23.11.2024

გეორგიევსკის ტრაქტატის 240-ე წლისთავი

24 ივლისს შესრულდა საქართველოზე რუსეთის იმპერიის მფარველობის, გეორგიევსკის ტრაქტატის 240 წლისთავი. გეორგიევსკის სახელი წმინდა გიორგის სახელობის ციხე-სიმაგრიდან მოდის, სადაც გაიმართა ხელმოწერის ცერემონიალი.

საქართველოს მხრიდან ტრაქტატზე ხელმოსაწერად არჩეულ იქნა მათი ბრწყინვალებანი მარცხენა ხელის ჯარების სარდალი, თავადი იოანე ბაგრატიონი (იოანე (ივანე) კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონი) და ერეკლე მეფის მანდატურთ-უხუცესი (გენერალ-ადიუტანტი), ყაზახის სამთავროს ზედამხედველი, თავადი გარსევან ჭავჭავაძე.

რუსეთის მხრიდან — სენატორი, სახელმწიფო სამხედრო კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტი, ხელმწიფის მონაცვლე ასტრახანის, სარატოვის, აზოვისა და ნოვოროსისკის მხარეებში, მისი უდიდებულესობის გენერალ-ადიუტანტი, ნამდვილი კამერჰერი გრიგოლ პოტიომკინი, რომელმაც თავის მხრივ, ამ უფლებით აღჭურვა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის, არმიის გენერალ-პორუჩიკი, ასტრახანის გუბერნიის ჯარების სარდალი, მისი უდიდებულესობის ნამდვილი კამერჰერი პავლე პოტიომკინი.

„სახელითა ღმრთისა ყოვლისა შემძლებელისა ერთისა სამწმინდაობასა შინა დადებულისათა“: უძველესი დროიდან სრულიად რუსეთის იმპერია ქართველ ხალხთან ერთმორწმუნეობით წარმოადგენდა დაცვას, დახმარებასა და თავშესაფარს ამ ხალხისა და მისი უგანათლებულესი მფლობელებისთვის იმ ტანჯვათაგან, რომლებსაც ისინი განიცდიდნენ თავიანთი მეზობლებისგან. … ყურად იღო რა სიმდაბლით მისი ტახტისადმი წარდგენილი თხოვნა ქართლისა და კახეთის უგანათლებულესი მეფის ერეკლე თეიმურაზის ძისა, მთელი მისი მემკვიდრეებითა და მენაცვალეებით, მთელი მისი სამეფოებითა და მხარეებით მისი უდიდებულესობისა და მის მაღალ მემკვიდრეთა და მენაცვალეთა მონარქიული მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ, სრულიად რუსეთის იმპერატორების ქართლისა და კახეთის მეფეებზე უმაღლესი ხელისუფლების აღიარებით, ყოვლად მოწყალედ ისურვა დაადგინოს და დადოს მოხსენიებულ უგანათლებულეს მეფესთან სამეგობრო ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც, ერთის მხრივ, მისი უგანათლებულესობა თავისი სახელითა და თავის მენაცვლეთა აღიარებდა რა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი მაღალ მენაცვლეთა უმაღლეს ხელისუფლებასა და მფარველობას ქართლისა და კახეთის სამეფოების მფლობელებსა და ხალხებზე, აგრეთვე მათ მფლობელობაში მყოფ სხვა ხალხებზეც, აღნიშნავდა საზეიმოდ და ზუსტად თავის ვალდებულებებს სრულიად რუსეთის იმპერიისადმი; ხოლო მეორეს მხრივ — მის იმპერატორობითი უდიდებულესობას ასევე შეეძლებოდა საზეიმოდ აღნიშვნა იმისა, თუ რა უპირატესობებსა და სარგებელს უბოძებდა იგი თავისი გულუხვი და ძლიერი ხელით მოხსენიებულ ხალხებსა და უგანათლებულეს მფლობელებს“ — აღნიშნულია შესავალში.

