„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიის ჩემეული შეფასება

ამერიკულმა „ვაშინგტონ პოსტმა“ — გაზეთია ასეთი (Washington Post), ერთობ პოპულარული და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავლენიანი ამ ქვეყნის საშინაო და საგარეო ცხოვრებაში, სტატია გამოაქვეყნა.

როგორც ამბობენ, ეს გაზეთი გამოხატავს აშშ-ს პოლიტიკის მოსაზრებას წარსულის, აწმყოს, მომავლის საკითხებზე და არა მარტო გამოხატავს, არამედ კომპასის მსგავსად მიანიშნებს პოლიტიკურ გეზზე, საითკენაც ქვეყანამ უნდა იაროს.

უფრო გასაგებ ენაზე გეტყვით, „ვაშინგტონ პოსტი“ — გაზეთი „პრავდაა“, თუ ვინმეს ახსოვს ასეთი და ახსოვთ ძველი თაობის ადამიანებს, რომლებსაც უდავოდ გამოწერილი ექნებოდათ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამკვრელური იდეოლოგიური ორგანო, არა მარტო იმიტომ, რომ მისი გამოწერა სავალდებულო იყო, არამედ გაზეთი „პრავდის“ სტატია, პროფესიონალური თვალსაზრისით მეტად საინტერესო იყო, განსაკუთრებით, თუკი სტატია, რომელიმე დარგის, ფიზიკური თუ იურიდიული პირის მუშაობას ეხებოდა.

„პარვდის“ კრიტიკული სტატია არ შეიცავდა ერთად თავმოყრილ, ზერელე, გადაუმოწმებელი ფაქტების კონას — ვიღაცის ან რაღაცის „გასაშავებლად“. სტატია მუდამ აწონილ-დაწონილი იყო, თანაც ისე, კრიტიკის ობიექტს სასაყვედური რომ არ ჰქონოდა.

კრიტიკულ სტატიას მუდამ ახლდა პარტიისა და სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება — დამნაშავის სამსახურიდან გათავისუფლებით.

გაზეთ „პრავდის“ კრიტიკულ თვალს არ გამორჩა ქ.თბილისის პარტიული კომიტეტის პირველი მდივნის ოთარ ლოლაშვილის მოღვაწეობა, დედაქალაქის პარტიულ-სამეურნეო საქმიანობის შეფასების თვალსაზრისით. დასკვნა იყო არასახარბიელო, როგორც ბატონი ლოლაშვილისთვის, ისე თბილისელებისთვის.

რესპუბლიკის პარტიულმა ორგანიზაციამ, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ბიურომ, განიხილა სტატიაში მოყვანილი ფაქტები და ლოლაშვილი გაათავისუფლა თანამდებობიდან.

დღევანდელთათვის უცხოა ხელისუფალთა ესოდენი სიმკაცრე, თანამდებობაზე მყოფთა მიმართ, მითუმეტეს გაზეთის კრიტიკის შემდეგ, ვინაიდან ერთმა კი არა, ყველა გაზეთმა და ელექტრონულმა მედიამ ერთად რომ კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს თანამდებობის პირი, ყურს არავინ გაიბერტყავს.

საგაზეთო სტატიამ 30 წელია დაკარგა ფასი, ისე, როგორც კრიტიკულმა სატელევიზიო სიუჟეტმა. ძველი თაობის ტელემაყურებელს ემახსოვრება სატელევიზიო გადაცემა „ოქროპირი“, რომელიც არ ინდობდა თანამდებობის პირებს დაშვებული შეცდომისთვის, რასაც თან ახლდა ხელისუფალთა მკაცრი რეაქცია.

საბჭოთა კავშირის ცენტრალური გაზეთების „პრავდის“, „იზვესტიის“, „კომსომოლსკაია პრავდის“, სხვების სარედაქციო სტატიები, ამ გაზეთების პირველ გვერდზე გამოქვეყნებული, მანიშნებელი იყო პარტიისა და მთავრობის პოლიტიკის საშინაო თუ საგარეო კურსის.

