23.11.2024

იქ და მათთან არის თავის გადარჩენის ადგილი

წინა სტატიაში შეგპირდით ჩემი მოსაზრება გამომეთქვა საქართველოს სამომავლო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, აღარაფერს ვამბობ პოლიტოლოგობაზე, მეც მაქვს უფლება გამოვთქვა ჩემი აზრი ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე.

წინასწარ გეტყვით, რომ ეს მოსაზრება ძირფესვიანად განსხვავდება იმისგან, რასაც საქართველოში ყოველდღე ვისმენთ, თანაც არაერთხელ, ასჯერ და ათასჯერ, რაც თავისთავად იწვევს საზოგადოების ყურებისა და გონების გადაღლას.

რა მაქვს მხედველობაში? ის, რაც თქვენ ივარაუდეთ, ამ სიტყვების წაკითხვისთანავე — საქართველოს ადგილი ევროკავშირში და ნატოშია, ევროპა ჩვენი ისტორიული ოჯახია, სადაც უნდა დავბრუნდეთ.

მკითხველს დასაწყისიდანვე ვაფრთხილებ, რომ ამ თემაზე არ მექნება ლაპარაკი, ვინაიდან, მიზეზთა გამო აუსრულებელ ოცნებად მიმაჩნია. გარდა ამისა ოცნებას რომ რეალური შედეგი ახლავდეს არა ხვალ, არამედ ზეგ ან მაზეგ მაინც, ჩავთვლი, რომ საბედისწერო შეცდომა იქნება, რომლის გამოსწორებას მრავალი წელი და დაუღალავი შრომა დასჭირდება.

ევროკავშირ-ნატოში გაწევრებაზე არ ვისაუბრებ, პირიქით, იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ უპერსპექტივო, ქვეყნის დამღუპველ ლაპარაკს, მოწოდებას, პროპაგანდას, რასაც დღევანდელი პოლიტიკა გაცხოველებით აწარმოებს.

ქართული პოლიტიკა, უმთავრესად დასავლეთიდან დაპურებული, რომ დასავლეთისკენ მოუწოდებს ქვეყანას გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ის დასავლეთის შეკვეთით მუშაობს და მომავალშიც გააგრძელებს შეკვეთილის შესრულებას, ისე, როგორც ოფიციანტი შეკვეთილი კერძების მოტანას. ოფიციანტი სტუმრის შეკვეთას ასრულებს, აქაური პოლიტიკოსები — გადამთიელი სტუმრების შეკვეთას. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ გადამთიელი დისტანციურად უკვეთავს პოლიტიკოსს, ხოლო რესტორნის სტუმარი — მაგიდასთან.

რესტორანში მომხმარებელსა და ოფიციანტს შორის მარტივ პროცედურას აქვს ადგილი — მენიუთი შერჩეული კერძის შეკვეთა, რასაც ოფიციანტი იწერს და სამზარეულოს აცნობებს, რომელიც ამზადებს კერძებს და ოფიციანტს აწვდის სუფრაზე  მისატანად.

გადამთიელის მიერ შეკვეთილ „კერძებს“ სხვა რიტუალი ახლავს. აი, ასეთი. შეკვეთამიღებული პოლიტიკოსი ხმამაღლა გაჰყვირის შეკვეთილი „კერძის“ თაობაზე, მის გადასარევ სურნელსა და გემოზე, რათა ხალხი მოიზიდოს, დააინტერესოს „კერძის“ შესანიშნაობაზე. გამუდმებით ილაპარაკოს და სხვასაც ალაპარაკოს „კერძის“ მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ სრულიად საქართველომ შეიგნოს, რამდენად სასარგებლო იქნება ამ „კერძის“ მირთმევა; რომ ეს „კერძი“ არა მარტო დაანაყრებს, ფრთებსაც შეასხამს და ევროკავშირ-ნატოში გადააფრენს, სადაც მასპინძელი ევროპელები გაფაციცებით ელიან ქართველებს — დიდი ისტორიისა და კულტურის მატარებელ ერს, ღმერთის წილხვედრ ქვეყანას და ა.შ.

ბოდიშს მოგიხდით „ლირიკული“ გადახვევისთვის და გკითხავთ — არის თუ არა ერი ნარცისული სულისკვეთებით ანთებული, სისტემატურად რომ საკუთარ თავს ნიჭიერად მოიხსენიებს?!

არის! და მას ქართველი ჰქვია! საკუთარი თავის ქება ავტოპორტრეტს მაგონებს — მხატვრის, ფოტოგრაფის მიერ შესრულებულს, შემსრულებელი რომ მოდელს იდეალურად წარმოსახავს.

