19.07.2024

რა ახლოს ვართ ამ ფინალთან

11 წელი გასულა „ქართული ოცნების“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ამ  „ღირსშესანიშნავ“ თარიღს არც არვინ გაიხსენებდა, მაგრამ გაიხსენეს. იკითხავთ — ვინ გაიხსენაო? გპასუხობთ — იმათ, ვინც უდიდესი პოლიტიკურ-სულიერ-სოციალური და ა.შ. დივიდენდბი მიიღეს განვლილი 11 წლის განმავლობაში.

ერთ-ერთი მათგანი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილია, რომელმაც ინტერნეტით გვაუწყა დიდი „დღესასწაულის“ შესახებ, რასაც „ოცნების“ მთავრობისა და პარტიის დამფუძნებლის ივანიშვილის ხოტბა მოაყოლა, წინა ხელისუფლების ლანძღვით.

ქვემორე სტატიის მიზანი არ არის „ოცნების“ ხელისუფლების მიერ 11 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის გაკეთებულ-გაუკეთებელი საქმეების გაანალიზება-დემონსტრირება, ვინაიდან ყოველივე ცნობილია ფართო თუ ვიწრო საზოგადოებისთვის, უბრალოდ ზოგიერთ „უმნიშვნელო“ დეტალზე მოგახსენებთ, რაც მოგცემთ საშუალებას სხვა თვალით შეხედოთ „ოცნების“ 11-წლიან მმართველობას.

პირველი: დამოკიდებულება ივანიშვილისადმი — ამომრჩევლის, ხალხის დამოკიდებულება და მისი მხრიდან ამ პიროვნების ქება-დიდება, მასთან დაახლოებული ბიზნესმენების, რომლებიც ხელ-ფეხ გახსნილნი, ყოველდღიურ კონტროლს ჩამოშორებულნი, ყვლეფენ და ყვლეფენ საქართველოს.

ერთ-ერთ მათგანთან კამათიც მომიწია და იცით რატომ? იმიტომ, რომ ის ბრიყვი მიმტკიცებდა, საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე ასეთი კარგი მეთაური არ ჰყოლიაო.

მეორე: ივანიშვილის მიერ ქვეყნის მართვის ფორმულა. ივანიშვილი, სახელმწიფოებრივი მართვის სტრუქტურის მიხედივით, არსად ფიგურირებს. მას ქვეყნის მართვის სადავეები ხელთ არ უპყრია. უფრო მეტიც, არც თავისსავე მიერ შექმნილი პარტიის ლიდერია, მაგრამ ივანიშვილი ქვეყნის მეფეა, იმპერატორი — არანაკლები, ვიდრე ჟან ბედელ ბოკასა იყო, თავისი განუსაზღვრელი ძალაუფლებით.

ბოკასას ერთი თვისება ჰქონდა — კანიბალიზმი, ასეთს ივანიშვილს ვერ დავაბრალებთ, რაც უდავოდ პოზიტიური მომენტია, მაგრამ ქვეყნის მიტაცებას აბრალებენ მას და აბრალებენ არა მარტო ქვეყნის მიტაცების მსურველი ოპოზიციონერები, არამედ ხალხი, საზოგადოების წარმომადგენლები და აბრალებენ სამართლიანად.

ივანიშვილი არ ჩანს — საჯაროდ თავს არავის უყადრებს, მაგრამ ქვეყანას მოჯამაგირეებით მართავს. ივანიშვილს, ვერც სახელმწიფო სამსახურიდან და ვერც საზოგადო საქმიანობიდან ვერ გაათავისუფლებთ, ვინაიდან არც ერთს არ ასრულებს. ის ხელშეუხებელია.

ივანიშვილის შესახებ მაშინ ვიგებთ, როდესაც აფრიკიდან ბაობაბი ჩამოაქვს —შეკვეთილში საკუთარი ბაღის დასამშვენებლად; მაშინაც, როდესაც პრემიერს ან სხვა მაღალჩინოსანს ხსნის და ნიშნავს.  და მაშინ, როდესაც ოპოზიცია ლანძღავს მას — უწოდებს რა რუს ოლიგარქს, პუტინის კაცს და ა.შ.

