მომხმარებლური პატრიოტიზმი

საქართველოს პოლიტიკა გაფაციცებით ელის დეკემბრის შუა რიცხვებს, რომელიც ან სიხარულს მოგვიტანს, ან სერიოზულ დაპირისპირებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.

15 დეკემბერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაადგენენ — არის თუ არა ღირსი საქართველო, რომ ჰქონდეს ამ კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი — ასერიგად სანატრელი საქართველოს პოლიტიკოსებისთვის.

წინადადებას წერტილით ვწყვეტ, არადა მისი არსი მოითხოვს გაგრძელებას, აი ასეთს — საქართველოს პოლიტიკოსებისა და ხალხისთვის.

ხალხს სპეციალურად ავარიდე გვერდი, ანუ ხელი, ვინაიდან ის იყო და არის სტატისტის როლში, თეფშზე დადებული მთავარი კერძის ირგვლივ შემოლაგებული გარნირის, მიუხედავად მედიის მიერ სისტემატურად ნათქვამი — ქართველი ხალხი, ხალხის დაკვეთა, შეკვეთა, შემოკვეთა და ა.შ.

მეტიჩარა პოლიტიკოსები, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის, მუდამ ამას გაიძახიან — ხალხის დაკვეთას ვასრულებთო.

ქალბატონმა თეონა აქუბარდიამ, პარლამენტის წევრმა, უმრავლესობასთან —ცხადია საპარლამენტოსთან ერთად, ევროკავშირის 9-პუნქტიანი დავალების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფში ჩასართავად, რიგით მომაკვდავებს, ანუ ხალხს გაგვანდო, რომ თქვენ დაკვეთას ვასრულებ და ვერთვები „მტრის“ მიერ შექმნილ ჯგუფში სამუშაოდ, თორემ ასეთი პატივის ღირსი სულაც არ არის „ოცნებაო“.

აქუბარდიას სახელი და გვარი მუდამ ჟღერს ქართულ მედიაში, თანაც ნებისმიერი საკითხის განხილვის დროს. მან ყველაფერი იცის — პროქტოლოგია-გინეკოლოგიით დაწყებული, ადამიანის უფლებების დაცვით და ჯარის შეიარაღებით დამთავრებული.

კვიცი გვარზე ხტისო — თეონაზეა ნათქვამი. მამამისივით ყველაფერზე ლაპარაკობს — ის, საკუთარ ტელევიზიაში, ეს — პარლამენტში. ისიც, „ხალხის დაკვეთას“ ასრულებს, ესეც, თუმცა რომელი „ხალხის“  არვინ იცის.

ვეჭვობ, თეონასთვის ეთხოვა „ხალხს“ ამა და ამ თემაზე ილაპარაკეო, მაგრამ, მარტო თეონა იჩემებს „ხალხის“ შეკვეთის შესრულებას?! პარლამენტის სხვა ქალ-ვაჟნიც ამას არ გვიმტკიცებენ?! — თქვენი გულისთვის ვლაპარაკობთ ამ საპარლამენტო მიკროფონში, თორემ წყნარად ვიქნებოდით — სხდომათა დარბაზში მთვლემარენიო.

და მართლებიც არიან, ვინაიდან მთვლემარე პარლამენტართა რაოდენობა ხომ საგრძნობლად აჭარბებს მოლაყბეებს?!

ქართველი ხალხის სისტემატური ხსენება გამიზნული ქმედებაა იმათ მხრიდან, ვინც ლამის 30 წელია ტვინს გვიბურღავს უსაგნო დარიგებებით, მაგრამ რატომ უსაგნო?!

სულაც არა! ამ შეგონებებს დიდი შედეგი მოაქვს მათთვის.

30-წლიანმა დასავლურმა სწავლა-განათლებამ, ანუ დასავლურმა შეგონებებმა შედეგი გამოიღო. ერი, რომელიც უახლოეს წარსულში იდეალებში, სულიერ სიმშვიდესა და სულიერი საზრდოს მოპოვება-განვითარებისთვის იღვწოდა, დღეს კუჭის ამოყორვისთვის, მომხმარებლური „პატრიოტიზმისთვის“ იბრძვის.

სწორედაც რომ ორი, ერთმანეთთან შეუთავსებელი სიტყვის — „მომხმარებლურის“ და „პატრიოტიზმის“ შეთავსების პროცესში ვართ, დარწმუნებული მათ შეჯვარებაში, დარწმუნებული დადებით შედეგში.

