თუ დროულად არ გამოვფხიზლდებით, ჩვენც ისეთივე ცხოვრების დონე გვექნება, როგორც 60-იანი წლების აფრიკას

წინა სტატიაში „ცივი ომის“ საკითხს შევეხე — აშშ-ს ქ. ფულტონში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჩერჩილის გამოსვლით დაწყებულს.

სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი კომუნიზმთან ბრძოლას, უფრო სწორად უთოფო ომს, დღეს რომ მსოფლიო პოლიტიკა ჰიბრიდულს უწოდებს.

„ცივი ომი“, 1946 წლის 5 მარტიდან დაწყებული, 1991 წლის 26 დეკემბრამდე გრძელდებოდა და ალბათ დღემდე გაგრძელდებოდა, რომ არა თვით საბჭოთა კომპარტიაში გაჩენილი ბზარები — „კარგი“ ცხოვრების სურვილით გამოწვეული, რომელსაც რატომღაც „პერესტროიკა“, „გლასნოსტი“ და ათასი სხვა „-სტი“ დაერქვა.

ისინი, ვინც საბჭოეთის პოლიტიკურ გარდაქმნას ისახავდნენ მიზნად — „კარგი“ ცხოვრების იმედით, ისედაც კარგად ცხოვრობდნენ, ყოველმხრივ უზრუნველყოფილნი, მაგრამ მაინც თვლიდნენ, რომ „იქაური“ ცხოვრება სხვა იყო — მომხიბლველი, წარმატებული.

ასე ჩანდა იქაურობა საბჭოთა ადამიანისთვის და არა მარტო მისთვის, არამედ საბჭოთა ხელისუფლებისთვის. არც ერთ მათგანს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმ „ედემის ბაღზე“, დღეს რომ ევროკომისარი ბორელი არქმევს ევროკავშირს, ხოლო დანარჩენ მსოფლიოს — ჯუნგლებს.

არის ასეთი გამონათქვამი — ყველგან კარგია, სადაც არ ვართ. და მართლაც, მაშინდელთათვის იქ რომ კარგი იყო, სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან შორი მაყურებლის ამპლუაში მყოფ საბჭოელს გაჩახჩახებული ვიტრინები ყველა იქაურისთვის ხელმისაწვდომი ეგონა, ისე, როგორც საბჭოთა პროპაგანდა, ცხადია ანტიკაპიტალისტური ტყუილი მონაჩმახი.

დღევანდელ საზოგადოებას ვერაფრით ვუწოდებთ შორიდან მაყურებელს, ვინაიდან სახელმწიფო საზღვრის ცნება მისთვის ისეთი აღარ არის, როგორიც საბჭოელისთვის იყო, რაც უდავოდ პროგრესია. მსოფლიოს ქვეყნებში გაიოლებული მოგზაურობა დიდ შანს უნდა იძლეოდეს იქაური ცხოვრების აღქმაში, განსაკუთრებით ე.წ. დასავლური ცივილიზაციის გაგებაში, აქაურისა და იქაურის შეფასებაში, განსაკუთრებით წარსული ცხოვრების, რაც 30 წლის წინათ ქარს გავატანეთ. და გავატანეთ დაუფიქრებლად, მსუბუქად, ვითარცა დაავადება, რომელიც 70 წლის განმავლობაში გვტანჯავდა და როგორც იქნა მოვიშორეთ.

ნათქვამია — არცოდნა, არცოდვაა, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ისტორიის, მითუმეტეს უახლოესი წარსულის არცოდნა, ცოდვაა და თანაც დიდი, ვინაიდან წარსულის არმცოდნის მიერ ახლის აშენება მხოლოდ ხარვეზებით, უხეში შეცდომებით იქნება შესაძლებელი.

ასეთი აშენებული, უკუღმართი, გაუმართავი იქნება. სუსტ ფუნდამენტზე, მყარი შენობა ვერ აშენდება, რაც თავში უნდა ჩავიბეჭდოთ ყველა ჩვენგანმა.

