ფინეთის მაგალითი საკმარისი არ უნდა იყოს ჩვენს გამოსაფხიზლებლად?!

წინა სტატიაში გაკვრით აღვნიშნე თანამედროვე ქართველთა თაყვანისცემა ყველაფერი დასავლურისადმი, რასაც ხელს უწყობს ოპოზიციის მიერ რუსულ „ოცნებად“ შერაცხული ხელისუფლება, რომელსაც, როგორც ჩანს არ აინტერესებს რას გადასცემენ ეთერში უამრავი ქართული ელექტრონული მედიის წარმომადგენლები. ტელევიზია, რომ პროპაგანდის მნიშვნელოვანი წყაროა, ხელისუფლებამ არ იცის. რომ იცოდეს, სხვაგვარად მოიქცეოდა. და თუ არ იქცევა, ჩანს მას მოსწონს ტელე-რადიო ჟურნალისტთა ნაცოდვილარი; მოსწონს რადიო „მაესტროს“ ეთერში ჩეჩენი ტერორისტის ახმად ზაკაევის ინტერვიუები, უკრაინის ფაშისტური რეჟიმის „რუპორის“ პოდოლიაკის ყოველკვირეული, ანტირუსული განცხადებები, უკრაინაში მეომარი მამულაშვილის მიერ მოწოდებული „საგმირო“ ზღაპრები.

ამ და სხვა გადაცემებს ჟურნალისტი ჭითანავა უძღვება, რომლისთვის სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ტყუილს იტყვიან მისი რესპონდენტები, მთავარია ანტირუსული იყოს.

რუსეთის სიძულვილი ყველა ტელე-კომპანიის, რადიოს ეთერიდან იღვრება, ამასთანავე დასავლეთისადმი დაუოკებელი თაყვანისცემა. მაგალითად, იმავე რადიოს ეთერში მსმენელს სისტემატურად ასმენინებენ ჰოლივუდის მსახიობების ისტორიებს, სხვადასხვა ამერიკული კომპანიების დაარსების უწვრილმანეს დეტალებს. ამასწინათ, შოკოლადი „მარსის“ დამაარსებლის ისტორიაც გაგვაცნეს — დამაარსებელის ფეხსაცმლის ნომრითაც კი.

 სიმღერებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი — ყველა რადიო, 24-საათიან რეჟიმში მხოლოდ ამერიკულ სიმღერებს გადასცემს, თითქოს მსოფლიოს სხვა ხალხებს სიმღერები არ ჰქონდეთ. სიმღერა ამერიკულია, მუსიკა ამერიკული, კინოფილმი ამერიკული, მსახიობი ამერიკელი, კომპანია ამერიკული, ჯინსი ამერიკული — მისი დაბადება და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებაც ამერიკული ტკბილი ისტორია „ლივაი“ სტრაუსული.

„ლივაი“, რატომღაც ჟურნალისტის მიერ „ლევიდ“ მოხსენიებული მთელი დღის პროგრამის „ჰიტი“ იყო, დავუმატოდ ამას ინგლისური, უფრო სწორად ამერიკულ-ინგლისური სიტყვები და გამოთქმები და რით ვართ ამერიკელებზე ნაკლები?

წინა სტატიაში მოგიყევით საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა „ჩაი ორისთვის“ შესახებ, მაგრამ არ  მითქვამს მისი ერთ-ერთი წამყვანის შავლეგ გეგეჭკორის თავდავიწყებული ამერიკულობის თაობაზე. ის, რომ პატივცემული შავლეგო მუსიკად მხოლოდ ამერიკულს მიიჩნევს და ვიღაცის ბრძანებით, უკრაინულსაც — გასაკვირი არ არის, მაგრამ მიკვირს მის მიერ ნებისმიერი ამერიკელის სახელისა და გვარის ისეთი გამოთქმით და „აპეტიტით“ წარმოთქმა, როგორსაც ის ახერხებს. რამდენი სიყვარული, თაყვანისცემაა ჩადებული მისეულ გამოთქმაში — განა დასაფასებელი არ არის.