მკითხავთ — რატომ მომხმარებლურიო? იმიტომ, პატივცემულებო, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება გზაა ევროკავშირის წევრობისკენ. მართალია, ეს გზა გრძელი და დაუსრულებელია, იმ ქართული ანდაზისა არ იყოს — „ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე“ — ამ სტატუსის მატარებელი ქვეყნებისთვის, მაგალითად თურქეთისთვის, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ხომ შეიძლება „დავკეცოთ“ და თავი ევროკავშირში ამოვყოთ?!

შეიძლებაო, — გვაიმედებენ ბრიუსელელი ქალბატონები და ბატონები — ბიცოლა ურსულას და ბიძია შარლის სახით.

მათ წინამორბედმა ბიძია-ბიცოლებმა რამდენჯერ დააიმედეს მეზობელი თურქეთი? მას დღესაც აქვს იმედი, რომ ევროკავშირის წევრი იქნება, მაგრამ აიხდენს თუ არა ამ ოცნებას, ალაჰმა იცის!

აი, სწორედ ალაჰის გამო ხდება თავშეკავება, თორემ თურქეთმა ლამის ყველა საშინაო დავალება შეასრულა — ბრიუსელის მიერ მიცემული და ამ საშინაო დავალებების შესრულებას მან ლამის ნახევარი საუკუნე შეალია.

ჯერ იყო საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ იგულწრფელა და თქვა, რომ თურქეთი შეუფერებელიაო ევროკავშირისთვის. ახლა ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი ვილდერსი აცხადებს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ევროკავშირში თურქეთის გაწევრების. და მიუხედავად სხვა მაგალითებისა, რატომ არის საქართველოს პოლიტიკისთვის ევროკავშირში გაწევრება მომხმარებლური?

მარტივი მიზეზის გამო. საქართველოს პოლიტიკას, ამ შემთხვევაში ხელისუფლება-ოპოზიცია ერთსულოვანია, სურს საკუთარი საქმე სხვას გადააბაროს.

ბრიუსელმა უნდა იზრუნოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, კანონშემოქმედების დახვეწაზე, ანუ ისეთად გადაკეთებაზე ან ახლის მიღებაზე, ევროკავშირს რომ მოაწყობს. საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ასჯერ მეტი მარიონეტის როლს, ვიდრე დღეს. მოსახლეობას — უკმაყოფილოს და მოპროტესტეს ეტყვის, რომ ეს ჩემი საქმე არ არის — ბრიუსელს მიმართეო.

მარტივ, გასაგებ ენაზე გეტყვით და მაგალითსაც მოგიყვანთ. ქალაქის მერმა, კალაძემ ბრძანა — საცხოვრებელ სახლებში ლიფტების — ძველის, ამორტიზებულის და სახიფათოს გამოცვლა ქალაქის მერიის საქმე არ არისო. სახლი, იქ მცხოვრები ადამიანების საკუთრებაა და მათ უნდა იზრუნონ ლიფტის შეცვლაზეო.

კანონით ეს მართლაც ასეა, მაგრამ მობინადრეებმა რა ჰქნან?

ლიფტი, კარტოფილი არ არის, რომ სუპერმარკეტსა ან ბაზარში იყიდო. ლიფტი არსად იყიდება.

ქალაქის მერიას არ ევალება ლიფტის გამოცვლა, მაგრამ ქალაქის მერიის წინადადებით, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ლიფტის დამამზადებელი ქარხნის აშენება, უფრო სწორად ნებისმიერ ქვეყანასთან, ვინც ამ საქმეშია დახელოვნებული (ფინეთი, რუსეთი, ბელორუსი, იაპონია, თურქეთი, …) ხელშეკრულების გაფორმება, რის საფუძველზეც აშენდება ქარხანა — ესოდენ საჭირო და აუცილებელი ქვეყნისთვის. მაგრამ არც მერია და არც ხელისუფლება ამაზე თავს არ იწუხებს.

ანალოგიურ გულგრილობას ექნება ადგილი ევროკავშირში შესვლის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური პრობლემები აღარ შეაწუხებს. ასე ფიქრობს ის. აღარც კანონშემოქმედებითი პროცესი „გადაღლის“ ხელისუფალთა გონებას. ბრიუსელში შექმნილს ან ევროკავშირის წევრი რომელიმე 27 ქვეყნის კანონს გადმოიწერს და მისი ჯანი, როგორც ქართველები ვამბობთ. ასე არ გადმოვიწერეთ უკრაინის კანონი ოლიგარქიასთან დაკავშირებით? მართალია, უკრაინა ჯერ-ჯერობით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მატარებელია, მაგრამ კანდიდატი ხომ არის?!

