მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ დგამს ნაბიჯს პროვოკატორის შესაჩერებლად

ვიდრე თქვენი პოლიტიკური მზარეული (რუსულად უკეთესად ჟღერს — „პოვარი“) საინტერესო „კერძს“, ამ შემთხვევაში ამბავს შემოგთავაზებდეთ, უცხოური მაქვს მხედველობაში, ადგილობრივის დაგემოვნებაზეც მოგითხრობთ, რომელსაც არც გემო აქვს და არც მიმზიდველი სურნელი — მიშლენის სერტიფიკატით დაჯილდოებულ მზარეულთა ნახელავისგან მკვეთრად განსხვავებული.

რაც მას აქვს, ისეთია, გადამუშავებულის არასასიამოვნო არომატი, რომ ახლავს და არემარეს იმაზე მეტად წამლავს, ვიდრე ქიმიური იარაღის სურნელი.

სად იგრძნო თქვენმა ცხვირმა გადამუშავებული კერძის აქოთებული სურნელი — რომ მკითხოთ, უმალ გიპასუხებთ, ვინაიდან დაფიქრებაც კი არ მჭირდება, ქ. თბილისის ყველა გადათხრილ ქუჩაზე ე.წ. სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს.

ამ თვალსაზრისით დიდი გამოცდილება დაუგროვდათ წერეთლის პროსპექტზე მცხოვრებთ და არა მარტო იქ, მიმდებარე ქუჩებზეც. თითქმის ერთწლიანი „ექსპერიმენტის“ შედეგად ისინი გაცილებით უკეთ ერკვევიან ფეკალურ სურნელში, ვიდრე მეძებარი ძაღლები და ისინი, ვისაც ნარკოტიკების აღმოსაჩენად იყენებენ.

წინა სტატიაში მტვერზე მოგიყევით, მშრალი ამინდის დროს ყვითელი აპკის მსგავსად რომ აკრავს ქუჩებსა და ტროტუარებს. ასეთი სილა დუბაისა და აბუ-დაბის პლაჟებზე მინახავს — ერთობ სასიამოვნო შესახედაობის და გაცილებით კომფორტულად სასიარულო, ვიდრე შავი ზღვის ქვებ-კენჭოვანი პლაჟები.

ისევ წერეთლის პროსპექტის რემონტთან დაკავშირებით ვიტყვი. გასულ შაბათს, როდესაც დეზერტირების ბაზარში მომიხდა მისვლა, მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ჩაეკეტა. წერეთლის ძეგლიდან დაწყებული, პროსპექტზე გამავალი ყველა ქუჩა გადაკეტილი დამხვდა. პოლიციამ მითხრა — სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მუშაობაო.

ინტერნეტში ქალაქის მერის ფოტოც ვიხილე — წითელხელთათმანებიანი მერიკო კალაძე, იტალიაში დაყენებული ქოჩრით, ბარით ხელში, შავ სამუშაოს შეჭიდებული. იყო მისი კომენტარიც — მე და ჩემი მოადგილეები ყველაფერს ვიღონებთ, რომ სამუშაოები იანვრის ბოლომდე დასრულდესო.

ამის მნახველს, გასული საუკუნის 60-იანი წლების სიმღერა გამახსენდა — „სად იყავი, სად იყავი მაშინ, როცა გული სიყვარულით ძგერდა“. ერთი წლის წინათ დაეკაპიწებინა ხელი კალაძეს და არ იქნებოდა ლანძღვა-გინება მისი მამისა და ოჯახის მიმართ. სარეანიმაციოდ გამზადებულ მოსახლეობას, სასუნთქი არხების და ფილტვებდაზიანებულთ, ქალაქის მერისა და მისი მოადგილეების „თავგანწირვა“ რაღას უშველის?!

მედიაში ყური მოვკარი კალაძის გამამხნევებელ განცხადებებსაც — ყოჩაღ კახა, რა ხისტად მოიშორე საქმის მწარმოებელი კომპანიები. კახი რომ არ ყოფილიყო, ისინი კიდევ უფრო გააჭიანურებდნენ სამუშაოებსო და ა.შ.