30 წელია ვაშენებთ რაღაცას, დავარქვათ მას პირობითად ცხოვრება. ვაშენებთ, მაგრამ ისე უსუსურად, არც კი ვიცით მშენებლობის პროცესს ჰქვია თუ არა ნამდვილი მშენებლობა.

ინჟინრები ანუ პოლიტიკოსები, რომლებიც მშენებლობას იჩემებენ, შორს არიან მშენებლობისგან, ანუ პოლიტიკისგან, ანუ სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან. მათ არ იციან, როგორ აშენებდნენ მათი წინაპრები — არა საუკუნეთა წინათ მყოფნი, არამედ გუშინდელნი. არ იციან და სურვილიც არ აქვთ იცოდნენ, ვინაიდან მათ უთხრეს, რომ არ უნდა იცოდნენ ის, რაც უახლოესმა წინაპარმა იცოდა. საერთოდ ამ წინაპრისა არაფერი არ უნდა იცოდნენ, გარდა უარყოფითისა და ამ უარყოფითსაც ის, ვიღაც შორეული გვითხზავს.

ის, ჩაგვძახის, რომ ჩვენი კომუნისტი წინაპარი საშინელებაა, არადემოკრატიაა, დიქტატურაა, ცუდი ცხოვრებაა, ჩამორჩენილობაა და ა.შ. და ჩვენც, ბრიყვული აღტაცებით, გვჯერა მისი, თვალებში შევციცინებთ და აღარ ვიცით სხეულის ქვევითა რომელ ნაწილს ვემთხვიოთ — მისი კმაყოფილების გამოსაწვევად.

დამოუკიდებელი ცხოვრების 30 განვლილი წელი ცოტა არ არის იმისთვის, რომ რაღაც გვესწავლა, შავი და თეთრი ერთმანეთისგან გაგვერჩია, მაგრამ ჩვენი სამრეკვლოდან ცოტაა, ვინაიდან ისეთნი ვართ, ძნელად რომ ვეგუებით გარდაქმნებს.

რა გაეწყობა, ჩვენი საზოგადოება ისეთია, მომავალ 30 წელსაც რომ მოითმენს ახალი ცხოვრების მოლოდინში, მაგრამ მოდით ჩავწვდეთ სიტყვა „მოლოდინის“ არსს, რას ნიშნავს „ მოლოდინი“?

ჩემი ვიწრო გაგებით, „მოლოდინი“ მდინარის პირას ჯდომა და ლოდინი არ არის. მოლოდინი, იმ საქმის კეთების პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება და რომელიც იმ სანატრელ ყოფას მოიტანს მოსახლეობის ნახევარისთვის, რომ მისაღები იქნება.

მოლოდინი, რიგითებისთვის, რომ თითქოს ადგილზე დგომა და უმოძრაობაა, მათ მიერ არჩეული ადამიანებისთვის, ანუ პოლიტიკოსებისთვის მუდმივი შრომაა, ცხადია გონებრივი. არჩეულთათვის მინდობილი საქმე ყველა პირადულზე მაღლა მდგომია, საქვეყნოა, რომლის პირნათლად შესრულება პირადი კეთილდღეობის მომტანიცაა.

სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკოსის აღქმა ისეთია, საქვეყნოს რომ ტოვებს და პირდაპირ პირადულზე გადადის შრომისა და გზის შესამცირებლად, დასამოკლებლად. საქვეყნო საქმე ამოვარდა პოლიტიკოსთა დღის წესრიგიდან და რახან ამოვარდა, მას აღარ ესაჭიროება წარსული მაგალითების შესწავლა, სხვისი გამოცდილების გაზიარება.

ასედაამრიგად პრიმიტივიზმზე დავეშვით. საოცნებო თემებიც, დაკავშირებული პირად კეთილდღეობასთან პრიმიტიულია — სახლი ან სახლები, შავი „ჯიპი“ ან „ჯიპები“, შვილის აქაურ ამერიკულ, ინგლისურ, ფრანგულ სკოლებში მიბარება, ხოლო შემდეგ საზღვარგარეთ გაგზავნა, საკუთარი ბიზნესის წამოწყობა ან სხვის ბიზნესში მოწილეობა, უცხოეთში საშოპინგოდ გამგზავრება და რაც მთავარია თანამდებობის შენარჩუნება. ეს არის და ეს. სხვა საოცნებო არ აქვთ ჩვენს პოლიტიკოსებს.

პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ რა ხდება მეზობელ ქვეყნებში, მსოფლიოში ხომ ზედმეტია ლაპარაკი. პოლიტიკოსს, რომ არ აინტერესებს, უმთავრესად უცოდინრობის გამო, ისე წარმართავს საქმეს, საზოგადოებასაც რომ არ აინტერესებდეს. შედეგი?

სავალალო, განუვითარებელი, უცოდინარი საზოგადოება — ცხოველის მსგავსი ინსტინქტებით მცხოვრები.

საზოგადოება, უფრო სწორად მისი ზედა ფენა — პოლიტიკოსებთან დაახლოებული და მათზე მიტმასნილი, კმაყოფილია იმით, რაც აქვს. და რატომ არ უნდა იყოს კმაყოფილი?!

როდესაც რაც აქვს ჭკუა-გონების დაუძაბავად მიიღო — თაღლითობით და პოლიტიკოსთა უკანალის ლოკვით. ასეთს არ აინტერესებს არც ქვეყანა, არც მისი აწმყო და მომავალი. ის მარადიულ არსებობაზეა აწყობილი, უვიცობის გამო — დარწმუნებული იმაში, რომ ღმერთი პირადად მასთან მიმართებაში შეცვლის ჟამთა ცვლის დაუწერელ კანონს და მარადიულ სიცოცხლეს თუ არა, ხანგრძლივს მაინც უბოძებს. ხანგრძლივი სიცოცხლისთვის კი მას „კარგი“ ცხოვრების ატრიბუტიკა სჭირდება, ისეთი, ზემოთ რომ ჩამოვთვალე.

საზოგადოების ეს ნაწილი, ელიტად წოდებული, არაელიტარულ ნაწილს დამცინავად დასცქერის. აქ ისეთ მომენტთან გვაქვს საქმე, მწერალმა გურამ ფანჯიკიძემ თავის რომანში „თვალი პატიოსანი“ საქმოსანს, მაშინ მას „დელეცს“ უწოდებდნენ, რომ ნიშნისმოგებით და დამცინავად ათქმევინა — „იმდენი ფული მაქვს, გესვრი და წაგაქცევო“.

საბჭოთა პერიოდიდან, თანამედროვეობაში გადმობობღებული „დელეცი“, პატივსაცემი სიტყვა „ბიზნესმენის“ მატარებელია და ზემოდან დაგვყურებს ყველას — ვინაიდან ის არის ყველაზე განათლებული, განსწავლული, ჭკვიანი, მოხერხებული; ადამიანი, რომელსაც ტრადიციული ქართული ოჯახიც უყვარს და ქვეყანაც, და რომელმაც ვიგინდარა სააკაშვილთან  ლამის 10-წლიანი მჭიდრო თანამშრომლის შემდეგ დაინახა, საქართველოს ბატონის, მეპატრონის იმპერატორის ვიგინდარობა და სასოწარკვეთილმა, ამოიძახა — სამშობლოს ვკარგავ და ბრძოლას ვიწყებ მისი გადარჩენისთვისო.

გადაარჩინა სამშობლო. და რახან გადაარჩნა, თავისივე შერჩეული ყმაწვილები განამწესა თანამდებობებზე. ასე ვართ 2012 წლიდან. ვართ უძრაობაში. ერთ ადგილას გაყინული. არც წინ, არც უკან, რამეთუ წინსვლა, გამოჭედილი იმათგან, ვინც ხელისუფლებაშია, შეუძლებელია — წინსვლისთვის შესაბამისი ცოდნა-გამოცდილების გარეშე. გარდა ამისა ინიციატივის საკუთარ თავზე აღების გარეშე, ვინაიდან ხელისუფლება პასუხისმგებელია მის წინაშე და არა ხალხის. ხალხი ყოველთვის სტატისტის როლშია.

