შენ ასრულებ ედემის დავალებას, მაგრამ ის შენს თხოვნას არ ასრულებს

უჭკუო, გაუნათლებელი ოჯახის წევრი, ოჯახის პრობლემაა. გაუნათლებელი, მითუმეტეს უჭკუო პოლიტიკოსი — ქვეყნის. სამწუხაროდ,  გაუნათლებელ პოლიტიკოსთა სიჭარბემ წალეკა ქვეყანა.

გაუნათლებლობა პოლიტიკოსებისა ალბათ ნაკლებად იქნებოდა თვალშისაცემი, ვინაიდან გაუნათლებელი საზოგადოების ფონზე ისე არ კაშკაშებს, როგორც განათლებული საზოგადოების, მაგრამ, როდესაც გაუნათლებლობას უჭკუობაც ახლავს თან — ქვეყნისა და მისი საზოგადოების დეგრადაციის გამომხატველია.

გაუნათლებლობის ტრიუმფალური მაგალითია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ორი შტოს — ხელისუფლებისა და ოპოზიციის „მოღვაწეობა“. ორივენი თავგამოდებით ებრძვიან ერთმანეთს საკუთარი კეთილდღეობისთვის. ხელისუფლება — მოპოვებულის სამარადისოდ შენარჩუნებისთვის, ოპოზიცია — ხელისუფლების მოპოვებისთვის — საამური, სანატრელი კეთილდღეობისთვის.

ორივე დაბეჯითებით გაიძახის ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე, მაგრამ … ვერც ხალხი და ვერც მათგან შექმნილი ქვეყანა კეთილდღეობას ვერ ხედავს. და ვერ  ხედავს ბოლო 30 წლის განმავლობაში. რასაც ხედავს, უფრო სწორედ ისმენს თავბრუდამხვევი დაპირებებია — უკეთესი აწმყოთი და მომავლით.

დამოუკიდებლობის ჟამინდელმა დაპირებებმა გადაასწრო უწინდელს, საბჭოურს, მაგალითისთვის — მალე კომუნიზმში ვიცხოვრებთო, რომ ამბობდნენ მაშინდელი კომპარტიის ხელმძღვანელები — ნაკლები წარმოდგენის მქონენი კომუნიზმში ცხოვრებაზე.

მათ რომ ნოსტრადამუსივით, წინასწარმეტყველურად თვალი შეევლოთ დღევანდელ ცხოვრებაზე, „კომუნიზმში ვიცხოვრებთო“ კი არ იტყოდნენ, „კომუნიზმში ვცხოვრობთო“ მტკიცედ განაცხადებდნენ.

სიმართლე უნდა ითქვას მაშინდელ ხელმძღვანელთა მისამართით, რასაც ხალხს ჰპირდებოდნენ სრულად თუ არა, ნაწილს მაინც ასრულებდნენ.

დანაპირების შესრულების თვალსაჩინო მაგალითია სტალინის ბელადობის საბჭოური ცხოვრება, საბჭოთა ხალხის სოციალური კეთილდღეობა, სოციალური შეღავათები და ა.შ.

ის პერიოდი ისტორიას ჩაბარდა. დღევანდელები, იმჟამინდელი ცხოვრების უცოდინარნი, აუგად მოიხსენიებენ საბჭოურ ცხოვრებას — რეპრესიების, საყოველთავო შიშის, სადამსჯელო ოპერაციების წლებად და წამიერადაც არ ფიქრობენ, რომ მუდმივი შიშის ქვეშ მცხოვრები ადამიანი ვერც მრეწველობას შექმნიდა, ვერც სოფლის მეურნეობას, ვერც ხელოვნებას, კულტურას, მეცნიერებას, მწერლობას, მუსიკას, ფერწერას, … და რაც მთავარია ქვეყანას — განათლებული, განსწავლული ხალხით.

და ეს იყო 70-წლიანი „ძალადობრივი“ საბჭოური რეჟიმის დროს, როგორც დღევანდელები ახასიათებენ წარსულს.

