ყბადაღებული პატრიოტიზმი

პატივცემულო მკითხველო, თემას, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ყბადაღებულ პატრიოტიზმს ეხება. სიტყვა „პატრიოტიზმის“ უადგილო ადგილას გამოყენებამ, მითუმეტეს ე.წ. პოლიტიკოსების, ექსპერტების და ჟურნალისტების მიერ, განუზომელ საგონებელში ჩააყენა თვით სიტყვა, მისი ფილოსოფიური მნიშვნელობა.

სიტყვა „პატრიოტიზმი“, რომ სიტყვა კი არა, სულიერი რამ იყოს, უდავოდ შემოგვიკურთხებდა, წამდაუწუმ ხმარებისთვის, მაგრამ ის, ვინც ამ სიტყვას იყენებს, თანაც სხვისი გაკილვის მიზნით — შენ არ ხარ პატრიოტი, პატრიოტი მე ვარო, საზოგადოების წინაშე საკუთარი თავის პატრიოტად წარმოჩენას ცდილობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში არაფერს აკეთებს პატრიოტიზმის შესაფერისს.

სამწუხაროდ, ჩემის აზრით, პირიქით! ასევე, ჩემის აზრით, ქართველთა მოჭარბებული პატრიოტიზმი სუფრაზე, ზედაპირულია, ყავლგასულია, გაუფასურებულია სწორედ იმათ მიერ, ვინც „პატრიოტულ“ სადღეგრძელოებს აფრქვევს და პრიმიტიულად ემსახურება ღრეობის პროცესის გაჭიანურებას.

მაინც რამდენი უნდა ვსვათ და ვჭამოთ?! გახსოვთ ალბათ, სულ ახლახანს მედიაში აგორებული ისტორია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სახელმწიფო ქონების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით, მისი მეუღლის, ნუნუკას დაბადების დღე რომ გაიხსენეს და ვიდეოზე დააფიქსირეს.

ჰოდა, ფეშენებელური რესტორნის შესასვლელში დადარაჯებულმა ჟურნალისტებმა თქვეს, რომ წვეულება 16 საათზე დაიწყო და ღამის 2 საათზე დამთავრდაო.

იმ დაბადების დღეს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობების პირები ესწრებოდნენ, ცხადია პრემიერ-მინისტრიც. და ეს წვეულება მიმდინარეობდა არა დასვენების, არამედ სამუშაო დღეებში. თუნდაც დასვენების დღეებში გაემართა პრემიერს თავისი საყვარელი მეუღლისთვის დაბადების დღე რესტორანში, სადაც ერთი ადამიანის კვება 1000 ლარი ჯდება ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, აუფასურებს სიტყვა „პატრიოტიზმს“, რომელიც დარწმუნებული ვარ არაერთხელ გამოიყენა პრემიერმა და სუფრაზე დამსწრე ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ძვირი სუფრა შეუფერებელი კი არა, დანაშაულია, ვინაიდან გაეროს მონაცემებით საქართველოს 60000-ზე მეტი მშიერი ბავშვი ჰყავს.

როდესაც ხელისუფლებაში ხარ, მითუმეტეს ქვეყნის მართვის საჭე გიპყრია ხელთ, 10 და მეტ საათს სუფრაზე, ტყუილ ლაყბობაში არ უნდა ხარჯავდე.

პოლიტიკოსობა პროფესიაა და მას სხვაგვარი მიდგომა, გაგება ესაჭიროება.

პოლიტიკოსობა ქვეყნისთვის საკუთარი თავის სამსახურია — დასვენების დღეებშიც, მითუმეტეს ისეთ აუწყობელ, დაულაგებელ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია!

მოდით დავსვათ კითხვა — პრემიერის დამოკიდებულება საქმისადმი და ქვეყნისადმი შეესაბამება სიტყვა „პატრიოტიზმს“?

მავანი, ცხადია ბრიყვი, სახელმწიფო სამსახურის არმცოდნე შემედავება — პრემიერიც ადამიანია და მასაც უნდა ჰქონდეს დასვენება-ქეიფის უფლებაო.

უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა 10 საათი. თუ რამდენი, მას მისმა ტვინმა უნდა უკარნახოს და არა დაწერილმა ინსტრუქციამ.