ხელისუფლებას ეშინია, ვაითუ მიღებული გადაწყვეტილება არ მოეწონოს „იმას“. „იმის“ შიშით განათლების მინისტრმა ამილახვარმა (გვარი ამილახვარი ქართული ისტორიიდან კარგა ხანია გაქრა, ნეტავი რა გვარისაა სინამდვილეში, ქართული გამორჩეული გვარის დღევანდელი მატარებელი?) ქვა ააგდო და თავი შეუშვირა — რა უნივერსიტეტი, რის უნივერსიტეტი, არავითარ ლიცენზიას მისი გახსნის თაობაზე არ გავცემო.

რამ გამოაფხიზლა საღათას ძილში მყოფი მინისტრი?

რამ? — პატივცემულო მკითხველო, — და დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებამ: „ახლა კონკრეტულად მიმდინარეობს მსჯელობა ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნის თაობაზე. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს უნივერსიტეტის განსათავსებლად. სწავლა უნივერსიტეტში იქნება უფასო. ეს იქნება უნიკალური უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც მთლიანად რუსული მხარე დააკომპლექტებს. სექტემბრის ბოლოსთვის საკითხი გარკვეული იქნება და უფრო ნათელი სურათი გვექნება“, — აცხადებს ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული საზოგადო ორგანიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი დ. ლორთქიფანიძე.

ამ განცხადებას უმალ მოჰყვა ოპოზიციის ქოთქოთი, რამაც გამოაფხიზლა მინისტრი, შემდეგი განცხადებით: „ეს ინფორმაცია, დეზინფორმაციაა, რომელსაც საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, განათლებისა და სახელმწიფო სისტემის განზრახ დისკრედიტაციაში“.

პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი უფრო შორს წავიდა: „არავის შეუძლია საქართველოში რუსული ესპანსიის დამტკიცება. ამ თემაზე საუბარი ემსახურება საზოგადოებაში პანიკის და აჟიოტაჟის გაჩენას, რომლის საფუძველიც არ არსებობს“. მან ისიც თქვა, რომ არასერიოზულია ლორთქიფანიძის მოსაზრების განხილვა, ვინაიდან საფუძველს მოკლებულია.

მოკლედ და კონკრეტულად, ისე, როგორც ყოველთვის დატრიალდა ქარიშხალი ჭიქაში — ამჯერად 2-დღიანი, თუმცა ერთობ არასასიამოვნო და მიუღებელი. რატომ? — იკითხავთ.

იმიტომ, ბატონო, რომ რუსული უნივერსიტეტის გახსნა ისაა, საქართველოს რომ უდავოდ წაადგება და გარკვეულ გარდაქმნას შეიტანს განათლების სისტემაში. უფრო სწორად, ჩემი სურვილია, რომ შეიტანოს, ვინაიდან ის, რაც საქართველოშია, ვერაფრით დავარქმევთ განათლებას.

ასობით უნივერსიტეტი, თითქმის სოფლის ყველა ორღობეში გახსნილი და „სოლიდური“ დიპლომების გამცემი, ცხადია შესაბამისი თანხის გადახდით, არის ის, რაც მივიღეთ „დამოუკიდებელი“ 30-წლიანი ცხოვრებით. შედეგი — გაუნათლებელი უმაღლესდამთავრებული, გაუნათლებელი საზოგადოება — უვიცი ლექტორების მიერ „ნასწავლი“ თაობა, რომელმაც მარტო ის იცის, როგორ ლანძღოს რუსეთი, როგორ იბღავლოს ბათუმის პორტში ჩამომდგარი საკრუიზო ლაინერის (Astoria Grande) წინ ანტირუსულად, როგორ შეუშალოს ხელი რუს ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობათა გაცნობაში, აჭარის რესტორნებსა და კაფეებში ქართული კერძების დაგემოვნებაში და მიღებული მომსახურების, დოლარებითა და ევროებით გადახდაში.

საზღვაო ლაინერის მიერ ჩამოყვანილი ტურისტების წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციას მიესალმა საქართველოში აშშ-ს ელჩი დეგნანი და საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი — იგივე დეგნანი, ისეთივე ანტიქართველი, როგორც ამერიკელი დეგნანი.

