელმწიფო საქმიანობისთვის.

აი, ასეთ ადამიანს ვლანძღავთ, ვაგინებთ. მკვლელს, რეპრესიების ორგანიზატორს, სადისტს, ტირანს ვუწოდებთ. არადა ამ „ტირანის“ წინამძღოლობით განადგურდა ჰიტლერული გერმანია; ამ „ტირანის“ სახელს და გვარს აწერდნენ ტანკებს, თვითმფრინავებს — ფაშიზმის წინააღმდეგ შემართულს.

სტალინის სახელით წითელარმიელები, წელზე ხელყუმბარებშემოხვეულები უვარდებოდნენ სვასტიკებიან გერმანულ ტანკებს.

იყვნენ ისინი სრულ ჭკუაზე თუ პატრიოტული გრძნობები, სტალინის სიყვარული აიძულებდა მათ გადაედგათ გმირული ნაბიჯი?!

სტალინის, კომუნისტების მეცადინეობით საბჭოთა ხალხში გამჯდარი იყო პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული. ხალხმა იცოდა — ჯერ სამშობლო, შემდეგ ადამიანი, ამ სამშობლოს კეთილდღეობის მშენებელი და არა პირიქით.

„დამოუკიდებლობის“ 30 წელმა, რაც გვარგუნა, საკუთარი კუჭის დაკმაყოფილებისთვის ზრუნვაა. ვიღას ახსოვს სამშობლო.

სიტყვა და ცნება „პატრიოტიზმი“ საშაყირო თემაა. ბოდიშს გიხდით ჟარგონისთვის. სტალინის ძაგება, მოჭარბებული ძალით გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო და ფართოდ გაშალა ფრთები სააკაშვილის დამნაშავე ნაცისტური ხელისუფლების დროს.

სააკაშვილის ირგვლივ შემოკრებილებთა შორის კრიმინალებს ვინ მოთვლიდა, მაგრამ მათ შორის გამორჩეულები, ძმები რურუები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი კულტურის მინისტრიც იყო და ეს აიტანა საქართველომ, მისმა „გმირმა“ ხალხმა — რეციდივისტი, მხედრიონელი კულტურის მინისტრად.

აი, ამ კულტურის მინისტრმა ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის დროს სტალინს კრიმინალი უწოდა — ადამიანი, რომლის სახელი და გვარი ქვეყნის ისტორიიდან უნდა ამოიძირკვოსო. მისთვის პასუხი, საკადრისი და ნამდვილი კრიმინალისთვიოს შესაფერი, არვის გაუცია.

არც დღეს ჰყავს სტალინს დამცველები ქვეყანაში, რომელიც მის სამშობლოდ ითვლება. იქ კი, დიდ რუსეთში სტალინის პოპულარობა რეკორდებს ხსნის და რომ არა რუსეთის ხელისუფალთა ანტისტალინური განწყობა, მისი ძეგლებით დაიფარებოდა რუსეთი.

რით არის ეს გამოწვეული, თუ არა სტალინის საყოველთაო სიყვარულით. რა უნდა სჯიდეს რუსეთის მაცხოვრებელს, თითქმის მოსახლეობის 70%, რომ სტალინს რუსეთის ისტორიაში, ყველაზე საუკეთესო, სამართლიანი მმართველის სახელი მიაკუთვნოს?

აქვე მინდა მოვიყვანო ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვიქტორ რცხილაძის სიტყვები: „ბოროტებაა ისიც, ვინც ბოროტებას არ ებრძვის ან უუნაროა მასთან ბრძოლისა; ვინც არ კრძალავს ე.წ. „ნაცმოძრაობას“ (ხელისუფალთა გასაგონად), ამ აშკარად ანტიქართულ მოვლენას, ამიტომაა აუცილებელი დიქტატურა (ჩათვალეთ ეს თუნდაც კანონის დიქტატურად), რომელიც ამას განახორციელებდა და ერთდროულად მოგვაშორებდა უუნაროთა ხელისუფლებას მრავალ „პარტიასთან“ ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ დიქტატურას, სხვა დიდი ქვეყანა დაამყარებს, რომლის გამოცნობა ძნელი არ არის და რომელსაც, ალბათ, ქართველების უმეტესობა იძულებით მიესალმება“.

ამ ბრძნული სიტყვების გამოქვეყნებიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა აქტუალურობა არ დაუკარგავს, პირიქით, რაც დრო გადის, უფრო გვახსენებს თავს. გვახსენებს, მაგრამ რეაგირება არ ჩანს. და არც გამოჩნდება, ვინაიდან საზოგადოებამ ნებაყოფლობით მიიღო დიდი ქვეყნის დიქტატი და არათუ მიიღო, დედის რძესავით შეირგო.

მაპატიოს ვაშინგტონმა, სპონტანურად, დაუფიქრებლად სიტყვა „დედის“ ხსენებისთვის. საქართველოს, აშშ-ს 51-ე შტატად მიღების მსურველის გაუთვალისწინებლად დავუშვი შეცდომა და ვერ დავიცავი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ბლინკენის ბრძანება — სიტყვების „ცოლის, ქმრის, დედის, მამის, ძმის და დის“  ხმარებიდან ამოღებასთან დაკავშირებით.