მისმა ტვინმა უნდა უკარნახოს, რომ სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი მოგზაურობისთვის და არა სახელმწიფოებრივისთვის გამოყენება მიუღებელია, თუნდაც იმ შემთხვევაში, მამამ რომ გადაგიხადოს თვითმფრინავის დაქირავების ხარჯები — როგორც თვითონ გვარწმუნებს.

სახელმწიფო ტრანსპორტი, ტაქსივით არ ქირავდება. ეს ტრანსპორტი მკაცრი დაცვის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს და არა იმისთვის, რომ პრემიერის გარდა სხვამ, მაგალითად ქალაქის მერმა კალაძემ გამოიყენოს საკუთარი, პირადი ვოიაჟებისთვის.

დავსვათ კითხვა — სახელმწიფო ქონების ამგვარი გამოყენება პატრიოტიზმია?

ბევრს მოეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში „პატრიოტიზმი“ არაფერს შუაშია. არადა შუაში კი არა, პირდაპირ თავშია, ვინაიდან არღვევს სახელმწიფო საკუთრების პრინციპებს, სახელმწიფოს, პირადულში გადმოტანას ემსახურება — სახელმწიფო სისტემის გამორეცხვას.

რომელ პატრიოტიზმზე გველაპარაკება პრემიერი, რომელიც წიხლავს საქართველოს განათლების სისტემას და შვილს აშშ-ი აგზავნის სასწავლებად?

პრემიერი ისე, როგორც მთავრობის დანარჩენი წევრები საკუთარი განათლების სისტემის დახვეწა-განვითარებით უნდა იყვნენ დაინტერესებულნი და არა იმით თავი აარიდონ მას, შვილები, სასწავლებლად იქ მიავლინონ. ეს არის პატრიოტიზმი?!

ახლა, მოდით ვიკითხოთ, რა უჯდება ღარიბაშვილს მისი შვილის თუნდაც 1 წლის სწავლა აშშ-ი და მერე გავიმეოროთ კითხვა — ეს პატრიოტიზმია ან „საიდან ფული“?

ვიმეორებ, პატრიოტიზმი სუფრაზე, არ არის პატრიოტიზმი ცხოვრებაში. პატრიოტიზმის ცხოვრებაში გატარებას შეგნება სჭირდება, ცოდნა, უსუსურთა ცხოვრების გაზიარება, მითთვის დახმარების ხელის გაწვდა და არა აქ არსებული სიდუხჭირისგან  შვილების აშშ-ი იზოლირება.

„პატრიოტიზმის“ გამოვლინება იყო ღარიბაშვილის განცხადება, გამოქვეყნებული ინტერნეტში, რომ მას ძალიან უყვარს აშშ-ი? მან თავის მოკლე განცხადებაში ამ უკიდეგანო „სიყვარულის ახსენას“ დიდი დრო მოანდომა.

თუ მხედველობაში მივიღებთ, ღარიბაშვილის შეხვედრებს გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში და იქ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, მიკვირს მან რომ არ თქვა — აშშ-ი ჩემი სამშობლოაო.

როგორც ჩანს, მასპინძლებმა ისეთი მწარე სილა თხლიშეს აშშ-ს პოლიტიკის, თუნდაც შეფარული კრიტიკისთვის, რომ შეშინებული სიზმარშიც იმეორებს — ამერიკა მიყვარსო. უყვარს?!

სიკეთეში მოახმაროს. მაგრამ ქვეყანა, რომელსაც ის „მართავს“, აშშ-ი არ არის. მას საქართველო ჰქვია. დასკვნა ჩემი ამასთან მიმართებაში არის მარტივი — ცრუ პატრიოტიზმი!

ღარიბაშვილის „პატრიოტიზმზე“ ტომები შეიძლება დაიწეროს. ან როგორ მოასწრო ამ ახალგაზრდა კაცმა საკუთარი თავის საწინააღმდეგო გამოთქმების, კარიკატურების, კრიტიკული განცხადებების დაგროვება? მას, ვუნდერკინდობის რომ არაფერი ეტყობა?

