თემას, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ ქართულ პოლიტიკასა და მედიაში გავრცელებული მოსაზრების გამოძახილია, ცხადია შეგნებულის, რომლის მიზანი მარტივია — რუსეთის დისკრედიტაცია.

ეს მცდელობა ქართველ ოპოზიციონერთა, ე.წ. პოლიტოლოგთა და ჟურნალისტთა მხრიდან რომ უშედეგოდ არ ჩაივლის, ფაქტია. შედეგი?

შედეგი — ფულია, დასავლური ფული, რომელიც აბრმავებს ქართველ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს და ისეთს ალაპარაკებს, ქართული გამონათქვამისა არ იყოს — ყვავს ჩამოაგდებს ხიდან.

ყვავისა რა მოგახსენოთ, მაგრამ პროპაგანდით გამოფიტულ საზოგადოებას რომ დასავლურ ჭკუაზე დაატარებს, ფაქტია. და რომ ეს ასეა, პირადი გამოცდილებიდან  გეტყვით. არაერთხელ გავუჩერებივარ ქუჩაში უცნობს, რომელსაც ჩემი ფიზიონომიისთვის მოუკრავს თვალი ტელეეკრანზე, კითხვით — მაინც რა „ჩამშვები“ არის რუსეთი, თავისი ძმადნაფიცი სომხები რომ არ დაიცვა და სომხეთი აზერბაიჯანზე გაცვალაო?

საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის უმრავლესობა, რომ რუსეთს ვერ იტანს, იმდენად ჩვეულებრივად ითვლება, რომ დადებითს ამ ქვეყნის მიმართ ვერ იტყვი — ხმამაღლა, საჯაროდ, მედიაში.

ვინ გაბედავს ასეთს, ვინ გასწირავს თავს?

ჰოდა, ვცხოვრობთ ჭორების ჭაობში, ჭაობში, რომელიც დღენიადაგ გვითრევს და ბოლოს სულს აღმოგვხდის.

ტოტალიტარული ანტირუსული კამპანიის პირობებში ჩემს მიერ ქვემოთ შემოთავაზებული სტატია სრული დონ კიხოტობაა, ვინაიდან დარწმუნებული ვარ მიზანს ვერ მიაღწევს. მიზანი კი მარტივია — სიმართლის თქმა, სიმართლის, რომელსაც არაფერი აკავშირებს სიყვარულთან, ანუ ჩემის მხრიდან რუსეთის სიყვარულთან.

სიმართლემ რომ მიზანს მიაღწიოს, თითო-ოროლამ კი არ უნდა ილაპარაკოს ამაზე, არამედ რამდენიმემ, ვისაც ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში, გაცილებით მეტი, ვიდრე მე, მაგრამ არა, თავს უფრთხილდებიან, ანგარიშს უწევენ რუსოფობებს, ხშირ შემთხვევაში ეშინიათ მათი.

ისინი აქ არიან, რუსეთი — შორს. შორებლის დაცვა მათთვის მიუღებელია. აი, ის შორებელი, რომ მოგვიახლოვდეს პოლიტიკური მიწისძვრის შედეგად, მაშინ ნახავთ საპნით თავაქაფებულ  „ავტორიტეტებს“, მლიქვნელური ღიმილით სახედამშვენებულებს, რუსულ დუმებში შესაძრომად გამზადებულებს, ვინ გაგვიხსენებს ჩვენ, სიმართლის მთქმელებს?

არც არავინ. გრძელ „ოჩერედში“ ჩამდგარი ქართველობა., აი, ისინი, ვინც დღეს რუსეთს ქოქოლას აყრის, ღამეებს გაათენებენ ლენინის მაუზოლეუმისთვის ხელის დასადებად.

სიტყვა „გახსენება“ ვახსენე, უბრალოდ ვითარების სიმარტივისა და აბსურდულობის აღსაწერადა. მას ჩემთან და ჩემისთანებთან (საბედნიეროდ, ასეთებიც არიან, ჯერ არ გადაშენებულან) არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენ ვწერდით, ვამბობდით ყოველთვის, მაშინაც, როდესაც ასეთი, საფრთხის შემცველი იყო და მაშინაც, როდესაც მსგავსს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ასეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ ვიხსენებ.