საინტერესოა, როგორ დაახასიათებენ მომავალი თაობის წარმომადგენლები ამჟამინდელ თაობას, მის ნაცოდვილარს, იმ სიცალიერეს რაც გვაქვს მწერლობაში, მუსიკაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, კულტურაში, ეკონომიკაში? დიდი მწერლები გვყავდაო დეისაძის, ტურაშვილის, ბურჭულაძის, … სახით? სად არიან მუსიკოსები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ბალეტმაისტერები, კინოსა და თეატრის რეჟისორები?

აკი გავიძახოდით, დამოუკიდებლები რომ გავხდებით, მთებს შევძრავთო! — ეს ლოზუნგიც და მასთან ერთად ფსევდოპატრიოტული შემართებაც ისტორიას ჩაბარდა და რა გვაქვს?

რა გვაქვს და პრაიდის ჩატარების სურვილი, თითქმის უმრავლესობად გარდაქმნილი უმცირესობის დაცვა. ანტიდისკრიმინაციული კანონი და კონსტიტუციაში ჩაწერილი საქართველოს მიზანი — ნატოსა და ევროკავშირში შესვლა.

„დამოუკიდებლად“ არსებობის 30 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ, რაც მოახერხა ახალი ლოზუნგია, არანაკლებ აბსტრაქტული, ვიდრე კომუნიზმში ცხოვრება — ნატოში და ევროკავშირში შევალთ და მერე ნახეთ რა კარგად ვიცხოვრებთო.

შევარდნაძის ხელისუფლებიდან დაწყებული, სააკაშვილის ნაცური ხელისუფლებით გაგრძელებული და ივანიშვილის მიერ შექმნილი „ოცნების“ ხელისუფლებით დამთავრებული, ვისმენთ ზემომოყვანილ ორგანიზაციებში შესვლასა და იქ საამურ ცხოვრებაზე, მაშინ, როდესაც არც ხელისუფლებამ, არც ოპოზიციამ და მითუმეტეს არც საზოგადოებამ არ იცის იქ რა ცხოვრებაა, რას მოუტანს საქართველოს და მის ხალხს ევროპულ ოჯახში შესვლა, რას ჰპირდება იქაურობა აქაურობას და საერთოდ ჰპირდება თუ არა რამეს?!

ჩემი პირადი აღქმით, ისინი არც არაფერს გვპირდებიან ისეთს, სახარბიელო რომ იყოს და თუ გვპირდებიან მხოლოდ პირით და არა გულით, ანუ დაპირება გულიდან არ ამოსდით, მხოლოდ პირიდან, რომელიც ტვინის და გულის გადაწყვეტილების გარეშე, ზერელეა, სიტყვის მასალაა — ცარიელი სიტყვის, რაც უნდა იცოდეს პოლიტიკოსმა, განსაკუთრებით ქვეყნის მართვის საჭესთან მყოფმა.

არ იცის! და არ იცის იმიტომ, რომ არ იცის მათი ისტორია, ცხოვრების წესი, მიზნების და ოცნებების სამყარო. რომ სცოდნოდა უნდა ესწავლა. არ ისწავლა, ვინაიდან მოთხოვნილება ნასწავლ პოლიტიკოსებზე აღარ იყო. რაც იყო — პოლიტიკაში შესული თავხედი ადამიანების, მეტადრე ჯიქურ მიმწოლთა პოლიტიკაში „დასაქმების“ სურვილი.

ხალხის დასასაქმებლად პოლიტიკაღა შემორჩა და არასამთავრობო ორგანიზაციები — უცხოეთის სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული.

არც ერთში არასდროს ყოფილა სამსახურის დაწყება ძნელი — ჯერ უხელფასოდ, შემდეგ დაბალ ხელფასზე. შმდეგ კი მავანზე იყო დამოკიდებული, მის მიხვრა-მოხვრაზე, მლიქვნელობის ხარისხზე, სხვა მანკიერ თვისებებზე, განათლებასთან რომ არაფერი კავშირი არ აქვს და მოთმინებაზე, ანუ ლოდინზე — როდის გაიმარჯვებს პარტია საპარლამენტო არჩევნებში და გამარჯვებულს რას მოარგებენ, აღმასრულებელობას თუ კანონმდებლობას.

