21.12.2024

ვითომ დემოკრატიული სამყარო

დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის გრძელდება. იმპიჩმენტგადარჩენილი პრეზიდენტი ახალი ძალით ეკვეთა „ოცნებას“, რითაც დიდი რისხვა გამოიწვია ამ პარტიაში, მის ლიდერებში.

მათი აღშფოთების თემა, პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფა იყო. ქალბატონმა სალომემ ერთ-ერთი უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

სიტყვა „ოლიგარქი“, თანაც ივანიშვილისთვის გამეტებული, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ არათუ შეურაცხყოფად, არამედ საშინელებად ჩათვალა, რასაც პრეზიდენტის მიმართ ძაგების კორიანტელი მიაყოლა.

გამეტებულმა აგრესიულმა რეაქციამ მაფიქრებინა, რომ „ოცნება“ სიტყვა „ოლიგარქს“ ისე არ აღიქვამს, როგორც თვით სიტყვის მნიშვნელობაა. „ოცნების“ ლიდერებს „ოლიგარქი“ სალანძღავი სიტყვა ჰგონიათ, ისეთი, როგორებიც „ქურდი“, „ბანდიტი“, ავაზაკი“. არადა, „ოლიგარქი“ მდიდარი კაცია, რომელიც გავლენით სარგებლობს ხელისუფლებაზე.

ბიძინა ივანიშვილი ქართველი ოლიგარქი არ არის, ვინაიდან მან ფული რუსეთში იშოვნაო, რაც სინამდვილეს შეეფერება, მაგრამ ნაწილობრივ, ვინაიდან მას საქართველოშიც  აქვს ბიზნესი, რომელიც მის მილიარდებს დღენიადაგ ასუქებს და რაც არ უნდა ამტკიცოს ივანიშვილმა საწინააღმდეგო, არაფერი გამოუვა.

არც შვილებზე, მეუღლეზე, ნათესავებზე გადამისამართება გამოუვა, ვინაიდან ამ პატარა ქვეყანაში არაფერი იმალება.

დავუშვათ, ივანიშვილს მართლაც არ აქვს საქართველოში ბიზნესი, არც „ოცნების“ ხელისუფლებაზე აქვს გავლენა?

ძნელი დასაჯერებელია „ოცნების“ განცხადება, რომ ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან და მას ზეგავლენა არ აქვს ხელისუფლებაზე.

საქართველოს მოსახლეობას ვერვინ დაარწმუნებს, რომ ეს ასეა. ხალხი ვერაფრით დაიჯერებს, რომ „ოცნების“ დამფუძნებელი, „ოცნების“ პირველი პრემიერ-მინისტრი შორს არის პოლიტიკისგან, არ ერევა ხელისუფლების საქმიანობაში და ა.შ.

სრული შესაძლებელია, რომ ის მართლაც არ ერევა მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ მნიშვნელოვანში, უდავოდ, რაც თვით „ოცნებელებმაც“ დაადასტურეს დაუფიქრებელ განცხადებებში, მაგალითად ასეთში — ჩვენ, პარლამენტარებს არ გვინდოდა ზურაბიშვილის პრეზიდენტობა, მაგრამ ივანიშვილს უნდოდა და მის წინააღმდეგ ვერ წავედითო.

ზურაბიშვილი, ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურა იყო და აირჩიეს პრეზიდენტად — პირველ ტურში დამარცხების მიუხედავად. დავირაზმეთ მეორე ტურისთვის, ჩვენი პორტრეტებით „გავალამაზეთ“ საქართველოს ქალაქების ქუჩები, რითაც „ოცნების“ მხარდაჭერა გამოვხატეთ ზურაბიშვილის მიმართ, კარდაკარ ვიარეთ და მას გავამარჯვებინეთ არჩევნებშიო — ასე აცხადებენ „ოცნების“ ლიდერები და იმასაც ამატებენ, რომ ამის მომსწრე ზურაბიშვილი უმადურია, არ უფასებს დახმარებას ივანიშვილს და „ოცნებასო“.

რა გამოდის?

თუ ივანიშვილი პოლიტიკიდან არის გასული, მაშინ მას „ოცნება“ არ უნდა დაერაზმა სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად, არამედ წყნარად უნდა ყოფილიყო შეკვეთილში და როგორც რიგით ამომრჩეველს, თვალი ედევნებინა არჩევნებისთვის — უკეთეს შემთხვევაში ან საერთოდ არ მიექცია ყურადღება არჩევნებისთვის, ისე, როგორც ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ასე რომ, „ოცნებელთა“ რისხვის საგანი სიტყვა „ოლიგარქი“, მისი ყოვლისშემძლეობა ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში, თვით „ოცნებელთა“ დაუფიქრებელმა განცხადებებმა განმარტეს.