აქვე მინდა შევეხო მედია-ექსპერტების, ოპოზიციონერების მიერ უცბათ აგორებულ ანტი-ღარიბაშვილისეულ კამპანიას, რომელმაც 2-დღეზე მეტი ვერ გაქაჩა საინფორმაციო წყაროებში და ისე დადნა, როგორც შარშანდელი თოვლი. სხვათა შორის ესეც პატრიოტიზმია, უფრო სწორად შებრუნებით, ვინაიდან პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი მივიწყებულიქნა, ვითომც არ ყოფილა და ისიც წელგამართული გვიმტკიცებს, რომ თვითმფრინავი დაიქირავა, მასში ფული მამამისმა გადაიხადა და ა.შ.

ვაშა პატრიოტულ საქართველოს. როგორ არ ჯდება ეს ამაზრზენი თემა იმ წესებში, რაც წინათ იყო ევროკავშირში და დღევანდელ პოლიტიკოსთა მეცადინეობით, ისეთთა, როგორიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკია, ფეხქვეშაა გათელილი.

ამ რამდენიმე წლის წინათ, ტუნისში დასასვენებლად მყოფი საფრანგეთის მაღალჩინოსანი ქალბატონი, ტუნისის პრეზიდენტმა საპრეზიდენტო თვითმფრინავით გაისტუმრა პარიზში. საფრანგეთის პოლიტიკამ მგზავრობა ქრთამად ჩათვალა და მაღალჩინოსანი ფრანგი თანამდებობიდან დაითხოვა.

რასა იქმს ბერბოკი? როგორიც გერმანული მედია გვაუწყებს ყველა უცხოურ მოგზაურობაში მას ვიზაჟისტების ჯგუფი დაჰყავს, კარგად რომ გაუკეთონ მაკიაჟი ოფიციალური მოლაპარაკებების დროს, რაც ათასობით ევრო უჯდება სახელმწიფოს.

არანაკლებ „პატრიოტია“ ქალაქის მერი კალაძე, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უწუნებს პატრიოტობას — უცხოეთში, ჩვენთან შეუთანხმებლად დადის და გვაგინებს — საქართველო არ არის ღირსი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისო.

სხვათაშორის იგივეს ამბობს ღარიბაშვილიც.

ზურაბიშვილის შესახებ არაერთხელ გავამახვილე მკითხველის ყურადღება, დღიდან მისი საქართველოში გამოჩენისა, მაგრამ ვერ გავაგებინე, რომ ეს პიროვნება, მიღებული განათლების მიხედვით, უცხოეთის სპეცსამსახურების აგენტია, რომელსაც სურს საქართველოს იმ რელსებზე გადაყვანა, დასავლური რომ ჰქვია.

თუ ის უცხოეთში დადის და აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს — ის უშლის ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ის უნდა დაისაჯოს ხელისუფლებიდან ჩამოშორებითო.

ირიბად, მისსავე იდეის (საქართველოს გაევროპელობა) წინააღმდეგ გამოდის ზურაბიშვილი — უპირველესად ცხადია ხელისუფლების, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით — ქვეყნის. ღარიბაშვილ-კალაძის განმარტებით, ასეთი ქცევა პრეზიდენტისა, არ არის პატრიოტიზმი. მე კი, როგორც ანტიევროპელს, მიმაჩნია, რომ ზურაბიშვილის დაუფიქრებელი განცხადებები, სწორედაც რომ პატრიოტიზმია, რომელმაც საქართველოს შეიძლება არავითარი სტატუსი არ მისცეს, რითაც დაიხსნას ის ევროკავშირის ხარბი კლანჭებისგან.

საქართველოს არც არავინ გააწევრებს ევროკავშირში, მითუმეტეს ნატოში, მაგრამ ამ თემებზე — ტყუილებზე ყურადღების გადატანა ანტიპატრიოტული საქმიანობაა. ერთხელ დენიელ ფრიდმა, ამერიკელმა ექსპერტმა და დიპლომატმა გვითხრა — არ არის საჭირო გამუდმებული ყვირილი ნატო და ევროკავშირი გვინდაო. ჩვენ გაკვირდებით, ვეცნობით თქვენს პოლიტიკას, ეკონომიკას, … დასკვნებს ვაკეთებთ და თქვენი შეხსენების გარეშეც დაგეხმარებით, თუკი პირნათლად იმუშავებთო.

