წამით წარმოვიდგინოთ ნიგერის მოქალაქის საფრანგეთის ხელისუფლებაში მუშაობა. ასეთს, სიზმარშიც კი ვერ ნახავდა ნიგერელი

ბათუმში გამართულმა ანტირუსულმა აქციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია რუსულ მედიაში. არ დარჩა არც ერთი ტელეკომპანია, განსაკუთრებით სახელმწიფო, რომელსაც ახალ ამბვებში არ გაეშუქებინა მომხდარი.

ბათუმის აქცია პოლიტიკური თოქ-შოუების განხილვის საგანიც გახდა, მწვავე შეფასებებით. განსაკუთრებით არასასიამოვნო მოსასმენი იყო ჩემთვის და ზოგიერთი იმ ქართველისთვის „როსია-1“-ის თოქ-შოუ „60 წუთის“ წამყვანის სკაბეევას კომენტარი დაახლოებით ასეთი — რატომ მიდიან რუსი ტურისტები ქვეყანაში, სადაც მათ შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ, ლამის ფიზიკურად შეეხონ. მან აუგად მოიხსენია ხელისუფლებაც, რომელიც ვერ უზრუნველყოფს წესრიგს.

სკაბეევა, სახელმწიფო არხის პოპულარული გადაცემა „60 წუთის“ წამყვანი ჟურნალისტია, თავის მეუღლე პოპოვთან ერთად, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატია. ასე რომ, სკაბეევას განცხადება საყურადღებოა და თუ სახელმწიფოს პოზიციას არ გამოხატავს, მოუწოდებს მას მკაცრი ზომების მიღებისთვის, უპირველეს ყოვლისა რუსი ტურისტების ნაკადის შემცირებისკენ, მეორე — საქართველოსთან მკაცრი ურთიერთობების ქონისკენ, რაც ეკონომიკური კავშირურთიერთობების შეზღუდვას ნიშნავს. სხვა ურთიერთობები, პოლიტიკური, დიპლომატიური საქართველოს რუსეთთან არ გააჩნია.

საქართველოსთვის ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვა ბევრს ნიშნავს. რუსეთისთვის არაფერს, ვინაიდან ის, რაც საქართველოს, რუსეთის ბაზარზე შეაქვს, რუსეთისთვის მიზერულია და თავისთავად აინაზღაურებს დსთ-ს ქვეყნებიდან შეტანილი პროდუქტებით, ძირითადად სასოფლო-სამეურნეოთ, მაგალითად, ბოსტნეულით, ხილით.

სულ ახლახანს, საქართველოს სტატისტიკურმა სამსახურმა გვამცნო, რომ ბოლო თვის განმავლობაში საქართველომ რუსეთში დიდი რაოდენობის ატამი შეიტანა და არა მარტო რუსეთში, მეზობელ ქვეყნებში, უკრაინაში, სხვაგან. მაგრამ იქ შეტანილი ატამი 3-ჯერ და მეტჯერ ნაკლები რაოდენობისაა, ცხადია ერთად აღებული, ვიდრე რუსეთში.

რუსეთში ხდება ნახმარი ავტომობილების რეექსპორტიც. გარდა ამისა ფეროშენადნობების და სხვა პროდუქციის. და სხვაში რა იგულისხმება, ვერ დავადგინე, რაც მაფიქრებინებს ვთქვა, რომ „და სხვა“ არაფერია, მაგრამ როდესაც ხელისუფლებას სურს რაღაც უთხრას თავის მოსახლეობას, ისეთი, საექსპორტო საქონლის წარმოებას რომ ნიშნავს, ამბობს „და სხვა“-ს, თითქოს მართლაც იყოს ბუნებაში ამ სიტყვის უკან არსებული საქონელი.

საქართველოს სოფლის მეურნეობა, რომ საბჭოურის სიმაღლეზე იდგეს, საექსპორტო პროდუქციაც მეტი იქნება — იმაზე მეტი, რაც ზემოთ აღვნიშნე და იმაზე მეტიც, რაც არ მითქვამს: ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, უალკოჰოლური სასმელები.