ივანიშვილი, რომ სხვა ქვეყანაში გადასახლდეს, მაშინაც კი არვინ დაიჯერებს მის განშორებას. ასე რომ, ივანიშვილი შერჩა საქართველოს და მის ხალხს, შერჩა როგორც ქვეყნის უგვირგვინო მეფე, იმპერატორი, ოლიგარქი თუ არაოლიგარქი, რომლის სახე მუდამ მოელანდება ხალხს და თქვენ წარმოიდგინეთ მაშინაც, როდესაც ამ ქვეყნიდან, იმ ქვეყანაში გადაინაცვლებს, სამარადისო რომ ჰქვია.

ახლა კი გავამახვილებ ყურადღებას საკითხზე, რომელიც ა.წ. 7 ოქტომბრიდან მოყოლებული მსოფლიო ყურადღებას იპყრობს და როგორც ჩანს კარგა ხნის განმავლობაში  მიიპყრობს.

საკითხი ისრაელ—„ჰამასის“ სისხლიან დაპირისპირებას ეხება, ანუ ისრაელ-პალესტინის მრავალწლიან ომს — დროში გაწელილი ომის დღევანდელ მონაკვეთს. ვინ იცის, რამდენ ასეთ მონაკვეთს ექნება ადგილი მომავალში?

დაპირისპირებას, რომელიც „ჰამასმა“ წამოიწყო ა.წ. 7 ოქტომბერს ისრაელში შეჭრით და ღაზის სექტორთან ახლომდებარე ქალაქების მოსახლეობის, სამხედრო მოსამსახურეთა უმოწყალო ხოცვით, არავითარი გამართლება არ აქვს, მაგრამ ისრაელის საპასუხო მოქმედებასაც — ღაზის სექტორის ასევე უმოწყალო დაბომბვით, საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, მათ შორის საავადმყოფოების, მეჩეთების ნგრევით, გამართლება არ აქვს.

ოფიციალური მონაცემებით, ისრაელის შეჭრა ღაზაში და იქ გაჩაღებულმა ხოცვა-ჟლეტვამ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების მასობრივი სიკვდილი გამოიწვია. ოფიციალური მონაცემებით — 15000-ის, ერთ თვეში.

ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაცია არა მარტო ღაზის ჩრდილოეთით მიმდინარეობს, არამედ სამხრეთშიც. არადა ოპერაციის დასაწყისში ისრაელი აცხადებდა, რომ „ჰამასის“ ტერორისტებისგან წმენდა ღაზის ჩრდილოეთში განხორციელდებოდა. ღაზელებს მოუწოდებდნენ სამხრეთში გადასვლას, იმ სამხრეთში, სადაც, ჩრდილოეთის მსგავსად სალაპარაკო ენა „ცახალის“ ტანკებით, „მერკავათ“ ხდება.

ღაზის სექტორში არნახულ საშინელებას აქვს ადგილი — სასწაულის მსგავს საშინელებას. სხვას ვერაფერს იტყვი პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ღაზის ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გამართა — მკვდრებით შემორკალული ტრიბუნიდან. მკვდრები, „ცახალის“ მიერ დახოცილი ბავშვები იყვნენ.

სასწაულის ამსახველია მედიკამენტგამოლეულ საავადმყოფოებში დაჭრილებისთვის ტკივილგამაყუჩებელი წამლების გარეშე ოპერაციების გაკეთება. სასწაულია, როდესაც ისრაელის მიერ ღაზის სექტორისთვის ბლოკადის გამოცხადებამ არა მარტო შუქის და საწვავის მიწოდება შეუწყვიტა 2,5-მილიონიან გაზელებს, არამედ წყლის, კვების პროდუქტების.

ღაზის სექტორი დიდ ხაფანგს ჰგავს იქ სასიკვდილოდ გამომწყვდეული ხალხით, რომელიც ხაფანგის ერთი კედლიდან, მეორეს ეხეთქება — გამოსვლის იმედით, მაგრამ ამაოდ.

ხაფანგში გამომწყვდეულ თაგვს მაგონებს ღაზის მოსახლეობა — სასიკვდილოდ განწირულს. ცუდი შედარებაა, მაგრამ სინამდვილის გამომხატველი.

მერედა რასა იქმს „დემოკრატიული“ მსოფლიო, ევროატლანტიკური სივრცე?

ორად გაყოფილი „დემოკრატია“ ასე გამოიყურება — ხელისუფლება ცალკე, ხალხი ცალკე. ხელისუფლება, ცხადია მრავლობით რიცხვში, ვინაიდან არაერთ ქვეყანასთან გვაქვს საქმე, მხარს უჭერს აშშ-ს და მისი ბრძანებით ისრაელს.