ვერ გეტყვით რა კავშირშია ივანიშვილი პუტინის ხელისუფლებასთან, ვგონებ გადაჭარბებულია ან სიცრუეა. პუტინის ადმინისტრაცია სრულიად განსხვავებულია წინამორბედ ელცინის ადმინისტრაციისგან. ივანიშვილი მაშინ რუსეთში „მოღვაწეობდა“ და ცნობილ გენერალ, აწ გარდაცვლილ ლებედთან ჰქონდა კავშირი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ვითარება შეიცვალა, რუსეთის ხელისუფლებაც შეიცვალა; შეიცვალა მისი მენტალიტეტი, რომელიც განსხვავებულია ივანიშვილის აზროვნებისგან.

ასე რომ, ოპოზიციის არგუმენტები, ივანიშვილის, პუტინის „კაცობასთან“ დაკავშირებით საფუძველმოკლებულია.

მესამე: განვლილმა 11 წელიწადმა, რაც მოგვიტანა — ოპოზიციის გარეშე დარჩენილი ქვეყანაა, მხედველობაში მაქვს კონსტრუქციული, გონიერი, პროფესიონალი ოპოზიცია და არა ნაყარ-ნუყარა ბალასტი, რომელმაც ტყუილი ჭიჭყინის გარდა არაფერი იცის.

ოპოზიცია ღობე-ყორეს ედება, ხან შარვალს იხდის სამხრეთ ოსეთის ადმინსტრაციულ საზღვართან, ხან „გავრილოვის ღამეს“ აწყობს, ხან კიდევ რას, მაგრამ არ აკეთებს საქმეს, რომელიც მას ევალება და ევალება კონსტრუქციული ოპონირება ხალხის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის.

„ოცნებამ“ 11-წლიანი მმართველობით უამრავი საკრიტიკო თემა წამოსწია, რომელთაგან ოპოზიციის მიერ თუნდაც ერთის პედალირება მნიშვნელოვან პოზიტიურ ქულებს შესძენდა მას ამომრჩევლის თვალში, მაგრამ, რომ იტყვიან — „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ — ასეა ოპოზიციის საქმე.

ოპოზიცია სრული ინდიფერენტიზმით ეკიდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საკითხებს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, სოფლის მეურნეობას, სამრეწველო-სავაჭრო თემატიკას, ქალაქთმშენებლობას, ურბანიზაციას და სხვა მრავალს.

ყველა ამ დარგში უხეში ჩავარდნებია, მაგრამ ამით უჭკუო, არაპროფესიონალი, მოლაქლაქე ოპოზიცია ვერ სარგებლობს. და რომ ვერ სარგებლობს, ხელისუფლებაში ყოფნას უხანგრძლივებს „ოცნებას“. მხოლოდ რევოლუციაზე ოცნებობს უბადრუკი, თუმცა არც ამის თავი აქვს.

„ოცნების“ 11 წელმა, რაც მოგვიტანა უცოდინარი, უზრდელი, უაზროდ თავმომწონე ხელისუფლებაა და ათჯერ ნეგატიური ოპოზიცია.

კიდევ რა მოგვიტანა „ოცნების“ 11 წელმა?

ლანძღვა-გინება სააკაშვილის ხელისუფლებისა, საზოგადოებაში ჩანერგვა იმისა, რაც ხალხისთვის მიუღებელია პრიმიტიული განცხადებებით — არ დაგვიჭერთ „ოცნებას“ მხარს, მოვა სააკაშვილი და მისი ბანდა.

11 წელია ვისმენთ ამ ლოზუნგს — მომაბეზრებელს, არასასიამოვნოს და ვერ მივხვდით, რომ ფანდია, მზაკვრულად დაგებული ივანიშვილის მიერ, რასაც ვერაფრით აუღო ალღო ოპოზიციამ და ნაცვლად პრაქტიკული საქმეებით, სამომავლო გეგმებით ხალხის ყურადღების მიპყრობისა, ქუჩის ქალივით, წივილ-კივილით ლანძღავს ივანიშვილს, „ოცნებას“.

ქართული ანდაზისა არ იყოს — ღორმა, ღორს უთხრა შე დრუნჩიანოო — ისეა ამ ტანდემის საქმე, არადა 11 წელი გაილია ერთმანეთის ლანძღვაში.