240 წელი გავიდა ამ ტრაქტატის ხელმოწერიდან, მაგრამ მას არ დაუკარგავს ის უდიდესი მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის, რამაც რუსეთის იმპერიასთან მშვიდმა ცხოვრებამ მოუტანა. მეფის რუსეთის არსებობის პერიოდში ქართლ-კახეთი, შემდეგ იმერეთი და საქართველოს სხვა სამთავროები გადაურჩნენ მეზობელი მუსლიმანური ქვეყნების გამუდმებულ თავდასხმებს, ომებს, გადასახლებას, ფიზიკურ განადგურებას, რასაც სისტემატურად ჰქონდა ადგილი გეორგიევსკი ტრაქტატის ხელმოწერამდე.

საქართველოში მუდამ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად განიხილავენ ტრაქტატის მნიშვნელობას. ისინი ყოველთვის იტყვიან, რომ ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას კარგი არაფერი მოუტანია ქართლ-კახეთისთვის, საქართველოსთვის; რომ საქართველოს, რუსეთთან ხელშეკრულების დადების გარეშეც, შეეძლო მომხდურთა გამკლავებაც და ნამდვილი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც.

ხუმრობენ, ალბათ! დღევანდელი გადასხედიდანაც კარგად ჩანს, რის გაკეთება შეეძლო მუდმივი შემოსევებით დასუსტებულ ქართლ-კახეთს, იმერეთს, სხვა კუთხეებს. გარე მტრებთან ერთად ქვეყნის დაჩაჩანაკებას ხელს უწყობდა სასტიკი შიდა დაპირისპირებები, ასევე სისხლიანი, საკუთარი ცოლ-შვილით, ახლობლებით, ნათესავებით ვაჭრობა.

რომ არა გეორგიევსკის ტრაქტატი, რა შეიძლება ყოფილიყო — ვკითხე მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, აღმოსავლეთმცოდნეს, დიპლომატს, საქართველოს ელჩს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჯემშიდ გიუნაშვილს.

იქნებოდა ის, რაც იყო — ორად გაყოფილი საქართველო — თურქეთ-ირანს შორის. აღმოსავლეთ საქართველო ირანის გავლენის ქვეშ, დასავლეთ საქართველო — თურქეთის ვილაეთი, — მიპასუხა მან.

საქართველოს გაუჭირდებოდა მართლმადიდებლობის შენარჩუნება. შეინარჩუნა ქართლ-კახეთიდან ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველობამ ქრისტიანობა ან თურქეთის ბატონობის ქვეშ მყოფმა აჭარამ?

ისტორიული წიაღსვლები დღევანდელი სტატიის მთავარი თემა არ არის, მაგრამ გზამკვლევია, ცხადია არა სიღრმისეული, რანი ვიყავით, რანი ვართ, რა გვაიძულებს წარსულის აუგად მოხსენიებას — გეორგიევსკის ტრაქტატის და მისი ინიციატორის ერეკლე მეორის.

თანამედროვე საქართველოს „გამორჩეული პოლიტიკოსი“ ირაკლი ოქრუაშვილი, ანუ იგივე ერეკლე, მაღალ თანამდებობაზე მყოფი აცხადებდა, რომ ერეკლე მეორეს ვერ აპატიებს გადაწყვეტილებას, რუსეთთან ტრაქტატის გაფორმების სახით.

მკითხველი, განაწყენებული მეტყვის — ოქრუაშვილი რა მოსაყვანიაო, რასაც უმალ, დაუფიქრებლად დავეთანხმები.  დაფიქრების შემთხვევაში, კარგს არაფერს ვაკადრებდი ყმაწვილს. დიახ! გეთანხმებით, ოქრუაშვილის „ბრძნული“ ნათქვამის გამეორებაში კარგი არაფერია, მაგრამ ასეთი ოქრუაშვილებით რომ არის სავსე საქართველო?!