გადამთიელმაც იცის ქართველთა სიამაყის თაობაზე და ცდილობს მის სისტემატურ გამოფხიზლებას, რათა ამ გზით შეგვასრულებინოს დასახული მიზანი.

შექების კლასიკური მაგალითი იყო საქართველოში სტუმრად მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი ბერბოკის ოფიციალური განცხადება, რომლის შინაარსი იყო ასეთი — ევროკავშირი ელის საქართველოს თავის შემადგენლობაში. საქართველო თავისი კულტურით, ისტორიით გაამდიდრებს ევროპას.

სასიამოვნო მოსასმენი სიტყვებია, რასაც უმალ უნდა მოჰყოლოდა შედეგი — ევროკავშირ-ნატოში გაწევრება, მაგრამ არ მოჰყვა, ვინაიდან მე სადაც წერტილი დავსვი, ბერბოკს არ დაუსვამს, მან მძიმე დასვა და გააგრძელა — ოღონდ თქვენ უნდა შეასრულოთ ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი დავალებაო.

12-პუნქტიანი დავალების შესრულებაა საჭირო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. კანდიდატობიდან, წევრობამდე მრავალი წელი და უამრავი დავალება იქნება შესარულებელი.

ქვეყანა, რომელიც 12-პუნქტიან დავალებას ვერ ასრულებს, ახალ დავალებებს შეასრულებს?! — ამ კითხვას თქვენ გისვამთ, მკითხველო! მე უკვე გავეცი კითხვას პასუხი — ვერ შეასრულებს! და თუ შეასრულებს საკმარისი არ იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად და რატომ?

კითხვებს შორის არ ჩანს მთავარი — საქართველოს დამოკიდებულება ლგბტ-თან, ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან, სქესის ქირურგიული ჩარევით გადაკეთებასთან და სხვა მრავალი, რაც ამერიკა-ევროპაში რელიგიური აღმსარებლობის დონეზეა აყვანილი.

დასავლეთს ისეთი საქართველო უნდა, სადაც აღნიშნული უკუღმართობა ტოლერანტულად აღიქმება; სადაც პროტესტის გრძნობა ასეთთა მიმართ არ გამოვლინდება; სადაც მამაკაცის მიერ მამაკაცის ცოლად შერთვა, ქალის, ქალზე გათხოვება მისაღები იქნება; სადაც ბავშვის მიერ სქესის არჩევა გასაკვირი არ იქნება; სადაც პარლამენტის წევრი მამაკაცები, კანადელი კოლეგების მსგავსად, წვრილქუსლიან ქალის ფეხსაცმლით მივლენ სხდომაზე — ლგბტ-თან სოლიდარობის გამოსახატავად და სხვა.

გადამთიელთა მიერ ქართული პოლიტიკისთვის შეკვეთილი „კერძები“ სხვასაც ითვალისწინებს. მაგალითად, ქართული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ შენც ისეთი კანონები უნდა გქონდეს, როგორიც მათ; შენც ისეთივე გეი-პარადები უნდა მოაწყო, როგორსაც ისინი აწყობენ; შენც ისეთი ბალეტის მოცეკვავეები უნდა გყავდეს, როგორიც მათ — ქალად გადაკეთებული მამაკაცები; შენც ისევე უნდა გადაშენდე, როგორც ისინი გადაშენდებიან.

მცირერიცხოვანი საქართველოსთვის დღევანდელი ევროპული გზა დამღუპველია. ლგბტ-ობა, რომ ნებაყოფლობითი მიმდევრობა იყოს, თვალს დახუჭავდა კაცი, მაგრამ სამწუხაროდ სავალდებულოა, რის შესახებაც არაერთხელ მოვისმინეთ დასავლეთის ლიდერის, აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის მხრიდან.

თავის მოკლე განცხადებაში, რომელიც მან გააკეთა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის  მისაღებად, აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დროს დიდი ყურადღება დაუთმო დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების საკითხებს, რასაც გააგრძელებს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში.

მანამდე კი მან თქვა, რომ ტრანსვესტიტობა აშშ-ს გული და სულია. მან ისიც დაამატა, რომ ლგბტ-ობასთან მიმართებაში აშშ-ს ფედერალური კანონი ყველა შტატისთვის სავალდებულოა. მან მოუწოდა მოკავშირე ქვეყნებს გაითვალისწინონ და შეასრულონ აშშ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ბაიდენის „რეკომენდაცია“ ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გაითვალისწინა — შესაბამისი კანონის მიღებით.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ჩვენ ევროპა-ამერიკის მიმართ ძველი საზომით ვზომავთ, თუნდაც 50 წლის წინანდელით. მაშინდელი ხელოვნებით, კულტურით, მწერლობით, მუსიკით, …, რამაც მსოფლიოს საგანძურს ბევრი რამ შესძინა. ბოლო 30 წელმა მძიმე, ნეგატიური დაღი დაასვა იმ ევროპას, რასაც ვეთაყვანებოდით და მოიტანა სრულიად ახალი რამ, ჯერაც შეუფასებელი, მაგრამ თვალის ერთი გადავლებითაც მიუღებელი, ანტიჰუმანური.