ისე, კაცმა რომ თქვას, ოლიგარქიასა და კორუფციასთან დაკავშირებულ კანონს, უკრაინას რომ დაესესხები — ქვეყანას, კორუფციაში ჩამხრჩვალს, რა დონეზე უნდა იყო?!

რაც შეეხება სიტყვა „პატრიოტიზმს“. აი, სწორედ მომხმარებლური ბუნების გადასაფარად ხდება პატრიოტული განცხადებების გაკეთება, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, რასაც თავიანთ ხმას უმატებენ ე.წ. ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, ექსპერტები. ომახიანია დასავლური, კერძოდ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს ფილიალების ხმებიც.

პატრიოტულად ჟღერს — „საქართველოს აწმყო და მომავალი“, „ევროპულ ოჯახში დაბრუნება“, „ევროპული ფასეულობების გათავისება“, მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ — ქართველების ევროპელებად გადაკეთება.

აშშ-ი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაბეჯითებით ცდილობს ევროპელთა ამერიკულ ყაიდაზე მოქცევას. ჩვენ კი ვცდილობთ პირველ ეტაპზე გაევროპელებას, შემდეგ — გაამერიკელებას. და ამას ჰქვია პატრიოტიზმი?

პატრიოტიზმი, სულაც არ არის შენი კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია. ამ სიტყვას კარგი ჟღერადობა აქვს — ნახეთ, რა კარგად ჟღერს ჰარმონიზაცია?

აი, ამ ჟღერადობამ მოხიბლა უკრაინა და მოხიბლულმა მისმა ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გვაჩვენა ორი ახალგაზრდა ყმაწვილის, მაპატიეთ, ბიჭად დაბადებულის, მაგრამ ქალობის მსურველის დიალოგი — ხელებისა და ტანის ისეთი ჟესტიკულაციითა და რხევით, ნებისმიერ ქალს რომ შეშურდებოდა.

შევარდნაძის პარლამენტის წევრი, ლუიზა შაკიაშვილი ამ „ომახიან მამაკაცებთან“ შედარებით, ხმალმოღერებულ გიორგი სააკაძედ მოგეჩვენებოდათ. ლუიზას პატრიოტობა, მართლაც გულწრფელი და ვაჟკაცური, სამწუხაროდ ისტორიას ჩაბარდა, თორემ ვინ გაბედავდა პარლამენტში პედერასტულ „ჰარმონიზაციაზე“ ტლიკინს?!

„ჰარმონიზაცია“, კანონმდებლობის გარდა, ყოფა-ცხოვრებასაც ეხება: პროსტიტუციის ლეგალიზებას; ერთნაირსქესიანთა ქორწინებას; ქალის, კაცად გადაკეთებას, კაცის, ქალად, ტრანსვესიტობას და სხვას ისეთს, რაც ქართველისთვის 30 წლის წინათ უცხო იყო. დღეს — მისაღები. თუ ვინმე შემედავება არაო, შეგეკითხებით — თუ არა, სად ისმის თქვენი პროტესტი?

არსად! პირიქით, გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში და ნატოში გაწევრებას.

ევროკავშირში შესვლას მოსახლეობა — გამოკითხვის მიხედვით, ევროპულ ღირებულებებში დაბრუნებად, აღიქვამს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ღარიბაშვილმა არაერთხელ ბრძანა, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახსო.

რას ნიშნავს დაბრუნება?

სიტყვა „დაბრუნებას“ სხვა ახსნა არ აქვს. იყავი იქ — ამ შემთხვევაში ევროპაში, ოდესღაც და ჟამთა უკუღმართობამ დაგაშორა მისგან, ახლა კი, ევროკავშირის დახმარებით და შენი მეცადინეობით, უბრუნდები მას.

კეთილი, მაგრამ როდის ვიყავით ევროპაში?

გეოგრაფიულად მასთან ახლოც არ ვართ. შავი ზღვა გვაშორებს მისგან. ან რატომ ვიწუნებთ ამიერკავკასიას, ჩვენი გაჩენის, ერად ჩამოყალიბების ადგილს? რატომ ვწიხლავთ მას, რატომ ვთვლით, რომ აქ გაჩენილები, იქ გაჩენილების გვერდში უნდა ვიდგეთ, ვინაიდან აქაურობა, იქაურობასთან შედარებით არარაობაა?!