მაშ ასე, გრძელი შესავლის შემდეგ ვუბრუნდები მთავარ საკითხს, ანუ რუსეთის მიერ სომხეთის ჩაშვება-არჩაშვებას. მავანი მეტყვის — რა დროს ეს არის, ნახეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ისრაელ-პალესტინას შორისო.

გიპასუხებთ. არც არაფერი, უფრო სწორად საზარელი რამ, რომელსაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ბოლო 75 წლის განმავლობაში და რომელმაც ისე შეგვაჩვია თავი, საზარელი ამბავი რომ ჩვეულებრივად გვეჩვენება.

არადა, „ცხელი წერტილი“, როგორც პოლიტიკოს-პოლიტოლოგები იტყვიან, არცთუ შორს არის საქართველოდან — ტერიტორიულად, მენტალურად ძალიან ახლოს.

ისრაელი ისაა, სადაც მრავალი ათასი ქართველი ებრაელი ცხოვრობს — საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში ნაცხოვრები, შემდეგ მეორე სამშობლოში, საცხოვრებლად გადასული.

დიახ! მეორე. პირველი ისაა, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, ენა ამოიდგეს — ქართულად.

აი, მათი შვილები და შვილიშვილები, იქ დაბადებულები და გაზრდილები ნამდვილი ებრაელები იქნებიან. მათ აღარ ექნებათ საქართველოს ნოსტალგია. დიდი-დიდი ბიზნეს-ურთიერთობები ექნებათ ქვეყანასთან, სადაც მათი მშობლები დაიბადნენ.

ქართველთა დამოკიდებულება ისრაელის მიმართ განსხვავებულია, თანაც ისტორიით გაჯერებული, რაც გვახსოვს, მაგრამ გვახსოვს ისიც, რომ ჩვენს ირგვლივ სხვები ცხოვრობენ, რომელთა რელიგია, ცხოვრების წესი და ა.შ. განსხვავებულია ისრაელისგან, უფრო მეტიც პოლიტიკურ-აღმსარებლური ფილოსოფიიდან გამომდინარე მტრულად განწყობილი ებრაელთა მიმართ.

ქართული მედია ტენდენციურად გვამცნობს, რომ მთელი მსოფლიო გმობს პალესტინელთა თავდასხმას ისრაელზე და იმედოვნებს, რომ ისრაელის არმია მუსრს გაავლებს პალესტინელ ტერორისტებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ ორგანიზაცია „ჰამასს“.

მთელი მსოფლიო? იქნებ ცდება მედია? მთელ მსოფლიოში არაბული სამყაროც შედის, მაგრამ ქართულმა მედიამ, პოლიტიკამ, ექსპერტობამ ეს არ იცის და რახან არ იცის, მათ გასაგონად ვიტყვი — არც ერთ მუსლიმანურ სახელმწიფოს პალესტინელთა ქმედება არ დაუგმია, პირიქით განაცხადეს, რომ პალესტინა, რომელიც 75 წლის განმავლობაში უდიდეს პრესს განიცდის ისრაელის მხრიდან, მუდამ შეეცდება იბრძოლოს დამოუკიდებლობისთვის.

პალესტინელთა წინააღმდეგ სიტყვა არ დასცდენია თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს. რაც შეეხება ჩვენი მეზობლის, მეზობელ ირანს — პოზიცია მისი იყო, როგორც ყოველთვის მკაცრი, ურყევი ანტიისრაელურია.

ირანის პოზიცია ანგარიშგასაწევია, მრავალი ფაქტორის გამო, რომელთა შორის აქტიური თანამშრომლობა „ჰამასთან“ და „ჰესბოლასთან“ — ლიბანში არსებულ ორგანიზაციასთან ინტენსიურია.

ირანის გავლენა დიდია არა მარტო მათზე, არამედ სირიისა და ერაყის ხელისუფლებებზე. ირანი კატეგორიული წინააღმდეგია აზერბაიჯან-ისრაელის თანამშრომლობის — სამხედრო მშენებლობის დარგში. წლებია ისრაელი აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანში, რაც აღიზიანებს ირანს.

