ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს

1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა, სატელევიზიო სპეციალურ გამოშვებაში საბჭოთა კავშირის დაშლა გამოაცხადა, რითაც საფუძველი დაუდო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ ქვეყნებად გადაკეთებას.

გორბაჩოვის განცხადებას წინ უსწრებდა ბელორუსის ბელოვეჟის ტევრის შეთქმულება რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის პრეზიდენტების ელცინის, კრავჩუკის, შუშკევიჩის მონაწილეობით, რომლებმაც წყალი შეუყენეს საბჭოთა კავშირის არსებობას — უნიკალური კავშიის, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ ახსოვს, ამდენად გორბაჩოვის განცხადება განსაკუთრებულ სიახლეს, სენსაციას არ შეიცავდა და საბჭოთა ხალხმაც ისე აღიქვა, როგორც დასტური უკვე დაშლილი უდიდესი ქვეყნისა.

იმ ცივ, დეკემბრის ღამეს რეაქცია მოსკოველებისა უდავოდ იყო გულგრილი. არვინ შეკრებილა წითელ მოედანზე. არვის შეუხედავს კრემლის სასახლეზე აღმართული ფლაგშტოკიდან ნამგალ-უროიანი წითელი საბჭოთა დროშის დაშვების და მის ნაცვლად ახალი რუსეთის სამფერიანი დროშის აღმართვისთვის.

ისტორიას ჩაბარდა არა მარტო წითელი დროშა, არამედ საბჭოთა კავშირიც — ყოველგვარი ცრემლის, გულშემატკივრობის გარეშე.

საბჭოთა ხალხმა, რომელმაც საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის არსებობას, მინიმალური ინტერესიც არ გამოავლინა გორბაჩოვის სპეციალური განცხადების მიმართ.

საბჭოთა კავშირის დაშლის სინანული ხალხს მოგვიანებით გაუჩნდა და მასთან ერთად ნოსტალგიაც წარსულის, უდავოდ გმირულის, გიგანტური წარმატებებისა და ასევე გიგანტური გამარჯვებების მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ხანმოკლე არსებობის განმავლობაში.

დაიწყო ახალი ცხოვრება, უცნობი ყველასთვის, არნახული, გამოუცნობი, სოციალისტურისგან კარდინალურად განსხვავებული, 70-წლიანი ცხოვრების მიერ უკიდურესად გალანძღული, კაპიტალისტური.

წარსული სოციალისტური იდეალიზმი პრიმიტიულმა მომხმარებლობამ ჩაანაცვლა; რომანტიზმი, ფულის შოვნის, ფულის კეთების „იდეოლოგიამ“; „ხელის ჭუჭყი“, ფულთან დაკავშირებული საბჭოთა ადამიანის გამოთქმა, წითელი დროშის მსგავსად გაქრა.

საბჭოთა კავშირის დაშლას და დამოუკიდებლობის სტატუსში გადასვლას საქართველოს მოსახლეობა თბილისის ომით შეხვდა. ხელისუფლება-ოპოზიციის სისხლიანი დაპირისპირება აშკარად არ იძლეოდა დამოუკიდებლობის, თანაც ნაბოძების, ჯეროვნად აღქმის, გათავისების საშუალებას.

ვის სცხელოდა დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისთვის, როდესაც ქვეყნის დედაქალაქის ცენტრი დამწვარ-გადაბუგული იყო. დამიზნებული თუ ბრმა ტყვიებით ხალხი იხოცებოდა, ქვეყანა სამოქალაქო ომში იყო გახვეული.

იყო სამხრეთ-ოსეთი, იყო აფხაზეთი, იყო სამეგრელოს აწიოკება, იყო აჭარის დაჩოქების მცდელობაც და ყოველივეს სისხლი ახლდა.

ასე დაიწყო საქართველომ ახალი ცხოვრება.