გასული საუკუნის 60-იან წლებში ისეთი გატაცება გვქონდა — ინგლისური ენის შესწავლის მსურველ ახალგაზრდებს, რომ ღამეს არ ვუშვებდით რადიოს „მოკლე ტალღებზე“ მოგვესმინა „ამერიკის ხმის“ გადაცემა „ჯეზ აუა“ ამერიკულად და არა „ჯაზ“, ცნობილი წამყვანის ლუის კანოვერის ხავერდოვანი ბასის თანხლებით.

„ინტურისტში“, ამერიკელ ტურისტებთან მუშაობის დროს, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით თუ ვინ უკეთესად მოუქცევდა ამერიკულად. ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და თქვენ წარმოიდგენთ ამერიკელებსაც.

მაგრამ ეს იყო ყვინჩილობის დროს და არა დასრულებულ ასაკში, თან არასდროს დაგვიყენებია ამერიკულ-ინგლისური მშობლიურზე მაღლა, არასოდეს გაგვისაპნავს თავი ამერიკელთა უკანალში შესაძრომად, რასაც დღეს აქვს ადგილი.

გვარებზე ერთ ასეთ ამბავს მოგიყვებით. გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, ცნობილ ქართველ მწერალ გურამ ფანჯიკიძესთან ერთად აშშ-ი ვიმყოფებოდი. ჩვენი მასპინძელი პოლონური წარმოშობის ამერიკელი იყო, რომელიც, მეუღლესთან ერთად მუდამ ჩვენთან იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ გურამმა მკითხა — თუ გახსოვს რა გვარისა იყო ჩვენი მასპინძელი, მოგზაურობაზე მინდა დავწერო და შემახსენე მისი გვარიო.

მასპინძლის სავიზიტო ბარათი მივეცი. გურამმა დახედა და არ მოეწონა, ვინაიდან გვარი პოლონური იყო — მისთვის ნაკლებად ჟღერადი, ამერიკულთან შედარებით. თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები, მას ჯეკსონად მოვიხსენიებო, მითხრა მან. მაგრამ გურამს წამითაც არ გაუვლია თავში ამერიკელის ან რომელიმე სხვა ერის წარმომადგენლის ქართველზე მაღლა დაყენება, რასაც დღეს ვხედავ.

ამასწინათ, ერთ-ერთ ტელე-გადაცემაში მიწვეულმა სტუმარმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ის, მოჭარბებული ჟესტიკულაციით, ცდილობდა მის მიერ წარმოთქმული სიტყვებისთვის მეტი დამაჯერებლობის მიცემას, ამასთანავე ამერიკაში ცხოვრების გამოცდილების გაზიარებას, ამერიკულ-ინგლისური სიტყვების, და მოკლე წინადადებების გამოყენებით, თან წამყვანს ეკითხებოდა — ქართულად ეს როგორ ითქმისო. სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ამერიკაში და მშობლიური ენა ისე „დაავიწყდა“, შეხსენება ესაჭიროებოდა ვითომ. მეტიჩრობა ჰქვია ამას.

ახლა იმის თაობაზე — რა მოაქვს თავქუდმოგლეჯილ ევროპელობას, ამერიკელობას, ესოდენ დაფასებულს ჩვენს ახალგაზრდებში და არა მარტო მათში, ზოგიერთ საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებშიც.

მაგალითად ფინეთს მოვიყვან — ქვეყანას, რომლის შესახებაც არაერთხელ მითქვამს, რომ ის სამაგალითო უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველოსთვის.