ასე თვლიდა და თვლის უკრაინაც და შედეგი?

დანგრეული, გაპარტახებული ქვეყანა — საბჭოეთის დროს მოგუგუნე გიგანტური ქარხნებით, ავტომშენებლობით, გემთმშენებლობით, აეროკოსმოსური სამეცნიერო-ტექნიკური ლაბორატორიებით, … სახელგანთქმული საბჭოთა რესპუბლიკა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კომპლექსებით და იქ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით ცნობილი ქვეყანა, დღეს არარაობად ქცეული, რუსეთთან ომით გამოფიტული, უკომპასოდ დარჩენილი. არა მარტო უკომპასოდ დარჩენილი, მამრობითი სქესის ადამიანთა გარეშე მოუწევს გადარჩენილ უკრაინას (თუკი გადარჩა, როგორც ქვეყანა) ომისშემდგომი ცხოვრების შენება.

სულ ახლახანს ერთმა ამერიკელმა გენერალმა ბრძანა, უკრაინას არა მარტო საბრძოლო იარაღი ელევა, არამედ საზარბაზნე ხორციცო — მას ადამიანები ჰყავდა მხედველობაში.

წინა სტატიაში უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აზაროვის მიერ გამოთვლილი დემოგრაფიული ვითარების ამსახველი სტატისტიკა გაგაცანით. ის აცხადებს, რომ 2014 წელს უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა 42 მილიონი იყო. დღეს, 19 მილიონია. მისი გათვლით და ევროკავშირის მონაცემებით, 10 მილიონი უკრაინელია მიმოფანტული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში; 5 მილიონი რუსეთში გადასახლდა; 10 მილიონამდე უკრაინის მოქალაქე, 2022 წლის 24 თებერვლის ომის დაწყების შემდეგ, იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც, რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, რუსეთის შემადგენლობაშია შესული; ნახევარი მილიონი ადამიანი ომში დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, დღემდე 125000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

სიყალბეზე დაფუძნებული უკრაინულ-დასავლური პროპაგანდა აცხადებს, რომ უკრაინის მოსახლეობის 70% შემართულია რუსეთთან საომრად. კეთილი, მაგრამ დასავლელთა გათვლით, 4 მილიონი უკრაინელი, რომ თავგადაკლული ცდილობს თავი აარიდოს ომს? ე.წ. დეზერტირები 5000-დან 10000 ევროს უხდიან უკრაინელ მესაზღვრეებს, უკრაინის საზღვრის გადალახვასა და უკრაინიდან უცხოეთში გაქცევისთვის.

უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება — მონა დასავლეთის (მსგავსი მონობა გვემუქრება ჩვენც), ლამის უყოყმანოდ ასრულებს ამერიკა-ევროკავშირის ბრძანებას, რის შესახებაც განაცხადა პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრმა და რუსეთთან გამართული მოლაპარაკების უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა არახამიამ:

სტამბოლის მოლაპარაკებაზე განვიხილეთ ომის შეწყვეტისა და უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების საკითხები, შევთანხმდით, დავბრუნდით კიევში და თავზე დაგვადგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც გვითხრა, რომ ომი უნდა გავაგრძელოთ.

ჯონსონი, ვაშინგტონის გარეშე უბრძანებდა ამას ზელენსკის?

თავი დავანებოთ გუშინდელს, ერთობ არასასიამოვნოს უკრაინისთვის, გამანადგურებელს და შევხედოთ დღევანდელ ვითარებას.

უკრაინის ჯარი გამოფიტულია. უკრაინელი ჯარისკაცების საშუალო ასაკი 45 წელს გადასცდა. ჯარში ძალით ერეკებიან არა მარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსაც. უკრაინაში აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, ოსტინის ყოფნის შემდეგ, გავრცელდა ხმა — ჯარში გასაწვევთა ასაკის შეცვლის თაობაზე — 17 წლიდან, 70 წლამდე.

ოსტინს სიტყვაც არ დაუძრავს მოლაპარაკებაზე, პირიქით განაცხადა, რომ აშშ-ი მზადაა სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას. ანალოგიური რამ ბრძანა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმაც.

აღნიშნულის შემდეგ ძნელია არ დაიჯერო ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება — თუ როგორ აწვებოდა ვაშინგტონ-ბრიუსელი და მათთან ერთად კიევი საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გაეხსნაზე რუსეთის წინააღმდეგ.

