სად იყო ბირთვული ჩემოდანი?!
უპირველეს ყოვლისა ჩვენი გასაჭირის თაობაზე. ახალი წელი შესულიც არ იყო ძალაში, რომ ჯერ შუქი გამოირთო, შემდეგ წყალი. წყლის გამორთვა, თანაც არა რამდენიმე საათით, არამედ 24 საათით და მეტით იმდენად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ გვიკვირს, როდესაც მოდის.
დააკვირდით! კვირის განმავლობაში 3-ჯერ მაინც ბოდიშს გვიხდიან წყლის გამორთვისთვის, თითქოს ბოდიში უწყლობას ცვლიდეს.
დღეს, 20 იანვარია და ვინ მოთვლის, რამდენჯერ გამორთეს წყალი! ვარემონტებთო, — გვეუბნებიან.
არემონტებენ ელექტროგაყვანილობებს და რახან არემონტებენ, უშუქობასაც უნდა შევეგუოთ. და ჩვენც ვეგუებით. ხან უწყლობას, ხან უშუქობას, ხან კიდევ რას — ხელისუფალთა უტვინო თავისმართლება რომ ჰქვია. ვეგუებით გადათხრილ ქუჩებს, ვეგუებით მერიის განცხადებებს — ქუჩებს თქვენი კომფორტული გადაადგილების გამო ვაკეთებთო.
იქნებ ფულისთვის, საკუთარი ჯიბისთვის გამიზნულის გამო და არა თბილისელთა კომფორტული გადაადგილებისთვის?!
ვგონებ კითხვაც უადგილოა. გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო თბილისის სამი ქუჩის რემონტი — მიცკევიჩის, უნივერსიტეტის მღლივი კორპუსის, წერეთლის პროსპექტის. ეს უკანასკნელი ჯერაც დაუმთავრებელია.
მოდით დავსვათ კითხვა — რამდენი კილო (ტონა) მტვერი აყლაპა თბილისის მერიამ აღნიშნული ქუჩების მცხოვრებთ და სხვებს, რომლებსაც მოუხდათ ახლო-მახლო გავლა-გამოვლა?
ვერც ერთი სამედიცინო დაწესებულების „მტვერსასრუტი“ ვერ შეისუნთქავს თბილისელთა ფილტვებში ჩაპრესილ მტვერს — ქალაქის მერიის თავხედური, ღორმუცელური ქმედებით გამოწვეულს, აღარაფერს ვამბობ იოლი გადაადგილების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტზე, პირადი ჰიგიენის გაუარესებაზე; ზაფხულის გაგანია სიცხეში, გადათხრილი ქუჩებიდან ავარდნილი მტვრის მოყვითალო „ღრუბლებში“ „ანგელოზებივით“ ცურვაზე; ზამთარში, კოჭბამდე ტალახში სიარულზე, ავტომანქანების, გათხრილ ორმოებში ცხვირით გადაშვებაზე და იმაზე, რაზეც ლაპარაკიც კი დაუშვებელია ნორმალურ დედაქალაქში, ქვეყანაში.
არადა, საქართველო ხომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა? ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ნუთუ ველობილიკების გაკეთებით ამოიწურება?
თბილისის ისედაც ვიწრო ქუჩები, მერიამ კიდევ უფრო დაავიწროვა ველობილიკებისა და უზომოდ ფართო ტროტუარების გაკეთებისთვის. არადა, არ ჩანან „ველოსიპედისტები“. რა ხანია სპეციალურად ვაკვირდები ასეთის დასაფიქსირებლად, მაგრამ ამაოდ.
ქალაქის გონგამოცლილ მერს, გვარად კალაძეს, პროფესიით ფეხბურთელს, ივანიშვილების პროტეჟეს, უზომო სურვილი აქვს, რომ თბილისელებმა ველოსიპედით იარონ სამსახურში, პირად საქმეზე და არა საკუთარი ავტომანქანით. საკუთარი ავტომანქანიდან ხალხი საქალაქო ტრანსპორტში უნდა გადასხდნენო? — აცხადებს ის.