წავიკითხე და გავვოცდი. აქებდნენ მერს, რომელმაც, როგორც ოპოზიცია ამბობს, კორუფციული გარიგებით თვით „დაასაქმა“ კომპანიები პროსპექტის გასარემონტებლად. ისე გამოდის, თითქოს ის კომპანიები, თვითნებურად მივარდნენ წერეთლის პროსპექტს, გადათხარეს, მთელი ზაფხულის განმავლობაში თითი-თითზე არ დაადეს, არ იმუშავეს და ამ ლაზღანდარობაში სამუშაოების დასრულების ვადაც თავს დაატყდად.

თბილისში, მთელი გასული წლის განმავლობაში, სხვა „გრანდიოზული“ სამუშაოების წარმოებას ადგილი არ ჰქონია, გარდა წერეთლის პროსპექტისა და 3 ქუჩისა.

მერს და მის მოადგილეებს თავიანთი სამუშაო დღე ამ ქუჩების სარემონტო სამუშაოების გაცნობით უნდა დაეწყოთ  საქმის მწარმოებლებთან ერთად, მაგრამ არა!

არის ასეთი გამოთქმა — არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.

რატომ ჩათვალა კალაძემ, რომ ის ჯერ მინისტრობისთვის იყო დაბადებული, ხოლო შემდეგ მერობისთვის?

სამტრედიისა რომ ყოფილიყო — თავისი პატარა სამშობლოსი, ისიც პრობლემა იქნებოდა, მაგრამ თბილისის?…

მადა ჭამაში მოდისო, რომ იტყვიან, კალაძეზეა გამოჭრილი. მოარული ხმების მიხედვით მას პრემიერ-მინისტრობა უნდა, რისთვისაც დაძაბულად შრომობს ის და მისი PR თანამშრომლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მერის პორტრეტის ისეთ მიმზიდველ ფერებში დახატვას, პოლ გოგენსაც რომ შეშურდებოდა.

აი, სწორედ იმ PR თანამშრომლების წყალობით, კალაძე ყველა გამოკითხვით, უწმინდესისა და უნეტარესის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. იმ PR თანამშრომლებმა წერეს და წერეს კალაძის გასამხნევებელ-გამამართლებელი განცხადებები ინტერნეტში.

ისევ ოპოზიციის ინფორმაციას დავეყრდნობი და გავიმეორებ — მერიის PR სამსახურში 25 კაცია დასაქმებული. ეს, ის გუნდია, ტყუილებით რომ ბერავს საზოგადოებას. ნაცვლად ამისა 25 მშენებელი, ინჟინერი, სხვა დარგის სპეციალისტი რომ ყოფილიყო მერიაში, ისეთ უხეშ შეცდომებს ავერიდებოდით, რასაც დღენიადაგ ვაწყდებით.

ხალხს მივასევთ და იანვრის ბოლომდე დავამთავრებთო. კეთილი, მაგრამ ვინ ხალხს?

იმერეთიდან ჩამოყვანილ გლეხებს, რომლებსაც თვალით არ უნახავთ სამშენებლო ტექნიკა, არ გაუგიათ თანამედროვე მშენებლობაზე არაფერი, თუ ვახუშტის ხიდთან მდგომ მუშებს — ლუკმა-პურის საშოვნად რაიონებიდან, თბილისში ჩამოსულთ?!

ახლახანს, ერთსაათიანი გადაცემა ვიხილე რუსულ ტელეარხზე, დანგრეული მარიუპოლის აღმშენებლობასთან დაკავშირებით.

ამ ქალაქის და სხვა ქალაქების აღსადგენად რუსეთის მსხვილ ქალაქებს შეფობა აქვთ აღებული. აი, სწორედ მათ მუშაობას მიეძღვნა ის ტელეფილმი, რომელიც ვნახე. არასრული ერთი წლის განმავლობაში იქ, ისეთი მასშტაბური მშენებლობაა გაშლილი და ისეთი ხარისხით, ავ თვალს რომ არ ენახვება.