საითკენაც გაიხედავთ ოქრუაშვილებია, ანუ ისეთივე პრიმიტიულად მოლაპარაკე და არა მოაზროვნე, როგორც ოქრუაშვილი, … 240 წლის შემდეგ საქართველომ ოქრუაშვილის, სააკაშვილის, გვარამიას, სამადაშვილის და მათი მსგავსი პოლიტიკოსები მიიღო. არ სჯობდა ირან-თურქეთის ბატონობის ქვეშ ყოფნა ამათ პარპაშს?!

ირან-თურქეთის ქვეშევრდომი საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არავითარი პრეტენზია არ ექნებოდა იმათ სამყაროში აღზევებისა. ვიქნებოდით სოფლის მეურნეობით დაკავებული, საკუთარ ოჯახში, სოფელში ჩაკეტილნი. ვისწავლიდით ნოხის ქსოვას, ყურძნისგან ქიშმიშის დამზადებას, ქალები ჩადრების ტარებას, გაუპარსავი მამაკაცები ყურძნის წვენის, სხვა ტკბილი სასმელების მირთმევას, ნაცვლად ღვინისა, …

არაო! კატეგორიულად თქვა ჩვენმა წინაპრებმა და რუსეთისკენ გაიწია და ახალგაზრდებს გზა გაუხსნა რუსულ-ევროპული ცხოვრებისკენ, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების დაუფლებისკენ და რაც მთავარია წერა-კითხვის უცოდინარი ქართველობისთვის განათლების მიღებისკენ.

წამით დავფიქრდეთ და ვთქვათ ირან-თურქეთის ქვეშ ყოფნა დაგვაახლოებდა საოპერო ხელოვნებას? საბალეტოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეყოლებოდა საქართველოს ევროპულ ყაიდაზე აღზრდილ-ნასწავლი მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, …?

საბჭოთა პერიოდის 70 წელს ხომ არაფერი შეედრება? დღეს ამ წლებს რეპრესიების წლებად მოიხსენიებენ. ბედოვლათმა სააკაშვილმა, ამერიკელი მასწავლებლების დავალებით მუზეუმიც გახსნა — საბჭოური რეპრესიების.

წინა სტატიაში დავწერე და გავიმეორებ — დაშინებული საზოგადოება ვერაფერს შექმნის, მითუმეტეს ისეთს, რაც პატარა საბჭოთა საქართველომ შეძლო 70 წლის განმავლობაში — თანამედროვე პოლიტიკოსთა განცხადებით რუსული რეპრესიების ქვეშ მყოფმა.

საბჭოთა საქართველოს მიღწევები, თითქმის ყველა დარგში, სამაგალითო იყო არა მარტო საბჭოთა კავშირში, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, არამედ მსოფლიოში. ამის შესახებ ჩვენ დღეს გავიგეთ, როდესაც გავეცანით კაპიტალისტური სამყაროს ცხოვრებას, იქაურ მოთხოვნებს, დაქირავებულისადმი დამქირავებლის დამოკიდებულებას.

საბჭოთა სისტემის გამოუსწორებელი შეცდომა იყო საკუთარი მოსახლეობისადმი ნულოვანი ნდობა. უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი საბჭოთა ადამიანის უცხოეთში დარჩენა იყო — ტურისტული მოგზაურობის დროს. და ამ დარჩენის შიშით კაპიტალისტურ ქვეყნებში 3 წელიწადში ერთხელ გამგზავრება, ხოლო სოციალისტურში — 2 წელიწადში ერთხელ. ყოველ წელს  რომ ევლოთ ან წელიწადში რამდენჯერმე რა დაშავდებოდა?!

არც არაფერი, თითო-ოროლას იქ დარჩენა ქვეყანას ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ ახლოს გააცნობდა იქაურ ცხოვრებას, დაანახებდა იმ საზარელ საშინელებას, რასაც დღეს ხედავს სან-ფრანცისკოს, აშშ-ს სხვა ქალაქებისა და მსოფლიოს ქალაქების ქუჩებში — ნარკოტიკებით გაჯერებული ადამიანების სამყაროში, ქუჩებში მცხოვერებლების და ა.შ.