საქალაქო ტრანსპორტში, რომელიც დიდი ინტერვალით (20-30 წუთი) მოძრაობს და ისეა გაჭედილი, ნემსი არ ჩავარდება.
რა გამოდის? ქალაქის მერი ავტომანქანების წინააღმდეგია?
მისი ვიწრო „ფილოსოფიით“, ის არა მარტო კერძო ავტომანქანების წინააღმდეგ გამოდის, არამედ ავტომრეწველობის. ქალაქის მერს ვურჩევდი აკრძალოს ყველა ავტოსალონი, ესოდენ მომრავლებული და მათ ნაცვლად ველოსიპედები გაყიდოს.
ქალაქის მერის „მოღვაწეობა“ სერიოზული განსჯის საგანია, ისე, როგორც უნიათო ხელისუფლების, მაგრამ ვინ არის პატრონი?
ვირტუალურად, პატრონი ნებისმიერი თბილისელია, მაგრამ რეალურად არავინ. თბილისელი ამისთვის ვერ იცლის — ხინკლის ჭამით არის დაკავებული და სამშობლოს სიყვარულის სადღეგრძელოში გამოხატვით.
თბილისელი, ცხადია ყველა არა, მაგრამ „პატრიოტული“ ნაწილი პედერასტების დევნით არის დაკავებული და კიდევ საპროტესტოდ, ევროკავშირის დროშის დაწვით. მოტივი — ევროკავშირი ქართველობას გადაშენებით ემუქრებაო. მათ გასაგონად ვიტყვი, ევროკავშირი კი არ ემუქრება ქართველობას, არამედ ქართველობა ემუქრება საკუთარ თავს, კალაძის და მისი მსგავსი ხელისუფლების სახით. ოპოზიცია მათ პრორუსულებს ეძახის, არადა, ისინი, ისე, როგორც ოპოზიცია, პროევროპულ-პროამერიკულები არიან.
ქალაქის მერის ფენომენი უპრეცენდენტოა. თბილისი, დედაქალაქი, პატარა ქვეყნის კვალობაზე, საკმაოდ დიდი ქალაქია თავისი მეურნეობით, სოციალურ-კულტურული ცხოვრებით, პრობლემებით, ისტორიით, ისტორიული ძეგლებით. თბილისი — საქართველოა. მსგავსი ქალაქი ამ ქვეყანაში არ არის და რახან ასეა, მას შესაფერისი მერი უნდა ჰყავდეს, მეურნე, საქმის მცოდნე, მუყაითი პიროვნება და არა ისეთი, როგორიც დღეს — სკოლის ატესტატის არმქონე, გაუნათლებელი.
სამწუხაროდ, „ოცნების“ მესვეურთა აქცენტი განათლებაზე, საქმის ცოდნასა და გამოცდილებაზე, სულაც არ მიიღება მხედველობაში ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნის დროს. მთავარი კრიტერიუმი, დამნიშნავისადმი, მორჩილებაა. ანუ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისადმი მორჩილება.
12 წელია საზოგადოება უყურებს ამ ქაოსს, მაგრამ კითხვა არ აქვს. მისთვის, როგორც ჩანს მისაღებია ვითარება, რაც აქ არის. და რახან ასეა, რა შუაშია ევროკავშირი?
მოსახლეობას წყალი, შუქი რომ არ აქვს, ხელისუფლების დანაშაულია. მოსახლეობას მძიმე სოციალური პირობები რომ აქვს, ევროკავშირის ბრალია თუ ქვეყნის ხელისუფლების?!
დანგრეული ქუჩები, მოუვლელი ქუჩა, ბაღი, სკვერი თუ ბევრი სხვა რამ სხვისი ბრალი კი არ არის, საკუთარი ხელისუფლების ბრალია. მძიმე დემოგრაფიული ვითარება ევროკავშირის ბრალია თუ აქაური ხელისუფლების, რომელმაც შესაბამისი პირობები არ შექმნა მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ის, რომ მოსახლეობა სხვა ქვეყნებში გადაიხვეწა ლუკმა-პურის საშოვნად, ევროკავშირის ბრალია თუ აქაური ხელისუფლების, რომელმაც არც მრეწველობა და არც სოფლის მეურნეობა ააღორძინა მოსახლეობის დასასაქმებლად.
აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. რომ ჩამოვა გვეტყვის ვის შეხვდა, ვის ელაპარაკა და მერე რა?
არც არაფერი, ვინაიდან დავოსის და მისი მსგავსი ფორუმებში მონაწილეობას საქართველოსთვის არაფერი მოუტანია. პირადად იმისთვის, ვინც ამ ფორუმს ესწრებოდა და ესწრება, სასიამოვნო დროისტარებაა.
როდესაც ესოდენ სასიამოვნო დროსტარებით იწყებ ცხოვრებას ახალ წელს — უდავოდ სასიამოვნოდ გააგრძელებ მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ქვეყანა, ხალხი?
ვიმეორებ კითხვას — რა მოუტანა წინა წლის დავოსის ფორუმებში მონაწილეობამ საქართველოს ან რას მოუტანს წელს ის?
პასუხიც მარტივია — მოუტანს იმას, რაც წინა წლებში მოუტანა, ანუ არაფერს, გარდა ერთისა საქართველოს ბიუჯეტისთვის დიდ დანაკარგს.
ცნობისთვის, იმისაც გეტყვით, რომ დავოსმა დაკარგა სახე. ის, ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. საქმიანი ფორუმი, დროსტარებამ ჩაანაცვლა. როგორც საქმეში ჩახედულები აცხადებენ, დავოსი ყოველთვის იზიდავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეძავებს პოლიტიკოსებისთვის — მათ ხომ სჭირდებათ „დაძაბული“ დღის წესრიგიდან განტვირთვა? წელს ხანმოკლე „განტვირთვა“, ცხადია მეძავთა ძალისხმევით, 2000 ევრო ღირს.
დავოსი, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, სწორედ ისაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას რომ შეეფერება. რამდენი ევროპელი კოლეგა მიულოცავდა ღარიბაშვილს კანდიდატობას და ისიც შესაბამისად „გაბრექილი“, როგორ შეიფერებდა მილოცვას?!
ისევ გავიმეორებ კითხვას — საქართველოს რა?! ამ ქვეყნის მმართველს ხელში ცოცხი უნდა ეჭიროს და ქუჩას ხვეტდეს (ცხადია გადატანითი მნიშვნელობით) და არა უცხოურ ფორუმებში ყელყელაობდეს.
ყველა „ბედნიერების“ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მითუმეტეს ცუდ გუნება-გამწყობილებაზე დაგვაყენებს, უკვე დამდგარ ახალ წელს. ამდენად თავს შევიკავებ, მაგრამ ის დალოცვილი „ცივილიზებული“ სამყარო, რომ თავშეუკავებლად იქცევა და თავის პროექტებს გვტენის ჩვენც და დანარჩენ მსოფლიოს?!
გვტენის და მერე როგორ! საახალწლო, საშობაო დღესასწაულები ის-ის იყო ჩამთავრდა და აშშ-ა თავისი სამხედრო კუნთები მძლავრად შეათამაშა, თან ისე, ლამის მსოფლიო, მესამე ომის წინაშე დააყენა.