განაწილების პროცესში მავანის აქტიურობას, მის პოლიტიკურ ალღოს და არა განათლებას გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს, ისე, როგორც პარტიის ლიდერებთან ნათესაურ, მეგობრულ, ფინანსურ კავშირებს.

პოლიტიკური სამყარო ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღებული განათლების, ცოდნის სიუხვით, თუკი ეს სიტყვა შეესაბამება სინამდვილეს, ვერ დაიკვეხნის და ვერ დაიკვეხნის არა მარტო ჩვენთან, არამედ იმ „ედემის ბაღში“, რომელიც ასე „მოკრძალებულად“ დაგვიხატა ევროკავშირის კომისარმა ჟოზეპ ბორელმა.

მაგალითებისთვის ბიბლოთეკებში ვიზიტები ან ინტერნეტში ქექვა არ დაგვჭირდება. ყველაფერი სახეზეა — გერმანიის კანცლერის შოლცის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერბოკის, ენერგეტიკის მინისტრის ჰაბეკის და სხვათა სახით. ან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სუნაკის, საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის, ესტონეთის პრემიერის კალასის, პოლონეთის პრეზიდენტ დუდას და პრემიერ-მინისტრ მოროვეცკის, სხვების და სხვების სახით. ყველას დასახელებას ერთი სტატია კი არა, სტატიები ვერ დაიტევს.

ესენი, ევროკავშირელები, ნატოელები, ედემის ბაღის მკვიდრნი, ზემოდან დაჰყურებენ ამ ბაღის ირგვლივ, ჯუნგლებში მცხოვრებ ხალხს, მათ შორის ჩვენც და რაც არ უნდა ნასუფრალი გადმოგვიგდონ — წახალისების მიზნით — ისეთი, ასოცირებული წევრობა რომ ჰქვია ან ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი, მაინც ჯუნგლებში დავრჩებით.

ედემის ბაღის მკვიდრნი სიტყვით მიგვიპატიჟებენ, მაგრამ კარს არ გაგვიღებენ პლებეობის გამო. ლამის ნახევარი საუკუნის განმავლობაში აყურყუტებენ თურქეთს ევროკავშირის ზღურბლთან, მაგრამ შიგ არ უშვებენ.

თურქეთს — ნატოს წევრს, ნატოში აშშ-ს შემდეგ ჯარის რაოდენობისა და შეიარაღების თვალსაზრისით მეორე ქვეყანას, ეკონომიკურად ძლიერს, ისე, როგორც სხვა პარამეტრებით.

ედემის ბაღის დამოკიდებულება მუსლიმანური თურქეთის მიმართ რომ დელიკატურია, ის საკითხია, რომელსაც ბაღის ბინადრები ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ რა სჯიდათ მათ, როდესაც 80-მილიონიან მუსლიმანურ ქვეყანას ევროკავშირის წევრობას  ჰპირდებოდნენ?

მაშინ თურქეთი სჭირდებოდათ პოლიტიკური თამაშებისთვის. დღესაც სჭირდებათ, რუსეთთან დასაპირისპირებლად, მაგრამ 80 მილიონი მუსლიმური ქვეყნის შეშვება ევროკავშირში, როგორი ასატანი იქნება ედემის ბაღისთვის?

ძნელი, ცხადია, მაგრამ ღმერთი რომ უბრძანებს, რას იტყვის ედემი?

ედემისთვის დღევანდელი ღმერთი აშშ-ა და მისი პრეზიდენტი ბაიდენი, რომელმაც ვილნუსის ნატოს სამიტის ფარგლებში დაიყოლია თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, შვედეთის ნატოში შესვლაზე თანხმობის გასაცემად. სანაცვლოდ, ერდოღანს შეჰპირდა ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლას, რათა მათ მიიპატიჟონ თურქეთი ევროკავშირში.