დაანახებდა და დააფიქრებდა. დაფიქრებული ავტომატურად კი არ მიემხრობოდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმს, არამედ შეგნებულად, შემართებით შეეწინააღმდეგებოდა საბჭოეთის დამანგრევლების გორბაჩოვის, იაკოვლევის, შევარდნაძის გადაწყვეტილებებს. მაგრამ ეს უკვე ისტორიაა, ერთობ არასასიამოვნო, რომლის შემობრუნება შეუძლებელია.

ის, რაც მე ზემოთ მოგახსენეთ, საბჭოური სიკეთეების არასრული ჩამონათვალია, მე და ჩემი თაობის ადამიანებმა რომ ვიცით, მაგრამ მარადისობის გზაზე დამდგართ არც არავინ გვისმენს და არც არავის აინტერესებს დაღვინებულთა აზრი. ახალ თაობას სხვა ამოძრავებს — და ამ სხვაში ყოფილის, თუნდაც კარგის ადგილი არ არის. თაობათა ცვლა, მამათა და შვილთა დაპირისპირება ისეთი წვეტიანი არ ყოფილა, როგორც დღეს. ქვეყნისადმი და ხალხისადმი პოლიტიკოსის დამოკიდებულება ისეთი მსუბუქი არ ყოფილა, როგორც დღეს. განა ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებული მრავალი განცხადება ამაზე არ მიგვანიშნებს?

განა მათ მიერ პრემიერ-მინისტრად ვაშაძის ან გვარამიას კანდიდატურების განხილვა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამას არ გვეუბნება?

პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მმართველია. როგორი იქნება მათ მიერ მართული საქართველო?

კითხვის დასმის გარეშეც, პასუხი ნეგატიურია.

თანამდებობაზე დასანიშნ პოლიტიკოსს რომ ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, საკამათო არ არის. აქვს თუ არა დღევანდელ პრემიერ-მინისტრს ავტორიტეტი საზოგადოებაში?

უდავოდ არ აქვს! ვერც ექნება, ვინაიდან ავტორიტეტის შექმნას მრავალი წელი სჭირდება და მასთან ერთად მუხლმოუხრელი შრომა. ღარიბაშვილს, როგორც ავტორიტეტს, შეუძლია საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან საქმიანი საუბარი — როგორც ავტორიტეტს და არა თანამდებობის პირს?

არ შეუძლია! შეეძლება 20 წლის შემდეგ, თუკი შემორჩება პოლიტიკურ ცხოვრებას.

ღარიბაშვილი, ივანიშვილის „კაცია“, იმ მილიარდერისა, რომელსაც სურს იყოს ავტორიტეტი და რომელსაც სურს, რომ ჰყავდეს უავტორიტეტო ხელისუფლება, ვინაიდან ასეთთა მწყემსვა იოლია.

უავტორიტეტო ხელისუფლება, უავტორიტეტო ოპოზიცია, უავტორიტეტო საზოგადოება იძლევა უავტორიტეტო აწმყოსა და მომავალს — მეტადრე უცოდინრობასა და ჭორებზე დაფუძნებულს და რაც მთავარია უმადურს. უმადურობა, ეს მანკიერი თვისება არა მარტო ჩვენთვის არის დამახასიათებელი, არამედ სხვისთვისაც, მაგრამ აქაურთა უმადურობას საზღვარი არ აქვს. რომ ჰქონდეს, რუსეთთან ურთიერთობის 240 წელს და უფრო მეტს სასაცილოდ, საქილიკოდ, ბოღმით და ლანძღვით არ გაიხსენებდა. არ იოცნებებდა რუსეთის დაშლა-დანგრევაზე.