 მშენებლობის ხარისხთან ერთად, თვალი მიიპყრო თვით მშენებლების მუშაობამ, კვალიფიკაციამ, საქმის ცოდნამ, პროფესიონალიზმმა. მშენებლობის კულტურამ, თვით მშენებელთა კულტურულმა, საქმიანმა სიტყვა-პასუხმა.

შემშურდა!!! არადა, ასეთს, შესაძლოა ოდნავ ნაკლებს საქართველოშიც ჰქონდა ადგილი. ქართველი მშენებლები ცნობილები იყვნენ არა მარტო აქ, არამედ დიდ საბჭოთა კავშირში. ჩვენი ინჟინრები, კალატოზები, სანგაყვანილობის ოსტატები, სხვა დარგის სპეციალისტები რუსეთის, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მშენებლობებზე მუშაობდნენ.

სად არიან ისინი?

ზოგი გარდაიცვალა — უმუშევრობაში სული ამოხდა, ზოგმა სამშობლო მიატოვა და უცხოეთს შეაფარა თავი  ოჯახის გადასარჩენად. მათი შემცვლელი არ გაიზარდა, ვინაიდან სტაბილური სამუშაო არ არის — სახელმწიფო საქმე მაქვს მხესდველობაში, თორემ თითო-ოროლა სანტექნიკოსი ან მღებავი, კერძოდ მომუშავე, არსებობს, მაგრამ სიძვირის გამო ახლოს ვერ გაეკარებით.

დასავლეთთან 30-წლიანმა ჩახუტებამ ყველა დარგი მოსპო, ისე, როგორც ფაბრიკა-ქარხნები, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, სოფლის მეურნეობა, სხვა დარგები. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, საბჭოთა კავშირის დროს სამაგალითო უმაღლესი სასწავლებელი, დღეს ოფიციანტობას ასწავლის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნიკალური შენობა, კოსტავას ქუჩაზე მდებარე, რახანია დანგრეულია, ფასადის გარდა და სასტუმრო „ჰილტონს“ „აშენებენ“.

აშენებენ სააკაშვილის პრეზიდენტობიდან დაწყებული და ჯერაც ბოლო არ ჩანს. მისი ბედი არც მერს აწუხებს და არც ხელისუფლებას, ისე, როგორც უამრავი, წლობით გაჩერებული მშენებლობების.

მშურს იმ ფართომასშტაბიანი აღმშენებლობისა, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთში, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუსეთი, სადაც, მიუხედავად მწვავე ეკონომიკური სანქციებისა, ყველა დარგში იგრძნობა წინსვლა — მშენებლობა, მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა და ა.შ.

რუსეთმა გასულ წელს მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. პირველი ევროპაში და ეს მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს უკრაინაში.

თითქმის 2-წლიან ომს ხერხემალში უნდა გადაეტეხა რუსეთი, მაგრამ გადატეხა კოლექტიური დასავლეთი — ყველასთვის მოულედნელად.

ომში მყოფი ქვეყანა იმტკიცებს პოზიციებს საერთაშორისო არენაზე. ტოლს არ უდებს მთავარ მეტოქე აშშ-ს. ომისთვის საჭირო იარაღსა და საბრძოლო ჭურვებს, ტყვია-წამალს ის გაცილებით სწრაფად, ხარისხიანად და დიდი რაოდენობით ამზადებს, ვიდრე ევროპა-ამერიკა.

მსოფლიოს საფინანსო ორგანიზაციების გამოთვლით, რუსეთის ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა 3,5%-ს გადააჭარბა. რუსეთის მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, ავტოსამრეწველო კომპლექსი, ბინათმშენებლობა და სხვა დარგები, საკუთარ წარმოებას ეფუძნება, ნაცვლად იმპორტულისა, რომელსაც 2-3 წლის წინათ ჰქონდა ადგილი.

ვიცით ჩვენ ამის შესახებ?