ყოველივე აღნიშნული ისტორიას ჩაბარდა. დღევანდელები, რომ ომახიანად გაჰყვირიან ჟურნალისტიკა მეოთხე ხელისუფლებააო, საეჭვოდ მეჩვენება. ჟურნალისტიკა, მედია საბჭოთა კავშირის დროს იყო მეოთხე ხელისუფლება — ცხოვრების რითმზე დიდი გავლენით რომ სარგებლობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე შეიცვალა ჟურნალისტიკა, მედია. ყოფილი საბჭოელები სხვაგვარად ვცხოვრობთ და ამ ცხოვრებაში დიდ ადგილს ვუთმობთ მიბაძვას.

ჩვენ გვსურს ისეთები ვიყოთ, როგორც ისინი, ანუ დასავლელნი. ჩვენ გვინდა, რომ ისეთი ჟურნალ-გაზეთები გვქონდეს, როგორც მათ; ისეთი ტელეკომპანიები მაუწყებლობდეს, როგორც იქ, მაგრამ ზედაპირულის მეტს ვერაფერს მივაღწიეთ — შესაბამისი განათლების უქონლობის გამო.

გადახედეთ დღევანდელ ქორფა ჟურნალისტიკას. არც ერთი პროფესიონალურად მოაზროვნე ჟურნალისტი. პროფესიონალურ აზროვნებას, პროფესიონალური საფუძველი სჭირდება — შესაბამისი სასწავლებლით, მასწავლებლით, ლექტორით. არის ასეთი საქართველოში?

თუ პოლიტიკასა და დიპლომატიაში არ არის, ჟურნალისტიკაში როგორღა იქნება?

იქნება თუ არა ხვალ, ძნელი სავარაუდოა, ვინაიდან ხვალინდელს, დღეს უნდა ჰქონდეს საფუძველი ჩაყრილი. ასეთი კი არ ჩანს. და რახან არ ჩანს, გვექნება მრავალი გაზეთი — უინტერესო სტატიებით, უფრო ზუსტად ინტერვიუებით, ვინაიდან სტატიას, დამწერი სჭირდება — მოაზროვნე, საქმის მცოდნე სპეციალისტი. ასეთი კი დიდი დეფიციტია და რომც იყოს, გაზეთებისთვის მიუღებელია სტატიების ბეჭდვა.

და რახან ასეა — ინტერვიუ და მისი ჯანი, როგორც ქართველები ვიტყვით. ინტერვიუ კი ჟურნალისტის ლექსიკის და ცოდნის გამომხატველია და არა ინტერვიუერის.

თქვენს მონა მორჩილს არაერთი ინტერვიუ აქვს მიცემული, რომელიც გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ ვეღარ უცვნია, ვინაიდან ჟურნალისტმა „თავისი ენით“ მიაწოდა მკითხველს და არა ავტორის.

ჩემს მეხსიერებას შემორჩა არა მარტო ბუმბერაზი საბჭოთა ჟურნალისტები, არამედ ევროპელი, ამერიკელი, მათ სახელებს დღესაც შეხვდებით დასავლურ მედიაში. შეხვდებით ახალ სახელებსაც, რომლებიც სტატიაში ჩადებული ცოდნით, განათლებით, საკითხის სხვაგვარი, არასტანდარტული გაშუქებით უმალ იპყრობს ყურადღებას და თანაც ისეთს, გაზეთის მორიგი ნომრის გამოსვლას რომ ელოდები.

უცხოური გაზეთები მაქვს მხედველობაში და არა აქაური. აქაურმა რახანია ფასი დაკარგა, უფრო სწორად მკითხველის ინტერესი, თორემ გაზეთების ფასები ისეა გაზრდილი, ხელმოკლე მკითხველს შეძენის საშუალებას არ აძლევს და იძულებულს ხდის საგაზეთო ჯიხურთან გადაავლოს თვალი.