ევროკავშირის ერთობის თემა, კონსტიტუცია და სხვა მრავალი ინტეგრაციული საკითხი ჯერაც გადაუწყვეტელია წევრი სახელმწიფოების განსხვავებული აზრის გამო. ბრიუსელი, ევროკავშირის შტაბ-ბინა და იქ მოკალათებული ბიუროკრატია — არავის მიერ არჩეული, მაგრამ ავადმყოფური ამბიციებით დაავადებული, აშშ-ს მონა-მორჩილად არის ქცეული და მისი დავალებების უყოყმანო შესრულებით გამორჩეული, ცდილობს ზენაციონალური ზედამხედველის როლი შეასრულოს, რაც ისე არ გამოსდის, როგორც სურს.

ბრიუსელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სცენის მიღმა კინკლავს აშშ-ს დიფერენცირებული მიდგომაც უწყობს ხელს, ანუ ევროკავშირის ახალგაზრდა წევრი სახელმწიფოების წახალისება მთელ რიგ საკითხებში. ვაშინგტონის ამგვარ „სიმპათიებს“ ახლები: ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, პოლონეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებენ, რაც საფრთხეს უქმნის ევროპის ერთობას.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცენტრს ვაშინგტონში ხედავენ და არა ბრიუსელში. ვაშინგტონის პოლიტიკის შედეგად — ძველი ფორმულიდან გამომდინარე — დაჰყავი და იბატონე.

ევროკავშირს, კავშირის საკითხში პრობლემები აქვს. ძნელია ილაპარაკო მონოლითურ კავშირზე, როდესაც პოლონეთი უპირისპირდება გერმანიას და კატეგორიულად მოითხოვს მისგან ტრილიონზე მეტი ევროს გადახდას მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზარალისთვის. უნგრეთი არ ასრულებს ბრიუსელის დავალებას ლგბტ-თვის პრიორიტეტულობის მინიჭების, გეი-პარადების ჩატარების და განსხვავებული კანონმდებლობის, რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობისთვის.

მთელი ევროკავშირი აღდგა საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის განსხვავებული პოზიციის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით — საფრანგეთი, ევროკავშირი არ უნდა იყვნენ აშშ-ს ვასალები. მონობას მიჩვეულმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გაკიცხეს მაკრონი განსხვავებული პოზიციისთვის, რითაც ვაშინგტონს დაანახეს თავიანთი სრული მორჩილება ჰეგემონის წინაშე.

რას არ უწოდებენ მაკრონს ევროპული მედიის მუშაკები, პოლიტიკოსები, პიროვნების დამამცირებელი ამ აშკარა გამონათქვამებიდან ყველაზე თავშეკავებულად ასეთი მოსჩანს — ბალახში დამალული ქვეწარმავალი ან დიდყურებიანი საჯდომი.

ნატოს ორ წევრს, საბერძნეთ-თურქეთს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება დღესაც გრძელდება, როგორც კვიპროსთან დაკავშირებით, ისე სხვა საკითხებში. თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი ერდოღანი ბრიუსელ-ვაშინგტონის კრიტიკის ხშირი სამიზნეებია, ისე, რგორც თურქეთის ხელისუფალთა ამ  ორის მიმართ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთმანეთთან და აშშ-ნ ურთიერთობა რომ ხშირი უკმაყოფილების ამსახველია, არავის აკვირვებს. არც ის, რომ ვაშინგტონი აშკარად ასუსტებს ამ ქვეყნების ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას, სუვერენიტეტზე ლაპარაკი ხომ ღიმილის მომგვრელია. ევროპის ლოკომოტივად წოდებული გერმანიის სუვერენიტეტზე ყურადღების გამახვილება ისეთივე აბსურდია, როგორც ავღანეთში ლგბტ-ს პოპულარობა. არადა, რამდენი ფული დახარჯა აშშ-ა ამ „რელიგიის“ ფუნდამენტური ისლამის მატარებელ ავღანეთში შეტანა-გავრცელებისთვის?!