არც ჩვენი მეზობლები იყვნენ დალხინებულნი. სომხეთ-აზერბაიჯანს საბჭოეთიდან გამოყოლილ მზითვად ერგო მთიანი ყარაბაღის პრობლემა, ომში გადაზრდილი.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებიც ისე, როგორც ჩვენ, დამოუკიდებლობის სურვილით ანთებულნი, დამოუკიდებლად არსებობის წინაშე მდგომნი, ახლის უცოდინარნი, საგონებელში ჩავარდნილნი, ამაოდ ეძებდნენ ახალ პატრონს, პურისა და წყლის მომწოდებელს, დახმარების ხელის გამომწვდენს.

გვინდოდა უცბათ, სასწრაფოდ. ყოველდღიური გაძაღლებული ცხოვრება — უშუქობა, უგაზობა, უპურობა, სხვა მრავალი გაუსაძლისი ყოფითი პირობები გვკარნახობდა ამას და როდესაც ხსნა აღმოვაჩინეთ, დასავლეთის სახით, დაუფიქრებლად მივენდეთ მას — საჩუქრად მიღებული დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით ბოლომდე გაუთვითცნობიერებლები ამ ორი სიტყვის მნიშვნელობაში.

ვიხსენებ იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჩიკვაიძის ვიზიტებს საზღვარგარეთის ქვეყნებში და მის მიერ მასპინძლებისთვის სასოწარკვეთით ნათქვამ სიტყვებს „ჰელპ მი“ (Help me) — დაგვეხმარეთ! და ვფიქრობ, მაინც რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო გამოცდილი საბჭოთა დიპლომატი, საბჭოთა კავშირის ყოფილი ელჩი კენიასა და ნიდერლადებში, გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, თავმოყვარე ბატონი ალექსანდრე, რომ სიტყვა „დამეხმარეთ“ გამოეყენებინა დიპლომატიური მოლაპარაკების დროს?!

მახსენდება გასული საუკუნის ოთხომცდაათიანი წლების დასაწყისი, ომით დათრგუნული ქვეყნის მოსახლეობა, პურზე გრძელი რიგები, ნავთქურები, ცარიელი ქუჩები, უტაქსობა, საქალაქო ტრანსპორტის არ არსებობა, თბილისის ქუჩებში საზღვარგარეთის ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დროშიანი ავტომანქანების გამოჩენა, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, სხვა ქვეყნების მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტები, საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები უცხოეთში. პირველი მოკრძალებული, ხშირად მორცხვი ნაბიჯები — საერთაშორისო არენაზე გადადგმული.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, უკვე დამოუკიდებლები და სუვერენულები ბნელ ოთახში ხელის ცეცებით ვეძებდით იატაკზე დავარდნილ კაპიკს, ზოგმა უცბათ მიაგნო, ისევ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით, ზოგმა — ვერა.

ზოგმა რუსეთთანაც აღადგინა ურთიერთობა და სხვასთანაც დაიწო პოლიტიკური არშიყი, მეძავობაში გადასული.

საქართველოს პოლიტიკა მეორეთა რიგებში აღმოჩნდა — პოლიტიკურ-გეოგრაფიული, უფრო სწორად გეოპოლიტიკური მრავალვექტორიანობით შეპყრობილთა რიგებში.

სხვადასხვა ძალის მქონე ცენტრთან კავშირების დამყარება-განვითარება, თანაც უცბათ, მაღლა წევს კონკურენტუნარიანობას, იძლევა შანსს საკუთარი თავის ძვირად გაყიდვის. გლობალური რყევების დროს ინვესტიციები და სავაჭრო კავშირები — სარგებლის მომტანია. თუმცა მრავალვექტორული პოლიტიკა ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს. მაგალითად, ბელორუსი, 2020 წლამდე ეთამაშებოდა ევროკავშირს და აშშ-ს. იმავე წელს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მინსკში ვიზიტსაც ეღირსა, თუმცა ეს თამაში დიდხანს არ გაგრძელდა.