ბაიდენი სხვასაც შეჰპირდა თურქეთს, მაგალითად საბრძოლო თვითმფრინავების F-16-ის გადაცემას და ა.შ. რას ნიშნავს ბაიდენის დაპირება თუ არა ყმისადმი, ბატონის დამოკიდებულებას?!

ბატონი ამერიკა დარწმუნებულია, რომ მის ბრძანებას ყმა ევროკავშირი შეასრულებს და მრავალი წლის ყურყუტის შემდეგ თურქეთს გააწევრებს ევროკავშირში. აი, ამას ჰქვია დემოკრატია, სუვერენიტეტი ევროპულად, ამერიკულად.

იცის ქართულმა პოლიტიკამ ევროატლანტიკური სივრცის „წარმტაცი“ დემოკრატიის თაობაზე?

არ იცის და რომ არ იცის, ნატოს სამიტის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ გამოჩნდა — ხელისუფლება-ოპოზიციის ერთმანეთის ლანძღვაში. ოპოზიცია ადანაშაულებდა ხელისუფლებას ნატოში გაწევრების მიმართულებაში არასათანადო მუშაობისთვის, ხელისუფლება თავს იმართლებდა და მტკიცედ აცხადებდა, ვმუშაობო, თან ოპოზიციას ადანაშაულებდა პროვოკაციებში.

ნატოს თემა არახალია, ის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაჟღერდა ხმამაღლა 1989 წლის 7-9 აპრილს, როდესაც მიტინგები იმართებოდა პარლამენტის შენობის წინ და რომელიც ტრაგედიით დასრულდა — საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილის სახელით დამკვიდრებულით.

ერთ-ერთი მიტინგის დროს მომიტინგეებმა გააჟღერეს მოწოდება ნატოში შესვლასთან დაკავშირებით და ამისთვის ნატოს შტაბ-ბინაში დეპეშის გაგზავნა. მოწოდება, მოწოდებად დარჩა ე.წ. ეროვნული ძალების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. გამსახურდიას ხანმოკლე მმართველობის დროს წამოჭრილმა უამრავმა საკითხმა და პრობლემამ დრო არ დატოვა ქართველთა სანუკვარი ოცნების აღსრულებისთვის.

ეროვნული ხელისუფლება ისე ჩამოაშორეს მმართველობას, ნატოში შესვლაზე რომ არც არავის უფიქრია, მაგრამ იფიქრა შევარდნაძემ — ქვეყნის ახალმა მეთაურმა და ბრიუსელში კაციც აფრინა საგარეო საქმეთა მინისტრ ჩიკვაიძის სახით. თუმცა ეს გადაწყვეტილება ცალმხრივი არ ყოფილა, უფრო სწორად ინიციატივა ვაშინგტონისა, კერძოდ აშშ-ს პრეზიდენტის კლინტონისა იყო, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ანტირუსულად გარდაქმნის მიზნით გამოიგონა ნატოს პროგრამა „პარტნიორობა, მშვიდობისთვის“.

ასედაამრიგად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან. დაიწყო აქტიურად ნატოს მიერ განხორციელებულ სამხედრო ავანტიურებში ქართველი სამხედროების მონაწილეობით. ყოველივე აღნიშნულმა შევარდნაძეს ათქმევინა, რომ საქართველო მალე მიუკაკუნებდა ნატოს კარს.

მიკაკუნება  — კარის გაღების პროცედურა 2005 წლამდე უნდა მომთავრებულიყო, მაგრამ არ მომთავრდა მრავალ სუბიექტურ-ობიექტურ მიზეზთა გამო. და რაც მთავარია ნატოს წესდების არცოდნის, სიღრმისეული არ შესწავლის გამო, მოჭარბებული თავდაჯერების გამო, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ბრიუსელელმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც გამუდმებით გვაქებდნენ ავღანეთში სამხედრო ოპერაციაში (ომში) მონაწილეობის გამო; იქ დაღუპულ ქართველ მეომართა გამო; საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო წვრთნების ჩატარების გამო და ა.შ.