ქართველ პოლიტიკოსთა აუხდენელ ოცნებადაა ქცეული რუსეთის დაშლა, რაც აშკარად გამოჩნდა პრიგოჟინის „ამბოხის“ დროს. პრიგოჟინი, როგორც ჩანს გაანეიტრალეს, მისი „არმია“ ნამდვილს ჩააბარეს, თავისი იარაღითა და ტყვია-წამლით, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ანტირუსული განცხადებები დარჩა. და დარჩა რუსთა გასაოცრად ნეგატიურად, ვინაიდან ისინი არ ელოდნენ ქართველთა ასეთ უმადურობას. მარტო ის რად ღირს — რუსი ტურისტების წყალობით რომ საქართველოს ეკონომიკა წელში გასწორდა?!

„ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, რუსეთში მიმდინარე პროცესებით დაიმედებული, მოითხოვდა ხელისუფლებისგან სასწრაფო ზომების მიღებას — უშიშროების საბჭოს მოწვევით, ლარსის ჩაკეტვით, საჰაერო რეისების გაუქმებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში შეჭრის მზადებით, ჯარების მათ საზღვრებთან განლაგებით, …“ — წერდა რუსული პრესა, რომელსაც მოჰყვა თადარიგის პოლკოვნიკის თავდგირიძის განცხადება ქართული მედიისთვის გაკეთებული:

„ყოველნაირად ხელი უნდა შევუწყოთ ამ ბუნტს. არსებულ ვითარებაში პრიგოჟინის უსაფრთხოების ერთადერთი გზა არის „ვაგნერი“. და თუ მას მართლა სურს გადარჩენა, პუტინი უნდა გაანადგუროს. ამისთვის მისი დამატებითი მოტივირებაა საჭირო“.

რა მოტივირებას გულისხმობდა თავგახურებული თადარიგის პოლკოვნიკი, ძნელი გამოსაცნობია.

„გამორიცხული არ არის, რომ რუსეთში სხვა სამხედრო-პოლიტიკურ გამოწვევებს არ ჰქონდეს ადგილი. ამ ეტაპზე რუსეთი გახდა არასტაბილური ქვეყანა. მორიგი დესტაბილიზაციის შემთხვევაში საქართველოს მასიურად მოაწყდება რუსეთის მოქალაქეები“. და მერე რა? წინასწარ ლარსი უნდა ჩავკეტოთ? ან რა დესტაბილიზაციაზეა საუბარი, როდესაც „ვაგნერის“ როსტოვიდან, მოსკოვისკენ დაძვრისთანავე, შეწყდა „ტრიუმფალური“ მარში? — ამ წინასწარმეტყველების ავტორი მაისაიაა.

წინასწარმეტყველებით მაისაიას არ ჩამორჩება ყოფილი მინისტრი ზაქარეიშვილი: „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე — მოკლავენ თუ არა პრიგოჟინს. მისი სიკვდილი გამოიწვევს პროტესტსა და არეულობას. პრიგოჟინმა გამოავლინა რუსეთის ხელისუფლების სისუსტე. ის დაესხა თავს ხელისუფლებას. ეს არის რუსეთზე უდიდესი სარეპუტაციო დარტყმა. ნათელი გახდა, რომ რუსეთში სახელმწიფო აღარ არის. იქ ბანდიტების ჯგუფია“.

შემდეგ, ის რჩევას აძლევს რუსეთის ხელისუფლებას შეინარჩუნოს პრიგოჟინი, გაუგზავნოს მას ექიმები, რამეთუ პრიგოჟინის გარდაცვალების და არა მკვლელობის შემთხვევაშიც პუტინს დაადანაშაულებენ.

ზაქარეიშვილი ვარაუდობს რუსეთში სხვა ჯგუფების არსებობას, რომლებიც დღეს თუ არა ხვალ ანტისახელისუფლებო გამოსვლებს მოაწყობენ, რაც გამოიწვევს რუსთა საქართველოში შემოდინებას. და რომ ამას არ ჰქონდეს ადგილი, საჭიროა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება.