იემენელი „ჰუსიტების“ მიერ დაკავებული ტერიტორიების მასირებული, მრავალჯერადი დაბომბვა, „ჰუსიტების“ პასუხი აშშ-ს კომერციულ სატვირთო გემებზე საჰაერო თავდასხმით, ირანის მიერ ერაყში, ქურთების ავტონომიაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმა, რომლის დროს მიწასთან გასწორდა ერბილში აშშ-ს ახალი საკონსულო დაწესებულების შენობის მშენებლობა და სიცოცხლეს გამოესალმა ქურთი მილიარდერი, თავისი ოჯახით — ისრაელის სპეცსამსახურ „მოსადთან“ მჭიდროდ მოთანამშრომლე, აშშ-ს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მხარდაჭერა „ჰამასის“ წინააღმდეგ წარმოებულ ომში, რომელმაც ზოგიერთი ევროპული ქვეყნის განცხადებით, პალესტინელი არაბების გენოციდის სახე მიიღო, კარგს არაფერს უქადის მსოფლიოს. დავუმატოთ ამას უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია — დიდი მსხვერპლით და ნგრევით, მშვიდობიანი მომავლის ილუზიას არ უნდა გვიქმნიდეს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველივე აღნიშნულის ინიციატორი, წამქეზებელი და წარმმართველი ის ქვეყანაა, რომელსაც ქართული პოლიტიკა, რატომღაც სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. სწორედ ამ „სტრატეგიულმა პარტნიორმა“ უკრაინა იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ლამის სახელმწიფოებრივობა დაკარგოს. სხვათაშორის აღნიშნულის (სახელმწიფოებრივობის დაკარგვის) თაობაზე კატეგორიულად თქვა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა.
უკრაინა, საქართველოს მსგავსად, აშშ-ს „სტრატეგიულ პარტნიორად“ თვლიდა და თვლის თავს. ის, სხვაგვარად ვერც მოიქცევა, ვინაიდან თავიდან ბოლომდე აშშ-ზეა ჩამოკიდებული. აშშ-ს მიერ მიცემული ფულით არსებობს უკრაინა. ამ ფულით და ევროკავშირის მიერ სამოწყალოდ გამოყოფილი თანხებით.
შეფერხება, რასაც ამჯერად აქვს ადგილი აშშ-ს მხრიდან, მომაკვდინებლად მოქმედებს უკრაინაზე, რის შესახებაც საყვედურით თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.
ზელენსკი ფორუმის ის მონაწილე იყო, რომელიც არათუ იზიდავდა მასთან საუბრის მსურველებს, რასაც წინათ ჰქონდა ადგილი, არამედ ისხლიტავდა მათ, ვინაიდან იცოდნენ, რომ ზელენსკი ფულს მოითხოვდა, ფულის გარდა საბრძოლო იარაღს და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას.
თავის გამოსვლაში მან სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და კოლექტიური დასავლეთი დაადანაშაულა შეპირებული იარაღის არასრულად და არადროულად მიწოდებაში, რამაც კონტრშეტევის წარუმატებლობა გამოიწვია.
ზელენსკის მოხსენება გაღმით შედავებას ჰგავდა. ის, იმ „გაღმას“ შეედავა, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ უკრაინამ გააცრუა მათი იმედი კონტრშეტევის უსუსურად წარმართვაში.
დასავლეთში სისტემატურად აცხადებენ უკრაინის ხელისუფალთა კორუმპირებლობის თაობაზე, დასავლეთის მიერ მიცემული თანხების მითვისებაზე, უცხოეთის სხვადასხვა ქალაქებში ფეშენებელური ვილების შეძენაზე და ა.შ.
ზელენსკის ვიზიტი დავოსში პირველია და როგორც დასავლელნი ამბობენ, უკანასკნელი, ვინაიდან დასავლეთს არ უყვარს კრიტიკა, ლანძღვა, წითელი ხაზების გადაკვეთა, რასაც მუდამ აკეთებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა დავოსის ტრიბუნიდან შეახსენა დასავლეთს, რომ უკრაინა არა მარტო თავის თავისთვის ომობს, არამედ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის. უკრაინის წაგების შემთხვევაში, რუსეთი ევროპის ქვეყნებისკენ გაიწევს.
არის თუ არა ეს განცხადება შანტაჟი?!
გარდა ამისა, ზელენსკიმ მოულოდნელი რამ გააჟღერა — ევროპის ქვეყნების სამხედრო ძალების ომში ჩართვა, რუსეთის წინააღმდეგ. ანუ უკრაინის ჯართან ერთად ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ჯარის მონაწილეობა, რაც თავისთავად მიუღებელია ევროპელთათვის.