მათ საქართველო დაარწმუნეს, რომ სრულყოფილი, ნატოში გაწვრთნილი, ნატოს სტანდარტების შესაბამისი არმია ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ შეუძლია ბრძოლა.

საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებული ქართველი გენერლები ერთმანეთს აბრუებდნენ, როგორ ასროლილებდნენ რუსის ჯარს ქვას კუდით და როგორ ჩავიდოდნენ როსტოვამდე.

და ეს ისმოდა საქართველოს ტელეეკრანებიდან 2008 წლის ცხინვალის ომის დაწყებამდე. აშშ-ს ადმინისტრაცია პრეზიდენტი ბუშის (უმცროსი) და სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სახით კულუარულად და არა საჯაროდ მოუწოდებდნენ სააკაშვილს ცხინვალზე შეტევისკენ. ომიც გაგვაჩაღებინეს, ტერიტორიებიც დაგვაკარგვინეს, სააკაშვილს ჰალსტუხიც აღეჭინეს, მაგრამ ნატოში მაინც არ მიგვიღეს — მიუხედავად მრავალი დაპირებისა.

რატომ არ გვიშვებენ ნატოში? — იკითხავთ თქვენ.

იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით ვერ ვასრულებთ იმ მოთხოვნებს, რასაც ნატო გვიყენებს და რაც ნატოს წესდებითაა გათვალისწინებული. ქართველები მაგრები ვართ და ნატო გაითვალისწინებს ამასო — ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც ნატოში გაწევრება.

საქართველოს ჯარი გადის წვრთნებს ნატოს სტანდარტებით. საქართველოს ჯარი იღებს მონაწილეობას ნატოს წვრთნებში. საქართველოს სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას იმ კონფლიქტებში, სადაც აშშ-ი და ნატო იყვნენ ჩართულნი. მაგრამ საქართველოს ჯარს მრავალი წელი დასჭირდება ნატოს სტანდარტების მისაღწევად — ასე ამბობენ ნატოელი სპეციალისტები.

საქართველოს არმიას არ ჰყავს საჰაერო და საზღვაო ძალები. საქართველოს არ აქვს ისეთი ეკონომიკა, ნატოს მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებდეს. საქართველოს არ აქვს ევროპის დონის სასამართლო სისტემა. საქართველოს არ აქვს თავის მეზობლებთან დემარკირებული და დელიმიტირებული სახელმწიფო საზღვრები, თურქეთის გარდა.

საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები თავის ყოფილ ავტონომიებთან — აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ნატო შიშობს, რომ ქვეყნის გამთლიანების სურვილით, საქართველოს შეუძლია ნებისმიერ დროს ომი გააჩაღოს ყოფილ 2 ავტონომიასთან.

საქართველოს — ნატოს წევრს, შეუძლია ომს მიმართოს ნატოში გაწევრების შემდეგ, რაც ძალაუნებურად ჩაითრევს ნატოს ამ კონფლიქტში.

ნატო და ევროკავშირი თვლიან, რომ საქართველოს დაჟინებული მოთხოვნა ამ ორგანიზაციაში გაწევრებასთან დაკავშირებით არის საქართველოს ხელისუფალთა მცდელობა ნატოს და ევროკავშირის დახმარებით მოაგვაროს თავისი პრობლემები, რაც თვით ამ კავშირებს შეუქმნის პრობლემებს. პრობლემები კი მათ არ სჭირდებათ.

ორივე ორგანიზაცია თვლის, რომ საქართველო მოიკოჭლებს ტოლერანტობის საქმეში, სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიისთვის გამართული მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლად ორგანიზების საქმეში.