პირნათელი მუშაობა დღევანდელი პოლიტიკური ელიტისგან, საზოგადოებისგან ძალიან შორს არის. მითუმეტეს პატრიოტიზმი.

პატრიოტიზმში არაფრით ჩაიწერება ქალაქის მერის კალაძის საქმიანობა. დაპირებული სამუშაოების არადროული შესრულება, როგორც დამოკლეს მახვილი, ისე ჰკიდია თბილისელთა თავებზე.

მთელი ზაფხული თბილისმა მტვერში, ნაგავში, ავტომანქანების საცობში, დაბინძურებული ჰაერის ყნოსვაში გაატარა.

გადათხრილი წერეთლის პროსპექტის დასრულებას ბოლო არ უჩანს, ისე, როგორც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისკენ მიმავალ ქუჩას, მიცკევიჩს და სხვას მრავალს.

ამ ადგილებში მანქანები ვერ მოძრაობს და თუ ძალიან ნელა, იწვევს დიდ გამონაბოლქვს, საცობებს. გამონაბოლქვი კი ვნებს ადამიანს, რაც არც მერმა იცის და არც ღარიბაშვილმა, ისე, როგორც სხვებმა. და ამ დროს კალაძე სხვის პატრიოტიზმზე გველაპარაკება.

პატრიოტი მერი, თავისი საქმის პატრიოტი, საქმის მწარმოებლებთან ერთად ყოველ დილით სამუშაო თათბირს უნდა აწყობდეს ასეთ ობიექტებზე, რათა დაანახოს მათ პასუხისმგებლობა. მაგრამ არა, რაც არ იცის, ვერ ისწავლის, ვინაიდან სწავლა-განათლება-აღზრდა არ უწყობს ხელს. ის ასეთია, მაგრამ ჩვენც რომ ასეთნი ვართ და ნაცვლად პროტესტის გამოხატვისა, სამზარეულოში ვიფხანთ გულს? ეს არის პატრიოტიზმი?

ეს არის ქალაქის, ქვეყნის სიყვარული? ეს არის ტურიზმის განვითარება?!

კალაძის მიერ ქუჩების დავიწროებამ, განსაკუთრებით ჭავჭავაძის (იგივე ელოდება წერეთელს) ძვირადღირებული პლასტმასის მცენარეების მიწაში ჩარჭობამ, ისე, როგორც ძვირადღირებული სანაგვეების დამონტაჟებამ — დიდი ზარალი მოუტანა ბიუჯეტს. მძღოლებს? საათობით საცობებში ყურყუტი, ნერვების შლა, მტვრისა და დაბინძურებული გამონაბოლქვის ყლაპვა.

ქ.თბილისის ქუჩების ხატვა-ხაზვამ და ამით გამოწვეულმა მოძრაობის წესების დარღვევამ ბიუჯეტს 234 მილიონი ლარი შესძინა ა.წ. იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე. რას ნიშნავს ეს თუ არა აკრძალური, სადამსჯელო წესებით ხალხის ჯიბეში ხელის ფათურს?!

ასეთი საქციელი ბატონყმურია, ძალისმიერია, ადამიანის უფლებების დარღვევაა, ვინაიდან მინიმალური დარღვევისთვის მძღოლს რომ ჯარიმებში ლამის ხელფასს ახდევინებ — დანაშაულია, მას პატრიოტიზმთან არავითარი კავშირი არ აქვს.

კალაძე გვეუბნება — ჩამოდით ავტომანქანებიდან და ავტობუსებით იმგზავრეთო. მოდით ვნახოთ რა ხდება მეტროს სადგურებში, ავტობუსების გაჩერებებზე. მეტროს ვაგონში ვერ მოხვდებით და იძულებული ხართ 2-3 მატარებელი გაატაროთ. თუ მოხვდით ვაგონში, ქალი დაორსულებული გადმოვა ვაგონიდან, ძლივს მოწყდება ლამის მიწეპებულ მამაკაცს.

დაორსულებას რომ თავი დავანებოთ, ტანსაცმელშელანძღული, აჩაჩულ-დაჩაჩული ქალ-კაცი, ნანერვიულები მიდის სამსახურში, მერედა ვიკითხოთ, რამდენად ნაყოფიერი იქნება მათი შრომა?!