მალე ევროკავშირმა და აშშ-ა ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშიენკო არალეგიტიმურად გამოაცხადეს და ისევ რუსეთს მოუწია ბელორუსის გადარჩენა.

ბელორუსი იყო ის ქვეყანა, რომელიც ცდილობდა ურთიერთობების ქონას, როგორც რუსეთთან, ისე კოლექტიურ დასავლეთთან. სხვებსაც ჰქონდათ ასეთი სურვილი, თუმცა, ისე, როგორც ბელორუსი, ამას ვერ ახერხებდა.

საქართველო, პრეზიდენტ შევარდნაძის პირობებში თითქოს ახერხებდა ორ სკამზე ჯდომას, მაგრამ მეტადრე იმაზე, რომელიც დასავლეთისკენ იყო გადახრილი.

სააკაშვილის, ივანიშვილის მმართველობის პერიოდი იყო და არის ანტირუსული, პროდასავლური, ყოველგვარი მრავალვექტორულობისგან შორს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა თავიდან ბოლომდე რუსეთზეა ჩამოკიდებული და ეს მაშინ, როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.

ოსე, როგორც ბელორუსი, ყაზახეთიც მოიხიბლა მრავალვექტორული პოლიტიკით და არა მარტო მოიხიბლა, სიამაყეც დაეუფლა მანამ, ვიდრე „სანატრელმა“ დასავლეთმა 2022 წლის დასაწყისში სახელმწიფო გადატრიალება არ მოუწყო.

ყაზახეთის მსგავსად, თავისი მრავალვექტორიანობით აზერბაიჯანიც ამაყობდა. ჯერ კიდევ გეიდარ ალიევის პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა ე.წ. საუკუნის კონტრაქტს — აშშ-ს აქტიური მონაწილეობით. კონტრაქტის ხელმომწერები იყვნენ ისეთი ნავთობკომპანიები, როგორებიცაა: „ამოკო“, „პენზოილი“, „ექსონი“, ა.შ.

20 сентября 1994 года в Баку между 13 крупными нефтяными компаниями, специализирующимися на добыче нефти, представляющими 8 стран мира был подписан крупномасштабный международный контракт о совместной разработке трёх нефтяных месторождений — «Азери», «Чираг» и «Гюнешли» в азербайджанском секторе Каспийского моря. В «Контракте века» приняли участие 13 компаний (Амоко, БП, МакДермотт, Юникал, ГНКАР, ЛУкойл, Статойл, Эксон, Туркия петроллары, Пензойл, Иточу, Ремко, Делта) из 8 стран (Азербайджан, СШАВеликобританияРоссияТурция, НорвегияЯпония, Саудов­ская Аравия).

მაშინ აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები სიხარულით აცხადებდნენ, რომ ხელშეკრულება იყო აშშ-ს, რუსეთზე გეოპოლიტიკური გამარჯვება, მაგრამ როდესაც დემოკრატიასა და სამართლიანი არჩევნების საკითხები დგებოდა დღის წესრიგში, დასახმარებლად მუდამ მზად იყვნენ დსთ-ს დამკვირვებლები.

აზერბაიჯანი არ გასულა ამ ორგანიზაციიდან,  ისე, როგორც საქართველო, თუმცა ალტერნატიული სტრტუქტურის „სუამის“ მუშაობაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. ყველაფერი 2018 წელს შეიცვალა, როდესაც სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად ხელისუფლებაში დასავლელი ფაშინიანი მივიდა და ილჰამ ალიევმა გადაწყვიტა მთიანი ყარაბაღის ძალისმიერი გზით დაბრუნება.

ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-ა სულ უფრო ინტენსიურად დაიწყეს თავიანთი სიმპათიების გამოხატვა პროდასავლელი ფაშინიანის მიმართ. 2020 წლის ომის დროს, ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ აზერბაიჯანისგან ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების დაწესებითაც ემუქრებოდნენ.