უფრო მეტში ვგულისხმობ ჩაის, ციტრუსებს, თამბაქოს. მეჩაიეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის გამორჩეული დარგი იყო, თანაც საკავშირო (სსრკ მაქვს მხედველობაში), სამეცნიერო-კვლევითი მნიშვნელობის ანასეულის ინსტიტუტით (გურია), რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოციალისტური შრომის გმირი, მეცნიერი ქსენია ბახტაძე.

ქართული ჩაი 97%-ით აკმაყოფილებდა საბჭოთა კავშირის მოთხოვნებს. დანარჩენს, დიდი ქვეყანა — ინდოეთსა და ცეილონში ყიდულობდა. მკითხველს შევახსენებ — რუსთაველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ზეიმით აღინიშნა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში. მაშინ საიუბილეო ჩაიც გამოვიდა თუნუქის კონტეინერებში, რომელსაც რუსთაველის უკვდავი პოემის ამსახველი ფოტოები ამშვენებდა, თუნუქის კონტეინერის გარე მხარეს.

ქართული ჩაი, ალკოჰოლურ სასმელთან ერთად საჩუქრად გადაეცათ საქართველოში ზეიმზე ჩამოსულ სტუმრებს — საბჭოთა კავშირიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. ამ ზეიმის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა მოსკოვში, საზეიმო სხდომითა და კონცერტით, რომელშიც ქართველი ხელოვანები იღებდნენ მონაწილეობას და რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსკოველებზე, დარბაზში მყოფ როგორც რუს, ისე უცხოელ მაყურებლებზე.

ბათუმის პროტესტის მონაწილე ერთმა ყმაწვილმა, რომელსაც მე ნაბიჭვარს ვუწოდებდი, არა როგორც უკანონოდ დაბადებულს, არამედ როგორც წიტიან, საზიზღარ არსებას, ჟურნალისტს უთხრა — ამ გემით ტურისტებად ჩამოვიდნენ, ხვალ ტანკით ჩამოვლენო.

ჩვენდა სამწუხაროდ, მისი ნათქვამი, სხვასთან ერთად, რუსეთის ტელევიზიებმა აიტაცეს, რასაც იქაურთა ლანძღვა მოჰყვა, არა ამ ნაბიჭვრის მიმართ, არამედ საქართველოს. მას და მის მსგავსთ, უმეცართ და პირუტყვთ (მაპატიეთ პირუტყვთა შეურაცხყოფისთვის) შევახსენებ, რომ რუსი ტანკით 2008 წლის აგვისტოს შემოვიტყუეთ სააკაშვილის და მისი ნაცი ნაბიჭვრების ძალისხმევით. რომ არა ისინი, რუსი აქ ფეხს არ შემოადგამდა, ტანკით არ შემოვიდოდა.

რაც შეეხება გასული საუკუნის 1921 წელს და ბოლშევიკთა შემოსვლას, ორჯონიკიძის მეთაურობით, სულ სხვა ისტორიული მომენტი იყო, რომლის შესახებ მრავალჯერ დავწერე, მაგრამ შეხსენებისთვის აღვნიშნავ, რომ ბოლშევიკური რუსეთი ვერ დაუშვებდა მეფის რუსეთის ტერიტორიაზე (და ასეთად თვლიდა ის ამიერკავკასიას) ინგლისელთა, გერმანელთა, სხვა დასავლელთა პარპაშს, რაც კარგად უნდა სცოდნოდა მენშევიკურ ხელისუფლებას, მაგრამ მას ამისთვის არ ეცალა, ქართული საგანძურის ტომრებში ჩაყრით იყო დაკავებული — ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე, რომელიც ბათუმში ჩამომდგარ ფრანგულ სამხედრო გემს გაატანა და თან მთავრობის წევრი თაყაიშვილი გააყოლა.

პატივცემული ექვთიმე გემზე არ აუშვეს. ის, საგანძურამდე, გაქცეული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, მარსელში გემის კარგა ხნის ჩასვლის შემდეგ მივიდა.

მარსელის ბანკში ჩაბარებულ საგანძურს, ყოფილი მთავრობის წევრები ჰყიდნენ და ალბათ მისგან არაფერი დარჩებოდა, რომ არა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აღიარება, რასაც მოჰყვა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან ურთიერთობების გაწყვეტა და საგანძურის მარსელიდან, პარიზში გადატანა.