იკითხავთ — ხვალ რა იქნებაო. იქნება ის, რაც დღეს, გაიმარჯვებს „ოცნება“ და გაგრძელდება ლანძღვა-გინება. ორივენი შეჭამენ საქართველოს, საბოლოოდ გამოათაყვანებენ ხალხს და ა.შ.

ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა სატელევიზიო გამოსვლის დროს თქვა — ქართველი საზოგადოება ამას არ დაუშვებსო, ცხადია ხელისუფალთა ნეგატიური ქმედება ჰქონდა მხედველობაში.

რაო, რაო? ქართველი საზოგადოება არ დაუშვებსო? რომ არ დაუშვას, ასეთი უნდა არსებობდეს! ქართული საზოგადოება 30 წელია აღარ არსებობს, მითუმეტეს ინტელიგენცია. სტრატეგიულმა პარტნიორმა, ევროპულმა ფასეულობებმა მოგუდეს ის, პლიუს ივანიშვილმა, კრიტიკის მიმართ ავადმყოფურად განწყობილმა, რომელმაც ინტელიგენციას, ცხადია უკვე გადაგვარებულს, ბურთი ჩარჩა პირში — სტიპენდიების სახით, ანუ ფულით მოისყიდა, დაადამბლავა.

დადამბლავებული, ხანდახან ისვრის ივანიშვილის საქებარ სიტყვებს — ხან დავით აღმაშენებელს ადარებს, ხან სოკრატეს. მოაზროვნე ინტელიგენცია, საზოგადოება არ იკადრებდა ამას.

საზოგადოება არ იკადრებდა ქალაქის მერის, კალაძის ქებას და თბილისობის დროს პირადად მას, ტელეკამერის წინ არ ეტყოდა — მარჯვენას დაგილოცავთ ამ უკიდეგანო საქმიანობისთვის, რასაც თქვენ ეწევით თბილისშიო.

როგორც ჩანს ეს „საზოგადოება“ თბილისში კი არ ცხოვრობს, არამედ სხვაგან, თორემ ის, რაც ამ ქალაქში ტრიალებს, აუტანელია. ჩამოგითვლით: გადათხრილი წერეთლის პროსპექტი, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ისე, როგორც საბურთალოს სასაფლაოსთან მისასვლელი გზა, მიცკევიჩის გადათხრილი ქუჩა, სხვა ქუჩები. მათი თხრა 5-6 თვის წინ დაიწყო. დასასრული არ ჩანს. არც მერიას და არც ე.წ. საზოგადოებას, მითუმეტეს ოპოზიციას ეს არ აწუხებს. როგორც ჩანს,   ქუჩაში არ გამოდიან.

გათხრილიდან ავარდნილმა მტვერმა ჩაკირა ჩვენი ფილტვები, ისე, როგორც ქუჩების დავიწროებით გამოწვეულმა პერმანენტული საცობების დროს ავტომანქანებიდან გამოვარდნილმა მომწამვლელმა გაზებმა.

გასულ კვირას, დილიდან, ლამის ღამის 2 საათამდე გადაიკეტა „დინამო“ სტადიონის შემოგარენი — ამერიკელი მომღერლის ბრუნო მარსის (Bruno Mars) კონცერტისთვის.  დილიდან გადაიკეტა. კონცერტი საღამოს 9 საათზე დაიწყო. უტვინო გადაწყვეტილებამ მთელს ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.

საინტერესოა, იმ დღეს არვინ გამოიძახა სასწრაფო დახმარების „კარეტა“ და თუ გამოიძახა, როგორ მოახერხა მან ჩახერგილი ქუჩებით ადრესატამდე მისვლა?

იმ კვირადღეს, დაკრძალვის დღეს, როგორ მოახერხა ჭირისუფალმა გარდაცვლილის გასვენება? მხოლოდ უპასუხისმგებლო ქალაქის მერია, ხელისუფლება მოახერხებს საკონცერტოდ, ქალაქის ნახევრის მთელი დღით გადაკეტვას, ნაცვლად, კონცერტამდე 1 საათისა.

საზოგადოება დუმს და რახან დუმს — აღარ არის! სული განუტევა!