მარტის თვე სხვა თარიღებითაცაა გამორჩეული. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. დავასახელებ ერთს — ფრანკიზმის გამარჯვებას ესპანეთში. მარტში დასრულდა სამოქალაქო ომი ფრანკოს ჯარებსა და რესპუბლიკელებს შორის. დიდი სამამულო ომის დაწყებამდე ეს იყო უმძიმესი დაპირისპირება, რომელშიც საბჭოთა კავშირმა აქტიური მონაწილეობა მიიღო — რესპუბლიკური მმართველობის გადასარჩენად, თუმცა წარუმატებლად. რესპუბლიკელები დამარცხდნენ და ფრანკოს დიქტატურამ მრავალი ათეული წელი იარსება.

ფრანკოს გერმანულ-იტალიური ფაშიზმი უჭერდა მხარს. ათასობით ესპანელის სიცოცხლე შეიწირა სამოქალაქო ომმა, მოწინააღმდეგეების მიერ დატყვევებულთა ადგილზე დახვრეტამ ყოველგვარი იურიდიული პროცედურის უგულებელყოფით. იდეოლოგიურად დაპირისპირებულები მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს.

ანალოგიურ შურისძიებას ჰქონდა ადგილი, როდესაც 1945 წელს, მოკავშირეების პარიზში შესვლასთან ერთად, ჰიტლერთან მოთანამშრომლე ვიშის ხელისუფლებას, ხალხმა გამოუტანა განაჩენი — ვიშის ხელისუფლების და მის ირგვლივ შეკრებილი ხალხის ხოცვა-ჟლეტვით.

ჩამოახრჩვეს პრემიერ-მინისტრი, დააკავეს პრეზიდენტი, მარშალი პეტენი, მხოლოდ სოლიდურმა ასაკმა (ის 86 წლის იყო) იხსნა პეტენი სიკვდილისგან.

იმჟამინდელ მსოფლიოში შურისძიება, ხოცვა-ჟლეტვა დაპირისპირებულ მხარეთა შორის რეპრესიად, სისასტიკედ აღიქმებოდა, მაგრამ არც ისე, როგორც დღეს. თუმცა დღევანდელ ბარბაროსობაზეც კოლექტიური დასავლეთი ხუჭავს თვალს. ამ სივრცეში მცხოვრები ადამიანების სისტემატური გამოსვლები, მიტინგები, დემონსტრაციები, სამშვიდობო მოწოდებები არ იწვევს ხელისუფალთა მხრიდან ჯეროვან რეაგირებას. არ აიძულებს აშშ-ს, ევროკავშირს, ნატოს წერტილი დაუსვას ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების გენოციდს.

ისრაელის არმიის მიერ კუთხეში მომწყვდულ პალესტინელ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს აიძულებენ მიატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი და სხვაგან, მაგალითად სინას ნახევარკუნძულზე დაიდონ ბინა — დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ქვიშიანსა და უწყლოზე, სადაც წლის განმავლობაში აუტანელი სიცხეა — ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი უდაბნოს შესაფერისი.

და ეს დასავლეთი, ვითომ დემოკრატიული, ვითომ ცივილიზებული, ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი „უძლურია“ ისრაელის პრემიერ-მინისტრის მზაკვრული აგრესიის შესაჩერებლად. დღეს, 2024 წელს, სიტყვით სოლიდარობას გამოხატავენ პალესტინელი ხალხის მიმართ, საქმით — პალესტინელთა გასანადგურებელი ჭურვებით, იარაღით ამარაგებენ ისრაელს.

აი, ასეთი დემოკრატი დასავლეთი ლანძღავს სტალინს გულაგისთვის. საარქივო მასალების მიხედვით, 1939 წელს გულაგში 1317195 პატიმარი იყო, აქედან პოლიტპატიმარი — 493432. ათას კაცზე პატიმართა რაოდენობა 1,5-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე აშშ-ი. 1937-39 წლებში წითელი არმიიდან 40000 მეთაური დაითხოვეს. დარჩენილი 32000-დან 8000 დააპატიმრეს, 1941 წლის 1 იანვრამდე 13000 აღადგინეს ჯარში.

იაპონიის მიერ აშშ-ს პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ, აშშ-ს ადმინისტრაციის განკარგულებით, აშშ-ი დაბადებულ, გაზრდილი და უკვე ამერიკელად გადაქცეული იაპონელები მოწყვიტეს თავიანთ საცხოვრისს და რეზერვაციებში შეჰყარეს. ეკადრებოდა თუ არა „დემოკრატიის აკვანს“ ესოდენ „ჰუმანური“ ქცევა? — თქვენ განსაჯეთ.

აქვე გავიხსენებ ბერნარდ შოუს სიტყვებს: „დემოკრატია არის ბუშტი ადამიანთა თავებზე, რომელსაც ისინი შეჰყურებენ და ამ დროს მათ ჯიბეებში ქურდები ხელს აფათურებენ“.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

08/03/2024