საგანძური, საქართველოს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა და დაუბრუნდა საბჭოეთის მეთაურის, სტალინის ძალისხმევით, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტ დე გოლს სთხოვა დაბრუნების თაობაზე.

პარიზში არსებული მრავალი ტომრიდან, მხოლოდ ნაწილი და ისიც უმცირესი დაბრუნდა თბილისში.

ამ ისტორიის შესახებ — საარქივო მასალებზე დაყრდნობით, აღწერილი აქვს გრიგოლ ონიანს, თავის წიგნში, რომლის წაკითხვა არ აწყენდა „პატრიოტ“ ქართველებს.

ახლა, რაც შეეხება საქართველოს „დამპყრობი“ რუსეთის დამოკიდებულებას ქართული მწერლობისადმი, განსაკუთრებით შოთა რუსთაველისადმი. ამ მართლაცდა ბუმბერაზი მოღვაწის შესახებ არც რუსეთში და არც საზღვარგარეთ არვინ იცოდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში, დიდ სამამულო ომამდე, სტალინის განკარგულებით მოსკოვში გაიმართა რუსთაველის საიუბილეო სხდომა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა გენიალურ ქმნილება „ვეფხვისტყაოსანზე“.

რუსმა მწერლებმა და პოეტებმა თარგმნეს პოემა, რომელიც დიდი ტირაჟით დაიბეჭდა და გაიყიდა. ამას მოჰყვა უცხოელ მწერალთა თარგმნა და გამოცემა.

გასული საუკუნის სამოციან წლებში საბჭოთა კავშირში ჩატარდა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილე. აღნიშნული იუბილეს მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით საბჭოთა მთავრობამ დადგენილებაც მიიღო, რომელსაც მოჰყვა ქვემდებარე ორგანიზაციების მიერ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება.

შეგახსენებთ ზოგიერთს: 1965 წლის ივლისში,  რუსთაველის დაბადების 800 წლისთავთან დაკავშირებით, შეიქმნა სრულიად საკავშირო საიუბილეო კომიტეტი პოეტ ნ.ტიხონოვის თავმჯდომარეობით. იმავე წლის ოქტომბერში სსრ კავშირის მწერალთა კავშირში გაიმართა საიუბილეო კომიტეტის სხდომა.

1966 წლის სექტემბერში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სესია, რომელშიც მონაწილეობდნენ საბჭოთა და უცხოელი მწერლები, მეცნიერები.

1966 წლის ოქტომბერში ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი.

1966 წლის ოქტომბერში მოსკოვის ცენტრში გაიხსნა რუსთაველის ძეგლი. მოსკოვის „დიდ თეატრში“ ჩატარდა საზეიმო საღამო. 1966 წლის ოქტომბერში მოსკოვის კრემლის ყრილობათა სასახლეში გაიმართა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს ხელოვნების ოსტატთა კონცერტი.

პატივცემულო მკითხველო, აი ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც საქართველოს „ოკუპანტმა“ და „დამაქცევარმა“ რუსეთმა გვარგუნა შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით.

ეს ისტორია ქართულ ჩაის მოვაყოლე — თუნუქის საიუბილეო კონტეინერებში დაფასოებულს, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, გავხსენი და … ნამდვილი ჩაის სურნელმა გადამისროლა გასული საუკუნის 60-იან წლებში, რუსთაველის 800 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას — ერთ-ერთი უცხოეთის დელეგაციის მასპინძლად.

ერთ დროს, საბჭოთა კავშირში ჩაის კულტურით ცნობილი საქართველო, აზერბაიჯანის ჩაის მიირთმევს, რომელმაც რუსეთის ბაზარიც დაიპყრო და ტელეკომპანიებიც, აზერბაიჯანის ჩაის რეკლამებში გართულნიც.

ქართული ჩაი ისტორიას ჩავაბარეთ, ისე, როგორც თამბაქო, ბრინჯი, მეაბრეშუმეობა და ა.შ. ჩავაბარეთ ქართული სპორტიც — ცხენოსნობა, ცხენბურთი, სხვა სპორტული თამაშები ცხენთან და ქართველ მხედართან დაკავშირებული.