ომის შემდეგ, როდესაც ფაშინიანმა დამარცხებაში რუსეთი დაადანაშაულა, დასავლეთმა ჩათვალა, რომ დადგა დრო სომხეთში საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის.

სწორედ ამ მიზნით, 2022 წლის სექტემბერს სომხეთს ეწვია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელმაც აზერბაიჯანი დაადანაშაულა აგრესიაში, ხოლო რუსეთი — ოდკბ-ს უმოქმედობაში.

მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი აგრძელებდა თანამშრომლობას აშშ, რომელმაც გადაწყვიტა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების საკუთარი ვარიანტი მოეხვია თავს სომხეთ-აზერბაიჯანისთვის და ორივეს თანხმობის შემთხვევაში დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალიც ვაშინგტონში გაემართა.

ანალოგიური სურვილი გაუჩნდა ევროკავშირსაც. ვაშინგტონ-ბრიუსელი დაბეჯითებით იბრძოდნენ ხელმოწერის ადგილის განსაზღვრისთვის. ორივე, საკუთარს უწევდა პროპაგანდას.

ორივე, წინააღმდეგი იყო დასკვნით ეტაპზე რუსეთის ჩამოშორების — მესამე მხარის, რომლის ძალისხმევით კონფლიქტი შეწყდა.

მიუხედავად ამისა, ალიევმაც და ფაშინიანმაც ჩათვალეს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად უმჯობესია არა მოსკოვი, არამედ ბრიუსელი ან ვაშინგტონი, ან მათ მიერ შერჩეული ქვეყანა.

ხელშეკრულების ტექსტზე არ ვამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან მთავარი საკითხი — მთიანი ყარაბაღი, ფაშინიანის ოფიციალური განცხადებით უბრუნდება აზერბაიჯანს.

ბრიუსელ-ვაშინგტონი მხარს უჭერს ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მოსკოვს — ის აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი ხელშეკრულებაში არ უნდა ჩაწერილიყო, ვინაიდან ერთობ მგრძნობიარე თემაა და ცალკე უნდა განხილულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა ოფიციალურად განაცხადა — მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნება, ისიც დაეთანხმა ამ წინადადებას.

თითქოს ყველაფერი ნათელი და გარკვეულია, მაგრამ, როგორც ჩანს არც ისე. მაგალითი ამისა არის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ობრაიენის განცხადება წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. მან თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაიკავა მთიანი ყარაბაღი და დააწესა მასზე კონტროლი, აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ნორმალური ვერ იქნება:

„აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მოქმედებამ გააუარესა აზერბაიჯანისადმი ნდობა და გამოიწვია ეჭვი — არის თუ არა აზერბაიჯანი მზად ჰქონდეს სომხეთთან ყოვლისმომცველი მშვიდობა“.

გარდა ამისა, ვანიგტონმა გააუქმა აშშ-ს მაღალჩინოსანთა ვიზიტები აზერბაიჯანში და შეწყვიტა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება, რომელიც აზერბაიჯანისთვის  სამხედრო დახმარების გაწევას ეხებოდა.

აზერბაიჯანმა, რომელიც ადრე აშშ-ს მიმართ თავს იკავებდა კრიტიკისგან, ამჯერად მწვავე რეაქცია გამოხატა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: „რეგიონის სტაბილურობას არღვევდა არა ბაქო, არამედ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების 30-წლიანი ოკუპაცია“.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება უკვე ოფიციალურად თვლის აშშ-ს პასუხისმგებლად საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციაში და ახსენებს მას, რომ ის იყო ერთადერთი ქვეყანა, ვინც ოფიციალურად აფინანსებდა მთიანი ყარაბაღის რეჟიმს. აზერბაიჯანმა, თავის მხრივ გააუქმა აშშ-ნ მაღალი რანგის ვიზიტები.