დეგნანის სიხარული გასაგებია, ვინაიდან მან და მისმა ამერიკელმა კოლეგებმა გაუკეთეს საპროტესტო გამოსვლას ორგანიზება, ფულიც მათ გადაიხადეს. და რახან ბრიყვი ქართველების ხელით ანტირუსული გამოხდომა მოაწყვეს, სახელმწიფო დეპარტამენტს უპატაკეს წარმატებული აქციის შესახებ, რითაც მორიგი პლუსები ჩაიწერეს თავიანთ დიპლომატიურ „მოღვაწეობაში“.

დეგნანი მალე დაგვტოვებს. მას სხვა დეგნანი ჩაანაცვლებს  — რობინ დანიგანი, სხვა გვარის მატარებელი, მაგრამ ისიც დეგნანი — თავისი ფსიქოლოგიით.

სხვაგვარად მოაზროვნე ამერიკელ დიპლომატს, მითუმეტეს ელჩს, საქართველო ვერ იხილავს, ვინაიდან აშშ-ს საქართველო არ არის ის სტრატეგიული ქვეყანა, სადაც დაღვინებული, გამოცდილი დიპლომატი შეიძლება მოავლინოს. ჩვენ საზოგადოებას და პოლიტიკას ჰგონია, რომ საქართველო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია. აბა ჰკითხეთ აშშ-ს — არის თუ არა ის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი?!

დავუბრუმდეთ ბათუმის პროტესტს, დეგნანის სიხარულს და კითხვა დავუსვათ ჩვენს თავს — საქართველოს რა სიხარული, სიკეთე მოჰგვარა ბათუმის პროტესტმა?

რაღაც დიდი სიხარული საზოგადოების სახეზე ვერ შევამჩნიე. როგორც ჩანს საზოგადოებამ ვერ ან ნაკლებად, გაიზიარა ბათუმის პროტესტი.

მოდით ახლა დავსვათ მეორე კითხვა — რა დაკარგა ბათუმმა გემიდან რუსი ტურისტების არ გადმოშვებით? მატერიალურ-ფინანსური დანაკარგი მაქვს მხედველობაში, თორემ მორალური და სამომავლო სხვაა.

ნაპირზე გადმოსული 400 ტურისტიდან თითო მინიმუმ 10 დოლარს ხომ დახარჯავდა, თუ არა 100-ს ან მეტს ბათუმის კაფე-ბარებსა და რესტორნებში?!

„პატრიოტმა“ ქართველებმა არ დავახარჯვინეთ, ანუ ამერიკელთა გასახარად, რუსი ტურისტები არ შემოვუშვით ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ და საზარალოდ.

არც ერთი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ტურიზმზეა მიბმული, ასეთ იდიოტობას არათუ არ გააკეთებს, თავშიც არ გაივლებს. ქართველებმა, ცხადია არა ყველამ, არამედ ნაწილმა გავაკეთეთ. ყველა დანარჩენი ვუყურებდით ამ უბადრუკ პროტესტ-სპექტაკლს და ალბათ ვხარობდით გულში. თუ არ ვხარობდით, მაშ რატომ არ გამოვედით და არ გავრეკეთ პროტესტანტები — ბათუმლები მყავს მხედველობაში?

ისინი მაინც რატომ არ გამოვიდნენ, ვინც მოუთმენლად ელოდნენ გემის ჩამოდგომას და ტურისტების სტუმრობას საკუთარ რესტორნებსა და კაფე-ბარებში?!

კიდევ ერთი ასეთი კითხვა — ვინ გადაუხდის მათ, ანუ დაზარალებულებს ფულს? სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება თუ ვინ სხვა, ვისაც უნდა მოეგვარებინა გემიდან ტურისტების უსაფრთხო გადმოსვლა და ბათუმში დროსტარება?

ჩემის აზრით, დაზარალებულებისთვის დაკარგული ფულის ანაზღაურება საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს უნდა დაევალოს, ამ შემთხვევაში აშშ-ს საელჩოს, ისე, როგორც აქციის ერთ-ერთ სულისჩამდგმელს, საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ხელფასიდან.