საქართველოს ხელისუფლება ნეგატიურად იხილავს ლგბტ-ს, პრაიდების, გეი-პარადების, ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ტრანსვესტიტობის საკითხებს. და ვიდრე დასავლური ღირებულებები მყარად არ მოიკიდებენ ფეხს ქვეყანაში, მანამ საქართველოს ამ ორ ორგანიზაციაში არ გააწევრებენ.

ქართველი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ოპოზიცია, გულდაწყვეტით და შეპარული შურითაც აცხადებდნენ, რომ უკრაინას ნატოში იღებენ, ჩვენ კი არაო. და რომ არა, ხელისუფლებაა დამნაშავეო.

ვილნუსის ნატოს სამიტი დასრულდა, მაგრამ უკრაინა არ შეუშვეს ნატოში და არათუ არ შეუშვეს, ვადაც არ თქვეს, როდის შეუშვებენ — რასაც კატეგორიულად მოითხოვდა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.

სამიტის დაწყებამდე მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ზელენსკიმ მკაცრად გააკრიტიკა ნატო ასეთი გაურკვეველი პოზიციისთვის, რის გამოც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან.

ქართული ოპოზიციის დასამშვიდებლად — უკრაინა არ მიიღეს ნატოში, უფრო მეტიც, თქვეს, რომ ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინას ვერ მიიღებენ ნატოში. უფრო მეტიც, უკრაინას ნატოში ვერ მიიღებენ, ვიდრე ის ომს არ მოუგებს რუსეთს. მხოლოდ მოგების შემთხვევაში ნატოს წევრი სახელმწიფოები განიხილავენ ასრულებს თუ არა უკრაინა დაპირებებს.

რა დაპირებებს გულისხმობს ბრიუსელი, ძნელი გამოსაცნობია.

ერთადერთი დასამშვიდებელი აბი, რაც ზელენსკის მისცეს ბრიუსელში — ნატო-უკრაინის საბჭოს დაფუძნებაა და იარაღის მიწოდების საქმეში მეტი აქტიურობა.

თუ რას ნიშნავს საბჭო, კარგად იცის რუსეთმა, ვინაიდან რუსეთ-ნატოს შორის ურთიერთობების გამწვავებამდე ასეთი არსებობდა, თუმცა დიდი ეფექტი მას არ ჰქონია.

ნატოელმა „პარტნიორებმა“ ზელენსკის დაგრილებისკენ მოუწოდეს, როგორც ჩანს ნატოსთან მიმართებაში — ზელენსკის კრიტიკული გამონათქვამების გამო.

მეცხოველეობაში ტერმინი „დაგრილება“ მაშინ გამოიყენება, როდესაც ახურებული ძროხის დასამშვიდებლად ხარს მიუშვებენ. და ნატომაც მიუშვა … მეორე დღეს, დაგრილებული ზელენსკი, დადებითად იხილავდა ნატოს გადაწყვეტილებას. არადა, რა არ გააკეთა ზელენსკიმ ნატოს მოსახიბლად?!

ერთნაირსქესიანთა ქორწინებაც ცნო, სკოლის პირველი კლასიდან ინგლისური ენის სავალდებულო სწავლის შემოღებაც, სახელმწიფო სამსახურებში, არმიაში, სხვა ძალოვან სტრუქტურებში ინგლისურის სავალდებულო ცოდნა, მარიხუანის მოყვანა, მაგრამ ნატოს ვერ ეღირსა. არადა, კარგად რომ შეესწავლა ნატოს წესდება, დასავლელი პარტნიორების მენტალიტეტი, ნატოში გაწევრების იმედი არ გაუჩნდებოდა.

ბორელისა არ იყოს, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა ის ქვეყნებია, რომლებიც ევროპული ედემის ბაღის გარეთ, ჯუნგლებში ცხოვრობენ. ასეთებთან ურთიერთობას აქვს ლიმიტი, ანუ შენ ასრულებ ედემის დავალებას, მაგრამ ის შენს თხოვნას არ ასრულებს. ნატოს წესდება არ ავალდებულებს ამას!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

16/07/2023