მისი (მათი) „სამწყემსო“ ხალხი, პირიქით, ამ ორივეს წინააღმდეგ გამოდის და მოითხოვს ისრაელის აგრესიის შეწყვეტას.

ხალხი მხარს პალესტინას უჭერს, მთავრობა (მთავრობები) — ისრაელს. პალესტინელთა მხარდამჭერი მიტინგები, დემონსტრაციები ლამის ერთი თვეა მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მილიონები. მერედა რა?! მოახერხა ამ მასობრივმა დემონსტრაციებმა „დემოკრატიული“ ხელისუფლებების ყურადღების მიპყრობა?

მოახერხა, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ესეც თქვენი ყბადაღებული დემოკრატია. ამ „დემოკრატიასთან“ გვინდა შეერთება? ეს „დემოკრატია“ მოგვიტანს სიმშვიდეს, აღმშენებლობას, წარმატებას? ეს, ის დემოკრატია ხომ არ არის, ბერნარდ შოუმ შემდეგნაირად რომ დაახასიათა: „დემოკრატია ბუშტია ადამიანთა თავებზე, რომელსაც ისინი შეჰყურებენ და ამ დროს მათ ჯიბეებში ხელს აფათურებენ“.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფლებაა, მაგრამ რუზველტმა ამიხსნა, რომ დემოკრატია ამერიკელი ხალხის ძალაუფლებაა“, — სტალინი.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადეს, რომ „ჰამასი“ უნდა განადგურდეს. ამასთანავე ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გამოძებნოს გზა პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად, მაგრამ იქვე დაამატა, რომ დღეს აღნიშნულის განხორციელება გაჭირდება.

რას ნიშნავს ეს, თუ არა დაპირებას — ხანგრძლივს და ვირტუალურს, რომელსაც 75-წლიანი ისტორია აქვს?!

„ჰამასის“ შეჭრამ ისრაელში და ხოცვა-ჟლეტვამ მსოფლიოს რისხვა გამოიწვია. მსოფლიომ დაგმო „ჰამასის“ მოქმედება. ისრაელის საპასუხო შეჭრამ ღაზაში და იქ დატრიალებულმა საშინელებამ მსოფლიოს რისხვა გამოიწვია. მსოფლიო გმობს ისრაელის მოქმედებას.

ამ ორიდან ვინ არის დამნაშავე?! ის, ვინც ისრაელში შეიჭრა თუ ის, ვინც ღაზაში საპასუხო სამხედრო ოპერაციას ახორციელებს?

აღნიშნულის გასაგებად ისტორიას ჩავხედოთ.

ღაზის სექტორი მსოფლიოს ყველაზე დაჩაგრულ, განწირულ რეგიონად შეიძლება ჩაითვალოს. 1947 წელს, გაერომ ეს რაიონი არაბული პალესტინის შემადგენლობაში შეიყვანა, ხოლო 4 თვის შემდეგ დაიწყო არაბთა და ისრაელის ომი ტერიტორიისთვის, რომელიც გაეროს რეზოლუციით მიკუთვნებული იყო პალესტინის სახელმწიფოსთვის.

ცნობისთვის. ისრაელის სახელმწიფოს შექმნა ბენ გურიონმა — პირველმა პრემიერ-მინისტრმა, 1948 წლის მაისს გამოაცხადა.

ის ომი არაბებისთვის სავალალო აღმოჩნდა, ვინაიდან ტერიტორიის ნახევარი, პალესტინის სახელმწიფოსთვის განკუთვნილი, ახალგაზრდა ისრაელის სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო ტერიტორიის ზოგიერთი ნაწილი ჩაითვალა მეზობელი ქვეყნების — ეგვიპტისა და იორდანიის აქტივში.

ღაზის სექტორის ჩრდილოეთი საზღვარი, თითქმის თელ-ავივამდე აღწევდა, საზღვაო პორტების აშკელონისა და აშდოდის ჩათვლით. უფრო მეტიც, ის ლამის ეხებოდა მდინარე იორდანის დასავლეთის სანაპიროზე არსებულ პალესტინის სექტორს, რაც ჰყოფდა ერთმანეთისგან ისრაელის სამხრეთს, ჩრდილოეთისგან.