ასე რომ არ იყოს, საჯაროდ ერთი სულიერი მაინც დასვამდა კითხვას — რა ჰქვია ქვეყანას, რომელსაც პრეზიდენტიც ჰყავს, პრემიერ-მინისტრიც, პარლამენტიც, მაგრამ პოლიტიკური იმპოტენტები. ვერც ერთი მათგანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ვინც იღებს — შეკვეთილშია შეკეტილი.

ვიმეორებ კითხვას — რა ჰქვია ქვეყანას, სადაც ერთი მდიდარი კაცი იღებს გადაწყვეტილებას? კაცი, რომელიც პოლიტიკურ იერარქიაში, სტრუქტურაში არსად ფიგურირებს?

ხელისუფლება-ოპოზიციის ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებისდა მიხედვით საქართველო სუვერენული, დემოკრატიული ქვეყანაა. სინამდვილეში კი რა არის?

ერთი მდიდარი კაცის სავანე, თანამედროვე ფეოდალური ედემი. და ეს იცის საზოგადოებამ, ე.წ. ინტელიგენციამ, მაგრამ ვერ ამბობს, არ ამბობს, რომ თქვას იმ მდიდარის მიერ მიცემულ ფულს დაკარგავს. უღირს მას ასეთ რისკზე წასვლა?!

არ უღირს! და რახან არ უღირს, დუმს. ქვეყანა კი ჭაობში იძირება — ბიძინლენდად ქცეული.

სხვის ლანძღვა-გინებაში  ათენებს და აღამებს ე.წ. საზოგადოება.  მიმიხვდით, ვინ მყავს მხედველობაში. არ უნდა გვქონდეს მასთან არავითარი ეკონომიკური ურთიერთობებიო. დაუშვებელია, როდესაც რუსეთიდან შემოსულმა ფინანსებმა 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა ა.წ. იანვრიდან, აგვისტოს ჩათვლითო. რატომ შემოვიდა საქართველოში ესოდენ დიდი თანხა რუსეთიდანო; უფრო მეტიც, რატომ გაყიდა საქართველომ რუსეთში ღვინო, წყლები, სხვა საქონელი — 300 მილიონზე მეტ დოლარადო — ამით ხომ უკმაყოფილებას ვიწვევთ ჩვენს „მეგობარ“ ამერიკა-ევროპაშიო?!

ბრიყვი საზოგადოება მზადაა ბალახი ჭამოს, ოღონდ რუსეთთან კავშირი არ იქონიოს. და ამას საჯაროდ აცხადებენ ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების წარმომადგენლები, წამითაც რომ არ ფიქრობენ რა ეშველებოდა ქვეყანას, რომელიც მხოლოდ იმპორტზეა ჩამოკიდებული — რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გარეშე?!

30 წლის განმალობაში არც ერთ დასავლელ ქვეყანას — საშუალო დონის მაინც ინვესტიცია არ განუხორციელებია საქართველოში. ქვეყნის და მისი მოსახლეობის ზომა-რაოდენობა არ იძლევა ამის საშუალებას, მითუმეტეს არასტაბილური პოლიტიკური ვითარება.

არ იქნება ინვესტიცია და არ იქნება იმპორტი. საქართველო ღვინის გარდა  არაფერს აწარმოებს. ბოსტნეულიდან დაწყებული ყველაფერი შემოაქვს. ერთადერთი ქვეყანა, ვინც დახმარების ხელს გვიწვდის მიუღებელია ჩვენთვის და მიუღებელია იმიტომ, რომ დასავლეთისთვის არის მიუღებელი.

აზროვნების დეგრადაცია ჰქვია ამას, სრული გამოთაყვანება, რომელსაც უდავოდ მოჰყვება ქვეყნისთვის სავალალო შედეგები. მაგრამ ვის ანაღვლებს ქვეყანა? ვგონებ არავის!

არის რამე გასაკვირი ქართველთა გამრუდებულ აზროვნებაში?

ჩემის აზრით, არც არაფერი, ვინაიდან ქართველმა არ იცის რას ნიშნავს სახელმწიფო, სახელმწიფოებრიობა, საზოგადო პასუხისმგებლობა, რის გარეშე ქვეყანა ვერ შედგება.