ჩავაბარეთ თბილისის იპოდრომიც — კულტურის, სპორტის და დასვენების შესანიშნავი ადგილი. დღეს კი ეს ტერიტორია, რაღაცის საკეთებლად, შეტანილი მიწის „მთებით“ არის დაფარული, მათზე ამოსული ბალახით. აკი იაპონურ ბაღს ვაკეთებთო?!

არც ბაღია და არც იპოდრომის ტრიბუნები. არადა რა პოპულარობით სარგებლობს იპოდრომი დსთ-ში?! მსოფლიოში?!

ქართველი, რომ იაპონურ ბაღს გააკეთებს და მოუვლის, ვირი სიმღერას დაიწყებს. იყო იაპონური ყაიდის ბაღი მცხეთაში, რომელიც უნიკალურმა ქართველმა მამულაშვილმა გააშენა და რომელიც აღაფრთოვანებდა მცხეთის ყველა სტუმარს, მათ შორის უცხოელს. მამულაშვილი აღარ არის, ისე, როგორც მისი შედევრი — ბაღი.

დავუბრუნდეთ ბათუმის აქციას, რომელმაც უდიდესი დარტყმა მიაყენა ქვეყნის აწმყოსა და მომავალს, განსაკუთრებით ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. ვთქვათ ისიც, რომ საღად მოაზროვნე ქართველობა გადაშენების გზაზეა. მას არც პროტესტის გრძნობა შემორჩა და არც მადლიერების. ეს, რომ ასე ყოფილიყო, ხომ გამოვიდოდნენ საღად მოაზროვნე ბათუმლები იქ ჩასულ პროტესტანტთა ჭკუის სასწავლებლად?

არ გამოვიდნენ. არც ისინი გამოვიდნენ, ვინც რუსი ტურისტებისგან ფულს მოელოდა — კაფეებს, ბარებსა და რესტორნებში გაწეული მომსახურების საფასურად.

მმართველი პარტიის ლიდერმა კობახიძემ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციამ 300000 ლარი დააკარგვინა საქართველოს. იქნებ მეტი? ფინანსური ზარალის გარდა საქართველომ ტურისტული ქვეყნის იმიჯიც დაკარგა რუსის თვალში, რაც მნიშვნელოვანი სამომავლო ზარალი იქნება. და ისევ რუსი ტელეჟურნალისტის განცხადება „როსია-1“-ის თოქ-შოუ „60 წუთში“ — რა უნდა რუს ტურისტებს ქვეყანაში, სადაც შეურაცხყოფას აყენებენ!

ბათუმის პროტესტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ხელისუფლების უსუსურობა. მან ვერ მოახერხა პროტესტანტების პორტიდან გაყვანა. „სულ რაღაც 150 კაცი იყოო“, — თქვა კობახიძემ. ჰოდა, თუ ამდენი იყო, სამი ავტობუსი სრულიად საკმარისი იქნებოდა აურზაურის ამტეხთა ბათუმიდან გასაყვანად.

ხელისუფლებამ უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ს ელჩის მხრიდან პროტესტანტთა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ელჩი საგარეო უწყებაში არ დაუბარებიათ. რატომ? აშშ-ს ელჩი რომ არის, იმიტომ?

ქართულ დიპლომატიას, მსოფლიო დიპლომატიისგან განსხვავებით, განსხვავებული „დიპლომატია“ აქვს. ის, არათუ აშშ-ს ელჩს არ იბარებს, არამედ უკრაინის დროებით რწმუნებულსაც, როდესაც ფაშისტი პრეზიდენტი ზელენსკი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს.

კობახიძემ შეუნდო უკრაინას — ჩვენ მაინც გვექნება მასთან ცალმხრივი ურთიერთობაო.

წინა სტატიაში დავწერე და გავიმეორებ — ბატონო ირაკლი, თქვენ როგორც ფიზიკურ პირს შეგიძლიათ აპატიოთ უკრაინის პრეზიდენტს, უფრო მეტიც, ჩაეხუტოთ მას, მაგრამ საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, თუ ის მართლაც სუვერენულია, არ აქვს ამის უფლება.