ჩვენთან ხშირად მოისმენთ აზრს, განაჩენს, გამოტანილს ბეჭდვითი მედიის წინააღმდეგ. „ვინ კითხულობს გაზეთებსო“ — ასეთი განცხადებებით ე.წ. პოლიტიკოსები გამოირჩევიან. და მართლაც, ისინი ხომ არ კითხულობენ.

აი, იქ კი, საითკენაც ჩვენ მივრბივართ — გაზეთებს კითხულობენ. საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში ვიყავი მიწვეული, იქაური პარლამენტის, ანუ ბუნდესტაგის მუშაობის გასაცნობათ. გაცნობის ერთი დღე მასპინძლებმა პრესასთან მუშაობას დაუთმეს და მთხოვეს დილის 4 საათზე გავყოლოდი მათ პრესის დეპარტამენტში, რომელიც გამთენიეს იწყებს მუშაობას უკვე გამოსული ადგილობრივი გაზეთების განხილვა-კითხვით, ბუნდესტაგთან დაკავშირებული გამონათქვამების გაზეთებიდან ამოჭრით, ჟურნალში ჩაწეპებით და ამ ჟურნალის ბუნდესტაგის თავმჯდომარის მაგიდაზე დადებით.

ბუნდესტაგის თავმჯდომარე, სამსახურში მისვლისთანავე ეცნობა ამონარიდებს. ორი საათის შემდეგ, პრესის დეპარტამენტი ანალოგიურ მუშაობას აწარმოებს საზღვარგარეთიდან მიღებულ ჟურნალ-გაზეთებზე და ამოჭრილ მასალებს, ჟურნალში ჩაწეპებულს აწვდის ბუნდესტაგის თავმჯდომარეს, რომელიც თავის მხრივ პრესის მუშაკებისთვის აწყობს ბრიფინგს, რომელზეც პასუხს სცემს ყველა იმ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ-გაზეთებში.

მოდით დავსვათ კითხვა — რას ნიშნავს ეს?

პასუხი მარტივია — პრესისადმი, საზოგადოებისადმი პატივისცემას, ხალხისთვის თქმას იმისა, რომ ბუნდესტაგმა იცის საკითხი და ყურადღებით ეპყრობა მას. ზრდის თუ არა ბუნდესტაგის მხრიდან ასეთი ყურადღება ჟურნალისტთა პასუხისმგებლობას?

პასუხი მარტივია — ზრდის!

უყურადღებობა ზრდის უპასუხისმგებლობას და კიდევ ისეთი განცხადებები, როგორებიც იყო და არის, მაგალითად სააკაშვილის პრეზიდენტობისას — „გაზეთებს არ ვკითხულობ“. ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს — „არ ვკითხულობ“, თუ რამე საინტერესოა, ცოლი მიკითხავს“ და ა.შ. მედიისადმი აგდებული დამოკიდებულება, ცხადია ხელისუფალთა მხრიდან, საზოგადოებას ქვეყნის მიმართ პოზიტიურად ვერ განაწყობს.

საზოგადოებას, ქვეყანას, მითუმეტეს ხელისუფლებას სჭირდება საკუთარი ბეჭდვითი ორგანო, საკუთარი ტელევიზია, საკუთარი აზრის (მხედველობაში ხელისუფლება მყავს) ხალხისთვის გასაცნობად. დღეს ასეთი არ გვაქვს, არადა აუცილებელია სახელისუფლებო მედიის არსებობა.

სახელისუფლებოა, უფრო სწორად ხელისუფლების აზრის გამომხატველი ისეთი გაზეთი, როგორიც „ვაშინგტონ პოსტი“. ამ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია მიანიშნებს ამერიკელ პოლიტიკოსთა შეხედულებებზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

უკრაინასთან მიმართებაში ამერიკელ კონგრესმენთა დამოკიდებულება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. დემოკრატები უყოყმანოდ აცხადებენ უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელგაშლილად ეხმარებიან მას, როგორც შეიარაღებით, ისე ფინანებით, რასაც ვერ ვიტყვით რესპუბლიკელებზე.