ფინეთი, საკმაოდ დაშორებული საქართველოდან, რუსეთის ჩრდილოელი მეზობელი, მოსახლეობით საქართველოს ტოლი (ბოლო საბჭოთა აღწერის მიხედვით), უდავოდ იმსახურებდა მსოფლიოს ყურადრებას, განსაკუთრებით პოლიტიკოსების, თავისი გამართული, წარმატებული სოციალური პირობებით, იქაურმა ხელისუფლებამ რომ შეუქმნა 5 მილიონზე მეტ ფინელს.

ფინეთი, მთელს მსოფლიოში ცნობილი იყო როგორც წარმატებული სამრეწველო-აგრარული ქვეყანა, თანამედროვე ფაბრიკა-ქარხნებით, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოებით, არქიტექტურით, ხელოვნებით, რომლებმაც ფართოდ გაუთქვეს სახელი ამ ქვეყანას.

ყოველივე აღნიშნული ფინელი პოლიტიკოსების პრაგმატული პოლიტიკის შედეგი იყო, რომლის წყალობით, საბჭოთა კავშირთან ომში დამარცხებული, თითით საჩვენებელი, სამაგალითო ქვეყანა გახდა — ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობით მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებს შორის პირველ სამეულში შემავალი.

ომში დამარცხებამ ფინეთს ბევრი რამ ასწავლა, უპირველესად დიდ, მძლავრ მეზობელთან საერთო ენის გამოძებნის ტაქტიკა.

რუსეთის იმპერიაში შემავალ ფინეთს, დამოუკიდებლობა ლენინმა უბოძა, სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ. ლენინის საქმის გამგრძელებელმა, სტალინმა მას ომი გამოუცხადა და  მწარე მარცხი აგემა დიდი სამამულო ომის დაწყებამდე.

მაშინ ფინელმა პოლიტიკოსებმა და სამხედროებმა, გენერალ მანერგეიმის მეთაურობით, გაჯიქება ამჯობინეს თანხმობას საბჭოთა ხელისუფლების მიერ შეთავაზებაზე. შეთავაზება კი ურიგო არ იყო ფინელებისთვის — დიდი ტერიტორიების გაცვლა მცირეზე.

საბჭოთა კავშირი თავის დიდ ტერიტორიებს უცვლიდა ფინეთს, ლამის ლენინგრადთან არსებული საზღვრის გადასატანად.

ფინელთა სიჯიუტეს ომი მოჰყვა, საკმაოდ მძიმე ფინეთისთვის — ტერიტორიების დაკარგვით, არანაკლები მძიმე, წითელი არმიისთვის, მაგრამ ტერიტორიების დაკავებით.

მეორე მსოფლიო ომის დროს ფინეთი ფაშისტური გერმანიის მხარეს იბრძოდა და ლენინგრადის ბლოკადაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მეფის რუსეთის ოფიცერმა, შემდგომში ფინეთის გენერალმა და ფაქტიურმა მეთაურმა მანერგეიმმა საერთო ენა იოლად გამონახა ჰიტლერთან, განსაკუთრებით რუსეთისა და საბჭოთა ბელადის სტალინის სიძულვილში, რაც ფინეთს ძვირად დაუჯდა, მაგრამ არც ისე, როგორც იმჟამინდელი პოლიტიკოსები ვარაუდობდნენ.

ვარაუდი კი ასეთი იყო — აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფაშისტური უღლისგან გათავისუფლების შემდეგ და ამ ქვეყნების სოციალიზმის გზაზე დაყენებასთან ერთად წითელი არმიის მიერ ფინეთის ტერიტორიის დაკავება და ფინეთის სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადება, რისი საფუძველიც იქ უკვე არსებობდა, ფინელი კომუნისტების ძალისხმევით, მაგრამ ნაცვლად ამისა, სტალინმა გააგრძელა ლენინის პოლიტიკა — დამოუკიდებელი ფინეთი, მაგრამ ნეიტრალური საბჭოთა კავშირთან ურთიერთობაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფინეთის პოლიტიკა, წარსული შეცდომების გათვალისწინებით, საბჭოთა კავშირთან დებს ხელშეკრულებას, რომელსაც პირნათლად ასრულებს — საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

1991 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, გორბაჩოვმა საბჭოთა ხალხს და მსოფლიოს ამცნო კავშირის დაშლა, რასაც საკუთარ პრობლემებში ჩაძირულმა საბჭოთა ხალხმა, ფინელებთან შედარებით, ნაკლები ყურადღება მიაქცია.