ირანს ყოველთვის ჰქონდა და აქვს სომხეთთან მეგობრული ურთიერთობები. ირანი არ იზიარებს მთიანი ყარაბაღის დაცემას, მაგრამ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის მიმდევარი, ხმამაღლა ამას არ აცხადებს; მაგრამ ხმამაღლა ამბობს, რომ სომხეთის ლაჩინის გასასვლელი არ უნდა იყოს ნახიჩევან-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზა.

ლაჩინის გასასვლელის გააზერბაიჯანულება, ნიშნავს გათურქებას, ანუ თურქეთისთვის კასპიის ზღისკენ გზის გახსნას. თურქეთი ნატოს წევრია.

თურქეთ-ისრაელ შორის ასატანი ურთიერთობებია, ცხადია თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, მაგრამ არა ირანისთვის, რომელიც დარწმუნებულია, რომ ლაჩინის გზა გააფართოებს თურქეთის გავლენას ამიერკავკასიაში, კასპიის ზღვაზე და ცენტრალურ აზიაში, ხელს მისცემს ნატოს, ისრაელს, აშშ-ს მჭიდრო დაკვირვება აწარმოოს ირანზე.

ირან-თურქეთის ურთიერთობას ვერ დავარქმევთ გულთბილს. ის უფრო გრილია, სიცივეში გადასული. ასე, რომ ისრაელ-პალესტინის ომი, რომელშიც, როგორც ჩანს „ჰესბოლაც“ ჩაერთვება, აღარაფერს ვამბობ სხვა არაბულ ქვეყნებზე, ირანიც გადადგამს სამხედრო ნაბიჯს —„ჰამას“, „ჰესბოლას“ დახმარების თვალსაზრისით.

შეიძლება თუ არა წაგებული ყარაბაღი თავისებურად გამოიყენოს ირანმა, ანუ ანტიაზერბაიჯანულად, ანტითურქულად? ძნელი სავარაუდოა, თუმცა არაფერია გამორიცხული და თუ ამას ექნა ადგილი, მაშინ ამიერკავკასიაც გაეხვევა ომის ქარ-ცეცხლში.

ასე რომ, ისრაელ-პალესტინის ომი შორეული არ არის, რაც სიფრთხილისკენ მოუწოდებს ჩვენს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ოპოზიციას, რომელსაც უყვარს უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება, ისეთის, როგორზეც ზემოთ მოგახსენეთ.

აი, ამ ფონზე ოპოზიციისთვის საყვარელი ფაშინიანი, ჯერ-ჯერობით სომხეთის პრემიერ-მინისტრი, პირწავარდნილი სოროსელი, ანტიყარაბაღელი და ა.შ. და რაც მთავარია ანტირუსი, ადრე შენიღბული, დღეს ღია ანტირუსი, აქტიურობით გამოირჩევა.

ფაშინიანის გამყიდველურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ა.წ. გაზაფხულიდან, დღემდე არაერთი სტატია გამოვაქვეყნე, სადაც ყოველგვარი მორიდების გარეშე ვამხილე მისი მოღალატური ბუნება, თუმცა ვცდები, არაფერი მოღალატური მის ქცევაში არ არის.

ის, იყო და იქნება მისი აღმზრდელი დასავლეთის მორჩილი მოწაფე, მისი დავალების შემსრულებელი, რაც მხედველობაში უნდა ჰქონოდა რუსეთის ხელისუფლებას, პრეზიდენტ პუტინს, რომელმაც მელა ფაშინიანი სიტყვის კაცად ჩათვალა და სამწუხაროდ ასეთად თვლის დღესაც, რაც დაადასტურა სოჭში გამართულ „ვალდაის“ მე-20 საიუბილეო სესიაზე გამოსვლის დროს.

მან თქვა, რომ ფაშინიანს მთიანი ყარაბაღი არ ჩაუბარებია, ე.ი. არ უღალატია მთიანი ყარაბაღისთვის, პირიქით, იბრძოლა მისი შენარჩუნებისთვის. როდესაც ყველა, მათ შორის სომხობა დაბეჯითებით გაჰყვირის საწინააღმდეგოს, პუტინის ნათქვამი დაუჯერებელია.