საქართველოს არც იმის უფლება აქვს თვალი დახუჭოს საპროტესტო აქციაში უკრაინული დროშების ფრიალზე და უკრაინელთა მონაწილეობაზე. უკრაინელი პროტესტანტები გაძევებული უნდა იქნენ საქართველოდან — ქვეყნის სტაბილურობის ხელყოფის გამო.

დავუბრუნდეთ პროტესტანტ ყმაწვილს, ზემოთ რომ ვახსენე. აი, ასეთმა პროტესტანტებმა გამოიწვიეს ცხინვალის ომი. ასეთმა პროტესტანტებმა დაგვაკარგვინეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. აი, ასეთი პროტესტანტები გვაკარგვინებენ დარჩენილ საქართველოს, მათ შორის აჭარას და ჩვენ „პატრიოტი“ ქართველები ხმას არ ვიღებთ. ისეთი ვიგინდარები რა გავზარდეთ, მათთან დალაპარაკებაც რომ გვეშინია?

ახლა მოკლედ ამ ვიგინდარების გასაგონად. სულ ახლახანს აფრიკის სახელმწიფო ნიგერში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ნიგერი ტერიტორიითა და მოსახლეობით აღემატება საქართველოს. ეს ქვეყანა სხვა თვალსაზრისითაც აღემატება ჩვენსას, იმიტომ, რომ ჩვენი სანატრელი ევროკავშირელის, საფრანგეთის კოლონია იყო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, გასული საუკუნის 60-იან წლებამდე, ვიდრე მან არ გადააგდო კოლონიური უღელი.

საფრანგეთის კოლონიური უღელი, ნეოკოლონიალიზმით ჩანაცვლდა. გაგრძელდა ნიგერის წიაღისეულის ძარცვა ფრანგთა მიერ. განსაკუთრებით ურანის გატანით საფრანგეთში. რომ არა ეს უნიკალური წიაღისეული, არ იმუშავებდა საფრანგეთის ბირთვული ელექტროსადგურები — ამ ქვეყნის ენერგეტიკის მთავარი წყარო.

ნიგერს რა? — იკითხავთ თქვენ. შიმშილის ზღვარზე ცხოვრება. ნიგერის მოსახლეობის 80% ელექტროენერგიაც კი არ აქვს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ისევ მივმართავ პროტესტანტ ვიგინდარებს — თქვენ ევროკავშირი გინდათ, ვინაიდან ფიქრობთ, რომ იქ მუქთად შეგვინახავენ, თავზე ხელს გადაგვისვამენ და გვეტყვიან — „რაც კარგები ხართ, ქართველები ხართო?“

კოლექტიური დასავლეთი, კოლონიური ძარცვით გამდიდრდა, კოლონიების სრული გაჩანაგებით. აი, ამან ააფეთქა ნიგერის მოსახლეობა, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს ფრანგი ნეოკოლონიზატორების ქვეყნიდან წასვლას. ჩვენ კი რას მოვითხოვთ? ევროკავშირის, მათ შორის საფრანგეთის კოლონიურ უღელს!

უვიცობამ, სიბრიყვემ, ვიგინდარობამ იცის ყოველივე ეს და უმადურობამ რუსთა მიმართ, იმ სახელმწიფოს მიმართ, საბჭოეთი მყავს მხედველობაში, სადაც საქართველოს მცხოვრები აქტიურად იღებდა მონაწილეობას საკავშირო მთავრობასა თუ საკანონმდებლო ორგანოში.

წამით წარმოვიდგინოთ ნიგერის მოქალაქის საფრანგეთის ხელისუფლებაში მუშაობა. ასეთს, სიზმარშიც კი ვერ ნახავდა ნიგერელი.

ახლა ისიც ვთქვათ, იმ უზარმაზარ ქვეყანას, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ათეული წლის განმავლობაში ხომ მართავდა ქართველი ჯუღაშვილი?!

სიზმარში მაინც იფიქრებდა ნიგერელი საფრანგეთის პრეზიდენტობას? ან რომელიმე აფრიკული სახელმწიფოს საფრანგეთის ყოფილი კოლონიის მოქალაქე?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

06/08/2023