ფინელებმა ჩათვალეს, რომ დადგა ჟამი რუსეთთან დისტანცირებისა, ნეიტრალური პოლიტიკის გვერდზე გადადებისა, ნაცვლად, დასავლეთთან ჩახუტებისა.

შეიძლება თუ არა ფინელი პოლიტიკოსების გამტყუნება პოლიტიკური ვექტორის შეცვლაში?

შეიძლება, ამასთანავე არ შეიძლება, გააჩნია რა კუთხით განვიხილავთ საკითხს.

პირველ შემთხვევაში, შეიძლება, ვინაიდან ქვეყანას, ანუ ფინეთს, რომელსაც ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ქვეყანასთან — დაიშალა. და დაიშალა არა მარტო პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი სტრუქტურის თვალსაზრისით, არამედ მორალური თვალსაზრისით. თვით საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთში დაისადგურა ქაოსმა, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, გაუსაძლისობამ, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, პრეზიდენტისა და პარლამენტის ხელჩართულმა ბრძოლამ.

ასეთ გაურკვევლობაში არა თუ მეზობელი, შინაურიც დააპირებს გაცლას. ასე რომ, ფინეთს ვერ ვუსაყვედურებთ. სასაყვედურო რუსეთია, რომელმაც საკუთარ თავს ისეთი გამოცდა მოუწყო, რომლის უმძიმეს გამოძახილს დღესაც იმკის.

 რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ანუ ფინეთის დადანაშაულებას, მასაც აქვს არსებობის უფლება, ვინაიდან პრეზიდენტ ელცინის შემდეგ ხელისუფლებაში მისულმა პუტინმა კარდინალურად შეცვალა წინამორბედის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მიწაზე გართხმული რუსეთი, ფეხზე წამოაყენა, დაუბრუნა მას დიდი სახელმწიფოს ავტორიტეტი, რუსეთი გადააქცია ქვეყნად, რომლის სიტყვას საერთაშორისო არენაზე ფასი აქვს.

პუტინმა აღადგინა ფინეთთან ურთიერთკავშირები ძველებურ დონეზე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, პოლიტიკური და ა.შ.

ფინეთს წამითაც არ უნდა გასჩენოდა ეჭვი იმისა, რომ უკრაინის მსგავსად, რუსეთი შეიჭრებოდა ფინეთში.

ფინეთთან კეთილმეზობლური კავშირებით დაიმედებულმა რუსეთმა,  როგორც ჩანს რაღაც ეტაპზე ყურადღება მოადუნა, რასაც მოჰყვა ფინეთის გაწევრება ევროკავშირში, ნატოსთან პოლიტიკურ-სამხედრო არშიყი, მიუხედავად იმისა, რომ ფინელები კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ნატოში შესვლის.

რუსეთის დიპლომატიამ, სადაზვერვო სამსახურმა ვერ დაინახეს ის პოლიტიკური დუღილი, რასაც ფინეთში ჰქონდა ადგილი. ისინი ზერელედ იხილავდნენ საკითხებს, ზედაპირულად და ფიქრობდნენ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების გულთბილი, მეგობრული დამოკიდებულება სამარადისო კავშირის გარანტია იყო.