არ ვიცით! ჩვენმა ხელისუფლებამ აგვიკრძალა რუსული ტელეგადაცემების ყურემა, რაც მძიმე დარტყმას აყენებს მოსახლეობის საერთო განათლებას, საღი აზრის ჩამოყალიბებას, ცოდნას. რუსეთის ტელეარხებზე სისტემატურად მიმდინარე თოქ-შოუებში მონაწილეობას იღებენ არა მარტო რუსი პოლიტიკოსები, მეცნიერები, ექსპერტები, არამედ რუსეთში აკრედიტებული ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი, არაბი, ინგლისელი, უკრაინელი, … ჟურნალისტები, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მომუშავე უცხოელი მეცნიერები.

საქართველოს ტელევიზიებს ასეთი ფუფუნების საშუალება არ აქვთ, ვინაიდან ფულს ვერ გადაუხდიან მოწვეულ უცხოელებს, უფულოდ კი თავს არვინ შეიწუხებს. გარდა ამისა, საქართველოში ჭაჭანებაც არ არის აკრედიტებული უცხოური ტელეკომპანიების ან ჟურნალ-გაზეთების ჟურნალისტების. რაც არის, ისიც უხარისხოდ, მიკერძოებით, ადგილობრივი ვითომ ექსპერტების, ვითომ პოლიტოლოგების გამოყვანაა  ტელეეთერსა და რადიოში, თან მინიშნებით, რომ მთავრობის და ივანიშვილის მიმართ ცუდი არაფერი თქვან.

არის ოპოზიციური ტელეკომპანიები, რომლებიც მხოლოდ „ოცნებისა“ და ივანიშვილის ლანძღვით არიან დაკავებული, მაგრამ პროფესიონალიზმის უქონლობის გამო, ყურადღების მისაქცევად უწმაწური სიტყვებით იგინებიან.

მე, როგორც სისტემატურ ტელემაყურებელს, რომელსაც სააშუალება მაქვს ვუყურო CNN-ს, სხვა ამერიკული ტელეკომპანიების გადაცემებს, ისე, როგორც „ალ-ჯაზირას“, BBC-ის, სხვას, შემიძლია ვთქვა, რომ რუსული ტელეკომპანიების ნახელავთან ახლოსაც ვერ მივლენ.

აი, ასეთ საინფორმაციო წყაროს არის მოკლებული საქართველოს ტელემაყურებელი და მასთან ერთად იმ თანამედროვეობას, რასაც რუსეთში და მსოფლიოში აქვს ადგილი. არადა, საქართველოს ყველა ორღობეში ტელევიზიაა გახსნილი. ერთხელ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამართლიანად აღნიშნა — დადგამენ ერთ სკამს და მაგიდას და ტელევიზიას დაარქმევენო.

არვინ უყურებს რას აკეთებენ ეს ტელევიზიები დღის განმავლობაში, რა სატელევიზიო ბადე აქვთ; გარდა უცხოური კინოფილმებისა, აქვთ თუ არა თემატური გადაცემები და ა.შ. ყველა ტელევიზია, როგორც შეთქმული, ლანძღავს რუსეთს, რაც მაფიქრებინებს, რომ ისინი ხელისუფლების მიერ მიცემულ დირექტივას ასრულებენ.

ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი არა მარტო პროპაგანდის წყაროა, არამედ ხალხის ინფორმირების, პატრიოტულად აღზრდის შესანიშნავი საშუალებაა, ცუდად გამოყენებული საქართველოში.

ზემომოყვანილი პრობლემების შემდეგ საერთაშორისო ამბვების მოყოლა რა მოსატანია, მაგრამ შევეცდები თქვენი ყურადღება იმ საკითხებზე გადავიტანო, რომელთაც უდავოდ ყურს მოკრავდით — თანაც ფალსიფიცირებულს, აქაურთა გამრუდებული გონებით შეკმაზულს.

უპირველესად გეტყვით ისრაელის ომზე ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებთან. ერთი თვის წინ რადიო „მაესტროზე“ მოვისმინე ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელთან ინტერვიუ, რომელმაც ცუდი და რაც მთავარია არაობიექტური შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.