რისი ბრალია ყოველივე? ალბათ იმის, რომ საქართველომ მრავალი საუკუნის წინათ, 1499 წელს დაკარგა სახელმწიფოებრიობა. დაქუცმაცდა და პატარ-პატარა სამეფოებად, სამთავროებად გადაიქცა — ერთმანეთის მჭამელად, მოქიშპედ. ყველა სოფელში მეფე ან მთავარი — გაღატაკებული, ლამის მშიერი, მაგრამ ამაყი — მეფობით, მთავრობით.

მხოლოდ საბჭოთა პერიოდმა გადაარჩინა ის გაქრობას; ასწავლა, ფეხზე დააყენა სახელმწიფოებრიობის განცდა გაუჩინა და ისე მყარად დააყენა, სამაგალითო სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, კულტურა, ხელოვნება, სპორტი, მწერლობა, მეცნიერება და რაც მთავარია საზოგადოება შეაქმნევინა.

სამწუხაროდ 70-წლიანი ზღაპარი ისტორიას ჩაბარდა, მასთან ერთად დიდ საბჭოთა კავშირში შიშისა და საფრთხის გარეშე ცხოვრება.

ერთ მშვენიერ დღეს დავრჩით მარტო, ქვეყნის მართვის მექანიზმების არმცოდნენი და ნაცვლად რაღაცის სწავლისა, ძველი გავიხსენეთ — ერთმანეთის ხოცვა.

ბოძებული დამოუკიდებულება ვის რაში სჭირდება, ვერ დაგვაპურებსო და მდიდარი ქვეყნებისკენ გავიხედეთ — იმან გვაჭამოს და გვასვასო.

ასე გავყიდეთ თავისუფლება და ვყიდით ყოველდღიურად ევროპაზე, ამერიკაზე, გაურკვეველ ევროპულ ფასეულობებზე და ვყიდით მარტივი მიზნის გამო. ამ მიზანს დიდი „ჯიპი“ ჰქვია, შვილის ან შვილების აშშ-ევროპაში სასწავლად გამწესება, ცხადია ხელისუფალთათვის და ბიზნესმენებისთვის.

დანარჩენებისთვისაც არის ევროპა, მაგრამ იქაურ დავრდომილთა მოსავლელად, დამლაგებლად, შავ მუშად სამუშაოდ.

დიახ! ჩვენ გვინდა ევროკავშირი! რატომ?

კარგი პირადი ცხოვრებისთვის. რატომღაც გვგონია, რომ ევროპა გვარჩენს, გვაჭმევს და გვასმევს; სახლს, ქუჩას დაგვილაგებს, დაგვისუფთავებს, ჩვენ კი ჩრდილში წამოვწვებით განცხრომით.

რამდენად რეალურია ასეთი პერსპექტივა?

აბსტრაქტულია, პატივცემულო მკითხველო, მაგრამ ხელისუფლების, პოლიტიკის მუდმივმა პროპაგანდამ გვაფიქრებინა, რომ ტყუილი, მართალია.

ხელისუფლება, ნაცვლად იმისა გვასწავლიდეს, როგორ მოვიქცეთ, როგორ ვიმუშაოთ საკუთარი ქვეყნის ასაშენებლად, პირიქით ხელს გვიწყობს სიზარმაცეში, სიმრუდისკენ გვიბიძგებს.

ხელისუფლებას არ უნდა საზოგადოება, მოაზროვნე ხალხი. მას ბრიყვები ხიბლავს. იოლია ასეთთა მართვა. არც ხალხს სურს გადაიქცეს მოაზროვნე საზოგადოებად. მას დიდი შავი „ჯიპი“, ხინკალი, ხაში ხიბლავს. აქ და ახლა და არა სწავლა, ცოდნა, უფროს-უმცროსის პატივისცემა, პატიოსნება.

ხალხი ინსტიქტებით ცხოვრობს, არ მითხრათ არაო.

ასეთის ცხოვრება ნაწლავების გადახლართვით თავდება, რომელსაც ლეტალური ფინალი ახლავს — სიცოცხლის დასრულების. და რა ახლოს ვართ ამ ფინალთან?!  

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

05/10/2023