ვერვინ დამარწმუნებს, რომ რომელიმე მათგანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აინტერესებდეს. მათი ინტერესის მთავარი საგანი რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ხანძრის გაჩენაა და ამით ნაწილობრივ რუსეთის ყურადღების უკრაინიდან ამიერკავკასიაზე გადატანაა.

რახან დაკარგულის დაბრუნება აღვნიშნე — აუსრულებელი ოცნება საქართველოს, მისი პოლიტიკოსების და შეგნებულ-შეუგნებელი საზოგადოებისთვის, იმასაც გეტყვით, რომ ასეთს, ანუ დაბრუნებას მომავალი 50 წლის განმავლობაში ადგილი არ ექნება, ვინაიდან საქართველოს არასდროს არ ეყოლება იმ რაოდენობის არმია, ომით რომ მოაგვაროს ეს საკითხი.

მოლაპარაკება კი შეუძლებელია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავს ვარიდებთ აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთელებთან ლაპარაკს. ის, რაც ჟენევაში ხდება პოლიტიკურ საკითხებთან, მითუმეტეს დაბრუნებასთან არავითარი შეხება არ აქვს.

ზოგნი მიიჩნევენ, რომ დაკარგულის დასაბრუნებლად რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ. კეთილი, მაგრამ არც მასთან რომ არ გვსურს ლაპარაკი?

ჩვენი კუდრაჭა ახალგამომცხვარი მდედრობით-მამრობითი სქესის ვითომ პოლიტიკისები კატეგორიულად გაჰყვირიან რუსეთთან მოსალაპარაკებლად საქართველო, დასავლელ პარტნიორებთან ერთად უნდა მიუსხდეს მაგიდასო. როგორ აღიქვამს ამას რუსეთი?

ჩვენი მხარის უჭკუო განცხადებით საქართველო იმ დონისა არ არის, მარტომ რომ აწარმოოს რუსეთთან მოლაპარაკება, რაც სიმართლეა.

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს არ ჰყავს თუნდაც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებს რუსეთის პრეზიდენტთან ლაპარაკს. მასთან საქმიანი, საგნობრივი დიალოგის გამართვას.

საქართველოს სურს დაკარგულის დაბრუნება, მაგრამ იცით როგორ?

რუსეთმა ან კოლექტიურმა დასავლეთმა, რომ უბრძანოს მათ — დაბრუნდით, თორემ დედას გიტირებთო და ა.შ.

მოდით ვიოცნებოთ და აბსტრაქტულად წარმოვიდგინოთ, რომ ისინი დაგვიბრუნდნენ. შევძლებთ მათთან საერთო ენის გამონახვას?

30-წლიანი განშორება, 30-დღიანი არ არის. 30 წელი, ერთი თაობაა. თაობა, რომელმაც თუ რამე იცის საქართველოზე, რბილად რომ ვთქვათ უარყოფითია. საქართველო მათთვის არის მტერი. გარდა ამისა, ისინი იმ სამყაროს ეკუთვნიან, იმ სამყაროს მენტალიტეტით აზროვნებენ და ცხოვრობენ, ჩვენ რომ გვეზიზღება და რუსულ ტირანიას, დესპოტიზმს ვარქმევთ — ჩვენ, ვითომ გაევროპელებულები.

სულ ახლახანს ხელოვანთა სპეცშეკრებაზე, რომლის მიზანი ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განცხადებების გაკეთება იყო და მეტი არაფერი, ითქვა შემდეგი — ქართველები ევროპელები ვართ, ჩვენსა და მათს შორის არავითარი განსხვავება არ არის; ჩვენ, რომ ევროპელები ვართ, მუდამ ვიცოდით, მაგრამ არ ვამბობდით ხმამაღლა.

რომ გეთქვა, დაგვიჯერებდნენ?

დღევანდელი ევროპა, ის აღარ არის, რაც თუნდაც 5 წლის წინ იყო. 30-40 წლის წინანდელი ევროპა — განათლებული და დაპურებული, ისეთივე უცხოა თანამედროვე ევროპელებისთვის, როგორც დღევანდელი ქართველებისთვის 50 წლის წინანდელი მართლაცდა პატრიოტი ქართული საზოგადოება.