ვერ იქნება! და ეს უნდა იცოდეს ქალაქის მერმა, პრემიერმა, მაგრამ არ იცის, გაუნათლებლობის, შეუგნებლობის გამო.

ასეთები, პატრიოტები ვერ იქნებიან. არადა ასეთები გვყავს ხელისუფლება-ოპოზიციაში, უსაქმურნი, ამპარტავანნი, ამაყნი, ზემოდან დამყურენი. მათთვის სიტყვა „პატრიოტი“ ნიშნავს ზემდგომის უკანალის ლოკვას, ქვემდგომის მუდმივ დაწიხვლა-შეურაცხყოფას.

ეს, ახალი ფენაა, დამოუკიდებლობის „სიკეთით“ მოტანილი. დამოუკიდებლობის, რომელსაც ამ სიტყვასთან და არც პატრიოტიზმთან არავითარი შეხება არ აქვს. ვაშა პატრიოტ, დამოუკიდებელ საქართველოს!!!

პრემიერმა ღარიბაშვილმა ზურაბიშვილის პატრიოტიზმის არ არსებობასთან დაკავშირებით ბრძანა — საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ვერ დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო ევროპის კონტინენტზეა და მას ეკუთვნის ევროკაშირის წევრობაო.

მეცნიერი გეოგრაფების, სპეციალისტების კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიაა, თანაც სამხრეთი, რაც მაკრონის მოსაზრებას ამტკიცებს. ზურაბიშვილი ღმერთი არ არის, რომ ქვეყნის გეოგრაფია შეცვალოს. ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყნების ჩამონათვალში ვის არ ნახავთ — ჩრდილო აფრიკის არაბული ქვეყნებიდან დაწყებული, ვიეტნამით, სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკით დამთავრებული. ყველა მათგანს სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულებები აქვთ დადებული ბრიუსელთან, მაგრამ არც ერთი ევროკავშირის წევრობას არ ითხოვს, მარტივი მიზეზით, ისინი არ არიან ევროპაში. ასე რომ გეოგრაფიას აქვს მნიშვნელობა, რომ არ ჰქონდეს, მაშინ ევროკავშირი ჩაანაცვლებდა გაეროს — მსოფლიო ორგანიზაციას.

ევროკავშირში შესვლისთვის განუწყვეტელი ლაპარაკი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური საკითხებიდან ყურადღების გადატანაა, მეტი არაფერი; ხალხის მოტყუებაა — შევალთ ევროკავშირში და კარგად ვიცხორებთო. მაგრამ ევროკავშირი, რომ კარგად ვეღარ ცხოვრობს, აუარება პრობლემები აქვს და მორალურ გახრწნილებაშია  კისრამდე ჩაფლული და შენც გაიძულებს ჩაეფლო — რა პატრიოტიზმია?!

რჩევა ჩემი მარტივია, აბსტრაქციის გარეშე პატრიოტიზმი; პატრიოტიზმი სამსახურში; პატრიოტიზმი საქმის კეთებაში; პატრიოტიზმი ქცევაში, ყოველდღიურ ყოფაში.

პატრიოტიზმია, როდესაც უზრდელურად არ იქცევი, ქუჩაში არ აფურთხებ; ქუჩაში, ყველას დასანახად ხელით ჟღვინტს არ იწმენდ და შემდეგ ამ ხელით, სხვას არ ართმევ ხელს.

პატრიოტიზმია, როდესაც საქმეს დაიწყებ და დროულად დაასრულებ ისე, რომ მეორე დღეს არ გაფუჭდეს.

ასეთს შეგვაგუა ქალაქის მერმა. მრავალთვიანი სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, ერთ კვირაში ვითომ გაკეთებული ქუჩებიდან, გეიზერები რომ იფეთქვევა, ცხადია ფეკალის.

პატრიოტიზმია თუნდაც ის, დაბანილი რომ გადიხარ სახლიდან და ოფლის სუნით არ წამლავ ჰაერს.

დიახ! პატრიოტიზმია, ჩვენი ყოველდღიური ნორმალური ქცევა. მისი უზადოდ შესრულების გარეშე „დიდ პატრიოტიზმამდე“ ვერ მოვალთ. ლაქლაქამდე — უდავოდ!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

01/10/2023