პუტინი ტაქტიანი კაცია, მას არ უყვარს სხვა ქვეყნების მეთაურების კრიტიკა, ლანძღავ-გინება, „ვალდაის“ განცხადებაც ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა არაფერი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან.

სინამდვილესთან ახლოს არის სიტყვა „წაგება“. რუსეთმა წააგო სომხეთში, უფრო სწორად აგებს და თუ ასეთს ექნა ადგილი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მისი ამიერკავკასიაში ყოფნის საკითხი.

იქნებ ამიტომ არ თქვა პუტინმა აუგი ფაშინიანის მისამართით? ასეა თუ ისე, სპეცსამსახურების ყოფილ ოფიცერს, პუტინს გამოეპარა ფაშინიანის მელიაობა.

დღევანდელი გადასახედიდან ასეა, თუმცა ოფიციალური რუსეთი არ აღიარებს მარცხს.

როდესაც არის დამარცხებული, გამარჯვებულიც არის! ამ შემთხვევაში გამარჯვება კოლექტიური დასავლეთისაა, პლიუს აშშ-ის.

რუსეთს ყურადღება მაშინ უნდა გამოეჩინა, როდესაც აშშ-ი ერევანში, რეგიონში ყველაზე დიდ საელჩოს აშენებდა. დიდი საელჩო, დიდი საშტატო ერთეულით, რეგიონის ფართო მონიტორინგით, ამერიკელი დიპლომატების რიგით სომხებთან ჩახუტებით, მათთან ბაღებსა და სკვერებში ჭადრაკის, დომინოს თამაშით, ანტირუსული დიალოგით და ა.შ.

რუსეთმა იფიქრა, რომ გიუმრის სამხედრო ბაზა და თურქეთის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განლაგება, ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ რუსული სამშვიდობო ძალების ყარაბაღში ჩაყენება, სომხეთში, რუსეთის მუდმივი გავლენის მყარი საწინდარია.

როგორც რეალობა გვკარნახობს — არც თუ მყარი. და ეს სიმყარე შეარყია ყველასთვის ცნობილმა „ყვავილოვანმა“ რევოლუციამ, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მიიყვანა ოპოზიციონერი, სოროსელი ფაშინიანი.

ფაშინიანმა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაწმინდა სახელმწიფო დაწესებულებები ძველი კადრებისგან და მათ ნაცვლად სოროსელები, პროდასავლელი ახალგაზრდები, ცხადია არაპროფესიონალები მიიყვანა. პროცედურა ისეთი, რასაც 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჰქონდა ადგილი საქართველოში.

ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს ფაშინიანი აცხადებდა, რომ მთიანი ყარაბაღი ხელს უშლის სომხეთს დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

რა იყო ფაშინიანის მიზანი, უფრო სწორად რა არის, ვინაიდან ბოლომდე ის შესრულებული არ არის. თვით სომეხი ანალიტიკოსების აზრით, ფაშინიანის მიზანი იყო ის, რაც კოლექტიური დასავლეთის — რუსეთის ამიერკავკასიიდან გაყვანა, მაგრამ როგორ? მთიანი ყარაბაღის გამოყენებით, ანუ ომის დაწყებით. ომის, რომლის თავიც სომხეთს არ ჰქონდა.

ძალიან ბრმა, ყრუ უნდა ყოფილიყო ხელისუფალი, რომ არ დაენახა, არ გაეგო აზერბაიჯანის სამხედრო ძალების სიძლიერე სომხეთის სამხედრო ძალებთან შედარებით.

სომხეთმა წააგო 44-დღიანი ომი, დაკარგა ყველა ის ტერიტორია, რომელიც ხელთ ეპყრა პირველი ომის შედეგად მრავალი წლის განმავლობაში. რომ არა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის ძალისხმევა, სომხეთი გაცილებით მეტს დაკარგავდა.

თანახმად შეთანხმებისა, რუსეთმა სამშვიდობო ძალები ჩააყენა ყარაბაღში. რა მოხდა შემდეგ?