ვერ გათვალეს, ვერ იმუშავეს ისე, როგორც აშშ-ს დიპლომატია და სპეცსამსახურები მუშაობენ. ამ უკანასკნელმა, ფინელთა გამოღვიძება გასული საუკუნის 50-60-იანი წლებიდან დაიწყო — თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და შედეგსაც მიაღწია ე.წ. მსუბუქი ძალის მოქმედებით, განსაკუთრებით ანტირუსული პროპაგანდით, ფინელი ახალგაზრდების მოხიბლვით, მათი ამერიკაში სასწავლად მიწვევით, ყოველივე იმით, რასაც ჩვენ „ჯინსების და საღეჭი რეზინების“ პოლიტიკას ვუწოდებთ.

რა დაუპირისპირა ამას რუსეთმა?

როგორც ჩანს, არც არაფერი, გარდა იმისა სანკტ-პეტერბურგში, ყოველ შაბათ-კვირას ფინელი ტურისტების მოზღვავება რომ ჰქვიოდა — იაფი, მაგარი სასმელის მირთმევის მიზნით.

თანამედროვე რუსეთი, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობების განელების, გაუარესების დიდოსტატია, შეუნიღბავი თვალითაც ჩანს. მაგალითად სომხეთიც კმარა, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინაზე. როგორ მოახერხა რუსეთის დიპლომატიამ, სპეცსამსახურებმა მართლაცდა მოძმე სომხეთთან ურთიერთობების ისე გამწვავება, რომ პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი და მისი მთავრობა დასავლეთისკენ შებრუნდა და რუსეთთან ურთიერთობა ლამის ნულის დონეზე დაიყვანა.

როგორ ვერ შენიშნა რუსეთმა, რომ აშშ-ი ერევანში, ამ რეგიონში ყველაზე დიდ საელჩოს აშენებას აპირებდა? რატომ არ ურჩია რუსეთმა სომხეთს, რომ დიდი საელჩო, დიდი შტატით თავდება — დიდი დილპომატიური შტატი კი დიპლომატიურ-სადაზვერვო საქმიანობის გაფართოების საწინდარია?

   საელჩოც აშენდა და დიპლომატებითაც დაკომპლექტდა; ბევრი დიპლომატით, რომლებიც კალიებივით შეესივნენ ერევანს, სხვა ქალაქებს, მათ მოსახლეობას. გააბეს მასთან „მეგობრული“ კავშირები. ამერიკელი დიპლომატები სისტემატურად დადიოდნენ ერევნის ბაღებსა და პარკებში, იქ მყოფ სომხებთან ჭადრაკის სათამაშოდ, „გულწრფელად“ სასაუბროთ. შედეგი?!

სავალალო რუსეთისთვის, რუსეთზე შეყვარებული სომხების გადაგვარება. მათი სიყვარულის, სიძულვილით ჩანაცვლება. და ეს ყველაფერი რუსი დიპლომატების თვალწინ ხდებოდა.

დარწმუნებული ვარ, ისინი ყოველდღე მოსკოვს ისეთ ინფორმაციას აწვდიდნენ, სომხეთ-რუსეთის მეგობრობას არაფერი რომ არ ემუქრებოდა.

დიპლომატიაში მრავალი წლის მუშაობის გამოცდილება მაძლევს აღნიშნულის თქმის უფლებას. ანალოგიურ ზერელე დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი რუსეთის საელჩოს თამანშრომლების მხრიდან საქართველოში მუშაობის დროს.

ელჩიდან დაწყებული თითქმის ყველა დიპლომატთან მქონდა მჭიდრო ურთიერთობები — ჩემი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე. გაკვირვებაც გამომითქვამს არასათანადო მუშაობასთან დაკავშირებით, ინფორმაციის, შიდაპოლიტიკური ცხოვრების არცოდნის გამო, თუმცა ამაოდ.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე, რომელიც მანამდე საბჭოთა კავშირის ელჩიც იყო კენიასა და ნიდერლანდებში, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და თქვენი მონა-მორჩილი მიგვიწვია საქმიან სადილზე, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოდესტას კოლეროვის პატივსაცემად. ამ მაღალჩინოსანს ჩაბარებული ჰქონდა ისეთი ფაქიზი საქმე, როგორიცაა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობის წარმართვა.