აღნიშნულის აღსრულება ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, მაგრამ შეძლებს ის ამას?!

ყოველგვარი დაფიქრების გარეშე გეტყვით — ვერც შეძლებს და რომც შეეძლოს არც შეძლებს, უბრალოდ თავშიც არ მოუვა ასეთი. და რომ არ მოუვა, თქვენც იცით და ყველა იმან, ვინც დღევანდელ „სუვერენულ“, „დამოუკიდებელ“ საქართველოს ცხოვრებას ვუყურებთ.

ვერც ერთ სუვერენულ ქვეყანაში სხვა ქვეყნის ელჩი, თუნდაც აშშ-ს თავს უფლებას არ მისცემს საპროტესტო მიტინგი მოაწყოს და თუ მოაწყობს, საჯაროდ მაინც არ თქვას მოვაწყვეო ან კარგია, რომ მოეწყო, ვინაიდან ხალხს არ უნდა რუსი ტურისტის ხილვა თავის ქვეყანაშიო.

ქალბატონი დეგნანი თავს უფლებას აძლევს გველაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით, ანუ თავის მოქმედებას ქართველ ხალხს აბრალებს — მე არაფერ შუაში ვარ, ქართველმა ხალხმა გააპროტესტა რუსი ტურისტების ჩამოსვლის მცდელობა, მე უბრალოდ ვნახე აქცია და გავიზიარე მისი პათოსიო.

ამერიკის ელჩის „ფილოსოფიური“ აზროვნება ისეთივეა, როგორიც ამერიკის ადმინისტრაციის, რომელიც საკუთარ მზაკვრულ გეგმებს სხვას აწერს. მაგრამ ჩვენი აზროვნება სად არის ან როგორია, ან საერთოდ არის თუ არა ბუნებაში?!

არ არის და იმიტომაც გვიჭირს ქვეყნის აწყობა. არადა ე.წ. დამოუკიდებლობის 30 წელი სრულიად საკმარისი იქნებოდა, თუნდაც უმნიშვნელო, მცირე სახელმწიფო გეგმის შესასრულებლად.

დავუბრუნდეთ ლორთქიფანიძის განცხადებას ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე. იმ ანდაზისა არ იყოს — „ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო“, ისე დაემართა ლორთქიფანიძეს. თუ ვინმემ, რაღაც მსგავსი რამ უთხრა მას მოსკოვში რა საჭირო იყო მისი საჯაროდ განცხადება?

საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება ისეთია, მოსკოვმა, თბილისის ოქროთ მოვარაყება რომ დაიწყოს, იმაზე ატყდება მთელი ამბავი, ცხადია უარყოფითი, რაც კარგად უნდა იცოდეს ლორთქიფანიძემ.

მისი ნათქვამიდან გამომდინარე, ჯერ ადგილიც არ შეურჩევიათ და განათლების სამინისტროს უარი ათქმევინეს ლიცენზიის გაცემაზე. საზოგადოება კი წინასწარ დარაზმეს ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაფუძნების წინააღმდეგ.

ვერ გეტყვით, ექნება თუ არა ამ საკითხს კეთილი დასასრული, ანუ უნივერსიტეტის დაფუძნება და თუ ექნება, უდავოდ დიდი ხსნა იქნება უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდებისთვის, იმათთვის, ვისაც ნამდვილი განათლების მიღება სურთ და არა დიპლომების — სოლიდურ ყდაში ჩასმულის, რომელთა უკან უმეცრება იმალება.

30-წლიანმა „დამოუკიდებლობამ“ და ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოს ანტირუსულმა წაქეზებამ ისეთი შედეგი გამოიღო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდნენ ვაშნგტონში, მაგრამ საქართველოში?

ანტირუსულმა წაქეზებამ ისე დაგვაშორა ერთ დროს, ერთ ოჯახში მცხოვრებნი, ლამის დღევანდელ გეოგრაფიულ მეზობლობაზეც უარი გვათქმევინოს. რომ შეგვეძლოს რუსეთს ომს გამოვუცხადებდით და უკრაინის მსგავსად, სამარადისო მტრად ჩავთვლიდით.