ფაშინიანმა დაიწყო ანტირუსული რიტორიკა; რომ რუსეთმა უღალატა სომხეთს, არ აომა გიუმრიში არსებული რუსული სამხედრო ბაზა აზერბაიჯანთან; არ აომა „ოდკბ“-ე სომხეთის მხარს და ა.შ.

სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ შემდეგი: პირველი, რუსეთი მაშინ აომებდა გიუმრიის სამხედრო ბაზას, როდესაც აზერბაიჯანი დაარღვევდა სომხეთის საზღვრებს და შეიჭრებოდა სომხეთში.

მეორე: „ოდკბ“ მხოლოდ მაშინ ჩაერთვებოდა ომში, როდესაც ადგილი ექნებოდა ომს სომხეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, სომხეთს დახმარებისთვის არ მიუმართავს არც კრემლისთვის და არც „ოდკბ“-სთვის, რომლის წევრიც ის არის.

ფაშინიანის საჯარო უკმაყოფილებას ჰყავდა მრავალი ადრესატი, მათ შორის სომხეთის მოსახლეობა, რომელსაც ფაშინიანმა უთხრა — მე, რომ ომი წავაგე, იმის ბრალია, რომ რუსეთი და „ოდკბ“-ე არ დამეხმარნენ. ისინი არ არიან სანდო პარტნიორები, ამიტომ სომხეთის უსაფრთხოების გარანტორი სხვაგან უნდა ვეძებოთო.

ფაშინიანის პროპაგანდამ გაჭრა და გაჭრა ისე, რომ ყარაბაღის ჩაბარებით აღშფოთებულმა სომხობამ ერთდროულად მიიტანეს იერიში ფაშინიანის რეზიდენციაზე და სომხეთში რუსეთის საელჩოზე.

ფაშინიანის გეგმის ნაწილი — რუსი სამშვიდობოების ყოფნის თაობაზე, შესრულდა. მთიანი ყარაბაღი დაუბრუნდა აზერბაიჯანს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშვიდობოების მისია ამოწურულია. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, 130 ათასი კაცი საცხოვრებლად გადავიდა სომხეთში. მთიან ყარაბაღში დაბრუნება დაიწყო აზერბაიჯანის მოსახლეობამ. რუსი სამშვიდობოების იქ ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს.

რაც შეეხება თვით მთიან ყარაბაღს — ამ ტერიტორიის აზერბაიჯანის კუთვნილება თვით ფაშინიანმა დაადასტურა ჯერ პრაღაში, გასული წლის ოქტომბერში, ხოლო მეორეჯერ ბრიუსელში ა.წ. გაზაფხულზე და თანაც აზერბაიჯანის ტერიტორიის ჩამოკაკვლით, ისე, როგორც სომხეთის.

სხვათაშორის „ვალდაის“ კონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ ამის შესახებ მან გაზეთებიდან გაიგო. ფაშინიანს ის საქმის კურსში არ ჩაუყენებია. არადა, ფაშინიანი ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო, ვინაიდან 2020 წლის „სამეულის“ შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ავალდებულებდა ფაშინიანს პუტინის საქმის კურსში ჩაყენებას.

სამშვიდობო ხელშეკრულება. აღნიშნული საკითხი დეტალურად განიხილეს მოსკოვში, რომლის მიხედვით, მთიანი ყარაბაღის საკითხი ღიად უნდა დარჩენილიყო, ანუ სამშვიდობო ხელშეკრულების მიღმა, ვინაიდან ისეთ საკითხს ეხებოდა, როგორიც მთიანი ყარაბაღის სტატუსი იყო.

მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი თითქმის იდენტურია ბრიუსელ-ვაშინგტონის, იმ განსხვავებით, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი მოსკოვის ხელშეკრულებაში არ ფიგურირებს. დანარჩენ ორში, ანუ ბრიუსელ-ვაშინგტონისაში საერთოდ უყურადღებოდ იყო ის მიტოვებული, უფრო სწორად არ ითვლებოდა განხილვის თემად, ვინაიდან ის უნდა დაბრუნებოდა აზერბაიჯანს.