ძნელია გერმანიამ, იტალიამ, სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ილაპარაკონ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე, როდესაც აშშ-ს ჯარი დგას ამ ქვეყნებში. ძნელია სუვერენიტეტზე ილაპარაკოს სამხრეთ კორეამ, რომელიც აშშ-ს ვასალია. აშშ-ა დააძალა სამხრეთ კორეას უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. სეულმა თავი შეიკავა ასეთი ნაბიჯისგან იმის შიშით, რომ რუსეთმა არ მიაწოდოს იარაღი ჩრდილო კორეას, მაგრამ ვაშინგტონში დაბარებულმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ამერიკელთა წნეხით თანხმობა გამოთქვა.

ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვას და არა მარტო სუვერენიტეტის, არამედ მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სხვა დარგების. ბალტიისპირა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა არა მარტო მრეწველობა დაივიწყეს, არამედ სოფლის მეურნეობაც.

საბჭოთა პერიოდის წარმატებული რესპუბლიკები — განვითარებული მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, სხვა დარგებით, ევროკავშირის პერიფერიად გადაიქცნენ — რუსეთის წინააღმდეგ გამომწვევი რიტორიკით, სხვადასხვა სახის პროვოკაციული გამოხდომებით, ფაშიზმის აღორძინებით.

დაუსაქმებელმა ბალტიისპირელებმა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მიაკითხეს და იქ დაიდეს ბინა.  მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ბალტიელები აღარ აპირებენ სამშობლოში დაბრუნებას, რაც მძიმედ აისახება მცირემოსახლეობის მქონე სამივე ქვეყანაზე. ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელისუფლება, ამერიკელთა კარნახით, მკვეთრი რუსოფობიური განწყობით ნელ-ნელა უხალხო ქვეყნებს ემსგავსებიან.

ისინი ძველ ევროპასთან შედარებით გამუდმებით ხმაურობენ ბრიუსელში. მათ აგულიანებს ვაშინგტონი, უფრო მეტიც საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის ზედამხედველებადაც ამწესებს — ამ ქვეყნებისთვის ჭკუის დასარიგებლად. ვერ გეტყვით, რამდენად გამოსდით მათ მოლდოვა-უკრაინაში, მაგრამ საქართველოში უდავოდ ახერხებენ ამას, იმიტომ, რომ რუსოფობიური განწყობა ჩვენში არაფრით ჩამოუვარდება ბალტიისპირულს.

ლიტვაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება განა ამის დასტური არ არის: „ლიტვა, ის ქვეყანაა, რომელმაც, როგორც უკრაინამ და საქართველომ იცის რას ნიშნავს რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის გამოცდილება. ევროპელი ხალხი აცხადებს, რომ თქვენ იბრძვით ჩვენი მომავლისთვის და თავისუფლებისთვის, მაგრამ ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ თქვენ იბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის და ევროპის მომავლისთვის“ — თქვა მან.

როგორი მომავალი აქვს მხედველობაში ქალბატონ ზურაბიშვილს? ალბათ, ისეთი, მისი სამშობლოს, საფრანგეთის პირველ პირს, სიმართლის თქმისთვის ყვავ-ყორნებივით, დასაკორტნად რომ მიესივნენ?

გასული წლის 24 თებერვალმა საფუძველი ჩაუყარა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას. ასეთს, მრავალპოლუსიანობა ჰქვია. უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი ვიწრო, რეგიონულ თემად არ უნდა განვიხილოთ. მას ფართო მნიშვნელობა აქვს — დაპირისპირება ე.წ. დემოკრატიულ სამყაროსა და მათი განცხადებით არადემოკრატიულ, ტოტალიტარულ რუსეთს შორის. „დემოკრატიული“ ითხოვს „დემოკრატიული“ სისტემის შენარჩუნებას, ანუ არსებული ერთმმართველობის, მაშინ, როდესაც „არადემოკრატიული“ იბრძვის მრავალმმართველობითი სისტემის ჩამოსაყალიბებლად. და ამ ბრძოლაში ის მარტო არ არის. მის გვერდში ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ირანი და მრავალი სხვა ქვეყანაა — გაცილებით მეტი, ვიდრე აშშ-ს ირგვლივ არსებული ევროპა და თითო-ოროლა ქვეყანა.

„დემოკრატთა“ პოლიტიკა, მითუმეტეს ცხოვრების წესი უპერსპექტივოა, ვიდრე „არადემოკრატთა“. საქარტველო ამ ორთა შორის დგას და არ იცის საით წავიდეს. არადა არსებული ვითარებიდან გამომდინარე საფიქრალიც არაფერია — უმრავლესობისკენ, ვინაიდან იქ და მათთან არის პატარა ქვეყნის გადარჩენის ადგილი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

02/05/2023