ისინიც მხარს უჭერენ უკრაინას, მზად არიან ფინანსურ დახმარებაზე, მაგრამ შესაბამისი კონტროლით, ვინაიდან ეჭვი აქვთ, რომ ფინანსები მიზნობრივად  იხარჯებოდეს, რაც არ არის გასაკვირი, უკრაინის კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში.

რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ვიდრე მექსიკასთან აშშ-ს საზღვრის დაფინანსების პრობლემა არ გადაიჭრება, პრობლემა კი სერიოზულია არალეგალი სამხრეთელების აშშ-ი შეღწევის თვალსაზრისით, არც უკრაინისთვის და არც ისრაელისთვის ფული არ გამოიყოფა.

აღნიშნული სულაც არ ნიშნავს, რომ ორი პარტიის კურსი მსოფლიო ჰეგემონიზმის შესანარჩუნებლად სცდება ერთმანეთს. ნათელი მაგალითი ამისა გახლავთ უკრაინაში გაჩაღებული ომი.

მკითხველი შემედავება — სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთმა დაიწყოო. გეთანხმებით, რუსეთმა დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს, მაგრამ დავსვათ კითხვა — რატომ დაიწყო?

პასუხი, მარტივი და გასაგებია! კი არ დაიწყო, არამედ დაასწრო უკრაინას ომის დაწყება. რუსეთის სპეცსამსახურების უტყუარი მონაცემებით, უკრაინა 9-10 მარტს აპირებდა ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას დონბასის წინააღმდეგ.

გეგმა შემუშავდა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის მხარეთა მიერ. თითქმის 2 წელი გავიდა სპეცოპერაციის დაწყებიდან, დღემდე. ამ ხნის განმავლობაში მრავალი აზრი გამოითქვა აღნიშნულთან დაკავშირებით. უმრავლესობა მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ რუსეთი არის აგრესორი, ომის გამჩაღებელი, რომლის ისტორიული მიზანი და მისწრაფება მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობაა. ასე იყო მეფის რუსეთის და საბჭოთა კავშირის დროს, ასეა თანამედროვე რუსეთის პირობებში.

კოლექტიურ დასავლეთს, მის თანამგზავრ ქვეყნებს ამ აზრს ვერვინ შეაცვლევინებს. და ჩვენც, დასავლეთისკენ გადახრილნი, ვიმეორებთ რასაც ისინი. მაგალითად, არა მარტო 2008 წლის ომი მოგვყავს, არამედ სხვა ისტორიული ჭორ-მართალიც, ყოველგვარი ობიექტური ანალიზის გარეშე.

ჩვენ გვავიწყდება ევროკავშირის სპეცკომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული ომის გამჩაღებლის, ანუ საქართველოს ვინაობა!

მაშ, რატომ არის რუსეთი აგრესორი. ალბათ იმიტომ, რომ რუსი სამშვიდობოების ხოცვის გამო ხმა ამოიღო და სამხედრო სილა გაგვაწნა?! ცხინვალის მოსახლეობის დასაცავად ჯარი აფრინა? არ დაეწყო მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და არ იქნებოდა რუსეთის პასუხი, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ი დაგვაკარგვინა.

არ ყოფილიყო 2014 წლის მაიდნის სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც უმალ მოჰყვა უკრაინის ჯარის შესევა დონბასზე და არ იქნებოდა სპეციალური სამხედრო ოპერაცია.

კოლექტიურ დასავლეთს, რომ გაეთვალისწინებინა რუსეთის ხელისუფლების მტკივნეული რეაქცია აღმოსავლეთით ნატოს გაფართობასთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზეც, არავითარი სპეცოპერაცია არ იქნებოდა. მაგრამ დავანებოთ ამას თავი და გულდასმით შევხედოთ დღევანდელობას.

დღესაც, ისე, როგორც 2008, 2014 წლებში დასავლეთ-აღმოსავლეთის დაძაბულობასა და დაპირისპირებაში აშშ-ი და მისი ნატოელი მოკავშირეები არიან დამნაშავენი. დაუჯერებელია?