„24 ივნისის ამბვები უკან დარჩა. „მეორე რაუნდის“ მოლოდინში მყოფი ოპოზიცია მარჩიელობს — რამდენი დარჩა პუტინს? ამასთანავე ქართული საზოგადოება ფიქრობს — შეეძლო თუ არა საქართველოს ამ მომენტის თავის სასარგებლოდ გამოყენება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღება? ის, რომ ამის თაობაზე საუბარია ხალხში, ბევრზე მეტყველებს“, — წერს რუსული მედია.

აი, კიდევ ერთი ასეთი წინასწარმეტყველება: „სამოქალაქო ომის შემთხვევაში რუსეთს არც დრო და არც რესურსები ექნება თავისი სამხედრო ბაზების შესანახად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ისინი მოაწყდებიან დანარჩენ საქართველოს. ქართველებს აშინებთ „ლეკიანობის“ ახალი ტალღა. საფუძველი ამისა არის, ჩეჩნეთისთვის მოსკოვის მრავალმილიარდიანი დახმარების შეწყვეტა. ისინი, ვისაც ბოლო რამდენიმე წელი ხელში ავტომატი „კალაშნიკოვის“ გარდა არაფერი სჭერია, მეზობელი ქვეყნისკენ გაიწევენ, უკეთესი ბედის საძიებლად და დაიწყებენ ხალხის მოტაცებას, ბანკებზე და სუპერმარკეტებზე თავდასხმებს.“ — ასეთ პროგნოზს აკეთებდა სამხედრო ექსპერტი ალადაშვილი. ამასთანავე მოითხოვდა ჩრდილო ოსეთის, ინგუშეთის, ჩეჩნეთის, დაღესტნის საზღვრების კონტროლის გაძლიერებას — ყველა ბილიკისა და გზის. თბილისისა და ლარსის საკონტროლო პუნქტების, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტების და რაც მთავარია სავიზო რეჟიმის აღდგენის.

მედიაში გავრცელებული გამონათქვამები აშკარა მაჩვენებელია რუსთა და რუსეთის მიმართ ქართველთა დამოკიდებულების — ავადმყოფურის, უმადურის, ისტორიის უცოდინრობის გამომხატველი.

გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერიდან დღემდე 240 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მრავალ საჭირბოროტო მოვლენას ჰქონდა ადგილი ორი ხალხის ისტორიაში, ერთმანეთთან ურთიერთობაში, მაგრამ „დიდის“ მიერ „პატარის“ მიმართ მათრახის გამოყენებას არასდროს ჰქონია ადგილი. არადა, ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამას იჩემებს. და არა მარტო ისინი, არამედ პოლიტიკაც, ქვეყნის დღევანდელი პრეზიდენტიც, რაც ჩემის აზრით მიუღებელია, ვინაიდან ობიექტური მიზეზები ასეთი განწყობისა 240 წლის განმავლობაში არ შექმნილა.

მაშ, რატომ ვცდილობთ რუსულმა მედიამ დაბეჭდოს ასეთი: „რუსულმა ბუნტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა გადამეტებული რუსულ-ქართული თბილი დამოკიდებულების თაობაზე. ბუნტის დღეებში საქართველო რუსეთის კატასტროფის მოლოდინში იყო —სახელმწიფო გადატრიალების, სამოქალაქო ომის და სხვა რაღაცის. ემზადებოდა თავის სასარგებლოდ მომენტის დასაჭერად, ვიდრე რუსეთი დაკავებული იყო შიდა საქმეებით“.

დასკვნა, უდავოდ არასახარბიელო საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის ისეთია, კვალს რომ სტოვებს, უფრო სწორად ხინჯს, რომელიც მუდამ იქნება მათი პოლიტიკის განხილვის თემა — შესაბამისი დასკვნებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

23/07/2023