არადა ამ მეზობლის გარეშე არათუ ცხოვრება, არსებობაც გაგვიჭირდება. რუსეთი ის მეზობელია, რომელსაც ფართოდ აქვს გახსნილი საკუთარი ბაზარი ქართული პროდუქციისთვის. იქნებ მითხრათ, ევროპის რომელ ქვეყანას ან აშშ-ს აქვს კარი გახსნილი ჩვენი პროდუქციისთვის?

არც ერთ ქვეყანას იმდენი ინვესტიცია არ აქვს განხორციოელებული საქართველოში, რამდენიც რუსეთს — ქვეყანაში, რომელთანაც მას არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა; ქვეყანასთან, რომელიც წამდაუწუმ ანტირუსულ გამოხდომებს აწყობს, ანტირუსულ განცხადებებს აკეთებს საერთაშორისო არენაზე, ცდილობს დასავლური „ფეიკ-ნიუსებით“ გააბრუოს საკუთარი მოსახლეობა, აუკრძალოს მას რუსული საინფორმაციო ტელეარხების ყურება.

რა უშლიდა ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში?

არც არაფერი, გარდა სურვილისა. მას ასეთი სურვილი არასდროს ჰქონია, რომ ჰქონოდა, ხომ შეძლებდა ამის გაკეთებას 30 წლის განმავლობაში. ეს ჩვენ, საერთაშორისო ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებლებს გვეგონა, რომ მაძღარი ევროატლანტიკური სივრცე მოგვხედავდა, დაგვეხმარებოდა.

ჩვენ წამითაც არ შეგვიხედავს ევროპის კოლონიების ისტორიისთვის. არადა უნდა შეგვეხედა, გაკვრით მაინც იმისთვის, რომ ნათელი წარმოდგენა გვქონოდა ევროპელებზე და მათ მიერ დახმარებისთვის გამოწვდილი ხელის არ არსებობაზე.

მთელი აფრიკის კონტინენტის 54 ქვეყანა ჰქონდა კოლონიად ქცეული ევროპას. უმდიდრესი წიაღისეული იყო მის ხელში. მხოლოდ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო აფრიკაში კოლონიური უღლისგან განთავისუფლება, მაგრამ მორალური, სულიერი ბრძოლა დღესაც გრძელდება. აფრიკის კონტინენტს, მილიარდნახევრიანი მოსახლეობით, მრავალი წელი დასჭირდა ევროპელი „კოლონიური გამოცდილების“ მენტალური დამარცხებისთვის.

საქართველოს წიაღისეული რა მოსატანია აფრიკასთან, სადაც მსოფლიოს წიაღისეულის 30% დევს მიწაში. კიდევ კარგი, რომ არ არის, რომ ყოფილიყო, მთელი ევროპა აქ იქნებოდა საძარცვად.

საქართველოს სხვა დაავალეს — ანტირუსეთის შექმნა, ოფიციანტობა, მძღოლობა, მეძავობა, მომსახურება, ანუ მათი მომსახურება, რასაც ვასრულებთ დიდის სიხარულით. ამ სფეროს განათლება არ სჭირდება. ამაზეც თანახმა ვართ. და ვერ ვატყობთ, 30-წლიანი „დამოუკიდებელი“ ცხოვრება რად გვექცა. ვერ ვხედავთ, რომ ერთ დროს განათლებული ერი, დასავლეთმა რა დონეზე დაიყვანა.

ზემოთ, აფრიკა ვახსენე, რომელმაც კოლონიალიზმის უღლისგან განთავისუფლება გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. აფრიკის ქვეყნების ცხოვრების დონე, სხვა ქვეყნებთან შედარებით უაღრესად დაბალი იყო. თუ დროულად არ გამოვფხიზლდებით, ჩვენც ისეთივე ცხოვრების დონე გვექნება, როგორც 60-იანი წლების აფრიკას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

01/08/2023