როდესაც სომხეთი თვით ამბობს უარს მთიან ყარაბაღზე და მისი პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანისაა, რა უნდა მოიმოქმედოს გამშველებელმა, ამ შემთხვევაში რუსეთმა? ასე, რომ რუსეთის დადანაშაულება უსაფუძვლოა.

რას ფიქრობს ფაშინიანი და მასთან ერთად კოლექტიური დასავლეთი?

ფაშინიანი დადებს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან. ივაჭრებს მასთან, ლაჩინის გასასვლელთან დაკავშირებით, აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს თურქეთთან — სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს.

თურქეთ-აზერბაიჯანი შეეცდებიან სომხეთის მოხიბლვას, ისე, როგორც კოლექტიური დასავლეთი, რომელიც სომხეთს ბევრ კამფეტს პირდება, თუკი ის გამოვა რუსეთის ორბიტიდან და დასავლურ კურსს აიღებს.

ფაშინიანი მზად არის ამისთვის და იმისთვისაც, რომ რუსეთს უთხრას შემდეგი — მე თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ამდენად თურქეთიდან საფრთხეს ვერ ვხედავ, თქვენი სამხედრო ბაზა საჭირო აღარ არისო.

რას ნიშნავს ეს?

სომხეთიდან რუსული სამხედრო ბაზის გასვლას და არა მარტო სომხეთიდან, ამიერკავკასიიდან, აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთის გამოკლებით. სომხეთი „ოდკბ“-დანაც გავა და პერსპექტივაში დსთ-დან, ევრაზიული კავშირიდან. და რა მოჰყვება ყოველივე ამას?

ფაშინიანს ეს აღარ აინტერესებს. ის მსუყე გასამრჯელოს მიიღებს დასავლეთიდან, ისე, როგორც მისი კოლეგა ზელენსკი — უკრაინის დამაქცევარი.

რას მიიღებს რუსეთი?

მის მიმართ არალოიალურ ამიერკავკასიას — თურქულ-ნატოური გავლენის ქვეშ მოქცეულს, ირანის მიერ მტრად შერაცხულს, ისე, როგორც რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროებისგან. ასეთ ამიერკავკასიაში სიმშვიდე არ იქნება. იქნება ანტირუსული ცხელი წერტილი.

მთიანი ყარაბაღის დაცემა და აზერბაიჯანის როლის გაზრდა კავკასიაში გააძლიერებს „თურქულ ინტეგრაციას“ ვაშინგტონ-ლონდონის ძალისხმევით, ისე, როგორც თურქეთის, ცენტრალურ აზიაში. ანტირუსული გამოხდომები სომხეთის მხრიდან სამაგალითო იქნება ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

ფაშინიანი ცდილობს სომეხი ხალხის რისხვა რუსეთისკენ მიმართოს, ამასთანავე ის ეუბნევა მას, რომ უსაფრთხოების მიზნით რუსეთის შემცვლელი მოძებნილი ჰყავს. ეს აშშ-ია. ამის დასტურია ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გამართვა და ამერიკული სამშვიდობო მისიის მიღებაზე თანხმობა.

მისია კი — ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნის პირველი მერცხალი იქნება. აკი საჯაროდ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მილერმა შემდეგი: „რუსეთმა დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორი არ არის უსაფრთხოების საკითხებში. აშშ-ი თვლის, რომ ყარაბაღში საერთაშორისო მისია უნდა განთავსდეს, რომელიც დააკვირდება სომეხი მოსახლეობის უფლებების დაცვას“. სომხები, იქ რომ აღარ არიან?!

და ბოლოს — რუსეთის სანდოობის თაობაზე, უფრო სწორად უნდობლობის, რომელზეც ქართული მედია, პოლიტიკა, ექსპერტობა გაჰყვირის. სათავე ამ მოსაზრებისა აშშ-ია. მისი დავალებით და დირიჟორობით ყვირიან ვითომ ქართველი იმანოები და წამითაც არ ფიქრობენ, რაოდენ ბინძურ საქმეს ასრულებენ დაკვეთით. მიზანი მარტივია — ხალხის გამოთაყვანება, ანტირუსულად ანთება. სადამდე?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

11/10/2023