ის, აღელვებული ყვებოდა „ჰამასის“ ტერორისტულ აქტზე, რომელმაც საკმაო რაოდენობის ისრაელელი დახოცა და ნაწილი ტყვედ წაიყვანა. „არაბი ტერორისტები უნდა გავანადგუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ მოგვცემენო“, — ამბობდა ისრაელელი.

ისრაელ-პალესტინის სისხლიანი დაპირისპირება, ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. პალესტინელთა ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო ებრაული და არაბული სახელმწიფოები, მაგრამ არ შეიქმნა. შეიქმნა ერთი — ისრაელის. არ შეიქმნა მეორე — პალესტინის. და რომ არ შეიქმნა, იმისთვის იბრძვის პალესტინის მოსახლეობა, ორად გაყოფილი — ღაზის და მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები, ისრაელის მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებული.

„ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას ადგილი არ ექნებოდა, მას რომ  დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონოდა. ძნელია ვირტუალური დასკვნების გაკეთება, მაგრამ პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნა თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც მოაგვარდებდა პრობლემებს.

„ჰამასის“ ტერორისტულ გამოხდომას უპასუხა ისრაელის არმიამ და ეს პასუხი დღესაც გრძელდება — ღაზის სექტორის ნგრევით, პალესტინელთა მასობრივი ხოცვით, პალესტინელთათვის წყლის, კვების პროდუქტების, მედიკამენტების არმიწოდებით და ა.შ. ღაზის სექტორი საკონცენტრაციო ბანაკს ჰგავს — სასიკვდილოდ განწირულსა და არვინ არის პატრონი!

ისრაელის გაჯიუტებული და შურისძიებით აღვსილი ხელისუფლება იშვიათად, რამდენიმე საათით იძლევა ღაზის სექტორის საზღვრის გახსნის შესაძლებლობას, ჰუმანიტარული ტვირთის იქ შესატანად. ომი კი მიდის. მას ვერაფერი აჩერებს, ვერც გაეროს უშიშროების საბჭო და ვერც აღშფოთებული ევროპა-ამერიკის მოსახლეობა, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს ებრაული გენოციდის შეწყვეტას.

რით არის გამოწვეული ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის სიჯიუტე?

აშშ-ს, ევროკავშირის, სხვა დემოკრატი ქვეყნების ორმაგი სტანდარტით. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაციის წევრები აცხადებენ, რომ დაძაბულად შრომობენ ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისთვის, შორს არის სინამდვილისგან.

არავინ იცის, რაზე ილაპარაკა ბლინკენმა — აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ისრაელში ბოლო ვიზიტის დროს, მაგრამ ნეთანიაჰუს აგრესიული განცხადებები გვაუწყებენ შემდეგს — აშშ-ი მხარს უჭერს ისრაელის დღევანდელ ხელისუფლებას და მზად არის გაიზიაროს მისი სურვილი პალესტინის სახელმწიფოს არშექმნასთან დაკავშირებით.

ასე რომ, მთელი მსოფლიოს მოთხოვნა პალესტინის სახელმწიფოს შექმნისთვის ჯერ-ჯერობით ვერ შესრულდება, ვინაიდან ისრაელი, აშშ-ი და ევროკავშირის შტაბ-ბინა, შარლ მიშელ—ურსულა ფონ დერ ლაინ—ბორელის სახით საჯარო განცხადებებიდან განსხვავებით, აშშ — ისრაელის მხარეს არიან.

უკრაინაში კი გრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელშიც მცირედ წინსვლას რუსული მხარე ახორციელებს, როგორც ის ამბობს — დიდია უკრაინელთა მსხვერპლი.