ისინი ზელენსკისგან რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების გეგმის გაჟღერებას მოელოდნენ და არა ზელენსკის ძველი გეგმის, ანუ ულტიმატუმის დატრიალებას — გაცვეთილი „პლასტინკის“ მსგავსად.
დავოსის ფორუმზე იყო მსჯელობა უკრაინისთვის ფულის გამოყოფის თაობაზე, მაგრამ საერთო მსჯელობის ხასიათის მატარებელი და არა კონკრეტულის.
სუვერენიტეტდაკარგული ევროპა, აშშ-ს დაკრულზე მოცეკვავე, ზელენსკის ვერ მიუჩნევდა შესაფერის ადგილს, ვინაიდან ვაშინგტონის შიშით, ერიდება მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას. მაგრამ სადამდე?
წელს ევროპარლამენტის არჩევნებია და უნდა ვიმედოვნოთ, რომ ახალი შემადგენლობა მოჩვენებით მაინც შეეცდება მთელს მსოფლიოს თავი სუვერენულად მოაჩვენოს, თუმცა ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაუშვებს ამას?
როგორც ამბობენ, თვით ურსულაც დაემშვიდობება ევროკავშირის შეფობას და ნატოს გენერალურ მდივნად მოგვევლინება — მდედრობითი სქესის წარმომადგენელი უნდაო აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს.
უნდა თუ არა, არვინ იცის, ვინაიდან მისი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა ისეთია, ვერვინ იგებს რა უნდა მას.
აი, ასეთი პრეზიდენტობის კანდიდატი ეყოლება დემოკრატებს წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში — ამჟამად „მოქმედი“ პრეზიდენტი, რომლის რეიტინგი 33%-მდეა დაცემული, რესპუბლიკელი მეტოქის ტრამპის რეიტინგის ფონზე — 68%, ერთობ არასახარბიელო, თუმცა არვინ იცის მიაღწევენ თუ არა ისინი ფინიშამდე?
ბაიდენი — ჯამრთელობის გამო, ტრამპი — დემოკრატების მიერ აგორებული ანტიტრამპული პროვოკაციების გამო.
დასუსტებული ფედერალური ხელისუფლება არათუ საგარეო პრობლემებს ვერ უმკლავდება, საშინაოშიც მოუქნელად მოქმედებს.
მაგალითები ამისა არაერთია, მათგან გამოვყოფდი სამხრეთის საზღვრის უზომო „გამჭვირვალობას“ და მეზობელი მექსიკიდან ათასი ჯურის ლტოლვილის ამერიკაში შესვლას.
ოფიციალური მონაცემებით, ყოველდღე 15—20000-მდე სამხრეთ ამერიკელი, სირიელი, ავღანელი, აფრიკელი, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი უკანონოდ კვეთს აშშ—მექსიკის საზღვარს და ახალ ცხოვრებას იწყებს აშშ-ი.
პრეზიდენტ ტრამპის დროს ორ ქვეყანას შორის, საკმაოდ გრძელი და მაღალი ბეტონისა და რკინის ღობე აშენდა, მაგრამ ბაიდენის თეთრ სახლში მისვლის შემდეგ, კედლის მშენებლობა შეწყდა — არაჰუმანურობის გამოვლინებისთვის წერტილის დასასმელად.
მას შემდეგ ასობით ათასი ლტოლვილი შევიდა აშშ-ი.
დემოკრატები აღნიშნულს დადებითად იხილავენ. რესპუბლიკელები — უარყოფითად. ისინი მოითხოვენ ფედერალური ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას სასაზღვრო კედლის მშენებლობის გაგრძელებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში რესპუბლიკელები მხარს არ დაუჭერენ დემოკრატების კანონპროექტს, უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით.
საარჩევნო წელს დემოკრატებისა და პრეზიდენტ ბაიდენის ლტოლვილების მიმართ რბილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სერიოზული რამ იკვეთება — მხარდაჭერა, მეტი ლტოლვილი, მეტი ხმა.
იკითხავთ — ისინი ხომ ამერიკის მოქალაქეები არ არიან და არჩევნებში როგორღა მიიღებენ მონაწილეობასო?