გადაავლეთ თვალი „ვაშინგტონ პოსტის“ 4 დეკემბრის სტატიას უკრაინის კონტრშეტევის თაობაზე და უმალ მიხვდებით — ქვეყანა, რომელიც 2 წლის განმავლობაში უმტკიცებდა მსოფლიოს, რომ ის არაფერ შუაშია, უბრალოდ მორალურ, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდა პარტნიორ უკრაინას, რათა დაეცვა მისი სუვერენიტეტი, შუაში კი არა, თავში ყოფილა. უფრო სწორად, ის და მისი მოკავშირე დიდი ბრიტანეთი უდგენდნენ უკრაინელ სამხედროებს კონტრშეტევის გეგმებს, რომლებმაც მარცხი განიცადეს.

კონტრშეტევის დაწყებიდან, ა.წ. ივნისი, დღემდე უკრაინის ჯარმა 120000 ჯარისკაცი დაკარგა, ისე, როგორც ამერიკა-ნატოს ქვეყნების მიერ მიწოდებული უამრავი სამხედრო ტექნიკა.

აშშ-ს არმიის გენერალი მარკ მილი, რომელიც აშშ-ს გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი იყო, გერმანიის ქ.ვისბადენში, 2022 წელს მოუწოდებდა იქ მყოფ უკრაინის სპეცდანიშნულების სამხედრო ძალების მოსამსახურეებს შემდეგს: „არ უნდა იყოს არც ერთი რუსი, რომელიც საკუთარ თავს, ძილის წინ არ დაუსვამს კითხვას — გამოჭრიან მას ყელს?“ ამით ამერიკელი გენერალი აგულისებდა უკრაინელ სამხედროებს. უკრაინელმა, ამერიკელმა და დიდმა ბრიტანელმა სამხედროებმა 8 მსხვილი სამხედრო საშტაბო სწავლება ჩაატარეს, სამხედრო კამპანიის დაწყებისთვის.

ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები, ხშირად აკეთებდნენ საწინააღმდეგო განცხადებებს კამპანიის სტრატეგიასთან,  ტაქტიკასთან და ვადებთან დაკავშირებით. პენტაგონს სურდა კამპანიის შუა აპრილს დაწყება, რათა რუსეთს არ მოესწრო პოზიციების გამაგრება. უკრაინელები თავს იკავებდნენ დამატებითი შეიარაღების მიუღებლობის გამო.

ამერიკელები დარწმუნებული იყვნენ, რომ არსებული შეიარაღება და ჩატარებული სამხედრო წვრთნები საკმარისი იყო წარმატებული კონტრშეტევისთვის. ამერიკელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ კონტრშეტევა ერთი მიმართულებით, სამხრეთით უნდა განხორციელებულიყო, უკრაინელები კი თვლიდნენ — სამი მიმართულებით.

კონტრშეტევამ მარცხი განიცადა, თუმცა პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ აგრძელებს ომს, ვიდრე უკრაინა არ დაბრუნდება 1991 წლის საზღვრებში — იმ წელს მიიღო უკრაინამ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირიდან.

„ამისთვის ბევრი წლის და სისხლის კარგვა დასჭირდება უკრაინას, თუ ეს საერთოდ არის შესაძლებელი“, — აცხადებს ბრიტანელი მაღალჩინოსანი და სვამს კითხვას — არის ამისთვის მზად უკრაინა?

„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიამ თვალი უნდა აუხილოს ყველა იმას, ვისაც კოლექტიური დასავლეთი დემოკრატი და ფუმფულა ჰგონია. დასავლეთი ისაა, რაც არახამიამ თქვა — ჩამოვიდა ჯონსონი (ბრიტანეთის პრემიერი) და ზელენსკის უბრძანა უნდა იომოთო. არავითარი სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთთან, ომიო!

ერთ მშვენიერ დღეს აქაც, რომ ვინმე იქაური ჩამოვიდეს და გვიბრძანოს — უნდა იომოთო, მაშინ?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

07/12/2023