1950-1967 წლების ომების შედეგად ღაზის ჩრდილოეთი და სამხრეთი ისრაელის მიერ იყო ოკუპირებული, რის შედეგად არაბული ტერიტორია 65%-ით შემცირდა. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ისრაელის კონტროლს ქვეშ აღმოჩნდა, ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, დეპორტირებული იქნა ღაზის იმ სექტორში, რომელიც არ იყო ისრაელის მიერ ოკუპირებული. მაგალითი ამისა არის ებრაული ქალაქი ზდეროტი, რომელიც არაბებს ეკუთვნოდა და მას ნეჯი და ჰაუჯი ერქვა.

კრიტიკულია ღაზის სექტორის სასმელი წყლით მომარაგების საკითხი. ათეული წლის განმავლობაში ისრაელმა არაფერი იღონა, რომ ღაზას თავისი წყალი ჰქონოდა. ღაზის სექტორს წყლით ისრაელი ამარაგებს (70%). 1967 წელს ისრაელის ხელისუფლებამ გამოსცა სამხედრო ბრძანებულება, რომელიც პალესტინას უკრძალავს წყალმომარაგების სამუშაოების წარმოებას — წინასწარ ისრაელის არმიასთან შეთანხმების გარეშე, რაც ფაქტიურად შეუძლებელია.

ელექტროენერგიის 63-65% ღაზა ისრაელიდან იღებს, 14-15%-ს — ეგვიპტიდან, 20-23%-ს — თვით  სექტორი გამოიმუშავებს იმპორტული მაზუთის საშუალებით. ელექტროენერგიის მიწოდებაში იყო გრაფიკი — 24 საათში, 8-საათიანი გათიშვა.

ღაზის სექტორი, რომლის ტერიტორია 360 კვ. კმ შეადგენს, თვიურად განიცდიდა 140-155 მეგავატის დეფიციტს. ისრაელი ცდილობდა ღაზის სექტორის მასზე მიბმას, რათა მას ზეწოლის მუდმივი ბერკეტი ჰქონოდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ღაზის სექტორში უმუშევრობა 45%-ს აჭარბებს, ახალგაზრდებში — 70%. სექტორის მოსახლეობის ცხოვრების დონე, ანუ სიღარიბის მაჩვენებელი — 53%-ა. სექტორი ითვლება მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონად — 1 კვ. კმ-ზე 6000 კაცი. ღაზის მოსახლეობის ნახევარი 19 წლისაა.

ღაზას არ აქვს საზღვაო პორტი ექსპორტ-იმპორტის განსახორციელებლად, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ზღვაზე გასასვლელი. იმპორტი ძირითადად ხორციელდება ღაზა-ეგვიპტეს შორის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გვირაბებით.

სექტორის მოსახლეობა თევზჭერით არის დაკავებული, თუმცა აქაც არის შეფერხება. ისრაელი ხელს უშლის პალესტინელ მეთევზეებს ამ საქმეში.

ღაზის სექტორში „ჰამასის“ გავლენა შემთხვევითი რამ არ არის. „ჰამასმა“ გაიმარჯვა საყოველთავო არჩევნებში, რომელიც აშშ-ა ლეგიტიმურად ჩათვალა, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინათ. დღეს, სხვა ვითარებაა, კარდინალურად განსხვავებული უწინდელისგან.

„ჰამასი“, ისე, როგორც პალესტინელი არაბები არ წყვეტენ ბრძოლას დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად. გაეროს გადაწყვეტილება იყო ასეთი: ორი სახელმწიფო — ისრაელის და პალესტინელი არაბების. ერთი — ისრაელის შეიქმნა, მეორე — არა.

კოლექტიურმა დასავლეთმა არ გადადგა ასეთი ნაბიჯი, რაც იწვევს მუდმივ დაპირისპირებას, სისხლისღვრას, ნგრევას, ახლო აღმოსავლეთის „ცხელ“ წერტილობას..

იკითხავთ — რა ამოძრავებს ისრაელს, რომელიც ქვას-ქვაზე არ ტოვებს ღაზის სექტორში?

მარტივი რამ — ღაზის სექტორიდან მოსახლეობის განდევნა, ამ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, მცოცავი ანექსია. იქ, დროთა განმავლობაში ისრაელის მოსახლეობისთვის მიწების დარიგება, საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად და რაც მთავარია, „ჰამასის“ განადგურება.

„ჰამასის“ განადგურების საბაბით, პალესტინელი არაბების განადგურება ჩვეულებრივად აღიქმება ვაშინგტონში, ბრიუსელში, ევროპის სხვა ქალაქებში. იმ გამოთქმისა არ იყოს — ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივაო, ისეა საქმე. ამჯერად ნაფოტების როლს პალესტინელი არაბები ასრულებენ, ცხადია უკრაინელებთან ერთად — პალესტინელები 75 წლის განმავლობაში, უკრაინელები — 2014 წლის მაიდნის რევოლუციიდან.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

21/11/2023