მიიღებენ, პატივცემულო მკითხველებო, ვინაიდან საარჩევნო ბიულეტენი არ მოითხოვს მოქალაქეობის დაფიქსირებას. ბიულეტენი ივსება და იგზავნება ფოსტით — ფალსიფიკაციის მთავარი მანქანით.
აქვე დავამატებ — საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც აშშ-ი იმართება, მხოლოდ პირობითად შეიძლება ჩაითვალოს არჩევნებად.
წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ არა მარტო მე-20 საუკუნის დასაწყისში გარდაცვლილი ამერიკელები, არამედ მე-19 საუკუნის ბოლოს. აღარაფერს ვამბობ ე.წ. კარუსელებზე, რომელსაც თითქმის ყველა შტატში ჰქონდა ადგილი ან ერთიდაიგივე პირთა მიერ ხმის განმეორებითი მიცემა, ან ყალბი ბიულეტენების ყუთებში ჩაყრა, ან საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ ყუთების მასობრივი შეცვლა, ცხადია ყალბი ბიულეტენებით და ამას ჰქვია არჩევნები?! ამას ჰქვია დემოკრატია?!
აშშ-ი, რომელიც თავს იწონებს დემოკრატიით, სიტყვის თავისუფლებით და ა.შ. სულაც არ არის ასეთი. ეს არის ქვეყანა, სადაც თეთრ სახლში, ყალბი არჩევნების გზით მივიდა ბაიდენი. აშშ-ი არის ქვეყანა, სადაც ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს დევნიან, ცილს სწამებენ და წარმოუდგენელ ბარიერებს უქმნიან, რათა არ მიიღოს მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში.
ყრუ და ბრმა ქართველო „პოლიტიკოსებო“, ასეთ ქვეყანას უწოდებთ სტრატეგიულ პარტნიორს?
ქვეყანა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ტელევიზიაში გამოსვლას შეუწყვეტს, სხვა ქვეყნის ტელეკომპანიას, რუსული RT მაქვს მხედველობაში, აუკრძალავს მაუწყებლობას, არათუ შორს არის სიტყვის თავისუფლების ან დემოკრატიისგან, არამედ არცკი იცის მათი მნიშვნელობა.
და ბოლოს, ერთი „დელიკატური“ ისტორიის შესახებ. გასული წლის ბოლოდან დაწყებული, ამა წლის პირველი დეკადის ჩათვლით, მოულოდნელად გაქრა პოლიტიკოსი პოლიტიკური არენიდან. ის, რომ რიგითი პოლიტიკოსი იყოს, თვალს დახუჭავდა კაცი, მაგრამ ის თავდაცვის მინისტრია — გენერალი, მეორე ბირთვული ჩემოდნის მატარებელი. პირველი, აშშ-ს პრეზიდენტია, რომელსაც 18 დღის განმავლობაში არავითარი, თუნდაც სატელეფონო კონტაქტი არ ჰქონია ლოიდ ოსტინთან — თავდაცვის მინისტრთან.
როგორც გახდა ცნობილი, არათუ პრეზიდენტმა არ იცოდა მისი გაუჩინარების ამბავი, არამედ უშიშროების საბჭომაც, სახელმწიფო მდივანმაც და ა.შ.
მწვავე შეტევის გამო ოსტინი საავადმყოფოში მიიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს. მას პროსტატის კიბო აღმოაჩნდა, რის შესახებაც ვისაც უნდა სცოდნოდა, არ იცოდა. ამჯერად ის სახლშია და რეაბილიტაციას გადის. უნებლიედ იბადება კითხვა — სად იყო ჩემოდანი ბირთვული ღილაკით? და ვინ ხელმძღვანელობდა „ხუსიტების“ წინააღმდეგ თავდასხმას?
თვით ოსტინმა თქვა — მე ვხელმძღვანელობდიო. გჯერათ?!
მე, არ მჯერა, ისე, როგორც ბევრი რამ, რასაც აშშ-ი აცხადებს. რა გაეწყობა — ურწმუნო თომა ვარ!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
20/01/2024