გულახდილად გეტყვით, ამ ადამიანმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა არა მარტო ჩემზე, არამედ ჩიკვაიძეზე, რცხილაძეზე და თვით რუსეთის ელჩზე. წარუშლელი — სიბრიყვის, უცოდინრობის, უზრდელობის თვალსაზრისით.

საბედნიეროდ, ის მალე დაითხოვეს სამსახურიდან, მაგრამ დათხოვნამდე მან რუსეთისთვის უაღრესად არასასარგებლო საქმე აკეთა. სტუმარი, რომ საუბარს დედის გინებით დაიწყებს და მასპინძლებს პუტინის სადღეგრძელოს შესთავაზებს, როგორც მათი, ანუ მასპინძლების პრეზიდენტის, რა შთაბეჭდილება შეგვექნებოდა?!

ასეთი დიპლომატიით, ისეთი შედეგი ექნება რუსეთს, როგორიც აქვს. ასეთი დიპლომატიის შედეგს იმკის რუსეთი ფინეთში. რუსული დიპლომატია ევროპის დიპლომატიაში ერთ-ერთი ძველი და გამოცდილია, მაგრამ, როგორც ჩანს, გარკვეულ ცვლილებას საჭიროებს, დღევანდელი პოლიტიკური, საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით.

აკადემიური დიპლომატიის, კლასიკურის დრო წავიდა. მისი ადგილი თავხედურმა, ძალისმიერმა დაიკავა. აშშ-ს დიპლომატია სწორედ ამის დამადასტურებელია. ცხადია, ასეთი ფერიცვალება კარგს არაფერს მოიტანს, მაგრამ რა გაეწყობა, ისეთი სუსტი ქვეყნები, როგორიც ჩვენია, უნდა შეეგუოს რეალობას, მაგრამ ისეთი ძლიერი და კბილებამდე შეიარაღებული, როგორიც რუსეთია — არა.

თავხედობას, თავხედობით თუ არ უპასუხა რუსეთმა, ავტორიტეტს დაკარგავს და იმას, რასაც პუტინის მმართველობის დროს მიაღწია, ქარი წაიღებს.

უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოკრძალებულად წარმოებამ, რუსეთის ავტორიტეტი სერიოზულად დააზიანა არა მარტო დასავლეთში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც. არც ისეთი ძლიერი ყოფილაო — ფიქრობენ ისინი და ისე მოქმედებენ მასთან მიმართებაში, როგორც სუსტს შეეფერება.

დავუბრუნდეთ ფინეთს. ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ვაშინგტონთან ხელშეკრულებას, რის მიხედვით, აშშ-ს ეძლევა უფლება სამხედრო კონტინგენტი განალაგოს ფინეთის ტერიტორიაზე; გამოიყენოს ფინეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა, 15 სამხედრო ობიექტის ჩათვლით, ხოლო რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, აშშ-ს არმიამ დაიკავოს ფინეთის ტერიტორია.

ფინეთი არ გამორიცხავს აშშ-ს ბირთვული იარაღის თავის ტერიტორიაზე განთავსებას.

ფინეთი მოდერნიზაციას უტარებს ქ. როვანიემის სამხედრო აეროდრომს. ამ ბაზაზე განლაგდება აშშ-ს 64 გამანადგურებელი F-35, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ბომბის ტარება. სრული განლაგება 2026 წელს დასრულდება. ფინეთი ხდება აშშ-ს სამხედრო პლაცდარმი, სანკტ-პეტერბურგიდან 400 კილომეტრზე დაშორებით.

ცხადია, აშშ-ი თავის სტრატეგიული, თან მზაკვრული გეგმის მიხედვით მოქმედებს — აყენებს, რა ამ შემთხვევაში ფინეთს სერიოზული სამხედრო დარტყმის ქვეშ. არადა, ნატოში შესვლამდე ფინეთს ასეთი საფრთხე არ ჰქონია. ახლა კი ის ჩათრეულია რუსეთ-ამერიკის დაპირისპირებაში.