ახლო თუ შორეული აღმოსავლეთიდან, ჩრდილო აფრიკიდან გადასახლებულმა მიგრანტებმა კარდინალურად შეცვალეს არა მარტო ევროპული ქალაქების გარეგნული სახე, არამედ აზროვნებაც. ამას დაემატა უკრაინის ომი, უკრაინელი ლტოლვილები, ენერგეტიკული კრიზისი, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მწარე გამოძახილი და შედეგად მივიღეთ ევროპა — ერთობ განსხვავებული წარსულისგან; ევროპა, სადაც პოლიტიკური პულსის მანიპულირება ლგბტ-ს აქვს ხელში ჩაგდებული; სადაც იკრძალება სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის ხელოვნება, მწერლობა, კულტურა, სატელევიზიო გადაცემები; ევროპა, სადაც რუსეთზე დადებითი აზრის გამოთქმა საჯაროდ იკრძალება; ევროპა, სადაც ევროპელი ჟურნალისტების ობიექტურ სიუჟეტებს რუსეთის შესახებ ეთერში არვინ უშვებს, ჟურნალისტებს კი სამსახურიდან ათავისუფლებენ.

დღევანდელი ევროპის პოლიტიკოსები, თავიანთი ცოდნით და გამოცდილებით ხომ ახლოსაც ვერ მივლენ წინამორბედებთან, ისე, როგორც პატიოსნობით, არაკორუმპირებულობით.

ნეგატიური სურათები, ევროპელთა თანამედროვე ცხოვრების გალერეაში გამოფენილი, იმდენია, არათუ იქ ყოფნა, გახედვაც არ მოგინდება მისკენ. მაგრამ იცის ეს ქართველობამ?

არ იცის! და რომ არ იცის, გამოკითხვებს პოზიტიურად პასუხობს და ხმამაღლა ყვირის — ევროპა მინდაო, ცხადია არა ქვეყნის კეთილდღეობისთვის, არამედ საკუთარი კუჭის ამოყორვისთვის.

12 წლის წინათაც ასე ეგონათ — მილიარდერი ივანიშვილი ფულს მოგვცემსო. არ გაუმართლდათ. არც ევროპა მოგცემთ ფულს, წართმევით კი ბევრს წაგართმევთ.

დავუბრუნდეთ ისევ მომხმარებლურ-პატრიოტულ შემართებას, ანუ პატრიოტიზმის საფარსქვეშ მომხმარებლური ჩვენი ბუნების დაკმაყოფილების თემას.

პატრიოტულად ჟღერს ხელისუფალთა ძალისხმევა ევროკავშირის მიერ მოცემული დავალებების შესრულების საქმეში.

თუ შევასრულებთ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ. რა თავში ვიხლით კანდიდატობას, თუ მას წევრობა არ მოჰყვება? და თუ გავწევრიანდით, იქნება თუ არა ჩვენთან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?

არ იქნება, ვინაიდან მათ ევროკავშირის ხსენებაზე ტანში აჟრიალებთ.

საქართველო ევროკავშირის მესამეხარისხოვან წევრობაზე ცვლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?

ასე გამოდის და ამის შესახებ უნდა ითქვას ხმამაღლა — ეს არის პატრიოტიზმი?

რაღაც ორგანიზაციაში გასაწევრებლად, რომ ქვეყნის 20%-ს, დაკარგულის და სააკაშვილის ავანტიურისტული პოლიტიკით დაშორებულის, დადასტურებას რომ აპირებ?

გახსოვთ ალბათ, 2-3 წლის წინ ე.წ. ჩვენი პარტნიორები, რომ გვიჭიკჭიკებდნენ — ნატო-ევროკავშირში ყოფილი ავტონომიების გარეშე რომ მიგიღოთ, რას იტყვითო?

მაშინ ოპოზიციამ გაბედა და თანხმობა გამოხატა, ხელისუფლებამ — უარი.

დღეს, სხვაგვარად შემოგვიარეს — ევროკავშირში მიგიღებთ ავტონომიების გარეშეო. ცხადია, ეს ჯერ არ უთქვამთ, ვინაიდან მხოლოდ კანდიდატობას გვაძლევენ, მაგრამ უდავოდ გვეტყვიან, წევრობაზე რომ მიდგება საქმე.

გაფრთხილდით, ყმაწვილო ხელისუფლებავ!

ხალხს, ასეთ საქმეებში ინდიფერენტულს, გაუთვითცნობიერებულს, ვერც შეუძახებ და ვერც გამოაფხიზლებ, ვინაიდან პასუხს ვერ მიიღებ. ქართული გამოთქმისა არ იყოს — „შეაყარე კედელს ცერცვი“-ს მსგავსი იქნება შეგონება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

03/12/2023