ბაქოსთვის ვაშინგტონი აღარ არის შუამავალი, ამიტომაც მან არ მიავლინა თავისი საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში სომეხ კოლეგასთან შესახვედრად. აშშ თეთრი სახლი და კონგრესი, დღევანდელი შემადგენლობით, არათუ მეგობარი, არამედ პარტნიორიც არ არის აზერბაიჯანისთვის, ასე თვლის ბაქო.

აშშ-ი იცავს თავის პროტეჟე სომხეთს, რომელსაც დემოკრატიულად თვლის, აზერბაიჯანს — დიქტატურად.

ანალოგიურ ვითარებას აქვს ადგილი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც მოუხშირეს ვიზიტები ამერიკელმა დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა. ზემოთ ყაზახეთი ვახსენე, მაგრამ არ შევხებივარ იმ ანტირუსულ კამპანიას, რასაც ამ ქვეყანაში აქვს ადგილი.

ყაზახეთში, უკრაინის მსგავსად, მოქმედებს მშობლიური ენის დაცვის სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ გაუსაძლისი პირობები შეუქმნან რუსულად მოლაპარაკე მოსახლეობას — ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ. არადა ყაზახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული წარმოშობისაა.

საგრძნობია რუსული მოსახლეობის შევიწროების სხვა ფაქტებიც, რაც აიძულებს მას დატოვოს ყაზახეთი და საცხოვრებლად რუსეთში გადასახლდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის, ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები, გაკეთებული ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათი მოწოდებები, რომ რუსეთთან შეწყვიტონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები — ევროატლანტიკური სივრცის ერთიანი პოლიტიკის შედეგია.

ხედავენ ამას ყოფილი საბჭოელები?

ხედავენ ალბათ, მაგრამ რატომღაც თვლიან, რომ მათ მიმართ, ანუ ცალ-ცალკე აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სხვების მიმართ ვაშინგტონ-ბრიუსელს სხვაგვარი, ანუ პარტნიორული ურთიერთობები ექნებათ, რაშიც სცდებიან.

მათ არ იციან, რომ ნებისმიერ მოსახერხებელ შემთხვევაში ვაშინგტონ-ბრიუსელი შეეცდებიან დაამხონ მათთვის მიუღებელი რეჟიმები.

ბაქო-ვაშინგტონის ჩხუბის ფონზე ერევანი გრძნობს გარკვეულ უპირატესობას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. დასავლეთისთვის სომხეთი უფრო ახლობელი ხდება. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ევროკავშირმა დაიწყო მოლაპარაკება სომხეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე.

ამ ფონზე ფაშინიანმა უარი განაცხადა ოდკბ-ს მინსკის შეხვედრაში მონაწილეობაზე, რომელიც ერთი კვირის წინ გაიმართა. ფაშინიანის არყოფნას ორგანიზაციის წევრები ნეგატიურად შეხვდნენ, თუმცა აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. ითქვა მხოლოდ ის, რომ სომხეთი არ აპირებს ოდკბ-ს დატოვებას, რაც პირადად ჩემთვის დაუჯერებელია, ვინაიდან ფაშინიანის  ეშმაკურ პროგრამას არ ემთხვევა.

პროგრამა დასავლეთშია შემუშავებული და ითვალისწინებს სომხეთიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას, ისე, როგორც მთიან ყარაბაღში განლაგებულ სამშვიდობო ძალების.

დასავლეთის გეგმით, რუსეთი უნდა გავიდეს ამიერკავკასიიდან და ამ საქმეში დიდი წვლილი შეაქვს ფაშინიანს.

მრავალვექტორიანი პოლიტიკა, რომელსაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა მიმართეს არც ისეთი სახარბიელო გამოდგა მათთვის, როგორც ეგონათ. წყალში შეტოპილებს უჭირთ ნაპირზე გამოსვლა. რა გაეწყობა, რომ იტყვიან — ცდა ბედის მონახევრეაო, ამ შემთხვევაში გამოუსადეგარი გამოდგა, შესაძლოა საბედისწეროც.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

27/11/2023