აშშ-ს სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჯერად სამხედრო ექსპერტი ლარი ჯონსონი ასე ხედავს ვითარებას: „უკრაინა იმ გემს ჰგავს, რომელსაც მოწინააღმდეგემ, ოთხივე მხრიდან დიდი ზიანი მიაყენა. მეზღვაურები ცდილობენ ხან ერთ ნახვრეტს დააფარონ ხელი, ხან მეორეს, მაგრამ ამაოდ. გემი იძირება. პროვინციელი პოლიტიკოსი, პროვინციელი მსახიობის მსგავსად, სხვას ადანაშაულებს წარუმატებლობაში, არადა დასავლეთი მხარს უჭერდა და უჭერს მას — ფინანსებით, იარაღით. რაც მან კარგად იცის —ასოთი ფორტეპიანოზე დაკვრაა“.

ჯონსონს არ უთქვამს იმ პრობლემებზე, რომლებიც აშშ-ს კონგრესში არსებობს — უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, უკრაინა რაღაცას მიიღებს, მაგრამ არა შეპირებულ 60 მილიარდს.

აშშ-ს ადმინისტრაცია უკმაყოფილოა უკრაინელთა უნიათო კონტრშეტევით, რომელიც ჩაიფარცხა. ამდენად მას უკრაინისთვის დამატებითი ფულის გამოყოფის საფუძველი ფეხქვეშ ეცლება, რაც თავისთავად იწვევს უკრაინის ხელისუფალთა გაცოფებას და ვაშინგტონისთვის იმის დამტკიცება, რომ ის ჯერაც მზად არის ომისთვის.

უკრაინელთა გაცოფებას ახლავს ტერორისტული აქტები, რასაც ის დონბასში ახორციელებს. სულ ახლახანს, მან დაბომბა დონეცკის ბაზარი, რომელმაც 28 მოხუცისა და ბავშვის სიკვდილი მოიტანა და სხვა მრავალთა დასახიჩრება.

ომის წარმოების კანონების და ჟენევის კონვენციის მიხედვით, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ტერორიზმია, გენოციდის ნიშნების მატარებელი და მერე რა?

უკრაინელთა არაადამიანური გამოხდომა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა, გუტერიშმა, მაგრამ სხვამ არვინ — კოლექტიური დასავლეთიდან. საქართველოს პოლიტიკა, ხელისუფლება, „მამაცი“ უკრაინელების გვერდშია. მათ უყვართ უკრაინა — მერე რა, რომ ის ტერორისტია, ფაშისტური ქვეყანაა?!

ა.წ. იანვარი იმითაც იყო აღსანიშნავი, ტაივანზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება რომ ჰქვია. საერთაშორისო არენაზე ამ არჩევნებს, ადმინისტრაციის არჩევნებად და არა საპრეზიდენტოდ ნათლავენ, ჩინეთის ფაქტორიდან გამომდინარე.

13 იანვარს, 20 მილიონმა ტაივანელმა მიაკითხა საარჩევნო უბნებს პრეზიდენტის და პარლამენტის ასარჩევად. გამოკითხვის მიხედვით, მმართველი დემოკრატიული პროგრესიული პარტიის კანდიდატს, ვიცე-პრეზიდენტს ლაი ცზინტეს მეტოქეებთან შედარებით მეტი ხმების დაგროვებას უწინასწარმეტყველებდნენ. ფავორიტს 11%-ით ჩამორჩებოდა გომინდანელი ჰოუ იუემი. რაც შეეხება მესამე კანდიდატს — ტაივანის სახალხო პარტიისგან კო-ვენჯეს — მოგების არავითარი შანსი არ ჰქონდა.

წინასწარმეტყველება გამართლდა, იმ თანმიმდევრობით, როგორც ზემოთ აღვნიშნე.

არჩევნები ჩატარდა, მაგრამ მოსალოდნელ სამხედრო კონფლიქტს ჩინეთსა და ტაივანს შორის ადგილი არ ჰქონია. რომ ჰქონოდა, ომი მარტო იმ რეგიონს არ მოიცავდა, ის უდავოდ გადაიზრდებოდა მსოფლიო ომში, რომელშიც არა მარტო ჩინეთ-აშშ-ი ჩაერთვებოდნენ, არამედ ჩინეთთან მჭიდროდ მოთანამშრომლე რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, აშშ-ს პარტნიორები იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და სხვები.

ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობები რომ მჭიდროა ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდი მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური აზრთა სხვაობა ისეთია, საომარ ვითარებას რომ ქმნის.

ჩინეთის ხელისუფლება ტაივანს თავისად მიიჩნევს და ყველა გზით, უპირველესად დიპლომატიურით, ცდილობს საკითხის მოგვარებას, თუმცა არც ძალით შეერთებაზე ამბობს უარს. ტაივანის პოზიცია მტკიცეა — დამოუკიდებლობა პეკინისგან.

ტაივანელებს არ უნდათ ჩინეთთან შეერთება, რასაც ზემომოყვანილი პარტიების ლიდერები იზიარებენ. განსხვავება რიტორიკაშია.

უკვე არჩეული პრეზიდენტი ლაი თვლის, რომ ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც სურს ტაივანის დამოუკიდებლობა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ტაივანი დე-ფაქტო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამდენად დამოუკიდებლობის გამოცხადება საჭირო არ არის.

იუ აღიარებს ერთი ჩინეთის არსებობას, მაგრამ მოითხოვს ფართო ავტონომიას და არა შეერთებას.

რას მოითხოვს ჩინეთი?

1992 წლის კონსენსუსის დაცვას. მაშინ გომინდანმა და ჩინეთის კომპარტიამ მიაღწიეს შეთანხმებას — ერთი ჩინეთის არსებობის შესახებ, რაც გამორიცხავს ტაივანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

როგორ აღიქვამს ერთ ჩინეთს გომინდანი?

გომინდანი, მატერიკულ ჩინეთს ტაივანად თვლის, ანუ ჩინეთს ტაივანის კუთვნილებად, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას — მისგან მოწყვეტილ ნაწილად.

2005 წელს ჩინეთმა მიიღო „გამოყოფასთან“ დაკავშირებით კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს ჩინეთის ხელისუფლებას გამოიყენოს არმია ტაივანის დამოუკიდებლობის აღსაკვეთად.

2016 წელს ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინვენმა არ აღიარა კონსენსუსი და აქცენტი გაამახვილა აშშ-ს დახმარებაზე. პეკინმა, თავის მხრივ ტაივანის ადმინისტრაცია სეპარატისტულად გამოაცხადა და უარი თქვა მასთან დიალოგზე.

ცნობისთვის. ქალბატონი ცაი ინვენი ა.წ. მაისამდე იქნება პრეზიდენტი, შემდეგ კი არჩევნებში გამარჯვებული დაიკავებს საპრეზიდენტო სავარძელს.

მმართველი პარტიის კანდიდატმა ხმების მცირე რაოდენობით აჯობა გომინდანის კანდიდატს, მაგრამ გომინდანისა და სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა მოიგეს საპარლამენტო არჩევნები. ეს, ორი პარტია, გაცილებით მეტ საპარლამენტო მანდატებს ფლობენ, ვიდრე მმართველი პარტია, რაც არ იძლევა დამოუკიდებლობის გამოცხადების მინიმალურ შანსს.

პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რაც 13 იანვარს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, შეუძლებელია.

ასე რომ, ტაივანის არჩევნებმა, რომელიც სპორტული ტერმინოლოგიით, ფრედ დასრულდა, მშვიდობა მოუტანა არა მარტო ტაივანს, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას და მსოფლიოს, მაგრამ რას მოუტანს აშშ-ს სამხედრო აქტიურობა, იემენის სისტემატური დაბომბვა და ისრაელისთვის სამხედრო იარაღის მიწოდება „ჰამასთან“ საბრძოლველად მსოფლიოს, არვინ იცის.

ტაივანის, ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის პრობლემებში აშშ-ს პროვოკატორული ქმედება აშკარაა, მაგრამ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, უამრავ მიზეზთა გამო, არ დგამს ნაბიჯს, მტკიცეს და გადამჭრელს, პროვოკატორის შესაჩერებლად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

24/01/2024