რას ითვალისწინებს აშშ-ის გეგმა?

რუსეთის ჩრდილოეთის სამხედრო ფლოტის და არმიის შეკავებას; კონტროლის დაწესებას არქტიკასა და ჩრდილოეთის საზღვაო გზაზე; ამ არტერიისთვის საფრთხის შექმნას; ევროპის კონტინენტის გაკონტროლებას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხელშეკრულების ე.წ. სამთავრობოთაშორისი პუნქტი, ვაშინგტონ-ჰელსინკს შორის გაფორმებული. ის იდენტურია ბერლინ-ვაშინგტონის, ვაშინგტონ-ბალტიისპირა რესპუბლიკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა. მისი მიხედვით, აშშ-ს აქვს უფლება, ფინეთთან შეუთანხმებლად შეიტანოს მის ტერიტორიაზე ქიმიური და ბირთვული იარაღი, ისე, რომ მასპინძელმა ქვეყანამ არც კი შეიძლება იცოდეს ამის თაობაზე.

ნეიტრალური ფინეთისგან, რუსეთმა, ნატოში გაწევრებული, მტერი ფინეთი მიიღო, რომელმაც დიდი ბოქლომი დაადო ფინეთ-რუსეთს შორის 8 სასაზღვრო-გამსვლელ პუნქტს და თითქმის ნულის დონემდე დაიყვანა ფინეთ-რუსეთს შორის, ერთ დროს არსებული გაცხოველებული ტურისტული მიმოსვლა.

აღარ ჩანან დროსტარებისთვის რუსეთში ჩასული ფინელი ტურისტები. აღარც რუსი ტურისტებია ფინეთში. ფაქტიურად უფუნქციოდ დარჩა ფინეთის სასტუმროები და რესტორნები, რუსეთის საზღვრის გასწვრივ არსებული.

ფინეთის საზღვარს ნატო-აშშ-ი აკონტროლებს, ვინაიდან ის უკვე მათია და არა ფინეთის.

ფინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ნატოში გაწევრებით, ამ ქვეყანას სერიოზული ენერგეტიკულ-ეკონომიკრი ჩავარდნები შეიძლება მოუტანოს, ისე, როგორც საფრთხე კონფლიქტის შემთხვევაში, რაც გამორიცხული არ არის. აშშ-ე გამიზნული ბობმები, რუსეთიდან გასროლილი, ფინეთს მოხვდება, ისე, როგორც იქ არსებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებს. იქ დაბანაკებული ამერიკელი სამხედროები დაზარალდებიან და არა ცხრა ზღვის თუ მთის იქით მდებარე აშშ-ი, მაგრამ ყველაზე დიდ ზარალს ფინეთი იგემებს.

ეს კონფლიქტის შემთხვევაში. კონფლიქტის არ არსებობის დროს, ფინეთის მოსახლეობას საფრთხის მუდმივი შეგრძნება დაეუფლება, რაც უდავოდ არ იქნება ისეთი სიმშვიდის შემცვლელი, როგორიც მას ნატოში შესვლამდე ჰქონდა.

ფინეთის ახალმა პოლიტიკამ და ქარაფშუტა პოლიტიკოსებმა, აშშ-ს მიერ წაქეზებულმა და ანტირუსულად დამუხტულმა, ყველაფერი იღონეს ხეირის, შარად გადასაქცევად.

ანალოგიური რამ გადაგვხვდება ჩვენც — ნატოში შესვლის შემთხვევაში. ფინეთის მაგალითი საკმარისი უნდა იყოს გამოსაფხიზლებლად, მაგრამ ჩვენ, ჩვენს მაგალითებს არ ვითვალისწინებთ და სხვისას გავითვალისწინებთ?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

08/01/2024